Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   


1.1.2. სამწიგნობრო ენა, უმწიგნობრო ენა, დიალექტი; სახელმწიფო ენა, ეროვნული ენა, დედაენა, უცხო ენა


თანამედროვე სახელმძღვანელოებსა და ენციკლოპედიებში მსოფლიოში არსებულ ენათა რაოდენობა მერყეობს 4000-დან 7000-მდე. დაახლოებით სამი ათასი ენობრივი ერთეულის სტატუსი სპეციალისტების მიერ სხვადასხვაგვარადაა წარმოდგენილი; შდრ., არნ.ჩიქობავა, 1952, გვ.119: "მსოფლიოში ორი ათასზე მეტ ენას ითვლიან; ეს ციფრი უდავოდ გადაჭარბებულია: ბევრი დიალექტი ენადაა მიჩნეული, რადგან ბევრი ენა თუ დიალექტი ჯეროვნად არ არის შესწავლილი”…
მრავალი ენობრივი ერთეულის სტატუსის განსაზღვრას დღესაც აბრკოლებს: ენისა და კილოს გასამიჯნ საკვალიფიკაციო კრიტერიუმთა სხვადასხვაობა, მსჯელობისას გამოყენებული ტერმინების (ცნებების) სიჭრელე, ეთნოსის ისტორიის სხვადასხვაგვარი გააზრება და სხვ. (საკითხის მიმოხილვისათვის იხ. მ.ტაბიძე, 2000).
წარმოდგენილ პრობლემაზე მსჯელობისას, ჩვენი აზრით, ტერმინების მკაფიო განმარტების შემდეგ, არსებითია, ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდეს პრობლემის ხედვის ორი ასპექტი:
_ ისტორიულად (ტრადიციულად) რა პრინციპების მიხედვით მოხდა უკვე არსებული ენობრივი ერთეულების სახელდება ენებად თუ კილოებად;
_ თანამედროვე მეცნიერთაგან რა კრიტერიუმებია შემოთავაზებული ენისა და დიალექტის გასამიჯნავად.
ასევე, სხვადასხვა განზომილების მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღებითაა შესასწავლი ის ენობრივ-ეთნიკური და ისტორიულ-პოლიტიკური ვითარება, სადაც მძაფრი კამათია ლინგვისტური ერთეულის ენად თუ დიალექტად მიჩნევის გამო.
მსოფლიოს ტრადიციულ ენებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ენად კვალიფიცირება ხდება "სისტემური იგივეობა-სხვაობების" მიუხედავად, კერძოდ, ეთნიკურ-პოლიტიკური ნიშნით ენებადაა კვალიფიცირებული ანალოგიური ფონემატურ-გრამატიკული სისტემის მქონე ერთეულები (ბელორუსული და რუსული, რუმინული და მოლდოვური, აზერბაიჯანული და თურქული და სხვ.) და პირიქით, ფონემატურ-გრამატიკული სისტემის მიხედვით საგრძნობლად განსხვავებული ბუხარული და ალჟირული, პრუსიული და ბავარიული (და სხვ.) ერთი ენის კილოებადაა მიჩნეული. როგორც წესი, მონათესავე ენობრივი ერთეულების ერთი ენის ვარიანტებად თუ სხვადასხვა ენებად ჩათვლა უშუალოდ უკავშირდება მოცემული საზოგადოების (საზოგადოებების) მიჩნევას ერთი ისტორიული კულტურის მქონე ეთნოსად (თუ ნაციად). არაიშვიათად, ენის სტატუსი განისაზღვრება რელიგიური ან პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი მიდგომის მიხედვითაც (საკითხის მიმოხილვისათვის იხ. მ.ტაბიძე, 1999; მ. ტაბიძე, 2002; მ.ტაბიძე, 2003); ეს უკანასკნელი კი მჭიდრო კავშირშია სახელმწიფოთა შორის საზღვრების პრობლემასთან და ქვეყნების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციებთან; კერძოდ, ეთნიკურ-პოლიტიკური კონფლიქტები ზოგჯერ "ენობრივი კონფლიქტებიდან" იწყება (პ.ჰ.ნელდე); შდრ., გ.რამიშვილი, 2000, გვ.172: "გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ერთა შორის კონფლიქტის მიზეზი, აგრეთვე, ლინგვისტურია". არაიშვიათად, აგრესორი ქვეყნების მესვეურნი თვითმიზნურ ენობრივ პოლიტიკას იდეოლოგიურ იარაღად იყენებენ (გლობალიზაციის ენობრივი ასპექტი!):
დასაპყრობი ტერიტორიის მცხოვრებთა ერთიანი ეროვნული ცნობიერების დასაშლელად დიალექტებს აცხადებენ ენებად; ამ ე.წ. ენებისთვის ქმნიან ანბანს, სალიტერატურო ენას და ასეთი ფორმით ახალ ”ერად” შობილ ხალხს უბიძგებენ კულტურულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ; პარალელურად, იმპერია ამ ”დამოუკიდებელ” ხალხს თავს ახვევეს იმპერიულ ენასა და კულტურას. მაგ., საბჭოთა იმპერიის მშენებლობის დასაწყისშივე ი.სტალინის მიერ დაიხვეწა მეფის რუსეთში შემუშავებული იმპერიული კონცეფცია, რომელიც თითქოსდა ემყარებოდა ენებისა და ერების თანასწორობისა და "ჩაგრული" "ერებისადმი", "ენებისადმი" დახმარების იდეას; სინამდვილეში, ერთი რომელიმე კუთხის მოსახლეობის დამოუკიდებელ ეთნოსად, ხალხად, ხოლო მისი დიალექტის ენად გამოცხადებით იმპერიის მესვეურნი მიზნად ისახავდნენ ისტორიული ერის (ენის) და ახალწარმოქმნილი "ხალხის" ("ენის") "გათანასწორუფლებიანობას", შესაბამისად, დასაპყრობი ქვეყნების ისტორიული მოსახლეობის წარმოდგენას ეთნიკურ-ენობრივ კონგლომერატად - მცირე იმპერიებად (რუსეთის პოლიტიკის შედეგებისათვის აფხაზეთში, ჩეჩნეთ-ინგუშეთში, დაღესტანში... იხ., თ. გვანცელაძე, მ. ტაბიძე, რ. შეროზია, რ. ჭანტურია, 2001).
საკუთრივ ქართულ სინამდვილეში ი.სტალინმა თავისი ”ენის" მქონე ეროვნებებად გამოაცხადა არა მხოლოდ მეგრელები, ლაზები და სვანები, არამედ - აჭარლებიც, ქობულეთლებიც, ინგილოებიც; მისი აზრით, ჯერ უნდა აყვავებულიყვნენ ამ პატარა "დაჩაგრული" ერების ენები, შემდეგ კი ყველას გზა უნდა დაეთმო ერთი მსოფლიო ენისთვის - თავისთავად ცხადია, დიდი რუსი ერის ენისთვის (იხ. ი.
ი.სტალინის ნაშრომები: "მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი", "ნაციონალური საკითხი და ლენინიზმი"; მსჯელობისათვის იხ., აგრეთვე, ა.ნიკოლეიშვილი, 2000, გვ.34-35). ი.სტალინმა დაიწყო კიდეც ერთა და, შესაბამისად, ენათა დაახლოება-შერწყმის პოლიტიკის განხორციელება, რომელიც მომავალში ენათა სრული შერწყმით უნდა დასრულებულიყო (თ.ბოლქვაძე, 2003, გვ.9). სასტიკი საბჭოური იდეოლოგიური წნეხის პირობებში სახელგანთქმული მეცნიერებიც კი ვეღარ ბედავდნენ ამ საკითხებზე პროფესიონალური აზრის გამოთქმასა თუ მსჯელობას...
ი.სტალინის საბჭოთა ეპოქის სულისკვეთების გაგრძელებასა და რეციდივს წარმოადგენს ჯ.ჰიუიტის, ვ.ფოირშტაინის და სხვათა მსჯელობა (ჯ. ჰიუიტი, 2004; ვ. ფოირშტაინი; 2000; კაჩკარი, 2003…) ლაზური და მეგრული სალიტერატურო ენების შექმნის აუცილებლობის შესახებ; ნებსით თუ უნებლიეთ, ეს უცხოელები მეგრელებსა და ლაზებს ართმევენ საკუთარ უდიდეს წერილობით კულტურას - ქართველურ მწიგნობრობას, რომელსაც, ახ.წ. V საუკუნის მოღვაწე იოანე ლაზით დაწყებული დღემდე, სხვა ქართველებთან ერთად ქმნიან ჭოროხისა და რიონ-ენგურის აუზებში მოსახლე ლაზ-მეგრელებიც.
მონათესავე ენობრივ ერთეულთა შეფარდებითი განსაზღვრა-კვალიფიკაცია, როგორც წესი, იოლად ხერხდება ერთი ისტორიული ნაციის/ეროვნების ფარგლებში (საბჭოთა პერიოდში ხელოვნურად გართულდა ქართველური ენობრივი ერთეულების კვალიფიკაციის საკითხი); მეტიც, ადრეც და თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაშიც, ხანგრძლივი თანაცხოვრების შედეგად გაჩენილი მსგავსებების გამო, არამონათესავე ლინგვისტური ერთეულიც კი მოცემული ენის დიალექტად კვალიფიცირდება; კერძოდ, სამეცნიერო ლიტერატურაში არამონათესავე ენობრივი ერთეულის დიალექტად ქცევის განსასაზღვრავად შემუშავებულია ე.წ. გადაფარვის კრიტერიუმი (იხ. ი.გოსენსი, 1977); სანიმუშოდ განვიხილავთ პრუსიული მეტყველების ისტორიას:
1230-1284 წლებში გერმანელებმა დაიპყრეს ლიტვური მოდგმის ტომები – პრუსიელები; დროთა განმავლობაში პრუსიის მოსახლეობა გაგერმანელდა (გ.ტივაძე, 1970, გვ.101-102); მე-17 საუკუნემდე არსებული ძველი პრუსიული ენის - ლიტვურის მონათესავე ბალტიკური ენის - "მემკვიდრე" ახალი პრუსიული მეტყველება დღეს უკვე რამდენიმე გერმანულ (ბრანდენბურგულ) დიალექტად განიხილება; შდრ., ასევე, ვ. ჟირმუნსკის პოზიცია სლავთა ტერიტორიაზე - საქსონიის მიწაზე - ჩამოყალიბებული აღმოსავლურ შუაგერმანული დიალექტების შესახებ (ვ.ჟირმუნსკი, 1956, გვ.24); შდრ., ა.ონიანის შეფასება: გერმანული ენისა და დიალექტების სპეციალისტები ზემოგერმანულ და ქვემოგერმანულ ენებს, ეროვნულ-პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, დიალექტებს უწოდებენ (იხ. ა.ონიანი, 2003, გვ.139-140).
მეცნიერთა მიერ ენისა და დიალექტის პრობლემის არაარსებითად ჩათვლა ან პოლიტიკის ინტერესების სფეროდ მიჩნევა კაცობრიობისათვის ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს. გარკვევით უნდა ითქვას, რომ ენისა და დიალექტის მიმართების თითქოსდა უწყინარ ლინგვისტურ პრობლემასთან დაკავშირებულია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნისა და ერის ბედი, არამედ სხვადასხვა ერთა მშვიდობიანი თანაცხოვრების პერსპექტივაც.
ჩვენი აზრით, ენისა და დიალექტის მიმართების პრობლემა სინქრონულადაა განსახილველი საზოგადოებრივ-ისტორიული, ეთნიკურ-კულტურული, რელიგიური და საკუთრივ ლინგვისტური ასპექტებით; ასევე, საჭიროა მეცნიერთა კვლევის შედეგების გასაზოგადოებრიობა, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება მოცემული საზოგადოების მოწყვეტა თავის კულტურულ წარსულთან: ხალხს ექნება გაცნობიერებული არჩევანი თვითიდენტიფიკაციისათვის და, რაც მთავარია, დაცული იქნება ადამიანის თუ ეთნოსის უფლება, იცოდეს თავისი წარსული; სამაგალითოდ მოვიყვანთ თურქეთში მცხოვრები ლაზი გოგონას წერილს, რომელიც დაიბეჭდა ჟურნალ მჟორაში (შდრ.: ლაზ. მჟორა/ბჟორა, მეგრ. ბჟა, სვან. მიჟ და სამწიგნ. ქართ. მზე) და 2002 წლის ოქტომბერში ინტერნეტითაც გამოქვეყნდა (Lაზებურა.ცომ); წერილის სათაურია: "ერთი ქალაქელი გოგონას ”ეგოისტური" სიყვარული"; მოვიყვანთ წერილის ძირითად ფრაგმენტებს:
"წლების მანძილზე მეგონა, რომ მე მუსიკის არმქონე კულტურის შვილი ვიყავი, რადგანაც, ლაზურ გარემოცვას მოწყვეტილი, ერთი შორეული ქალაქის კულტურის პირობებში გავიზარდე...
რიზეს ფინდიკლის რაიონის სოფელი პიზხალა ჩემი სოფელია. მე პიზხალას ხეობის შვილი ვარ. დედაჩემიც იმავე რაიონის სოფელ დერბენტიდანაა. ესე იგი, მე ორივე მხრიდან ლაზი ვარ. მაგრამ 1972 წელს იზმითის გოლჯუქის რაიონში დავბადებულვარ. თვრამეტ წლამდე იქვე, შემდეგ კი, უნივერსიტეტის წლების გამოკლებით, სულ სტამბოლში ვცხოვრობდი და ვცხოვრობ.
ვხედავ, რომ ლაზები, როგორც ეთნიკური კოლექტივი, ვიშლებით და სადაცაა იმ წერტილზე მივალთ, როცა აღარ ვიარსებებთ.
ჩემი მშობლები საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში, როგორც ყველა, რეალურ სინამდვილეს გამოექცნენ და მოვიდნენ უცხო ქალაქში... დედა - სასწავლებლად, მამა კი - სამუშაოდ.
ყოველ ზაფხულს დავდიოდით სოფელში. ჩემი მშობლების იქ ყოფნა და გაჩაღებული კერია ახლაც მახსოვს. ყვავილიან და მსხლის ხეებიან ბაღს, ვიწრო არხით ორად გაყოფილ ეზოსა და დედ-მამისაგან უჩუმრად გასახმობად გაფენილი თხილის მოპარვას როცა ვიგონებ, თვალები ცრემლებით მევსება ხოლმე...
1992 წლის 10 ივლისს დედ-მამა დავკარგე. ორი წლის შემდეგ კი 90 წლის და ჩემთვის ”მოსიარულე ბიბლიოთეკად” მიჩნეული ბაბუაც მივაბარეთ მიწას... მათ დიდი მონატრებით ვიხსენებ...
მათთან გამომშვიდობების შემდეგ არც სოფელი შემრჩა და აღარც სახლი. ქალაქმა უფლება არ მომცა, მათ დავპატრონებოდი. უკვე აღარც მოხუცები მყავს, აღარც ყანები და ბაღები მაქვს და არც სოფელში წასვლის შესაძლებლობა. 1997 წლის ოქტომბრის თვეში, როცა ბოლოს ჩავედი სოფელში, სახლის ჭერიდან ცის კამარა მოჩანდა უკვე. არადა, სიტყვა მქონდა მიცემული, რომ როცა გავიზრდებოდი, აღვადგენდი. დიახ, გავიზარდე, მაგრამ მე სახლი აღარ დამელოდა. ჩავიკეცე შუა ოთახში და ვიტირე ჩვენი დაქცევის გამო.
ყველა ეს ჩემი უბედობა და ნაღველი ცოტა ხნით დავივიწყოთ და იმას მოგითხრობთ, თუ დღევანდელ შეგნებამდე როგორ მივედი.
1994 წელს ჟურნალ OGNI-ს საშუალებით შევიტყვე ზუგაში ბერეპეს მუსიკალური მოღვაწეობის შესახებ. ხაზის რადიოთი ლაზური პროგრამებისა და ზოგიერთი გადაცემის, ასევე ბიროლ თოფალოღლუს "HEYAMO"-ს წყალობით შეგნებამ იმისა, რომ მე ლაზი ვარ, მთლიანად მომიცვა.
გუდასტვირის სულში ჩამწვდომი ხმა, ლაზურ ენაზე სიამოვნებით მოსმენილი ნაწარმოებები, მათში გამოთქმული არსი და შინაარსი მე თითქმის თავს მაკარგვინებს... მიხარია, რომ ჩვენც გვქონია დესთანები და შეტირებები, მუსიკალური კულტურა; ბოლო ორ წელიწადში ლაზურს კარგად დავეუფლე. ნაწარმოებების სიტყვების გაგებაც დავიწყე და უკვე ლაზურად შემიძლია ლაპარაკი.
ახლა ლაზური ჟურნალი MჟOღA-ც გვაქვს. მე მჯერა, რომ, მისი წყალობით, ერთმანეთის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, ერთმანეთს უფრო გავუწვდენთ დახმარების ხელს.
უწინარეს ყოვლისა, მიმაჩნია, რომ, ისევე როგორც ყველა ხალხმა, ლაზებმაც თავიანთი წარსულისა და წარმომავლობის ძიება უნდა დაიწყონ. ამისათვის თანადგომა და მხარდაჭერა აუცილებელია, რადგანაც თანადგომის გარეშე დარჩენილი კოლექტივი თანდათან მცირდება, დეგრადირდება და ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებში "მკვდარ ენათა კათედრებზე" მხოლოდ საკვლევად იყენებენ. ჩვენც ასევე შეიძლება დაგვემართოს, მაგრამ, საბედნიეროდ, ვარსებობთ და ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიმავალი კულტურა ვართ.
მე, სიყვარულითა და პატივისცემით, რწმენითა და ენთუზიაზმით სავსე ერთი ლაზი გოგონა, უახლოეს მომავალში შეხვედრის და აზრთა გაზიარების სურვილით ყველას გესალმებით". პატივისცემით: რეფიკა ყადიოღლუ (თურქულიდან თარგმნა გიგა ქამუშაძემ).
აშკარაა, რომ თურქეთში მცხოვრებ ლაზთა უდიდესი ნაწილისათვის ჯერჯერობით მიუწვდომელია არა მხოლოდ თავიანთი ისტორიული წარსულის, სამწიგნობრო ენის თუ მშობლიური ლიტერატურის, არამედ საკუთრივ ლაზური ფოლკლორის არსებობის ცოდნაც. მაგ., რეფიკა ქადიოღლუმ არ იცის, რომ იოანე ლაზი, სტეფანე სანანოისძე, იოვანე მინჩხი, იოვანე პეტრიწი, გიორგი ჭყონდიდელი, იოვანე მარუშისძე და მრავალი სხვა ლაზი თუ მეგრელი დიდი ქართველური წერილობითი კულტურისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ბურჯნი არიან; ასევე, მას არა აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა ლაზთა დაგეგმილი ასიმილაცია: რა გულმოდგინებით ცდილობდა ქემალისტური თურქეთი ლაზთათვის საკუთარი წარსულის დავიწყებას - ლაზთა გათურქებას. ამ საკითხს მრავალი ნაშრომი მიეძღვნა, მაგ., დავიმოწმებთ წათე ბაწაშის მიმოხილვის ვრცელ ფრაგმენტს (წ.ბაწაში, 1988, გვ.13-15):
"საყოველთაოდ ცნობილია, რომ სულთნის "ქვეშევრდომნი" თავის თავს მკვეთრად განასხვავებდნენ ეთნიკური გაგებით. ბუნებრივია, რომ ქართველები (ლაზები), ალბანელები, არაბები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები არასოდეს უწოდებდნენ თავს თურქებს. ამასთან ერთად, ლაზეთის მთავრები, რამდენადაც ეს შესაძლო იყო, ინარჩუნებდნენ ერთგვარ დამოუკიდებლობას. ამას ისინი ახერხებდნენ XIX საუკუნის შუა წლებამდე, თუმცა ევალებოდათ, ომის შემთხვევაში გამოეყვანათ ლაშქარი ოსმალეთის დასახმარებლად, მაგრამ ლაზთა რაზმები თურქული ჯარისაგან ყოველთვის განცალკევებით იდგნენ და მასთან არასოდეს ჰქონდათ ურთიერთობა" (АКТЫ КАК, ტ. 3 გვ.53)...
მიუხედავად დიდი სურვილისა, რომ წაშალონ ყველაფერი, რაც მიუთითებს ლაზების (ქართველების) არათურქულ წარმოშობაზე, თურქეთის მმართველი წრეები იძულებულნი არიან აღიარონ, რომ ლაზები მიეკუთვნებიან კავკასიური ჯგუფის ხალხებს და წარმოადგენენ ერთ-ერთ ქართველ ტომს. ამასთან, ცდილობენ, ეს პრობლემა მოაქციონ წმინდა ლინგვისტურ ჩარჩოებში. ყველა თურქული ლექსიკონი ერთხმად ამტკიცებს, რომ "ლაზები არიან ლაზურად მოლაპარაკე, პატარა კავკასიური ტომის წარმომადგენლები, ხოლო სტამბოლში მიღებული აზრი, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ყველა მცხოვრებს ეწოდოს ლაზი, მცდარია" (თურქული ენის დიდი ლექსიკონი, სტამბოლი, 1977, გვ.786; ახალი თურქული ლექსიკონი, სტამბოლი, 1980, გვ.649; თურქულ ენაზე).
ოფიციალურ თურქულ ისტორიოგრაფიაში ლაზი მოღვაწის ლაზად ხსენება მიღებული არ არის და თურქი ერისათვის მავნედ არის მიჩნეული. როგორც ი.დანიშმენდი წერს, "სახელწოდება "ლაზ"-ს აკუთვნებდნენ ტრაპიზონელებს. იქაური მოსახლეობა ამაყად იჩემებდა ლაზობას. ამ ცუდი ჩვევის ბევრი მაგალითი გვაქვს" (ი.დანიშმენდი, ოსმალეთის ისტორიის განმარტებითი ქრონოლოგია, IV ტომი, 1955, გვ.492; თურქულ ენაზე). მაგრამ იმავე ისტორიკოსს რატომღაც ავიწყდება იმის თქმა, თუ რატომ იჩემებდნენ ასე ამაყად ლაზები ლაზობას და არა ალბანელობას, არაბობას და ა.შ.; მეორე მხრივ, ისლამის ენციკლოპედიაში გარკვევით წერია, რომ "ლაზები" არიან სამხრეთ კავკასიური (ქართული) ტომის წარმომადგენლები და ისტორიულად უკავიათ შავი ზღვის სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთი" (ისლამის ენციკლოპედია, VII ტომი, სტამბოლი, 1955, გვ.25; თურქულ ენაზე). დოღან ავჯიოღლუ თავის "თურქულ ისტორიაში" პირდაპირ უთითებს, რომ "XI საუკუნის დასაწყისში თურქმენების (სელჯუკების - წ.ბ.) მოსვლამდე, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში ჭარბობდნენ ქართველები და ლაზები, მათ ენაზე ლაპარაკობდა მოსახლეობის უმრავლესობა" (დ.ავჯიოღლუ, თურქების ისტორია, წიგნი I, სტამბოლი, 1979, გვ.44, 144; თურქულ ენაზე).
ფარს თუღლაჯის ენციკლოპედიურ ლექსიკონში ვკითხულობთ: "ლაზური ენა ახლოა ქართულთან და წარმოადგენს მეგრული ენის კილოს" (ფ. თუღლაჯი, ენციკლოპედიური ლექსიკონი "ოკეანე", IV ტომი, მე-2 გამოცემა, გამომცემლობა "ჯემნიეთი", 1978, მაისი, გვ.1776; თურქულ ენაზე). "ენა, რომელზეც ლაპარაკობენ ლაზები, მიეკუთვნება კავკასიური ენების სამხრეთულ ჯგუფს და ძალიან ახლოა ქართულთან" (ი.ა.გოვსე, ახალი ლექსიკონი და ენციკლოპედია ილუსტრაციებით, გვ.1954; თურქულ ენაზე). ქემალ ქარადენიზლი თავის "ტრაპიზონის ისტორიაში" ამბობს: "ტრაპიზონის, გირესუნის, რიზეს, თორულის და სხვა ადგილების მოსახლეობა შედგება ლაზებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ ქართული წეს-ჩვეულებებით და აქვთ საერთო წარმოშობა, რჯული და ადათი" (ქ.ქარადენიზლი, ტრაპიზონის ისტორია, სტამბოლი, 1877, გვ, 68; თურქულ ენაზე). ავტორი იძულებულია აღიაროს: "ეს ქვეყანა დასახლებული იყო ჭანებით, ლაზებით და ქართველებით, რომლებიც, მართალია, სულთნის ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ, მაგრამ არ ცნობდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას და ექვემდებარებოდნენ მხოლოდ თავის ბეგებსა და აღებს"...
თურქული ისტორიოგრაფია ვერ ახერხებს, უარყოს ლაზებისა და ქართველების ნათესაობა და ეთნიკური ერთობა, მაგრამ მაინც ცდილობს, "მეცნიერულად" დაამტკიცოს ლაზ-ჭანთა თურქული წარმოშობა. ამ საკითხს გარკვეულ ადგილს უთმობენ სახელმძღვანელოებსა და პოპულარულ გამოცემებში. ეწევიან იმის პროპაგანდას, თითქოს ლაზ-ჭანები განეკუთვნებიან ალთაური წარმომავლობის თურქულ ეთნიკურ ჯგუფს".
ლაზთა საკითხი უფრო და უფრო რთულდება:
საკუთარი ეროვნული ისტორიის არცოდნის გამო, ქართველობას თავისი ნებით ემიჯნება თურქეთში მცხოვრებ ლაზთა ერთი ნაწილი; მათ არ იციან, რომ ქართული (ქართველური) სამწიგნობრო ენის, კულტურისა და სახელმწიფოებრიობის შექმნაში არსებითი წვლილი სწორედ ლაზ-მეგრელებისაა; რომ, განსხვავებით გერმანული, იტალიური, ესპანური და სხვა ენებისგან, ქართველთა სამწიგნობრო ენა საერთოქართველური ენის ბაზაზე შეიქმნა (და არა რომელიმე კილოს მიხედვით); რომ მათი წინაპრები საუკუნეების მანძილზე სხვა ქართვე-ლებთან ერთად საერთო ენაზე ქმნიდნენ სამწიგნობრო კულტურას... საქართველოში მცხოვრები და განათლებული ლაზებისთვის ცნობილია ეს ისტორიული სიმართლე; შდრ.: უცხოეთში მყოფ ზოგ ლაზს ეს სინამდვილე ე.წ. ქართული იმპერიული აზროვნების გამოვლინება ჰგონია. არაიშვიათად, ლაზთა ამგვარი განწყობა მართულია რომელიმე იმპერიის მესვეურთა მიერაც.
ქართველურ კულტურასთან ლაზთა თვითგაიგივებას, თვითიდენტიფიკაციას ართულებს საერთო ქართველური ენის დივერგენციის ის მცდარი ქრონოლოგიებიც, რომლებიც აქამდე იყო დამკვიდრებული; სანიმუშოდ მოვიყვანთ გერმანიაში მოღვაწე ლაზი გუბაზ ჩიბარისის მსჯელობის ფრაგმენტს წერილიდან: "მეგრელ-ლაზები და საქართველო" (სტატია თურქულად გამოქვეყნდა Lაზებურა.ცომ-ის გვერდებზე 2003 წლის მარტში):
"მეგრელი (? - ტ.ფ.) არქეოლოგი და ისტორიკოსი ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ იბერიული კულტურა და კოლხური კულტურა ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული მატერიალური კულტურის მფლობელები არიან. ასეთი ვითარება გვიჩვენებს, რომ ამ პერიოდში მეგრელ-ლაზებსა და იბერიელებს (ქართველებს) შორის კავშირი ან არ არსებობდა, ანდა ისეთ დონეზე იყო, რომ ერთმანეთზე გავლენას ვერ ახდენდნენ. კოლხური კულტურა, მეგრელ-ლაზთა გაქრისტიანების პერიოდამდე, ესე იგი, ჩვ. წ. აღ-ის მე-4, მე-5 საუკუნეებამდე გრძელდება (აფაქიძე). ელინური და რომაული კოლონიზაცია და ამ კულტურების გავლენაზე დამოკიდებული მეგრელ-ლაზები გაქრისტიანების შემდეგ საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე იყვნენ დამოკიდებულნი და ეკლესიის ენა ბერძნული იყო.
ქართველებისა და მეგრელ-ლაზების შესაძლო პირველი სერიოზული კულტურული შეხება მეგრელ-ლაზთა ადრეულ საუკუნეებში ქართულ ორთოდოქსულ ეკლესიასთან დაკავშირებით დაიწყო...
ქართველები და მეგრელ-ლაზები დაახლოებით 3000 წელი ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ. კოლხური კულტურა იბერიული (ქართული) კულტურიდან დაახლოებით 700 წლით გვიან იწყება.
გნებავთ ენობრივი, გნებავთ ისტორიული განვითარების თვალსაზრისით, ნათლად ჩანს, რომ მეგრელ-ლაზები ქართველებისაგან (ქორთუებისგან) განსხვავებული ეთნიკური ჯგუფია. ამ ორი ხალხის ფიზიონომიური სახეებიც კი თავისუფლად შეიძლება განვასხვავოთ. მოკლედ რომ ვთქვათ, მეგრელ-ლაზთა და ქართველებს შორის ყველაზე ახლო კავშირები მხოლოდ ამ ორი ენის ერთი და იმავე ენათა ოჯახის წევრობაა...
მეგრელ-ლაზთა, ქართველთა და სვანთა ერთ ხალხად გამოცხადება და "ქართველიანებად" სახელდება ისტორიულად და ლინგვისტურად ალოგიკურია. თუკი ყველანი ქართველები ვართ, ესე იგი, ერთი ხალხი ვართ, მაშინ მეცნიერებისა და ლიტერატურის ენად ქართულის გამოყენება ფარული ასიმილაციის ტოლფასია. აქ არსებული ალოგიკურობა ქართულის ჩვ. წ. აღრიცხვამდე 4000-5000 წლებში დაშლის შედეგად წარმოქმნილი ენის ვერდანახვა, ანდა, დანახვის უსურველობაა. ლაზები უკვე თავისი ნებით, ქართველებისა და თურქების სურვილებს არ თანაუგრძნობენ; მათი ასიმილაციის მსურველთა უმართებულობა ცხადია" (თურქულიდან თარგმნა გიგა ქამუშაძემ).
გუბაზ ჩიბარისის მსჯელობა ეფუძნება ქართველურ დიალექტთა დაშლის იმ მცდარ ქრონოლოგიას, რომელიც პირველად წარმოადგინა გ.კლიმოვმა. აქ მოკლედ ვიტყვით (ვრცლად იხ. ქვემოთ): დღეს ბუნებაში არ არსებობს თვისობრივად უცვლელი არც ერთი ენა, რომელიც არსებობდა 5000 წლის წინ; რაღა სვანური, ქართული თუ ლაზურ-მეგრული შემორჩა დედამიწას? ბევრი წყარო და ლოგიკური არგუმენტი არსებობს საიმისოდ, რომ ვთქვათ: საერთო ქართველური ენის კილოებად დივერგენციის უფრო ლოგიკური და რეალობასთან ახლო მყოფი თარიღია წელთაღრიცხვათა მიჯნა (ტ.ფუტკარაძე, 2000, გვ.98-100); გარდა ამისა, ამ დროს საერთოქართველურიდან იღებს სათავეს სამწიგნობრო ქართულიც (შდრ., არნ.ჩიქობავა, 1966, გვ.92), მეგრულ-ჭანურიც, ქართლურ-კახურიც და სხვა ქართველური კილოებიც. შესაბამისად, ქართული სამწიგნობრო კულტურა ისევეა ლაზების კუთვნილება, როგორც - აჭარლების, ქართლელების, რაჭველების, სვანების, კახელებისა თუ მესხებისა.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ: ეთნიკურ-ეროვნული თვითაღქმის თვალსაზრისით, არსებითია ცოდნა საკუთარი ფესვებისა; შდრ.: საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებში მცხოვრები თანამედროვე მეგრელ-ლაზების მიერ კარგადაა გაცნობიერებული, რომ მათი წინაპრების ღვაწლის შედეგიცაა ქართული/ქართველური სამწიგნობრო კულტურა; თურქეთში/რუსეთში მცხოვრებთათვის კი უკვე გაუცხოებულია იოანე ლაზის, ჭყონდიდლების, ბაგრატიონების და სხვა მოღვაწეთა მიერ ნალოლიავები სამწიგნობრო ენაც და კულტურული ტრადიციაც (ვინაიდან მათი განათლების ენა თურქულია/რუსულია); თუმცა, გუბაზ ჩიბარისს კარგად რომ შეესწავლა თუნდაც თურქეთის მოქალაქე ლაზთა ფოლკორი, ის იოლად აღმოაჩენდა, რომ ლაზებისთვის საყვარელი წინაპარია თამარ მეფე (იხ., მაგალითად, ი.ყიფშიძე, 1917):
XII საუკუნის ერთიანი საქართველოს დიდი მეფე თამარი ლაზური ხალხური თქმულებების გამორჩეული გმირია, მსგავსად სვანური, მეგრული, ჰერული, ტაოური, აჭარული, ფშავ-ხევსურული, ქართლ-კახური თუ იმერხეული გადმოცემებისა; გარდა ამისა, საქართველოს სხვა კუთხეთა მსგავსად, ლაზეთშიც თამარის სახელს უკავშირდება მრავალსაუკუნოვანი ხიდების, ციხესიმაგრეების, ტაძრების მშენებლობა და ა.შ. აქვე საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ სოფელ მაკრიალის (ამჟამინდელი ხოფის რაიონის სოფელი ქემალფაშა) მკვიდრი მემდ-ალი ვეზიროღლი-ანჩაბაძის ცნობით, ლაზები თამარ მეფეს ლაზად თვლიან; მეტიც, მაკრიალელთა (ქემალფაშელთა) რწმენით, თამარ მეფის საფლავი მაკრიალის ტაძარშია (ბაგრატიონთა ლაზურ წარმომავლობას ქართული საისტორიო წყაროებიც ამოწმებს; მემდ-ალი ვეზიროღლი-ანჩაბაძის ჩანაწერები დაიბეჭდება "ქართველური მემკვიდრეობის" IX ტომში; ტექსტებს და გამოკვლევას გამოსაქვეყნებლად ამზადებს მიხეილ ლაბაძე).
საუკუნეების მანძილზე რომელი ხალხი ინახავს "სხვათა" მეფის სახელს ასეთი დიდი სიყვარულით? დამპყრობელ-ასიმილატორთა მეფის ხოტბა-დიდება იმპერიის დაცემასთან ერთად კვდება... აშკარაა, რომ თამარის სახე ერთ-ერთი არსებითი მახასიათებელია ქართველთა საერთო ისტორიული მეხსიერებისა, შესაბამისად, ქართველთა ეროვნული თვითაღქმისა.
მეგრულ-ლაზურ ენობრივ ველში სამწიგნობრო ენის სახის შესახებ უთუოდ საყურადღებოა პროკოპი კესარიელის მსჯელობა ქუთაისის სახელის შესახებ; კერძოდ, ის წერს: ლაზებმა ბერძნული ენა არ იციან, ამიტომ ამახინჯებენ და კოტიაიონს ქუთათისს/ქოთაისს ეძახიან (გეორგიკა, 1965, გვ.195). ცნობილია, რომ მეგრულ-ჭანურად ქუთაისს ქუთეში ჰქვია; გამომდინარე აქედან, პროკოპის დროს ან ლაზური (მეგრულ-ლაზური) მეტყველება ჩვენთვის ცნობილი სახით ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, ან ლაზთა ძირითადი საურთიერთო-სახელმწიფო ენა იყო სამწიგნობრო ქართული; შდრ., ბაგრატი, გიორგი I თუ საქართველოს გამაერთიანებელი და ქართული მწიგნობრობის ამღორძინებელი სხვა მეფეები, ასევე, ჭყონდიდლები და მრავალი სხვა მოღვაწე ლაზეთ-კლარჯეთ-ეგრისიდან იყვნენ (დაწვრილებით იხ. ქვემოთ).
ტრადიციულად, ერთი ერის შვილებს ერთი ენა აქვთ, სწორედ ამიტომაა, რომ, მაგ., ძველი მემატიანენი და ჩვენი დიდი მოღვაწენი (გრიგოლ ხანძთელი, ლეონტი მროველი, ვახუშტი, სულხან-საბა, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, კონსტანტინე გამსახურდია...) არასოდეს საუბრობენ ქართველთა რამდენიმე ენის არსებობაზე; მეტიც, ჩვენი მწიგნობარი წინაპრები ხაზგასმით წერენ, რომ ქართველთა ისტორიული კულტურის ტრადიციული ენაა - დედაენაა - სამწიგნობრო ქართული, ხოლო ოდიშური (მეგრული), მესხური, კახური, სვანური და ქართველთა სხვა მეტყველებანი კუთხურ-სოფლური კილოებია (საკითხის ისტორიისათვის იხ. არნ.ჩიქობავა, 1948; ბ.ჯორბენაძე, 1989, გვ.22-23; ა.ჯაფარიძე, 1996, გვ.58-63, 114-118; იხ., აგრეთვე, ტ.ფუტკარაძე, 2000; ტ.ფუტკარაძე, ნ.ნაკანი, 2001; თ.გვანცელაძე, 2003).
ადრეულ საუკუნეებში ენის სტატუსის განსაზღვრისა და ქართველთა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ცნობიერების თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესოა "ივერიელთა ერთობის ტრაქტატი", რომელსაც 1790 წელს ხელი მოაწერეს ქართლ-კახეთის, სამეგრელოს, იმერეთისა და გურიის მეფე-მთავრებმა; ტრაქტატში მკაფიოდაა ნათქვამი:
"ვინაიდან ყოველთავე ივერიელთა, მსახლობელთა სამეფოსა შინა ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისათა აქვსთ ერთ მორწმუნეობა, არიან შვილნი ერთისა კათოლიკე ეკლესიისაგან შობილნი და ერთისა ენისა მქონებელნი, აქვსთ მავასხელობითიცა ( - ურთიერთვალდებულებითი - ტ.ფ.) სიყვარული ვითარცა სისხლით ნათესავთა და მოყვარობით შეკრულთა ურთიერთთა შორის.
ამისათვის ჩვენ ზემოხსენებულად ქვეყანათა ივერიისა და მეფენი და მთავარნი დამამტკიცებელნი საუკუნოსა ამის პირობისა სახელით ყოვლად ძლიერისა ღვთისათა აღვსთქვამთ მტკიცესა ამას ერთობასა, რომელიცა თვითეულად შემდგომთა შინა ჰაზრთა ცხად იქმნების..."
საყურადღებოა ისტორიკოსთა და ეთნოგრაფთა დასკვნაც: “დაქუცმაცებულ საქართველოში “მარტო საკუთრივ ქართლი არ არის საქართველო, სხვა სამეფო-სამთავროებიც თავს საქართველოებად წარმოადგენენ. ასეთი მრავლობითი შეგნებიდან იბადება უჩვეულო ფორმა “საქართველონი ანუ საქართველოები; ასეთი საქართველოებია: მესხეთი, კახეთ-ჰერეთი, ქართლი, იმერეთი, გურია, ოდიშ-აფხაზეთი (მსჯელობისა და ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ. ა.ჯაფარიძე, 1996; რ.თოფჩიშვილი, 2002); ყველა ამ მცირე სამეფოში სამეფო კანცელარიის ენა ქართული, ხოლო კულტურა - ზოგადქართული იყო.
ნათელია: ტრადიციულად, ქართველები ვთვლიდით, რომ მხოლოდ ერთი ენის მქონენი ვართ.
რა საფუძვლის, კრიტერიუმის თუ მეცნიერული არგუმენტის მიხედვით გაჩნდა მოსაზრებები, რომ გვაქვს ორი თუ სამი სამწიგნობრო ენა (ძველი, ახალი, საშუალი), სამი თუ ოთხი ქართველური ენა: ქართული, ზანური (მეგრული, ჭანური) და სვანური და... რამდენად შეესაბამება რეალურ ვითარებას ამგვარი კვალიფიკაციები?
ქართველთა სამი სხვადასხვა სამწიგნობრო ენის - ძველი ლიტერატურული ენის, საშუალო საუკუნეების ლიტერატურის ენისა და ახალი ქართული ენის - შესახებ მსჯელობა პირველად წარმოდგენილია ნ.მარის ნაშრომში (ნ.მარი, 1922, გვ.5); აკ. შანიძემ და მეცნიერთა დიდმა ჯგუფმა უკრიტიკოდ მიიღო ამგვარი შეფასება. არნ. ჩიქობავამ აჩვენა, რომ საშუალი ქართული არის "ძველი" და "ახალი" ნორმების შერევა, შესაბამისად, მან განავითარა მოსაზრება, რომ სინამდვილეში არსებობს მხოლოდ ძველი და ახალი ქართული ენა. ბ.ჯორბენაძის აზრით, ქართული სამწიგნობრო ენის განვითარებაში შეიძლება გამოიყოს ხუთი ან ექვსი ეტაპი (საკითხის მიმოხილვისათვის იხ., ტ.ფუტკარაძე, 1993).
ჩვენი აზრით, გაუმართლებელია სამწიგნობრო ქართულის წარმოდგენა ე. წ. ძველ, საშუალ და ახალ ქართულ ენებად (ან ძველ და ახალ ენებად) ბერძნულისა და სხვა ენათა მსგავსად (ძველი ქართული ენისა და ახალი ქართული ენის არსებობის დაუსაბუთებლობის შესახებ იხ.: რ.თვარაძე, 1985, გვ.19; ზ.გამსახურდია, 1991, გვ.534; ტ. ფუტკარაძე, 1993; ტ.ფუტკარაძე, 1998; ც.ბენდელიანი, 2003...).
ძველი და ახალი ბერძნული მართლაც სხვადასხვა სტრუქტურის ენებია და მათ შორის გაგებინებაც შეუძლებელია; შდრ., ქართველურ სინამდვილეში ძველი და ახალი ქართული ენობრივი ქვესისტემები ერთმანეთისაგან თვისობრივად არ განსხვავდება: "განსხვავებულ დროთა ჭრილებსა და ჰორიზონტალურ განშტოებებში ქართული ენა სტრუქტურულ სახეს არსებითად ყველა დონეზე ინარჩუნებს" (თ.უთურგაიძე, 2002, გვ.19; შდრ., თ.უთურგაიძე, 1966, გვ.12); გარდა ამისა, საუკუნეების მანძილზე ლექსიკური ფონდის გასაოცარი სიმყარის გამო, არც გაგებინება გამხდარა პრობლემა. სამწიგნობრო ქართულის ამგვარი სტაბილურობა განსაზღვრა უნიკალურმა სიტუაციამ: იგი თითქმის ოცი საუკუნის მანძილზე ერთდროულად არის სახელმწიფო ენაც, საეკლესიო ენაც და სამწერლობო ენაც; ამდენად, უფრო ლოგიკურია, ვილაპარაკოთ ქართული სამწიგნობრო ენის სტილურ ვარიანტებზე; კერძოდ, საუკუნეების მანძილზე გვერდიგვერდ ფუნქციონირებდა და დღესაც არსებობს ერთი სამწიგნობრო ენის საეკლესიო, სალიტერატურო, საკანცელარიო, სამეცნიერო სტილები და ხალხური მეტყველების ნაირსახეობანი.
უკანასკნელად ამ თემას შეეხო გ.გოგოლაშვილი (2004, გვ.32-37; თანდართული შენიშვნით, ნაშრომის საბოლოო ვარიანტი შექმნილია 2000 წელს), რომელიც შეეცადა დაესაბუთებინა, რომ არსებობს სამი საერთო-სახალხო ქართული ენა (ძველი, საშუალი და ახალი) და ორი ქართული სალიტერატურო ენა (ძველი და ახალი). გ.გოგოლაშვილის მსჯელობა ასეთია: "ძველი ქართული ენა და ახალი ქართული ენა ჩვენს წარმოდგენაში სხვადასხვა დონის ენობრივი ერთეულებია" (გვ.35); "არ არსებობს ერთიანი საშუალი ქართული სალიტერატურო ენა, მაგრამ არსებობს საშუალი ქართული ენა, როგორც ენობრივი რეალობა თავისი მრავალგვარი ნაირსახეობით" (გვ.37).
ვფიქრობთ, ქართული სამწიგნობრო ენის სტილური ვარიანტები არ წარმოადგენენ "კლასიკური გაგებით ორ სალიტერატურო ენას" (შდრ., გ.გოგოლაშვილი, 2004, გვ.35); ისინი ერთმანეთს არც დროში ენაცვლებიან: XI საუკუნეში არ წყდება "ე.წ. ძველი ქართული"; ამავე სტილით იწერება საეკლესიო ხასიათის შრომები XII-XVIII საუკუნეებშიც და XIX ს. პირველ ნახევარშიც კი; გარდა ამისა, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურება ამჟამადაც ამ ენით მიმდინარეობს; ე.ი. ქართული სამწიგნობრო ენის საეკლესიო და საერო-სამეცნიერო სტილები დღესაც თანაარსებობენ საეკლესიო და საერო ველების მიხედვით; ეს სტილური ვარიანტები არ არიან სხვადასხვა დროის ენობრივი დონეები. გარდა ამისა, თავისი ფუნქციონირების ყველა პერიოდში ქართული საერთო-ეროვნული ენა წარმოდგენილია თავისი "მრავალგვარი ნაირსახეობით". შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ ქართული საერთო-სახალხო ეროვნული ენის სტილური ვარიანტების ფუნქციონირების პერიოდებზე (და არა რამდენიმე ქართული სამწიგნობრო ენის არსებობაზე), მაგ.:
დამწერლობამდელი პერიოდი: ფუნქციონირებს ზოგადქართული ენობრივი კოინე, მისი ოფიციალური (სახელმწიფო), საკულტო სახესხვაობები და ქართველური კილოები;
V-X საუკუნეები: ფუნქციონირებს საეკლესიო ენა და ქართველთა ზეპირი მეტყველების ოფიციალური და ხალხური ნაირსახეობები;
IX-XX საუკუნეები: გვერდიგვერდ არსებობს სამწერლობო ენის ნორმირებული საეკლესიო, სალიტერატურო (საერო-საკანცელარიო), სამეცნიერო სტილები, ტერიტორიული და სოციალური დიალექტები, ჟარგონები და ა.შ.
საერთოქართველურისგან მომდინარე ერთიანი ქართველური ეროვნული სამწიგნობრო ენის უწყვეტად არსებობის პირობებში, ვფიქრობთ, ნაკლებარგუმენტირებულია მსჯელობა სამი თუ ოთხი ქართველური ენის (ქართულის, ზანურის, სვანურის) შესახებაც. დღეს ამგვარ დასკვნებს აკეთებენ ისინი, ვინც თვლის, რომ ენა-კილოს საკვალიფიკაციოდ საკმარისია გაგებინება, როგორც ლინგვისტური კრიტერიუმი (ბოლო ამგვარი მსჯელობის შესახებ, იხ. თ.გამყრელიძე, ზ.კიკნაძე… 2003, გვ.615).
თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ გაგებინება არ არის ლინგვისტური კრიტერიუმი (ვრცლად იხ.: ტ.ფუტკარაძე; 2002, თ.გვანცელაძე, 2003). გარდა ამისა, საყოველთაოდაა ცნობილი (იხ., მაგ., ჰ.პაულის, ჰ.ჰირტის, ვ.ჟირმუნსკის, გ.ტ.შარბატოვის, ნ.ვ.იუშმანოვის, ვ.ა.ჟუკოვსკის და სხვათა გამოკვლევები), რომ გაგებინების არარსებობის თუ საკუთრივ ლინგვისტურ მახასიათებლებში დიდი განსხვავების მიუხედავად, არაბთა, გერმანელთა, სპარსელთა, ჩინელთა, ესპანელთა, იტალიელთა, ფრანგთა, იაპონელთა და მრავალ სხვა ხალხთა "საშინაო მეტყველებანი" საერთოეროვნული სამწიგნობრო ენის დიალექტებად ითვლება; მეტიც, არაიშვიათად, ადამიანები ვერ ფლობენ სამწიგნობრო ენას, მაგრამ მათ დედაენად მაინც ზოგადეროვნული ენა მიიჩნევა. სანიმუშოდ მოვიყვანთ ნ.ი.კონრადის დასკვნას: "იაპონიასა და ჩინეთში არა მხოლოდ სოფელში, არამედ ქალაქშიც მოსახლეობის ნაწილი საერთოდ ვერ ფლობს საერთო სალიტერატურო ენას და ზეპირი ურთიერთობების დროს იყენებს თავის დიალექტს" (ნ.ი.კონრადი, 1960); ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იაპონელს, რომელიც ვერ ფლობს სამწიგნობრო ენას და მხოლოდ დიალექტზე მეტყველებს, დედაენა არა აქვს, ან მისი დედაენა მისივე დიალექტია: საერთო-სამწიგნობრო ენის არმცოდნე იაპონელისთვისაც დედაენაა სალიტერატურო იაპონური. სწორედ მსგავსი ფაქტების არალოგიკური განსჯის გამო ზოგს გაუჩნდა აზრი, რომ შეიძლება არსებობდეს ორი დედაენა (იხ., მაგ., ა.ონიანი, 2003, გვ.143); იქვე, ერთმანეთშია აღრეული დედაენისა და სამწიგნობრო ენის ცნებები.
დედამიწაზე არსებული ენობრივი ერთეულები, როგორც წესი, ენებად და დიალექტებად კვალიფიცირებული არ არის გაგებინების კრიტერიუმის მიხედვით; თუმცა ამ ფაქტორს არსებითი მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს წერილობითი ტრადიციის არმქონე ენობრივი ერთეულების სტატუსის განსაზღვრისას: თუ მონათესავე საზოგადოებებს არ გააჩნიათ წინაპრებისგან შექმნილი საერთო მწიგნობრობა, ასეთ შემთხვევაში, არ არსებობს ეროვნული მეობის ჩამომძერწავი, გამაერთიანებელი კულტურულ-ენობრივი სისტემა; შესაბამისად, საერთო ეთნოკულტურული ერთობის ცოდნის არარსებობისა და მეტყველების გაგებინების დაბალი ხარისხის პირობებში, უმწერლობო მონათესავე კონტინუუმები ამ საზოგადოებების მიერ ენებად შეიძლება იქნენ მიჩნეულნი.
წერილობითი ტრადიციის მქონე საზოგადოების ზეპირი (ხალხური) მეტყველების სტატუსის განსაზღვრისას გაგებინების კრიტერიუმს ვერ დავეყრდნობით, ვინაიდან, ლოგიკაში გაგებინება მეტად პირობითი ცნებაა და, რაც მთავარია, ამგვარი ე.წ. არაპროფესიონალურ-ხალხური მიდგომით, იძულებულნი გავხდებით, წერილობითი ტრადიციის მქონე თითქმის ყველა ენა რამდენიმე ენად დავშალოთ: მსოფლიოში არსებულ თითქმის ყველა ენას მოეპოვება ისეთი დიალექტი, რომლის გაგება გაუჭირდება სხვა დიალექტის მფლობელს; არათუ კილოებს შორის, არამედ კილოკავებს შორისაც კი ხშირად არა გვაქვს გაგებინება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მსოფლიოს სხვა ენებისა და მათი კილოების მსგავსად, მომიჯნავე ქართველურ კილოებს შორის გაგებინების პრობლემა ნაკლებადაა; მაგ., ქვემოიმერულსა და მეგრულს შორის აბაშის რაიონში არსებული გარდამავალი ზონის მეტყველება შემაერთებელ ხიდს წარმოადგენს მეგრულსა და იმერულს შორის (შდრ., ვ.ბოედერი, 2003 და კ.გაბუნია, 2004, გვ.171). საქართველოში სუსტადაა შესწავლილი გარდამავალი სამეტყველო ზონები; სამწიგნობრო ენის ნორმების დაწოლით ამჟამად გარდამავალი ზონის მეტყველება უფრო და უფრო ნიველირდება, თუმცა, ქსუ დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ მაინც მოხერხდა გარდამავალი მეტყველების საინტერესო ნიმუშების ჩაწერა; იხ., აგრეთვე, "ქართულ დიალექტოლოგიაში" გამოქვეყნებული ტექსტები (1961, გვ.479-480).
მომიჯნავე მონათესავე ენობრივ ერთეულებს შორის გაგებინება რთულდება მთაგორიანი ლანდშაფტის პირობებში (სამეგრელო და სვანეთი, კახეთი და თუშეთი…): ბუნებრივი ბარიერები ხელს უშლის ინტენსიურ კომუნიკაციას; შდრ., თითქმის ყველა ენაში მკვეთრად განსხვავებულია არამომიჯნავე კილოებიც.
ენისა და კილოს გამმიჯნავი კრიტერიუმების შესახებ მსჯელობის გაგრძელებამდე, განვმარტავთ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოყენებულ ტერმინებს - ენა, დედაენა:
ენა. ენა არის გარკვეული სემანტიკის მქონე ბგერით ნიშანთა - ენობრივ ნიშანთა - ისტორიულად ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც წარმოადგენს სამყაროს ხედვა-აღქმის, აზროვნების, ცოდნის შენახვის და კომუნიკაციის საშუალებას; შდრ.: ცალკე აღებული დიალექტიც (როგორც მოცემული ენის ქვესისტემა/მიკროსისტემა) ბგერით ნიშანთა ბუნებრივად მოწესრიგებული სისტემაა; დიალექტიც წარმოადგენს სამყაროს ხედვა-აღქმის, აზროვნების, კომუნიკაციის საშუალებას; შესაბამისად, ენის ამ ლოგიკური დეფინიციის მიხედვით ვერ გავმიჯნავთ ენასა და კილოს.
ენის განმარტების სხვა ვარიანტებიც არ იძლევა საშუალებას, გავმიჯნოთ ენა და კილო; შდრ., მაგ:
"ენა არის ურთიერთგაგებინების საშუალებათა სისტემა: სისტემა პირობითი ბგერითი ნიშნებისა, რომელიც აზრის გამოხატვისა და ურთიერთგაგებინებისათვის გამოიყენება" (ა.ონიანი, 2003, გვ.142-143). ბევრი ქვეყნის (იაპონიის, ჩინეთის, ესპანეთის, საქართველოს, არაბეთის...) ზოგ რაიონში ძირითადად დიალექტით ხდება კომუნიკაცია; ასევე, ურთიერთგაგებინების საშუალებათა სისტემა შეიძლება იყოს მორზეს ანბანი, ცხოველის ბგერითი ენა, რაიმე პირობითი ბგერითი ნიშნები და სხვ. ა.ონიანის განმარტებაში საკამათოა ბგერითი ნიშნების პირობითობის საკითხიც; სახელდების მოტივაციისა და ენობრივი ნიშნის ნებისმიერობის - ამ უძველესი პრობლემატიკის - შესახებ ვრცლად სხვაგან ვმსჯელობთ; აქ კი საკითხს მოკლედ შევეხებით (იხ., აგრეთვე, ტ.ფუტკარაძე, 1996):
ენობრივი ნიშნის არსზე მეცნიერული მსჯელობა სათავეს იღებს ჩ.პერსისა და ფ.სოსიურის ნაშრომებიდან; მაგ., ფ.სოსიური, გულისხმობს რა აღმნიშვნელისა და აღსანიშნის მიმართების პირობითობას, წერს: "აღმნიშვნელი მოტივირებული არ არის; ე.ი. პირობითია აღსანიშნის მიმართ" (ფ.სოსიური, 2002, გვ.76). რამდენად ზუსტია ამგვარი მიდგომა მაშინ, როცა თანამედროვე ლინგვისტიკაში ენობრივი ნიშნის ცნება მოიაზრებს: მორფემას, დამხმარე სიტყვას, დამოუკიდებელ სიტყვას, შესიტყვებას, წინადადებას; ესენია პირობითი ბგერითი ნიშნები? აქვე მოვიყვანთ გ.რამიშვილის მიერ დასმულ კითხვას (გ.რამიშვილი, 2000, გვ.93):
თუ პირობითია ნიშნის კავშირი სიტყვასა და საგანს (წარმოდგენას) შორის, მაშინ როგორ შეიძლება ენა, როგორც პირობით ნიშანთა სისტემა, გამოდგეს საგნობრივი ვითარების შესახებ ცოდნის მოპოვების ინსტრუმენტად?
ანდა:
რას ნიშნავს ფ.სოსიურისეული მოტივირებულობა: ბგერითი ხატისა და ცნების შეპირობებულობას? ზოგადად, სახელდების გამჭვირვალობას?
სახელდება მოტივირებული შეიძლება იყოს არა მხოლოდ ხმაბაძვითა და ბგერწერით, არამედ საგნობრივი მიმართებითაც; მაგ.:
შენება: მშენებელი, ასაშენებელი, ამშენებელი, აუშენებელი, აშენებს, უშენებს, გადაშენებული და ა.შ.
აშკარაა, რომ თანამედროვე აგლუტინაციურ ენებში ამგვარი სიტყვები უმრავლესობას შეადგენს; გარდა ამისა, ფ.სოსიურივე გვაფრთხილებს, რომ უხსოვარი ენობრივი ტრადიცია ანუ "წარსულთან კავშირი ერთთავად აბრკოლებს არჩევანის თავისუფლებას. ვამბობთ "ადამიანი" და "ძაღლი", რადგან ჩვენამდეც ასე ამბობდნენ" (ფ.სოსიური, 2002, გვ.80).
ენობრივი ნიშნის ნებისმიერობის კრიტიკის თვალსაზრისით, საყურადღებო დასკვნა წარმოადგინა თ.გამყრელიძემ ნაშრომში: "დამატებითობის პრინციპი" და ენობრივი ნიშნის პირობითობის პრობლემა" (თ.გამყრელიძე, 2000, გვ. 246): აღსანიშნთა "ჰორიზონტალური" მიმართებები გარკვეულწილად აპირობებს აღმნიშვნელთ; შესაბამისად, ამგვარი მოტივირებულობა გასათვალისწინებელია ენობრივი ნიშნის დახასიათებისას.
ვფიქრობთ:
მორფემები, ფრაზები თუ წინადადებები ვერ მიიჩნევა პირობით ნიშნებად; გარდა ამისა, სახელდების პროცესში საგნობრივი მიმართების არსებითი როლის გამო, თანამედროვე ენების სიტყვათა დიდი ნაწილიც მოტივირებულად უნდა მივიჩნიოთ (ძირითადად, ნაწარმოები სიტყვები; მაგ.: საკაცე, კაცური, კაცობა); შესაბამისად, აღმნიშვნელისა და აღსანიშნის მიმართების სხვადასხვაწახნაგოვანი თეორიების არსებობის პირობებში, ენის (როგორც ნიშანთა სისტემის) განმარტებაში ენობრივი ნიშნის უცილობელი პირობითობის მოაზრება, რბილად რომ ვთქვათ, უზუსტობაა...
დედაენა. დედაენა (Mუტტერსპრაცჰე; Mატჰერ ტონგუე, Nატივე ლანგუაგე) არის წინაპრების მიერ შექმნილი კულტურის ენა, რომელიც, როგორც სამყაროს ხედვა-აღქმის სისტემა, მრავალ თაობას აერთიანებს (მაგრამ, თუ მაგ., რომელიმე აფრიკელი დაიბადა საფრანგეთში და ის თავის დედაენად ფრანგულს თვლის, ბუნებრივია, მის დედაენად ფრანგული მიიჩნევა); დედაენა მთავარი ენაა და არა მაინცდამაინც მხოლოდ ბიოლოგიური დედის ენა (შდრ.: დედამიწა, დედაბოძი... შდრ., მამაზეციერი!).
მიჩნეულია, რომ ეროვნული ენა, როგორც კონგლომერატი, აერთიანებს სალიტერატურო ენასა და დიალექტებს (იხ., მაგ., ბ.ჯორბენაძე, 1989, გვ.151; შდრ., ი. ბოდუენ დე კურტენე, 1963, გვ.76: "ეროვნული/ტომობრივი ენა წარმოადგენს გარკვეული რაოდენობის ინდივიდთა მეტყველებების ტოლქმედს").
ქართულ ენობრივ სინამდვილეში კონგლომერატი სქემატური, პირობითი ენობრივი სისტემაა, რომელიც სამწიგნობრო ენის მიხედვით იგება; თეორიულად ნავარაუდევი სხვაენობრივი მოდელები ნაკლებად ემთხვევა არსებულ ენობრივ ერთეულს; ის, რაც არ არის რეალური ენობრივი სისტემა, როგორ შეიძლება იყოს დედაენა? დედაენად ვერ მივიჩნევთ სავარაუდო (თეორიულ) მოდელს. შდრ., ამგვარივე დაშვებით, ოთხი სვანური და ორი ზანური კილოების მიხედვით, თეორიულად წარმოსახავენ ე.წ. ზოგად სვანურ და ზოგად ზანურ ენებს და მათ დედაენებად (ა.ონიანი, მ.ქურდიანი…) თუ ეროვნულ ენებად მიიჩნევენ (ჯ.ჰიუიტი, ვ.ფოირშტაინი…). ამავე პრინციპით ვინმემ შეიძლება აღადგინოს ფხოური "ენა" (მით უმეტეს, არსებობს ფხოური კოინე – პოეზიის ენა), მესხური ენა და ა.შ.
ფაქტია:
ქართველთა საერთო ენის - სამწიგნობრო ქართულის - ფონზე არსებობს ფხოური ხუთი, სვანური ხუთი და ზანური ორი კილო, მაგრამ ბუნებაში არ არსებობს საერთო ფხოური, საერთო სვანური და საერთო ზანური ენები. თუკი, მაგ., ზანური კილოების ამოსავალ ენობრივ სისტემაზეა ლაპარაკი, ასეთად შეიძლება აღდგეს საერთოქართველური ენა, მისი ზანურ-სვანური დიალექტი, ან საკუთრივ ზანური დიალექტი (შდრ., კახური კილოსგან სამ საუკუნეში კახელისთვის ძნელად გასაგები ფერეიდნული კილო წარმოიქმნა). ქართველთა თანამედროვე დიალექტებიცა და სალიტერატურო ენაც მომდინარეობენ საერთოქართველური ენობრივი კოინესგან (იხ. ქვემოთ); ამოსავალი ვითარება ძირითადად დაცული აქვს სამწიგნობრო ენას, შესაბამისად, ქართველთათვის ზოგადეროვნული ენა, დედაენა და სამწიგნობრო ქართული სინონიმებად უნდა დავსახოთ:
ქართველთა სამწიგნობრო ენა თვისობრივად ერთნაირად იქმნებოდა ისტორიულ ლაზეთშიც, სამეგრელოშიც, სვანეთშიც, მესხეთშიც, იმერეთშიც, საქართველოს მთიანეთშიც და კახეთ-ჰერეთშიც, შესაბამისად, საერთოქართველურ ენობრივ კოინეზე აღმოცენებული სამწიგნობრო ქართული ყველა ამ კუთხის ქართველის დედაენაა, ხოლო ზანური, სვანური, მესხური, ჰერული, ფხოური, რაჭული, მესხური და ცენტრალური ჯგუფის დიალექტები ქართველთა მშობლიური კილოებია... შდრ.: იაპონიაში, ინდოეთსა თუ ჩინეთში, მრავალი ადამიანი ვერ ფლობს ოფიციალურ სახელმწიფო ენას, მაგრამ მათ დედაენად მაინც ითვლება სამწიგნობრო ენა (იაპონური, ჩინური, ინდური). ზოგადად, დედაენა შეიძლება იყოს უმწერლობო ენაც, თუკი კონკრეტულ საზოგადოებას წერილობითი კულტურა არ შეუქმნია. შდრ.: ქართული ენის სემანტიკური ველის მიხედვით, სხვათა ენას უცხო ენა ჰქვია (შდრ.: иностранный язык - სიტყვასიტყვით: "სხვა ქვეყნის ენა").
სამეცნიერო კვლევებისას, ბუნებრივია, ჰიპოთეზის სახით უნდა დავუშვათ ზოგადეროვნული ენის თეორიული მოდელი. ვფიქრობთ, ეროვნული ენობრივი მოდელი არსებობს გენეტიკურ კოდშიც:
ზ.ჯაფარიძის გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მემკვიდრეობითია ბავშვის საარტიკულაციო ჩვევები (ზ.ჯაფარიძე, ი.სტრელნიკოვი, 1981); ასევე, სავარაუდოა, რომ გენეტიკურად კოდირებულია მოცემული ენის (კილოს) პერცეფციული ბაზაც... თანამედროვე ნეიროლინგვისტური კვლევები დაადასტურებს, რომ დედაენაც ისეთივე მემკვიდრეობითი ფენომენია, როგორც ადამიანის სხვა პიროვნულ-გენეტიკური მახასიათებლები (შდრ., განსხვავებული მიდგომა: ადამიანს გენეტიკურად ეძლევა "ენის ნიჭი" და რომელ საზოგადოებაშიც აიდგამს ის ენას, იმ საზოგადოების ენის მიხედვით რეალიზდება მისი ენობრივი უნარი).
მოცემული სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე ოფიციალური ურთიერთობების (სახელისუფლებო სტრუქტურების, მეცნიერებისა და კულტურის) ენა სახელმწიფო ენაა; მოცემული ეთნოსისთვის სახელმწიფო ენა შეიძლება იყოს დედაენაც და უცხო ენაც. არაიშვიათად, სახელმწიფო ენის სინონიმად დასტურდება ტერმინი ეროვნული ენა; ეროვნული ენა ამ მნიშვნელობით შეიძლება გამოვიყენოთ, თუკი ტერმინ ერს მოვიაზრებთ მოცემული ქვეყნის მოქალაქეების აღსანიშნავად; როცა ერი ერთ ეთნოსს გულისხმობს, მაშინ ეროვნული ენა” ერთი ნაციის, ერთი მოდგმის ხალხის ენას აღნიშნავს; ასეთ შემთხვევაში ეროვნული ენის სინონიმად დედაენა უფრო გამოდგება (დედაენასა და ეროვნულ ენას სინონიმებად მიიჩნევს ცნობილი ენათმეცნიერი გ.რამიშვილი). წარმოდგენილ მსჯელობაშიც და სხვაგანაც ჩვენთვის ამოსავალია მიმართებანი:
ერის (ეთნოსის) მეტყველება - ენა
ერის შემადგენელი ნაწილის (თემის) მეტყველება - კილო
როგორც წესი, ერთ ერს (ეთნიკური გაგებით) ერთი დედაენა აქვს (ფრანგებს, ქართველებს, სომხებს…), ერთ სახელმწიფოს - ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო ენა, შესაბამისად, ერთი სახელწიფოს მოქალაქეებს რამდენიმე ოფიციალური ენაც შეიძლება ჰქონდეთ (შვეიცარიელებს, კანადელებს…), ხოლო ერთი ენა რამდენიმე სახელმწიფოს სახელმწიფო ენა შეიძლება იყოს (ამ საკითხების გარშემო ვრცლად იხ. წიგნის მეორე ნაწილში).
ცივილიზებული საზოგადოების კულტურის ენა (ღვთისმსახურების, მეცნიერების, მწერლობის, თვითშემოქმედების) და სახელმწიფო ენა, როგორც წესი, არის ტრადიციული დამწერლობის მქონე ენა. კულტურის ან სახელმწიფო ენა მოცემული ხალხისთვის შეიძლება იყოს: საკუთარი ენა - დედაენა, სხვისი ენა - უცხო ენა (მაგ., უკვე რამდენიმე ათეული წელია, აფხაზების კულტურის ენაა თავსმოხვეული რუსული ენა). ბუნებაში ორი დედაენა არ არსებობს, ამდენად, ე.წ. დიგლოსიის პირობებში გვაქვს: დედაენა და მშობლიური დიალექტი; ორენოვნობის (ბილინგვიზმის) დროს კი არსებულ ორ ენათაგან ერთი დედაენაა, მეორე - უცხო ენა... ზოგი მკვლევარი ისწრაფვის, მის მიერ ორენოვნად გამოცხადებული ქართველთა ნაწილის (მეგრელებისა და სვანების) ერთი ენა ჩათვალოს დედაენად, მეორე ენა კი - ეროვნულ ენად (იხ., მაგ., მ.ქურდიანი 1999: "სვანეთსა და სამეგრელოში ისტორიულად დამკვიდრებულია ორენოვნება: სვანურ-ქართული და მეგრულ-ქართული…"; აქვე, ეს მიმართებანი ბილინგვურ დიგლოსიად ცხადდება). ჩვენი აზრით, იგივე მკვლევარი წინააღმდეგობაში ვარდება მაშინაც, როდესაც საქართველოში მცხოვრებ ზანთა (ქართველთა!) მეტყველებას (მისი ტერმინოლოგიით - "ლინგვისტურად უეჭველ ენას") განიხილავს ქართულის სოციოლინგვისტურ დიალექტად, ხოლო თურქეთში მცხოვრებ ზანთა მეტყველებას - თურქული ენის სოციოლინგვისტურ დიალექტად (იხ. მ.ქურდიანი, 1996, გვ.42). შდრ., ამგვარი მიდგომით, სახელმწიფო ენის სტატუსის მქონე დედაენის მიმართ ერთნაირი რანგით განიხილება: უცხო ენა, უცხო ენის ერთ-ერთი კილო და დედაენის ორგანული კილოები; მაგ., თურქეთში თურქულის მიმართ: ქართული, აფხაზური, უბიხური და ჩერქეზული ენები, ლაზური კილო და თურქული ენის კილოები. მოყვანილი აღრევებიც ცხადყოფს, რომ გაუმართლებელია ენობრივი ერთეულებისადმი ენისა თუ კილოს სტატუსის მინიჭება განსხვავებული (ე.წ. საკუთრივ ლინგვისტური, ე.წ. საკუთრივ სოციოლინგვისტური, ეთნოპოლიტიკური, რელიგიური, ნორმირებულობის და სხვა) კრიტერიუმებით; ენობრივი ერთეულების სტატუსის განსაზღვრისას საკვალიფიკაციო ნიშნად ერთი სახის კრიტერიუმი უნდა ავიღოთ; როგორც წესი, დღეს არსებული ძირითადი ენების სტატუსი განსაზღვრულია ეთნოპოლიტიკური თვალსაზრისით (შდრ., კ.გაბუნია, 2004); აქვე აღვნიშნავთ: სხვადასხვა ოჯახის ენები ერთმანეთის კილოებად სოციოლინგვისტური ასპექტითაც კი არ უნდა განვიხილოთ; უმჯობესია სხვაგვარი მიდგომა, მაგ., ლაზური მეტყველება თურქეთის რესპუბლიკაში თურქულის სოციოლინგვისტური დიალექტი კი არა, საოჯახო ენის ფუნქციის მქონე ქართველური კილოა (შდრ.: საოჯახო ენის ფუნქციით შეიძლება იყოს: სამწიგნობრო ენა, დედაენა, სხვათა ენა, მშობლიური კილო...).
საბჭოთა პერიოდში იყო მცდელობა, აგრეთვე, დედაენის ნაცვლად დამკვიდრებულიყო ტერმინები: მშობლიური ენა და მეორე მშობლიური ენა... "მშობლიური ენა" რუსულის კალკია და საქართველოში მის დამკვიდრებას მიზანმიმართულად ცდილობდნენ წლების განმავლობაში; ამ კალკის, აგრეთვე, ტერმინების: "პირველი ენა"(ფირსტ ლანგუაგე), "ბაზისური ენა" მიუღებლობის შესახებ მსჯელობა იხ. გ.რამიშვილი, 2000, გვ.70-71, სადაც მიმოხილულია გერმანიაში გამართული დისკუსიაც ტერმინ Mუტტერსპრაცჰე-ს (დედაენის) შესახებ.
ჩვენს შემდგომ მსჯელობებში გამოყენებული იქნება ნათლად განსაზღვრული შემდეგი ტერმინები: სახელმწიფო ენა, საეკლესიო ენა, დედაენა (ეთნოსის, ანუ ეთნიკური გაგებით, ერის ენა), უცხო ენა, დიალექტი (კილო).
წარმოდგენილი ზოგადი მიმოხილვის ფონზე საინტერესოა ენისა და კილოს გამიჯვნის ის სხვა კრიტერიუმებიც, რომლებიც არსებობს თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში. ჩვენს ხელთ არსებულ განმარტებებს გარკვეული პირობითობით ვაჯგუფებთ დებულებათა მსგავსების მიხედვით (აქვე, მადლობას მოვახსენებთ მარბურგის უნივერსიტეტის გერმანული ენის კვლევის ინსტიტუტის დირექტორს, პროფ., დოქტ. გურგენ ერიხ შმიდტსა და მის ასისტენტს, დოქტ. სტეფან რაბანუსს, რომელთაც ჩემთვის ხელმისაწვდომი გახადეს არა მხოლოდ თავიანთი შეხედულებები, არამედ ზოგ სხვა მკვლევართა მოსაზრებანიც); ქვემოთ წარმოდგენილი კრიტერიუმები დადგენილია მონათესავე ენობრივი ერთეულებისთვის:
გ.ე.შმიდტი, უ.ამონი, ა.ბახი, თ.ლევანდოვსკი, პ.ვიზინგერი, ბ.სოვინსკი, ა.ლინკე და სხვ.:
ენა - განფენის ხარისხის მრავალფეროვნება (პრესტიჟულობა) - გამოყენების მაღალი ხარისხი, კოდიფიცირებული დამწერლობა, სტანდარტულობა, სამწერლობო სტატუსი, გარკვეულწილად ხელოვნურობა.
დიალექტი - გამოყენების დაბალი ხარისხი, არასტანდარტულობა, ზეპირი კომუნიკაციის საშუალება, ბუნებრიობა...
პ.ფინკე, ბ.ჯორბენაძე, გ.ნებიერიძე (დიალექტების მფლობელთა შორის გაგებინება უნდა იყოს)...
ვ.ჟირმუნსკი, ე.კოსერიუ, ი.ქლოუპეკი, ჯ.ჰერგენი და მრავალი სხვა (დიალექტებს შორის გაგებინება არაარსებითია):
ენა - ძირითადი სისტემაა, დიალექტი კი არის სისტემის (ეროვნული ენის) ნაირსახეობა, ვარიანტი.
მეცნიერთა ერთი ჯგუფის აზრით, მონათესავე ენობრივ ერთეულებს შორის თუკი არის ბგერათშესატყვისობა, მაშასადამე, ისინი ენებად უნდა კვალიფიცირდეს (მ.ქურდიანი)...
გ.ბელმანის, ვ.კონიგის და სხვათა აზრით, დიალექტსა და ენას შორის ზღვარი ძნელი გასავლებია; დიალექტიდან ენაში გადასვლა თავისუფლად ხდება...
ჰ.ჰარმანი, პ.აუერი და სხვ. თვლიან, რომ ენობრივი ერთეულის სტატუსი მისმა მფლობელმა საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს.
პრესტიჟულობა-სტანდარტულობის მიხედვით შეიძლება სამწიგნობრო ენისა და დიალექტის დახასიათება, მაგრამ, ჩვენი აზრით, შეუძლებელია უმწერლობო ენისა და დიალექტის გამიჯვნა.
ენობრივი სისტემის ვარიანტულობის მიხედვით მსჯელობაც მეტად პირობითია, ვინაიდან, მაგალითად, ფონემატური, მორფოლოგიურ-სინტაქსური და ლექსიკურ-სემანტიკური სტრუქტურების მიხედვით რუსული, ბელორუსული, უკრაინული, პოლონური ენები ერთმანეთთან მიმართებით უფრო ახლომდგომი ვარიანტები არიან, ვიდრე, მაგალითად, გერმანული ენის დიალექტები; აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ხელოვნური და პრობლემის კვლევისათვის თითქმის არაფრის მომცემია ენობრივი ერთეულების ენებად თუ დიალექტებად კვალიფიცირება, ერთი მხრივ, სოციოლინგვისტური, მეორე მხრივ კი, "საკუთრივ" ლინგვისტური კრიტერიუმების მიხედვით.
შენიშვნა: რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქართველურ სინამდვილეში პირველი ამგვარი მცდელობა ჰქონდა ნიკო მარს ი.ვოსტორგოვის ანტიქართველური პოზიციის მხილებისას; იხ. ნ.მარი, 1905, გვ.7-10 და არნ. ჩიქობავა, 1952, გვ.358, სადაც წარმოდგენილია ნ.მარის კრიტიკა: "ლინგვისტურად ერთი" ენის ორ დიალექტს "კულტურული დაშორების" გამო ნ.მარი ორ ენად - ლაზურ და მეგრულ ენებად მიიჩნევდა).
თუ მკვლევრის მიზანია მოცემული ენობრივი ერთეულის სტატუსის კვლევა საკუთრივ ლინგვისტური თუ სოციოლინგვისტური ასპექტებით, შესაბამისად, მან ჯერ უნდა შეისწავლოს უკვე არსებული (საყოველთაოდ მიღებული) ენებისა და დიალექტების სახელდების პრინციპები და შემდეგ, მიღებული დასკვნებიდან გამომდინარე, უნდა განავითაროს მსჯელობა საკამათო სტატუსის მქონე ენობრივი ერთეულის შესახებ; ლინგვისტიკის თუ სოციოლინგვისტიკის ფარდობითი ცნებებით არ უნდა ხდებოდეს საუკუნეების მანძილზე უკვე არსებული ტრადიციული კვალიფიკაციების თვითმიზნური გადასინჯვა, მაგ., რუსული რამდენიმე საუკუნეა დამოუკიდებელ ენადაა მიჩნეული და რისი მომტანია თანამედროვე რუსულის ჩათვლა ერთ-ერთ სლავურ კილოდ? ანდა, მეგრული (ოდიშური) მეტყველება მრავალი საუკუნის მანძილზე ქართველთა ერთ-ერთ დიალექტად ითვლებოდა (ქართველთა სხვა კილოების მსგავსად) და რას მოემსახურა, ან მოემსახურება XX საუკუნეში მისი სტატუსის შეცვლაზე მსჯელობა? მით უმეტეს, სვანთა, მეგრელთა და ლაზთა ზეპირი მეტყველებებისათვის ახალი დამწერლობების შექმნა? პასუხი ერთია: ამგვარი "აქციებით" დასახელებულ ქართველთ გაუუცხოვდებათ და, ფაქტობრივად, დაეკარგებათ ქართულ-ქართველური მწიგნობრობის სახით არსებული საკუთარი დიდი კულტურული წარსული, თუნდაც ის თექვსმეტსაუკუნოვანი წარსული, რომელიც იოანე ლაზისა (იხ.ა.ჯაფარიძე, 2002) და პეტრე იბერის მოღვაწეობით იწყებს თავისი განვითარების ახალ ეტაპს. წარსულდავიწყებულ ხალხს კი თავისი ინტერესებისათვის იოლად იყენებს ხოლმე ესა თუ ის იმპერია.
საგანგებოდ აღვნიშნავთ: ენისა და დიალექტის გამიჯვნის პრობლემა ვერ გადაიჭრება მხოლოდ საკუთრივ ლინგვისტური კრიტერიუმებით; მეტიც, კულტურული ტრადიციის მქონე მსოფლიოს არც ერთი ენა საკუთრივ ლინგვისტური ნიშნებით (ბგერათშესატყვისობა, მორფოლოგიური და სინტაქსურ-სემანტიკური კატეგორიები, ლექსიკა) არ არის სახელდებული ენად; გარდა ამისა, ჯერ არავის დაუდგენია ენობრივ ცვლილებათა თუ თავისებურებათა ის ზღვარი, რის შემდეგაც მონათესავე ენობრივ ერთეულთა შორის არსებული რაოდენობრივი განსხვავებანი გადადის თვისობრივში, შესაბამისად, სისტემის ვარიანტი იქცევა დამოუკიდებელ სისტემად. ჩვენი ეს მოსაზრება ადრე გამოქვეყნდა სტატიის სახით (ტ.ფუტკარაძე, 2003); ამ დებულების საპასუხოდ და მასზე დაყრდნობით კ.გაბუნიამ თავის მსჯელობაში გამოიყენა ე.წ. "სისტემურობის კრიტერიუმი" (კ.გაბუნია, 2004); მისი აზრით, "მეგრულ-ლაზურისა და ქართულის ბრუნებები სხვადასხვა სისტემებია, ვინაიდან რაოდენობრივი ცვალება გადასულია თვისობრივში; შესაბამისად, ისინი სხვადასხვა ენებია”.
საპოლემიკო წერილში კ.გაბუნია ვერ პასუხობს მთავარ კითხვას: რომელი კრიტერიუმით თუ სამანით განისაზღვრება რაოდენობრივი ცვალების გადასვლა თვისობრივში? ის სხვაობა, რომელიც გვაქვს, მაგ., მეგრულსა და სამწიგნობრო ქართულს შორის, საკმარისია ენებად მისაჩნევად? შდრ., სალიტერატურო არაბულსა და ბუხარულს შორის უფრო მეტი სხვაობაა, მაგრამ მაინც ბუხარული არაბულის დიალექტადაა მიჩნეული მაშინ, როცა მეტად ახლო მდგომი რუსული და ბელორუსული აღიარებული ენებია...
გარდა ამისა: სამწიგნობრო ქართულისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებულია ქართველური ქვესისტემებიც (იმერულიც, ხევსურულიც, მეგრულიც, ლაზურიც, ბალსზემოურიც...) და სხვა ენებიც: აფხაზურიც, რუსულიც, ჩინურიც... რომელი მყარი კრიტერიუმით ვავლებთ ზღვარს ქვემოიმერულსა და მეგრულს შორის? მეგრული ფონემატური სტრუქტურა იმერულის ანალოგიურია; სახელური პარადიგმაც ძირითადად იმეორებს არა მხოლოდ ადრინდელი სამწიგნობრო ენის ბრუნვათა სისტემას, არამედ ქართული ენის ხევსურული დიალექტისაც კი; ასევე, თვისობრივად ერთგვარია მეგრულისა და იმერულის მწკრივთა სისტემა და სხვ. გარკვეული სხვაობებიც არსებობს, მაგრამ საკმარისია ისინი მეგრულისა და იმერულის თვისობრივი სხვაობის სამტკიცებლად?
შდრ.: ჩვენი აზრით, სისტემური სხვაობაა, მაგ., ქართულსა და მის მონათესავე აფხაზურს შორის, ქართულსა და არაბულს შორის, და არა სამწიგნობრო ქართულსა და მეგრულს, ან თუშურს შორის.
არსებობს თუ არა ენობრივ ცვლილებათა თუ თავისებურებათა (სისტემურ სხვაობათა!) ის ზღვარი, რომლის შემდეგაც მონათესავე ენობრივ ერთეულთა შორის არსებული რაოდენობრივი განსხვავებანი გადადის თვისობრივში?
ასეთი ზღვრის დადგენა შეუძლებელია:
დაკვირვება ცხადყოფს, რომ სხვადასხვა ენად სახელდებულ სისტემებს შორის არსებულ ლინგვისტურ სხვაობათა პროცენტული მაჩვენებელი შეუზღუდავად მერყეობს.
"წესი" თუ "კანონი" ერთ სასურველ კერძო შემთხვევას არ უნდა მოვარგოთ; თუკი ჩვენი მიზანი ენობრივი სიტუაციის რეალური აღწერაა, უნდა გავითვალისწინოთ მოცემული ენობრივი კოლექტივის ტრადიციაც, მონათესავე ენობრივ ერთეულებთან საკუთრივ ლინგვისტური მიმართებაც და სოციოლინგვისტური სტატუსიც; მით უმეტეს, თუ ჩვენი კვლევის მიზანია არა ენობრივ ერთეულთა ისტორიულად ჩამოყალიბებული სტატუსების გადასინჯვა, არამედ სადავო სტატუსის მქონე ენა-კილოთა არგუმენტირებული კვალიფიკაცია.
ენისა და კილოს გამიჯვნისთვის ლინგვისტურ ნიშანთაგან ყველაზე სანდო კრიტერიუმად ზოგს ენობრივ ერთეულებს შორის არსებული ბგერათშესატყვისობა მიაჩნია. ბგერათშესატყვისობის არსებობა-არარსებობის მიხედვით, მსოფლიოში არსებული არც ერთი ენა თუ დიალექტი არ არის კვალიფიცირებული; გარდა ამისა, მრავალ მონათესავე ენას შორის ბგერათშესატყვისობა არ გვაქვს და პირიქით: კანონზომიერი და რეგულარული ბგერათშესატყვისობები გვაქვს დიალექტებად მიჩნეულ ენობრივ ერთეულებს შორის (გერმანულში, ჩინურში, იაპონურში...), მეტიც, მაგ., ჩრდილოკავკასიურ ენებში ბგერათშესატყვისობები დადასტურებულია თქმებშიც კი...
ენისა და დიალექტის სტატუსის განსაზღვრა თავად მოცემული ენობრივი კოლექტივის მიერ ადეკვატურ შედეგებს მოგვცემს ახალშექმნილი მწიგნობრობის მქონე ან წერილობითი კულტურის არმქონე ენობრივი ერთეულის შემთხვევაში: წერილობითი კულტურის არმქონე ხალხის თვითაღქმა ხდება გაგებინების მიხედვით განსაზღვრული უმწერლობო ენის ფარგლებში (შდრ., ჩრდილოკავკასიური ენები). ამ მეთოდს გადაულახავი პრობლემები შეექმნება ხანგრძლივი წერილობითი კულტურის მქონე საზოგადოების გამოკითხვისას, რადგანაც, საზოგადოების განათლებული ფენისთვის თუ გასაგები და მშობლიური იქნება არქაული ენა და კულტურა, საზოგადოების გაუნათლებელი ფენისთვის ის უცხო აღმოჩნდება; მაგ., სალიტერატურო იაპონურის ან სინჰალურის არმცოდნე გლეხისთვის თუ თავისი მშობლიური დიალექტი აღიქმება დედაენად, იგი მისდაუნებურად ემიჯნება საკუთარ უძველეს კულტურას; შდრ., აგრეთვე: ისტორიულად აფხაზებიც ქმნიდნენ ზოგად ქართულ-აფხაზურ სამწიგნობრო კულტურას; მეოცე საუკუნემდე აფხაზთა განათლებულმა ნაწილმა კარგად იცოდა, რომ, სხვა ქართველთა დარად, დიდი ქართველური კულტურის მემკვიდრე იყო. რუსეთის იმპერიის მესვეურთა მეცადინეობით XX საუკუნეში აქტიურად განვითარდა აფხაზთა ჯერ კულტურულ-ენობრივი სეპარატიზმი, შემდეგ კი საბჭოთა იმპერიის მიერ აფხაზთა განათლებული ნაწილის - არისტოკრატიისა და ინტელიგენციის - გაჟლეტით, ამ კუთხის მოსახლეობამ დაკარგა ბუნებრივი კავშირი ზოგადქართულ კულტურულ წარსულთან. დღეს აფხაზთა ნაწილი უარს ამბობს ქართველებთან საერთო სახელმწიფოზეც კი...
ასე რომ, განათლების სიმწირის (ეროვნული კულტურისა და სამწიგნობრო ენის ვერფლობის) პირობებში, ადამიანთა ჯგუფმა დედაენად შეიძლება ჩათვალოს მშობლიური კილო.
ჩვენი აზრით, ენისა და დიალექტის გამიჯვნა არც ამ ე.წ. პლებისციტური მეთოდითაა შესაძლებელი და სერიოზულად არც არავინ ცდილობს ამ კრიტერიუმის გამოყენებას; შდრ., როგორც წესი, ენობრივი თვითმიკუთვნება შედეგია ეროვნულ-ეთნიკური თვითმიკუთვნებისა.
შენიშვნა: ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში დღეს მკვიდრდება უცხოური ტერმინი იდენტობა (იდენტიტყ), არადა, მასზე ბევრად მოხერხებულია ტრადიციული თვითობაც და მ.ტაბიძისეული თვითაღქმაც; აგრეთვე, რიგ შემთხვევებში, იდენტიტყ-ს წარმატებით შეცვლის ჩვენეული თვითმიკუთვნებაც.
ენისა და კილოს გასამიჯნ კრიტერიუმებზე მსჯელობის დასასრულს, კიდევ ერთხელ საგანგებოდ აღვნიშნავთ, რომ თუ რომელიმე სპეციალისტი კრიტერიუმად აიღებს ბგერათშესატყვისობას, მისთვის მონათესავე ენობრივ ერთეულთა ენა-კილოებად კვალიფიკაცია, ბუნებრივია, სხვაგვარად მოხდება (მაგ., გერმანული ენის ბავარიული და მეკლენბურგული კილოები სხვადასხვა ენებად ჩაითვლება); თუ გაგებინებას აიღებს კრიტერიუმად, ბევრი ენობრივი ერთეულის სტატუსი გახდება გადასასინჯი (მაგ., არაბული კილოები: ალჟირული და ბუხარული, ქართველური კილოები: ინგილოური და გურული სხვადასხვა ენებად მისაჩნევი გახდება) და ა.შ. ბუნებრივია, ყველა მკვლევარს აქვს უფლება, აირჩიოს რომელიმე კრიტერიუმი, იმსჯელოს, მის მიხედვით გადააჯგუფოს ენები თუ კილოები (იხ., მაგ., გაგებინების მიხედვით, თ.გამყრელიძე სლავური ენების მხოლოდ სამ ზონას გამოყოფს; თ.გამყრელიძე, ზ.კიკნაძე.. 2003, გვ.616) და სამსჯელოდ გამოიტანოს…
ჩვენი მიზანი თავიდანვე ნათლად იყო განსაზღვრული:
სასურველია, დადგინდეს ის ზოგადი ლოგიკური სქემა, რომლის მიხედვითაცაა ენებად კვალიფიცირებული უკვე არსებული ერთეულები და ამის შემდეგ მოხდეს სადავო სტატუსის მქონე კონტინუუმის - ენობრივი ერთეულის - სახელდება ენად თუ კილოდ.
ვფიქრობთ, ნათელია, რომ არსებული ენების სტატუსი, როგორც წესი, განსაზღვრულია ეთნოკულტურული და პოლიტიკურ-რელიგიური ნიშნის მიხედვით.
ენისა და დიალექტის გამიჯვნა რთულია უმწერლობო სამეტყველო ერთეულის შემთხვევაში. დამწერლობის მქონე კონტინუუმი, როგორც წესი, ენადაა კვალიფიცირებული (შდრ., ერთი მხრივ, თანამედროვე მოლდავური ენა, მეორე მხრივ კი - იტალიური კილოები); შესაბამისად, პირველ რიგში, ერთმანეთთან მიმართებით ნათლად უნდა განვსაზღვროთ უმწერლობო ენა და დიალექტი.
დიალექტი უნდა განიმარტოს, როგორც მოცემული ერის/ნაციის საერთო-სახალხო (ოფიციალური) ენის განშტოება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის ერთი ნაწილის მოსახლეობის ან რომელიმე სოციალური ფენის ზეპირი (არაოფიციალური) ურთიერთობის საშუალებას წარმოადგენს.
სხვა სიტყვებით:
კონკრეტული სამეტყველო ერთეული მონათესავე სტრუქტურის მქონე ოფიციალური, სამწიგნობრო (სტანდარტული) ენის დიალექტად ჩაითვლება, თუკი ამ სამეტყველო კოდის მფლობელ საზოგადოებას ისტორიულად მონაწილეობა მიღებული აქვს მოცემული სამწიგნობრო ენის შექმნაში.
შესაბამისად, უმწერლობო ენად უნდა მივიჩნიოთ ენობრივ-ეთნიკური ერთობის მქონე იმ საზოგადოების მეტყველება, რომელსაც საკუთარ დედაენაზე არა აქვს წერილობითი კულტურა და შემოქმედების თუ საქმისწარმოების პროცესში იყენებს სხვათა მიერ შექმნილ სამწიგნობრო ენას. უმწერლობო ენა ზეპირი ფორმით (დიალექტების, კილოკავების, თქმების, ჟარგონების სახით...) არსებობს.
მსოფლიოს ხალხებისა და ენა-კილოების მიმართებებზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ენობრივი ვარიანტების იერარქია თავისთავად რეგულირდება სამწიგნობრო ენის ისტორიასთან მიმართებით; კერძოდ, აქტუალურია სქემა:
ერი _ მისი სამწიგნობრო ენა _ ამ ერის
ცალკეულ თემთა საშინაო მეტყველებანი.