Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   

 

1.1.3. ქართველთა თანამედროვე ენობრივი ერთეულების დაჯგუფების საკითხი


მსოფლიოში ცნობილი ბევრი მეცნიერის მიერ ქართველური ენა-კილოები თანამედროვე ჩრდილოკავკასიური და წინა აზიის თუ ევროპის ძველი ენების (შუმერული, ხათური, ურარტული... აგრეთვე, ეტრუსკული, პელაზგური, ბასკური...) მონათესავედ განიხილება. ჩვენი აზრით, იბერიულ-კავკასიური საერთო კონტინუუმის არსებობის პერიოდი ქრონოლოგიურად შეიძლება დაუკავშირდეს მტკვარ-არაქსის არქეოლოგიური კულტურის არსებობის პერიოდს, ხოლო იბერიულ-კავკასიურისგან მომდინარე საერთოქართველური ენის არსებობის დრო და გავრცელების არეალი _ დიდ კოლხურ კულტურას (დაწვრილებით იხ. ქვემოთ). საერთოქართველურ ენას უშუალოდ აგრძელებს ქართველთა სამწიგნობრო ენა, რომლის დოკუმენტური ნიმუშები უწყვეტად არსებობს ბოლო 16 საუკუნის განმავლობაში; მისი ფონემატური, მორფოლოგიურ-სინტაქსური და ლექსიკურ-სემანტიკური სტრუქტურები საერთოქართველური თეორიული მოდელის სტრუქტურული ადეკვატია. განსხვავებით ბევრი სხვა სამწიგნობრო ენისგან, ქართული სამწიგნობრო ენა არ მომდინარეობს არც ერთი ცნობილი დიალექტისგან. სამწიგნობრო ენას ყველა ზეპირი ქართველური მეტყველება თვისობრივად ერთგვარად მიემართება, რამდენადაც ყველა ერთეული საერთოქართველურიდან მომდინარეობს და ყველა მეტ-ნაკლებად შეცვლილია; ამოსავალი ვითარება მეტადაა დაცული სამწიგნობრო ენაში, ვიდრე კილოებში; დიალექტებში ცვლილებები მატულობს სამწიგნობრო ენის ველის შესუსტების პირდაპირპროპორციულად.
შენიშვნა: შდრ., ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ.20, 49: "თანამედროვე ქრისტიანობის ნიადაგზე აღმოცენებული ქართული მწერლობის ენა ქართლურია; "სტრაბონისა და პლინიუსის დროს საქართველოს "ბარად სხვების გარდა სამი უმთავრესი ტომი უნდა ყოფილიყო: კახნი, ქართლელნი, რომელთა ენაც შემდეგ ყველა ქართველი მოდგმის ტომების საზოგადო და სამწერლობო ენად გადაიქცა, და იბერნი, ანუ იმერნი/იმერელნი, რომელნიც მეგრულ-ლაზურ შტოს ეკუთვნოდნენ". 
საგანგებოდ აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული სამწიგნობრო ენის შექმნაში თავიდანვე ყველა ქართველური მოდგმა იღებდა მონაწილეობას (მაგ., პირველი ქართული წარწერები იოანე ლაზისა და პეტრე იბერის სახელთან დაკავშირებულ პალესტინის მონასტერში დასტურდება); სამწიგნობრო-კულტურული მძლავრი კერები იყო ეგრისში, ლაზეთში, სვანეთში, ტაო-კლარჯეთში, მესხეთში, აფხაზეთში, ქართლ-კახეთსა და სხვ., შესაბამისად, ამ ქართულ კუთხეთა მოსახლეობას აქვს ისტორიულად ფორმირებული ერთიანი სამწიგნობრო ენა და თავ-თავისი კილოები. აქვე, დასამოწმებელია, აგრეთვე, არნ.ჩიქობავას დასკვნა: ქართული სამწიგნობრო ენა შეიქმნა ზანური და სვანური დიალექტების მონაწილეობით (არნ. ჩიქობავა, 1948; სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში მეგრულ-ჭანური ლექსიკისათვის იხ. კ.დანელია, 1984; თ.ბოლქვაძე, 2003...); შდრ., აგრეთვე, ნ.მარის მოსაზრება: 
"ქართული სალიტერატურო ენის შექმნა-განვითარებაში მონაწილეობას იღებდნენ: ქართლელები, იმერლები, მეგრელები, სვანები, ლაზ-ჭანები, და სხვანი… საღვთო წერილის ტექსტში ჩვენ ვპოულობთ წმინდა ჭანურ ანუ მეგრულ, იმერხეულ და სხვა ტომთა სიტყვებს. ამ რეალურის კულტურულ-ისტორიულის შეხედულებით, ქართული სალიტერატორო ენა იმდენათვე სვანურია და მეგრული, იმდენათვე გურულია და იმერული, რამდენათაც ქართლური. ის არის ღვიძლი სამწერლო ენა ყველა საქართველოს ტომისათვის…" (ნ.მარი, 1905, გვ.9-10).
საერთოქართველურიდან ზანურ-სვანური წრის (ე. წ. შიშინა ტიპის) დიალექტების ჩამოყალიბების დასაწყისად ვვარაუდობთ ძვ. წ. პირველი ათასწლეულის დასასრულს (დაწვრილებით იხ. ქვემოთ); აქვე აღსანიშნავია, რომ თ.გამყრელიძისა და გ.მაჭავარიანის ადრინდელი მოსაზრებით, ამავე პერიოდში ემიჯნება ერთმანეთს ქართული და ზანური (თ.გამყრელიძე და გ.მაჭავარიანი, 1965, გვ.14). 
საუკუნეების მანძილზე ქართველობა არა მხოლოდ ქმნიდა სამწიგნობრო ენას, არამედ მასში, როგორც დედაენაში, იწრთობოდა კიდეც; შესაბამისად, ქართველთა კულტურულ-ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ცნობიერებას საუკუნეების მანძილზე განსაზღვრავს ერთიანი და ტრადიციული წერილობითი კულტურა (როგორც, მაგალითად, ბერძენთა, ჩინელთა, არაბთა და სხვა ძველ ხალხთა ცნობიერებას - თავიანთი ტრადიციული წერილობითი კულტურა)... 
დღეს არსებული ქართველთა ზეპირი თუ საშინაო მეტყველებანი სამწიგნობრო ენის (საერთოქართველური მოდელის) მეორეული ვარიანტები არიან როგორც ფონემატური და მორფოლოგიურ-სინტაქსური, ასევე, ლექსიკურ-სემანტიკური სტრუქტურების მიხედვით; მაგალითად, ქვემოთ ჩამოთვლილ ქართველურ დიალექტებს საერთო აქვთ ძირითადი ხმოვნები და მათი რეფლექსები (მხოლოდ ზოგ განაპირა კილოში, კერძოდ, სამ სვანურ, ერთ ზანურ, რამდენიმე მესხურ და ფხოურ, აგრეთვე, ჰერულ კილოებში დასტურდება სხვა ენათა გავლენით წარმოქმნილი პალატალიზებული ხმოვნები), თითქმის იდენტურია თანხმოვანთა და სონანტთა რაოდენობა და ხასიათი; სვანური დიალექტების გამოკლებით, ერთგვაროვანია V-XXI საუკუნეების სამწიგნობრო ქართულისა და ყველა სხვა დიალექტის სახელისა და ზმნის პარადიგმები (შდრ., თ.უთურგაიძე, 1966, გვ.12; კ.გაბუნია, 2004, გვ.170); გარკვეული სუპერსტრატული გავლენების მიუხედავად, სვანურ კილოთა პარადიგმებიც ძირითადად ქართველურ მოდელებს მიჰყვება (იხ. მაგ., ვ.თოფურია, 1967; გ.მაჭავარიანი, 2002, გვ.78-79)... 
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართველური (ზოგადქართული) სამწიგნობრო ენა ყველა ქართველის ისტორიული დედაენაა და, რამდენადაც, ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს ორი დედაენა, ქართველთა სხვა საშინაო მეტყველებანი ჩვენთვის დიალექტებად კვალიფიცირდება.
შენიშვნა: შდრ., ქართველური მუსიკალური დიალექტების შესახებ ნ.მაისურაძე (2002, გვ.242) ასკვნის: სვანური და მეგრული მუსიკალური ერთეულები "ქართულ მუსიკალურ ფუძე-ენას მხოლოდ მუსიკალური დიალექტების დონეზე გამოეყოფიან".
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოში საბჭოთა იმპერიის გაბატონებამდე მეგრულ-ჭანურ და სვანურ ენობრივ ერთეულებს კილოებად თვლიდნენ ქართველთა წინა თაობებიც და მეცნიერებიც; მაგ., მეგრულს კილოდ, ენა-კავად, დამახინჯებულ ანუ არასტანდარტულ ქართულად (შდრ.: "მრუდი ქართული", "წამხდარი ქართული") ე.ი. სამწიგნობრო ქართულის დიალექტად მოიხსენიებდნენ: საბა, ვახუშტი, ილია, აკაკი, იაკობ გოგებაშვილი, პეტრე ჭარაია, კონსტანტინე გამსახურდია, ბესარიონ ნიჟარაძე, გიორგი წერეთელი, ოთარ გიგინეიშვილი, ზვიად გამსახურდია და სხვ; შდრ., კ. დანელია, 1984, გვ. 68); იხ., მაგ.: 
კონსტანტინე გამსახურდია, 1983, გვ. 411: "ჩემის აზრით, უნდა ხდებოდეს ენის რეპარაცია ადგილობრივი დიალექტების საშუალებით. უნდა შემოუშვათ ქართულ (სამწიგნობრო) ენაში როგორც მეგრულ-სვანური დიალექტების სიტყვები, ისე ფშავ-ხევსურული... ვაჟა-ფშაველამ ამ მხრივ დიდი სამსახური გაუწია ქართულ ენას, მიუხედავად იმისა, რომ აკაკი წერეთელი ენას უწუნებდა მას".
ბესარიონ ნიჟარაძე, 1904 (გაზეთი "ივერია"): "სვანური ნამდვილად ქართულია, მხოლოდ აქა-იქ შეცვლილია, მაგრამ ზოგიერთები ვერ შეჰრიგებიან ამ აზრს და გაიძახიან, სვანები სულ სხვა ხალხიაო! ნეტავ ვიცოდე, ვისთვის ან რისთვისაა საჭირო ის დაჟინება და სვანების გასხვისტომება". 
საბჭოთა იმპერიის პირობებში მოღვაწე მეცნიერთაგან იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა აკად. გიორგი წერეთელი, რომელიც მეგრულ-ლაზურ-სვანურისთვის უფრო შესაფერისად მიიჩნევდა ტერმინ ქართველურ დიალექტებს (ნაცვლად ქართველური ენებისა); ცნობილი მეცნიერი ოთარ გიგინეიშვილიც ანალოგიურ პოზიციას ემხრობოდა, კერძოდ, ლაზური პარამითეფეს (1982, გვ. 3) წინასიტყვაობაში ის წერს: "ლაზური ზღაპრები დაწერილია ქართული ენის ლაზურ-მეგრულ დიალექტზე. ეს დიალექტი შექმნეს საქართველოში მცხოვრებმა ქართველებმა, რომლებიც ანტიკურ სამყაროში კოლხების სახელითაც იყვნენ ცნობილნი; ამიტომ ლაზურ-მეგრულ დიალექტს კოლხურ დიალექტსაც უწოდებენ" (წიგნი შეადგინა ნათელა ქუთელიამ, ლექსიკონი დაურთეს ნათელა ქუთელიამ და სერგი ჯიქიამ; წიგნის რედაქტორია ზურაბ თანდილავა; ნ.ქუთელიას ცნობით, ამ წინასიტყვაობის ავტორია ო.გიგინეიშვილი).
შენიშვნა: საბჭოთა პერიოდის ენათმეცნიერებაში აქტიურად დამკვიდრდა ტერმინი ქართველური ენები; ადრე გამოქვეყნებულ გამოკვლევებში მას ჩვენც ვიყენებდით. ქართველური ენობრივი ერთეულების სტატუსისა და ზანურ-სვანური დიალექტური ტექსტების სამწიგნობრო ენაზე თარგმანების (და არა - თარგმნის!) პრინციპების პრობლემა სამსჯელოდ წარმოვადგინეთ 1994 წელს "ქუთაისურ საუბრებზე" (ქუთაისში გამართულ სამეცნიერო სემინარზე); 1997 წლის 4-11 აპრილის "ლიტერატურულ საქართველოში" დაბეჭდილ წერილში: "ეთნოსის, ეთნონიმისა და სხვა ტერმინთა შესახებ" ქართველური ენობრივი ერთეულების სტატუსი გერმანული ენის კილოებთან შეპირისპირებით განვიხილეთ; კერძოდ, ვწერდით: "ქართულ სინამდვილეში ბავარიელებისა და საქსონელების ენობრივი მიმართების ხარისხით შეიძლება განვიხილოთ ზანები და სვანები, ხოლო ბავარიელებისა და პრუსიელების ხარისხით - ქართველები, წოვათუშები, უდები, ქისტები და სხვა". 1999 წელს მე-6 "ქუთაისურ საუბრებზე" ტერმინ "ქართველური ენების" პარალელურად ჩვენ უკვე ვიყენებთ ტერმინებს: "ქართველური ენა" და "ქართველური საშინაო სამეტყველო კოდები" (ტ.ფუტკარაძე, 1999). სამწიგნობრო ქართულისა (ქართველური სამწიგნობრო ენისა) და ქართველური კილოების (და არა ქართველური ენების) ისტორიული მიმართების ამსახველი ახალი სქემა პირველად დაიბეჭდა "ქუთაისური საუბრები - VII" მასალებში (იხ. ტ.ფუტკარაძე, 2000). ენისა და კილოს ცნებების გაანალიზების ფონზე ქართველთა დიალექტების ახლებური კლასიფიკაცია გამოქვეყნდა 2001 წელს (ტ.ფუტკარაძე, 2001). ენათმეცნიერთა და ისტორიკოსთა ერთმა ნაწილმა გაიზიარა ჩვენ მიერ წარმოდგენილი სქემა, მეორე ნაწილი კი პოლემიკაში ჩაერთო. აქ დავიმოწმებთ მხოლოდ ერთ ნიშანდობლივ მოსაზრებას: "ქართულ ენას ენათმეცნიერები ქართველურ ანუ იბერიულ ენათა ოჯახს მიაკუთვნებენ. ამ ოჯახში შედიან ქართული, მეგრული, სვანური, ლაზური ენები, უფრო ზუსტად, დიალექტები" (თ.ბერაძე, მ.სანაძე, 2003, გვ. 29). საკითხის ისტორიის უფრო სრული მიმოხილვისათვის იხ. თ.გვანცელაძის ნაშრომი, რომელიც წიგნის დანართშია წარმოდგენილი. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ენათმეცნიერთა ერთი ნაწილი (რ.შეროზია, ა.ლომთაძე, მ.ტაბიძე, თ.გვანცელაძე, ე.დადიანი, ტ.ფუტკარაძე...) მივიჩნევთ, რომ ქართველთა ერთადერთი სამწიგნობრო ენის ქმნადობის ისტორიის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ენას უნდა ეწოდოს ქართველური (სამწიგნობრო) ენა, შესაბამისად, ქართველთა სხვა ენობრივ ერთეულებს - ქართველური დიალექტები. 
ჩვენი აზრით, სამწიგნობრო ქართულის გავლენის ველის შესაბამისად, ქართველთა თანამედროვე საშინაო-სამეტყველო ერთეულები უნდა დაიყოს ცენტრალურ, განაპირა და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებულ დიალექტებად; თავის მხრივ, განაპირა დიალექტებს ექვს ქვეჯგუფად წარმოვადგენთ, კერძოდ:
ცენტრალური კილოები: 
კახური, ქართლური, იმერული, ლეჩხუმური, გურული.
განაპირა კილოები: 
მესხური კილოები: აჭარული, ლივანური, მაჭახლური, იმერხეული (შავშური), ტაოური, სამცხური, ჯავახური (აქვე შემოვა ორდუს რეგიონში მცხოვრებ ქართველთა მეტყველება); 
ჰერული კილოები: კაკური, ალიაბათური; 
ფხოური კილოები: ჩაღმათუშური, ფშაური, ხევსურული, მოხეური, მთიულურ-გუდამაყრული; აქვე შეიძლება განვიხილოთ წოვათუშური, რომელშიც შთამბეჭდავადაა წარმოდგენილი როგორც ქართველური, ასევე ვაინახური ენობრივი შრეები; ჩვენთვის საინტერესოა, რომ დ.მელიქიშვილი წოვათუშურ მეტყველებას ქართულ შერეულ დიალექტად მიიჩნევს (დ.მელიქიშვილი, 2001, გვ.16). 
რაჭული კილოები: ბარისრაჭული, მთარაჭული; 
სვანური კილოები: ლაშხური, ლენტეხური, ჩოლურული, ბალსქვემოური, ბალსზემოური (შდრ., გერმანული ენის ალმენური მეტყველება იყოფა სამ დიალექტად: შვაბური, ქვემოალმენური და ზემოალმენური; ვ. ჟირმუნსკი, 1956, გვ.39). 
ზანური კილოები: მეგრული, ლაზური (ხოფური, ვიწურ-არქაბული, ათინური; მუჰაჯირ ლაზთა შთამომავლების მეტყველების ნიმუშები მცირე გვაქვს, შესაბამისად, მათი დიალექტების/კილოკავების კვალიფიცირება მომავლის საქმედ რჩება).
საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებული ქართველთა კილოები: 
ფერეიდნული (შუა სპარსეთში შაჰ-აბასის მიერ გადასახლებულ ქართველთა მეტყველება), "ჩვენებურების ქართული" (ბურსა-ინეგოლში, ადაფაზარ-იზმითში, გონენსა და კაიზერის მიდამოებში გადასახლებულ მუჰაჯირთა ქართული) და ყიზლარ-მოზდოკელ ქართველთა მეტყველება. 
ქართველთა სამეტყველო კოდების მაგალითზე ისტორიულად ერთი ეთნოკულტურული სისტემის მქონე ხალხის - ერის - ორი ენობრივი ერთეულის თანაარსებობა ე.წ. დიგლოსიად შეიძლება წარმოვადგინოთ, სადაც ისტორიული სამწიგნობრო ენა (სტანდარტული ენა) დედაენაა, ხოლო საშინაო მეტყველება (მაგ., ბალსზემოური კილო) - მშობლიური დიალექტი (შდრ., ქ. თუითი, 1997, გვ. 2-3). 
შენიშვნა: ბოლო დროს ისევ გააქტიურდნენ ადამიანები, რომელთაც სურთ საქართველოშიც ენობრივ/ეთნიკურ უმცირესობებად წარმოადგინონ ლაზები, მეგრელები, სვანები... (იხ., მაგ., ამ მხრივ ვ.ფოირშტაინის, ჯ.ჰიუიტის და სხვათა "მოღვაწეობა"). საქართველოში ამ თვალსაზრისით აქტიურობენ საქართველოს გარედან დაფინანსებული პოლიტიკური ძალები; მაგ., ი.ჟვანიას, გ.სიჭინავას, მ.ძაძამიასა და სხვათა დაუსაბუთებელ მოსაზრებებზე დაყრდნობით, (პრო)რუსი პოლიტიკოსი ა.ჭაჭია წერს: "ფაქტია, რომ წლების განმავლობაში ენა, რომელზეც ქართველთა ერთი მესამედი ნაწილი ლაპარაკობს, უძველესი ენა, რომლის ლექსიკური მარაგი ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში, ქართველების მიერ ხან კილოთი, ხან დიალექტით, ხან დამახინჯებული ქართულით იწოდებოდა" (ა. ჭაჭია, 2002, გვ.264)... აქვე, ა.ჭაჭია აცხადებს, რომ არსებობს მეგრელების თვითმყოფადი ენა და კულტურა (გაზეთ „გალის" 2004 წლის 16-31 აგვისტოს ნომერში ანალოგიურად მსჯელობს ჯ.ჰიუიტიც)... ამ პრობლემატიკას წიგნის მეორე ნაკვეთში შევეხებით; აქ მოკლედ ვიტყვით: სპეციალისტებს არ დასჭირდებათ იმის შეხსენება, რომ მეგრელთა და სხვა ქართველთა თვითმყოფადი ენა და კულტურა მათი წინაპრების მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილი ზოგადქართული ენა და კულტურაა, ხოლო მეტად ძვირფას მეგრულ კილოს - უდიდეს განძს და დაუშრეტელ მრავალსაუკუნოვან წყაროს ქართველური სამწიგნობრო ენისას, მოფრთხილება და შესწავლა სჭირდება (ამჟამად მეგრული მასალის უწყვეტი პროგრამული ჩაწერა-დამუშავება, ძირითადად, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ხდება, რაც სულაც არ არის საკმარისი; ქართველურ კილოთა შესწავლისა და შენარჩუნებისთვის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა უნდა შემუშავდეს). საგანგებოდ აღვნიშნავთ იმასაც, რომ ისაკ ჟვანიასა და მის მიმდევართა ფარული მიზნები თავის დროზე ამხილეს დიდმა საზოგადო მოღვაწეებმა: კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებმა (იხ., მაგ., ზ.გამსახურდია, 1989).
ვფიქრობთ, სვანთა, მეგრელთა, ლაზთა და ქართველთა სხვა ცალკეული ჯგუფების საშინაო მეტყველების აღსანიშნავად ასევე არაადეკვატური და არალოგიკურია სამეცნიერო ლიტერატურაში გამოყენებული ტერმინები: ეროვნული ენა და ეთნიკური ენა, ვინაიდან წარმოდგენილი შესიტყვებები უშუალოდ გულისხმობენ დამოუკიდებელ ეთნოკულტურულ ერთობას - ერს: ეთნიკური ენა დამოუკიდებელი ეთნოსის ენაა (ეთნოსი - თავდაპირველი ტერიტორიის, ენისა და კულტურის ერთობის საფუძველზე ჩამოყალიბებული ადამიანთა ისტორიული ჯგუფი, საზოგადოება); შდრ.: 
ერი (ეროვნება) _ თემი (ერის რეგიონალური სახე) _ პიროვნება
დედაენა _ კილო (ენის რეგიონალური სახეობა) _ იდიოლექტი
სხვაგვარი მიმართებანი მყარდება არამონათესავე ენობრივ-ეთნიკური სისტემების შერევით წარმოქმნილი პიჯინის, კრეოლისა და პოსტკრეოლი კონტინუუმის შემთხვევაში, აგრეთვე, მაშინ, როცა საზოგადოება იყენებს სხვათა მიერ შექმნილ სამწიგნობრო ენას. შესაძლო მიმართებანი შემდეგი სქემის სახით შეიძლება გამოიხატოს (ყოველი სქემა გარკვეულწილად პირობითად ასახავს შესაძლო სინამდვილეს; შდრ.: ტ.ფუტკარაძე, 2002, გვ.73 და თ.ბოლქვაძე, 2003, გვ.7): 
შენიშვნა: ქვემოთ წარმოდგენილ სქემაში სოციალურ დიალექტში მოვიაზრებთ: პიჯინსაც, ჟარგონსაც და არგოსაც (პიჯინი მეტ თავისებურებებს ავლენს, ამიტომ ბოლო გრაფაში მოთავსებული მეორე ნიშნები მას მიემართება). ინტონაციური თავისებურებანი შეიძლება ჰქონდეს ყოველ ენობრივ ერთეულს, ხოლო პროსოდიული - იდიოლექტსაც კი (წარმოდგენილ ცხრილს არა აქვს სრულყოფილების პრეტენზია).
ენობრივი ერთეულები

ფორმობ-
რივ-ფუნქციური 
მახასიათებლები

სამწიგნობრო ენა 
უმწერლობო ენა

დიალექტი

ისტორი-ული
პოსტკრეოლი
ისტორი-ული
კრეო-ლი ადგილ-ობრივი
სოციალური
საკუთრივ 
ლინგვისტური 
მახასიათ-
ებლები
განსხვავებ. ფო-ნოტაქტ. წესები
+ + + + + _ +
მორფოლოგიურ-სინტაქს. თავის.
+ + + + + _ +
ლექსიკ. თავის.
+ + + + + +

ნორმატიული მახასიათებლები
წერილ.ნორმები
+ + _ _ _ _
ზეპირი ნორმები
+ + + + + _
ბუნებრივი მეტყველება
+ + + + + + _

ეთნიკურ-
საზოგადოებრივი მახასიათებლები
ეთნოსის, ერის, ნაციის ენა
+ + + + _ _
თემის ენა
+ + + + + _
სოციალური
ფენის ენა
+ + + + + +

კულტურულ- ისტორიული მახასიათებლები
ეთნოსის კულ-ტურასთან უწყ-ვეტი კავშირი
+ _ + _ + _
პრაენასთან უშუ-ალო კავშირი
+ _ + _ + _
წერილობითი ტრადიცია
+ _ _ _ _ _

შემეცნებით-შემოქმედებითი მახასიათებლები
პირველადი მსოფლაღქმ. ენა 
+ 
+ 
+ 
+ 
+ 
+
ხალხური შემოქმედების ენა

_ 
_ 
+ 
+ 
+ 
_
პროფესიონალუ-რი მსოფლაღქმა

+ 
+ 
_ 
_ 
_ 
_
საერო ფუნქ-ციური მახასიათებლები
სახელმწიფო ენა
+ + _ _ _ _
რეგიონალური მეტყველება
+ + + + + _
საშინაო ენა
+ + + + + +
სასულიერო ფუნქციური
მახასიათებლ.
წმ. წერილის ენა
+ + _ _ _ _
სამღვდელ. ენა
+ + + + + _
მრევლის ენა
+ + + + + +