Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
1.2. ქართველთა აღმნიშვნელი ძველი და ახალი სახელები

1.2.1. წინარექართველურ (იბერიულ-კავკასიურ-წინააზიურ) და ქართველურ ტომთა აღმნიშვნელი სახელები

სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება, რომ უძველესი დროიდანვე (მაგ., ძვ.წ. III ათასწლეულიდან, ზოგის მიხედვით კი - V ათასწლეულიდან!) არსებობდა სამი ქართველური ტომი სამი განსხვავებული ენით: ქართები, ზანები (მეგრელ-ჭანები) და სვანები; ვარაუდობენ, რომ შემდგომ პერიოდში ქართებისგან მოხდა სხვა ტომთა ასიმილაცია-ქართიზაცია... გაჩნდა საოცრად არაადეკვატური ფრაზაც: ქართი - ტომიყლაპია (ნ.ბერძენიშვილი).

არადა, არც ერთი წყაროს მიხედვით არ ჩანს ქართის ტომის არსებობის კვალიც კი; ამ ფონზე სრულიად უსაფუძვლოა ე.წ. ქართიზაცია-ქართველიზაციის თეორია; მით უმეტეს, არა მხოლოდ ძვ.წ. III-II ათასწლეულებში, არამედ I ათასწლეულის დასასრულსაც კი ოცამდე ქართველური ტომის არსებობა დოკუმენტურად დასტურდება (შდრ., პონტოს ქალაქ ამასიაში დაბადებული სტრაბონის ცნობით, დიოსკურიაში თავს იყრის სულ მცირე 70 ტომი, რომლებიც თავ-თავიანთ ენებზე საუბრობენ; თ.ყაუხჩიშვილი, 1957, გვ.123); როგორც წესი, თითოეულ ტომს საკუთარი საცხოვრისი და განსხვავებული მეტყველება (ენა თუ კილო) ჰქონდა, მაგ., ქსენოფონტე საგანგებოდ ლაპარაკობს ადგილობრივ ტომებთან სალაპარაკო ენების (კილოების) შესახებ; კერძოდ, მაკრონებთან მიმართებით ის წერს:

მაკრონებთან ურთიერთობა გაჭირდა; ბედად, ათენში ტყვედმოხვედრილ მოლაშქრეს გაახსენდა ბავშვობისდროინდელი ენა და ქსენოფონტეს თარჯიმნობა გაუწია (ქსენოფონტე, 1967, გვ.86); შდრ., ქსენოფონტემ (435-355) მტკვრის სათავეებიდან ორდუმდე ტერიტორიაზე ნახა: კარდუხები, კოლხები, ხალდები, ხალიბები, ტიბარენები, მოსინოიკები, ფასიანები, ტაოხები...
თუ ძვ.წ. I ათასწლეულში 20-მდე ქართველური ტომი არსებობს, როგორ უნდა ვირწმუნოთ ძვ.წ. III ათასწლეულში მხოლოდ იმ სამი ტომის არსებობა, რომლებიც არ ჩანან ძვ.წ. I ათასწლეულის შუა პერიოდის წყაროებშიც კი, და რომლებიც დღეს არსებობენ? ასეთ შემთხვევაში დაისმება უპასუხო კითხვა:
საიდან, როგორ გაჩნდნენ და მალევე სად გაქრნენ დანარჩენი ტომები? ან: ე.წ. ქართები, ზანები და სვანები თუკი იყვნენ 5000 წლის წინ (და შემთხვევით არ აისახნენ წყაროებში), რამ განაპირობა მხოლოდ ამ სამი ტომის უპრეცედენტო უნიკალურობა - 5000 წლის მანძილზე არსებობა თვისობრივი ცვალების განუცდელად მაშინ, როცა ასეთ ხანგრძლივ პერიოდს უდიდესმა კულტურებმაც კი ვერ გაუძლეს?

ჩვენი ხედვით:
ტერმინი ქართველური ტომები (ასევე: ჩერქეზული/აფხაზურ-ადიღური, ვაინახური, ლეკური/დაღესტნური...)შეუძლებელია გამოვიყენოთ ძვ.წ. IV-III ათასწლეულების კავკასიის და მცირე აზიის საზოგადოებრივი ჯგუფების აღსანიშნავად; როგორც ჩანს, ამ პერიოდში არსებობდა წინარექართველური, პირობითად, იბერიულ-კავკასიური მოსახლეობა, რომლის დივერგენციითა და სხვა ხალხებთან მეტ-ნაკლები კონვერგენციით ძვ.წ. II ათასწლეულში ჩამოიძერწნენ - ჩრდილოკავკასიური ტომებიც და მაშინდელ კავკასიაში დომინანტი საერთოქართველური ეთნოსიც, რომელმაც შექმნა შთამბეჭდავი "კოლხური კულტურა" (ტ.ფუტკარაძე, 1999, გვ.11-13); შემდეგ, მრავალრიცხოვანი ომებისა თუ მიგრაციის შედეგად, ეს ხალხიც დაიქსაქსა 20-ზე მეტ ქართველურ ტომად. ამ ტომთაგან ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში ისევ შეიკრა ქართველი ერი, აღდგა ქართველთა სახელმწიფოც, რომელიც შემდეგ პერიოდებში დროდადრო ცალკეულ თემთა კუთხურ სამთავროებად იშლებოდა და ისევ ერთიანდებოდა...
შენიშვნა: აქვე აღვნიშნავთ: კავკასია (ტერიტორია შავ და კასპიის ზღვებს შორის) აერთებს დასავლეთ ევროპას, აღმოსავლეთ ევროპას, მცირე აზიასა და შუა აზიას; შესაბამისად, მას ვერ განვიხილავთ ვერც ოდენ ევროპის და ვერც აზიის ნაწილად; გაუმართლებელია, აგრეთვე, კავკასიის მოაზრება ახლო აღმოსავლეთის ცნებაშიც. თავისი ევრო-აზიური ენობრივ-კულტურული და გეოგრაფიულ-კლიმატური მახასიათებლების გამო, კავკასია ევრაზიის ცენტრალურ/გარდამავალ, შესაბამისად, თავისთავად რეგიონად უნდა მივიჩნიოთ.

კიდევ ერთი კითხვა:
რამდენად ლოგიკურია 4000-5000 წლის წინანდელი და ამჟამინდელი საზოგადოებების (მათი ენების თუ ეთნონიმების) გაიგივება? მაგ., ზოგი მეცნიერი ხათებს აფხაზებთან აკავშირებს, ზოგიც - ქართველებთან... უძველესი კულტურების წერილობით ძეგლებშივე დადასტურებული ზოგი სხვა ეთნონიმიც სპეციალისტთა ერთი ნაწილის მიერ ქართველთა აღმნიშვნელად მიიჩნევა, მეორე ნაწილს ისინი სხვა იბერიულ-კავკასიური (არაინდოევროპელი და არასემიტი) ხალხების, მესამეს კი ინდოევროპელების აღმნიშვნელად წარმოუდგენია და ა.შ.

წინასწარვე ვიტყვით, რომ ძვ.წ. IV-III ათასწლეულში მცხოვრები შუმერების, სუბარელების (ხურიტების) და ხათების, ძვ.წ. II ათასწლეულში მცხოვრები აბეშლაელებისა თუ ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისის ხუბუშქიელების ენის (/ხალხის) გაიგივება თანამედროვე ქართველების (ჩეჩნების, ინგუშების, აფხაზების, ადიღელების... ქურთების, სომხების... მით უმეტეს, თურქების, არაბების...) რომელიმე ენობრივ ერთეულთან, რბილად რომ ვთქვათ, გაჭირდება; 4000-5000-წლიანი ინტერვალი ძალიან დიდია ამგვარი იდენტიფიკაციისათვის; საკითხზე მსჯელობისას უთუოდ გასათვალისწინებელია ენათა და ეთნოსთა ისტორიის ტიპოლოგიაც;
 კერძოდ:
თანამედროვე მსოფლიოში არსებული ყველა ერის (ეთნოსის) ენამ, ფსიქიკურმა წყობამ, ხასიათმა თუ კუთვნილმა ტერიტორიამ ბოლო 10 საუკუნეშიც კი სერიოზული ცვლილება განიცადა; მით უმეტეს, არსებითად შეიცვლებოდა 40-60 საუკუნის მანძილზე; მაგ., ძვ.წ. IV-III ათასწლეულებში მცხოვრები დიდი ტრადიციების დამწერლობების მქონე ხალხებიც კი (შუმერები, ეგვიპტელები...) გაქრნენ ისტორიის ასპარეზიდან და, წარმოუდგენელია, დამწერლობის არმქონე, გაცილებით მცირერიცხოვან ეთნიკურ ჯგუფებს დღემდე თვისობრივად უცვლელად შემოენახათ თავიანთი ენა/დიალექტი, კულტურა (როგორც ზემოთ ვნახეთ, ამ მხრივ, გარკვეულწილად, იშვიათი გამონაკლისია ქართული სამწიგნობრო ენა: ქართულის უნიკალურობა კი განსაზღვრა სრულიად განსაკუთრებულმა გარემოებამ: სულ მცირე, 15 საუკუნის მანძილზე ქართული უწყვეტად არის საეკლესიო, სახელმწიფო და სალიტერატურო ენა).

უფრო ლოგიკურია დავუშვათ, რომ ძვ.წ. VI-II ათასწლეულებში ქართველურ-ჩრდილოკავკასიურ-წინააზიური მოდგმის ბევრი ტომი არსებობდა, რომელთა ნაწილი საერთოდ დაიკარგა, მეზობლებთან აირია, ნაწილი კი, ხანგრძლივი კონვერგენციის პროცესით, მეტ-ნაკლებად "აისახა" თანამედროვე იბერიულ-კავკასიურ ეთნოსებში; უძველესი დროიდან ვიდრე "დიდ კოლხურ კულტურამდე" არსებული ტომები, პირობითად, საერთოკავკასიურ-ახლოაღმოსავლურ მოდგმად შეიძლება მივიჩნიოთ, ხოლო ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულიდან უკვე შეგვიძლია ვილაპარაკოთ საკუთრივ ქართველურ და ჩრდილოკავკასიურ ტომებზე. ამ ნაშრომში მიზნად არ ვისახავთ ქართველურ-კავკასიურ-წინააზიურ ტომთა ისტორიის კვლევას; მხოლოდ გვსურს, ცხადლივ ვაჩვენოთ, რომ ძვ.წ. III-I ათასწლეულებში ათობით ქართველური ტომი არსებობდა (და არა მხოლოდ სამი!); შესაბამისად, ქვემოთ ზოგად შტრიხებში წარმოვადგენთ ქართველურ თუ წინარექართველურ (იბერიულ-კავკასიურ-წინააზიურ) იმ ეთნონიმებს, რომელთა დიდი ნაწილი ქართველთა წინაპრების აღმნიშვნელი ჩანს (საკითხის ისტორიისათვის იხ.: ფ.ჰომელი, 1889; ივ.ჯავახიშვილი, 1908; ა.სვანიძე, 1937; ს.ყაუხჩიშვილი, 1964; თ.ყაუხჩიშვილი, 1967; გრ.გიორგაძე, 2002; შ.გაბესკირია, 2003; გ.ქავთარაძე, 2004 და სხვ.):
ხურიტები, მითანელები, მატიენები (მითანი/მითანის მოსახლეობა), ურარტუელები - ძვ.წ. III-II ათასწლეულებში ხურის ენაზე მოლაპარაკე ტომები ბინადრობდნენ მდინარე ევფრატის შუაწელს ზემოთ ჩრდილოეთით გადაჭიმულ ოლქებში (ჩრდილო მესოპოტამიაში); ამ ქვეყანას შუმერები - სუბირს, აქადელები და ასურელები სუბართუს ეძახდნენ (შდრ., სუბართუ - გეოგრაფიული ცნება). ძვ.წ. XVI საუკუნიდან მათ შექმნეს მითანის დიდი სახელმწიფო. სპეციალისტთა დასკვნით, ხურიტების/მითანის ენა აგლუტინაციური ტიპის და ერგატიული კონსტრუქციისა იყო; მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით (არნ.ჩიქობავა, ი.დიაკონოვი, ს.სტაროსტინი, ნ.ნოზაძე), იგი ენათესავება იბერიულ-კავკასიურ ენებს:
არნ. ჩიქობავას აზრით, იბერიულ-კავკასიური ენები (მათ შორის ქართულიც - ტ.ფ.) ენათესავება ახლო აღმოსავლეთის ძველი კულტურის მკვდარ ენებს: ხეთურს, ჰარულს/ხურიტულს, მიტანი-ენას, ურარტულს, ელამურს... ქართული ენა არის ხეთურ-იბერიული წრის ცოცხალი ენა; არსებული განსხვავებანი მეორეულია (არნ. ჩიქობავა, 1950, გვ. 006). შდრ., გ.მელიქიშვილი, 1999, გვ.19:
"ხურის ენა და მასთან დაკავშირებული ეთნიკური ელემენტი მეორე ათასწლეულში ჩვენს ერამდე მეტად ფართო ტერიტორიაზეა გავრცელებული, თუმცა ამ ხალხის უმთავრეს კერას, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ცენტრს, ამ დროს ზემო მესოპოტამია და ვანის ტბის სანახები წარმოადგენენ; ზემო მესოპოტამიაშია მითანის სამეფო, ვანის ტბის სანახებში კი - ხურის სამეფო (ადრე, ხურის ნაცვლად, კითხულობდნენ ხარის). "თავისი ფიზიკური ტიპითა და ენით ხური-მიტანის (შემდგომი ურარტუს) მოსახლეობასთან დღეს მცხოვრებ ხალხთაგან ყველაზე ახლოს ქართველური, კავკასიური მოდგმის ხალხები დგანან".

ხურიტების განსახლების საზღვარი ძირითადად ემთხვევა მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების არეალის ნაწილს (სპეციალური ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ.: ო.ჯაფარიძე, 1976; გ.ავალიშვილი, 1994; გრ.გიორგაძე, 2002). მითანი დაემხო ძვ.წ. XIII საუკუნეში. სავარაუდოა, რომ ამის შემდეგ გაძლიერდნენ დაიანი/დაიაენე, კოლხა, ურარტუ და ე.წ. ნაირის სხვა ქვეყნები. ითვლება, რომ ხურიტულის უშუალო მემკვიდრეა ურარტული, რომელიც თვალსაჩინოდაა შეცვლილი, რაც სხვა მონათესავე თუ უცხო ენებთან ინტენსიური ინტერფერენციით აიხსნება: ძველ მსოფლიოში ტომთა დაპყრობითი ომები შერევის დიდ პერსპექტივებს ქმნიდნენ; შდრ., მაგ.: "ენით სემიტი ასურელები ანთროპოლოგიურად ნარევ ხალხს - სემიტური ელემენტისა და ხურიტების შერევის პროდუქტს წარმოადგენენ" (გ.მელიქიშვილი, 1999, გვ. 29).
ლოგიკურია მოსაზრება, რომ ხურიტულ-ურარტულ ენაზე/ენებზე (აბრუპტივებისა და ერგატიული კონსტრუქციის მქონე ენაზე) მოლაპარაკე ხალხის ერთი ნაწილი მონაწილეობდა ქართველი ერის ფორმირებაში, მეორე ნაწილი ასახულია სხვა იბერიულ-კავკასიურ ენებში, მესამე ნაწილი კი ასიმილირდა მოსული ინდოევროპელი არმენების მიერ (სწორედ ურარტული ან ქართველურის მონათესავე სხვა რომელიმე ენის სუბსტრატით უნდა აიხსნას სომხურში აბრუპტივების არსებობა). შდრ.: ჰეკატა~ოს მილეტელის (ძვ.წ. 549-472), ჰეროდოტეს (ძვ.წ. 484-425) და სხვათა ცნობებით, მატიენები ცხოვრობდნენ მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მესოპოტამიის ჩრდილოეთით მოსხების, სასპე~რებისა და ალაროდიელების მეზობლად (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.42, 144; ჰეროდოტე, 1975, გვ.61, 111, 332).

შდრ.: ს.ჯანაშიას მტკიცებით, "ქართლის მოქცევის" არიან-ქართლი წარმოადგენს მოგონებას ჰარი-ქვეყნის, როგორც ქართველთა უძველესი საცხოვრისის შესახებ. რეალურად, აქ შესაძლებელია, იგულისხმებოდეს როგორც მიტანი, ისე ურარტუც - ვანის ტბის მიდამოები, რადგან ჰარი-ქვეყანა შეიცავდა ერთსაც და მეორესაც" (ს.ჯანაშია, 1952, გვ.70); ეს მოსაზრება გაზიარებულია თანამედროვე ზოგ სამეცნიერო ლიტერატურაშიც (იხ., მაგ., კ.ზ. გამსახურდია, 1997, გვ.66; ე.თაყაიშვილის დაკვირვებით, არიან-ქართლი არის ჰარი-ქვეყანა - ხურიტების ადგილსამყოფელი).
შენიშვნა: გარკვეული ალბათობით, ხურიტ- ფუძეში შესაძლოა გამოიყოს ხურ- ძირი, რომელიც ჰარ-/ჰალ-/*ხარ-/*ხალ- ვარიანტების სახით შეიძლება ვეძიოთ ჰალ-ის-, ხალ-იბ-, ხალ-დ-, ქალ-დ-, ქარ-თ- ფორმებში, ხოლო ხმოვნის ლაბიალიზებული ვარიანტით - კოლ-/კულ-ხ- (<*ქოლ-/*ქულ-<*ხულ-/ჰურ-); საკითხი საგანგებო კვლევას მოითხოვს; თუმცა, ამ მიმართულებით ფორმობრივ ანალიზს შეაფერხებს -იტ- (-ეტ-/ეთ?), -თ- (/ეთ?), -დ- (/-ედ-?) და -იბ- (-ებ-?) სეგმენტების კვალიფიკაციის სირთულე (იხ., აგრეთვე, ქვემოთ).

ძვ.წ. IX-VI საუკუნეებში სამხრეთ ამიერკავკასიისა და დღევანდელი ირან-თურქეთის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებობდა იმ დროისათვის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო - ურარტუ; თავად ურარტუელები თავიანთ ქვეყანას ბიაინილის უწოდებდნენ (ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, 1971, გვ.407), ხოლო თავიანთ თავს - ხალდებს (ი.მეშჩანინოვი, 1927, გვ.3; შდრ., გ.მელიქიშვილი, 1954, გვ.28-29: თვითსახელწოდებაა ბია/ბიანილი);
შდრ., ურარტუელთა ღმერთი იყო ხალდი.
ასურულ წყაროებში ურარტუს სახელად დადასტურებულია ურუატრი; შდრ., აგრეთვე: ბიბლიური არარატი და ბერძნული ალარუდ.

საყურადღებოა, რომ მოვსეს ხორენაცი არ იმოწმებს ამ ტოპონიმს და ირჩევს აშკარად ძველ, არმენიელების მოსვლამდელ სახელწოდებას - მასის მთა. ურარტული ენა უახლოვდება ხურიტულს. მიიჩნევენ, რომ ურარტუელები არიან ჰეროდოტეს მიერ მატიენებისა და სასპე~რების გვერდით მოხსენიებული ალაროდიელები/ალაროდები (ჰეროდოტე, 1976, გვ.226), რომლებიც არმენიელთა მოსვლამდე ცხოვრობდნენ სამხრეთ ამიერკავკასიაში - არარატის სანახებში.
ივ.ჯავახიშვილის აზრით, ალაროდებ/ურარტუელებშიც უნდა ვიგულისხმოთ ქართველთა უშუალო წინაპრები (ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ.437). მისივე აზრით, რამდენადაც ქსენოფონტე ამ რეგიონში ალაროდების ნაცვლად უკვე არმენიელებს ასახელებს, შესაძლებელია, ვიმსჯელოთ არმენების კავკასიაში მოსვლის შედარებით ზუსტ თარიღზეც; შდრ., არმენებს არ ახსენებს ჰეკატა~ოს მილეტელი.

ქსენოფონტესავე ცნობით, არმენებს დიდი ბრძოლები აქვთ ხალდებთან; რაც მეტყველებს იმაზეც, რომ ურარტუელთა მეზობლად მოსული არმენების დამხვდურია ურარტუელთა მოძმე ტომი - ხალდები; ყოველ შემთხვევაში, შემთხვევითი არ უნდა იყოს ეთნონიმ ხალდისა და ურარტუელთა ღმერთის სახელის - ხალდის ფონეტიკური დამთხვევა; შდრ., მკვლევართა ყველა თაობის მიერ ხალდები ქართველურ ტომად მიიჩნევა.
შენიშვნა: ურარტუელები ეომებოდნენ დიაოხსაც, კოლხასაც, მაგრამ არც ერთი მათგანის სახელი არ უქცევიათ ზოგადად მტრის სახელად; გ.მელიქიშვილის ცნობით, მათ მტრის სინონიმად აქციეს მტერი ქვეყნის მოსახლეობის სახელი - ლულუ (გ.მელიქიშვილი, 1999, გვ.21); სავარაუდოა, რომ ეთნონიმი ლულუ მიემართებოდა მოსულ ინდოევროპული ენის მქონე ტომებს.

ხათები - ძვ.წ. XXIII საუკუნიდან ათასი წლის მანძილზე ცენტრალურ ანატოლიაში (კაბადოკიისა და პონტოს ტერიტორიაზე) არსებობდა ძლიერი ხათის სახელმწიფო (სპეციალური ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ. გრ.გიორგაძე, 2002).
შუმერულისა და ხურიტულის მსგავსად, ხათური ენა ითვლება ერგატიული კონსტრუქციისა და აგლუტინაციური ტიპის ენად; სპეციალისტთა ვარაუდით, იგი ენათესავება თანამედროვე ქართველურ და აფხაზურ-ადიღურ ენებს (ქრ. გირბალი, ი.დუნაევსკაია, ვ. ივანოვი). ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ხათური, როგორც ოფიციალური ენა, შეცვალა მოსული ინდოევროპული ეთნოსის ენამ - ხეთურმა, მაგრამ ხათური ტომების ენა-კილოები დარჩა ყოველდღიურ გამოყენებაში და გარკვეული ტრანსფორმაციებით შემოგვენახა ქართველურ და სხვა იბერიულ-კავკასიურ ენებში სიღრმისეული დაფენების სახით.
შენიშვნა: ქართველურისა და ხურიტულის მსგავსად, ქართველურ-ხათური ნათესაური მიმართების კვლევას სერიოზული პერსპექტივა უჩანს (იხ.: არნ. ჩიქობავა, 1948; არნ.ჩიქობავა, 1950; შ.გაბესკირია, 2003; შდრ., გრ.გიორგაძე, 2002, გვ.90)...

ქასქები/ქაშქები და აბეშლაელები - ძვ.წ. XVII-XIII საუკუნეების ხეთურ ლურსმულ წყაროებში, ასევე, ასურულ, ეგვიპტურ უგარიტულ ტექსტებში მოხსენიებულია ხალხი, რომელთა აღმნიშვნელი სახელი იყო: ქასქა, ქაშქა, გაშგა, კაშკა, კაშქა, ქაშკა; კაშკაშ (ეგვიპტ.), კაშკაია, კაშკა, კაშკუ (ასურ.); Kტკყმ (უგარიტ.)... ისინი ცხოვრობდნენ ხეთებისგან ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით მოგვიანო ხანის ანატოლიაში (პონტოში).
მკვლევართა ერთი ნაწილის (გ.მელიქიშვილი, ი.დუნაევსკაია, ი.დიაკონოვი, ა.კამენხუბერი, ვ.არძინბა, გ.ჩირიკბა) აზრით, ქასქების ენა ერთ-ერთი აფხაზურ-ადიღური ენაა (ტერმინის ფონეტიკური ვარიანტებისა და ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ. გრ.გიორგაძე, 2000, გვ.9-17). ასურული და ხეთური წყაროების ქაშქებ/ქასქების ერთ-ერთ სახელად (სინონიმად) მიჩნეულია ასურულ ლურსმულ ტექსტებში მოხსენიებული აბეშლაელები. მიუხედავად იმისა, აბეშლა და ქასქა სინონიმებად გამოცხადდება, თუ მონათესავე ტომებად (მსჯელობისათვის იხ.: გ.ქავთარაძე, 1985, გვ.125; გრ.გიორგაძე, 2002, გვ.113-121), ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუძლებელია 30-40 საუკუნის წინანდელი და თანამედროვე ენების იგივეობაზე ლაპარაკი; შდრ., აგრეთვე, მაგ., მ.ქურდიანის აზრით, დაახლოებით 30 საუკუნის წინ არსებობდნენ ზანურენოვანი ხუბუშქიელები; ავტორის ვარაუდით, პარალელურად იყვნენ ქართულენოვანი აბაშებიც, რომელთა სახელიც შემონახულია ტოპონიმ აბაშას სახით (არადა, სწორედ დღევანდელი თუ ისტორიული აბაშელები მეტყველებენ ერთ-ერთ ზანურ დიალექტზე - ტ.ფ.); მისივე ვარაუდით, ხუბუშქიელები აბაშიდან ერთ-ერთი სამხედრო ექსპედიციის დროს ამიერკავკასიიდან გადასახლდნენ ვანის ტბის მიდამოებში; სალმანასარ III-სთან დამარცხების შემდეგ მათგან მხოლოდ "ქვეყნის სახელი და სამეფო დინასტია დარჩა" (მ.ქურდიანი, 2001, გვ.130-131)... მ.ქურდიანი ამ დასკვნებს აკეთებს ხუბუშქიას სათუო ეტიმოლოგიის მიხედვით; კერძოდ, მისი აზრით, საერთოქართველური (რესპ. ქართული) აბაშ- ფორმისგან წარმოიქმნა აბეშალ- და ზანური ხუბუშქ- ვარიანტი; აქ ლოგიკური ჩანს აბაშ- ფუძის დაკავშირება აბაზ- და აბეშალ- ფორმებთან (იხ. ქვემოთ). აქვე აღვნიშნავთ, რომ სპეციალისტთა დასკვნით, ხუბუშქიას მოსახლეობა ძირითადად ხურიტულენოვანი იყო...
ივ.ჯავახიშვილის, პ.უშაკოვის და სხვათა აზრით, ქაშქები მერმინდელი კოლხების წინაპრები არიან; გრ.გიორგაძის ვარაუდით, ტომთა გაერთიანებანი ქასქები და აბეშლაელები მეგრულ-ლაზური წარმოშობისანი შეიძლება იყვნენ, რამდენადაც, ეთნონიმ მუშქშიც და სხვა ტოპონიმებშიც ხშირია სქ/სგ/შქ თანხმოვანთკომპლექსები, რომლებიც ზანურ-სვანური რიგის კომპლექსებია (გრ.გიორგაძე, 2000, გვ.16; გრ.გიორგაძე, 2002, გვ.121).
პირველ რიგში, სავარაუდოა, რომ მოსხ-/მუშქ- ფუძეში გამოიყოფა -ხ- ( > ქ კრებითობის გამომხატავი სუფიქსი. შესაძლოა, ქასქ- ფუძეშიც ვეძიოთ შეხორცებული უძველესი -ხ/-ქ მორფემა; შესაბამისად, ს-ქ (შ-ქ) ხომ არ არის მორფემათა ზღვარი (შდრ.: ქაშაგი "ტყვე" საბა; ყაბარდოელი - მ.ანდრონიკაშვილი)?; მეორეც, სქ/შქ კომპლექსი არ იკრძალება არც საერთოქართველურის, არც სამწიგნობრო ქართულის და არც სხვა ქართველური დიალექტების ფონემატური სტრუქტურით; ამდენად, მხოლოდ ამ კომპლექსის მიხედვით მსჯელობა გაჭირდება.
უფრო ლოგიკურია, ვთქვათ, რომ ხათებისა და ხურიტების მონათესავე ქასქები, აბეშლაელები, ხუბუშქიელები, ურარტუელები... წინარექართველურ-კავკასიურ ტომთა აღმნიშვნელი სახელებია; ამ და სხვა ტომებისგან ძვ.წ. II-I ათასწლეულებში ჩამოიძერწნენ ქართველებიც, ჩერქეზებიც, ვაინახებიც და ლეკებიც... სხვაგვარად ვერ აიხსნება ის ფაქტი, რომ ძველი წინააზიური ენების კვალი შთამბეჭდავია ქართველურშიც და სხვა იბერიულ-კავკასიურ (აფხაზურ-ადიღურ, ვაინახურ, დაღესტნურ) ენებშიც; ასევე, ძველ ეთნონიმებთან მასალობრივად ახლოს მყოფი ტერმინები დასტურდება როგორც ქართველური, ასევე ჩრდილოკავკასიური საზოგადოებების მიმართებით (ქაშაგი, აბაზა/ებზე...).

მუშქები, მუშქა/მუშქი, მოსხები, მოსოხი/მეშეხი, მოსხიკეს მცხოვრებლები - სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებული აზრის თანახმად, ძვ.წ. XII-VII საუკუნეების ასურულ ლურსმულ წყაროებში მოხსენიებული მუშქები, ბიბლიური მოსოქ-/მოსოხ-მეშეხ- სახელწოდებები (შესაქმე, X 2, 22-32), ბერძნულ-რომაული ტექსტების მოსოხები, ძვ. წ. IV საუკუნეში არსებული სახელმწიფო მოსხიკე (ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ.22; ივ.ჯავახიშვილი, 1950, გვ.18; ნ.ხაზარაძე, 1998, გვ.177; ნ.ხაზარაძე, 2001, გვ.273; შდრ., ი.დიაკონოვი, 1984) - მოსხების/მესხების ქვეყანა, "ქართლის ცხოვრების" არიან ქართლი და ქართველთა ერთი ჯგუფის აღმნიშვნელი თემონიმი მესხი ერთმანეთთან დაკავშირებული ცნებებია; კერძოდ, ისინი მიემართება ქართველურ მოდგმას, რომლის განსახლების (თუ მოძრაობის) ძირითადი ტერიტორიაა ზემო ევფრატისპირეთი (ძვ.წ. XII ს.)-კაბადოკია-ჰალისის შუა დინების სამხრეთი (ძვ.წ. VIII ს.)-პონტოს ტერიტორის ნაწილი და, ბოლოს, სამხრეთ-დასავლეთი ამიერკავკასია.
შდრ.: "ფეოდალური ხანის ნომენკლატურით, მოსხების ქვეყანა მოიცავდა: სამცხეს, ჯავახეთს, კლარჯეთს, აჭარას, ეგრისს, შავშეთს, კოლა-არტაანს, ამიერ და იმიერ ტაოს, ბასიანს, სპერს, ანუ მთელ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს" (მსჯელობისა და ვრცელი სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ.: ნ.ხაზარაძე, 1984, გვ.36-70; გრ.გიორგაძე, 1985; გრ.გიორგაძე, 2002).
ძვ.წ. XII საუკუნეში (1165 წელს) ზემო მესოპოტამიაში გამოჩენილი მუშქები ე.კავენიაკმა ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ოლქებიდან ჩამოსულებად მიიჩნია (გ.მელიქიშვილი, 1965, გვ.22); ნ.ხაზარაძის აზრითაც, "მუშქები, აბეშლაელების მსგავსად, ჩრდილოეთიდან უნდა გავრცელებულიყვნენ სამხრეთისაკენ ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ (ნ.ხაზარაძე, 2002, გვ.124); მკვლევრის ვარაუდი ეფუძნება იმას, რომ ხეთურ ლურსმულ ტექსტებში მუშქები საერთოდ არ არიან მოხსენიებული.
ჩვენი აზრით, სავსებით დასაშვებია, რომ მუშქთა წინაპრებად მოვიაზროთ ხათებისა და ხურიტების მონათესავე და მათი განსახლების ველში მცხოვრები ქართველურ-კავკასიური მოდგმა; ლოგიკური ჩანს მუშქებისა და ქაშქების მონათესავეობის დაშვებაც (ქაშქი და მუშქუ ეთნონიმების მიმართების შესახებ გრ.გიორგაძისა და ე.ფონ შულერის მოსაზრებების ანალიზი იხ. ნ.ხაზარაძე, 2001, გვ.283); შდრ.: ხეთები ქასქებთან დებდნენ სხვადასხვა ხასიათის ხელშეკრულებას, ქასქები და ხათები კი მონათესავე ტომებად ითვლებიან. რამდენადაც, არაინდოევროპელი ხათების ტერიტორიაზე ინდოევროპელი ხეთები მოსულები არიან, ლოგიკურია ვარაუდი, რომ ხათების შესაძლო მემკვიდრე ქასქებსა და ხეთებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო; შესაბამისად, სხვაგვარად დადგება ქართველურ ტომთა მიგრაციის მიმართულების საკითხიც.
შენიშვნა: კ.ფ.ლემან-ჰაუპტი ფიქრობდა, რომ ქართველები საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდნენ ჩრდილო მესოპოტამიიდან მოსული კარდუხების (ისტორიული გორდუენეს - კორდუქის მკვიდრების) და მცირე აზიიდან მოსული მესხების შერწყმის შედეგად (ვიმოწმებთ გ.მელიქიშვილის მიხედვით; გ.მელიქიშვილი, 1965, გვ. 19-20).
ბერძნულ წყაროებში მოსხების ტომი პირველად ნახსენებია ძვ.წ. VI ს. ბერძენი მწერლის - ჰეკატა~ოს მილეტელის მიერ; მისი მოწმობით, მოსხები კოლხური ტომია (ჩვენი აზრით, აქ კოლხური ქართველურის სინონიმია - ტ.ფ.); ისინი ცხოვრობდნენ მატიენების (მითანის) მეზობლად - მესოპოტამიის ჩრდილოეთით, ანდა მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.43-44).
ჰეროდოტეს (ძვ.წ. V ს.) მიხედვით, მოსხები კოლხებთან (აქ უკვე კოლხები მხოლოდ ერთ-ერთი ქართველური ტომის სახელია - ტ.ფ.), სასპეირებთან, ხალიბებთან (ქალიბებთან), მაკრონებთან, ტიბარენებთან, მოსინოიკებთან და მარებთან ერთად ცხოვრობდნენ მცირე აზიის ჩრდილოეთით შავი ზღვის აღმოსავლეთ თუ სამხრეთ სანაპიროზე სპარსეთის მეფე დარიოს I (ძვ.წ. 524-485) დროს (იხ. ჰეროდოტე, 1976, გვ.634; თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.47, 660).
სტრაბონის (ძვ.წ. 64 - ახ.წ. 24) მიხედვით, მოსხები ცხოვრობენ ამჟამინდელ დასავლეთ საქართველოში - შავი ზღვის სანაპიროზე კოლხების გვერდით, ჰენიოხებისა და კერკეტების სამხრეთით (საკითხის მიმოხილვისათვის იხ., გ.ქავთარაძე, 1985, გვ. 82-86); სტრაბონისვე ცნობით, ადრინდელი მოსხური ქვეყნის (ივარაუდება ძვ.წ. IV საუკუნეში არსებული მოსხიკე? ალბათ, უფრო ძველი მუშქების საცხოვრისი - ტ.ფ.) ერთი ნაწილი აქვთ კოლხებს, მეორე - იბერებს და მესამე - არმენიელებს (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.140-145).
იოსებ ფლავიუსის აზრით (37-95), მოსოხენები დაფუძნებულნი არიან მოსოხის მიერ და "ახლა მათ კაბადოკიელები ეწოდათ; კაბადოკიელთა ეს ძველი სახელი შემორჩენილია მათი დედაქალაქის სახელად, რომელიც არის მაზახა" (იოსებ ფლავიუსი, 1987, გვ.103).
ევსტათი ანტიოქელთან (280-360) კაბადოკიელთა წინაპრებად დასახელებულია მესხენები, მათ ეთნარქად კი - ოსოხი (გეორგიკა, 1961, გვ.34). ორი საუკუნის შემდეგ კი პროკოპი კესარიელი მესხთა (მესხოი) საცხოვრისად მიიჩნევს იბერიის გასწვრივ არსებულ მთებს (გეორგიკა, 1965, გვ.127).
სტეფანე ბიზანტიელთან (IV-VII ს.ს.) დადასტურებულია ეთნონიმი მოსხი; იგი, მიჰყვება რა სტრაბონს, მოსხებს ასახელებს კერკეტების ზემოთ (ე.ი. სამხრეთით - ტ.ფ.). XI საუკუნის მოღვაწე ლეონ გრამატიკოსი უცვლელად იმეორებს წინა თაობების მოსაზრებებს და იაფეტის შვილად მიჩნეულ მესხოსისგან მომდინარედ მიიჩნევს მესხებს, რომელთაც ახლა კაბადოკიელები ეწოდებათო...(გეორგიკა, 1963, გვ.3-4).
მოსხ-/მესეხ-/მესხ- ტერმინთან დაკავშირებით საინტერესოა ჩრდილოკავკასიურ ენათა მონაცემები:
პ.უსლარისა და ა.დირის ცნობებით, დაღესტნურ ენათა სამყაროში ქართველების აღსანიშნავად იყენებენ ტერმინს - მოსოქი/მუსექი; იგი მიემართება, აგრეთვე, წოვათუშებსაც (გ.ბურჭულაძე, ბ.შავხელიშვილი, 1993, გვ.325).
ლოგიკურია, დავუშვათ, რომ ქართლის მოსახლეობა მუშქ-მესხების უშუალო მემკვიდრეა; ტოპონიმ მცხეთისა და ქორონიმ სამცხის მიმართება ამის კიდევ ერთი არგუმენტი ჩანს: სა-მესხ-ე > *სამსხე > სამცხე; მესხ-ეთ-ა > *მსხეთა > მცხეთა (ლიტერატურის მიმოხილვისა და განსხვავებული მსჯელობისათვის იხ. გ.ბედოშვილი, 1981).
შდრ.: ი.ზიცარის აზრით (ი.ზიცარი, 1998): მეს-ხ- > ვესკ > ბასკ-; ბასკ- ფუძის ამგვარი ეტიმოლოგია დამატებით არგუმენტებს მოითხოვს.
ვარაუდობენ, რომ მესხ-, მოსხ- მუსხ- ფუძეები ქართველური დიალექტური ვარიანტებია; მათთვის ამოსავალი შეიძლება იყოს *მას- ძირი (შდრ.: მასისი - მაღალი მთა ისტორიულ მესხეთში - პარხალის ახლოს; მასის მთა - არარატის ძველი სახელი), ხოლო -ხ- იყოს ხურიტულ-ურარტულ-კავკასიური სუფიქსი (საკითხის მიმოხილვისათვის იხ. რ.აბაშია, 2001), რომელიც კრებითობა-წარმომავლობას გამოხატავს: *მას-ხ-; ფუძისათვის შდრ.: მას-ის-ი, ფას-ის-ი და ბას-იან-ი.
ჩვენი აზრით, *მას-ხ- მართლაც შეიძლება იყოს ამოსავალი ფორმა, მაგრამ წარმოდგენილი ფორმები (მოსხ-/მუსხ-) ისევე ვერ მიიჩნევა ქართველურ დიალექტურ (ზანურ-სვანურ-) ვარიანტებად, როგორც, მაგ., სხვადასხვა ძველ ენაში დადასტურებული თარგამოსი/თოგარმა/თორგომა/თეგერამა/თილგარიმუ, არარატი/ურარტუ და სხვა პარალელური ფორმები; ამ რიგის მასალა ისე ძველია, რომ სათავე (მიზეზი) წინარექართველურ-კავკასიურ პერიოდსა და სხვადასხვა მსესხებელი ენის ფონემატურ თავისებურებებში უნდა ვეძიოთ (შდრ., ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ.401-402; გ.თოფურია, 1970, გვ.120; მ.ქურდიანი, 2000, გვ.189; ნ.ხაზარაძე, 2001, გვ.285 და სხვ.).
შენიშვნა: მესხი/მასხი ეთნონიმს საერთოქართველური ეთნოსის თვითსახელწოდებად აღადგენს მ. ქურდიანი (მ.ქურდიანი, 2000, გვ.188); მესხ-/მოსხ- ტერმინი ქართველთა ერთი ჯგუფის აღმნიშვნელი რომაა, ეს უეჭველია, მაგრამ იყო თუ არა ის საერთოქართველური ეთნოსის თვითსახელი, სათანადოდ არგუმენტირებული არ არის; ამ მოსაზრების კრიტიკისათვის იხ.: გრ. გიორგაძე, ნ.ხაზარაძე 2002, გვ.191)...
სადავო არ უნდა იყოს, რომ მოსხები/მესხები ერთ-ერთი ძველი ქართველური ტომის სახელია, რომელიც მეზობელ თუ არამეზობელ ხალხთაგან ისტორიის ერთ მონაკვეთში განზოგადებული იყო "ყოველთა ქართველთა" სახელად.

დაიანელები, დიაუხელები, ტაოხები - ძვ. წ. XII-VIII საუკუნეების ასურულ და ურარტულ ლურსმულ ტექსტებში დამოწმებულია დაიაენის ქვეყანა; მკვლევრები ამ სახელწოდებას უკავშირებენ ურარტული ლურსმული ტექსტების დიაუხს, ბერძნული წყაროების ტაოხოის, ძველი სომხური წყაროების ტაიქს და ისტორიული საქართველოს ერთ კუთხეს - ტაოს (ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ. გრ.გიორგაძე, 2002); ვარაუდობენ, რომ ეს იყო ძლიერი ქართველური ტომი (შდრ.: გ.მელიქიშვილი, ი.დიაკონოვი და სხვ. დიაოხის მოსახლეობას ხურიტულენოვნად მიიჩნევენ), რომლის მეფე სენზე გამარჯვებითაც საგანგებოდ ტრაბახობდა ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I (1115-1077).
დაიანელები/ტაოხები/ტაოელები ცხოვრობდნენ თორთუმის, ევფრატისა და მტკვრის სათავეებში; სარწმუნო ჩანს, დიაოხის დედაქალაქი შაშილუ (შაშილო/სასირო) მდებარეობდა ცნობილი თორთუმის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე - ამჟამინდელი ესენდურაკის ადგილას (გ.ქავთარაძე, 2005, გვ. 13-18).
ბერძნულ-ბიზანტიურ წყაროებში ტაოხები პირველად გვხვდებიან ქსენოფონტესთან (ძვ. წ. V_IV ს.ს.): ტაოხები, რომლებიც ცხოვრობენ მერმინდელ ოლთისის ოლქში, სპარსეთის მეფეს არ ემორჩილებიან და ხალიბებთან ერთად სპარსელი სატრაპის - ტირიბაძის - მოქირავნეები არიან (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.52). მოგვიანებითაც, მაგ., სტეფანე ბიზანტიელიც (IV-VII ს.ს.) ტაოხებს შიდა პონტოში მოსახლე ტომად თვლის; მისი ცნობით, "ზოგიერთები მათ ტაოელებსაც ეძახიან, როგორც ამბობს სოფაინეტე თავის "ანაბაზისში" (გეორგიკა, 1936, გვ.284).
ძველი ბერძნების ცნობით, აია იგივე კოლხეთია; იხ., მაგ., ჰეროდოტე: არგონავტები "მიცურავდნენ ა~აში, კოლხიდაში, საწმისისათვის"; "მოვიდა ეს კიტისოროსი ა~ა-კოლხიდიდან და გაათავისუფლა იგი"... (ჰეროდოტე, 1975, გვ.472-473); ამავე აზრს იმეორებს აპოლონიოს როდოსელიც თავის "არგონავტიკაში". შესაბამისად, ლოგიკურია თ.მიქელაძის აზრი, რომ დაიაენი შეიძლება იყოს იგივე აია; შდრ., აია და ხაიასა (შემდგომი სუხმის ქვეყანა) გაიგივებული აქვს გ.ჰიუსინგს (საკითხის ისტორიისათვის იხ.გ.ქავთარაძე, 1985, გვ. 161, 163; გ.ქავთარაძე, 2005). დენტალურ და ველარულ თანხმოვანთა მონაცვლეობის, აგრეთვე, მათი დაკარგვის თვალსაზრისით საყურადღებოა სხვა კავკასიურ-აღმოსავლეთანატოლიურ ტოპონიმთა ვარიანტებიც: ხალიბი/ალიბი, ხაბარენი/ობარენი, ხარიმატი/არიმატი, ქაღზევანი/აღზევანი, ტაპირი/აპირი, ტორეტი/ორეტი, თუნი/უნი (მაგალითები მოიძია გ.ქავთარაძემ; იხ. 1985, გვ. 53-58); შდრ., აგრეთვე: აია, დაია-ენ-ი და ხეთური წყაროების ხაია-სა (-სა და ქართვ. -ის-: შინდ-ის-ი)... დ > ხ, ქ > 0, ხ > 0, ტ > 0 პროცესები ძნელად დასაშვებია, შესაბამისად, გარდამავალ ფორმებად სავარაუდოა ს/ჰ ფონემების შემცველი ფუძეები, რამდენადაც, ბუნებრივია ს > ჰ > 0 პროცესი (წინაენისმიერი ყრუ თანხმოვნის ჰ-დ ქცევისათვის შდრ.: საერთოქართვ. წ > სვან. ჭ > ჰ); შდრ., მაგ., შესაძლო ტრანსფორმაციები: *დაია > *ტაია > (*წაია/*ჭაია, ან *საია >) *ჰაია, რომელსაც შეეძლო მოეცა, ერთი მხრივ, აია (< *ჰაია), მეორე მხრივ - *ხაია (< *ჰაია). აია შეიძლება გამოიყოს აიეტ- ფუძეშიც: -ეტ- სუფიქსი ბერძნულში წარმომავლობა-კუთვნილებითობის მაწარმოებელია, შესაბამისად, მეფე აიეტის სახელი მიღებულია აია-სგან: აია-ეტი > აიეტი; შდრ. ო.ლორთქიფანიძე, 1986, გვ.32: "არგონავტების უძველეს ვერსიებში, ქვეყანა, სადაც არგონავტებმა ილაშქრეს, იყო აია; უფრო გვიან ამ ქვეყანას კოლხიდად მოიხსენიებენ".
შენიშვნა: დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. I ს.), რომელიც ქსენოფონტეს ტექსტს მიჰყვება, ტაოხების ნაცვლად ახსენებს ხაებს: კარდუხები, არმენიელები, ხაები (ე.ი. ტაოხები), ფასიანები, ხალდები, სკოტინები, მაკრონები, კოლხები, მოტვინოიკები, ტიბარენები (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.124); შდრ., ჰეკატა~ოს მილეტელი (ძვ.წ. 549-472) მოსხებსა და ბექე~რებს შორის ასახელებს ხო~ებს; რიზეს მახლობლად მცხოვრებ ხო~ებს ჩვეულებრივ ტაოხო~ს შერყვნილ ფორმად მიიჩნევენ, მაგრამ ს. ყაუხჩიშვილის აზრით, მათი საცხოვრისი იმდენადაა დაშორებული ტაოხების საცხოვრისს, რომ ხო~ებისა და ტაოხების იდენტიფიკაცია გაჭირდება (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.44).

კოლხები - ძვ. წ. XII-VIII საუკუნეების ასურულ და ურარტულ ლურსმულ ტექსტებში დადასტურებულია კილხი და კულხა/კოლხა გეოგრაფიული ტერმინები, რომლებიც გაიგივებულია ბერძნულ-რომაული წყაროების კოლხოი და კოლხის სახელწოდებებთან; ივ.ჯავახიშვილის აზრით, კოლხები ასურული წყაროების კასკები არიან (ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ.30).
სამეცნიერო ლიტერატურაში გაზიარებულია ნ.მარის აზრი, რომ კოლხთა პოლიტიკური გაერთიანება ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულს და I ათასწლეულის დასაწყისში (ძვ.წ. VII ს. 20-იან წლებამდე) იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ცენტრით ჭოროხის ხეობაში; VII საუკუნიდან მისი ცენტრი გადადის დასავლეთ საქართველოში - რიონისპირეთში (გ.მელიქიშვილი, თ.მიქელაძე, ნ.ლომოური, მ.ინაძე; მსჯელობისათვის იხ., აგრეთვე: ო.ლორთქიფანიძე, 1986, გვ.68-69).
შდრ., ო.ლორთქიფანიძე, 1986, გვ.4: "არგონავტების ოქროს საწმისისათვის ლაშქრობის შესახებ ბერძნული თქმულება მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან - ძველ კოლხეთთან, რომელიც დღევანდელ დასავლეთ საქართველოს მიწა-წყალს მოიცავდა..."(ადრეულ გამოკვლევაში ო.ლორთქიფანიძეს საკამათოდ არ მიაჩნდა გ.მელიქიშვილისა და თ.მიქელაძის მტკიცებულებანი "არგონავტიკაში" წარმოდგენილი ქართველური სახელების ჭოროხის ხეობასთან კავშირის შესახებ; იხ., ო.ლორთქიფანიძე, 1966, გვ. 21, I შენიშვნა).
აკ. ურუშაძის და სხვათა ვარაუდით, თავდაპირველად, ბერძნები კოლხეთში მთელ ქართველურ სამყაროს გულისხმობდნენ (აკ.ურუშაძე, 1964, გვ.6). ურარტული წარწერებიცა და თანამედროვე არქეოლოგიური მონაცემებიც ცხადყოფს ამ აზრის სისწორეს (იხ. ქვემოთ, II თავი); აშკარაა, რომ ძველი კოლხეთი მხოლოდ დღევანდელ დასავლეთ საქართველოს არ მოიცავდა; კოლხეთის გაცილებით დიდი ტერიტორია (მტკვრის ზემო წელისა და ჭოროხის ხეობები) დღეს თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშია მოქცეული; შდრ.: კოლხა/აია/ტაო.
ვარაუდობენ, რომ წერილობით ძეგლებში კოლხიდა ფორმის პირველი დამოწმება გვაქვს ძვ. წ. XIV საუკუნის B-ხაზოვან ტექსტებში კოკიდა/კოკიდე~ო ვარიანტების სახით (ლ. გორდეზიანი, 2004, გვ. 226-228). ბერძნულ წყაროებში ტერმინი "კოლხიდა გაია" უეჭველად დასტურდება ძვ. წ. VIII საუკუნის პოეტთან - ევმილე კორინთელთან; სავარაუდოა, რომ კოლხიდის პარალელურად ბერძნები იყენებდნენ ტერმინ აიასაც (არსებული მდიდარი ლიტერატურის მიმოხილვა იხ.: მ. ინაძე, 1955; გ. მელიქიშვილი, 1965; ნ. ლომოური, 1962; შ. ასათიანი, 1993; მ. ინაძე, 1993).
ფსევდო-სკილაქსის აზრით, კოლხებით დასახლებული ტერიტორია ვრცელდება დიოსკურიიდან მდინარე აფსაროსამდე ე.ი. სოხუმიდან ჭოროხამდე (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.84)... ფსევდო-სკილაქსის ცნობებს იმეორებს სკილაქს კარიანდელი (ძვ.წ. VI-V ს.).
ჰეროდოტე ამტკიცებდა, რომ კოლხები ეგვიპტიდან იყვნენ წამოსული; მისი აზრით, სამხრეთის (მეწამული) ზღვიდან ჩრდილოეთის (პონტოს) ზღვამდე ცხოვრობდა ოთხი ტომი: სპარსელები, მიდიელები, სასპერები და კოლხები (ჰეროდოტე, 1975, გვ.156, 262); აშკარაა, რომ აქ კოლხებიც და სასპერებიც უფრო ტომთა გაერთიანებების აღმნიშვნელია, ვიდრე ცალკეული ტომებისა (კოლხების შესახებ იხ. ივ.ჯავახიშვილი, 1950, გვ.12). ამას ადასტურებს ქსენოფონტეს მოგზაურობის დღიურებისა და ფსევდო-სკილაქსის ცნობების შედარება; კერძოდ:
ფსევდო-სკილაქსი ტრაპეზუნტისა და კერასუნტის მიდამოებში ასახელებს ბიძერებს, ეკექე~რიებს, ბექე~რებს, მაკროკეფალებს და მოსინო~კებს; ამავე პერიოდშივე ქსენოფონტე ტრაპეზუნტ-კერასუნტის რეგიონში ასახელებს მხოლოდ კოლხთა ტომს (თ.მიქელაძე, 1967, გვ.97); შდრ., აპოლონიოს როდოსელი (III ს.): "ქედმაღალ მეფეს ვერ უშველიან კოლხთა ტომები" (არგონავტიკა, 1975, გვ.113).
მითრიდატე-პომპეუსის ბრძოლებთან დაკავშირებით კოლხებს ახსენებს II საუკუნის მოღვაწე აპიანე (აპიანე, 1959, გვ.198); სავარაუდოა, რომ კოლხებად იგი მიიჩნევს ტომთა დიდ გაერთიანებას, რომლებიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრობდნენ; შდრ., აღმოსავლეთ საქართველოში ამ დროს იბერები სახელდებიან.
არიანეს მიხედვით, ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი არიან კოლხები; ამათ გვერდით არიან სანები (ქსენოფონტეს მიხედვით, იგივე დრილები), მაკრონები და ჰენიოხები (ბერძენი მწერლები... 1983, გვ.158).
დღევანდელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას არიანე (II ს.) უკვე ლაზების სახელით იხსენიებს: "ლაზიკას ჩამოუდის მდინარე, სახელად რეონი, სადაც კოლხებს ძველად ციხე აუგიათ"...(ბერძენი მწერლები... 1983, გვ.188). ამ პერიოდიდან ერთმანეთს ხშირად ენაცვლება ტერმინები: კოლხი და ლაზი; მაგ., V საუკუნის ანონიმი ავტორი წერს: "დიოსკურიიდან ვიდრე აფსარის წყლამდე წინათ ცხოვრობდა ის ხალხი, რომლებსაც კოლხები ეწოდებოდათ და მერე გადაერქვათ ლაზები" (გეორგიკა, 1965, გვ.6)...
იპოლიტე რომაელი (III ს.), ამიანე მარცელინე (IV ს.), ეპიფანე კვიპრელი (314-403 ) და მრავალი სხვა მოგვიანებითაც ტერმინ კოლხებს ირჩევენ, სხვები კი ლაზებს იყენებენ (იხ. ქვემოთ); მაგ., იოანე ლიდე (VII ს.) წერს: "კოლხიკეს ამჟამად ლაზიკეს ეძახიან ლაზების ჰეგემონობის გამო" (გეორგიკა, 1970, გვ.3; ს.ყაუხჩიშვილის კომენტარი); აგათია სქოლასტიკოსი (VI ს.): "ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის, თუკი ის გაეცნობა ფაზისის, კავკასიისა და მათ გარშემო მდებარე ქვეყნების მოსახლეობას... ლაზები ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით" (გეორგიკა, 1936, გვ.27, 50)...
შდრ., იოანე ცეცე (1110-1180 ): "კოლხები ინდოელი სკვითები არიან, მათ ლაზებიც ეწოდებათ და ცხოვრობენ აბაზგების, წინანდელი მასაგეთების მახლობლად"; "კვიტაია კოლხეთის ქალაქია, ხოლო კოლხები ლაზური ტომია, ცხოვრობენ აბაზგების მახლობლად"; კოლხებს აზიელი სკვითებიც და ლევკოსირებიც ჰქვიათ; ისინი ცხოვრობენ აზიის მხარეში მდინარე ფაზისის ირგვლივ"... (გეორგიკა, 1967, გვ.32, 36-37)...
შდრ.: II საუკუნის ალექსანდრიელი მოღვაწის - დინისიოს პერიეგეტის "დედამიწის აღწერილობის" მიხედვით, კოლხები ევროპიდან მოსულნი არიან (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.93); ამ ცნობაში შეიძლება ასახული იყოს ევროპიდან პონტოს ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იბერიელთა მოსვლის ლეგენდა.
შენიშვნა: ჰეკატა~ოსის "დედამიწის აღწერა" ცხადყოფს, რომ ძვ.წ. VI ს. ბერძენთათვის ცნობილი იყვნენ შემდეგი ტომები: მელანქლა~ნები, კორაქსები, კოლები, მოსხები, ხო~ები, ბექე~რები, დიძერები, მაკრონები, მარები, მოსინო~კები, ტიბარენები, ხალიბები. ფსევდო-სკილაქსის (ძვ.წ. IV) "პერიპლუსში" კი შავი ზღვის სანაპიროზე მდ. დონიდან თანამედროვე თერმეჩაიმდე დასახელებულია შემდეგი ტომები: სავრომატები, მა~ოტები, სინდები, კერკეტები, ტორეტები, აქა~ები, ჰენიოხები, კორაქსები, კოლები, მელანქლა~ნები, გელონები, კოლხები, ბიძერები, ეკექე~რები, ბექე~რები, მაკროკეფალები, მოსინო~კები, ტიბარენები, ხალიბები (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.43, 81-82). თ.ყაუხჩიშვილის აზრით, ჰეროდოტესთან ქართველ ტომებად მისაჩნევია: კოლხები, სასპე~რები, ხალიბები, მაკრონები, მოსხები, ტიბარენები, მოსინო~კები, მარები; მათი მონათესავე ტომები არიან: ალაროდიელები, მატიენები. მოსხები და ტიბარენები ომში ერთ მეთაურს ემორჩილებოდნენ; მაკრონები და მოსინო~კები - მეორეს; მარები და კოლხები - მესამეს, ხოლო, ალაროდიები და სასპე~რები - მეოთხეს (ჰეროდოტე, 1975, გვ.27-28; იხ. აგრეთვე, თ.ყაუხჩიშვილი, 1955).
კოლხა უნდა მომდინარეობდეს ძველი ქართული პროვინციის კოლას სახელისგან (ი.ჯავახიშვილი, 1950, გვ.12):
კოლა/კოლ-ი - კოლ-ხ-ი; ქართულ წყაროებში ფუძე კოლა ადრიდანვე დასტურდება, ხოლო ქორონიმის მეორეული ვარიანტი კოლხეთი ქართულში ბერძნულის ანალოგიით გვიან იქმნება. შდრ., პატრიარქ ნიკონის მატიანეში საქართველოს აღმნიშვნელი ერთ-ერთი ტერმინია კოლხეკია (გ. პაიჭაძე, 1993). პ.ინგოროყვას აზრით, კოლხისგანაა ნაწარმოები ქლუხორი (კოლხორი > კლუხორი > ქლუხორი; შდრ., კოდა > კოდ-ორ-ი; პ.ინგოროყვა, 1954, გვ.143).
ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ძვ.წ. II ათასწლეულის შუა პერიოდიდან კერასუნტის რეგიონში, ჰალისისა (კიზილ-ირმაკის) და ჭოროხის აუზებში, თანამედროვე დასავლეთ საქართველოსა და მტკვრის ზემოწელის მხარეებში ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომლის თავდაპირველი ბერძნული (?) სახელი შეიძლებოდა ყოფილიყო აია (შდრ.: აიეტი; შდრ., აგრეთვე: დაიაენი, ტაო); შემდეგ ამ სახელს ჩაენაცვლა კოლხა/კოლხიდა.
ძვ.წ. XII-VIII საუკუნეებში ამ გაერთიანებაში ჰეგემონობდა კოლხების ძლიერი ტომი, რომლის სახელის მიხედვით აისახა ეს სახელმწიფო მეზობელი სახელმწიფოების დოკუმენტებში თუ ბერძენი მწერლებისა და მოგზაურობის მეხსიერებაში; იგი ამ პერიოდში უკვე მოიცავდა შავი ზღვის მთელ აღმოსავლეთ სანაპიროს აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილის ჩათვლით (შდრ., გ.მელიქიშვილი, 1954, გვ.412)... მეტიც, როგორც ზოგი ბერძნული წყარო, ასევე, თანამედროვე არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფენ, რომ ე.წ. "დიდი კოლხური კულტურა" მოიცავდა დღევანდელ ქართლსაც და ჩრდილო კავკასიის დიდ ნაწილსაც.

კოლები - კოლები პირველად დასტურდებიან ჰეკატა~ოს მილეტელთან (ძვ.წ. 549-472); ფსევდო-სქილაკსის (ძვ.წ. IV ს.) ცნობების მიხედვით, კორაქსები და კოლები დაახლოებით ბზიფის შესართავის რაიონში არიან საგულვებელი (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.83). ახალი წელთაღრიცხვის V საუკუნის ანონიმური პერიპლუსის ავტორი კოლების ქვეყანას - კოლიკეს ასახელებს, ერთი მხრივ, ჰენიოხების, კორაქსებისა და, მეორე მხრივ, მელანქლაინების, მაქელონების, კოლხების მეზობლად (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.105); შდრ., სტეფანე ბიზანტიელი: კოლები - ტომი კავკასიონთან; კავკასიონის ქვედა ფერდებს ეწოდება კოლების მთები, ქვეყანას კი კოლიკე ჰქვია (გეორგიკა, 1936, გვ.281).
ლოგიკურია დავუშვათ, რომ საქართველოს ისტორიული პროვინცია კოლა, ეთნონიმი კოლ-ხ-ი/კოლ-ხ-ა და კოლები/კოლიკე საერთო ფუძისგან წარმომავალი სიტყვები იყოს (შდრ., პ.ინგოროყვა, 1954, გვ.138: კოლხი და კოლაელები სინონიმებია); ასევე, შესაძლებელია, ვივარაუდოთ, რომ ტრაპიზონისა და ბიჭვინთის რეგიონებში ერთსა და იმავე დროს დაფიქსირებული კოლხები და კოლები მონათესავე ტომები არიან. პ.ინგოროყვას აზრით, კოლასგანაა ნაწარმოები კლარჯი: კოლ-არ-ი > კოლარჯი (პ.ინგოროყვა, 1954, გვ.138); მას ახსნილი არა აქვს ჯ-ს წარმომავლობა, მაგრამ დაკავშირება სწორი ჩანს:
შეიძლება დავუშვათ, რომ *კოლარ- და დიალექტური კოლაჯ- (ზანურში ბუნებრივია რ > ჯ პროცესი სიტყვის ბოლოს: ხარი > ხოჯი, ქმარი > ქომონჯი...) ფორმების კონტამინაციით მივიღეთ კოლარაჯ- ფორმა, რომელმაც მოგვცა კლარჯ- ფუძე; ასევე, არაა გამორიცხული, -რ ფონეტიკურ ჩანართად მივიჩნიოთ: კოლარ- > კოლაჯ- > კლაჯ- > კლარჯ- (საკითხი შემდგომ კვლევას ითხოვს).

კორაქსები - ძვ.წ. VI საუკუნეში მოღვაწე ჰეკატა~ოს მილეტელის ცნობით, კორაქსები კოლხური ტომია (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.43).
სკილაქს კარიანდელი (ძვ. წ. VI-V ს.) კორაქსებს ასახელებს ჰენიოხების შემდეგ (თ. ყაუხჩიშვილი, 1967, გვ. 47). კორაქსებს ახსენებს ფსევდო-სკლაქსიც (ძვ. წ. IV ს.); მისი აზრით, კორაქსები ცხოვრობენ ჰენიოხებზე სამხრეთით და კოლებზე ჩრდილოეთით შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამათზე კიდევ უფრო სამხრეთით არის ტომი კოლხებისა და მის ტერიტორიაზეა დიოსკურისი. ასე რომ, ამ ავტორის თანახმად, კორაქსების ტომი თანამედროვე სოხუმზე უფრო ჩრდილოეთით არის ნავარაუდევი (თ. ყაუხჩიშვილი, 1969, გვ.10). კორაქსები და კოლები დაახლოებით დღევანდელი ბზიფის (კლავდიოს პტოლემა~ოსის მიხედვით, მდინარე კორაქსის) შესართავის რაიონში არიან საგულვებელი (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 83; იხ. აგრეთვე ნ. ლომოური, 1963, გვ. 22).
შდრ., არისტოტელეს (ძვ. წ. 384-322) "მეტეოროლოგიაში" ვკითხულობთ:
"კავკასიონის ქვემოთ არის ტბა (კასპიის ტბა), რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ზღვას უწოდებენ. რადგან ამ ტბას მრავალი და დიდი მდინარე ერთვის და ცხადი გამოსავალი კი არა აქვს, იგი მიწის ქვეშ მიედინება კორაქსებისკენ და გამოდის პონტოს ე.წ. სიღრმეებთან (თ.ყაუხჩიშვილი, 1969, გვ.36); არისტოტელე არ საზღვრავს მათს საცხოვრისს და არც მათ ეთნიკურობას, ვინაიდან, ჩანს, რომ მის მკითხველ თუ მსმენელ საზოგადოებას ამისი საგანგებო ახსნა არ სჭირდებოდა" (თ.ყაუხჩიშვილი, 1969, გვ.10). სტეფანე ბიზანტიელი (IV-VII ს.) თავის "გეოგრაფიულ ლექსიკონში", ჰეკატეს "აზიის" კვალად, კორაქსებს მიიჩნევს კოლხურ ტომად (შდრ., მისთვის ლაზები სკვითური ტომია; გეორგიკა, 1936, გვ.280-281); ამავე ავტორის მიხედვით, "კერკეტების ზემოთ ცხოვრობენ მოსხები და ქარიმატები, ხოლო ქვემოთ ჰენიოხები და კორაქსები..." (გეორგიკა, 1936, გვ.289).
ივ. ჯავახიშვილის აზრით, კორაქს- ფუძე დაიშლება კორ- ძირად და -ქს- სუფიქსად, სადაც, -ქს- იგივე "საკვეცი" -ხ- არის, რაც გვაქვს კოლ-ხ- ფორმაში (ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ.411).
ლოგიკურია კოლ-, კორ- ფუძეების, ასევე, კოლხების, კოლაელების, კორაქსების, გვიანდელი კლარჯების საერთო წარმომავლობის საკითხის დასმა; ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ უკვე ჰეკატა~ოსის დროს კორაქსები, კოლები და კოლხები მონათესავე, მაგრამ სხვადასხვა ტომები არიან; შდრ.: სხვა შემთხვევებშიც მონათესავე ქართველურ ტომებს ერთი ფუძიდან ნაწარმოები მსგავსი სახელები აქვთ (იხ.: სანი, ზანი, ჭანი... ხალიბი, ქალდი, ხალდი, კარდუხი...).

კარდუხები - ქსენოფონტეს ცნობით, ეს მეომარი და უბატონო ტომი ებრძვის როგორც ბერძნებს, ასევე სპარსელებსა და არმენებს; მათი საცხოვრისი ამ დროს მიუვალ მთებშია: "მოლაშქრეებმა ტყვეებისგან გაიგეს, რომ თუ ისინი შეძლებენ კარდუხების მთების გადალახვას და მდინარე ტიგროსის სათავეებზე გადასვლას, მივლენ არმენიაში" (ქსენოფონტე, 1976, გვ. 63-66, 74-75).
კარდუხებით დასახლებული ტერიტორიის საზღვრებია: ჩრდილოეთით - თანამედროვე ბოტან-ჩაი, დასავლეთით - ტიგროსი, სამხრეთით - თანამედროვე ქურთისტანის მთიანეთის დასავლეთი ნაწილი.
ბერძნულ-რომაულ წყაროებში კარდუხების სახელის ვარიანტებია: გორდუენო~ და ჩორდუენი (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 52). ტომი კარდუენები ამავე ტერიტორიაზე დასტურდება მოგვიანებითაც; იხ., მაგ., პეტრე პატრიკიოსი (VI ს.): რომაელებსა და სპარსელებს შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი სადავო საგანი იყო ქვეყანა კარდუენე (მას რომაელები ითხოვდნენ), რომელიც ტიგროსის სათავეებთან მდებარეობდა (გეორგიკა, 1936, გვ.193)...
კარდუ/კარდუ-ხ- ფუძესთან აკავშირებდა ქართუ(-ელ-) ფუძეს ივ. ჯავახიშვილი (1960, გვ.411-412); კარდუ- ფორმას ხალდ- ფუძისგან მომდინარედ თვლის ა.სვანიძე (ა.სვანაძე, 1937, გვ.14); შდრ., უფრო ადრე, ქართუ-ელ- ფორმას ქალდ-ე (ქალდეა) სახელთან აკავშირებდა ილია ჭავჭავაძე: "ძალიან ჭკუასთან ახლოა და ადვილად საფიქრებელი, რომ ლურსმულ წარწერებში მოხსენიებული "ქალდი", "ქალდისი" იგივე "ქართლისი" იყოს..." (ი. ჭავჭავაძე, 1941, გვ.376).
ქსენოფონტეს მიერ დადასტურებული კარდუხები მეცნიერთა ერთი ჯგუფის მიერ ქურთთა წინაპრებად მიიჩნევა; ამგვარ დაკავშირებას სხვები უსაფუძვლოდ თვლიან და კარდუხებს ქართველთა წინაპრებად მიიჩნევენ (მსჯელობისათვის იხ. ა.სვანაძე, 1937, გვ.14; შ.გაბესკირია, 2003). ვფიქრობთ, უფრო ლოგიკურია, ინდოევროპელ ტომებთან მებრძოლი კარდუხები და მათი მეზობელი ხალდები მონათესავე ტომებად განვიხილოთ: ძველ ბერძნულ წყაროებშივე ხალდები ქართველურ ტომად ითვლება (იხ. ქვემოთ), ხოლო ძველ სომხურში კორდუ-კ ქართველთა აღმნიშვნელი ეთნონიმია (იხ. შ.გაბესკირია, 2003). პრობლემა შემდგომ კვლევას ითხოვს.

თაბალები, თობელები - ძვ.წ. IX-VII საუკუნეების ასურული წყაროების თაბალის ქვეყანას (თა-ბა-ლუ) მკვლევართა უმრავლესობა ანტიკური ხანის დიდ კაბადოკიაში ათავსებს; მაგ., ბ.ლანდსბერგერის ვარაუდით, თაბალი მდებარეობდა ძველი მაზაკას, დღევანდელი კაისერის რაიონში - სამხრეთ-დასავლეთ კაბადოკიაში; მიჩნეულია, რომ თაბალების სახელი ასახულია ბიბლიური ეთნარქის - თუბალ-/თობელის სახელში (შესაქმე, IV,22; X,2; XI, 28).
ისტორიულ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს მტკიცებულებანი, რომ თუბალ/თობალის ჩამომავალნი არიან ტიბარენები, ტიბარები, იბერები ანუ ქართველები (იოსებ ფლავიუსი, ვივიან დე სენ მარტენი, ნ.მარი, ი.ჯავახიშვილი, პ.ინგოროყვა... მსჯელობისათვის იხ.: ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ.22-23; ს.ჯანაშია, 1959).
თაბალებსა და ტიბარენებს სხვადასხვა ხალხებად მიიჩნევს ნ.ხაზარაძე (შდრ.: თაბალი - გვიანდელი ხეთური პოლიტიკური გაერთიანება მცირე აზიაში); მისი აზრით, ასურული თაბალ-, ძველებრაული თუბალ- და ძველ ბერძნულად ნათარგმნ ბიბლიაში დამოწმებული თობელ- შეუძლებელია ქართველური დიალექტური (შესაბამისად, ქართულ-სვანურ-მეგრული) ვარიანტები იყონ, ვინაიდან იდენტურ სახელთა მსგავსი ვარიანტულობა ხშირია ასურულ, ხეთურ, იეროგლიფურ-ლუვიურ, ძველ ებრაულ და ძველ ბერძნულ ენებში; მაგ., შდრ.: ასურული გამირ-, მუშქუ და ძველბერძნული გომერ-, მეშეჰ-; ხეთური კუმმანი და ასურული კამმანუ; ხეთური თეგერმა და ძველბერძნული თოგორმა...
ნ.ხაზარაძის ლოგიკური დასკვნით, "თაბალისათვის ნავარაუდევი ტერიტორია ძველთაგანვე ხეთურ-ლუვიური ტომების გავრცელების არეალში შედიოდა" (ნ.ხაზარაძე, 1978, გვ.64, 82; ნ.ხაზარაძე, 2001; აქვე იხ. საკითხის შესწავლის ისტორია). საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ თუ ბიბლიური მეშეჰი და თობელი სხვადასხვა ხალხების წინაპრებად ივარაუდებიან: ბიბლიის განმმარტებელნი თობელის შთამომავალთ იბერებთან აიგივებენ, იმ იბერებთან, რომლებიც, ამავე დროს, მკვლევართა აზრით, ტიბარენების ჩამომავლები არიან. საინტერესოა ისიც, რომ ქალაქი მაზახა/მაზაკა, რომელიც მუშქთა/მოსხთა დედაქალაქად მოიაზრება, მასალობრივად აშკარად უახლოვდება *მასხ-/მასახ-/მესხ- ფუძეს; ნ.ხაზარაძის დასკვნით კი, სწორედ ამ ქალაქის სიახლოვეს ცხოვრობდნენ თობალებიც.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნულ-ბიზანტიური წყაროების თობელები/თეობელები და ქართული თარგანების თოვილები სახელდებიან მხოლოდ ბიბლიურ კონტექსტში; კერძოდ: იოსებ ფლავიუსი (I ს.): "... თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ" (გეორგიკა, 1961, გვ.34; შდრ., XII საუკუნის ქართული თარგმანი: "დაამკვიდრებს უკუე თოვილისსა თოვილთასა, რომელნი აწ ივირად იწოდებიან"); ევსტათი ანტიოქელი (280-360 ): ობელისგან წარმოიშვენ თეობელები, დღეს რომ იბერები ეწოდებათ (გეორგიკა, 1961, გვ.34); ლეონ გრამატიკოსი (XI): "... თობელისგან - თობელები, ახლანდელი იბერები, მესოხისგან - მესხენები, ახლანდელი კაბადოკიელები" (თ.ყაუხჩიშვილი, 1983, გვ.49)... შდრ., გიორგი სინგელოზი (VIII-IX): თობელისაგან წარმოდგნენ თეტალიელები, ხოლო მოსოხისგან - ილირიელები (გეორგიკა, 1941, 61-62)... ჩვენი აზრით, კვლევის ამ ეტაპზე უპასუხოა კითხვა: თაბალები ინდოევროპული ტომია თუ ქართველურ-კავკასიური?

ტიბარენები/ტიბარენი - ჰეკატა~ოს მილეტელის (ძვ.წ. 549-472) მიხედვით, ტიბარები ცხოვრობდნენ თანამედროვე ორდუს მიდამოებში (თ.ყაუხჩიშვილი, 1978, გვ.44). ჰეროდოტეს (ძვ.წ. 484 -425 ) ცნობით, მეფე დარიოსისგან (524-485) "მოსხებს, ტიბარენებს, მაკრონებს, მოსინო~კებსა და მარებს შეწერილი ჰქონდათ 300 ტალანტი" (ჰეროდოტე, 1975, გვ.226).
ქსენოფონტემ (ძვ.წ. IV ს.) ტიბარენები ნახა მოსინოიკებს დამორჩილებული ხალდების მეზობლად, შავი ზღვის სანაპიროზე; მისი რწმუნებითაც ტიბარენების ქვეყანაში იყო ელინთა ახალშენი კოტიორა/ორდუ (თ.მიქელაძე, 1967, გვ.106-107). ფსევდო-სკილაქსი ტიბარენებს მოსინიკების მეზობლად ასახელებს (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 84-85).
აპოლონიოსი (ძვ.წ. 295-215) ტიბარენთა ქვეყანას ათავსებს ხალიბების (/ხალდების) ჩრდილოეთით (ა.როდოსელი, 1975, გვ.107).
სტრაბონის მიხედვით, ტიბარენები ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ ცხოვრობენ, ხალდ-ხალიბებსა და სანებთან ერთად (აქვეა მოსხური მთები, რომლებიც კოლხიდის ზემოთ მდებარეობენ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 146).
დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. I ს.) ტიბარენებს ასახელებს მოსვინოიკების შემდეგ: კარდუხები, არმენიელები, ხაები (ე.ი. ტაოხები - თ.ყაუხჩიშვილი), ფასიანები, ხალდები, სკიტინები, მაკრონები, კოლხები, მოსვინოიკები, ტიბარენები (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.124).
მაცხოვრის წყალობით ველურობიდან გამოსულ ტომთა შორის ასახელებენ ტიბარენებს ევსევი კესარიელი (260-340 ) და თეოდორიტე კვირელი (393-457 ).
შავი ზღვის სანაპიროების აღწერის დროს ამიანე მარცელინე (IV ს.) წერს: მდინარე ჰალისის აუზში ცხოვრობენ: ხალიბები (სტრაბონის აზრით, იგივე ქალდეები, რომლებმაც პირველად მოიპოვეს და დაამუშავეს რკინა), ბიზერები, საპირები, ტიბარენები, მოსინიკები, მაკრონები... "რომლებიც ჩვენთვის სრულიად უცნობნი არიან" (გეორგიკა, 1961, გვ.110-111). სტეფანე ბიზანტიელის მიხედვით, ქვეყანა ტიბარენია არის პონტოში, ხალიბებისა და მოსინიკების მეზობლად (გეორგიკა, 1936, გვ.285)...
ბერძნულ-რომაულ წყაროებში არსადაა მითითებული, რომ ტიბარენები და იბერები ერთი და იგივე ხალხია; ი. ჯავახიშვილისა და ს. ჯანაშიას კვლევების შემდეგ ტიბარებისა და იბერების იგივეობა ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში საყოველთაოდ მიღებულია; ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია ტიბერ-ენ-/ტიბარ- და იბერ- ფუძეების საერთო წარმომავლობის დაშვებაც (ტიბერ-/ჰიბერ-/იბერ-?) და ამ ტომთა ნათესაობაც (და არა იგივეობა): აშკარაა, რომ ტიბარენებიც და იბერებიც ქართველურ ტომთა განსახლების ველში ცხოვრობენ და ისინი ქართველურ ტომებად უნდა მივიჩნიოთ.

სასპე~რები, სვისპირიტები, იბერები (იბერია/კავკასიის იბერია) - ჰეროდოტეს მიხედვით, სასპე~რები ცხოვრობდნენ კოლხიდასა და მიდიას შორის:
"კოლხიდიდან მიდიაში გადასასვლელი დიდი არაა, მხოლოდ ერთი ტომია ამ ქვეყნებს შორის, ესაა სასპეირების ტომი" (ჰეროდოტე, 1975, გვ.76). რამდენადაც ჰეროდოტესთან საერთოდ არაა ნახსენები იბერები, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სასპე~რები იგივე ჰიბერები/იბერები არიან (ი.ჯავახიშვილი, ს.ჯანაშია...). ჰეროდოტესთანვე სასპეირები, მატიენები (მითანელები) და ალაროდიელები (ურარტუელები) გვერდიგვერდ მოიხსენიება; შდრ., ტომთა მეორე ჯგუფი: მოსხები, ტიბარენები, მაკრონები, მოსინო~კები და მარები (იხ. იქვე, გვ.227)... ეს ცნობები ხელს შეუშლის ჰიბერების, ტიბარენებისა და სასპეირების იდენტიფიკაციას; ტიბარენები და სასპეირები აშკარად სხვადასხვა ქართველური ტომია, ხოლო სასპე~რებისა და იბერების იგივეობის დაშვება შესაძლებელია; იხ., მაგ., ს.ჯანაშია:
სასპე~რებით დასახლებული ტერიტორია რომაულ ხანაში სისპირიტად იწოდებოდა; იგი მოიცავდა იბერია-ქართლის სამეფოს ტერიტორიასაც; მხოლოდ, მისი პოლიტიკური ცენტრი მცხეთა-არმაზის რაიონის სამხრეთით არის საძიებელი. სასპე~რ-იბერები ცხოვრობდნენ არაქსის ხეობაში, ჭოროხის ხეობის ზემოთა ნაწილშიც და ევფრატის სათავეებშიც (ს. ჯანაშია, 1952, გვ.21, 101; მსჯელობა იხ., აგრეთვე, ქვემოთ).
შდრ., ქსენოფონტეს მიერ დასახელებულ ჰესპერიტებსა და სტრაბონის სვისპირიტებს სასპეირებთან აკავშირებდა პ.ინგოროყვა (პ.ინგოროყვა, 1957, გვ.506-507; იხ., აგრეთვე, თ.მიქელაძე, 1967, გვ.145-146; გ.ქავთარაძე, 1985, გვ.133-134).
გ.მელიქიშვილის აზრით, სასპე~რები იგივე ტაოხები არიან (გ.მელიქიშვილი, 1959, გვ.268), თ.მიქელაძისა და ვ.ლიჩელის აზრით კი, დასავლურ-ქართული, კერძოდ, მეგრულ-ჭანური ენის მქონე ეთნიკური ჯგუფია (თ.მიქელაძე, 1967, გვ.129; ვ.ლიჩელი, 2001, გვ.23); აქვე აღვნიშნავთ, რომ ვ.ლიჩელის აზრით, სასპე~რიტებს უნდა შეექმნათ "პროტოქართული ასო-ნიშნები", რომლებიც ძვ.წ. IV საუკუნეში შევიდა კოლხეთსა და იბერიაში (იქვე, გვ.19-25).
ისტორიული დოკუმენტებიდან აშკარად ჩანს, რომ სასპე~რები/სვისპირიტები კარდუხებისა და ტაოხების მეზობლად ცხოვრობენ; შდრ., ქსენოფონტეს ცნობით, ჰესპერიტები/ესპერიტები ფასიანთა მეზობლები არიან და ორივეს ერთი მმართველი - ტიბარიზი ჰყავთ (თ. მიქელაძე, 1955, გვ. 24-27); ჰესპერიტები ბერძნული Hესპერა-ს მიხედვით წარმოქმნილი წარმომავლობის სახელი ჩანს და დასავლეთ არმენიის მოსახლეობას აღნიშნავს (გ. ქავთარაძე, 1985, გვ. 132).
ვფიქრობთ, ისტორიული ტოპონიმებიც (ტაო და სპერი/ისპირი) ცხადყოფენ ტაოხებისა და სპერების ცალ-ცალკე არსებობას; შეუძლებელია სპერების მეტყველების გამოცხადება ლაზურ-მეგრულად, რამდენადაც, პირველ რიგში, დასასაბუთებელია, საერთოდ იყო თუ არა ამ დროს მეგრულ-ჭანური; მეორეც, თუკი კოლხური ტომები მხოლოდ მეგრულ-ჭანურად მოლაპარაკე მოსახლეობის წინაპრებია და ჰეროდოტეს მიერ დასახელებული მეორე დიდი ხალხიც - სასპეირებიც მეგრულ-ჭანურად მეტყველებენ, კავკასიასა და წინა აზიაში სხვა ქართველური ტომების ადგილი საერთოდ აღარ გვრჩება (ჰეროდოტე: ზღვიდან ზღვამდე ცხოვრობენ: სპარსელები, მიდიელები, სასპე~რები, კოლხები)...
სასპეირების გვიანდელ სახელად, სავარაუდოა, განზოგადდა ტერმინი იბერები, რომელიც ადრე ერთი პატარა ტომის სახელი უნდა ყოფილიყო.
ძვ.წ. IV-III საუკუნეების ისტორიკოს მეგასთენეს "ინდიკას" მიხედვით, ნაბუქოდონოსორ II (ძვ.წ. 605-562) იბერები პირინეიდან აყარა და პონტოს მარჯვნივ დაასახლა; სავარაუდოა, ამ შემთხვევაშიც "იბერებში" კოლხებიც იგულისხმებიან. სტრაბონის ცნობით (XI,2,18), იბერები ცხოვრობენ კავკასიონიდან ვიდრე არმენიამდე და კოლხიდამდე (იბერების შესახებ იხ. ქვემოთ); იბერიაში არის პატარა ქალაქი ფრიქსიპოლოსი, გვიანდელი იდესა ანუ ოძრხე.
საყურადღებოა ტერმინ იბერიას სპარსული ვარიანტები:
ძვ.წ. III საუკუნეში ძველ სპარსულად (პართულად) საქართველო (ივერია) იხსენიება როგორც ვირშან/ვირჩან, ხოლო საშუალ სპარსულში - ვ.რუჩKნ; შდრ., შაპურ I სამენოვან წარწერაში სპარსულის პარალელურ ბერძნულ ტექსტში გვაქვს - იბერიას (გ.წერეთელი, 1993, გვ.98).
სტრაბონის აზრით, იბერების მონათესავენი არიან აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მკვიდრი სარმატები და სკვითები (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.145-149); შდრ., ამავე პერიოდში ბერძნები წერდნენ, რომ მოსხების ქვეყნის ერთი ნაწილი აქვს იბერებს.
სტრაბონის (და მითრიდატეს ისტორიკოსების) შემდეგ უცხოური წყაროები დღევანდელ აღმოსავლეთ და ისტორიულ სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს, ძირითადად, იბერიის/ივერიის სახელით (ან მისი ფონეტიკური ვარიანტებით) მოიხსენიებენ; ამავე პერიოდიდან დასავლეთი და ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთი საქართველო ლაზიკად იწოდება. ისტორიული, თუნდაც ფარნავაზისდროინდელი ქართლის ამგვარი დანაწევრების საფუძველია სპარსეთისა და რომის მიერ საქართველოს განაწილება და არა საკუთრივ ქართული რეალობა.
ჩვენი აზრით, წელთაღრიცხვათა მიჯნიდან ტერმინები: იბერია/იბერები და ლაზიკა/ლაზები ბიზანტიურ წყაროებში პოლიტიკური ვითარების ამსახველი იყო და არა ეთნიკური სინამდვილისა; შდრ.:
იოსებ ფლავიუსისთვის ბიბლიური თობელის (თოვილის) კუთვნილი ტერიტორია არის იბერია/ივირი; კლავდიოს პტოლემაიოსი (100-178 ) კი იბერიის საზღვრებს ასე წარმოადგენს:
ჩრდილოეთით სარმარტია, დასავლეთით - კოლხიდა (სურამის ქედი), სამხრეთით - დიდი არმენია, აღმოსავლეთით - ალბანია (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.149).
აპიანეს (90-170) ცნობით, იბერებმა 70 000 კაცი დაახვედრეს პომპეუსს მტკვართან (აპიანე, 1959, გვ.199). დიონისიოს პერიეგეტის (II ს.) "მსოფლიოს აღწერილობაში" თანამედროვე ჭოროხის ჩრდილო-აღმოსავლეთით კასპიისა და შავ ზღვებს შორის არსებულ ყელში ცხოვრობენ აღმოსავლეთის იბერები; შდრ., მისი რწმენით, ჰენიოხები და ძიგიები პელაზგების ჩამომავლები არიან, ხოლო კოლხები - ეგვიპტელების (თ.ყაუხჩიშვილი, 1967, გვ.149-151). შდრ., სოკრატე სქოლასტიკოსი (380-440): "ეს იბერები ცხოვრობენ ევქსინის პონტოსთან; ესენი გამოსულები არიან ისპანიის იბერთაგან" (გეორგიკა, 1961, გვ.229-230); შდრ., აგრეთვე, სტეფანე ბიზანტიელი: "იბერია ორია, ერთი ჰერაკლეს სვეტებთან, მდინარე იბერისაგან ატარებს სახელს; მას იხსენიებს აპოლოდორე... მეორე იბერია სპარსელების გვერდითაა. ეთნიკურია იბერები, როგორც პიერები, ბიზერები" (გეორგიკა, 1936, გვ.278-279).
იპოლიტე რომაელი (III ს.) იბერებს ათავსებს კაბადოკიელთა გადაღმა, მარჯვენა მხარეს:
"მარჯვენა მხარეებში ცხოვრობენ არმენიელები, იბერები და ბერანები, ხოლო მარცხენა მხარეებში, სკვითები, კოლხები და ბოსპორელები" (გეორგიკა, 1961, გვ.19). შდრ., გელასი კესარიელი (IV ს.): "იმავე ხანებში ღმერთის ცნება მიიღეს პონტოს გასწვრივ მდებარე მიწა-წყალზე მცხოვრებმა იბერებმა და ლაზებმა, რომელთაც ღმერთი არ სწამდათ" (გეორგიკა, 1961, გვ.186). იბერიის ამგვარ მდებარეობას ადასტურებს ეპიფანე კვიპრელი (314-403 ), თემისტიოსი (317-338 ), ევსევი კესარიელი (260-340 ), არმენიელი აგათანგელოსი (IV ს.), ამიანე მარცელინე (IV ს.), ერემია სოზომენე (V ს.), რუფინუსი (V ს.), თეოდორიტე კვირელი (393-458 ), მენანდრე პროტიქტორი (VI ), გიორგი ამარტოლი (IX ს.).
განსაკუთრებით საყურადღებოა ნიკიფორე ქსანთოპულოსის (XIII-XIV ს.) ცნობა, რომელიც იბერიად მიიჩნევს დასავლეთ საქართველოს ნაწილსაც:
"იმ მხარეში, სადაც არის დიდი სებასტოპოლისი, აფსარის ციხე, პისის ნავსადგური და მდინარე ფაზისი, მოსახლეობენ იბერიელები, სუსები, ფუსტელები და ალანები"; შდრ., აგრეთვე: "ხოლო იგი ანდრია წამოვიდა ამისოდან და მოვიდა ტრაპეზუნტში, ლაზიკას ქალაქში... იქიდან წამოვიდა და შეჩერდა იბერიაში; მას შემდეგ, რაც მან ზღვის პირას მცხოვრებნი მრავალნი განანათლა, ის ჩავიდა იერუსალიმში" (გეორგიკა, 1967, გვ.113-114); აქვეა ს.ყაუხჩიშვილის შემდეგი კომენტარი:
"ამრიგად, დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ უაღრესად შემცდარია დღემდე მოქმედი თეორია დასავლეთ საქართველოს ეთნიკური შემადგენლობის შესახებ: დასავლეთ საქართველო დასახლებული იყო არა მარტო მეგრულ-ჭანური ტომებით, არამედ იბერებითაც (გვ.117). შდრ., აგრეთვე, ლაონიკე ხალკოკონდილე (XV ს.): იბერია გადაჭიმულია ეგრეთწოდებულ ბათუმიდან და მდინარე ფაზისიდან ვიდრე ახალციხემდე; ისტორიკოსის აზრით, იბერიაში შედის სამეგრელოც, გურიაც... (გეორგიკა, 1970, გვ.91).
საყურადღებოა კიდევ ორი ცნობაც: სტრაბონთან დამოწმებული გადმოცემით (სტრაბონი, 1964, გვ. 473: XI, II, 19; თ.ყაუხჩიშვილი, 1957, გვ. 126; შდრ., მიუშენკოს თარგმანი: სტრაბონი, 1879, გვ. 507), ოქროს საწმისი აღმოსავლეთის იბერთა ქვეყანაში, კერძოდ, სვანთა მხარეშია; ხოლო დედის მხრიდან აბაზგური (მეგრულ-ჭანური? - ტ.ფ.) წარმომავლობის იოვანე ცეცეს აზრით, იბერების ტომისანი არიან აბაზგებიც (გეორგიკა, 1967, გვ.23).
თუკი ვერწმუნებით სამეცნიერო ლიტერატურაში არსებულ მტკიცებებს (იხ.: ი. ჯავახიშვილი, 1908, გვ.23; ი. ჯავახიშვილი, 1950, გვ.18; ს.ჯანაშია, 1959, გვ.48) და დავუშვებთ, რომ ძველ ქართულ წყაროებში მოხსენიებული ქართული პროვინცია სპერი/ისპირი (შდრ., "ქართლის ცხოვრება": მდინარე სპერი - ჭოროხი; სპერის ზღვა - შავი ზღვა), ჰეროდოტეს მიერ ნახსენები თემონიმი სასპე~რები, ქორონიმი იბერია და საქართველოს სპარსული სახელწოდება ვირშან/ვირჩან საერთო წარმომავლობის ფუძეებია, მაშინ იბერიის ქართულ ვარიანტად და, საერთოდ, წარმოდგენილ ვარიანტთა ამოსავალ სახედ უნდა დავსახოთ სწორედ სპერი (შდრ., სპერი/ისპირი ჭოროხის ერთ-ერთი სახელია; ს.ჯანაშია, 1952, გვ.274). შესაძლოა, დროის გარკვეულ მონაკვეთში, მეზობლებმა სპერი - ერთი ქართული მხარის/ტომის სახელი - განაზოგადეს ქართველთა ზოგად სახელად.
წარმოდგენილ ანალიზს მხარს დაუჭერს სპერ-, იბერ- ბერ-, ვერ-... ფორმების ფონეტიკურ ვარიანტებად მიჩნევის შესაძლებლობაც; კერძოდ: ლოგიკური სქემის მიხედვით, სპერ- ფუძისგან კანონზომიერად ქართულშივე შეიძლებოდა მიგვეღო, ერთი მხრივ:
სპერ > ~პერ > ~ბერ/იბერ (ს > ~ > ი, ს > ~ს/~ჰ და ს > ჰ > 0 პროცესები ბუნებრივია ქართველური დიალექტებისათვის), მეორე მხრივ:
სპერ > ჰპერ > ჰბერ > ბერ/Eერ/ვერ/ვირ;
შდრ.: სპარსულ-სომხური ვარიანტები: ვერია/ვირქი/ვრკან/ვირქან/Eარუჩან, გურგან, გურჩ/გურჯ (აქედან კი, აზიური თუ ევროპული სხვა ვარიანტები: გეორგია, ჯეორჯია, გურჯისტან, გრუზია; შდრ., აგრეთვე: არაბული წყაროების ჯურზაანი/ჯურჯაანი და საქართველოს ერთი ქალაქის, რაიონის სახელი - გურჯაანი).
შდრ., გ.წერეთლის (1993) მიხედვით, ქართველთა სპარსულ-სომხური სახელი მომდინარეობს საერთოინდოევროპული ფუძიდან, რომელსაც ძველ სპარსულში შეესაბამებოდა ვრკა > ვირშან > ვარუჩ > გურჩან > გურგან > გურჯ; აქედანაა ნაწარმოები არაბული, სირიული, რუსული, ინგლისური და სხვა ვარიანტებიც).
სპერ- > ბერ- > ვერ-/ვირ- გზის დაშვების შემთხვევაში ნათელი გახდება სომხურ ვირ-ქ ფორმაში -ქ სეგმენტის არსი:
სომხური -ქ მომდინარე ჩანს კავკასიურ-წინააზიური ენობრივ ველში გავრცელებული -ხ- მორფემიდან, რომელიც კრებითობა-წარმომავლობა-მრავლობითობას გამოხატავდა; შესაბამისად, ვირ-ქ-ი, შდრ.: იბერ-ნ-ი, იბერ-ებ-ი. სომხური ფორმის ამგვარ წარმომავლობას ცხადყოფს სომხურშივე დადასტურებული ვერია ფორმაც, რომელიც ჯერ კიდევ ფსევდო მოვსეს ხორენეცის გეოგრაფიის მოკლე რედაქციაში დასტურდება.
შენიშვნა: პატრიარქ ნიკონის მატიანეში საქართველოს აღსანიშნავად ერთდროულად სხვა სამი ტერმინია გამოყენებული: კოლეხკია/კოლოხ, ივერი და გურზი (გ.პაიჭაძე, 1993). საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ ევროპაში საქართველოს სახელად ადრიდანვე იცოდნენ ბერძნულ-ლათინური (დასავლური) წარმომავლობის კოლხიდაც, მოსოხიც, იბერია (იხ., მაგ., გ.ზედგინიძე, 1993), მაგრამ, საბოლოო ჯამში, ევროპაშიც და რუსეთშიც საქართველოს სახელწოდებად დამკვიდრდა სპარსულ-არაბული (აღმოსავლური) ვარიანტი გურჯ/ჯურჯ/გეორგ- ფუძის სახით.
საპირები - საპირებს/საბირებს შუაგულ პონტოს მცხოვრებლებად თვლის სტეფანე ბიზანტიელი (გეორგიკა, 1936, გვ.284); შდრ., აპოლონიოს როდოსელის მიხედვით, საპირებსა და კოლხებს შორის მოსახლე ტომია ბიძერები (აპ. როდოსელი, 1975, გვ.91); საპირებიც იგივე სასპე~რების მოდგმისანი ჩანან.

ქუთები, კოიტები/კვიტები - "ანაბასისის" დასასრულს ქსენოფონტე ჩამოთვლის იმ ქვეყნების მმართველებს, რომლებიც ბერძენმა მოლაშქრეებმა გაიარეს; აქვე ასახელებს იმ ხალხებსაც, რომლებიც თავისუფალნი არიან; მათ შორისაა კო~ტები:
"კარდუხები, ხალიბები, ხალდები, მაკრონები, კოლხები, მოსინიკები, კო~ტები და ტიბარენები დამოუკიდებელნი არიან" (ქსენოფონტე, 1967, გვ.115).
პლინიუსი კო~ტების ტომს სავრომატების სიახლოვეს ასახელებს. მ.მაქსიმოვა კი მათ მცირეაზიელ ხალხად თვლის.
თ.ყაუხჩიშვილი ამ ხალხს ქართული მოდგმისად მიიჩნევს და მის სახელად აღადგენს ქუთ-/კვიტ- ფუძეს, რომლისგანაც მიღებულად მიაჩნია ქუთაისის სახელიც (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.58-59).
საყურადღებოა, რომ მოგზაურობის აღწერისას ქსენოფონტე კო~ტების შესახებ არაფერს ამბობს, მაგრამ მოსინოიკებსა და ტიბარენებს შორის ასახელებს ერთ ტომს, რომელიც ბერძნებისადმი მეგობრულად განწყობილია; მათაც ხალიბებს უწოდებს (შდრ.: მანამდე ქსენოფონტეს ჯარმა გამოიარა ბერძენთა მიმართ მტრულად განწყობილი, ტაოხების მეზობელი ხალიბების ქვეყანა). შესაძლოა, ქსენოფონტეს (ან მის რომელიმე რედაქტორს) მორჩილ-მეგობრული "ხალიბები" და კო~ტები ერთმანეთში აერია...
ასევე, ვერ გამოირიცხება, რომ კო~ტების აღმნიშვნელ სახელთან იყოს დაკავშირებული ამავე ტერიტორიაზე არსებული ქალაქი კოტიორა (გვიანდელი ორდუ). აქვე აღვნიშნავთ, რომ ქუთაისის სახელის ყველა ვარიანტის მორფოლოგიური ანალიზი (განსაკუთრებით სვანური ქუთ@შ << *ქუთა-ში << *ქუთა-იშ-ი) მხარს უჭერს ტოპონიმის ფუძედ ქუთა-ს (ბერძნული ფორმით: კოტა/კო~ტა) განხილვას (იხ. ქვემოთ).
პ.ინგოროყვას აზრით, შემთხვევითად არ უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ერთმანეთს ემთხვევა ჯიქეთში მდებარე "ძველი ლაზიკის" თემის სახელწოდება (ქუთასი/ქოთაში) და ამჟამინდელი ქალაქის - ქუთაისის - სახელი.
ვფიქრობთ, კო~ტები ფორმისთვის ამოსავალია *ქუთები; შდრ.: VI საუკუნის მოღვაწის - პროკოპი კესარიელის - ცნობით, ძველად ქუთაისს კო~ტაიონი ერქვა); შდრ.: მ.ინაძის მიხედვით, ქუთ- ფუძიანი სახელი კოლხთა მიწას, მხარეს აღნიშნავდა (მ.ინაძე, 1994, გვ.64).
წარმოდგენილი ქუთ- ფუძე შეიძლება გაცილებით ძველი დროიდან მომდინარეობდეს, კერძოდ, შეუსაბამობა არ იქნება, თუკი დავუშვებთ ვარაუდს, რომ ქუთ- ფუძე ძველი ხათების აღმნიშვნელი სახელის ფონეტიკური ვარიანტი იყოს: ხათ-/ქათ- > ქუთ- (შდრ.: *მას-ხ- /მოსხ-/მუსხ-...) საკითხს შემდგომი კვლევა ესაჭიროება.
მარები - ჰეკატა~ოს მილეტელთან (ძვ.წ. 549-472) დასტურდება მარების ტომი; მარები ცხოვრობენ მაკრონებსა და მოსინო~კებს შორის ტრაპიზონ-კერასუნტის რეგიონში (თ.ყაუხჩიშვილი, 1972, გვ.44); შდრ., გ. მელიქიშვილი: "მარები ცხოვრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი-ზღვისპირეთში, ჩრდილოეთ ანატოლიის მთებში" (გ.მელიქიშვილი, 1970, გვ.414). ჰეროდოტეს მიხედვით, მარებსა და კოლხებს ერთი მეთაური ჰყავდათ (ჰეროდოტე, 1975, გვ.435).
ბექე~რები - პირველად ჰეკატა~ოს მილეტელთან (ძვ.წ. 549-472) ვხვდებით ბექე~რებსაც; ბექე~რები სახლობენ ხოიებს (ტაოხებს?) და დიძერებს შორის რიზეს რაიონში; ბექეირებს იცნობს ფსევდო-სკილაქსიც (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.43-44, 81-86), დიონისიოს პერიეგეტიც (III ს.) და მრავალი სხვა.

ჰალიძონები, ხალიბები და ხალდები/ქალდები - ჰალიძონების ტომი დასტურდება ჰომეროსთან; მათი ქვეყანა ალიბე შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზეა საგულვებელი. სტრაბონის აზრით, ჰომეროსის ჰალიძონები, ხალიბები და ქალდები (რომლებიც ცხოვრობენ ტრაპიზონტისა და ფარნაკიის ზემოთ), ერთი და იგივე ხალხია (XII, 3,19-24). ეს აზრი გაზიარებულია თანამედროვე მეცნიერებაშიც (იხ., მაგ., თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.34-35).
ანტიკურ წყაროებში ხალიბები კოლხურ ტომადაა მიჩნეული (საკითხის მიმოხილვისათვის იხ., რ.გორდეზიანი, 1966, გვ.267); აღსანიშნავია ისიც, რომ ხალიბები/ჰალიძონები გაიგივებული აქვს სტეფანე ბიზანტიელსაც (გეორგიკა, 1936, გვ.288); ეს ტომები რკინის (ლითონის) დამუშავების პიონერებად მიიჩნევიან.
ვარაუდობენ, რომ ურარტულ წყაროებში მოხსენიებული დიდი გაერთიანება ხალიტუ ხალიბთა ტომების სახელმწიფო იყო (ი.დიაკონოვი, 1952, გვ.111; თ.მიქელაძე, 1967, გვ.109). ხალიბები გაიგივებულნი არიან ხალდებთან; ხალიბებს მოგვიანებით ჭანებად იხსენიებენ; მივყვეთ ისტორიულ ცნობებს ქრონოლოგიური თანამიმდევრობით:
ჰომეროსი (ძვ.წ. VIII ს.): "ჰალიძონები ეპისტროფოსს, ოდიოს მოჰყვნენ ვერცხლის შორეულ საბადოდან - ალიბეს მხრიდან" (ჰომეროსი, 1975, გვ.95). ტიბარენების მეზობლად ასახელებენ ხალიბებს ჰეკატა~ოს მილეტელი (ძვ.წ. VI ს.) და ფსევდო-სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.). ჰეროდოტეს მიხედვით, ხალიბები ცხოვრობენ მცირე აზიის ჩრდილო სანაპიროზე მისიებს, მარიანდინებსა და პაფლაგონელებს შორის (ჰეროდოტე, 1975, გვ.45, 660).
ქსენოფონტე (ძვ.წ. IV), სტრაბონისგან განსხვავებით, ხალიბებსა და ხალდებს სხვადასხვა ტომებად მიიჩნევს, კერძოდ: ბერძენმა მოქირავნეებმა ჯერ მძიმე ბრძოლებით გაიარეს კარდუხების ქვეყანა, შემდეგ მათ ვანის ტბის მეზობლად მცხოვრები ხალდები შეხვდნენ, შემდეგ ასევე მძიმე ბრძოლებით გაიარეს ტაოხებისა და ხალიბების ქვეყნები და შემდეგ, კერასუნტსა და ორდუს შორის ისევ შეხვდნენ მოსინო~კებს დამორჩილებულ და ბერძნებისადმი კეთილგანწყობილ ხალიბებს (წყაროებისა და მსჯელობისათვის იხ. თ.მიქელაძე, 1967).
შდრ., სტრაბონი: "ხალდები ძველად ხალიბებად იწოდებოდნენ" XI, 14,12; XII, 3,12).
ქსენოფონტე, როგორც თვითმხილველი, ბევრად სარწმუნო ცნობებს უნდა გვაწვდიდეს; ამდენად, ტერმინების: ხალიბებისა და ხალდების სინონიმებად მიჩნევა გაჭირდება (შდრ.: ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ.419; თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.147), მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე პორფიროგენეტი (912-959 ) ხალდიის თემის დედაქალაქად ტრაპეზუნტს ასახელებს (გეორგიკა, 1952, გვ.300).
უფრო ლოგიკური ჩანს, ვივარაუდოთ, რომ ხალიბები და ხალდები უკვე ქსენოფონტეს დროს ორი სხვადასხვა, მაგრამ მონათესავე ქართველური ტომია; არ არის გამორიცხული, რომ მათი სახელები ერთი სიტყვის ვარიანტები იყოს; ამოსავალი ფუძე ხალ-/ჰალ- საგულვებელია ტოპონიმ ხანძთაში (< ხალდ-თა) და მდინარე ჰალისის სახელშიც; ხალ-დ-, ჰალ-ის- და ხალ-იბ- ფორმებში ქართველური ენობრივი სამყაროს გარეთ საკვლევი დარჩება მხოლოდ -იბ- სუფიქსის საკითხი, თუკი გამოირიცხება, რომ -იბ არ მომდინარეობს ქართველური -ებ- კრებითობა-მრავლობითობის სუფიქსისგან (*ხალ-ებ-ი > ხალიბი); შდრ.: ხალ-დ-/ქალ-დ- ფუძეში -დ-/-ად- წარმომავლობა-კუთვნილებითობა-კრებითობის ისეთივე მაწარმოებელი შეიძლება იყოს, როგორც -ლ-/-ალ-/-ელ-, -ნ-/-ან-/-ენ-, -ს-/-ის-/-ეს- და სხვ. შდრ., აგრეთვე: ხარ- (ხარი) ფუძე და ხალდი/ქართუ - მამრობითი ღვთაება (ფუძეთა მიმართება საკვლევია).
ხალდები/ქალდები ცხოვრობდნენ ვანის ტბის მიდამოებშიც; ურარტუს დაცემის შემდეგ ამ ტერიტორიის ნაწილი დაიპყრეს მოსულმა არმენებმა. როგორც ჩანს, ამ პერიოდიდან ხალიბთა ცენტრი გადმოდის შავიზღვისპირეთში.
ხალიბებს იაფეტის შთამომავალ ტომად მიიჩნევს ბერძნული ტრადიცია (იხ., მაგ., გეორგიკა, 1961, გვ.13). ხალიბებს მეომარ და რკინის დამამუშავებელ ხალხად თვლიან აპოლონიოს როდოსელი, სტრაბონი, დიონისიოს პერიეგეტი (II ს.), ამიანე მარცელინე (IV ს.) და მრავალი სხვა.
საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება:
იოანე ცეცეს აზრით, სკვითური წარმოშობის ხალიბების ტომი ცხოვრობს ტრაპიზუნტთან ძალიან ახლოს; მათთან მოიპოვება საუკეთესო რკინა (გეორგიკა, 1976, გვ.27-37). აშკარაა, რომ ტერმინი სკვითები ამ შემთხვევაში ან ქართველურ-კავკასიურ ტომებს მიემართება, ან უცხო ტომთა ზოგადი სახელია (შდრ.: ბარბაროსი); რამდენადაც რომაულ-ბიზანტიურ წყაროებში სკვითებად იხსენიებიან კოლხებიც, მონღოლებიც, თათრებიც, ხვარაზმელებიც. ლოგიკურია სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული ვარაუდი, რომ სკვითები ზოგადი ტერმინია, მაგრამ გამოიყენება არა საერთოდ არაბერძენთა, არამედ, მოცემულ კონტექსტში, უცნობ ტომთა აღსანიშნავად.
ჩანს, მოგვიანებით, ზოგ უცხოურ წყაროში ტერმინები: ხალდები და ხალდია განზოგადდა ქართველურ ტომთა ერთი ჯგუფის აღსანიშნავად; იხ., მაგ., იოსებ გენესიოსი (X ს.): "შემდეგ შექმნა სახელგანთქმული საერთო ჯარი აგარიანთა, ინდთა, ეგვიპტელთა, ასირიელთა, მიდიელთა, აბაზგთა, ჯიქთა, იბერთა, კაბირთა, სლავთა, ჰუნთა, ვანდალთა და გეტთაგან და ყველა იმათგან, ვინც მანის მწვალებლობას იზიარებდა, აგრეთვე ლაზთა და ალანთაგან, ხალდთა და არმენიელთაგან და ყოველგვარ სხვა ტომთაგან შექმნა ჯარი და მთელ აღმოსავლეთში გაბატონდა".
შდრ., იოვანე საბანისძე: აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) შედის შავიზღვისპირეთი ქალდიის ქალაქ ტრაპიზუნტიდან ნიკოფსიამდე: "...საზღვარ არს ზღვა~ იგი პონტო~სა~, სამკAდრებელი ყოვლადვე ქრისტიანეთა~, მისაზღვრამდე ქალდია~სა, ტრაპეზუნტია~ მუნ არს, საყოფელი იგი აფსარეა~სა~ და ნაფსა~ს (ე.ი. ნიკოფსიის) ნავთსადგური..." (ქართული პროზა, I, გვ.128-129); იხ., აგრეთვე: გეორგიკა, 1952, გვ.232 და გეორგიკა, 1966, გვ.111 (ს.ყაუხჩიშვილის კომენტარი ანნა კომნენეს ცნობაზე, სადაც გაზიარებულია აზრი, რომ ხალდები ლაზურ-ჭანური ტომია).
შენიშვნა: ძვ.წ. VIII საუკუნის ეპიკოსის - ევმელოს კორინთელის "კორინთიაკაში" ნათქვამია, რომ ჰელიოსისა და ანტიოპეს ვაჟი აიეტი/აიეტესი იყო პელაზგური კორინთოს (იმავე ეფირეს) პატრონი; მას არ მოსწონდა კორინთო, ამიტომ წავიდა კოლხეთში (შდრ., ბერძნული თქმულებით, იაზონთან კონფლიქტის შემდეგ თავის მამისეულ სამემკვიდრეოში - კორინთოში - ბრუნდება მედეა). კოლხეთის მეფე აიეტის პელაზგურ წარმომავლობას ადასტურებს ეპიმენიდეც; კოლხებისა და პელაზგების ნათესაობის საკითხს სპეციალისტებიც ნდობით ეკიდებიან (იხ.: აკ. ურუშაძე, 1964, გვ.21-26; გ. ქავთარაძე, 1985, გვ.31...). ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით, აკ. ურუშაძე ასკვნის: ბერძნული (ინდოევროპული) ტომების სამხრეთ ევროპაში ჩამოსახლების პერიოდში პელაზგი მაკრისელები-მაკრონები, სხვა პელაზგური ტომების მსგავსად, ეგეოსის ზღვის რაიონიდან აყრილან და აღმოსავლეთით ჯერ მარმარილოს ზღვის, შემდეგ კი შავი ზღვის სანაპიროებისკენ გამოხიზნულან და იქ ძველთაგანვე დამკვიდრებული ნათესავი ტომების მეზობლად დაბინავებულან (აკ. ურუშაძე, 1964, გვ.135); შდრ., აპ. როდოსელი: მაკრიები - ტომი პელაზგური (აპ. როდოსელი, 1975, გვ.70); შდრ., მაკრისი (ევბეი) კუნძულია ეგეოსის ზღვაში. იხ., აგრეთვე, რ.გორდეზიანი: ჰალიძონ-ხალიბებიც, პელაზგების მსგავსად, ეგეოსის ზღვის აუზიდან უნდა იყვნენ გადმოსახლებულნი. მათ ერთიანობას ტროასთან, ეტყობა, ჰალიძონთა და ეგეოსურ ტომთა შორის არსებული ხანგრძლივი კავშირი განსაზღვრავდა (რ. გორდეზიანი, 1970, გვ.168). მაკრისელები-მაკრონები, ჰალიძონ-ხალიბები, ჰენიოხები (შდრ., დიონიოს პერიეგეტი: ჰენიოხები და ზიგიები - პელასგიდების ქვეყნის შვილები) და სხვა ქართველური ტომები ოდითგანვე მკვიდრად ჩანან მცირე აზიაში (არა მხოლოდ შავი ზღვის გასწვრივ!), ამდენად, ჩვენი აზრით, პელაზგურ ტომებთან ერთიანობა-სიახლოვე შეპირობებულია არა ეგეოსის ზღვიდან ქართველურ ტომთა გადმოსახლებით (თუმცა ტომთა ერთი ნაწილის მიგრაცია, შესაძლოა, მართლაც მოხდა!), არამედ პელაზგურ და ქართველურ ტომთა საერთო წარმომავლობით. ამ კონტექსტში უფრო ლოგიკური გახდება ს. ყაუხჩიშვილის მიერ აღნიშნული ფაქტის კომენტირება: კოლხურ-კავკასიური ხალხების მონათესავე ტროელებმა ელენე მოიტაცეს ადრე გატაცებული კოლხი მედეას სანაცვლოდ (შდრ., რ.გორდეზიანი, 1970, გვ.168).

მოსინო~კები, მასსინი/მოსსინები/მოსსვინი, ჰეპტაკომეტები - ჰეკატა~ოს მილეტელის თანახმად, მოსინო~კები ცხოვრობენ კერასუნტისა და ფარნაკიის მიდამოებში; ქსენოფონტეს ცნობით, მოსინო~კების ქვეყანა იყო მთაგორიანი, მაგრამ მათ ზღვაც ჰქონდათ; მოსინო~კების მეზობლები აღმოსავლეთით იყვნენ კოლხები და დრილები, დასავლეთით - მათივე ქვეშევრდომები, ხალიბები (თ.მიქელაძე, 1967, გვ.97, 103-105; თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.43, 58). მოსინო~კებს ასახელებს ჰეროდოტე (ძვ.წ. V ს.), ფსევდო-სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.), ევდოქსე როდოსელი (ძვ.წ. III ს.), აპოლონიოსი (ძვ.წ. III ს.), ფსევდო სკიმნოს ქიოსელი (ძვ.წ. II ს.), დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. I ს.), დიონიოს პერიეგეტი (II ს.), ეპიფანე კვიპრელი (314-403), ამიანე მარცელინე (IV ს.), სტეფანე ბიზანტიელი (IV-VII ს.)...
მოსინო~კებზე ვრცლად მსჯელობს სტრაბონი; მისი აზრით, ხალიბების მეზობლები - ჰეპტაკომეტები ცხოვრობენ ხის კოშკებში, ამიტომ მათ ძველად მოსსვინიკებს ეძახდნენ (მსჯელობისათვის იხ.: ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ.419; თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.146).
ბერძენი და რომაელი ავტორების რწმენით, მოსინო~კების სახელი მომდინარეობს ბერძნული მოსსუნ "ხის კოშკი" და ოიკოს "სახლი" სახელებისგან.
ივ. ჯავახიშვილის აზრით, "მოსსვინიკი" არის ქართველური წარმომავლობის სიტყვა: მო-/მა- თავსართია, სსვინ- იგივეა, რაც ჭან- (ჭანეთი) ფუძე, ხოლო -ი-კ- არის მრავლობითობის -ხ- სუფიქსის რეფლექსი (ივ. ჯავახიშვილი, 1908, გვ.25; ივ. ჯავახიშვილი, 1960, გვ.405; იხ., აგრეთვე, თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 56, 133, 146; აქვე იხ. მსჯელობა მუშვან- და მოსვინ- ფუძეების შესაძლო კავშირის შესახებ). ივ.ჯავახიშვილის მსჯელობას აგრძელებს ს.ჯანაშია (1959, გვ. 31, 60); მისი აზრით, სანიგ- ფუძე ამოსავალია მოსინიკ- ფუძისათვის; ამ უკანასკნელში გამოიყოფა მა-/მე-/მო-/მუ- საერთოქართველური პრეფიქსი (შრდ. სვანური დიალექტების მუ-/მH-), სინ-/სან- ძირი და -იკ- სუფიქსი. ქ. ლომთათიძე, იზიარებს რა ამგვარ ანალიზს, დამატებით არგუმენტად წარმოადგენს ქართველურ ენობრივ არეალში ს-ს გავლენით გ-ს კ-დ გამკვეთრების ლოგიკურობას (ქ. ლომთათიძე, 2000).
სახელწოდების ფუძის (სან-) ქართულობის გარდა, ნიშანდობლივია, რომ მოსინო~კები ქართველური წარმომავლობის ხალდებსა და კოლხებს შორის მტრობის გარეშე ცხოვრობენ (შდრ. კარდუხებისა და არმენების მძიმე თანაარსებობა). საყურადღებოა ისიც, რომ სტრაბონის დროს ამ ადგილებში ხალიბები ჩანან (ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ.419).
საკმარისი საფუძველი გვაქვს, ვივარაუდოთ: მოსინიკებიც ქართველურ-კავკასიური მოდგმის ტომია.

დიძერები, ბიძერები/ბიზერები, ბუზერები - ჰეკატა~ოს მილეტელთან (549-472) დადასტურებული დიძერები ცხოვრობენ მდინარე ჭოროხის სამხრეთით, დაახლოებით მდინარე ორხოფიდან მდინარე არხავემდე (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.44). ქსენოფონტე ბიძერებს საერთოდ არ ახსენებს, ხოლო იქ, სადაც მან კოლხები ნახა (ტრაპეზუნტ-კერასუნტის მიდამოები), 50 წლის შემდეგ ფსევდო-სკილაქსი აღწერს ბიძერების ტომს, რომლებიც კოლხთა უშუალო მეზობლები არიან; თ.ყაუხჩიშვილის აზრით, ამ ცნობათა განსხვავებულობა შეპირობებულია იმით, რომ ქსენოფონტეს დროს კოლხების სახელი აერთიანებდა იქ მცხოვრებ წვრილ-წვრილ ტომებს (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.81-84).
აპოლონიოს როდოსელი ბიძერებს საპირებსა და კოლხებს შორის მოსახლე ტომად მიიჩნევს (აპ. როდოსელი, 1975, გვ.91); სტრაბონი მათ ჰეპტაკომები-მოსინიკების გვერდით ათავსებს (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.146); დიონიოს პერიეგეტთან (II ს.) ბიძერები ბექირებისა და მაკრონების მეზობლები არიან (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.92). V საუკუნის ანონიმი ავტორი ბიზერებს ათავსებს აფსარის წყლიდან ვიდრე არქაბამდე (გეორგიკა, 1965, გვ.3).
თ.ყაუხჩიშვილის საყურადღებო შენიშვნით, ბიძერების სახელთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ტოპონიმი ვიწე; შდრ., გ. მელიქიშვილს ამ ტერმინის დანაშთად მიაჩნია საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული ოლქის სახელი ოძრხე (გ. მელიქიშვილი, 1970, გვ.382). ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია ვიწ- და ბიძ- ფუძეების კავშირი: ბიძ-ერ-; -ერ-/-არ- ქართველური კრებითობის სუფიქსია; შემდგომ დაკვირვებას საჭიროებს ბიზ-/ბიძ-, ბას-/ფას- (ფას-იან-ი) ფუძეთა მიმართება.
ბიძერების ქართველურ-კოლხური წარმომავლობა სადავო არ ჩანს. ჩვენი აზრით, ამ და სხვა შემთხვევებშიც საკამათოა დროის მოცემულ მონაკვეთში არსებული ყველა ტომის (ხალიბების, ტიბარენების, მოსვინიკების, დრილების...) მეტყველების მიჩნევა საკუთრივ ლაზურ-ჭანურად (შდრ., მაგ., ივ. ჯავახიშვილი, 1960, გვ.423). ვფიქრობთ, უფრო მართებული იქნება ითქვას, რომ ეს ტომები ლაპარაკობდნენ ძველ ქართველურ დიალექტებზე, რომელთა დიდი ნაწილი საერთოდ დაიკარგა, ნაწილი კი სხვადასხვა პლასტების სახით შემორჩენილია თანამედროვე ქართველურ დიალექტებში (მეგრულ-ჭანურში, სვანურში, მესხურში, მაჭახლურში, ტაოურში და ა.შ.).

ძიდრიტები - არიანეს მიხედვით, "მაკრონებისა და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან, ესენი ფარსმანის ქვეშევრდომები არიან" (ბერძენი მწერლები... 1983, გვ.158). ძიდრიტები პრიტანიდიდან (ფურტუნ-სუ) აფსაროსამდე ცხოვრობდნენ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.100); ნ.ლომოურის აზრით, ძიდრიტებს ეჭირათ დღევანდელი აჭარის ტერიტორია (ნ.ლომოური, 1968, გვ.10).
არიანეს თხრობაში ფარსმანის სამფლობელოს შავ ზღვამდე გავრცობის აღიარება მეტყველებს, რომ ფარსმანის მიერ აღდგენილი ქართლი მოიცავდა შავიზღვისპირეთსაც.

მაკროკეფალები, მაკრონები - ჰეკატა~ოს მილეტელი (549-472) მაკრონებს ასახელებს დიძერებსა და მარებს შორის; მისი აზრით, მაკრონები ცხოვრობდნენ ტრაპეზუნტის რაიონში.
ჰეროდოტეს (ძვ.წ. V) ცნობით, მაკრონები სირიელების მეზობლები არიან. ჰიპოკრატესთვის (460-356) ცნობილი მაკროკეფალები, იგივე მაკრონები, ცხოვრობენ ტრაპეზუნტისა და კერასუნტის მიდამოებში (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.63, 84).
ქსენოფონტე (435-355) მაკრონებს ასახელებს სკვითინებსა და კოლხებს შორის; მაკრონები და კოლხები სხვადასხვა ხალხია: მაკრონები ქსენოფონტეს ბერძენ მოლაშქრეებს ეხმარებიან, კოლხები კი - ებრძვიან; ქსენოფონტესვე ცნობით, ტერმინი მაკრონი ამ ტომის თვითსახელწოდებაა (ქსენოფონტე, 1967, გვ.86-87).
ჰეროდოტეს ცნობით, მაკრონებმა კოლხებისგან ისწავლეს წინადაცვეთა (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.43, 52, 63; ჰეროდოტე, 1975, გვ.156); შდრ., მაკრონები იგივე სანები/ჭანები არიან (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.100); შდრ., აგრეთვე, მაკრონებს აიგივებენ თანამედროვე მეგრელებთან. ეგრ- ძირთან აკავშირებენ პტოლემაიოსის მიერ დადასტურებულ ეკრიტიკე ფუძესაც (საკითხის მიმოხილვისათვის იხ. თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.55, 100)...
შეუძლებელია, მაკრონ- და ეკრიტიკ- ფუძეებით ნაწარმოები სახელები ერთსა და იმავე ქართველურ ტომს მიემართებოდეს ერთსა და იმავე ენასა და დროში, მით უმეტეს, მაკრონები ტრაპიზონში ცხოვრობდნენ, იმდროინდელი ეგრისი/ეკრიტიკეს ქვეყანა კი რიონსა და ღალიძგას შუაა; თუმცა, დასაშვებია ამ ფუძეთა საერთო წარმომავლობა (ოღონდ, არა როგორც ე.წ. ქართული და ზანური ვარიანტებისა!). თუმცა, თითქოსდა, წინააღმდეგობას ქმნის ის, რომ სხვა წყაროების მიხედვით, ჭანები აშკარად კოლხთა მემკვიდრენი არიან, აქ კი მაკრონები, სანები და კოლხები სხვადასხვა ტომია; ფაქტი ახსნადია: კოლხი ვიწრო გაგებით მხოლოდ ერთ ქართველურ ტომს აღნიშნავდა, ფართო გაგებით კი ბევრ ქართველურ ტომს აერთიანებდა.
შდრ., ფსევდო-სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.): ტრაპეზუნტი მაკრონების ელინური ქალაქია;
აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. III ს.): "ფილირებს ზემოთ მაკრონებია, მაკრონებს იქეთ ბექირთა გვარი, შემდეგ საპირთა ტომი, მათ გვერდით - ბიძერები და ზემოთ - მეომარ კოლხთა ტომები" (1975, გვ.90-91).
არიანეც სხვადასხვა ტომებად თვლის მაკრონებს, სანებს, კოლხებს, სანიგებს... (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.99).
დიონიოს პერიეგეტი (II ს.) მაკრონებს ე.წ. პონტოელ ტომებში ასახელებს: ბიძერები, ბეგირები, მაკრონები, ფილირები, მოსინიკები, ტიბარენები, ხალიბები; ესენი ცხოვრობენ "ევქსინის პონტოს სანაპიროზე, ფასისიდან დასავლეთისკენ, ვიდრე თრაკიის სრუტემდე"; თ.ყაუხჩიშვილის შენიშვნით, დიონიოს პერიეგეტის აზრი ეფუძნება ძველ ცნობებს (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.92).
მაკრონებს ასახელებს ამიანე მარცელინეც (IV ს.): "შავი ზღვის ნაპირზე ხალიბების შემდეგ ვრცელი მიწები უჭირავთ... ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს... ხალხებს, რომლებიც ჩვენთვის სრულიად უცნობნი არიან" (გეორგიკა, 1961, გვ.111).
მიუხედავად იმისა, რომ მემნონსა და სტრაბონს მაკრონების გვიანდელ სახელად სანები მიაჩნიათ, არიანე მათ მაინც გვერდიგვერდ ასახელებს, როგორც სხვადასხვა ტომებს:
ტრაპეზუნტიდან ძველ ლაზიკამდე (ნიკოფსიამდე) ცხოვრობდნენ: კოლხები, სანები, მაკრონები, ჰენიოხები, ძიდრიტები, ლაზები, აფსილები, აბასკები, სანიგები, ძილქები (იხ. თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.99); თავად არიანე სანებსა და ჭანებს მიიჩნევს სინონიმებად... ეს წინააღმდეგობრივი ცნობები, ერთი მხრივ, სათუოს ხდის მაკრონებისა და სან-ჭანების იგივეობას, მაგრამ, მეორე მხრივ, ცხადყოფს ამ ტომთა ნათესაობას.
V საუკუნის ანონიმი ავტორი, რომელიც არიანეს ეყრდნობა, მაკრონების ნაცვლად ასახელებს მაქელონებს (გეორგიკა, 1965, გვ.7-8): "ძველი აქეიდან ძველ ლაზიკამდე და მდინარე აქეუნტამდე (სოჭის მიდამოებში) უწინ ცხოვრობდნენ ტომები: ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკები, მელანხლენები, მახელონები, კოლხები და ლაზები, ახლა კი ცხოვრობენ ზიხები" (თ.ყაუხჩიშვილი, 1969, გვ.130; აქვე იხ. აგრეთვე: მახერონ- და მანრალ- ფუძეები); მ.ინაძის აზრით, მახელონები იგივე მაკრონებია (მ.ინაძე, 1953, გვ.231-233).
მახელონ-/მაქელონ- და მაკრონ- ფუძეებს შორის დიდი მსგავსებაა და, შესაბამისად, მოსალოდნელია მათი მექანიკური დამთხვევა/აღრევაც, თუმცა, შეიძლება ვილაპარაკოთ სახელთა ფონეტიკურ ვარიანტულობაზეც:
*მა-ქარ-ონ- _ მა-ხელ-ონ- _ მა-ქრ-ონ/მა-კრ-ონ-:
საყრდენი ფუძეა *კარ-/ქარ-/კრ-/ხელ- (შდრ.: ქარ-თ-/კარ-დ-); მა- და -ონ- ქართველური აფიქსებია; შდრ., აგრეთვე, მაკრიელები: მა-კრ-იელ- (სქოლიასტის განმარტებით, მაკრიელები მაკრონები არიან; აპ. როდოსელი, 1975, გვ.70, 231).

ფასიანები - ამგვარი სახელწოდების ტომს ახსენებს ქსენოფონტე (ძვ. წ. V_IV ს.):
"...[სტრატეგოსები] მოვიდნენ ქსენოფონტთან და უთხრეს, რომ ისინი ინანიებენ [ყოველივეს]. ამასთან, გამოთქვეს აზრი, რომ უმჯობესია ფასისისაკენ გაცურვა, რაკი ხომალდები არის, და ფასიანთა ქვეყნის დაპყრობა. იქ მაშინ აიეტის შვილიშვილი მეფობდა" (თ.მიქელაძე, 1967, გვ.113); ტექსტის თარგმანისთვის შდრ., თ.ყაუხჩიშვილი: პაფლაგონიაში მყოფი მოქირავნეები ამბობენ: "ჩვენ გვაქვს ხომალდები, ამიტომაც უმჯობესია გავცუროთ ფასისისკენ და დავიპყროთ ფასიანთა ქვეყანა. იქ მაშინ აიეტის ჩამომავალი მეფობდა" (თ.ყაუხჩიშვილი, 1983, გვ.125).
მდინარის სახელის მიხედვით ხალხის სახელდება (ან პირიქით!) უცხო არ არის ბერძნული სამყაროსთვის. ქსენოფონტესთან ფასისი არაქსია (სხვაგან ფასისი ჭოროხიცაა, რიონიცაა)...
შდრ., ესქილე "განთავისუფლებულ პრომეთეოსში" ევროპისა და აზიის საზღვრად ფასისს თვლის, ხოლო ფასიანები ტაოხების, ხალიბების და ჰესპერიტების (სვისპირიტების, სასპეირების) მეზობლები არიან. ფასიანებს ამავე ტერიტორიაზე ასახელებს დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ. I ს.): კარდუხები, არმენიელები, ხაები (ე.ი. ტაოხები), ფასიანები, ხალდები, სკოტინები, მაკრონები, კოლხები, მოსვინოიკები, ტიბარენები (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.124).
კონსტანტინე პორფიროგენეტის (X ს.) ცნობების მიხედვით, არაქსი ფასისია, აქვეა ქართული (იბერთა) პროვინცია ფასიანი/ბასიანი (გეორგიკა, 1952, გვ.271-272).
ლოგიკური ჩანს ვარაუდი, რომ არაქს-ფასისის რეგიონში არსებული ძველი ტერმინი ფასიანები შემონახული იყოს ტოპონიმ ბასიანის სახით. თ. მიქელაძის აზრით, ფასიანი ეთნიკურ-გეოგრაფიული ტერმინია; მისი მტკიცებით, ერთი ხალხი - ფასიანები - ცხოვრობდნენ არაქსის სათავეებიდან კავკასიონამდე (თ. მიქელაძე, 1955, გვ. 35). ფას- ძირი ჩანს ამოსავალი -ფსა (< ფას-) მორფოლოგიური ერთეულისათვის: სუ-ფსა.
თუკი ფასიანებს მონათესავე ტომთა განზოგადებულ სახელად არ ჩავთვლით, ფასიანთა საზღვრების ამგვარი განსაზღვრა გაჭირდება (ამავე პერიოდში არაქსიდან კავკასიონამდე ათზე მეტი სხვა ტომი ივარაუდება!), მაგრამ საყურადღებოა თ.მიქელაძის დაკვირვება ბერძნულ მითოლოგიაში კოლხების ეთნარქოსის - კოლხის შესახებ; კერძოდ, ეთნარქი კოლხი ფასისის შვილად არის მიჩნეული, ფასისი კი წყლის ღვთაებაა (თ. მიქელაძე, 1955, გვ. 33-34). აქ საინტერესოა ის, რომ ბერძენთა ცნობიერებაში წყლის ღვთაება (შესაბამისად, მდინარეების აღმნიშვნელი სიტყვა) ფასისი და კოლხიდა (მხარე მდინარეებუხვი?) ფაქტობრივ სინონიმებადაა მიჩნეული, რაც ლოგიკურია, მაგრამ, ამის მიუხედავად, არა გვაქვს საფუძველი, რომ თუნდაც ქსენოფონტეს დროს არაქსიდან კავკასიონამდე არსებული ტერიტორია ერთი ქართული ტომის - ფასიან-კოლხების - საცხოვრისად გამოვაცხადოთ; როგორც აღვნიშნეთ, ამ რეგიონში გაცილებით მეტი ქართველური ტომი ცხოვრობს; მაგ., ფსევდო-სკილაქსის (ძვ.წ. IV ს.) მიხედვით: ბიძერები, კოლხები, გელონები, მელანქლა~ნები, კოლები, კორაქსები, ჰენიოხები, აქა~ები, ტორეტები, კერკეტები... თავად ქსენოფონტე მხოლოდ არაქსისა და ჭოროხის ხეობაში ასახელებს: ტაოხებს, ხალიბებს, სკვითინებს; შდრ., არაქსიდან კავკასიონამდე არიანე (ახ.წ. II ს): ჰენიოხები, ძიდრიტები, ლაზები, აფსილები, აბასკები, სანიგები, ძილქები...
ერთი რამ ფაქტია: ფასიანები და კოლხები სხვადასხვა ქართველურ ტომთა სახელებია, რომლებიც დროის გარკვეულ მონაკვეთებში, სხვა თემონიმთა მსგავსად, განზოგადებული იყო ქართველური მოდგმის ხალხის აღსანიშნავად.
მელანქლაინები და გელონები - მელანქლაინების ტომი პირველად სახელდება ჰეკატა~ოს მილეტელთან; ფსევდო-სკილაქსი (ძვ.წ. IV ს.) მელანქლაინებისა და გელონების ტომებს ათავსებს კორაქსებს, კოლებსა და კოლხებს შორის; მელანქლაინების ქვეყანაში არის მდინარეები მეტასოსისი და ა~გიპოსი.
თ.ყაუხჩიშვილის ვარაუდით, მელანქლაინები და გელონები ცხოვრობდნენ კორაქსსა (ბზიფს) და დიოსკურიას შორის (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.81-82; შდრ., ნ.ლომოური, 1963, გვ.22; შდრ., აგრეთვე: მიულერის, ტომაშეკის, ჰერმანის და კისლინგის პოზიცია; ისინი ამ ტომთა საცხოვრისს დღევანდელ ოჩამჩირეში ათავსებენ, თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.86). ჰეროდოტეც (ძვ.წ. V ს.) იცნობს მელანქლაინებსა და გელონებს; მისი აზრით, მელანქლაინები არიან არასკვითური მოდგმის ხალხი; ისინი შავ ტანისამოსს ატარებენ, ამიტომაც ჰქვიათ მათ ეს სახელი (ჰეროდოტე, 1975, გვ.262-286).
რამდენადაც, ეს ორი ტომი ცხოვრობდა საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე კოლებსა და კოლხებს შორის, ბუნებრივია მსჯელობა მათი ქართველური წარმომავლობის შესახებ; საკითხი შემდგომ კვლევას ითხოვს; შდრ.: ჰეროდოტეს "სკვითეთში" მიჩნეულია, რომ გელონები წარმოშობით ელინები არიან; შდრ.: ოლბიელი ბერძნები გელონებს ბუდინებს (ცხოვრობდნენ დონის შუაწელზე, სავრომატების მეზობლად) მიაკუთვნებენ (ქსე, ტ. III, გვ.39).

ეკექე~რები/ეკხირიელები, ეკრიკტიკე/ეკრექტიკე - ფსევდო-სკილაქსის (ძვ.წ. IV ს.) ცნობების მიხედვით, ეკექე~რები ცხოვრობდნენ მდინარეებს: არქაბისსა და ოფიუნტს შორის; მათი საცხოვრისი ივარაუდება ათინას (ფაზარის) რეგიონში; გ.მელიქიშვილი ამათ სახელწოდებას უკავშირებდა -ეგრ- (ეგრისი) ძირს (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.84). შდრ., V საუკუნის პერიპლუსში დაცული ცნობა: "მდინარე არქაბიდან მოკიდებული ვიდრე ოფიუნტის წყლამდე წინათ ცხოვრობდა ეგრეთ წოდებული ეკხირიელების ტომი (ხოლო ამჟამად ცხოვრობენ მაქელონები და ჰენიოხები). აფსარის წყლიდან ვიდრე მდინარე არქაბემდე წინათ ცხოვრობდნენ ეგრეთ წოდებული ბიზირები; ამჟამად ცხოვრობენ ზიდრიტები" (გეორგიკა, 1965, გვ.3).
აშკარაა, რომ საქმე გვაქვს დაწერილობის მცდარ წაკითხვასთან: ეკხირიელები და ეკექე~რები ერთი და იგივე ხალხია; აქვე განსახილველია ტერმინი ეკრიკტიკე, თუმცა, პტოლემაიოსის მიერ დამოწმებული ეკრიკტიკეს ქვეყანა არის რიონის მიდამოებში (ამავე ტერმინს იმოწმებენ პომპონიუს მელა, პლინიუსი...). წარმოდგენილ სიტყვათა, აგრეთვე, მაკრონ-, მახერონ- მანრალ-, კერკეტ-, კეგრიტიკე- ფუძეთა ამოსავალ ფორმად განიხილება ეგრ- ძირი (ლიტერატურისა და მსჯელობისათვის იხ. თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.233, 257); ეგერ-/ეგირ- ფუძე მართლაც შეიძლება დავსახოთ ეკექე~რები /ეკხირიელები /ეკრიკტიკე /ეკრექტიკე სიტყვების ამოსავლად, მაგრამ მაკრონ-, მახერონ- და მანრალ- ფუძეთათვის ამოსავლად მისი მიჩნევა გაჭირდება.

ჰენიოხები/ჰენიოქები - ძველი წყაროების მიხედვით, ჰენიოხები შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე ცხოვრობენ, ხოლო შედარებით ახალი, I-II საუკუნეების ცნობების მიხედვით კი, ისინი შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირზე - რიზე-აფსაროსის რეგიონში ჩანან; კერძოდ:
ფსევდო-სკილაქსის (ძვ.წ. IV ს.) ცნობების მიხედვით, აქა~ები და ჰენიოქები თანამედროვე ტუაფსესა და გაგრას შორის უნდა ვივარაუდოთ, საიდანაც, შემდგომ, ჯიქების დაწოლის გამო, ისინი სამხრეთით გადაადგილდნენ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.83; თ.ყაუხჩიშვილი, 1980); შდრ.: მ. ინაძე, 1955, გვ.13-17, სადაც გატარებულია აზრი, რომ კოლხთა გაბატონებამდე, ძვ.წ. IX-VIII საუკუნეებში, ჰენიოხები ფლობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებს, კერძოდ, ჩილდირის ტბისა და ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიას; მ.ინაძისვე აზრით, არგონავტები სწორედ ჰენიოხთა სახელმწიფოში მოვიდნენ; მათ სახელს ეთნონიმი კოლხები გვიან ჩაენაცვლა... კოლხების დაწოლით, ჰენიოხები გადაადგილდნენ ჩრდილოეთით.
არისტოტელეს აზრით (384-322), "ფასისში თავდაპირველად ჰენიოხები ცხოვრობდნენ, კაციჭამია და ადამიანთა ტყავისგამხდელი ტომი, შემდეგ კი მილეტელები" (თ.ყაუხჩიშვილი, 1969, გვ.19, 57, 73).
პლინიუსი (ძვ.წ. I ს.): "ამ მხარეში მთებს იქით მდებარეობს იბერია, ხოლო სანაპიროზე ცხოვრობენ ჰენიოხები, ლაზები...".
სტრაბონი ვრცლად მსჯელობს ჰენიოხთა შესახებ; მისი რწმენით, კავკასიელი ჰენიოხები არიან ბერძენი (ლაკონელი) ჰენიოხების შთამომავლები, რომლებიც პონტოს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე გადმოსახლდნენ იასონის ლაშქრობის შემდეგ და რომლებიც ზღვაზე მეკობრეობით ცხოვრობენ; მათ ჰყავთ 4 ბასილევსი (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.137).
კოლხთა მეზობლად ასახელებს ჰენიოხებს იოსებ ფლავიუსი (I ს.).
აფსაროსამდე (გონიომდე) ნახა ჰენიოხები არიანემ (II ს.); მისი ცნობით, ჰენიოხებსა და მაკრონებს ერთი მეფე ანქიალე ჰყავთ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.101).
აპიანე (II ს.) ჰენიოხებს ასახელებს მითრიდატეს მოკავშირეებში ტავრების, აქეელების, ლევკოსირების, ხალიბების, სკვითებისა და არმენიელების გვერდით (აპიანე, 1959, გვ.23, 25, 144, 196).
V საუკუნის ანონიმი ავტორი, რომელიც არიანეს მიჰყვება, ჰენიოხთა ტომს ნარევად აცხადებს და მათ ასახელებს საკუთრივ კოლხების (აგრეთვე, სანებად ჩათვლილი დრილების) და მაქელონების შემდეგ, ზიდრიტებამდე და ლაზებამდე, ე.ი. შავი ზღვისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში (გეორგიკა, 1965, გვ.7-8). შავი ზღვის სანაპიროზე ასახელებენ ჰენიოხებს უფრო გვიანაც; II საუკუნეში ისინი მაკრონ-მახელონებთან ერთად რიზე-აფსაროსს შორის ქმნიან ერთიან სახელმწიფოს; IV-V საუკუნეებში კი შავი ზღვის სანაპიროზე ჰენიოხები აღარ ჩანან (თ.ყაუხჩიშვილი, 1980, გვ.68-71).
სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ ჰენიოხი არის ვარიანტი სატომო სახელისა - "სანიგი"; მაგ., ი.ორბელი და ნ.მარი ჰენიოხ- ფორმას განიხილავდნენ სან-/სანიგ- ფუძეების პარალელურად და მათ სვანებად მიიჩნევდნენ; შდრ., სანებს, სანიგებს და ჰენიოხებს პ.ინგოროყვა და ს.ჯანაშია მეგრელ-ჭანებად მიიჩნევდნენ; იხ., მაგ., პ.ინგოროყვა, 1954, გვ.124, 135).
კისლინგი ჰენიოხებს სანებისა და ლაზების მონათესავედ თვლის და მათ ქართველურ ტომად მიიჩნევს; რაც მეტად საყურადღებოა, იგი სანებსა და ლაზებს კერკეტებთან (ჩერქეზებთან!) აკავშირებს, მიიჩნევს რა მათ ერთი წარმოშობის ხალხად (მიმოხილვისათვის იხ. თ.ყაუხჩიშვილი, 1980, სადაც გაზიარებულია კისლინგის მოსაზრება).
ლინგვისტურ გამოკვლევებშიც ჰენიოხ- ფუძე დაკავშირებულია ჭან- ძირთანაც: ჭან-/ჭენ- > ჰენ-; ჰენ- ფუძე ჭან-ის სვანურ ვარიანტად მიიჩნევა; ამოსავალ საერთოქართველურ ფორმად ივარაუდება *წენ- (ბ.გიგინეიშვილი, 1975).
წარმოდგენილ სახელთა დაკავშირება ლოგიკური ლინგვისტური წესებით ხდება, მაგრამ რთული წარმოსადგენია ჭანების სვანური სახელწოდების ურარტული სუფიქსით გაფორმება; ასევე, არალოგიკურია დასახელებულ ტომთა გაიგივება, ვინაიდან წელთაღრიცხვათა მიჯნაზე არიანეც, სტრაბონიც და სხვებიც გვერდიგვერდ და სხვადასხვა ტომებად ადასტურებენ ჭანებს/სანებს, სანიგებს, ჰენიოხებს და სვანებს. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჭან- და ჰენ- ძირებს შორის ჭან- ფორმის ძირითადობას ხელი შეიძლება შეუშალოს იმ ფაქტმაც, რომ ბერძნულ წყაროებში ჰენიოხ- ძირი თითქმის 500 წლით ადრე ფიქსირდება, ვიდრე ჭან-; ჰენ- და ჭან- ფუძეთა საერთო წარმომავლობა შესაძლებელია, მაგრამ ფონეტიკური პროცესების სხვა გზა უნდა დავუშვათ (იხ. ქვემოთ).
ჩვენი აზრით, წელთაღრიცხვათა მიჯნაზე ცალ-ცალკე ტომებად თუ თემებად არსებობდნენ ჰენიოხებიც, სანებიც, სანიგებიც, ჭანებიც... მათ კონკრეტული საცხოვრისი და თავიანთი სამეტყველო ენა/დიალექტი ჰქონდათ. ცხადია, დროთა განმავლობაში ზოგი მათგანი ქრება.


სანები, ჭანები - მემნონისა (I ს.) და სტრაბონის (I ს.) მტკიცებით, "ისინი, ვინც წინათ მაკრონები იყვნენ, ახლა სანები არიან" (თ.ყაუხჩიშვილი, 1987, გვ.22; თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.94, 146, 233).
ჭანები პირველად მოიხსენიებიან არიანესთან (II ს.):
კოლხების მეზობლები არიან ჭანები, იგივე სანები; თ.ყაუხჩიშვილის დასკვნით, რამდენადაც არიანე იყენებს ოთხ პარალელურ ფორმას (სანნოი, ტსანნოი, თიანნოი/ტიანნოი, ტუანნოი), ცხადია, რომ ბერძენს უჭირს ქართული ჭ-ს წარმოთქმა (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.99-100).
არიანეს აზრს ეხმიანება დინისიოს პერიეგეტის (II ს.) კომენტატორის - ევსტათი ეპისკოპოსის (XII ს.) კომენტარიც:
"ძველ მაკრონებს ახლა სანები ეწოდებათ, რაც ადგილობრივი გამოთქმით "ჭანებს" ნიშნავს (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.94); შდრ., პროკოპი კესარიელი: ლაზები კოლხები არიან" (გეორგიკა, 1965, გვ.120).
ჩვენ უფლება არა გვაქვს, არ ვენდოთ თვითმხილველსა და მკვლევარს - პროკოპი კესარიელს: ლაზებისა და ჭანების გაიგივება მართლაც შეუძლებელია, ისინი უფრო მონათესავე ქართველური ტომები არიან. ჭანებისა და სანების სახელთა დაკავშირება ალბათ რეალურია; შესაძლოა მათი საერთო წარმომავლობის მტკიცებაც. აქვე აღვნიშნავთ, რომ სომხური ჭანივ-/ჭანეთ- ფორმის დამოწმებით ჭან- და სან- ფუძეების სინონიმურობა ნათლადაა დასაბუთებული ბ.გიგინეიშვილის მიერ (ბ.გიგინეიშვილი, 1975).
არნ. ჩიქობავას ვარაუდით, სანი იგივეა, რაც ზანი (არნ.ჩიქობავა, 1936, გვ.3). ს. ჯანაშიას აზრით, ამოსავალია სან- ძირი, რომლის თავკიდური ბგერიდან ჩრდილოეთ სამეგრელოში წარმოიქმნა ზან-/წან-, ხოლო სამხრეთ სამეგრელოში (ჭანეთში) - ჭან- (ს.ჯანაშია, 59, გვ.27-34).
ამიანე მარცელინეს "ისტორიაში", ერთი მხრივ, ჭანების ქვეყანა, მეორე მხრივ კი - ლაზიკა არმენების მეზობლადაა; მემატიანის ცნობით, სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა ჭანების ლეგიონის მეთაური ვეტრანიონი. ძველი კომენტატორები - ანრი ვალუა და ლინდენბროგი აღნიშნავენ: ამ კონტექსტში მოხსენებული ძიანნი, იგივე ძანნი, თზანნი, შანნი და თჰანნი, ლაზებისა და სომხების მოსაზღვრე ხალხია (გეორგიკა I, 1961, გვ.89, 124, 128, 161, 173); აქვე საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ ქსენოფონტეს მიერ ნანახი ხალდებიც კარდუხების მეზობლად (იგივე არმენების მიერ დაპყრობილი მიწების!), მთებში ცხოვრობენ, შესაბამისად, შეიძლება დავუშვათ, რომ ხალდებიც და ჭანებიც კარდუხების მონათესავე თუ შემადგენელი ტომები არიან.
შდრ.: "ხალდები, რომლებიც ჩვეულებრივ ერთ-ერთ ჭანურ ტომად არის მიჩნეული, ასევე განთავისუფლებულან სპარსთაგან და ამ დროისათვის არმენიელებთან და მარდებთან ერთად სპარსელი სატრაპის, ორონტას და მისი სარდლის - არტუხას მოქირავნეები არიან..." (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.53).
ამ თვალსაზრისით, მეტად ფასეულია მ. ხორენაცის ცნობა კეისარ ტაკიტეს მკვლელობის შესახებ: "ტაკიტუსი თავისიანებმა მოკლეს პონტოელთა ჭანეთში, ესე იგი ხალდეთში" (მოვსეს ხორენაცი, 1984, გვ.162, 277); შდრ., ს.ყაუხჩიშვილის თარგმანი: "ტაკიტე მოკლულ იქნა პონტოს პროვინცია ჭანიუკში, ესე იგი ხალტიკში (გეორგიკა, 1936, გვ.262, შენიშვნა). ჭანიკეს ქვეყანას პონტოში მოიაზრებს იოანე მალალაც (491-578): "იმავე ტაკიტეს მეფობის დროს მოხდა ომი პონტოში და თვით მეფე გაემართა იქ საომრად და ის მოკლული იქნა პონტოს ერთ ქვეყანაში ჭანიკეში..." (გეორგიკა, 1936, გვ.262).
პროკოპი კესარიელი ვრცლად მსჯელობს ჭანების შესახებ; იგი თვლის, რომ ჭანები არ არიან ტრაპეზუნტელთა მოსაზღვრენი; ჭანები - არაზღვისპირა ხალხი - ცხოვრობენ მთებში, შუახმელეთზე, არმენიელების გვერდით:
"...იმ ადგილების მარჯვნივ აღმართულია ჭანეთის მთები, რომელთა გადაღმა რომაელთა ქვეშევრდომები, არმენიელები ცხოვრობენ. ამ ჭანეთის მთებიდან ჩამოდის მდინარე, სახელად - ბოასი, რომელიც მას შემდეგ, რაც გამოივლის მრავალ ჭალას, ლაზიკის სოფლების მახლობლად გასწევს და ერთვის ე.წ. ევქსინის პონტოს, მაგრამ უკვე აღარ ეწოდება ბოასი, ვინაიდან, როდესაც ზღვის მახლობლად მიდის, იცვლის ამ სახელს... მას, სხვათა შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები აკამფსის უწოდებენ..." (გეორგიკა, 1965, გვ.120-122).
შდრ., აგრეთვე: "არმენიის ადგილებიდან პერს-არმენიაში რომ მიდიხარ, მარჯვნივ არის ტავრი, მიმავალი იბერიაში და იქ მოსახლე ხალხებამდე, ხოლო მარცხნივ მეტად დაქანებული, დიდ მანძილზე გაჭიმული გზა არის და აღმართულია მეტად ციცაბო და მუდამ ნისლითა და თოვლით დაფარული მთები, საიდანაც გამოდის მდინარე ფაზისი და მიდის კოლხეთის ქვეყნისაკენ. აქ მოსახლეობს ჭანების ტომი, თავიდანვე ბარბაროსები, რომელნიც არავის ქვეშევრდომები არ არიან, წინა ხანებში სანებად წოდებული, ირგვლივ მოსახლე რომაელების მძარცველნი" (გეორგიკა, 1965, გვ.53).
შდრ., აგათია სქოლასტიკოსი (VI ს.): "ამ დროს ჭანთა ტომი გახდა საზრუნავი. ჭანები ცხოვრობენ ევქსინის პონტოს სამხრეთით ქ. ტრაპეზუნტის ქვემოთ; თუმცა ეს ჭანები ძველითგანვე რომაელებთან დაზავებულნი და მათი ქვეშევრდომნი იყვნენ, მაგრამ მაშინ მათი ერთი ნაწილი წინანდელ მშვიდობიან წესებს იცავდა... უმეტესი მათგანი კი შექმნილი მდგომარეობით სარგებლობდა და ყაჩაღობას მისდევდა... თავს ესხმოდა არმენიასაც... ამიტომ მათ წინააღმდეგ იგზავნება თეოდორე, მათივე თვისტომი" (გეორგიკა, 1936, გვ.181-182).
ლაზები და ჭანები სხვადასხვა ქართველური ტომია მოგვიანებითაც; კერძოდ, ტერმინ ლაზიკას გვერდით ბიზანტიურ წყაროებში (იხ. IX საუკუნის მოღვაწე კონსტანტინე პორფიროგენეტი; გეორგიკა, 1952, გვ 292) არსებობს ჭანარია (ჭანარის ერისთავები).
იხ., აგრეთვე, ნიკიფორე გრიგორასი (XIVს.):
XIV საუკუნის I ნახევარში ტრაპიზონის იმპერიაში მეფე ბასილის ქალიშვილსა და ცოლს შორის დაწყებული შინა ბრძოლების დროს ლაზები, ჭანები და ყველა სხვა ადგილობრივნი თავიანთ მშობლიურ, კომნენოსთა ოჯახიდან გამოსულ, დედოფალ ანა ხუთლუს აძლევდნენ უპირატესობას, პალეოლოგოსთა გვარიდან გამოსულ ირინესთან შედარებით (გეორგიკა III, 1967, გვ.146).
შდრ.:
ლაონიკე ხალკოკონდილე (XV ს.): "...ჭანიდებს უჭირავთ კოლხიდის ადგილები ვიდრე ქალაქ ამასტრიამდე..." (გეორგიკა, 1970, გვ.107).
ს.ყაუხჩიშვილი: "ერთ-ერთი შესაძლებელი ახსნა (იმისა, თუ რატომ ვერ მოახერხა ბიზანტიის იმპერიამ, ისევე შეეერთებინა ტრაპეზონის სამეფოს ტერიტორია, როგორც ბიზანტიის იმპერიის დანარჩენი ტერიტორიები) ის იქნება, რომ ჩვენ ვაღიაროთ: "ტრაპიზონის სამეფოს" მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქართული ტომისაგან - ჭანებისაგან - შედგებოდა" (გეორგიკა, 1967, გვ.164).
შენიშვნა: V საუკუნის ანონიმი ავტორი იმეორებს არიანეს აზრს და ქსენოფონტეს დრილებს ხაზგასმით სანებად იხსენიებს; შემდეგ მათ კოლხებში აერთიანებს (ბერძენი მწერლები... 1983, გვ.158; გეორგიკა, 1965, გვ.7).
სანიგები/სანიხები/სანიკები - მემნონის მიხედვით (I ს.) სანიგები ჩანან დიოსკურიის მიდამოებში ლაზებთან ერთად. აქვე ადასტურებს მათ პლინიუსიც და არიანეც; მაგ., იხ. არიანე:
"ტრაპეზუნტიდან ძველ ლაზიკამდე (ნიკოფსიამდე) ცხოვრობენ კოლხები, სანები, მაკრონები, ჰენიოხები, ძიდრიტები, ლაზები, აფსილები, აბასკები, სანიგები, ძილქები".
შდრ., არიანე: ლაზები ცხოვრობენ ჭოროხიდან კოდორამდე; კოდორის ხეობაში ცხოვრობენ აფსილები; აფსილების საცხოვრისის (კოდორის ხეობის) შემდეგ მდინარე შახემდე - სანიგები; სანიგების ტერიტორიაზეა ქალაქი სებასტოპოლისი (თ.ყაუხჩიშვილი, 1987, გვ.23, 99, 171-172). მეცნიერთა ნაწილი სანიგებს ზანებად მიიჩნევს, ნაწილი - სვანებად (მიმოხილვისათვის იხ. თ.მიქელაძე, 1974).
ჩვენი აზრით, სულაც არ არის აუცილებელი სანიგების გაიგივება ზანებთან თუ სვანებთან; სხვადასხვა ავტორთან სანიგები სანების, ლაზების და სვანების პარალელურად სახელდებიან და, ბუნებრივია, ისინი იმ ერთ-ერთ ქართველურ ტომად ჩავთვალოთ, რომელიც ან საერთოდ გაქრა ასპარეზიდან, ან სხვა ქართველურ ტომებს შეერწყა, ან აფსუა-აფხაზების მიერ ასიმილირდა.
იპოლიტე რომაელის (III ს.) ცნობით, კაპადუკიელთა გადაღმა, მარჯვენა მხარეებში ცხოვრობენ არმენიელები, იბერიელები და ბერანები, ხოლო მარცხენა მხარეებში - სკვითები, კოლხები და ბოსფორელები. "სანები, ეგრეთწოდებული სანიგები, რომლებიც გადაჭიმული არიან ვიდრე პონტომდე, იმ ადგილამდე, სადაც არის პარემბოლე აფსაროსი [და სებასტოპოლისი], ჰისოს ნავსადგური და მდინარე ფაზისი, ვიდრე ტრაპეზუნტამდე ცხოვრობენ და გადაჭიმული არიან ეს ტომები" (გეორგიკა, 1961, გვ.20).
შდრ., ევსევი კესარიელი (260-340):
"კაბადოკიის გადაღმა მარჯვნით არიან არმენიელები, იბერები და ბერანები, ხოლო მარცხნით - სკვითები, კოლხები და ბოსპორანები, აგრეთვე [სანნები], რომელთაც სანნიგები ეწოდებათ და რომლებიც ვრცელდებიან პონტომდე, სადაც არის ბანაკი აფსაროსი, სებასტოპოლი [კაუსილიმანი], და მდინარე ფაზისი. ვიდრე ტრაპეზუნტამდე გადაჭიმული არიან ეს ტომები" (გეორგიკა, 1961, გვ 31-32).
აფსილებთან, ბექე~რებთან და ლაზებთან ერთად აბაზგიის მეზობლად მცხოვრები სანიგები სკვითურ ტომადაა ჩათვლილი სტეფანე ბიზანტიელის (IV_VII) მიერ. შდრ., აგრეთვე, ბასილი სოფენელი (IX ს.):
"...რომაელთა თვითმპყრობელ ტრაიანეს დროს იქ, ვიდრე ლაზების და სანიგების ქვეყნამდე, დაფუძნებულ იქნა რომაელ ჯარისკაცთა რაზმები..." (გეორგიკა, 1952, გვ.201).
სამეცნიერო ლიტერატურაში სანიგი/სანიხი, ერთი მხრივ, მიჩნეულია ჰენიოხის ფონეტიკურ ვარიანტად, შესაბამისად, ჰენიოხთა მეორე სატომო სახელად (მართლაც, ჰენიოხებიც და სანიგებიც ერთ საცხოვრისში მოიაზრებიან), მეორე მხრივ კი, სანიგები და სანები ერთმანეთთანაა გაიგივებული.
რამდენადაც სანიგები, ჰენიოხები და სანები არიანესთან ერთდროულად სახელდებიან, თანაც, სანიგები და სანები სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობენ, უფრო ლოგიკურია, დავუშვათ, რომ ეს სამივე ქართველური ტომი დროის რაღაც მონაკვეთში დამოუკიდებლად არსებობდა. მათი ნათესაობის სამტკიცებლად საკმარისი ჩანს არა მხოლოდ მათი საცხოვრისის საერთო ქართველური ველი, არამედ მათ აღმნიშვნელ სახელთა საერთო წარმომავლობაც; შდრ.:
სან-/*ჰან- > ჰენ-: სან-ი, სან-ი-ხ-ი, სან-ი-გ-ი/სანიკი და *ჰენ-ი, ჰენ-ი-ო-ხ-ი; ხ-/-გ- კრებითობის სუფიქსია.
ნიშანდობლივია:
სანების, სანიგების და ჰენიოხების გაიგივებისა თუ ერთმანეთში აღრევის რომაულ-ბიზანტიური ტრადიცია ამ ტომთა საერთო წარმომავლობითა და ახლო ნათესაობითაა განპირობებული.

ლაზები - ბერძნულ-რომაულ წყაროებში ლაზებს პირველად ახსენებს მითრიდატეს ისტორიკოსი მემნონი (I ს.) თავის "ჰერაკლეს ისტორიაში" (და არა პლინიუსი, როგორც ზოგი ავტორი წერს); მემნონი ლაზთა საცხოვრისად მკაფიოდ განსაზღვრავს დიოსკურიის მიდამოებს (სოხუმი-ანაკოფიის რეგიონს); ლაზებთან ერთად მემნონი ასახელებს სანეგებს/სანიგებს (თ.ყაუხჩიშვილი, 1987, გვ.24; თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.171-172).
არიანეს (95-175) ცნობით, არსებობდა ქალაქი ძველი ლაზიკე, რომელიც მან თავისი თვალით ნახა; მოგვიანებით ამ ქალაქს ნიკოფსიად მოიხსენიებენ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.99); აშკარაა, რომ ახალ წელთაღრიცხვამდე ლაზები დიოსკურიის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ.
არიანესთან ლაზები და კოლხები თანაარსებობენ და სხვადასხვა ტომები არიან (ძველი ბერძნები... 1983, გვ.159). არიანე (II ს.) თავის "პერიპლუსში" წერს: "ამჟამად ლაზებს უჭირავთ ტერიტორია ძიდრიტებიდან აბასკებამდე"; ე.ი. დაახლოებით ჭოროხიდან კოდორამდე (თ.ყაუხჩიშვილი, 1987, გვ.23; თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.100). "ლაზებს იქით ცხოვრობენ აფსილები, აფსილების მოსაზღვრეები არიან აბაზგები, აბაზგების მეზობლად არიან სანიგები, რომელთა ქვეყანაში მდებარეობს სებასტოპოლისი"; მაშასადამე, სებასტოპოლისი-ცხუმი აბაზგების ტერიტორიაზე კი არ ყოფილა, არამედ სანიგების ქვეყანაში..." (გეორგიკა, 1952, გვ.235; ს.ყაუხჩიშვილის შენიშვნა).
შდრ., V საუკუნის "პერიპლუსის" ანონიმი ავტორი:
"ძველი აქეიდან ძველ ლაზიკამდე და მდ. აქეუნტამდე (ეს კი არის სოჭიდან დაახლოებით 30 კმ.-ით დაშორებული - თ. ყ.) უწინ ცხოვრობდნენ ტომები: ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკები, მელანხლენები, მახელონები, კოლხები და ლაზები, ახლა კი ცხოვრობენ ზიხები. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მოსახლეობად ჩანან მახელონები (კოლხები და ლაზები ჩვეულებრივ უფრო სამხრეთით იგულისხმებოდნენ ხოლმე), მაგრამ აქ ყველა ტომი ერთად არის ხსენებული ამ ნაკვეთზე; ასე რომ, აქ საგანგებო ვითარებაა (თ, ყაუხჩიშვილი, 1969, გვ.130). პერიპლუსის (V ს.) ანონიმური ავტორი აქვე წერს: "დიოსკურიიდან ანუ სებასტოპოლისიდან მდ. აფსაროსამდე წინათ ცხოვრობდა ხალხი, კოლხებად წოდებული, ახლა ლაზებად სახეშეცვლილი" - ე.ი. ანონიმმა იცის ლაზთა და კოლხთა მიმართება, კოლხური და ლაზური სახელმწიფოების გავრცელების არე (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.105).
შდრ., არიანე: ტრაპეზუნტიდან ძველ ლაზიკამდე (ნიკოფსიამდე, ამჟამინდელ ნოვომიხა~ლოვსკა~ამდე) ცხოვრობენ შემდეგი ტომები: კოლხები, სანები, მაკრონები, ჰენიოხები, ძიდრიტები, ლაზები, აფსილები, აბასკები, სანიგები, ძილქები. საკუთრივ ლაზები ცხოვრობდნენ აფსაროსიდან (გონიო თუ სარფი) დაახლოებით მდ. კოდორის (ძველი ჰოპოსი) შესართავამდე.
შდრ., სტეფანე ბიზანტიელი (IV-VII ს.): ლაზები - სკვითური ტომი, არის [პონტოში], აქვეა სოფელი "ძველი ლაზიკე", როგორც ამბობს არიანე... (გეორგიკა, 1936, გვ.281).
ასტრონომიისა და გეოგრაფიის ფუძემდებელი კლავდიოს პტოლემა~ოსი (100-178) კოლხიდას უწოდებს ტერიტორიას მდ. კორაქსიდან (ბზიფიდან) მდ. ფასისამდე (რიონამდე), სადაც ცხოვრობენ ტომები: ლაზები, მანრალები და ეკრიკტიკის (ეგრისის) ქვეყნის მცხოვრებნი; ამ კოლხიდის ჩრდილოეთით - სარმატიაში - ცხოვრობენ: აქა~ები, კერკეტები, ჰენიოხები და სუანოკოლხები (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.100, 160).
შემდგომ პერიოდში ლაზები უფრო აქტიურად იხსენიებიან; ტერმინი ლაზიკა უკვე პოლიტიკური ერთეულის სახელად ზოგადდება, რომელსაც ზოგ წყაროში აფხაზეთიც ენაცვლება; მაგ., ამიანე მარცელინე (IV ს.) წერს: იმპერატორი ვალენტი "დათანხმდა იბერიის გაყოფას ისე, რომ საზღვრად შუაში მდ. კიროსი (მტკვარი) დადებულიყო და სავრომაკს არმენიისა და ლაზების მოსაზღვრე (მხარე) რგებოდა"; შაბურის "მოსვლით შეშინებულმა პაპამ და ასევე კილაკემ ...სცადეს შეეფარებინათ თავი მაღალ მთებში, რომლებიც ჩვენებს [ე.ი. ჩვენს მიწებს] ლაზიკისაგან ჰყოფენ" (გეორგიკა, 1961, გვ.90, 128).
შდრ., აგრეთვე, აგათანგელოსი (IV ს.): "წმინდა გრიგოლი... ზოგ [მღვდელს] გზავნიდა იბერთა ქვეყანაში, ზოგს ლაზთა ქვეყანაში." საინტერესოა არაბული თარგმანი, სადაც იბერიის ნაცვლად არის მისისტ ად Gეორგიან, ხოლო ლაზიკის ნაცვლად - ად რეგიონემ Aბცჰაზორუმ (გეორგიკა, 1961, გვ.71)...
საყურადღებოა, რომ ეპიფანე კვიპრელი (314-403) ლაზებს სემის შთამომავლად თვლის (სემისა: კაბადოკიელები, ფინიკები, პონტოელები, მარმარიდები... ხალიბები, ლაზები, მოსინიკები, იბერები, ფრიგიელები...), ხოლო კოლხებს - იაფეტისად (იაფეტისა: მიდიელები, არმენიელები, ამაზონები, კოლები, კაბადოკიელები, ტიბარენები, ხალიბები, მოსინიკები, კოლხები, სკვითები...); სემის ტერიტორიაში შედის: პალესტინა, სირია, ევროპა, ლაზია, იბერია, კასპია... (გეორგიკა, 1961, გვ.39-41).
იხ., აგრეთვე, პრისკე პანიონელი (V ს.): "მის შემდეგ, როდესაც რომაელები მივიდნენ კოლხიდაში და ომი აწარმოეს ლაზების წინააღმდეგ, რომაელთა ჯარი თავის ქვეყანაში გამობრუნდა..." (გეორგიკა 1961, გვ.254); პრისკე პანიონელი: "დიდი უთანხმოება ჰქონდათ სვანთა ტომთან რომაელებსა და ლაზებს, სვანებმა სასტიკი ბრძოლა გააჩაღეს სემატის (?) - ლაზთა სარდლის წინააღმდეგ" (გეორგიკა, 1961, გვ.261-262).

ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი (IX ს.) ლაზიკის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრად მიიჩნევს ტრაპეზუნტს; კერძოდ, ირაკლი კეისრის ლაშქრობის აღწერისას ის წერს: "ირაკლიმ სცადა, ლაზიკის გზით შეჭრილიყო სპარსეთში; როდესაც მოაღწია ტრაპეზუნტამდე - ლაზიკის საზღვრამდე, მისმა ცოლმა შვა ძე"; 1042 წელს ქართულად გადმოღებულ ამ ტექსტში ლაზიკა თარგმნილია სამეგრელოდ: "და მო~წია რა ტრაპეზუნტედ - სანახებთა სამეგრელო~სათა..." (გეორგიკა, 1952, გვ.207-208). შდრ., აგრეთვე: ნიკეტა ხონიატეს (XII ს.) ბიზანტიის კეისრის - მანუელის ტიტულებში შეაქვს: ლაზთა, იბერთა, ბულგართა, სერბთა... ღვთივმმართველი (გეორგიკა, 1966, გვ.131).
შდრ., თამარის ისტორიკოსი: 1204 წელს თამარმა ბერძენთა მეფეს წაართვა: ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტიორა, ამასტრია, არაკლია... (ქართლის ცხოვრება, 1959, გვ.141-142). აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველ მეფეებს ლაზეთი/ლაზია არასოდეს უცვნიათ თურქეთის შემადგენლობაში (პ.ინგოროყვა, 2003, გვ.40).
რომაულ-ბიზანტიურ წყაროებში მიღებულია აზრი კოლხებისა და ლაზების იგივეობისა; შდრ., მაგ., იოანე ლიდე: "კოლხიკე, რომელსაც ახლა ლაზიკეს ეძახიან..." (გეორგიკა, 1965, გვ.242); იოანე ცეცე: "კოლხები სკვითები არიან, მათ ლაზებიც ეწოდებათ და ცხოვრობენ აბაზგების, წინანდელი მასაგეტების მახლობლად (გეორგიკა, 1952, გვ.7; თ.ყაუხჩიშვილი, 1987, გვ.132)... მიუხედავად ამისა, არალოგიკურია, ვილაპარაკოთ ამ ტერმინთა სინონიმურობაზე, რამდენადაც ორივე გამოყენებულია როგორც ვიწრო ეთნიკური, ასევე, ფართო პოლიტიკური მნიშვნელობით; მით უმეტეს, შეუძლებელია, იდენტური იყოს მათი ზოგადი შინაარსი, ვინაიდან ძველი კოლხეთი გაცილებით ფართო არეალს მოიცავდა; ერთი კი უდავოა:
ლაზებისა და ჭანების წინაპრებიც, სასპეირებიც, ხალიბებიც, ხალდებიც, მუშქებიც და ბევრი სხვა ტომიც ძვ.წ. I ათასწლეულის შუა პერიოდის კოლხურ თუ მოსხურ მოდგმად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ ტომთა გაერთიანებას სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელი ერქვა (ამის შესახებ იხ. ქვემოთ).
ლაზ- ფუძეს ფონეტიკური ვარიანტები არ უჩანს; თუმცა, განსახილველია მისი კავშირი, ერთი მხრივ - ლაშ-ხ-, მეორე მხრივ კი - რიზ-ე ფორმებთან; იხ., აგრეთვე, ივ. ჯავახიშვილი (1960, გვ. 405): ლა-ზან-იკ-ა > ლაზიკა, სადაც ლა- სვანური მაწარმოებელია. დასაშვებია, რომ ლაზ- ფუძე უცხოური წარმომავლობისა იყოს (შდრ., ქართველური წარმომავლობის ეთნონიმებს ფონეტიკური ვარიანტები უდასტურდებათ).

ბაზები, აფხაზები, ებზეები/ობეზები, აბაზგები/აბასკები, აბაძახები/აბაზახები

აფხაზ- ფუძესა და მასთან ფორმობრივ-სემანტიკურად დაკავშირებულ ლექსემებს, აფხაზ და აბაზა ტომთა ისტორიას მრავალი მეცნიერი იკვლევდა; ბოლო პერიოდის შემაჯამებელი ხასიათის გამოკვლევები ეკუთვნის თ.გვანცელაძეს (თ. გვანცელაძე, 1993; თ. გვანცელაძე, 1998; თ. გვანცელაძე, 2004); აფხაზურ ენაში სუპერსტრატული ფენების გამოწვლილვითი შესწავლის შემდეგ იგი ასკვნის:
"დღევანდელ აფხაზთა წინაპრებს შავი ზღვის სანაპიროზე არ უცხოვრიათ ახ.წ. V საუკუნემდე; აფხაზთა თავდაპირველი სამშობლო აფსნი მდებარეობდა კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით, მდინარე ყუბანის აუზში. მისი ძირითადი მასა აქვე ბინადრობდა 1561 წლის ახლო ხანებამდე... თანამედროვე აფხაზური ეთნოსის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ამჟამინდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზთა (თვითსახელწოდებით – აფსუათა; ტ.ფ.) მოსვლამდე მცხოვრებ კოლხურ მოსახლეობას" (თ.გვანცელაძე, 1998, გვ.60, 2004, გვ. 58-63). მისივე ვარაუდით, აფხაზურ-აბაზურ და ჩერქეზულ ენებზე აფხაზურ-აბაზურ ტომთა ერთობის თავდაპირველი სახელი უნდა ყოფილიყო ~ა-აბაზ-ა > აბაზა; ამოსავალი ფორმაა *~ა-ფას-ა, რომლისგანაც -Eა სუფიქსითაა ნაწარმოები აფსუა < *~ა-ფას-Eა (თ.გვანცელაძე, 1998, გვ.38-39).
წარმოდგენილ საყურადღებო ნაშრომებში ჩვენთვის საკამათოა მხოლოდ ქართული აფხაზ- ფუძის წარმოქმნის გზა; კერძოდ, თ.გვანცელაძის აზრით, აფხაზ- ფუძე მომდინარეობს ჩერქეზული აბაზა ხა კომპოზიტისგან: აბაზა ხა "ქვემოური აბაზა" (ჩერქეზ. "ხა" ითარგმნება, როგორც ქვემოური, ქვემოთა): ჩერქეზ. აბაზა-ხა/აბზახა > მეგრ. აბხაზა > ქართ. აფხაზი (თ.გვანცელაძე, 1998, გვ.38); ვფიქრობთ, უფრო ნაკლებწინააღმდეგობრივია აბაზ-ხ-ი > აფხაზ-ი გზის დაშვება, სადაც -ხ- კრებითობის სუფიქსია. ჯერ მივყვეთ წყაროების ჩვენებას:
არიანე (II ს.): ტრაპიზონიდან ძველ აქაიამდე შემდეგი ტომები გავიარეთ: კოლხები, სანები (ქსენოფონტეს დრილები), მაკრონები, ჰენიოხები, ძიდრიტები, ლაზები, აფსილები, აბასკები, სანიგები, ძილქები; "ლაზების მეზობლები აფსილები არიან; მათმა მეფემ - იულიანემ მეფობა შენი მამისგან მიიღო. აფსილების მეზობლები აბასკები არიან. აბასკთა მეფე რესმაგაა. აბასკთა მეზობლები სანიგები არიან" (ბერძენი მწერლები... 1983, გვ.158-159). აბასკები სანიგებს ზემოთ, მთებში სახლობენ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.100-101); ამავე კონტექსტში აბაზგებს ახსენებენ V ს. მოღვაწე თეოდორიტე კვირიელი (გეორგიკა, 1961, გვ.227), V ს. ანონიმი ავტორი (გეორგიკა, 1965, გვ.8), სტეფანე ბიზანტიელი (გეორგიკა, 1936, გვ.284) და სხვები. შდრ. აგათანგელოსის ტექსტის არაბულ თარგმანში ლაზთა ქვეყანა Aბცჰაზორუმ-ად ითარგმნება (გეორგიკა, 1961, გვ. 71).
მოგვიანებით ფართოვდება ტერმინ აბაზგიით მოაზრებული ტერიტორია; მაგ., ბიზანტიის კეისარი კონსტანტინე პორფიროგენეტი (912-959), თავის შვილს აცნობს რა ბიზანტიის მეზობელ თუ დაპყრობილ ტომებს, აბაზგიის შესახებ ამბობს:
"ჯიქეთის საზღვრების შემდეგ, ესე იგი, მდინარე ნიკოფსიიდან მოკიდებული ზღვის ნაპირი ვიდრე სოტერიუპოლისამდე, 300 მილის მანძილზე უჭირავს აბაზგიის ქვეყანას" (გეორგიკა, 1952, გვ.233). ნიკოფსიის ლოკალიზება არ ჭირს, მაგრამ საკამათოა სოტერიუპოლისის საკითხი; ზოგი მას ბიჭვინთად მიიჩნევს, ზოგი - სოხუმად (საკითხის მიმოხილვისთვის იხ. ს. ყაუხჩიშვილის მსჯელობა, იქვე, გვ.231-235).
ჩვენი აზრით, რამდენადაც, X საუკუნეში აბაზგიის სახელით, არაიშვიათად, მთელი დასავლეთ საქართველო მოიხსენება, აბაზგიის სამხრეთ საზღვრად ნათქვამი ქალაქი სოტერიუპოლისი თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე უნდა ვეძიოთ ნიკოფსიიდან დაახლოებით 300 მილის მანძილზე. X საუკუნის შუა წლებში ქართული წყაროების აფხაზეთის სამეფო (გაერთიანებული დასავლეთ საქართველო, ცენტრით ქუთაისში) ფაქტობრივად დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტია; იგივე კეისარი კონსტანტინე პორფიროგენეტი, როცა თავის შვილს ასწავლის უცხოელთათვის მიმართვის წესებს, იბერიის (ტაო-კლარჯეთის!) კუროპალატსა და აბაზგიის მთავარს ერთ რანგში განიხილავს (გეორგიკა, 1952, გვ.293); აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდის ქართული წყაროები აფხაზეთს საქართველოს ერთ-ერთ ქვეყანად - "ჩუენს ქუეყანად" თვლის.
ს. ჯანაშიას რედაქტორობით გამოქვეყნებულ სახელმძღვანელოში იყო ასეთი ფრაზა: "აფხაზთა ერისთავმა ადვილად დაიპყრო ეგრისი და არგვეთი..."; პავლე ინგოროყვამ შემდეგი მართებული კომენტარი გააკეთა: პირველწყარო "მატიანე ქართლისა~ში" პირდაპირ აღნიშნულია, რომ აფხაზთა ერისთავი ლეონ განუდგა ბერძენებს და "დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე, სახელ-იდვა მეფე აფხაზთა"; ე. ი. აფხაზთა ერისთავმა აფხაზეთიდან კი არ დაიპყრო ეგრისი, არამედ, განუდგა რა დამპყრობელს, ორივეში გაბატონდა და დედაქალაქად ქუთაისი აირჩია...(პ. ინგოროყვა, 1954, გვ.115-116); სწორედ ამ დროიდან დასავლეთ საქართველოს სახელად დამკვიდრდა აფხაზეთი.
საერთოდ, ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა (ასეთი გამონაკლისები ყველა ქართულ სამთავროს ჰყავდა), აფხაზეთის მეფე-მთავრები ზოგადქართველური ეროვნულ-კულტურული და სახელმწიფოებრივი საქმის მოთავეები იყვნენ; მათი მოღვაწეობითაც ჩანს, რომ რუსეთის იმპერიის კავკასიაში გააქტიურებამდე აფხაზები სხვა ქართველური თემებისგან თვისობრივად არ განსხვავდებოდნენ.
აფხაზეთი და ეგრისი - "ქართლის ცხოვრების" მიხედვით ცნობილი ეს ორი ქართული კუთხე - გორგასლის მეფობის დასაწყისში დასავლეთ საქართველოს იმ ნაწილს მოიცავდა, რომელიც დაპყრობილი არ ჰქონდა ბიზანტიას; ჩანს, აფხაზეთი იყო ციხეგოჯამდე, ეგრისი კი - ციხეგოჯიდან ლიხამდე; შდრ.: "მასვე ჟამსა გამოვიდნენ ბერძენნი აფხაზეთად... და დაიპყრეს ეგრისწყლიდან ვიდრე ციხეგოჯამდე" (ქ.ც., 1955, გვ.146,4-5); შდრ., იქვე, გვ.157, 19: დაპყრობილ აფხაზეთში ბიზანტიელების მიერ მმართველად დასმული იყო ლეონ, რომელიც "უცალო იყო ბრძოლისაგან სპარსთასა, და ვერშემძლებელ იყო სპათა გამოგზავნად აფხაზეთს; და [ვახტანგ გორგასალმა] სამ წელ წარტყუენნა ყოველნი ციხენი აფხაზეთისანი ვიდრე ციხე-გოჯამდე". ე.ი. გორგასალმა შემოიმტკიცა ბერძენთაგან ახალდაპყრობილი ქართული ქვეყანა - აფხაზეთი.
აქვე აღვნიშნავთ:
ფარნავაზისა და ქუჯის ამბების თხრობის დროს მემატიანე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეგრისწყალს მარჯვნივაც ქართველები ცხოვრობდნენ: ეგროსს ერგო ტერიტორია ლიხიდან ვიდრე მდინარე ხაზარეთისწყლის (ყუბანის) შესართავამდე (ქართლის ცხოვრება, გვ.5,12-15), მაგრამ ბერძნებთან ომის შემდეგ "ეგრის წყალს ქუემოთა დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკვიდრთა მის ადგილისათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა" (იქვე, გვ.24, 1-2).
ლოგიკურია, ვთქვათ, რომ ქართულ წყაროებში, თავდაპირველად, ეგრისი მოიცავდა აფხაზეთსაც; მომდევნო პერიოდში ორივე სახელი რეალურად თანაარსებობდა - მეზობელ მხარეებს აღნიშნავდა, შემდეგ საერთო სახელად აფხაზეთი განზოგადდა; ისტორიული ეგრისის აღსანიშნავად ოდიში და სამეგრელო შედარებით გვიან დამკვიდრდა.
აფხაზეთის ბიზანტიური ვარიანტი იყო აბაზგია:
შდრ.: საქართველოს გაერთიანებამდე არსებობდა აბაზგიის ეპარქია, რომელიც ექვემდებარებოდა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს (გეორგიკა, 1952, გვ.129, 137-138)...
კეისარ კონსტანტინეს დროს აფხაზეთის მეფეები იყვნენ გიორგი II (912-957), ლეონ III (957-967); შემდეგ იყო თეოდოს III (975-978). თეოდოსის ტახტიდან გადაყენების შემდეგ 978 წელს დავით III ბაგრატიონი (კუროპალატი) აფხაზეთში ამეფებს მცირეწლოვან ბაგრატს. სწორედ ამ პერიოდში ეყრება საფუძველი დასავლეთ, სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოების (!) გაერთიანებას; დიდი საქართველოს აღორძინების გამორჩეული ორგანიზატორი იყო აფხაზეთის ერისთავი იოვანე მარუშისძე.
შდრ.: 1008 წელს აღდგენილ-გაერთიანებული დიდი საქართველოს პირველი მონარქი ხდება აფხაზთა მეფე ბაგრატი, შემდგომში ბაგრატ მესამედ წოდებული (რომლის შვილი გიორგი I თავისი სამშობლოს დამპყრობელი ბიზანტიის დაუძინებელი მტერი იყო). შდრ., აგრეთვე, იოანე ზონარას (XI-XII) "მსოფლიო ქრონიკაში" მოთხრობილი ამბავი (გეორგიკა, 1966, გვ.233-239; ტექსტს ვიმოწმებთ ს.ყაუხჩიშვილის თარგმანისა და კომენტარების მიხედვით):
ბარდა ფოკასა და ბარდა სკლიაროსის დამარცხების შემდეგ ბიზანტიის მეფე ბასილი გაემართა იბერიაში, სადაც მოაწესრიგა ის სადავო საკითხები, რომლებიც გაჩნდა იბერიის კუროპალატ დავითის გარდაცვალების გამო და წავიდა ფინიკიისკენ... შემდეგ მობრუნდა და გაილაშქრა აბაზგიის წინააღმდეგ, ვინაიდან მისმა მპყრობელმა გიორგი I დაარღვია ბიზანტიასთან დადებული ხელშეკრულება... ფიცხელ ომში დამარცხდა აბაზგიის მთავარი გიორგი, შიდა იბერიისკენ გაიქცა და ზავი ითხოვა; მან მძევლად მისცა თავისი ძე ბაგრატი (შემდგომში ბაგრატ IV)...
ძველი ქართველი მწიგნობარნიც კარგად იცნობენ ტერმინ აბაზგიას, მას დასავლეთ საქართველოდ თვლიან და აფხაზეთად თარგმნიან; იხ., მაგ., "მიმოსლვასა შინა წმიდათა მოციქულთასა ანდრია პირველწოდებულისა მიერ ქადაგება~ შორის ავაზგია~სა, რომელ არს აფხაზეთი" (გეორგიკა, 1991, გვ.214; იხ., აგრეთვე, აქვე, გვ.219).
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ X-XII საუკუნეების სხვა უცხოური წყაროებით, აფხაზი უკვე ქართველის სინონიმადაა ქცეული; მაგ., იოანე იტალოსი იოანე პეტრიწს აბაზგ გრამატიკოსს უწოდებს, რაც ამ კონტექსტში ქართველ გრამატიკოსს ნიშნავს.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ იოანე პეტრიწი არა მხოლოდ დიდი ფილოსოფოსი, არამედ შეუდარებელი მოქართულე და სიტყვათშემოქმედი იყო; გარდა ამისა, ის სიტყვებს ქართველური დიალექტებიდანაც ამკვიდრებდა; მაგ., სამხმიანი გალობის მეორე ხმის აღსანიშნავად მან შემოიღო ტერმინი ჟირი, რომლის მეგრული წარმომავლობა უდავოა; ლოგიკურია დავუშვათ, რომ ეს დიდი ქართველი მოღვაწე ეგრისის მკვიდრი იყო (შდრ.: ნ.მარის აზრით, იოანე პეტრიწი ტომით აფხაზი იყო). საყურადღებოა აგრეთვე ე.ხინთიბიძის დაკვირვება: ექვთიმე მთაწმინდელმა ქართულიდან ბერძნულად თარგმნა "ვარლამ და იოასაფის" რომანი, რომელიც ბერძნულიდან გადაითარგმნა ლათინურად. ლათინურად მთარგმნელის კომენტარით, "ბერძნული თარგმანი შეასრულა ტომით აბაზგმა ბერმა ეფთვიმემ" (ე.ხინთიბიძე, 1998, გვ.15). ე.ი. ქართველი ექვთიმე მთაწმინდელი, ლათინთა აზრით, ტომით აბაზგია. ამავე პერიოდში აფხაზეთი სრულიად საქართველოს ნიშნავს სპარსულ წყაროებშიც (კ.ტაბატაძე, 1993, გვ.222-226); შდრ.: ასურელი ისტორიკოსი ზაქარია რიტორი აფხაზთა/ქართველთა ქვეყანას ბაზ-გ-ონ-თა ქვეყანას უწოდებს; მსჯელობისათვის იხ. ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ. 402.
საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი: დედით ქართველური (აბაზგური) წარმომავლობის იოვანე ცეცეს (1110-1180) აზრით, აბაზგები იბერთა ტომისანი არიან (გეორგიკა, 1976, გვ. 20-25); შდრ., აქვე, ერთგან მითითებულია იოვანეს დედის აბაზგობა (გვ.23), მეორეგან კი - იბერიელობა (გვ. 25); ამავე დოკუმენტის მიხედვით, იოვანეს აბაზგი ბებია ამალაში ახლდა იბერიის მეფის ასულს - მართას.
ჩანს, აფხაზეთის მოსახლეობა ქართველებად ითვლებოდა მეზობელი ხალხებისათვისაც: ყარაჩაელების, ბალყარელებისა და რუსებისთვის; კერძოდ:
შემთხვევითი არ ჩანს ის ფაქტი, რომ ტერმინი აბაზა/ობეზი/ებზე ჩრდილო კავკასიის ზოგ ხალხში და ევროპულ თუ ძველ რუსულ წყაროებში ქართველის სინონიმია; მაგ.: პაპ ინოკენტ IV ელჩი იოანე დე პლანო კარპინი, რომელმაც მონღოლეთში იმოგზაურა 1246 წელს, საქართველოს გეორგიანია-ს ეძახის, ქართველებს კი - გეორგიან-ებ-ს ანუ ობეზ-ებ-ს (ს.ჯანაშია, 1959, გვ.53).
XIV-XVI საუკუნეების რუსული წყაროს მიხედვით, ობეზი საქართველოს აღნიშნავდა. ფაქტის ახსნა იოლად შეიძლება: მაშინდელი სლავების ენაშიც ქართველთა სახელად განზოგადდა მეზობელი ტომის სახელი - აბაზა, რამდენადაც სლავებისთვის აბაზა, ეგრისელი, სვანი, კახელი თუ მესხი ერთი ოდენობა იყო; შდრ., აგრეთვე: კავკასიაში გვიან მოსული ყარაჩაელებისა და ბალყარელებისთვისაც ქართველების აღმნიშვნელი ტერმინია ებზე ( < აბაზა). ამავე დროს, ებზე საკუთრივ სვანებს, ზოგ შემთხვევაში კი რაჭველებსაც აღნიშნავს (თ. გვანცელაძე, 1993); შდრ., აბაძა ჯიქთა თვითსახელწოდებაცაა და დღევანდელ აბაზათაც (აბაზები რამდენიმე საუკუნის წინ გაემიჯნენ აფსუებს).
ვფიქრობთ, აშკარაა, რომ ძველი დროიდან მოყოლებული, ვიდრე XVI-XVII საუკუნეებამდე, ჯიქებისგან განსხვავებით, აბაზები/აბაზგები/აფხაზები ევროპაშიც და აზიაშიც ქართველურ (იბერიულ/კოლხურ) სამყაროსთან ასოცირდება; სამართლიანადაც: შუა საუკუნეებში სხვა ქართველური მოდგმის თემებთან ერთად აფხაზებიც ქმნიდნენ ერთიან ქართველურ სახელმწიფოსა და სამწიგნობრო კულტურას. გაერთიანებულმა საქართველომაც დიდხანს შეინარჩუნა "სამეფო აფხაზეთის" სახელი (გ.ალასანია, 2004, გვ.9). შდრ., აგრეთვე, თ.გვანცელაძის დასკვნა: "სხვადასხვა პერიოდისა და სხვადასხვა ენაზე შედგენილი წერილობითი თუ კარტოგრაფიული მასალა ცხადყოფს: უძველესი დროიდან გვიან შუა საუკუნეებამდე ცხუმის მოსახლეობა ქართველური იყო" (თ.გვანცელაძე, 1997, გვ. 25).
ერთიანი საქართველოს აღორძინების პარალელურად, აფხაზეთის ხელისუფალნი იღვწოდნენ ქართული ეკლესიის ერთიანობის აღსადგენადაც; მაგ., "აფხაზი" მეფე-მთავრების (ლეონ II, თეოდოს II, დემეტრე II, გიორგი I, კონსტანტინე III, გიორგი II, ლეონ III... აგრეთვე: ცხუმის ერისთავი ოთაღო შერვაშიძე (XII ს.), მხედართმთავარი დარდინ შერვაშიძე (XIII ს.) და სხვ.) ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები იყო:
_ დასავლეთ საქართველოს ეკლესიის გამოსვლა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან და ქართულ ავტოკეფალურ ეკლესიასთან შეერთება;
_ ქართულენოვანი საეკლესიო ცენტრების მშენებლობა;
_ ბრძოლა ქართული სამყაროს პოლიტიკური გაერთიანებისათვის;
_ ჩრდილოკავკასიური მოძმე ხალხების გაქრისტიანებისათვის ბრძოლა და ამ გზით ქართული სახელმწიფოს საზღვრების უზრუნველყოფა (ლ.ახალაძე, 2004, გვ.12)...
ლოგიკური ჩანს, გვერდიგვერდ განვიხილოთ: აბაზ-/აბაზა/აბაძ-/აბას-... ფუძეები; გარდა ამისა, ტაო - ტაო-ხ-ი, კოლა - კოლ-ხ-ი... მიმართებების პარალელურად, დასაშვებია აბაზ- - აბაზ-ხ-, აბაზა - აბაზა-ხ-... წყვილების დაშვებაც: აბაზ-ხ-/*ამას-ხ- ფუძეში წარმომავლობითობა-კრებითობის -ხ- სუფიქსის გამოყოფა ლოგიკური ჩანს, როგორც ამას ადრეც ვარაუდობდნენ (ნ. მარის, ს. ჯანაშიას, ქ. ლომთათიძის მოსაზრებათა შესახებ იხ., ო. კახაძე, 1993). აბაზ-ხ- ფუძისგან ხ-ს მეტათეზისით უნდა წარმოქმნილიყო აფხაზ- ფუძე (შდრ., მსგავსი ფონეტიკური პროცესი ქართულში: წათხ-/წყათ-, ბალღ-/ ბღარ-, ბარტყ-/ ბღარტ-, ბერტყ-/ბღერტ- და სხვ..). არ არის გამორიცხული, რომ ჩერქეზულმა აბაზახა ფორმამ, ფორმობრივი მსგავსების გამო, გვიან შეიძინა "ქვემო აბაზას" შინაარსი (შდრ., თ. გვანცელაძე, 1998, გვ.37).
ადრინდელი ქართველური *აბაზ-ხ- ფუძის ადაპტირებული ვარიანტებია ბერძნული აბასხ-, აბაზგ- და აბასკ- ფორმებიც (განსხვავებული მსჯელობისათვის იხ. თ. გვანცელაძე, 1998, გვ. 36). აფხაზის სხვადასხვაგვარი ეტიმოლოგიის შესახებ იხ., აგრეთვე: ნ. მარი, 1912, გვ. 697; ივ. ჯავახიშვილი, 1960, გვ. 401; თ. გვანცელაძე, 1989; ო. კახაძე, 1993; ე. ოსიძე, 1993; თ. გვანცელაძე, 1993; თ. გამყრელიძე, 1993; დ.მუსხელიშვილი, 2000... იხ., აგრეთვე, ა.ლომთაძე, რ.შეროზია, 2002, სადაც აფხაზ- ფუძის ამოსავლად მიჩნეულია სვანური მეტყველების მსაზღვრელ-საზღვრული *აფხაშ ზანი "მთის ზანი".
შენიშვნა: ბოლო პერიოდში მომრავლდა არაკომპეტენტურ პირთა (მ.ძაძამიას, ზ.ქაფიანიძის, ი.ზეირეკის, ვ.ფოირშტაინის, ვ.რცხილაძის, ბ.გოგიას...) "ენათმეცნიერულ-კულტუროლოგიური აღმოჩენების" პუბლიკაციები; სამაგალითოდ მოვიყვანთ ბ.გოგიას ტიპურ მსჯელობას (ბ.გოგია, 2005, გვ.91): მეგრული სიტყვების საფუძველზე აფხაზ- ფუძეს რამდენიმე პარალელური ეტიმოლოგია ეძებნება: I. აფხა-ჟი > აფხაზა; შდრ.: აფხა - ბეჭი; ჟი - მაღალი; შესაბამისად: აფხა-ჟი - ბეჭ-მაღალი. II. აფხა(მ)-ზანი > აფხაზა; შდრ.: აფხა - მხარ-ბეჭი; ზანი - ზანი; შესაბამისად: აფხა-ზა - მხარბეჭიანი ზანი; III. მათხოზაი ("თხის გამრეკავი") > ათხაზაი > აფხაზი; IV. ბუზი > აბასკო~; შდრ.: ჭანჯი > ჭანი; V. მესხი-სანი > მედიცინა... არალინგვისტ ეტიმოლოგთა ამგვარი ურაპატრიოტული "სიბრძნე" არ არის მხოლოდ პიროვნული ახირების ერთჯერადი გამოვლენა; მავანთაგან მსგავსი პუბლიკაციების სტიმულირება საზოგადოებაში სამეცნიერო აზრის ნიველირება-დისკრედიტაციას ემსახურება.
სავარაუდოა, აგრეთვე, ა-ბაზ- და *ბაზ-გ- ფუძეთა საერთო წარმომავლობის დაშვებაც: აფხაზური ~ა- და ქართველური ა-/სა- პრეფიქსები მასალობრივად მსგავსია; ა-ბაზ- ფორმის ა- შეიძლება დანიშნულების სა-/ა- პრეფიქსი იყოს: *ა-ბაზი/*ა-მასი - ბაზების/მასების ქვეყანა/ადგილი; შდრ.: სპერი - სა-სპერი, ქართველი - საქართველო; შდრ.: დგას - ა-დგ-ილ-ი, ბანს - ა-ბან-ო; ცივი - სა-ცივი, ქარი - სა-ქარი, წერს - სა-წერი... საერთოქართველურში სა- პრეფიქსის პარალელურ ვარიანტად ა-ს დაშვებას მხარს დაუჭერს ზანურში მოსალოდნელი *სო-ს ნაცვლად ო-ს არსებობა; რამდენადაც საერთოქართველურ ა-ს ზანურში კანონზომიერად ო შეესაბამება, ლოგიკურია, საერთოქართველურში დანიშნულების სუფიქსად ა- პრეფიქსიც დავუშვათ; შდრ.: ქათამი - საქათმე და ქოთომი - ო-ქოთუმ-ე; შდრ., აგრეთვე: ზან. ო-ხვამ-ე, ო-ყუჯ-ე, ო-ფშ-ა... და სვან. ა-ჰა-, ა-ყბ-ა, ა-კუად-... მოსალოდნელია, რომ საერთოქართველური ა-/*ჰა-სა- და აფხაზური ~ა (/*ჰა-? დასაშვებია ს/ჰ/~ მონაცვლეობანი) საერთო წარმომავლობის პრეფიქსები იყოს. შდრ., ნ. მარის მიხედვით: *მასხი > ბაზგი > ა-ბაზგი... წარმოდგენილ სქემებს დამატებითი არგუმენტები ესაჭიროება.
სამეცნიერო ლიტერატურაში აფშილ-/აბაზგ- ფორმები დაკავშირებულია ასურულ წყაროებში დაფიქსირებულ აბეშლასთანაც (ზ. ანჩაბაძე, 1976; შ. ინალიფა, 1976) და ხუბუშქიასთანაც (მ. ქურდიანი, 2001, გვ.126-130; მ. ქურდიანი, 2002, გვ.80); -ლ-/-ილ- სუფიქსთა კვალიფიკაციის სირთულის მიუხედავად, ლოგიკური ჩანს ასურული წყაროების აბეშლა, საერთოქართველური აბესა/აბაზა ( აბაშა; შდრ. ზანური ობაშა > აბაშა; მ. ჩუხუა, 2003, გვ. 73) და აბშილი/აფსილი ფორმებს შორის კავშირი. შდრ., ზ.ჭუმბურიძე, 2002: აბაშა უნდა მოდიოდეს ებრაულ სახელ აბასგან: აბა-შა "აბას კუთვნილი".
შენიშვნა: იოანე ცეცეს (X ს.) ცნობით, აბაზგებს ადრე მასაგეტები ერქვათ (გეორგიკა, 1967, გვ 25); შესაბამისად, *მას- ძირის არსებობა შეიძლებოდა დაგვეშვა მას-აგ-ეტ- ეთნონიმშიც; თუმცა, აქაც ბევრი წინააღმდეგობა გვაქვს: ვერ ხერხდება -აგ- და -ეტ- სეგმენტთა დამაჯერებელი კვალიფიკაცია; გარდა ამისა, სადავოა მასაგეტების კავკასიურობაც: ჰეროდოტეს მიხედვით, მასაგეტები მომთაბარე და მეომარი ტომია (მათთან ბრძოლაში დაიღუპა აქემენიდთა დამაარსებელი - კიროსი). სტრაბონი მათ ხვარაზმელებად თვლიდა (ქსე, ტ. VI, გვ.497); ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, მასაგეტები არიან შუააზიელი სკვითები; შდრ., თეოფანე ბიზანტიელი (VI ს.): ძველ მასაგეტებს ახლა თურქები ჰქვიათ; მათვე სპარსელები კერმიხიონებს უწოდებენ (გეორგიკა, III, გვ.253). ზოგი მკვლევარი მასაგეტებს ქართველურ-კავკასიურ სამყაროსთან აკავშირებს; შდრ., სტეფანე ბიზანტიელის მტკიცებით, მისგეტები იბერთა ტომია (გეორგიკა, 1936, გვ.282).
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ:
წარმოდგენილი ლინგვისტური სქემები მეტ არგუმენტებს, ხოლო საკითხი დამატებით კვლევას საჭიროებს. აქ უდავო შეიძლება იყოს მხოლოდ ის, რომ ორი სხვადასხვა ქართველურ-კავკასიური ტომი აფსილ-აფსარები და აბაზგ-აფხაზები საუკუნეების მანძილზე, საკუთრივ ქართველურ ტომთა მსგავსად, ერთიან ქართველურ კულტურულ-ისტორიულ თუ სახელმწიფოებრივ ველში ცხოვრობდა... ფაქტია ისიც, რომ ისტორიულ ჩრდილო-დასავლეთ საქართველოშიც (კოდორიდან შავ ზღვასთან ყუბანის ძველ შესართავამდე) ოდითგანვე ცხოვრობდნენ ქართველურ-კავკასიური მოდგმის ტომები (ზანები, სანიგები, სვანები, აფსარები, აბაზები...). შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, რომ ამ ტომთა საცხოვრისები და პოლიტიკური გავლენები ერთმანეთის ტერიტორიებზე მონაცვლეობდა (მასალის მიმოხილვისთვის იხ., დ.ლეთოდიანი, 1971).
ევლია ჩელების ცნობით, უკვე 1641 წელს აბაზას ქვეყნის მოსახლეობა აბაზურ და ქართულ (მის მეგრულ დიალექტზე) ენებზე ლაპარაკობს (ევლია ჩელები, 1971, გვ. 100; შდრ., პ.ინგოროყვა, 1957, გვ.133). თ.გვანცელაძის ლინგვისტური და ისტორიოგრაფიული ძიებებით ნათლადაა ნაჩვენები, რომ XVI-XVII საუკუნეებში ისტორიული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩრდილო კავკასიიდან - ყუბანის ხეობიდან - თანდათანობით გადმოდის და ამჟამინდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რამდენიმე ხეობაში კომპაქტურად სახლდება ერთ-ერთი აბაზური ტომი, თვითსახელწოდებით - აფსუა.
ვფიქრობთ, რამდენადაც ეს საზოგადოება მოძმე ქართველური მოსახლეობის - აფხაზების - საცხოვრისში ნელ-ნელა მკვიდრდება, მეზობელთათვის ჩამოსულებზეც გადადის დამხვდურთა თემონიმი აფხაზი. დროთა მანძილზე, ადგილობრივ აფხაზთა ნაწილი ითქვიფება მეგრელებში, ნაწილი - აფსუებში; შესაბამისად, ქართველური თემონიმი აფხაზი/აფხაზა ქართველურ ენობრივ ველში აფსუების აღმნიშვნელად გადააზრიანდა და აქედანვე შევიდა სხვა ენებშიც (შდრ., ამგვარი ტრანსფორმაციით სომხითი/სომეხი იქცა მოსული არმენების აღმნიშვნელად). ბოლო დრომდე, აფსუა-აფხაზებიც თავს თვლიდნენ ზოგადქართული კულტურის თანაავტორებად...
ქართველური ენობრივ-კულტურულ-სახელმწიფოებრივი სივრციდან ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ სხვა იბერიულ-კავკასიურ ტომთა მკვეთრი განმხოლოება იწყება კავკასიაში თურქეთის გაძლიერების შემდეგ, ხოლო აფსუა-აფხაზი ხალხის იდენტობა (ეროვნული მეობა - ტ. ფ.) "პოლარულად შეცვალა ცარისტულ-საბჭოური იდეოლოგიის მძლავრმა ზეგავლენამ 1864 წლიდან დღემდე" (თ. გვანცელაძე, 2004, გვ.19); კავკასიის სრული დაპყრობის მიზნით, რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო აქაური მოსახლეობის გასახლება ან სრული გაუცხოება ტრადიციული ქართველურ-კავკასიური სივრციდან; მაგ., საქართველოს ძირძველი კუთხიდან - ეგროსის წილი ქვეყნის ნაწილიდან - ადლერ-სოჭი-ტუაფსეს რეგიონიდან რუსეთის იმპერიამ 1864 და 1878 წლებში გაასახლა ქართველთა მონათესავე ხალხები: უბიხები, ჩერქეზები, აფსუა-აფხაზები (უფრო ადრე და ამავე პერიოდშიც, რუსულ-თურქული მზაკვრული გარიგებით, ქართველობისგან იცლება სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველოც)...
ქართველთა და აფხაზთა (ჩერქეზთა, ვაინახთა, ლეკთა...) გასამიჯნავად/დასაპირისპირებლად საბჭოთა იმპერიამ უფრო ეფექტურად გამოიყენა კულტურული გაუცხოების მეთოდი, ვიდრე მეფის რუსეთმა; ქართული (აფხაზური) მოწინავე აზრის აქტიურობის მიუხედავად (იხ. შერვაშიძეების და სხვათა მოღვაწეობა), უფრო სწრაფად და ხელოვნურად გაგრძელდა გადარჩენილი აფხაზების გამიჯვნა ერთიანი ქართველური (აფხაზურ-ეგრისულ-ქართლურ-კახურ-მესხური) ისტორიიდან, კულტურიდან თუ ეთნოსიდან; პროცესმა პიკს მიაღწია 1991-93 წლებში განხორციელებული პუტჩის დროს, როდესაც აფხაზეთიდან - ძირძველი ქართველური კუთხიდან - რუსეთის იმპერიამ გამოდევნა ერთიან ქართველურ ცნობიერებაზე ორიენტირებული ქართველებიცა და აფხაზებიც, ხოლო დარჩენილი აფხაზურ-ქართულ-სომხურ-რუსული მოსახლეობითურთ ფაქტობრივად მიიტაცა აფხაზეთის ტერიტორია. შდრ., რუსეთმა იოლად განახორციელა ქართველთა მონათესავე სხვა ეთნოსების - ჩერქეზებისა და ვაინახების - დაშლა პატარ-პატარა ხალხებად: აბაზებად, აბაზახებად, შაფსუღებად, ადიღელებად, ყაბარდოელებად... ჩეჩნებად, ინგუშებად; შემდეგ კი მათი ტერიტორიებიც მიითვისა (თუმცა აქაც დასჭირდა მოსახლეობის დიდი ნაწილის დეპორტაცია თურქეთსა და შუა აზიაში).

აფსილები/აფშილები, აფსარები, აფსუები. აფსილები პირველად დასტურდება არიანესთან; მისი ცნობების მიხედვით, აფსილები ცხოვრობდნენ კოდორის ხეობაში; ზ.ანჩაბაძე მათ თავდაპირველ საცხოვრისად თანამედროვე გალის რაიონს მიიჩნევს (ზ.ანჩაბაძე, 1964). მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით, აბაზგთა მსგავსად, აფსილებიც ქართველური ტომი იყო (ს.ჯანაშია, ს.ყაუხჩიშვილი, დ.მუსხელიშვილი და სხვ..), ხოლო, ზოგის აზრით, მათი მემკვიდრეები თანამედროვე აფხაზები (აფსუები) არიან (გ.მელიქიშვილი, ზ.ანჩაბაძე, ნ.ლომოური...).
აგათია სქოლასტიკოსის (VI) მიხედვით, აფსარები კოლხებისა და მისიმიელების/სვანების მონათესავენი არიან.
გვიანდელი ავტორები და კომენტატორები აფსილებს სკვითურ ტომს უწოდებენ (მაგ., სტეფანე ბიზანტიონელი IV-VII ს.); შდრ., კოლხი ა~ეტესი სკვითთა მეფეა, მედეა - სკვითთა მეფის ასული (ლიბანიოსი, ახ.წ. IVს.); მაკრონები სკვითური ტომია (აპოლონიოს როდოსელის სქოლიასტი, ახ. წ. I-II ს.); კოლხები აზიელი სკვითები არიან (იოანე ცეცე XII ს.); სკვითები ეგვიპტელთა კოლონისტები არიან (ჰეროდოტეს ცნობა კოლხების შესახებ პინდარეს სქოლიასტთან) და ა.შ. ე. ი. ამ კონცეფციით, აბასგი და აფსილიც ისევეა სკვითი, როგორც კოლხი და მაკრონი... (საკითხის მიმოხილვისათვის იხ. თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.102).
აშკარაა, რომ არიანეს დროს აბაზგები და აფსილები სხვადასხვა ქართველურ-კავკასიური ტომი იყო; შდრ., დ.მუსხელიშვილი, 2000, გვ.17-34: "აფშილს" არც გეოგრაფიულად (საცხოვრისის მიხედვით - ტ.ფ.), არც ფორმალურ-ლინგვისტურად არაფერი აქვს საერთო "აფსუასთან"... გვაქვს საფუძველი, აფშილები ერთ-ერთ დასავლურ-ქართულ ტომად ჩავთვალოთ, რომლის ნაწილი გვიან საუკუნეებში შეერწყა მეგრელებს, ნაწილი კი - გააფსუვდა" (იქვე, შდრ.: ნ.ლომოურის აზრით, აფშილები უეჭველად აფსუები არიან).
ლოგიკური ჩანს მოსაზრება, რომ აფს- ძირისგან ქართველური სუფიქსებითაა მიღებული ქართველური: *აფშ-ელ-ი, აფს-ილ-ი, აფს-არ-ი ეთნონიმები (თ.გვანცელაძე, 1998, გვ.34, 39); აშკარაა აფს- ძირის პოვნიერება აფს-უა ფუძეშიც. ფაქტია ისიც, რომ აფსუა ცხოვრობდა ყუბანის ხეობაში, აფსილები/აფსარები - კოდორის ხეობაში სვანების საცხოვრისამდე (ე.ი. კოდორის ხეობის კავკასიონის გადასასვლელები სვანებს ეჭირათ, რაც გამორიცხავს ამ გზით აფსუათა გადმოსვლას). ასევე, უეჭველი ჩანს ქორონიმ აფხაზეთი/აბაზგია-ს წარმომავლობა აფხაზ-/აბაზგ- ფუძისგან და არა - აფსუა/აფსილისგან; მაშასადამე, ლოგიკური იქნება დავასკვნათ: ერთი ფუძისგან სხვადასხვა სუფიქსით წარმოქმნილი რამდენიმე თემონიმით სხვადასხვა მონათესავე ქართველურ-კავკასიური ტომები აღინიშნებოდა (აბაზა, აფხაზი, აფშილი, აფსარი, აფსუა...); შესაბამისად, ოთხი ეთნონიმით (აბაზა, აფსარი, აფსუა და აფხაზი) ერთი საზოგადოების აღნიშვნა გვიანდელი მოვლენაა.

სვანები, მისიმიელები - სვანები პირველად სტრაბონთან მოიხსენიებიან (სოანას/შოანას); მაშინაც ისინი კავკასიის მთებში ცხოვრობდნენ; ვარაუდობენ, რომ სვანები ადრიდანვე განსახლებულნი იყვნენ აგრეთვე ჩრდილო კავკასიაშიც - თერგსა და ყუბანს შორის არსებულ ტერიტორიაზე; შდრ., მაგ., მემანდრე პროტიქტორი (VI ს.), რომელიც, აღწერს რა ბიზანტიისა და სპარსეთის დავას სვანეთის გამო, ვრცლად იძლევა სვანთა დახასიათებას (გეორგიკა, 1936, გვ.213-233); მისი ცნობით, სვანები კავკასიის მთების გარშემო ცხოვრობენ (გეორგიკა, 1936, გვ.231); იხ., აგრეთვე, თ.მიბჩუანი, 1993; ზ.რატიანი, 1995, გვ.57-61.
ჩანს, სვანებს კავკასიონის სტრატეგიული გადასასვლელები ეჭირათ, ვინაიდან ბიზანტიასა და სპარსეთს შორის დიდხანს გრძელდებოდა წინააღმდეგობა სვანეთის დანარჩუნების გამო (იხ. გეორგიკა, 1936, გვ.213-233). პლინიუსის მიხედვით, სვანები დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიაზეც ცხოვრობდნენ: "მდინარე ხობი კავკასიის მთებიდან ჩამომდინარეობს და სვანეთის მიწაზე დის”; ამასვე ამტკიცებს საგეოგრაფიო სახელების დაკვირვებაც, მაგ., ლეჩხუმი, ლებაჩილე და სხვა. ”შემდეგ სვანების მიწები კოლხებს ანუ მეგრელებს დაუპყრიათ..." (ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ.46-47). ჩვენი აზრით, პლინიუსის ცნობის სხვაგვარი განმარტებაც შეიძლება:
ამ პერიოდის წყაროებში, არაიშვიათად, ერთმანეთს ფარავს ტერმინები: სუანი, სანი, ზანი, სუანოკოლხი, ეგრსვანი... ჩანს, სტრაბონისა და პლინიუსის დროს ტერმინი სვანი იმ რამდენიმე ქართველური ტომის (ეგრისის ნაწილის, დვალეთის, სკვიმიის, საკუთრივ სვანეთის მოსახლეობის...) გამაერთიანებელი, კრებითი სახელია, რომელთაც რომაელები ვერ აკონტროლებდნენ (შდრ.: ლაზიკა - რომაელთა გავლენის სფერო): ყურადღების ცენტრში სვანების მოქცევა, ჩანს, განაპირობა კავკასიის უღელტეხილების სტრატეგიულობამ.
ჩვენი აზრით, ძვ. წ. I ათასწლეულის დასასრულს ჯერ კიდევ დაუშლელია ზანურ-სვანური ენობრივი ერთობა; სწორედ ეს ადრეული ზანურ-სვანური (და არა მეგრული ან სვანური) დიალექტური ფენა უნდა ვივარაუდოთ ოსურ-ალანური ენის სუბსტრატად (მასალისათვის იხ. ვ.აბაევი, 1949, 324-329); შდრ.: გამოთქმულია მოსაზრება, რომ ოსურში ზანური/აფსილური სუბსტრატი გაჩნდა კოდორის ხეობაში ოსების ექსპანსიის დროს (ნ. აფხაზავა, 1998). როგორც ცნობილია, სუბსტრატის არსებობა მიუთითებს დამხვდური და მოსული ეთნოსების ხანგრძლივ ურთიერთობას; ვფიქრობთ, შეუძლებელია, ოსთა მეტყველებაში ზანური სუბსტრატის წარმოქმნა დავუშვათ კოდორის ხეობაში ალანთა მოკლევადიანი ექსპანსიის პერიოდში. რაც შეეხება ოსურში საკუთრივ სვანური ლექსიკის არსებობას: ჩრდილოკავკასიაში მცხოვრები ოსების მეტყველებაში სვანური და აფხაზური ლექსიკა (როგორც ადსტრატული ფენა) შევიდა სვანთა, აფხაზთა და ოსთა მეზობლობის პირობებში. აქვე აღვნიშნავთ, რომ, ჩვენი აზრით, ზანურ-სვანური კონტინუუმის ბაზაზე საკუთრივ სვანური მეტყველების ჩამოყალიბება სწორედ წელთაღრიცხვათა მიჯნიდან ხდება ქართველურ (ზანურ) მეტყველებაზე ჩრდილოკავკასიურ ტომთა მეტყველების დაფენებით (მსჯელობისათვის იხ. ტ. ფუტკარაძე, 1998); აქვე აღვნიშნავთ, რომ არა მხოლოდ სვანური, არამედ არაიზოლირებული ნებისმიერი მოსახლეობის მეტყველება (ენა/კილო) წარმოქმნილია დივერგენციული და კონვერგენციული პროცესების შედეგად.
სტრაბონის მიხედვით, სვანები გამოირჩეოდნენ სიმამაცით და დიდი ფიზიკური ძალით. სტრაბონის ცნობითვე, სვანებს ჰყავთ ბასილევსი და 300 მამაკაცისგან შემდგარი საბჭო; საჭიროების ჟამს გამოჰყავთ 200000-კაციანი ლაშქარი. სტრაბონი სვანების საცხოვრისში არსებულ მდინარეებთან აკავშირებს ოქროს საწმისის მითს; სტრაბონთანვეა ძველი ცნობა, რომ ოქროს საბადოების გამო (რომლისგანაც წარმოიშვა მითი ოქროს საწმისის შესახებ), დასავლეთის იბერების ანალოგიით, სვანებს ზოგი აღმოსავლეთის იბერებსაც უწოდებს, რამდენადაც ოქროს საბადოები არის ორივე იბერიაში (რუსული თარგმანისათვის იხ., სტრაბონი, 1964, გვ. 473, XI, II,14-19); შდრ., თ.ყაუხჩიშვილის თარგმანი: სვანების ქვეყანაში "ზამთრის ნიაღვრებს ოქრო ჩამოაქვს, ხოლო ბარბაროსები აგროვებენ ოქროს დახვრეტილი ვარცლებით და ბანჯგვლიანი ტყავებით: აქედან მომდინარეობს მითი ოქროს საწმისიან ვერძზე... (დაზიანებული ტექსტი)... თუ არ დებენ იბერებს მსგავს სახელს დასავლეთელებისას, რომელთაც აქვთ ოქროს საბადოები ორივე მხარეს: ეს ადგილი შეიძლება გავიგოთ ორნაირად: ა)ესპანეთის იბერებს ორივე მხარეს აქვთ ოქროს საბადური; ბ) ოქროს საბადოები აქვთ, როგორც ესპანეთის იბერებს, ისე საქართველოს იბერებს" (თ.ყაუხჩიშვილი, 1957, გვ. 126; თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.139-144).
სვანები სხვა წყაროებშიც ჩანან:
პრისკე პანიონელი (V ს.): "დიდი უთანხმოება ჰქონდათ სვანთა ტომთან რომაელებსა და ლაზებს; სვანებმა სასტიკი ბრძოლა გააჩაღეს სემატის (?ლაზთა სარდლის) წინააღმდეგ" (გეორგიკა, 1961, გვ.261);
პროკოპი კესარიელი (VI ს.): "მარტო ეს ლაზიკე კი არ ჩაიგდეს ხელთ სპარსელებმა, არამედ სვიმნიაცა და სვანიაც და, ამრიგად, მოხირისიდან იბერიამდე მთელი მიწა-წყალი გამოეცალათ ხელიდან რომაელებსა და ლაზთა მეფეს” (გეორგიკა, 1965, გვ.202).
აგათია სქოლასტიკოსი (VI ს.) ვრცლად მსჯელობს მისიმიელთა შესახებ; მისი ცნობით, ეს ხალხი კოლხთა მეფის ქვეშევრდომია, მსგავსად აფსილებისა, ოღონდ განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს. ისინი აფსილთა ტომზე უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობენ, ოდნავ აღმოსავლეთით; აგათიას მისიმიელები მიაჩნია კოლხთა და აფსილთა ნათესავად; ს. ყაუხჩიშვილის ლოგიკური ვარაუდით, მისიმიელები/მისიმიანები სვანური ტომია (გეორგიკა, 1936, გვ.86, 161-162, 172, 347-348). მისიმ- ფუძე შეიძლება დავაკავშიროთ სვანთა თვითსახელწოდებასთან; შესაძლოა, წარმოდგენილი ბერძნული ფორმა მუშუან- ფუძის დამახინჯებული ვარიანტი იყოს: მუშუან- > *მუშუნ- > მიშინ-/მისიმ-; შდრ.: ქვემოსვანური - მუშEან, ბალსზემოური - მუშან, ბალსქვემოური - მუშნი, ლატალური - მუშEან/მHშან; მHშან ფორმისთვის ამოსავალი შეიძლება იყოს მო-შან-: მო-შან/მო-სან; შდრ.: მო-ფრანგ-ე, მო-ხევ-ე.
შდრ., პ. ინგოროყვა, 1954, გვ.144: "*მH-სიმი-ან-ი თავისი გრამატიკული გაფორმებით წმინდა ქართულ ტიპს წარმოადგენს: მ- თავკიდური პრეფიქსია, რომელიც ერთვის ეთნიკურ სახელებს, ხოლო -ან-, ასევე, ეთნიკური სახელების დეტერმინანტი სუფიქსია. აქვე შევნიშნავთ, რომ პ. ინგოროყვას საყურადღებო ვარაუდით, მისიმიანეთის ძველი სახელია კოლაეთი, რამდენადაც ანტიკურ წყაროებში კოდორის ხეობაში მოსახლე ტომს ეწოდება კოლიკე (პ. ინგოროყვა, 1954, გვ.142).
სამეცნიერო ლიტერატურაში ნათლადაა გარკვეული სვან- ფუძისგან წარმოქმნილი ვარიანტების ფონეტიკური საფუძვლები:
საერთოქართვ. სვან-  ზან.-სვან.  შEან ( თვითსახელწოდება: მო-შუან-)  ზან. შონი;
საერთოქართვ. სვან- ზან.-სვან.  შEან  აფხაზ. ა-შEან-უა...
ვფიქრობთ, თემონიმი სვანი მომდინარეობს *სან- ფუძის ლაბიალიზებული *სºან- ვარიანტისგან, რომელიც, ჩანს, საერთოქართველურშივე არსებობდა; სწორედ ამ ლაბიალიზებული ბგერის მეზობლობას უნდა შეეწყო ხელი *შან-/შვან- > შონ- პროცესისთვის.
შენიშვნა: ჩვენი აზრით, საერთოქართველური ა ხმოვანი ინტერკონსონანტურ პოზიციაში იმ შემთხვევებში გვაძლევს ზანურ ო რეფლექსს, როდესაც წინამავალი თანხმოვანი ლაბიალურია, ან არაბაგისმიერი ლაბიალიზებულია (ლაბიოველარიზებულია): წინაენისმიერი ან უკანაენისმიერი თანხმოვნების ლაბიოველარიზებული ალოფონები წარმოადგენენ ბაზას ზანურის ა > ო პროცესისთვის; შდრ.: ქართვ. კაცი > ზან. კოჩი, მაგრამ: ქართვ. ლავიწი > ზან. ლაბერჯი/ლაბერწი; ქართვ. სადავე "ავშარა" > ზან. სადიო; ქართვ. გაცნობა > ზან. გაჩინეფა; ქართვ. ადარებინებს > ზან. ოდარებაფუანს; ქართვ. ამზადებს > ზან. ზადუნს; ქართვ. ზადი > ზან. ზანდი "ჩირქი"; ქართვ. კაკალამი > ზან. კაკლიანი; ქართვ. კაკანი > ზან. კაკაფი; ქართვ. კავი/კაკვი > ზან. კაკვი; ქართვ. კალო > ზან. კალე; ქართვ. კანი > ზან. კანი; ქართვ. კარი > ზან. კარე; ქართვ. კალთა > ზან. კართე და მრავალი სხვა. ამგვარი სიტყვები ზანური ლექსიკური მარაგის უდიდეს ნაწილს შეადგენს, ამდენად, ულოგიკო იქნება, ისინი ქართული სალიტერატურო ენიდან "ნასესხობად" ჩაითვალოს; ამ რიგის ფორმები საერთოქართველურიდანაა მომდინარე (ამ საკითხის შესახებ ვრცლად სხვაგან გვაქვს მსჯელობა).
სუანოკოლხები - თემონიმი სოუანნოკოლხოი დასტურდება მხოლოდ კლავდიოს პტოლემა~ოსთან (100-178 ); სუანოკოლხები ცხოვრობენ ჰენიოხებსა და მდინარე კორაქსს (ბზიფს) შორის; დაახლოებით ამ ადგილებში არიანე და სხვა ავტორები სანიგებს ასახელებენ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.160-162). რამდენადაც პტოლემა~ოსი სუანოკოლხებს კოლხეთს გარეთ ათავსებს, გაჭირდება იმ აზრის გაზიარება, რომ ისინი ის სვანები არიან, რომლებიც კოლხეთში ცხოვრობენ (შდრ., თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.161).
პტოლემა~ოსის სახელმძღვანელო ძირითადად მიჰყვება ფსევდო-სკილაქსს, არიანესა და პლინიუსს (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.164); ბუნებრივია, ის იცნობს სტრაბონსაც; გამომდინარე აქედან, უნდა დავუშვათ, რომ იგი ეთნონიმ სანიგებს გააზრებულად ცვლის სუანოკოლხებით, რომლითაც, ჩანს, იგი აღნიშნავს ძველი კოლხების მემკვიდრე ერთ-ერთ ტომს; ამგვარი ხაზგასმა იმიტომ გახდა საჭირო, რომ, პტოლემა~ოსის მიხედვით, სუანოკოლხები ცხოვრობენ მისეული კოლხეთის გარეთ - სარმატიაში. საყურადღებოა ისიც, რომ ჰეკატა~ოს მილეტელი (ძვ.წ. 549-472) დღევანდელი მდინარე ბზიფის რაიონში ასახელებს კოლხურ ტომს - კორაქსებს (შდრ., მისი აზრით, კოლები ბზიფის აუზსა და დიოსკურიას შორის არიან). სუანო-კოლხებს სვანებისა და მეგრელების შერევით წარმოქმნილ ტომად მიიჩნევს ივ.ჯავახიშვილი (1960, გვ.429).
პ. ინგოროყვას აზრით, სვანო-კოლხების აღმნიშვნელი უნდა იყოს ტერმინი ეგერ-სვანიც, რომელიც გვხვდება სომეხ ისტორიკოს ფავსტოს ბიზანტიელთან (პ.ინგოროყვა, 1954, გვ.145).

ამარანტები - სტეფანე ბიზანტიელის (IV-VII ს.) ცნობით, ამარანტები კოლხური ტომია; მათი ქვეყნიდან მოდის ფაზისი (გეორგიკა, 1936, გვ. 275); აქვე: კოლხეთში არსებობს მთა ამარანტიონი; შდრ.: მკვლევრები ამ ტოპონიმში ამირანის მთას ხედავენ.

დვალები - ანტიკურ წყაროებში დვალები ახ.წ. I საუკუნიდან იხსენებიან თალის, ვალის და უალის სახელწოდებით (რ. თოფჩიშვილი, 2002, გვ. 62). ძველი ქართული წყაროებისა თუ თანამედროვე მკვლევართა დიდი ნაწილის მიხედვით, დვალები ქართველები არიან (ზოგი მათ ნახებად თვლის); დვალეთი საქართველოს შემადგენლობაში იყო 1859 წლამდე, ვიდრე რუსეთის იმპერიამ ეს ქართველური მხარე საქართველოს საბოლოოდ არ ჩამოაჭრა.
ტუსკები - კლავდიოს პტოლემა~ოსი აღმოსავლეთ სარმატიაში ასახელებს ტუსკებს, დიდურებსა და სანარებს. თ.ყაუხჩიშვილის აზრით (1976, გვ.167), ესენი უნდა იყვნენ წოვათუშები, დიდოელები და წანარები. გაუმართლებელი ჩანს ადრეულ პერიოდში წოვათუშებისა და ჩაღმათუშების დაშორიშორება; თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ჩვენთვის ცნობილი თუშების დიდი ნაწილი ერთ-ერთ ქართველურ კილოზე მეტყველებს, ხოლო უფრო მცირე ნაწილის - წოვა-თუშების - მეტყველება ემსგავსება როგორც ვაინახურს, ასევე - ძველ ქართულს, ლოგიკური იქნება, დავუშვათ ტუსკების/თუშების ქართველობა:
თუშების ვაინახური წარმომავლობის ტომად მიჩნევის შემთხვევაში გაჭირდება მტკიცება, რომ საქართველოსგან მაღალი მთებით მოწყვეტილმა მოსახლეობამ ისწავლა და საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნა ქართული მაშინ, როცა დაივიწყა რეგიონში ინტენსიურად გამოყენებული დედაენა - ერთ-ერთი ვაინახური ენა (თ.უთურგაიძე, 1996).
ვფიქრობთ, ტუსკები ქართველური წარმომავლობის ხალხია, რომელთა ნაწილის (წოვათუშების) მეტყველება ძლიერ შეიცვალა მეზობელი თუ "სისხლის ძიებას" გამოქცეული ვაინახების გავლენით. ამ პოზიციას ამყარებს ლინგვისტური მონაცემებიც: წოვა-თუშურში არსებითი ადგილი უჭირავს ადრეულ ქართულ სუბსტრატს (მ. მიქელაძე, 2004, გვ. 45); შდრ.: გ. ცოცანიძის აზრით, თუშური მოსახლეობა ენობრივად განსხვავებულ ორ ჯგუფად განიყოფა: ჩაღმათუშებად და წოვათუშებად (გ. ცოცანიძე, 1993, გვ. 539). ა. შავხელიშვილის აზრით, წოვათუშური ნახურად ქცეული ქართველური ენაა, ხოლო ბ. შავხელიშვილის მტკიცებით, წოვათუშური ენა გარდამავალი, დამაკავშირებელი რგოლია ქართველურ (განსაკუთრებით ძველ ქართულ) და ვაინახურ ენებს შორის (ბ. შავხელიშვილი, 2003).
აქა~ები/აქეები, აქეელები - ფსევდო-სკილაქსის (ძვ.წ. IV ს.) მასალების მიხედვით, აქა~ები და ჰენიოხები თანამედროვე ტუაფსესა და სოჭს შორის უნდა ვივარაუდოთ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.83; თ.ყაუხჩიშვილი, 1980); შდრ.: V საუკუნის ანონიმური "პერიპლუსის" მიხედვით, იქ, სადაც ადრე აქა~ები ცხოვრობდნენ, ახლა ძიქები არიან.
სტრაბონი ასახელებს აქეის ქვეყანას, არიანე - "ძველ აქა~ას", პტოლემა~ოსი - სოფელ აქა~ას...
მიუხედავად იმისა, რომ ბერძენი ისტორიკოსები (სტრაბონი, აპიანე, დიონისიოს პერიეგეტი...) ეთნონიმსაც და ტომსაც ბერძნული წარმომავლობისად თვლიან, თანამედროვე მკვლევართა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ აქა~ები ქართველურ-კავკასიური ტომია; "როგორც ჩანს, აქა~ების სახელით ცნობილი ტომი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილო მონაკვეთზე ცხოვრობდა დაახლოებით არგონავტების ლაშქრობის დროიდან ახ.წ. I საუკუნემდე; II საუკუნეში მცხოვრები არიანე მათ უკვე აღარ ახსენებს, მაგრამ იცნობს გეოგრაფიულ პუნქტს "ძველი აქა~ა" (თ. ყაუხჩიშვილი, 1980, გვ.37).
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბერძნულ წყაროებში შემონახულ სახელწოდებაში რომელიმე ქართველური სიტყვაა არეკლილი...

სინდები, ძიქები, ზიხები/ზინხები, ჯიქები - არისტოტელეს (ძვ.წ. 384-322) მიხედვით, სინდები სკვითური მოდგმის ტომია; უფრო ზუსტად, მეოტი ტომია. სინდები ცხოვრობდნენ დღევანდელი ანაპის მიდამოებში; ევსტათის კომენტარის მიხედვით, სინდები იგივე ჯიქები არიან (თ. ყაუხჩიშვილი, 1969, გვ. 25). ზიკხებთანაც აიგივებენ სინდებს; მაგ., დიონისიოსის (ახ.წ. II ს.) "პერიეგესისს" ევსტათის (XII ს.) კომენტარის მიხედვით, სინდები იგივე ზიკხები არიან, ზიკხები კი გაიგივებული არიან სტრაბონის ჯიქებთან. შდრ., დიონისიოსი იქვე, 5 სტრიქონის ქვემოთ, ასახელებს ეთნონიმ ჯიქებსაც (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 222).
ზიგები პირველად ჩნდებიან სტრაბონთან (ძვ. წ. 64 - ახ. წ. 24): ის ერთად ასახელებს აქეებს, ზიგებსა და ჰენიოხებს, რომლებიც კოლხების ჩრდილოეთით, ზღვის სანაპიროზე ცხოვრობენ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.137).
შდრ., დევნილი მითრიდატე გვერდს უვლის ზიქების საცხოვრისს მათი ველურობისა და ცუდგზიანობის გამო; ნაპირ-ნაპირ აღწევს აქეებამდე, რომელნიც მას კარგად იღებენ (სტრაბონი, XI, 2, 12-14).
V საუკუნის პერიპლუსის ანონიმი ავტორი წერს: "ძველ აქეიდან ძველ ლაზიკამდე და მდინარე აქეუნტამდე (ეს არის სოჭიდან 30 კმ დაშორებული) უწინ ცხოვრობდნენ ტომები: ჰენიოხები, კორაქსები, კოლები, მელანქლაინები, მახელონები, კოლხები და ლაზები; ახლა კი ცხოვრობენ ზიხები" (თ. ყაუხჩიშვილი, 1969, გვ.130).
თ.ყაუხჩიშვილის ვარაუდით, ეს ზიქები/ძიქები, შემდეგი პერიოდის ჯიქები, ადრე ქედს გადაღმა, სარმატიის დაბლობზე ცხოვრობდნენ და სტრაბონის დროს ახალგადმოსახლებულნი არიან ზღვისპირეთში; სტრაბონი და მისი მომდევნო ბევრი ავტორი (არიანე, დიონისიოს პერიეგეტი, სტეფანე ბიზანტიელი...) შემდეგ უკვე აქ ასახელებს მათ (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.139).
შდრ., მაგ., არიანე: "ზღვის პირას და შემდეგ, კოდორის ხეობაში ცხოვრობენ აფსილები. მათ შემდეგ ისე, რომ ქალაქი სებასტოპოლისი მათ ტერიტორიაზეა, მდ. შახემდე არიან სანიგები; სანიგებს ზემოთ მთებში სახლობენ აბასკები. მდ. შახედან მდ. ნეგოფსუხუმდე ცხოვრობენ ძილქები (ჯიქები)" (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.100).
კლავდიოს პტოლემა~ოსის მიხედვით (II ს.), ზინხების საცხოვრისად ივარაუდება ტერიტორია მდინარე ყუბანიდან მდინარე ლაბას სათავეებამდე; პტოლემა~ოსის აზრით, კოლხიდის ჩრდილოეთით არის აზიის სარმატია (თავი VIII), სადაც ცხოვრობენ: აქა~ები, კერკეტები, ჰენიოხები და სუანოკოლხები. პირველ სამ ტომს არა ერთი ძველი ავტორი ასახელებს და, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში კლავდიოს პტოლემა~ოს ძველი წყარო ჰქონდა ხელთ: მისი ჰენიოხები შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში არიან და არა სამხრეთით, როგორც ეს გვიანდელ წყაროებშია. მას ძველი წყაროც რომ ჰქონდა ხელთ, ამაზე მიუთითებს ზინხების (ანუ ჯიქების) ხსენებაც სარმატიაში, რაც სტრაბონის დროიდან აღარ გვხვდება (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.160).
ჯიქეთი ჩრდილო კავკასიაშია გვიანდელი წყაროებითაც: კონსტანტინე პორფიროგენეტი (IXს.): "ბოსფორის პირდაპირ არის ე.წ. ტამატარხის ციხე. ამ სრუტის სიგრძე არის 18 მილი. შუა მანძილზე არის დიდი ვაკე კუნძული, ე.წ. ატეხი. ტამატარხიდან 18 თუ 20 მილის მანძილზე არის მდინარე ე.წ. უკრუხი, რომელიც ჰყოფს ჯიქეთსა და ტამატარხას, უკრუხიდან ნიკოფსიის მდინარემდე, სადაც იმავე სახელწოდების ციხეა, არის ჯიქეთის ქვეყანა... ჯიქეთის ზემოთ არის ქვეყანა, პაპაგიად წოდებული, და პაპაგიის ქვეყნის ზემოთ - კასახიად წოდებული ქვეყანა; კასახიის ზემოთ კავკასიის მთებია, ხოლო ამ მთების ზემოთ - ალანიის ქვეყანა. ჯიქეთის სანაპიროზე არის კუნძულები, ერთი დიდი და სამი პატარა კუნძული; მათ შუა სხვა კუნძულებიცაა, დასახლებული და გაშენებული ჯიქების მიერ: ეს არის ტურგანერხი, ჩარვაგანი და ერთიც სხვა; არის კიდევ სხვა კუნძული მდინარის ნავსაყუდელთან, ერთიც პტელეასთან, სადაც ჯიქები თავს შეაფარებდნენ ალანთა თავდასხმების დროს"... (გეორგიკა, 1952, გვ. 231-233).
შდრ., აგრეთვე, ნიკიფორე გრიგორასი ( XIVს.): "ჩინგისხანის მეორე ვაჟი ტელეპუა იმორჩილებს მასაგეტებისა და სავრომატების ქვეყანას... შემდეგ მან გადალახა ტანაისის სათავეები და გასწია ევროპელ ტომთა მიწა-წყლის გზით; ეს ტომები ბევრნი იყვნენ და სხვადასხვანი... ტომები, რომელნიც მეოტის ტბის მეზობლად იყვნენ და პონტოს სანაპიროს მოსდებოდნენ, იყვნენ: ჯიქები და აბაზგები, გუთები და ამაქსოვიები, ტავროსკვითები და ბორისთენელები, გარდა ამისა, იყვნენ ისეთები, რომელნიც ისტროს შესართავთან მდებარე მიზიაში ცხოვრობდნენ. მათ ჰუნები და კომანები ეწოდებოდათ..." (გეორგიკა, 1967, გვ.130-131).
ქართული წყაროები კარგად იცნობენ ჯიქებს: ქართლის ცხოვრების მიხედვით, ისინი ცხოვრობენ ჩრდილო კავკასიაში (ქ.ც., 43, 45, 156-157…). ჯიქები აშკარად ძველი ჩრდილოკავკასიური ტომია, რომელსაც ნაკლები შეხება ჰქონდა ქართველურ კულტურასთან.

სავრომატები/სარმატები/სვირმატები - სავრომატთა სახელი ბერძნულ მწერლობაში უძველესი დროიდან გვხვდება; პირველად დასტურდება ფსევდო-სკილაქსთან (ძვ.წ. IV ს.); ესაა ჩრდილოკავკასიის მოსახლეობა უფრო აღმოსავლეთით, ვიდრე მეოტიდაა; ივ. ჯავახიშვილის აზრით, ეს სახელი მომდინარეობს შარო/შარურ ფორმიდან და ნიშნავს "შაროელთა ტომს" (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.221). შდრ., სტრაბონი: "სკვითებსა და სარმატებს ენათესავებიან მთის იბერები" (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.149). ზოგი მკვლევარი სავრომატებს მიიჩნევს ალანებისა და ოსების წინაპრებად (დ.ლანგი, 1997, გვ.19).

კერკეტები - კერკეტთა სახელიც ბერძნულ მწერლობაში ძველი დროიდან გვხვდება; პირველად დასტურდება ფსევდო-სკილაქსთან (ძვ.წ. IV ს.); ისინი ცხოვრობენ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე სინდებსა და ტორეტებს შორის (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.81). სტრაბონის მიხედვით, კერკეტები ცხოვრობენ ჰენიოხების სამხრეთით; ბერძნული ტერმინი კერკეტები გაიგივებულია ჩერქეზებთან (მიმოხილვისათვის იხ. თ.ყაუხჩიშვილი, 1969, გვ.90); შდრ., თ.ყაუხჩიშვილი 1976, გვ. 257-258, სადაც კერკეტ- ფუძისთვის ამოსავლადაა მიჩნეული ეგრ- (ეგრისი) ძირი. ჩერ-ქ-ეზ- და კერ-კ-ეტ- ფორმების საერთო წარმომავლობის მტკიცება შესაძლებელია (თუმცა რთულია სუფიქსთა იდენტიფიკაცია), მაგრამ გაჭირდება ეგრ- ფუძესთან მათი დაკავშირება.
სკვითინები/სკვითები - ქსენოფონტესთან დადასტურებული სკვითინები ცხოვრობდნენ ჭოროხის მარცხენა ნაწილში; მარჯვნივ იყვნენ ხალიბები; ზოგ მკვლევარს სკვითინები მიაჩნია სკვითების შთამომავლებად, ზოგს - ქართველურ ტომად - ჰეპტაკომეტებად - შვიდსოფლელებად.
ქსენოფონტეს ნანახ სკვითინებს ჰქონდათ ქალაქებიც და სოფლებიც, ე.ი. მათ გააჩნდათ სახელმწიფოებრივი წყობაც (საკითხის მიმოხილვისათვის იხ. თ.მიქელაძე, 1967, გვ.132)...
ფაქტია, რომ ჭოროხის ხეობაში უძველესი დროიდანვე მოსახლეობდნენ ქართველური ტომები; აშკარაა ისიც, რომ ტერმინები სკვითი და სკვითინი ერთი ფუძისაა. ბერძნულ-ბიზანტიურ წყაროებში სკვითებად ხშირად მოიხსენიება სხვა ქართველური მოდგმის ხალხებიც, ამდენად, სავარაუდოა, რომ ქსენოფონტე ამ შემთხვევაშიც ქართველურ ტომს გულისხმობდეს. შდრ., სკვითის მნიშვნელობა წყაროების მიხედვით:
არიანე: "დიოსკურიიდან რომ მოდიხარ, პირველი სადგურია პიტიუნტში, სამას ორმოცდაათი სტადიონის მანძილზე, აქედან ნიტიკემდე ას ორმოცდაათი სტადიონია. აქ ძველად ცხოვრობდა სკვითთა ტომი, რომელსაც იხსენიებს ისტორიკოსი ჰეროდოტე. მათ ის გირჩის მჭამელებს უწოდებს [ფთიროფაგებს]" (ბერძენი მწერლები... 1983, გვ.159);
იპოლიტე რომაელი (III ს.): "...კაპადუკიელთა გადაღმა, მარჯვენა მხარეებში ცხოვრობენ არმენიელები, იბერიელები და ბერანები, ხოლო მარცხენა მხარეებში: სკვითები, კოლხები და ბოსპორელები..." (გეორგიკა, 1961, გვ.20).
იოვანე ცეცე (1110-1180): იბერები, აბაზგები (მასაგეტები) და ალანები ერთი ტომისა არიან; მათთან ერთად საკები, დაკები, სავრომარტები და საკუთრივ სკვითები და ყველა ის ტომი, რომელნიც ჩრდილოეთით ცხოვრობენ, საზოგადოდ იწოდებიან სკვითებად (გეორგიკა, 1967, გვ.23-25). კოლხები ინდოელი სკვითები არიან, მათ ლაზებიც ეწოდებათ (იქვე, გვ.32-36).
შრდ., ნიკიფორე გრიგორასი (XIV ს.): პირვანდელი სკვითები ორ ნაწილად გაიყვნენ: ერთმა ნაწილმა დაარბია აზიაში მცხოვრები სავრომარტები, მასაგეტები, მელანქლაინები, ამაზონები... და მიიღეს ამ დამონებულ ტომთა სახელები (გეორგიკა, 1967, გვ.128-129).

სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი სკვითები და ქართული წყაროების ხაზარები, როგორც წესი, ველური ინდოევროპული ტომების სახელებადაა მიჩნეული; მიუხედავად ბერძნულ წყაროთა წინააღმდეგობრივი ჩვენებისა, ვფიქრობთ, არა გვაქვს საკმარისი არგუმენტები, რომ სკვითებში ქართველური მოდგმის რომელიმე საზოგადოება მოვიაზროთ. გაჭირდება მტკიცებაც, რომ თარგამოსის მოდგმა იგივე ინდოევროპელ სკვითთა მოდგმაა (შდრ., მ.სანაძე, 2001, გვ.50, 166); ასევე, საეჭვოა თარგამოს/თოგორმასა და გომერი/კიმერი/კიმერიელის იგივეობა, რამდენადაც, ბიბლიის მიხედვით, გომერი იაფეტის ძეა, ხოლო თოგარმა იაფეტის შვილიშვილი; შდრ., მ.სანაძე, 2001, გვ.43,167, სადაც, იმოწმებს რა ნ.ხაზარაძის მსჯელობას, ასკვნის:
"თარგამოსი კი არის იგივე თოგორმა, გომერი და კიმირი, ანუ აქ საუბარია კიმირიულ-სკვითურ ტომებზე".
ბიბლიური ეთნარქები სახელდებულნი არიან ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში ცენტრალურ ევრაზიაში არსებული ტომების მიხედვით და არა პირიქით; გარდა ამისა, ამ პრობლემის შესახებ მსჯელობისას გასათვალისწინებელია:
"ქართლის ცხოვრებით", თარგამოსი იავანის/ავანის შვილიშვილია და არა – გომერის: იაფეტი – იავანი – თარშისი – თარგამოსი:
"ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეტისი, ძისა ნოესი" (ქ.ც., I, გვ.3); შდრ.: რ.გორდეზიანი, 1993, გვ.8 და ა. ჯაფარიძე, 1994, გვ.71.
ჩანს, ბიბლიის შემოქმედი გომერ-/კიმირის ჩამომავლად არ თვლიდა ქართველთა ეთნარქს.
ვფიქრობთ, ეთნონიმი სკვითები კავკასია-მცირეაზიაში მოსულ ინდოევროპელ ტომთა ზოგადი სახელია; ისინი კუნძულებად შემორჩნენ ამ რეგიონში (ოსები, არმენები), ძირითადად კი აითქვიფნენ დამხვდურ მოსახლეობაში; მათი მეტყველება სუპერსტრატული ფენის სახით დღემდეა შემორჩენილი ქართველურ ენობრივ ველში. სკვითინების საკითხი ბუნდოვანი რჩება.

ტავრები - სკვითური ტომი; ნიკოლოზ დამასკელის განმარტებით (ძვ. წ. 64 ახ. წ. 14), ტავრები სკვითური ტომია; ეს ის ხალხია, რომელიც დღეს ყირიმად წოდებულ ტერიტორიაზე სახლობდა და რომელსაც ანტიკურ ეპოქაში ტავრიკა ეწოდებოდა (თ. ყაუხჩიშვილი, 1969, გვ.88).
შდრ., აპიანე (90-170 წ.) სკვითებსა და ტავრებს სხვადასხვა ტომებად თვლის: "ძვ. წ. 74 წელს მითრიდატე ემზადებოდა რომაელებთან მესამედ საბრძოლველად; მოკავშირეებად ჰყავდა, ძველებს გარდა, ხალიბები, არმენიელები, სკვითები, ტავრები, აქეელები, ჰენიოხები, ლევკოსირები და სხვები"; "ყველაფრის მიმართ, რასაც კი ის ბრძანებს, მზად არიან [მისი] მეგობრები: სკვითები, ტავრები, ბასტარნები, თრაკიელები, სარმატები და ყველანი, ვინც ტანაისის, ისტროსის და თუნდაც მეოტისის ტბის ირგვლივ [ცხოვრობენ]"; "[მითრიდატეს], უწინდელი ძალების გარდა, მოკავშირეებად შეემატნენ: ხალიბები, არმენიელები, სკვითები, ტავრები, აქეელები, ჰენიოხები, ლევკოსირები და ისინი, რომელთაც მდინარე თერმოდონტთან ეგრეთწოდებული ამოძონთა ქვეყანა უჭირავთ" (აპიანე, 1959, გვ.23, 59, 143).
ტავრებთან და სკვითებთან მიმართებით საინტერესოა ტერმინ რუსის საკითხი, რომელიც პირველად ჩნდება VI საუკუნეში; საკითხის მოკლე ისტორია ასეთია:
იოანე ცეცე (XII ს.) ამბობს, რომ ტავრებს (ე.ი. ტავრიდის მკვიდრთ) ეწოდებათ რუსები. დაახლოებით ამასვე ამბობს ლეონი: ტავროსკვითებს ჩვეულებრივ რუსები ეწოდებათო. ევსტათი კი ცალ-ცალკე ასახელებს ტავრებსა და რუსებს.
თ. ყაუხჩიშვილი: ტავრები ძველ ბერძნულ წყაროებში სკვითურ ტომად არის მიჩნეული, მაგრამ "სკითის" საბადლო ტერმინი "ტავრი" არასოდეს ყოფილა. არისტოტელეს ნაშრომის - "ცის შესახებ" - სქოლიოში არსებული განმარტება (რომელიც ეკუთვნის VI ს. მოღვაწე სიმპლიციუსს) "სკვითები - რუსები" საფუძველს იღებს სწორედ სკვითებისა და ტავრების გაიგივებით: სკვითები = ტავრებს, ტავრები = რუსებს. თუკი ტერმინი "რუსი" იქცა ტავრის შემცვლელად, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სკვითები რუსების წინაპრები არიან (თ. ყაუხჩიშვილი, 1969, გვ. 28-29). ტავრებისა და რუსების ერთიანობის მტკიცება გაჭირდება (სამეცნიერო ლიტერატურაში პირვანდელი რუსები სკანდინავიელ ვარიაგებთან არიან დაკავშირებული; თანამედროვე რუსების ჩამოყალიბების პროცესში არსებითი წილი აქვს მონღოლურ ტომებსაც).

ქართველურ-კავკასიური (ავტოქთონი) ტომების გარდა, ძვ.წ. VI საუკუნიდან ამიერკავკასიაში ჩნდებიან ინდოევროპელი წარმოშობის არმენები და ალანები.

არმენები - არმენები პირველად ჩნდებიან ძვ.წ. VI საუკუნეში (ჰეკატა~ოს მილეტელი, ჰეროდოტე): "ფრიგიელების მეზობლად არიან კაპადოკიელები, რომელთაც ჩვენ სირიელებს ვუწოდებთ, ხოლო ამათი მეზობლები არიან კილიკიელები... კილიკიელების მეზობლად არიან არმენიელები... ხოლო არმენიელების მეზობლად არიან მატიენები, რომელთაც ეს ქვეყანა უჭირავთ" (ჰეროდოტე, 1975, გვ. 330, V, 49); შდრ., იქვე, გვ. 434: "... ფრიგიელებს, როგორც მაკედონელები ამბობენ, ეწოდებათ ბრიგები, მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ ევროპელები იყვნენ და მაკედონელების მეზობლად ცხოვრობდნენ, ხოლო, აზიაში რომ გადავიდნენ, მიწა-წყალთან ერთად სახელიც გამოიცვალეს, ფრიგიელები დაირქვეს. არმენიელები, რომლებიც ფრიგიელებისაგან მომდინარეობენ, ფრიგიელების მსგავსად იყვნენ მოწყობილები." შდრ., დიოდორე სიცილიელის მიერ ჩამოთვლილი ტომების თანამიმდევრობა (ძვ. წ. I ს.): კარდუხები, არმენიელები, ხაები (ე.ი. ტაოხები), ფასიანები, ხალდები, სკიტინები, მაკრონები, კოლხები, მოსAინოიკები, ტიბარენები" (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.124); იპოლიტე რომაელი (III): "კაპატუკიელთა გადაღმა, მარჯვენა მხარეებში ცხოვრობენ არმენიელები, იბერიელები და ბერანები, ხოლო მარცხენა მხარეებში - სკვითები, კოლხები და ბოსპორელები" (გეორგიკა, 1961, გვ.19)... ძვ.წ. II საუკუნეში არმენები დიდ წარმატებებს აღწევენ.
ივ. ჯავახიშვილის აზრით (1960, გვ.437), რამდენადაც ქსენოფონტე არაქსის მიდამოებში ალაროდების ნაცვლად უკვე არმენებს ასახელებს, შესაძლებელია, ვიმსჯელოთ ამ ტომის კავკასიაში მოსვლის შედარებით ზუსტ თარიღზეც.
ჩვენთვის სავსებით სარწმუნოა სამეცნიერო ლიტერატურაში გაბატონებული აზრი, რომ ეთნონიმი სომეხი თავდაპირველად ერთი განაპირა ქართველური ტომის ან, სულაც, მონათესავე ურარტუელების სახელი იყო; ჩანს, საუკუნეების მანძილზე თანდათან დამკვიდრებულმა არმენებმა ნელ-ნელა მოახდინეს ურარტულ-ქართველურ ტომთა ასიმილაცია; ასიმილირებული ქართველური ტომის მეტყველების დანაშრევი აშკარაა როგორც არმენიელთა ენაში (კავკასიური აბრუპტივების რიგის არსებობის ფაქტი!), ასევე, მათ ანთროპოლოგიურ მახასიათებლებში. შემთხვევითი არ ჩანს ის, რომ არარატის ძველი სახელი - მასის მთა და ეთნონიმი სომეხ-ი (< * სო-მეს-ხ- < * სა-მას-ხ-) ერთმანეთთან დააკავშირა ნ.მარმა; არ გამოირიცხება სხვა გზაც: *მას-ხ-  *სამ-ხ-  სომ-ხ-; საკითხი შემდგომ კვლევას საჭიროებს.
სამეცნიერო ლიტერატურაში მსჯელობენ არმენებისა და სკვითების საერთო წარმომავლობის შესახებ (ნ.ხაზარაძე, 1984, გვ.194); სარწმუნოა მოსაზრებაც, რომ: ჰაიკი კავკასიაში მოსახლე (ავტოქთონი) ურარტულ-ხურიტული მოდგმის ხალხის ეთნარქია, ხოლო არმენიაკი - მოსული ინდოევროპელებისა - სკვითებისა; მოხდა ავტოქთონი და მოსული ხალხის შერწყმა (მ.სანაძე, 2001, გვ.42-43); შდრ.: კულტურათა/ენათა/ხალხთა შერწყმა-"განაყოფიერება" ჩვეულებრივი ამბავია ძველ სამყაროში; იხ., მაგ., პრომეთე/ამირანისა და ზევსის მიმართება.

ალანები - ბერძნულ წყაროებში ალანები ნახსენები არ არიან ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნემდე. პირველად ახსენებს იოსებ ფლავიუსი; მათ უკვე იცნობს დიონიოს პერიეგეტი, პტოლემაიოსი, ლუკიანე... (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.221-222). ალანებს ხაზართა ნაწილად თვლის ქართველი მემატიანე. ალანებიც (არმენთა მსგავსად) კავკასიაში შედარებით გვიან დამკვიდრებული ტომია. "ალანთა ქვეყნისთვის სახელის მიმცემი ეთნოსი უნდა ყოფილიყო არა ოსი მოსახლეობა, არამედ ყარაჩაელები, რომლებსაც ალანთა სახელით იცნობდნენ როგორც შუა საუკუნეებში, ისე XX საუკუნის დასაწყისის სამეგრელოშიც" (თ.გვანცელაძე, 2004, გვ. 58). ამ ხალხის, ინდოევროპელი ოსებისა და დამხვდური კავკასიელების შერევით წარმოიშვნენ ამჟამინდელი ოსები (ვ.აბაევი ოსურ ენას განიხილავს სამხრეთ რუსეთის ძველი მოსახლეობის - სკვითების, მასაგეტების, სარმატების, ალანების... ენათა ჯგუფში; ვ.იარცევა, 1990, გვ.353).

შემდგომი მსჯელობის გაგრძელებამდე, კიდევ ერთხელ, ძირითადად, თვითმხილველ მოგზაურთა თუ მეცნიერთა მიხედვით, დავასახელებთ იმ ქართველურ ტომებს, რომლებიც ცხოვრობდნენ ძველი წელთაღრიცხვის დასასრულს:
ჰეკატა~ოს მილეტელი (ძვ.წ. 549-472): მელანქლა~ნები, კორაქსები, კოლები, მოსხები, ხო~ები, ბექე~რები, დიძერები, მაკრონები, მარები, მოსინოიკები, ტობარენები, ხალიბები. საინტერესოა ის გარემოება, რომ კორაქსებისა და მოსხების შესახებ ჰეკატა~ოსი ამბობს, კოლხური ტომებიაო (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.43);
ჰეროდოტე (484 - 425): კოლხები, სასპე~რები, ხალიბები, მაკრონები, მოსხები, ტიბარენები, მოსინო~კები, მარები; მათი მონათესავენი არიან: ალაროდიელები (ურარტუელები), მატიენები (ჰეროდოტე, 1975);
ქსენოფონტე (435-355): კარდუხები, ტაოხები, ხალდები, ხალიბები, ფასიანები, სკვითინები, მაკრონები, კოლხები, დრილები, ჰესპერიტები, მოსინიკები, კო~ტები (მორჩილი ხალიბები? - ტ.ფ.), ტიბარენები (თ.მიქელაძე, 1967);
ფსევდო-სკილაქსი (IV ს.): სავრომატები, მა~ოტები, სინდები, კერკეტები, ტორეტები, აქა~ები, ჰენიოხები, კორაქსები, კოლები, მელანქლა~ნები, გელონები, კოლხები, ბიძერები, ეკექე~რები, ბექე~რები, მაკროკეფალები, მოსინო~კები, ტიბარენები, ხალიბები.

არიანე (II ს.): ტრაპიზონიდან ძველ აქაიამდე შემდეგი ტომები გავიარეთ: კოლხები, სანები (ქსენოფონტეს დრილები), მაკრონები, ჰენიოხები, ძიდრიტები, ლაზები (არიანესთან ლაზები და კოლხები თანაარსებობენ და ხაზგასმით სხვადასხვა ტომებია - ტ.ფ.), აფსილები, აბასკები, სანიგები, ძილქები;
ნიკოლოზ დამასკელი (ძვ.წ. 64 - ახ.წ.14): კოლხები, სინდები, ტავრები, მოსინები, კერკეტები, სავრომატები...
ამ ტომთა გარდა, აღმოსავლეთ საქართველოში ამავე პერიოდში ცხოვრობდნენ აგრეთვე:
კახები, კუხები (ივ.ჯავახიშვილი, 1969, გვ.437) და ჰერები (ჰერთა ვინაობის შესახებ იხ. კ.ფიცხელაური, 1973, გვ.197). კახების ქართველურობა დღესაც ყველასთვის თვალსაჩინოა; კუხების მხარე - კუხეთი, როგორც ერთი ქართველური ტომის საცხოვრისი, VIII საუკუნემდე არსებობს; შემდეგ კი კახეთში სამთავროს შემადგენლობაში შედის; შდრ., აგრეთვე: დ.მუსხელიშვილის აზრით, ლეონტი მროველის მიერ მოცემული საზღვრები კახეთის, კუხეთისა და ჰერეთისა ძვ.წ. IV-III საუკუნეების ვითარებას ასახავს (დ.მუსხელიშვილი, 1966, გვ.5-38). ზოგ მკვლევარს ჰერები ალბანურ ტომად მიაჩნდა, მაგრამ ჰერეთის ტერიტორიაზე გავრცელებული წამყვანი იარაღები თუ სხვა ნაკეთობანი კახეთ-კუხეთში და ქართლში მოპოვებულ მასალასთან ერთად ერთ საფუძველზეა წარმოშობილი და, ბუნებრივია, მათთან შეუდარებლად მეტ მსგავსებას იჩენს, ვიდრე ჰერეთის სამხრეთით და აღმოსავლეთით გავრცელებულ მასალასთან, რომელიც სულ სხვა საწყისებზეა შექმნილი (კ.ფიცხელაური, 1973, გვ.197). გარდა ამისა, ჰერების ამჟამინდელი შთამომავლები – ინგილოები თავიდანვე ქართველები (მონოლინგვური ქართულენოვანი მოსახლეობა) რომ არ ყოფილიყვნენ, სრულ არაქართველურენოვან გარემოცვაში ვერასოდეს ისწავლიდნენ ქართულს.
კახთა, კუხთა და ჰერთა გვერდით უნდა დავასახელოთ: ფხოველები (ხევსურები, ფშავლები, მოხევეები, მთიულ-გუდამაყრელნი) და დასავლეთ საქართველოს მკვიდრი სკვიმნები/სკვიმინები/ცხუმები/*ჩხუმები/ჩხუმნი (საკითხის ისტორიის, ბერძნული წყაროების სკვიმიის, სვიმიის, ცხუმ/ლეჩხუმისა და თაკვერ-რაჭის შესახებ იხ. ლ.ფრუიძე, 1993, გვ.471-478; დ.ლეთოდიანი, 2003, გვ.18-30). შდრ.: სკვიმ/*ცქვიმ-, ჩხუმ-/ლე-ჩხუმი; სავარაუდო ცკვიმ-/ცხვიმ-/ჩხვიმ-/ჩხუმ-/ცხუმ- მოსალოდნელი ფორმების თავკიდური თანხმოვანთკომპლექსის გადმოსაცემად ბერძნულში გამოყენებულია სკვ/სვ მიმდევრობა, რაც გვავარაუდებინებს, რომ ახ.წ. VI საუკუნეში ლეჩხუმის ოფიციალური სახელი იყო საერთოქართველური აგებულების სიტყვა: ცკვიმი/ცხვიმი. ლეჩხუმი დიალექტური ვარიანტია; ლე-/ლა- საერთოქართველური სუფიქსი ჩანს, რომელიც პროდუქტიულია ზანურსა და სვანურში; საკუთრივ ქართულში დადასტურებული მასალისათვის იხ.: ბ.ჯორბენაძე, მ.კობაიძე, მ.ბერიძე, 1988, გვ.268: ლა-რტყ-ი, ლა-რთხ-ი... და მ.ჩუხუა, 2003, გვ.77: ლე-ჟვერ-ი = სა-ჟვერ-ე. დანიშნულების ლა-/ლე- აქ წარმომავლობა-კრებითობის -ეთ-/-ათ-, -არ-/-ერ- სუფიქსების ფარდია; შდრ., პარალელური წარმოებები: ლე-ჩხუმ-ი, სა-ქართველ-ო და ცხუმ-ი, ცხუმ-არ-ი, სხიმ-არ-ი/სქიმ-არ-ი, სვან-ეთ-ი...

ამრიგად, აშკარაა, რომ II ათასწლეულის დასასრულიდან წელთაღრიცხვათა მიჯნამდე საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ქართველურად მისაჩნევი და, სავარაუდოდ, ქართველურ ენა-კავებზე ანუ დიალექტებზე მოლაპარაკე შემდეგი მონათესავე ტომები (შემთხვევითი არც ის ჩანს, რომ, არაიშვიათად, მათი საცხოვრისები ფარავდა ერთმანეთს):
მუშქები/მოსხები/მესხები, დაიანელები/დიაუხები/ტაოხები, კოლაელები, ტიბარენები, იბერები/სასპეირები/საპირები, ქუთები/კოიტები/კვიტები, კორაქსები, მარები, ბექე~რები, ჰალიძონები/ხალიბები, ხალდები/ქალდები, მოსინო~კები/ჰეპტაკომეტები, დიძერები, ბიძერები, ძიდრიტები, მაკრონები/მაკროკეფალები, ფასიანები, მელანქლაინები, ეკრიკტიკეს მცხოვრებნი/ეკექე~რები, ჰენიოხები, სანები/ჭანები, სანიგები/სანიკები, ლაზები, აფხაზები, აბასკები, აფსარები, სვანები/მისიმიელები, სვანო-კოლხები, ამარანტები (კოლხური ტომი), ტუსკები, კახები, კუხები, ცხუმები, ფხოველები, ჰერები...

ამ ტომთა დიდი ნაწილის ქართველურობის შესახებ სარწმუნო ცნობები ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან მოიპოვება (მაგ., აგათიას აზრით, მისიმიელები, კოლხები და აფსილები ნათესავები არიან). ზოგი უძველესი ქართველური ტომი საერთოდ დაიკარგა (მაგ., გუგართა ტომის შესახებ იხ. ივ.ჯავახიშვილი, 1950, გვ.24-33); ბევრის სახელიც დღემდე შემორჩა ქართველური თემების (მესხები, ტაოელები, ლაზები, სვანები, ფხოველები, მეგრელები, ჰერები, კახელები და სხვა), ან კონკრეტული ადგილის, რეგიონის (კოლხეთის დაბლობი, ოძრხე, ვიწე, ქუთაისი...) თუ რომელიმე ხალხის (მაგ., სომხების...) სახელების სახით.
უნდა ვივარაუდოთ, რომ II-I ათასწლეულებში ძირითადად სწორედ ამ ტომთაგან იძერწება ქართველური ეთნოსი (ამის შესახებ იხ. II თავი); ხოლო მათი კილოების ბაზაზე არსებული კოინეს მიხედვით იქმნება სამწიგნობრო ენაც. წარმოდგენილი მასალის ანალიზი ცხადყოფს, რომ ჩვენს ისტორიულ საცხოვრისშიც ხდებოდა ქართველურ-კავკასიურ-წინააზიურ ტომთა შიდამიგრაციებიც და ერთმანეთის ხარჯზე პოლიტიკური ჰეგემონობის ველის გაფართოებაც; უცხო არ იყო ინდოევროპელ თუ სემიტ ტომთა შემორევებიც. ბუნებრივია, სამწიგნობრო ენის შექმნამდე, პოლიტიკური ლიდერობის შესაბამისად, ქართველთა სხვადასხვა კილოური ნორმაც ბატონდებოდა, რითაც ბიძგი ეძლეოდა გარდამავალი კილოების წარმოქმნასაც. დროთა განმავლობაში საკუთრივ ქართველური ენის/კოინეს, ძველი ქართველური კილოებისა და ამ გარდამავალი მეტყველებების საფუძველზე ყალიბდება თანამედროვე ქართველური კილოები. საქართველოს განაპირა რეგიონებში დიალექტების სახეს განსაზღვრავს მეზობელ ეთნოსთა ენების ადსტრატული თუ სუპერსტრატული გავლენებიც.