Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
თავი I
ტერმინოლოგიური პრობლემები

1.1. ენისა და კილოს მიმართების საკითხი და ერი

1.1.1. თემი, ტომი, ეთნოსი, ერი


გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ეთნიკური ერთობის, ეთნიკური ჯგუფის, ეთნოსის, ერის ძირითადი მახასიათებლებია: ისტორიული დედაენა (ერთიანი ენობრივი ხედვა-აღქმა), ისტორიული კულტურა (ტრადიციული რელიგიურ-კულტურული ღირებულებანი), ისტორიული მეხსიერება, ისტორიული ფსიქიკური წყობა (ტრადიციულ გარემოსთან მიმართებით ფორმირებული ენობრივ-კულტურული მენტალობა) და ისტორიული ტერიტორია/სახელმწიფო (შდრ.: დიდი წარსული - მაღალი ღირსების განცდა).
მეცნიერთა ერთი ნაწილი ტერმინებში: ეთნოსი, ეთნიკური ჯგუფი,”ეთნოგრაფიული ჯგუფი მოიაზრებს როგორც ერსა და ტომს, ასევე, ამა თუ იმ კუთხის მოსახლეობასაც; სანიმუშოდ შევეხებით ქართულად თარგმნილ ერთ სახელმძღვანელოს:
1991 წელს გამოცემული "ეთნოგრაფიის" შესავალში ვკითხულობთ:
"ეთნოგრაფიული ჯგუფის ქვეშ იგულისხმება ეთნოსის გარკვეული ნაწილი, რომელიც გამოირჩევა სალაპარაკო ენის, კულტურისა და ყოფის ლოკალური სპეციფიკით, ზოგჯერ გააჩნია თვითსახელი და როგორღაც გაორებული თვითშეგნება... ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფებია: ქართლელები, კახელები, ხევსურები, იმერლები, გურულები, ინგილოები, მეგრელები, რაჭველები და სხვა"... სამეცნიერო ლიტერატურაში ეთნოგრაფიული ჯგუფის პარალელურად გამოიყენება ტერმინი - სუბეთნოსიც.
წინასწარვე შევნიშნავთ, რომ ამგვარი მცდარი კვალიფიკაციების სათავე ტერმინოლოგიური აღრევაა: ტერმინი "ეთნოგრაფიული ჯგუფი" რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაშიც კი "ეთნიკური ჯგუფის" პარალელურად იხმარება; მაგ., ლ. ტოლსტოვას ტაჯიკებისა და უზბეკების გვერდით გამოყოფილი აქვს ისეთი ეთნოგრაფიული ჯგუფები, როგორებიც არიან: შუა აზიის ბოშები, ირონები, ქურთები, თურქები, ყივჩაყები და სხვ. (მსჯელობისათვის იხ. მ.გეგეშიძე, 1971, გვ.117)... ეთნოგრაფიის სახელმძღვანელოს შესავლიდან გამოდის, რომ როგორღაც გაორებული ცნობიერება შეიძლება ჰქონდეს ქართლელს, კახელს, მეგრელს, აჭარელს, გურულს, თუშს... რაც თავისთავად გამორიცხულია, ვინაიდან ქართლელი, კახელი, მეგრელი, გურული, აჭარელი თუ თუში იმიტომაა ქართველი, რომ ქართლელია, კახელია, მეგრელია, გურულია, აჭარელია, თუშია! "გაორებული ცნობიერება" შეიძლება ჰქონდეს საფრანგეთში ახალდამკვიდრებულ იტალიელს, თურქეთში - ბერძენს, საქართველოს მოქალაქე სომეხს და ა.შ. შესაბამისად, საქართველოში კომპაქტურად მცხოვრები არაქართველები ჩაითვლებიან ეთნიკურ თუ ეთნოგრაფიულ ჯგუფად, სუბეთნოსად თუ ეთნიკოსად...
ტერმინოლოგიური თვალსაზრისით, წინააღმდეგობანი გვაქვს თვით არნ. ჩიქობავას რედაქტორობით გამოქვეყნებულ ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულშიც (რომ აღარაფერი ვთქვათ ცალკეულ ლინგვისტურ, ეთნოლოგიურ თუ ისტორიოგრაფიულ გამოკვლევებზე), რომელიც, თავისთავად, მეტად ძვირფას და აკადემიურ გამოცემას წარმოადგენს; კერძოდ, ლექსიკონში გურულები, იმერლები, ფშაველები, კახელები, მეგრელები და სხვა განმარტებულია, როგორც "საქართველოს ერთ-ერთი კუთხის მკვიდრნი;" ხოლო აჭარლები, თუშები და სვანები - როგორც "ერთ-ერთი ქართველი ტომი"...
აქ, პირველ რიგში, მიუღებელია აჭარის, თუშეთისა და სვანეთის თანამედროვე მცხოვრებთა მიმართ ტერმინ ტომის გამოყენება, ვინაიდან ეთნოლოგიურ ლიტერატურაში ამ ცნების ქვეშ იგულისხმება პირველყოფილი ეთნიკური უჯრედი; ასევე, გაუგებარია სვანის, თუშისა და აჭარელის განსხვავებული ტერმინოლოგიური კვალიფიკაცია ხევსურთან, გურულთან, კახელთან შედარებით... სამწუხაროდ, ზოგ ენათმეცნიერულ ფუნდამენტურ გამოკვლევაშიც კი დასანანი უზუსტობებია; მაგ., ბ.ჯორბენაძის მიერ ცალკეულ ეთნოსებადაა ჩათვლილი: კახელი, გურული, ქართლელი და სხვა; ამ "ეთნოსთა" საცხოვრისები მიჩნეულია ეთნიკურ კუთხეებად, ხოლო მეტყველებები - "ეთნიკურ დიალექტებად" (ბ.ჯორბენაძე, 1989, გვ.29, 42).
უცხოურ თუ ზოგ ქართულ გამოცემებშიც (საინტერნეტო ცნობარებში, ენციკლოპედიებში, სახელმძღვანელოებში, ცალკეულ გამოკვლევებში), არაიშვიათად, საქართველო წარმოდგენილია არაბუნებრივად მრავალენოვან და მრავალეთნიკურ ქვეყნად; ზოგჯერ კომენტარების სახით დამატებულია ისიც, რომ საქართველოში სხვა ეთნოსთა უფლებები ილახება; გარდა ამისა, ზოგი პოლიტიზებული უცხოელი დღესაც აქტიურად იღვწის, ქართველთა ნაწილი, მაგ., მეგრელ-ლაზები, გამოცხადდეს სხვა ხალხად/ხალხებად (ნაციად/ნაციებად) და, შესაბამისად, არის მცდელობა, მეგრულ და ლაზურ კილოებზე შეიქმნას ახალი სალიტერატურო ენები (იხ. ჯ.ჰიუიტი, 2004; ვ.ფოირშტაინი, 2003). ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მეგრელ-ლაზებს გამორჩეულად აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული საერთოქართველურ ენობრივ კოინეზე დაფუძნებული მრავალსაუკუნოვანი ქართული (ქართველური) სამწიგნობრო ენის შექმნაში; ვის სჭირდება ლაზ-მეგრელთა კილოების მიხედვით, ”გათიშე და იბატონეს” პრინციპით შექმნილი სალიტერატურო ენები? ვის აძლევს ხელს დიდი ქართველური კულტურის თანაავტორი საზოგადოებების გამოცხადება დამწერლობის არმქონე ენობრივ უმცირესობებად?
არაიშვიათად, ლაზ-მეგრელები არაქართველებადაა ჩათვლილი ზოგი ევროპელი მეცნიერის მიერაც. კეთილსინდისიერი უცხოელი ავტორების მიერ ქართველურ სინამდვილესთან მიმართებით დაშვებული ამგვარი შეცდომების სათავე, ზოგ შემთხვევაში, ლაზ-მეგრელთა ისტორიის არცოდნაა, ზოგჯერ კი - ქართველ მეცნიერთა შრომები; კერძოდ, როდესაც ადგილობრივი მეცნიერის გამოკვლევაში უზუსტოდაა გამოყენებული ლინგვისტურ-ეთნოლოგიური ტერმინები და ქართველთა ცალკეული ჯგუფები - ეთნოსებად, შესაბამისად, სხვადასხვა კუთხის ქართველთა კილოები დამოუკიდებელ უმწერლობო ენებადაა გამოცხადებული, საქართველოს ისტორიის არმცოდნე უცხოურ საზოგადოებაში ბუნებრივად ჩნდება აზრი, დაეხმარო "დაჩაგრულ" და "ჩამორჩენილ" ეთნოსებს: შეუქმნა მათ დამწერლობა, სახელმწიფო და ა.შ. მაგალითად, არაქართველ მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვინაიდან სვანეთის, ლაზეთისა და სამეგრელოს მცხოვრებთა საოჯახო-საშინაო მეტყველებანი სალიტერატურო ქართული ენისაგან მეტად განსხვავებულია, ვიდრე სხვა ქართველური დიალექტები, სვანები, ლაზები და მეგრელები უმწერლობო ენების მქონე დამოუკიდებელი ეთნოსებია, რომელთაც კულტურის ასპარეზზე "გამოყვანა" სჭირდებათ; შესაბამისად, ცდილობენ, ამ უძველესი წერილობითი კულტურის მქონე ქართველებს (ამის შესახებ იხ. ქვემოთ) უმწერლობო ენებად "მონათლული" კილოების მიხედვით შეუქმნან ანბანი, სამწიგნობრო ენა, უთარგმნონ სახარება, კლასიკოსთა შემოქმედება და სხვ.
სამწუხაროდ, ასეა დღესაც: ზოგი თანამედროვე ქართველი მკვლევარიც ვერ იზღვევს თავს უნებლიე შეცდომებისგან; მაგ., კ.გაბუნიას აზრითაც, მეგრელები, სვანები, ლაზები და ქართები ცალკეული ქართველური ეთნიკური ჯგუფებია, ხოლო ზანური და სვანური - უმწერლობო ენები (კ.გაბუნია, 2004, გვ.172-177).
პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ქართი ხელოვნურად შექმნილი ტერმინია (იხ. ქვემოთ), გარდა ამისა, მოცემული საზოგადოების ეთნოსად თუ თემად სახელდება გაუმართლებელია ერთი რომელიმე ნიშნით (გენეტიკური, ეთნოგრაფიული, ლინგვისტური თუ რელიგიური თავისებურებით), რამდენადაც, ეთნოსი და ერი ენობრივ-კულტურულ-ფსიქიკური ისტორიული ერთობაა, ხოლო კონკრეტული თემი ერის, როგორც ზოგადეროვნული ერთობის კონკრეტული ვარიანტია (შემადგენელი ნაწილია); შესაბამისად, მოცემული საზოგადოების სტატუსზე მსჯელობისას საკითხს კომპლექსურად უნდა მივუდგეთ; ჩვენს შემთხვევაში, ქართველი ერი, როგორც ისტორიული სუპერორგანიზმი, ჩამოყალიბებულია რამდენიმე ათეული მონათესავე ტომისგან; ქართველური ეროვნული მეობის, ქართული კულტურის და ქართული სამწიგნობრო ენის ჩამოყალიბებაში თავ-თავისი წვლილი შეტანილი აქვს ქართველურ დიალექტებზე მოლაპარაკე ყველა საზოგადოებას - ისტორიული თუ თანამედროვე საქართველოს ყველა კუთხის ქართველს, ამდენად, როცა ვლაპარაკობთ დღევანდელი ქართველი ერის ეთნოსტრუქტურასა და კულტურაზე, თავისთავად მოიაზრება ის ზოგადქართველური ფენომენი, რომელიც სამწიგნობრო ენისა და ერთიანი თვითსახელწოდების ჩამოყალიბების შემდეგ მაინც ერთიან ეთნოსად უნდა განვიხილოთ...
ქართულ სინამდვილეში ეთნიკურ ტერმინთა არასწორ გამოყენებას რამდენიმე ნაშრომი მიეძღვნა (გ.გეგეშიძე, ვ.ითონიშვილი), სადაც აღინიშნა არაქართველ ავტორთა მცდელობა, ქართველი ერის შემადგენლობიდან გამოაცალკევონ სვანები, მეგრელები, გურულები, კახელები და სხვ... ეთნოლოგთაგან უკანასკნელად ამ პრობლემას საყურადღებო წერილი უძღვნა რ. თოფჩიშვილმა (რ.თოფჩიშვილი, 1995; რ.თოფჩიშვილი, 2005); ქართველი ერის ისტორიისა და ეთნოსტრუქტურის საფუძვლიანი ანალიზის შემდეგ ის სამართლიანად ასკვნის:
"საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის მოსახლეობის _ აჭარლების, გურულების, მეგრელების, იმერლების, სვანების, თუშების... მოხსენიება არ შეიძლება ეთნოსად, ეთნიკურ ერთობად, ეთნიკურ ჯგუფად, ხალხად, ტომად, ეთნოგრაფიულ ჯგუფად, სუბეთნოსად და მისთ; ასეთი აღრევა გარედანაა თავს მოხვეული. დასახელებული ტერმინები ეთნოლოგიურ ლიტერატურაში აღნიშნავენ ერს, ეროვნებას, ან ჯერ ერად ჩამოუყალიბებელ ენობრივ-კულტურული თვითშეგნების მქონე ერთობლიობას; ეთნოსებია: ინგლისელები, გერმანელები, ფრანგები, ქართველები და ა.შ., ხოლო ტომი მხოლოდ წინაფეოდალური გაერთიანებების აღსანიშნავად შეიძლება იყოს გამოყენებული და არა თანამედროვე მოსახლეობის მიმართ."
წარმოდგენილი მნიშვნელობით ტერმინ ტომის გამოყენება იმიტომაც არის გაუმართლებელი, რომ ძველ ქართულ ორიგინალურ თუ თარგმნილ ძეგლებში საშუალო სპარსულიდან ნასესხები ეს სიტყვა დამოუკიდებელ ეთნოსს აღნიშნავდა (იხ., მაგ., "შუშანიკის წამება", სახარების თარგმანები და სხვ.; ტერმინის ისტორიისათვის იხ. დ.მელიქიშვილი, 1998). ტერმინი "ტომი" უნდა დამკვიდრდეს, როგორც მხოლოდ პირველყოფილი საზოგადოებრივი გაერთიანების - წინარეეთნოსის - აღმნიშვნელი სიტყვა.
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების მოსახლეთა აღსანიშნავად თანამედროვე ავტორები ინერციით მაინც იყენებენ არაზუსტ ტერმინებს. მაგალითად, ვ.ითონიშვილთან დაფიქსირებულია: ეთნოგრაფიული ჯგუფი, ეთნოლინგვისტური ჯგუფი, ეთნოტერიტორიული ჯგუფი... რ.თოფჩიშვილი გვთავაზობს ახალ ტერმინს - ეთნოგრაფიულ-დიალექტოლოგიური ერთეული; ჩვენი აზრით, მის დამკვიდრებასაც რამდენიმე გარემოება შეუშლის ხელს: ა) მოუხერხებელია სამსიტყვიანი ტერმინი; ბ) ცნება “"ეთნოგრაფიულ-დიალექტოლოგიური" მაინც ვერ გამორიცხავს ეთნიკურობის გაგებას...
აღნიშნული მნიშვნელობით ისეთი ერთსიტყვიანი ტერმინი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც უფრო ტექნიკური ხასიათისა იქნება და თავისთავში არ მოიაზრებს ეთნიკურობას; გარდა ამისა, ვინაიდან, საქართველოს ამა თუ იმ მხარის მოსახლეობა არის ქართველი ერის ერთი კერძო სახე (როგორც, მაგალითად, აჭარული კილო არის ქართული ენის ერთი მიკროვარიანტი), ტერმინმა ხაზი უნდა გაუსვას სწორედ ამ ასპექტს: თანამედროვე ქართველობა არ წარმოადგენს მეგრელთა, გურულთა, სვანთა, აჭარელთა, იმერელთა და სხვათა მექანიკურ ჯამს; მაგ., მეგრელი თუ კახელი ქართველის კერძო გამოვლინებაა; ზოგადად, ქართველი, როგორც ეთნოფსიქიკურ-ენობრივი ერთეული, კონკრეტულად განხორციელებულია სხვადასხვა თაობის სვანად, მეგრელად, აჭარელად, გურულად, კახელად, თუშად, იმერელად, ტაოელად... და, ამდენად, თითოეული ეს ჯგუფი ისევე მიემართება ქართველის ცნებას, როგორც საერთო ენას მისი რეგიონალური ნაირსახეობანი - კილოები...
ამ და სხვა მიზეზების გამო, ჩვენი აზრით, სხვადასხვა კუთხის ქართველების: აჭარლების, გურულების, სვანების, კახელების და ა.შ. აღსანიშნავად მიზანშეწონილია, გამოვიყენოთ ისტორიული ტერმინი თემი.
თემი ბერძნულიდანაა შემოსული; დასავლურ-ქართულ დოკუმენტებში XIII საუკუნის უკანასკნელი მეოთხედითაა დამოწმებული (თ. ბერაძე, 1976, გვ.225) ); საბასთან თემი განმარტებულია, როგორც "ქვეყნის ერთი ნაწილი," დ.ჩუბინაშვილთან - როგორც "ხალხი ერთი თემისა" ("народ одной области"); ჩვენთვის საინტერესო მნიშვნელობით დამოწმებულია ქართული ენის განმარტებით ლექსიკონშიც: "ამ თვეში გურიის თემი შეიყრის თავს ჩვენს სოფელში" (ე.ნინოშვილი). საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების მოსახლეობის აღსანიშნავად თემს იყენებს მიხაკო წერეთელიც, ივანე ჯავახიშვილიც და ნიკო ბერძენიშვილიც...
ქართულში თემს სხვა მნიშვნელობებიც აქვს: ის, როგორც ტექნიკური ტერმინი, ნიშნავს საზოგადოების ერთ სოციალურ-ეკონომიკურ მთლიანობა; გამოყენებულია "ხევის" თუ "ერთი გვარის" ხალხის აღსანიშნავადაც და ა.შ. მაგალითად, სვანეთში ტერმინი "თემი" გულისხმობს როგორც დასახლებულ პუნქტს (მაგალითად, ლენჯერის თემი, ლატალის თემი) ასევე, მთელ ხეობას: ჩუბე თემ /ჩუბე ხეE (ქვედა თემი /ქვედა ხევი - იგულისხმება ბალსქვემო სვანეთი), ჟიბე თემ /ჟიბე ხეE (ზედა თემი /ზედა ხევი - იგულისხმება ბალსზემო სვანეთი)... ალ.ჭინჭარაულის ცნობით, ხევსურეთში გამოიყენება თემწყალი: "ჩვენი თემწყლისა არის," ე.ი. ჩვენი ხეობის, ჩვენი თემის კაცია (შდრ.: მაკროთემი - კუთხის, მხარის მოსახლეობა, მიკროთემი - ხეობის მოსახლეობა).
ამგვარად, ეთნიკური ტერმინებით: "ეთნოსი", "ეთნიკური ჯგუფი", "სუბეთნოსი" და მისთ. უნდა აღინიშნოს დამოუკიდებელი ეთნოსტრუქტურისა და ენის მქონე ადამიანთა ერთობები; ტექნიკური ტერმინით: თემი კი - ერთი ეთნოსის შიგნით არსებული ლოკალური ჯგუფები (შდრ.: ეთნოსი - თემი - პიროვნება ისე მიემართება ერთმანეთს, როგორც ენა - კილო - იდიოლექტი); მაგ., ეთნოლოგიური თუ ლინგვისტური ასპექტით, ქართველი ერის ცალკეული თემებია: აჭარლები, გურულები, ჩაღმათუშები, წოვათუშები, იმერლები, ჰერები (ინგილოები), მეგრელები, ლაზები, მთიულები, იმერხეველები, მაჭახლელები, სამცხელები, შავშელები, ლივანელები, ტაოელები, მოხევეები, სვანები, ფერეიდნელები, ჯავახები, ხევსურები, ქართლელები, ფშაველები, კახელები, რაჭველები, ლეჩხუმლები...
შენიშვნა: წარმოდგენილი სიტყვების (ერი, ტომი თემი...) მყარ ტერმინებად ქცევას გარკვეულწილად ხელს უშლის მათი პოლისემანტურობა...
ისტორიულად ქართველი ერის ერთ-ერთ თემად მოიაზრება აფხაზებიც, მაგრამ რუსეთის იმპერიის ზეწოლით მათი ერთი ნაწილი თავს ქართველად აღარ აღიქვამს (მეტიც, მათს გაორებულ ცნობიერებას დღესდღეობით ანტიქართული მიმართულება აქვს; აფხაზთა თვითაღქმისა და ეროვნული მეობის გაორების ისტორიისათვის იხ.: ზ.პაპასკირი, 1994; ზ.პაპასკირი, 1998; თ.გვანცელაძე, 2000; თ.გვანცელაძე, მ.ტაბიძე, რ.შეროზია, რ.ჭანტურია, 2001 და სხვ.).
ევროპულ სახელმწიფოებში, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, სხვა კონტინენტიდან ჩამოსულიც კი, თუკი ის მოცემული ქვეყნის მოქალაქე გახდება, სახელმწიფოს ძირითადი (სახელმდებელი) ერის შემადგენელ ნაწილად ითვლება, რამდენადაც ის უკვე ფლობს სახელმწიფო ენას და ემორჩილება სახელმწიფო კანონებს. საქართველოში ჩამოსახლებული ეთნიკური ჯგუფების: ოსების, თათრების, რუსების, სომხების (და სხვ.) ერთი ნაწილი ისტორიის ამ ეტაპზე ქართველი ერის ნაწილად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან ეს ადამიანები ვერ ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას, არ აღიარებენ საქართველოს კანონმდებლობას და სახელისუფლებო სტრუქტურებთან დღემდე რუსული პოლიტიკის ინტერესების შესაბამისად ურთიერთობენ. დამოუკიდებელი საქართველოს შემდგომი განვითარება სწორედ იმ მიმართულებით უნდა წარიმართოს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად, ჰქონდეს პატრიოტული გრძნობა თავისი სამშობლოს - საქართველოს - მიმართ, შეეძლოს თავისუფალი ურთიერთობა საქართველოს სახელმწიფო ენით და გააჩნდეს მოთხოვნილება, დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ის თავისუფალი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი საქართველოში... მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ ვთქვათ, რომ, მსგავსად ფრანგი, გერმანელი, ესპანელი… ერებისა, ქართველ ნაციას, ძირითად - ქართულ (ქართველურ) ეთნოსთან ერთად ქმნიან სხვა ზემოთ დასახელებული ეთნიკური ჯგუფებიც...
ბევრ სერიოზულ შეცდომას უდებს სათავეს, აგრეთვე, ტერმინ ეთნონიმის არასწორი გამოყენება; სპეციალურ ლიტერატურაში "ეთნონიმად" ჩათვლილია არა მხოლოდ ერის/ნაციის აღმნიშვნელი სიტყვები (ქართველი, რუსი, ოსი...) არამედ, თემთა სახელებიც; მაგ.: კახელი, ქართლელი, მეგრელი, იმერელი და სხვა (ვ.იარცევა, ლ.ტოლსტოვა, პ.ცხადაია, ნ.ხაზარაძე, თ.ოჩიაური, ბ.ჯორბენაძე, გ.თოფურია, ვ.ითონიშვილი და მრავალი სხვა); ჩვენ მიერ ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ ეთნონიმად ჩაითვალოს მხოლოდ ის ისტორიული ლექსიკა, რომელიც ერის, ეთნოსის, ეთნიკური ჯგუფის, ტომის აღმნიშვნელ საკუთარ სახელად დამკვიდრდა (სამეცნიერო ლიტერატურაში აზრთა სხვადასხვაობაა ეთნონიმის საკუთარ სახელად მიჩნევის შესახებაც: ზოგი მას თვლის ონიმად, ზოგი ნომენად).
თემის აღმნიშვნელ სახელს შეიძლება ვუწოდოთ თემონიმი; იგი სხვა ენებშიც შეიძლება გამოვიყენოთ (ტემონყმ), ან ახალი ტერმინი შევქმნათ ინგლისური სიტყვიდან ცომმუნიტყ "თემი", "ერთობა", "მხარის მოსახლეობა". შდრ.: ქომიუნონიმი/კომუნონიმი... თუკი მოვერიდებით ახალი ტერმინის შემოღებას, ასეთ შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, გამოვიყენოთ სინტაგმა წარმომავლობის სახელი და არა - ეთნონიმი; გურულის, მესხის, სვანის, კახელის, ქართლელის... მიმართ ეთნონიმის გამოყენება აშკარად გაუმართლებელია.
ამგვარად, რამდენადაც ქართველი ერის თემებად ანუ ქართველი ერის შემადგენელ ნაწილებად ერთნაირად განიხილებიან: სვანებიც, მეგრელებიც, ლაზებიც, აჭარლებიც, გურულებიც, კახელებიც, ქართლელებიც, რაჭველებიც, იმერლებიც, ფშავლებიც, ხევსურებიც, თუშებიც, ინგილოებიც, ტაოელებიც, შავშელებიც, იმერხეველებიც, ფერეიდნელებიც… მათი აღმნიშვნელი სახელები ერთნაირად უნდა ჩავთვალოთ არა "ეთნონიმებად", არამედ წარმომავლობის სახელთა განსაკუთრებულ ჯგუფად - თემონიმებად.
ზოგ ლინგვისტურ ლექსიკონში "ეთნონიმების" გვერდით განხილულია არამხოლოდ თემონიმები, არამედ - რეგიონების მცხოვრებთა აღმნიშვნელი სახელებიც და ლოკალურ ჯგუფთა სახელწოდებებიც; შდრ., მაგალითად: "К энтонимам близки названия жителей, образующиеся от разл. типов топонимов. Это могут быть этнохоронимы - названия от имен обширных регионов (хоронимов): "Европа - европейцы" и т. п. - или названия жителей крупных или малых поселений: "Москва - москвичи" и т.п. а также неофициальные, исторически сложившиеся прозвищные обозначения групп насселения, напр., "Казаки", "москали", "чалдоны"... (Лингвистический энциклопедический словарь, М., 1990, გვ.598).
ჩვენი აზრით, ასეთი გაუდიფერენცირებელი მასალა ერთი ტერმინის ქვეშ ვერ გაერთიანდება; დასახელებული სიტყვების ერთი ნაწილი წარმომავლობის სახელია, ხოლო მეორე ნაწილი (კაზაკები, მოსკალები) კი - თემონიმები.
ცალკე სამსჯელოა ქართულ ლინგვონიმთა (ენა-კილოების სახელთა), ეთნონიმთა, თემონიმთა, ქორონიმთა და წარმომავლობის სახელთა უცხოენოვანი დაწერილობაც; განსაკუთრებული ტრადიციის არარ-სებობის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ქართულისთვის დამახასიათებელი ძირითადი მიმართება ეთნონიმსა (თემონიმსა) და ქორონიმს შორის; შდრ.: ქართულშიც ზოგჯერ თემის/ტომის სახელია ამოსავალი კუთხისთვის (სვანი - სვანეთი), ზოგჯერ კი - ქორონიმისგან იწარმოება საზოგადოების სახელი (აჭარა - აჭარელი). გარდა ამისა, გეოგრაფიული სახელების უცხოურად დაწერილობისას დაცული უნდა იყოს ქართული სიტყვის სტრუქტურა (სქემა იხ. გვ. 567-575).
შენიშვნა: წიგნის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილ თემონიმთა, ეთნონიმთა, ქორონიმთა და ლინგვონიმთა ლექსიკინში ზოგჯერ მოცემულია ფუძის ერთზე მეტი ვარიანტი (მაგ., Бальсземойский / Верхнобальский...), რაც აიხსნება იმით, რომ ჩვენ მიზნად არ დაგვისახავს ქართველური ეთნონიმების, ქორონიმების... უცხოური შესატყვისების სარეკომენდაციო ვარიანტების წარმოდგენა: პირველად ვწერთ ჩვენთვის მისაღებ ვარიანტებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ წიგნის შესავალში მოცემული სატრანსლიტერაციო სქემის (გვ. 23-24) ლათინური ვარიანტები შევარჩიეთ კომპიტერული სიმბოლოების მიხედვით.