Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
 

1.2.2. ქართველთა თვითსახელწოდება - ქართველი

ძველ ქართულ ისტორიულ წყაროებში "ყოველთა ქართველთა" სახელმწიფოს სახელია ქართლი; მაგ., "ქართლის     ცხოვრების" მიხედვით, ფარნავაზის (ძვ.წ. IV ს.) მიერ განახლებულ-აღდგენილი ქართლი მოიცავს რვა დიდ   საერისთავოდ დაყოფილ შემდეგ კუთხეებს (ქვეყნებს): ეგრისს, სუანეთს, მარგუეთს, კახეთს, ჰერეთს, კუხეთს, გარდაბანს, ტაშირს, აბოცს, ჯავახეთს, კოლას, არტაანს, სამცხეს, აჭარას, კლარჯეთს (ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.24-25).
მემატიანე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქუჯ-ფარნავაზის სახელმწიფოში - სრულიად ქართლის შემადგენლობაში არ შემოვიდა ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში (თანამედროვე კოდორიდან - ყუბანის შესართავამდე ტერიტორია) მცხოვრები ქართველური (ეგროსის) მოდგმა; ეგრისელთაგან განსხვავებით, მათ ისევ ბერძენთა პროტექტორატის ქვეშ დარჩენა ირჩიეს: 
"ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკAდრთა მის ადგილისათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა...", თუმცა, მემატიანისვე ცნობით, მოგვიანებით ეს ტერიტორია მაინც დაუთმეს ბერძნებმა ქართველებს. ეგროსის წილი ქვეყნის ამ ნაწილში, რომაული წყაროების მიხედვით, წელთაღრიცხვათა მიჯნაზე ლაზები ცხოვრობენ, უფრო ადრე კი, ძირითადად, კოლხური ტომები (იხ. ზემოთ).
ახ.წ. I-II ათასწლეულების მიჯნაზე ტერმინ ქართლს ცვლის საქართველო (ან: ერთობილი საქართველო).
ქართული წყაროების მიხედვით, ქართველთა ძირითადი თვითსახელწოდებაა ქართუ-ელ-ი; წყაროებში ქართველი პირველად ჩნდება VII საუკუნეში, თუმცა ეს ტერმინი უფრო ადრეც უნდა ყოფილიყო აქტიურ გამოყენებაში; მაგ., წყაროების მიხედვით, "ნათესავით ქართველები" არიან: ეგრისელი სტეფანე სანანო~სძე, აფხაზი (არგვეთელი) წამებულები დავით და კონსტანტინე, შავშელი მამა პროხორე, ტაოელი მამა იოვანე, სვანი ბერი იოვანე ქსცხიანისძე... შდრ., X-XII საუკუნეებში საქართველოს კულტურული ველი მოიცავს ჩრდილოკავკასიის დიდ ნაწილსაც (საკითხის ისტორიისათვის იხ. დ.მუსხელიშვილი, 1993).
ქართუელ-/ქართველ- ფუძის ისტორიისა და ეტიმოლოგიის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში მრავალგვარი მოსაზრება გამოითქვა:
ნ.მარი (1908, გვ. 5; 1933, გვ. 31): ქართ-/ქართლ-/ქართველ- ფუძეები უკავშირდება ქასდ- ეთნონიმს, რომლისგანაც მიღებულია ქალდ-/ხალდი-ც; კერძოდ: ქასდივ- > ქართივ- > ქართივ-ელ-ი > ქართველი (შდრ., ი.ჭავჭავაძე, 1955, გვ.113: ქალდი/ქალდისი > ქართლოსი)... 
ივ. ჯავახიშვილი ერთმანეთთან აკავშირებდა ქართუ/კარდუსა და ქართველს; კერძოდ, მისი აზრით, "სიტყვა ქართველის პირველი ნაწილი "ქართუ" ჩვენი ქვეყნის სახელი უნდა იყოს... სიტყვა "კარდუხიც" ("მეგრულ-ჭანური შტოის ტომის სახელი") ჩვეულებრივ ეროვნების აღმნიშვნელ საკვეც -ხი-თ ბოლოვდება; ამ სიტყვის პირველი ნაწილიც უნდა ქვეყანასა ნიშნავდეს... რაკი ამ ქვეყნის სახელი ორივე შტოის (ქართ-მეგრული) ტომების სახელწოდებაში მოიპოვება, უეჭველია, იგი ქართველების თავდაპირველი საერთო სამშობლო უნდა ყოფილიყო"; "სიტყვები ნაირი, ბა~ანა, ურარტუ მხოლოდ ქვეყნების საკუთარი სახელებია, თვითონ ხალხი კი თავისთავს ქალდის ანუ ხალდის უძახდა (ხაზი ჩვენია - ტ.ფ. შდრ., გ.მელიქიშვილი, 1954, გვ. 28-29). ჩვენ ვიცით, რომ ეს სახელი ქართველი ტომების საზოგადო სახელწოდება იყო (ქართუ-ელ-ი, კარდუ-ხი); ამიტომ საფიქრებელია, რომ ეს ქალდები ქართველების ღვიძლი ძმები ყოფილიყვნენ (ივ. ჯავახიშვილი, 1908, გვ.27, 56; ივ. ჯავახიშვილი, 1960, გვ.411; იხ. აგრეთვე ს. ჯანაშია, 1959, გვ.194-195). 
ქალდეასაგან ქართველის მომდინარეობა პოპულარული გახდა XX საუკუნის პირველი ნახევარში მოღვაწე მწერლებისათვის, განსაკუთრებით აღსანიშნავია გრიგოლ რობაქიძის რემინისცენციები (რომელსაც, ფაქტობრად, ლინგვისტური არგუმენტების თვალსაზრისით, ვერ გასცილდა ბევრი მკვლევარი); XX საუკუნის დასასრულს კი ამგვარი მიდგომა კვლავ გაააქტუალურა ზვიად გამსახურდიამ (1991, გვ.27, 220), რომელიც, იმოწმებდა რა ნიკო მარის მოსაზრებას, ქართველთა სახელს და საცხოვრისს მთა კარდუს სახელთან (ამჟამინდელ არარატთან) და ღვთაება კარდუსთან აკავშირებდა; ზოგი უცხოელი სპეციალისტი იბერ-ქართების წინაპრებად თვლიდა ზემო მესოპოტამიაში – ისტორიულ გორდუენეში – მცხოვრებ კარდუხებს (გ.მელიქიშვილი, 1965, გვ.19-20); შდრ.; კარდუხებს მიიჩნევენ ხურიტულ ტომად, რომელსაც დაეფენენ ქურთები. 
ქართველ- და ქართლ- ფუძეების ეტიმოლოგიის შესახებ კიდევ აღსანიშნავია:
ს. კაკაბაძე: ქართლი (არმაზის ძველი სახელი) დაკავშირებულია "ქართა" (ბაგა), ქორი, ქორედი, ქარდაგი და სვან. "ქვილთხი" (მაღალი) სიტყვებთან (ს. კაკაბაძე, 1924, გვ. 6-8); მსჯელობას ლინგვისტური არგუმენტაცია არ ახლავს; მეტიც, მაგ., მისი აზრით, ქართ-ლ- ფორმაში -ლ- მრავლობითობის სუფიქსია. აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოდგენილი ქართ-/ქართა მრავალ სხვა ენაშიც დასტურდება; ინდოევროპულ ენებში ამ ფუძეს უკავშირდება: გარადო, გარდ-, გრად-, გოროდ-, კერტ- და სხვა ფორმები. ქართველურ კილოებში არსებული ქართა (ბაგა, შემოღობილი ადგილი) ფუძე მართლაც ნასესხებია; მისი კავშირი ქართლ-, ქართველ- ფუძეებთან სხვა მიმართულებითაა საკვლევი (იხ., ქვემოთ).
გ. მელიქიშვილი: ეთნონიმი ქართველი მომდინარეობს ინდოევროპული ქართა ("ზღუდე", "ციხესიმაგრე", "კოშკი"…შდრ., სომხ. კერტ, რუს. გოროდ და სხვ.) ფუძიდან: ქართა-ელი > ქართა-ვ-ელ-ი > ქართველი; შდრ., რაჭა > რაჭველი (გ. მელიქიშვილი, 1965, გვ. 238). ამგვარ ვარაუდს სერიოზული წინააღმდეგობა ახლავს: რამდენადაც ქართული ენა გვერდიგვერდ ვერ გუობს ორ ხმოვანს, ერთ-ერთი უმარცვლოვნდება, ან მათ შორის ჩნდება ხმოვანთგამყარი, მაგ., ხე - ახევებს, ქვა - აქვავებს… თუ ქართა-ელ- ფორმა არსებობდა და გაჩნდა ვ ხმოვანთგამყარი, ა-ს რედუქციის პირობები აღარ იარსებებდა; რაჭველ- სიტყვაში ვ არის ჩ - V პოზიციაში ჭ-ს ლაბიალიზაციის შედეგი და ქართველის ანალოგიად არ გამოდგება. 
აკ.შანიძე: თავდაპირველად ქართლი აღნიშნავდა ერს, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში დაიპყრო მცხეთა და მიმდგომი ქვეყნები… დაპყრობილი ხალხი ალბათ იყო მესხები, რომელთაც ასიმილაცია მოუხდინეს დამპყრობელ ქართლს (ერს) და მიიღეს მათი სახელი (ა.შანიძე, 1980, გვ.7). 
შენიშვნა: შდრ., უფრო ადრე გამოთქმული ნ.მარის მოსაზრება: იბერთა სამეფო არსებობას წყვეტს 570 წელს; იბერებს ცვლიან ლაზები (იგივე ჭანები), აფხაზები და ქართველები; უძველესი ქართული ენა, რომელიც შექმნეს სვანომესხებმა, ანუ ადრინდელმა სომეხმა ხალხმა (ნ.მარი ვარაუდობდა, რომ ადრინდელი სომხები ქართველური მოდგმის ხალხი იყო; ბოლოს ისინი დამკვიდრდნენ ცხენისწყლისა და ენგურის სათავეებში - სვანეთში - ტ.ფ.), დაიმსგავსა ქართველების ენამ - მონათესავე ენამ, მაგრამ სხვა ხალხის ენამ (ნ.მარი, 1922, გვ.15, 18). აქვე აღვნიშნავთ, რომ სწორედ ნ.მარის ნაშრომებიდან იღებს სათავეს ე.წ. ქართიზაცია-ქართველიზაციის მცდარი თეორია (იხ., აგრეთვე, ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ.46). 
აკ. შანიძის ვარაუდით, დამპყრობელი ხალხი - ქართლი იგივე პართნი ანუ პართიელები არიან; შესაბამისად: პართნი > ქართლი (მოხდა პ > ქ პროცესი და ნ/ლ სუბსტიტუცია); შდრ., აკ. შანიძისვე აზრით, სხვა გზითაა მიღებული ქართველი: პართაველი > პართველი > ქართველი (აკ.შანიძე, 1980, გვ.16-18). 
აკ. შანიძის წარმოდგენილ მოსაზრებას ბევრი წინააღმდეგობა ხვდება, და, შესაბამისად, ის ნაკლებადაა გაზიარებული სამეცნიერო წრეებში (კრიტიკისათვის იხ. მაგ., გ. ბურჭულაძე, 1994).
დ. მუსხელიშვილი იმეორებს მოსაზრებას, რომ ქართველი მომდინარეობს სიტყვა ქართუ-სგან, რომელიც, "ადვილი შესაძლებელია, პუნქტსაც და ქვეყანასაც ეწოდებოდა" (დ. მუსხელიშვილი, 1993, გვ. 338-339); იქვე მოყვანილი მსჯელობიდან ჩანს, რომ ავტორი, ნ. ბერძენიშვილის კვალად, რეალურად თვლის ქართი/ქართუ ტომის არსებობას, რომელმაც შემდგომ მოახდინა სხვა ქართველურ ტომთა კონსოლიდაცია-ასიმილაცია (გვ. 348, 354-355; შდრ., ნ. ბერძენიშვილი, 1990, გვ.237, 250). კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არც ერთ წყაროში არ დასტურდება ქართი/ქართუს სახელით ცნობილი ტომი და სხვა ტომების ასიმილაცია როგორ უნდა მოეხდინა? გარდა ამისა, ეთნონიმისგან ეთნონიმის წარმოება, როგორც წესი, არ ხდება; აქვე დავძენთ, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, წარმომავლობის -ელ- სუფიქსის შემცველი ეთნონიმის - ქართუ-ელ-ი - საყრდენი ფუძე ქართუ- უნდა იყოს: ქორონიმი/ადგილის სახელი ან ღვთაების სახელი. 
ა.ჯაფარიძე იზიარებს ივ.ჯავახიშვილისა და ს.ჯანაშიას მოსაზრებებს ტერმინ ქართველის ქალდეასგან მომდინარეობის შესახებ; მისი აზრით, ბიბლიური და ისტორიული ქალდეა ებრაელთა და ქართველთა პირველსამშობლოა… "აბრაამის მამის - თარრას - ქალდეველთა ურიდან გამოსვლის დროისათვის ქალდეა მართლაც ქართველთა წინაპარი ტომებით ყოფილა დასახლებული" (ა.ჯაფარიძე, 1994, გვ.31-33). 
გ. ბურჭულაძის გამოკვლევაში (გ.ბურჭულაძე, 1999, გვ.127-128) საჭირო ყურადღება ეთმობა სიტყვაფორმის თანმიმდევრულ ლინგვისტურ ანალიზს; კერძოდ, ის ვრცლად მსჯელობს ქართველ- ფუძეში არსებული -ვ-ს შესახებ და ასკვნის: ვ შეიძლება მომდინარეობდეს -ავ- სუფიქსისგან; შდრ.: ძველი ეთნონიმი ქართ-, რომლისგანაც წარმოებულია *ქართ-ავ-ი/*ქართევი; აქედან კი - *ქართ-ევ-ელ-ი > ქართველი; მისი აზრით, ეთნონიმის ფუძის (ქართ-) წარმომავლობა საკვლევია. ჩვენი აზრით, წარმოდგენილ მსჯელობაში საკამათოა ვ-ს კვალიფიკაცია.
ე.ხინთიბიძის მტკიცებით, "ქართველთა თვითსახელწოდება შემცველია იმავე ქარ- ძირისა, რომლისგანაცაა ნაწარმოები ქართველთა უძველესი უცხოური სახელწოდებები: ძველი სპარსული ვრკაან, სომხური ვირქ, ვერია, საშუალო სპარსული ვარუჩაან, ახალი სპარსული გურგ, გურგაან (და მათგან ნაწარმოები სირიული, არაბული, ევროპული და რუსული სახელწოდებები) და რომელიც სათავეს უნდა იღებდეს მგლის აღმნიშვნელი ტოტემური სახელისაგან" (ე.ხინთიბიძე, 1998, გვ.39-40); აქვეა მტკიცება, რომ "ქართ- ეთნონიმი მიღებული ჩანს მგლის მნიშვნელობის შემცველ წარმოდგენილ უძველეს ინდოევროპულ ძირზე -ეთ/-თა სუფიქსის დართვით: *ქარ-თა-ელ-ი > *ქართელი > ქართლი". წინააღმდეგობები ამ მოსაზრებასაც ხვდება; კერძოდ: ქართველთა აღმნიშვნელი სპარსულ-არაბული სახელების ქართ- ფუძესთან დაკავშირებას არ ახლავს დამაჯერებელი ლინგვისტური არგუმენტაცია (მაგ., თავკიდური თანხმოვნის ცვლილებას), დაუსაბუთებელია ქართაელი > ქართლი პროცესი და სხვ.
გ. ბედოშვილიც (2001, გვ.425) ფიქრობს, რომ ეთნონიმ ქართისგან წარმოქმნილია ქართლი (< ქართ-ალ-ი), ამ უკანასკნელისგან კი: ქართლ-ელ-ი > ქართ-ელ-ი > ქართ-ვ-ელი. მისივე ვარაუდით, ქართ- (/ქართ-უ-/ქართ-ვ-) ძირის მნიშვნელობა უცნობია; წარმოდგენილ მსჯელობაში აუხსნელია: ლ > 0 > ვ პროცესები. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2004 წლის 14 თებერვალს გ.ბედოშვილმა საქართველოს საპატრიარქოს რადიოს სამეცნიერო გადაცემაში: "ქართველური ენა და კულტურა" ახალი ვარაუდი განავითარა; კერძოდ, ამჟამად ის თვლის, რომ ეთნონიმი ქართველი მიღებულია ეთნარქ ქართლოსისგან... როგორც წესი, ეთნარქთა სახელები ძველი ეთნონიმების მიხედვით იქმნება; შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ როგორც ბიბლიურ, ასევე ქართლის ცხოვრებისეულ ეთნარქთა სქემებში ასახულია ამ წიგნთა ქმნადობის პროცესში არსებული ხალხების/ტომების/თემების სახელები.
გრ. გიორგაძე (2002, გვ.161), აგრძელებს რა გ.მელიქიშვილისა და დ.მუსხელიშვილის მსჯელობებს, ვარაუდობს: "უნდა არსებულიყო ეთნონიმი, ისევე როგორც ტოპონიმი, ან ქორონიმი "ქართუ" - მეგრელთა მიერ აღმოსავლელ ქართველთა სახელწოდება. მოგვიანო ხანებში სწორედ აქედან უნდა წარმომდგარიყო ქართუ-ელ-ი, რასაც საფუძვლად უნდა დასდებოდა სიტყვა ქართ-". 
დღეს მეგრელთა მიერ აღმოსავლელი ქართველი ქორთუ-დ იწოდება (მ.ჩუხუა); თუკი მეგრული ქორთუ-სთვის ამოსავალ ფორმად ქართუ ფუძეს დავსახავთ, რა გვიშლის ხელს, რომ იგივე ქართუ- საერთოქართველურად გამოვაცხადოთ? გარდა ამისა, აქ უპასუხოდ რჩება მთავარი კითხვა: რა წარმომავლობისაა ქორონიმი ქართუ?
შ.გაბესკირია (2003, გვ.33-37) ფიქრობს, რომ ქართველურ, ინდოევროპულ და უგრო-ფინურ ენებში დადასტურებული ქართ- ("მოღობილი ადგილი", "ქალაქი") ძირიდანაა წარმოქმნილი ქართველ-, ქართლ- და ხათთ- (ხათების საკუთარი სახელი) ფუძეები; კერძოდ, ივარაუდება შემდეგი პროცესები: ქართ- > ქართუ-ხ- > ქართუ > ქართუ-ელ-ი; ქართ- > ქართ-ნ-ი > ქართლი; ქართ- > ხათთ-. წარმოდგენილ მოსაზრებაში საყურადღებოა ქართ- და ხათთ- ფორმათა დაკავშირება; აქვე, ვფიქრობთ, უფრო ლოგიკური იქნებოდა დაგვეშვა, რომ ქართი (ღვთაების სახელი და არა "მოღობილი ადგილი") ამოსავალია როგორც ქართუელი, ასევე, კარდუხი, სიტყვაფორმებისთვის; გარდა ამისა, ქართნი > ქართლი უნიკალური პროცესის დაშვებას აჯობებს, ვივარაუდოთ ქართ- ძირზე -ლ- სუფიქსის დართვა (იხ. ქვემოთ).
გ.ქავთარაძის აზრით (2003, შენიშვნა 176), მთა ქართლის სახელში (შესაბამისად, ქართველ- ფუძეშიც) შეიძლება გამოიყოს არდ-/ქართ- "ქალაქი" ხურიტული ფუძე; მკვლევარი ვარაუდობს, რომ ქართ-ლი ფორმაში -ლი ადგილის მაწარმოებელი ურარტული სუფიქსია, ხოლო თავკიდურა თანხმოვნის და ნულის მონაცვლეობის მაგალითებად მოყვანილია: აღზევანი/ქაღზევანი, არიმატი/ხარიმატი, ობარენი/ხაბარენი, ალიბე/ხალიბე... გ.ქავთარაძის ვარაუდით, ართ- ფუძე საძიებელია ართვინი (/ართ-ვანი < ართ-ოვან-ი - ტ.ფ.), არტანუჯი, არტაანი, ვარდციხე, ვარძია (< *ვარდ-ია) და კარდენახი/კარდანახი სიტყვებშიც (შდრ., გ.ბედოშვილი, 1981, გვ. 192: კართ ვენახი > კარდენახი). 
ჩვენი აზრით, ნულთან მონაცვლე ლაბიოველარიზებული თავკიდური თანხმოვნის შემცველი *ქ˚არდ-/ხალდ-/ქართ-/ალდ-/ართ- (/*ქვარდ-/ვარდ-/ვარძ-) ფუძის - ღვთაების/სალოცავის სახელის - მიხედვით შეიძლებოდა აღნიშნულიყო მთა/ციხე/პუნქტი (შდრ., ღვთაება არმაზი - ტოპონიმი არმაზი); შესაბამისად, ტოპონიმები: ართვინი, არტანუჯი, არტაანი, ვარდციხე (არდის ციხე), ვარძია, კარდენხი (კარდენ-ა-ხ-ი), არდუბანი და სხვა, მართლაც შეიძლება იყოს დაკავშირებული წარმართული საქართველოს მთავარი ღვთაების სახელთან. ასევე, არ გამოვრიცხავთ, რომ არდ- ფუძისგანაა ნაწარმოები ტოპონიმი ოლთისი: *არდ-ის-ი > *ალთ-ის-ი > ოლთისი; შდრ.: ხურიტული არდ-ინ-ი არდის/ხალდის ციხე-ქალაქი; ქართველური ოლთ-ის-ი ღვთაება ოლთის/ხალდის ციხე-ქალაქი. 
საინტერესოა, აგრეთვე, ურარტუელთა უმაღლესი ღვთაება ხალდის მუსასირული ვარიანტი ალდი (გ.მელიქიშვილი,1960, გვ.416), ძვ.სპარსული არტა "ღვთაება" და ალანურ-ოსური არდ "ღმერთი" (აქედან: ქართ. მა-ართ-ალ-ი; მ.ანდრონიკაშვილი, 1966, გვ, 26-27). მართალ- ფუძეში უნდა გამოვყოთ ურარტულ-კავკასიური ხალდ-/ალდ-/ართ- და წარმომავლობის მ- -ალ-; შდრ., მ-ართ-ალ-ი: "ღვთის ჩამომავალი", "ღვთისნიერი" (შდრ.: მ-ტბევ-არ-ი, მ-ეგრ-ელ-ი...). შემდგომი კვლევა ალბათ დაადასტურებს, რომ ხურიტულ-კავკასიური ხალდ-/ქართ-/*ჰართ-/არდ-"ღვთაება", წინააზიელ ინდოევროპელთა მეტყველებაში დადასტურებული არდ "ღმერთი" და ქართველურ, ინდოევროპულ, უგრო-ფინურ ენებში დადასტურებული ქართ-/ართ-/კერტ-/გოროდ- "ციხე-ქალაქი" (< მთავარი ღვთაების ადგილი, მთავარი სალოცავი ადგილი) ფუძეები ერთი წარმომავლობისაა, კერძოდ: არდ- /*ჰართი /ხალდ- წარმოშობით ხურიტულ-კავკასიური ფუძეა, რომელიც თავდაპირველად ღვთაებას აღნიშნავდა და შემდეგ ინდოევროპულ ენებში გადააზრიანდა ციხესიმაგრის სახელად (ვინაიდან, ძველ დროში სალოცავი ყველაზე მეტად იყო დაცული). ინდოევროპული ვარიანტი მოგვიანებითაა ნასესხები ქართველურ კილოებშიც; შდრ., ერთი მხრივ, საერთოქართველური ხალდ-/ქართ(უ) და მეგრულ, გურულ, იმერულ და სხვა კილოებში არსებული ქართა ("საქონლისთვის შემოღობილი ადგილი"). 
შენიშვნა: შესაძლებელია, დავუშვათ, რომ არდი /*ჰართი /ქართი "ღვთაება" დაკავშირებულია ქართველურ ერთ-/ართ- რიცხვით ნიშანთანაც. დასაშვებია მეორე სქემაც: კავკასიურ-წინაზიური ħალდ- > ქ˚ართ- /*ღ˚ართ- (/*ღართ˚- /˚არდ- /არდ-) > საერთოქართველური *ღვართ- /*ღმართ- /ღმერთ- > სამწიგნობრო ქართული ღმერთი (ა/ე მონაცვლეობა და ლაბიალიზებული ღ˚-სგან ღმ კომპლექსის განვითარება სავსებით შესაძლებელია; შდრ., ჰ.ფენრიხი, ზ.სარჯველაძე, 2000; აქვეა მიმოხილული საკითხის შესწავლის ისტორია). ჩვენს მოსაზრებას მხარს უჭერს ზანურ-სვანური ფორმების ანალიზიც; შდრ.:
_ საერთოქართველური *ღართ-/*ღერთ- > სვანური ღერთ(-@ლ/@შ); 
_ საერთოქართველური *ღმართ-/ღმერთ- > სვანური *ღმერეთ > ღერმეთ/ღერბეთ;
_ საერთოქართველური *ღართ- > ზანური *ღორთი > მეგრული *ღოროთი > ღორონთი (შდრ., *ტრადი/ტრედი - ტორონჯი; მეგრულისთვის ბუნებრივია თანხმოვანთკომპლექსის სუპერაცია და წინაენისმიერ თანხმოვანთან ამავე ლოკალური რიგის ნაზალური სონორის განვითარება); 
_ საერთოქართველური *ღმართი > ზანური *ღმორთი > ლაზური *ღმოროთი > ღორმოთი (მ-ს მეტათეზისით თავკიდურ პოზიციაში მოიშალა და მარცვალთგამყარზე შეიქმნა თანხმოვანთკომპლექსი)... 
სამეცნიერო ლიტერატურაში ღმერთ- "უფალი" ფუძეში ერთი (რიცხვითი ნიშანი) პირველად გამოყო თ.ჟორდანიამ; მან ღმ- ღმერთის სემანტიკის შემცველ ფუძედ მიიჩნია. ა.ჭინჭარაულის აზრით, ღმერთ- ფუძე მომდინარეობს უერთ-/ხუერთ- ფორმიდან - ერთის აღმატებითი ხარისხიდან (სტატია იბეჭდება "გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში"): ხუერთი > ღუერთი > ღვერთი > ღმერთი.
დამატებით არგუმენტაციას საჭიროებს ღ(მ)ერთ- სიტყვაფორმის თავკიდური თანხმოვნის წარმომავლობა: იგი მომდინარეობს ხ- პრეფიქსისგან (*ხ-უ-ერთი...), თუ *ღალდ/ხალდ ფუძის პირველი ბგერისგან? შესაბამისად გადაწყდება ერთ-, ხუერთ- და ხალდ- ფუძეთა მიმართების საკითხიც (კვლევის ამ ეტაპზე უფრო ლოგიკური ჩანს კავკასიურ-ხურიტული ფუძის ვარიანტულობა ენა-კილოების მიხედვით: ხალდ- /ქალდ- /ღართ- /ღ˚ართ- /ართ- /არდ- /ოლთ-... შდრ.: ქართვ. ღვინო, ვენ-ა-ხ-ი, სომხ. ღინ "ღვინო" და ინდოევ. ვინ "ღვინო".
ღვთაების აღმნიშვნელი ქართ-, ქართუ- და საკუთრივ ქართლ-, ქართველ-, ქართულ- ფუძეთა მიმართების ისტორია ჩვენ ასე გვესახება:
ქართველურ ენობრივ ველში რეალურად დადასტურებულ სიტყვათა შეპირისპირება საფუძველს გვაძლევს, პირველ რიგში გამოვყოთ ორი ფუძე: ქართ- და ქართუ-: ქართ-ლ-ი, ქართუ-ელ-ი, ქართ-უ-ლ-ი; ქართ-ლ- ფუძის პარალელურად შეიძლება დავუშვათ ქართE-ლ-ი/ქართვ-ლ-ი ვარიანტის არსებობაც.
ქართ-ლ- ფუძეში არსებული -ლ- სეგმენტი იგივე მონაცემი ჩანს, რაც არნ.ჩიქობავას მიერ სხვა ფუძეებში გამოყოფილი უძველესი ფენის სუფიქსი; შდრ.: 
სამწიგნობრო ქართული: თოვ-ს, თოვ-ლ-ი და ზან.: თვირი/თირი; 
სამწიგნობრო ქართული: სახე, სახ-ლ-ი, სახ-ელ-ი და ზან.: ოხორი; 
სამწიგნობრო ქართული: თეს-ავ-ს, თეს-ლ-ი და ზან.: თასი; 
სამწიგნობრო ქართული: მატყლი, ზან. მონტყორი და სვან.: მ@ტყ (სვანურს უსუფიქსო ვარიანტი დაუცავს? შდრ.: თ.გამყრელიძე, გ.მაჭავარიანი, 1965, გვ. 76); 
სამწიგნობრო ქართული: ძაღლი და ზან. ჯოღორი, სვან.: ჟაღE/ჟეღE; 
სამწიგნობრო ქართული: თაფლი და ზან.: თოფური, სვან.: თუ (< თაფუ; გ. მაჭავარიანი)...
სამწიგნობრო ქართული: კუმ-ევ-ა/კმევა, კუმ-ოდ-ა ("მთაი იგი სინაი კუმოდა") და კომ-ლ-ი/კEამ-ლ-ი; ზან. კუმა (კვამლი, კომლი), კუმ-აფ-ა (კმევა, შებოლვა); სვან.: კEამ/კE@მ (კვამლი, კომლი);
სამწიგნობრო ქართული: კოჭი, კოჭ-ლ-ი და აჭარ.: კოჭ-ალ-ი; 
სამწიგნობრო ქართული: კოჟ-რ-ი ("გამაგრებული და ამობურცული ადგილი კანზე") და აჭარ. კოჟი/კოჟო "კოჟრი"; შდრ.: სვან. კოჯ (კლდე), ქართულ-ქართველური ტოპონიმები: კოჟრ-ებ-ი, კოჯ-ორ-ი;
სამწიგნობრო ქართული: სისხლი, ზან.: ზისხირი, სვან.: ზისხ; აგრეთვე: ქერცი, ქერც-ლ-ი (მ.ანდრონიკაშვილი, 1966, გვ. 118) და ქეცი; წუხ-ს და (მ)წუხ-რ-ი, მამა და მამ-რ-ი, დედა და მდედ-რ-ი, სი-დედ-რ-ი (იგივე სი- გამოიყოფა: სიძე, სიმამრი, სიტყვა, სითბო, სიგრძე... ფორმებში; მსჯელობისათვის იხ., არნ. ჩიქობავა, 1944, გვ. 459; ჩვენი აზრით, აქ სი- თვისების აღმნიშვნელი პრეფიქსია)... 
-ლ-/რ-ს ძირითად ფუნქციად შეიძლება განვსაზღვროთ წარმომავლობა-კუთვნილობის გამოხატვა; შესაბამისად, ჩვენს შემთხვევაში, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ქართ-/ქართუ- ფუძე ღვთაების აღმნიშვნელი ფუძეა; მასზე -ელ- სუფიქსის დართვით წარმოიქმნა ქართველთა ავტოეთნონიმი: ქართუ-ელ-ი; ქართ-/ქართუ-სგან ნაწარმოები სიტყვები: ქართ-ლ-ი და ქართუ-ელ-ი ქართ-/ქართუ-ს თვისობრიობის ქონას, ან წარმომავლობას გამოხატავს. აქვე აღვნიშნავთ, რომ თვისობრიობა და წარმომავლობა სხვა შემთხვევაშიც გამოიხატება ერთი მორფემით; მაგ., -ან: დედა - დედ-ან-ი (-ან გამოხატავს თვისობის ქონას); ოთარა - ოთარა-ან-ი (-ან გამოხატავს წარმომავლობას); სი-გრძ-ე/გრძ-ელ-ი და კახ-ელ-ი და სხვ. 
ერთი მხრივ, ურარტულ-კავკასიური ღვთაება ხალდის სახელში, მეორე მხრივ კი, ხალდ-ებ-ი, კარდ-უ-ხ-ი ეთნონიმებში (შდრ., მოვსეს ხორენაცის ტექსტში დადასტურებული კორდუელთა ქვეყანა, რომელიც მდებარეობდა ვანის ტბის სამხრეთით; შდრ.: სომხ. კორდუ და ქართვ. კარდუ; სომხ. თორგომი და ქართვ. თარგამოსი...) ხალდ- და კარდუ- ფუძეების პოვნიერება საფუძველს გვაძლევს, დავუშვათ, რომ სიტყვები: ქართლი და ქართუელი მომდინარეობენ ურარტულ-კავკასიური ღვთაების - ქალდი/ხალდი/ქართუ/კარდუ-ს სახელისგან; ამოსავალ ფორმად სავარაუდოა *ქარდ-/ქალდ-: *ქარდ- > ხალდ-; *ქარდ-/*ქართ- > ქართ+ლ-; *ქარდ-/*ქართ- > ქართუ > ქართუ-ელ-ი... ლინგვისტური ასპექტით, პრობლემური არ არის დ/თ (ბუნებრივია სიტყვის ბოლოს) და ქ/ხ მონაცვლეობის დაშვება: შდრ., ქ/ხ ნასესხებ სიტყვებში: ქრისტე/ხრისტოს, ქრონოლოგია/ხრონოლოგია, ქაოსი/ხაოსი, ქორო/ხორო, ქარტია/ხარტია, ქილონი/ხილონი, ქიმერა/ხიმაირა, ქიტონი/ხიტონი, ქიმია/ხემეია, ქალოსი/ხალოსი, ქრისე/ხრუსე... უკანაენისმიერ და ხორხისმიერ ბგერათა (ქ, B, ხ, ღ, ყ...) მონაცვლეობა არც საკუთრივ ქართველური დიალექტებისთვისაა უცხო (მაგალითები მრავლადაა ილ.აბულაძის, არნ.ჩიქობავას, ზ. სარჯველაძის, ჰ. ფენრიხის, მ.ჩუხუასა და ქართველური კილოების სხვა ლექსიკონებში): Bცე/ქჩე/ხჩე, ქჩინი/ხჩინი, Bორბალი/ხორბალი/ქობალი, Bენდერი/ქენდერი, Bაბუ/ყაბუ, Bეფ-/ყეფ-, Bური/ყური, Bუილა/ყორე, ქვეყანა/ხვეყანა/ხოყანა, ქორწილი/Bორწილი, Bერი/ღერი, Bუეზი/ღუეზელი, Bშირი/ხშირი/ყშირი, ღრტილი/ხრტილი, Bბო/ხაბნა/ღაბნა/ქაბულა... სავარაუდოა, რომ ურარტულ ქალდი/ხალდი ფორმაში პირველი თანხმოვანი ქ-სა და ხ-ს შუა მდგომი ლაბიალიზებული ბგერაა. 
სამსჯელოა ქართ > ქართუ: რა ფუნქცია აქვს უ/E სეგმენტს? არქაულ ქართულში (შესაბამისად, საერთოქართველურში) გვაქვს სიტყვების ერთი ჯგუფი, რომელიც უ/E ბგერით ბოლოვდება: ბირთუ, ბორცუ (შდრ., ფალაური ბურზ; მ.ანდრონიკაშვილი, 1966, გვ. 293), დათუ, ეშუ, ვერხუ, თაგუ, იდაყუ, იჭუ, იხუ, კიცუ, ლეკუ, ლეღუ, მდოგუ, ნაძუ, ნეზუ, ნერწყუ, ნეზუ, პეშუ, რიცხუ, ფესუ (შდრ., საშ. სპარს. ფას; მ.ანდრონიკაშვილი, 1966, გვ. 382-383), ფეტუ, ფიჭუ, ღაწუ, შაშუ, ცერცუ, ციღუ (შდრ., ოსური ცირღ; მ.ანდრონიკაშვილი, 1966, გვ. 122), ძარღუ, ძეძუ, ჯაჭუ... აღსანიშნავია, რომ მეგრულ-ლაზურ ვარიანტებში, როგორც წესი, ლაბიალური კომპონენტი გადაადგილდება სიტყვის ფუძეში: დათვი - თუნთი, იდაყვი - დუყი, თაგვი - მთუგი, ლეღვი - ლუღი, მაყუ (მაყუალი) - მუყი, მაჩვი - მუნჩქი, ჩხიკუ - ჩხვიკი... შდრ., აგრეთვე: ბირთუ/ბირთვი - ბურთი, კიცუ/კიცვი - კვიცი... სავარაუდოა, რომ ქართუ სიტყვაში ბოლოკიდური უ არ არის რაიმე ფუნქციის მქონე სუფიქსი; ჩვენი აზრით, უ სეგმენტი ქართველურ-კავკასიური ენებისთვის დამახასიათებელი ლაბიალიზაციის (/ლაბიოველარიზაციის) პროცესის გამოვლინებაა (დაწვრილებით იხ. ქვემოთ): ქ°ართ > ქართ° > ქართუ.
აქვეა განსახილველი სიტყვაფორმა ქართულიც: შესაძლოა, -ულ- სუფიქსი უშუალოდაა დართული ქართუ- ფუძეზე: ქართუ > ქართუ-ულ-ი > ქართული; არ გამოირიცხება, აგრეთვე, ქართუ > ქართუ-ლ-ი პროცესიც.
ღვთაების სახელისგან ეთნონიმისა და ქორონიმის წარმოქმნა უჩვეულო მოვლენა არ არის ძველ სამყაროში (შდრ., მაგ., ღვთაება ასური, ხალხი - ასურები და ქვეყანა ასურეთი)...
ქართველთა ისტორიულ მეხსიერებაში ქართველთა თვითსახელწოდება და ქართველთა ქვეყნის სახელი ურარტულ მთავარ ღვთაებას (ბრძოლის ღვთაებას!) რომ უკავშირდება, მოულოდნელი არ უნდა იყოს:
სიმონ ჯანაშიას აზრით, ურარტუს მოსახლეობა - ხალდები (წავიკითხოთ: ღვთაება ხალდის ხალხი - ტ.ფ.) - ცნობილნი იყვნენ რკინის დამუშავებით. "რკინის იარაღით ხალდები კლდეში შესანიშნავ ციხე-დარბაზებს კვეთდნენ. ამ რიგის ხუროთმოძღვრების ნიმუშია საქართველოში კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე" (ს.ჯანაშია, 1987, გვ.31). შდრ.: კლდეში ნაკვეთი ქალაქები გვაქვს მეშექ-მოსხების (მესხების) ისტორიულ ქვეყანაში - კაბადოკიაში, ხოლო ძველი ბერძნული ცნობებით, რკინის მწარმოებელი ხალიბები ცხოვრობდნენ ტრაპიზონის რეგიონშიც. შესაბამისად, ლოგიკურია ურარტუელების, კარდუხების, მოსხებისა და შავიზღვისპირეთის ხალიბების ნათესაობის საკითხის დასმა; მით უმეტეს, გვიანდელი ამიერკავკასია ამ ტომთა ნაშთების ძირითადი საცხოვრისი ხდება. შდრ., პ.ინგოროყვას აზრით, ქართველი ხალხის უძველესი წინაპრების – ხეთას ჯგუფის ხალხების: მუსხების (მესხების), თობელების (ჰიბერების), კასხების (კოლხების) კულტურული ცენტრი ძვ.წ. VII საუკუნეში ხეთას სახელმწიფოს კატასტროფის შემდეგ გადმოდის საქართველოს დღევანდელ ტერიტორიაზე (პ.ინგოროყვა, 1978, გვ.244). აქ მცირედი დაზუსტებაა საჭირო: კაბადოკიასა და ჰალისის აუზში მცხოვრებ ქართველურ-კავკასიურ ტომთა (მოსხები, ქაშქები, კოლხები...) შესაძლო წინაპრები არიან ხათები და არა ხეთები; ეს უკანასკნელნი ბალკანეთის (?) გავლით მცირე აზიაში მოსული ინდოევროპელები არიან. შემთხვევითი არც ის ჩანს, რომ მოვსეს ხორენაცის თხრობაში კაბადოკიელთა და ქართველთა ჯარი ხშირად გვერდიგვერდ იბრძვის საერთო მტრის წინააღმდეგ (მ.ხორენაცი, 1984, გვ.95, 136); გარდა ამისა, მ.ხორენაცისთვის პონტოს სამეფოც და ისტორიული კოლხეთიც ქართველთა ქვეყანაა, ხოლო პონტოს მეფე მითრიდატე - ქართველი (იქვე, გვ.111-116).
ს.ჯანაშიას აზრით, წინა აზიის ავტოქთონი მოსახლეობის პოლიტიკურ-კულტურული ცენტრის ჩრდილოეთით გადმონაცვლება აშკარად დასტურდება (ს.ჯანაშია, 1987, გვ.20-24, 32, 44, 51); მაგ., "ურარტული და ასურული წყაროების მიხედვით, არდინი (მუსასირი) ურარტელთა წმინდა ქალაქია - ურარტელთა უზენაესი ღვთაება ხალდის კულტის ცენტრია - ხალდის ქალაქია; მოგვიანებით რელიგიურად, კულტურულად და ეთნიკურადაც მუსასირის მოსახლეობა ჩამოცილებული ჩანს დანარჩენ ურარტუს სამყაროს" (გ.მელიქიშვილი, 1999, გვ.25). აქვე საყურადღებოა უფლისციხის სახელიც და ისტორიაც: 
უფლისციხე აშენებულია ძვ.წ. VI-V საუკუნეებში; ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე განადგურებულია ურარტუ; ლოგიკურია დავუშვათ: მოძმე კავკასიურ-წინააზიური ტომების საერთო დიდი ღმერთის - ხალდის - სამეფო ცენტრი გადმოვიდა უფრო ჩრდილოეთით. შდრ.: ხალდი მებრძოლი, მამრობითი ღვთაებაა; ურარტუელები მას სწირავდნენ ხარს. მებრძოლი ღვთაებაც და ხარის კულტი საქართველოშიც შთამბეჭდავია (ღვთაება ხალდი უნდა იყოს ასახული წმინდა გიორგის სახეში)... 
დიდი ისტორიული კატაკლიზმების ჟამს მართლაც მოსალოდნელი იყო ქართველურ-კავკასიურ ტომთა რელიგიური ცენტრის გადმონაცვლება დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე (ლოგიკურია, ასევე, ღვთაება ხალდის/ქართის/არდის რამდენიმე ციხე-ქალაქის არსებობაც); ამ თვალსაზრისით, საინტერესოა კ.ზ. გამსახურდიას დასკვნაც: "უფლისციხის არქეტიპული ღვთაება ხალდი უნდა იყოს" (კ.ზ. გამსახურდია, 1995, გვ.21). აქვე, შდრ., იოვანე პეტრიწისეული ტერმინი "ხალდეველთა წინასიბრძნე" (პეტრიწი ქალდეველებს ხალდეველებს ეძახის; იოვანე პეტრიწი, 1947, გვ 41); კ.ზ.გამსახურდიას მტკიცებით, "ეთნოლოგიური თვალსაზრისით, "ქალდეველი", ამავე დროს, უნდა აღნიშნავდეს არა მარტო ბაბილონელ სემიტს, არამედ იმ უძველეს პრესემიტურ ხალხსაც, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია შუმერთა სახელით" (იქვე, გვ 79). აქვე უნდა გავიხსენოთ ივ.ჯავახიშვილის ცნობილი დაკვირვება: ძველი ქართველი ავტორები ქართველთა წინაპრების იდენტიფიკაციას ახდენდნენ შუამდინარეთისა და ბიბლიურ სამყაროსთან; მისი აზრით, ქალდეველი არის სპარსელიც, ბაბილონელიც და ქართველიც (იხ., აგრეთვე, "ევსტათი მცხეთელის წამება"; ქართული მწერლობა, I, გვ.259-260).
შენიშვნა: ძველ ქართულ ტექსტებში "ქალდეველნი" სპარსთა მნიშვნელობით გამოიყენება, მაგრამ, "ქართლის ცხოვრების" ბუნთურქების ეპიზოდის ავტორი ქალდეველებს ბაბილონელებად, ასურელებად თვლის (მსჯელობისათვის იხ. მ.სანაძე, 2001, გვ.27-29); ჩვენი აზრით, აღრევის სათავე ადრეულ ეპოქაშია საძიებელი: ჩანს, ძველ წყაროებში ქალდეა/ქალდია წინა აზიის ეთნოპოლიტიკური ცენტრის აღმნიშვნელი იყო ამავე რეგიონის ავტოქთონი ხალხების ენაში; შემდეგ ეს სახელი შემორჩა როგორც ქართველურ-კავკასიურ მკვიდრ ხალხებს, ასევე ინდოევროპელთა თუ სემიტთა ერთ ნაწილს. შდრ., ქალდეელები (კალდუ) - ისტორიულად არსებული მომთაბარე, არამეულად მოლაპარაკე სემიტი ტომები ძვ.წ. I ათასწლეულში, რომლებიც ბაბილონის სამხრეთით დამკვიდრდნენ ძვ.წ. IX საუკუნიდან; შდრ., აგრეთვე, ბეირუთის ახლოს მდებარე სოფელი ხალდე. 
ურარტულ-კავკასიურ ღვთაება ხალდ-თან და ქალდ-/ხალდ- ფუძესთან დაკავშირებით საინტერესოა კიდევ რამდენიმე გარემოება:
1. სტრაბონის მიხედვით (გეოგრაფია, XII, 3, 19-24), ტრაპიზონსა და ფარნაკიას ზემოთ ცხოვრობენ ქალდები - ძველი ხალიბები, რომელსაც ჰომეროსი ჰალიძონებს და ალიბებს უწოდებს (იხ., აგრეთვე: დ.ბაქრაძე, 1889, გვ.34 და პ.ინგოროყვა, 1954, გვ.285);
2. "აბოს წამებისა" და მოვსეს ხორენაცის "სომხური გეოგრაფიის" მიხედვით, ქალდია/ხალდეა/ხაიტიქი არის იგივე ჭანეთი/ჭანივქი (იხ.: ქართული მწერლობა, I, გვ.454 და მ.ხორენაცი, 1984, გვ.162, 277); შდრ., შავიზღვისპირეთში არსებული ხალდის პროვინცია შედიოდა ბიზანტიის იმპერიაში; იგი შემოიფარგლებოდა ტრაპიზონის რეგიონით (მასში არ შედიოდა რიზეს მხარე; პ.ინგოროყვა, 1954, გვ.210). შდრ.: ტრაპიზონთან ახლოს ხალდიის ქართულ ქვეყნას - დავით კუროპალატის კუთვნილ მხარეს - ასახელებენ ქართველი მემატიანენი (სუმბათ დავითის ძე, 1449, გვ.70; "მატიანე ქართლისა", გვ.285). საყურადღებოა ისიც, რომ VIII საუკუნიდან ბერძნულ წყაროებში ტრაპეზუნტის მხარეს ლაზიკა ჰქვია; ქართულ წყაროებში (იხ. მაგ., გიორგი მთაწმინდელის "აკათისტოს საკითხავის" ქართული ვერსია) ამ ტერიტორიას მეგრელთა მხარეს უწოდებენ (იქვე, გვ.214); 
3. ადიღური ენის შაფსუღური დიალექტის ხაყუჩურ კილოკავში ქართველის აღსანიშნავი ძველი სახელია ხალHდე (ცნობა მოგვაწოდეს რუსლან ნათხუამ და მიხეილ ლაბაძემ; აქვე შევნიშნავთ, რომ ადიღურში არაბუნებრივია ლდ თანხმოვანთმიმდევრობა და H ნეიტრალური ხმოვნით ხდება ამ არაკანონიკური კომპლექსის სუპერაცია);
4. ჭოროხის სათავეების მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ქართველური ქალაქი ქალდია - ვერცხლის საბადოების ქალაქი (ტიმოთე მთავარეპისკოპოსის "მიმოხილვა... აღმოსავლეთის ადგილთა"; იხ. პ.ინგოროყვა, 1954, გვ.285); 
5. შუა ლაზეთში, ამჟამად თურქეთის საზღვრებში მოქცეულ დაბა ოფის ზონაში, რიზესა და სურმენეს შორის მდებარეობს პუნქტი ხალდი და ხალდის მთა; მდინარე ოფის წყლის სათავეებშია პუნქტი ხალდიზენი (ზენა ხალდი) - ზემო ხალდი. ოფის წყლის ზემო შენაკადს ეწოდება ხალდიზენის ხევი, მთებს კი - ხალდიზენის მთები;
7. საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებშიც რამდენიმე ხალდე დასტურდება: კავკასიონის კალთებზეა მყინვარი ხალდე და მდინარე ხალდეჭალა; აქვეა სოფელი ხალდე. 
შემთხვევითი არც ის ჩანს, რომ ორ სხვადასხვა ადგილას - დიდი კავკასიონის კალთებზე და მტკვარ-ჭოროხ-ჰალის-არაქს-ტიგროს-ევფრატის სათავეების მიმდებარე ტერიტორიაზე - მოსხურ მთებში (მოსხური მთების ლოკალიზაციის შესახებ იხ. ნ.ხაზარაძე, 2001, გვ.315) - გვერდიგვერდ დასტურდება ადგილის აღმნიშვნელი ორი საკუთარი სახელი (ტოპონიმი): კოლა და ხალდე. 
აქვე დაისმება კითხვა: როდის მოხდა ქართლ- და ქართუელ- ფუძეების წარმოქმნა?
ვვარაუდობთ: თორთუმის, ჭოროხისა და მტკვრის სათავეებში არსებული ქართველური სახელმწიფოების დაკნინების შემდეგ, უფრო ჩრდილოეთით მალევე იქმნება ქართველურ ტომთა მორიგი გაერთიანება; ვფიქრობთ, აზონ-ქუჯ-ფარნავაზის წინა პერიოდში მიმდინარე ქართველური ტომების გაერთიანების პროცესში საერთო ქვეყნის სახელად მკვიდრდება ქართლი, საერთო თვითსახელწოდებად კი - ქართუელი: ორივე ფუძე მომდინარეობს დიდი ღვთაების სახელისგან - ქართუ/ქართი: ქართუ > ქართუ-ელი (თეონიმიდან წარმოიქმნა ეთნონიმი); ქართ- > ქართ-ლ-ი (ქართლი - ღვთაება ქართის/ხალდის ქვეყანა). ღვთაებისგან მომდინარე ქორონიმისა და ეთნონიმის დამკვიდრება მოტივირებული შეიძლება იყოს პოლიტიკური ფაქტორითაც: ჩანს, გაერთიანების პროცესში ქართველურ ტომთა მმართველებმა უარი თქვეს რომელიმე ქართველური ტომის სახელის განზოგადებაზე, შესაბამისად, რომელიმე ტომის ჰეგემონობაზე... 
ერთი რამ აშკარაა: 
ქართუ-ელ-ი ქართველთა უძველესი ავტოეთნონიმი (ენდოგენური ეთნონიმი), ქართლი კი - ქართველთა სახელმწიფოს უძველესი ქართულენოვანი ქორონიმი ჩანს.
შენიშვნა: გორგასალის შემდეგ, ქართველთა დაშლა-დასუსტების მორიგ ეტაპზე, ტერმინები: ქართლი/ქართველი დავიწროვდა ქართველთა ერთი პროვინციისა და მისი მოსახლეობის სახელად; შესაბამისად, ქართულ ქვეყანათა კონსოლიდაციის მორიგ ეტაპზე განმაზოგადებელ ახალ ქორონიმად შემოღებულ იქნა საქართუელო (უფრო გვიან კი იყო მცდელობა, დაემკვიდრებინათ ქორონიმი იბერია; იხ.: 1790 წ. "იბერიელთა ერთობის ტრაქტატი").
რაც შეეხება ქართუ-/ქართლ-/ქართველ- ფუძეთა თანამედროვე დიალექტურ ვარიანტებსა (ქორთუ, ქ@რთ...) და მათი მნიშვნელობების ისტორიას:
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ქართლ- ფუძის მსგავსად, ქართველ- ფორმაც, სხვადასხვა დროში თუ ენობრივ ველში, რამდენიმე სემანტიკით გამოიყენება; კერძოდ:
_ ქართველი ერის წარმომადგენელს (მაგ., მემატიანისათვის ქართველნი არიან წამებულნი ეგრისელნი დავით და კონსტანტინე: "თქმულნი ნეტარისა მოწამისა ქართველისა~"; პ.ინგოროყვა, 1954, გვ 669-671; დ.მუსხელიშვილი, 1993, გვ.360); სხვა ქვეყნების მსგავსად, ახლო მომავალში ქართველი შეიძლება დამკვიდრდეს საქართველოს მოქალაქის ფარდ სახელად (ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად).
_ ქართველურ კილოებსა თუ სამწიგნობრო ენაზე მეტყველ ქრისტიანს (იხ.: მიქელ მოდრეკილის საგალობელი "Bსენება~ უძლეველისა მოწამისა ჰაბო ისმაიტელ-ყოფილისა ქართველისა~"; შდრ., ამგვარი კულტურულ-პოლიტიკური მიდგომით, ეთნიკურად ქართველი და ქართულად მეტყველი მუსლიმანი თათარია). 
_ სოციალურად დაბალი ფენის წარმომადგენელს - გლეხს (საკითხის მიმოხილვისათვის იხ. მ.ქურდიანი, 2001). ამ სემანტიკით ქართველი დადასტურებულია მხოლოდ ქართლში (შდრ., მარგალი "გლეხის" მნიშვნელობით ჩანს მხოლოდ ეგრისში), რაც საფუძველს გვაძლევს, ეთნონიმისთვის ამგვარი სემანტიკის განვითარება აიხსნას არა "დამპყრობელი, ან მეზობელი ხალხის" ხედვით, არამედ ეთნოკულტურული და სოციოლინგვისტური მიზეზებით (გასათვალისწინებელია ისიც, რომ, შესაძლებელია, მეზობელმა ხალხმა სხვას დაარქვას დამამცირებელი სახელი, მაგრამ საკუთარ თავს რომელი ხალხი თუ საზოგადოება დაიმცირებს მონის ან გლეხის ფარდი სახელის დარქმევით? შდრ.: გ.მელიქიშვილი, 1965, გვ.90-91; მ.ქურდიანი, 2001, გვ.104); კერძოდ: შუა საუკუნეებში ქართველი მხოლოდ ქართლელს აღნიშნავდა, შესაბამისად, ქართლურ კილოში ქართველად ითვლებოდა ის ფენა, რომელიც მხოლოდ ქართლურ კილოზე მეტყველებდა; შდრ., გლეხისთვის აზნაური, თავადი და მეფე არ იყო ჩვეულებრივი, მისნაირი, კუთხური ენა-ცნობიერების მქონე ადამიანი; შდრ., ოპოზიცია: თავადი - ქართველი/ქართლელი... ამგვარი მიმართების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო ფეოდალურმა აზროვნებამ, თუმცა, მაღალი წრის (განათლებული) საზოგადოება თუ ინტელიგენცია არც თანამედროვე საქართველოში ითვლება რომელიმე ერთი კუთხის სახედ, მაგ., არავინ ამბობს, რომ აკაკი იმერელი პოეტია, ვაჟა - ფშაველი, კონსტანტინე გამსახურდია - მეგრელი მწერალი და ა.შ. 
ქართლელისა/ქართველისა და თავადის მიმართების ანალოგიურია ოპოზიცია: მარგალი და ჟინოსქუა; სხვა ქართველთა მეტყველებაში მეგრელი (ეგრისელი) საქართველოს ერთი კუთხის მოსახლეობას მიემართებოდა, მაგრამ საკუთრივ მეგრულ კილოში გამოყენებული მისი შესატყვისი ფორმა - მარგალი სულაც არ იყო მეგრელის ზუსტი "თარგმანი": მეგრულ კილოში მარგალი მეგრელთა მხოლოდ დაბალ ფენას აღნიშნავდა; მაღალ ფენას შეესაბამებოდა ჟინოსქუა ("აზნაური", "ზეცის შვილი", "ზენა შვილი"; ჟინოსქუას ფენა, შესაბამისად, წარმოდგენილი ოპოზიცია მოიშალა ბოლშევიკებისმიერი რეპრესიების შემდეგ). აქვე ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მარგალისა და ქართლელის სოციალურ სტატუსს - ქართველთა კერძო სახეებს - რეგიონალურ ვარიანტებს - შეესაბამება ორი დიალექტური მეტყველება, ხოლო ჟინოსქუასა და თავადს - როგორც ზოგადქართულ ფენომენს - ერთი საერთო სამწიგნობრო ქართული: ე.ი. სოციალური ფენის მარკირება ხდება სამეტყველო კოდის მიხედვით...
შენიშვნა: 2000 წელს გამოქვეყნებულ წიგნში "ქება~ და დიდება~ ქართულისა ენისა~" მარგალ- ფორმის მიერ სემანტიკის გაფართოება და მისი გათანაბრება მეგრელ- სიტყვასთან ახსნილი გვქონდა ისტორიული პროცესების შესაბამისად: კომუნისტების მიერ ჟინოსქუას ფენის გაჟლეტისა და, საერთოდ, ამგვარი ლექსიკის (ბატონი, თავადი, ჟინოსქუა, აზნაური...) აკრძალვის ფონზე, მარგალი ფორმა სემანტიკურადაც გაუთანაბრდა მეგრელს; ამგვარი ახსნა "ისტორიული პერსპექტივის დარღვევად" მიიჩნია მ. ქურდიანმა; ის წერს: "ამ ჰიპოთეზის არგუმენტი, სალიტერატურო ენის ფაქტორი, საგანგებოდ მისადაგებული "მარგალის" სოციალურ ფუნქციას, აღარ მუშაობს "ქართველის" ანალოგიურ სიტუაციაში" (იხ. მ.ქურდიანი, 2001, გვ.105). 
_ მხოლოდ ქართლელს - საქართველოს ერთი კუთხის მოსახლეობას; არა მხოლოდ შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში, არამედ ზოგ თანამედროვე ქართველურ კილოებშიც კი ქართველი ქართლელს აღნიშნავს; მაგ., ალ.ჭინჭარაულის ცნობით, ხევსურებისთვის საქართველოს სხვა კუთხეების მცხოვრებნი არიან: ქართველნი (ქართლელები), მესხნი, ჯავახნი (შდრ.: ეჯავახება - ეჯიუტება), კახნი, ფშაველნი, მოხევენი, გუდამაყრელნი, თუშნი, იმერნი, აფხაზნი (აფხაზი - ვაჟკაცი), მეგრელნი... შდრ., მეგრ. ქორთუ (< ქორთუელი) - აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრი; შდრ., აგრეთვე, თუშური: ქართულაGობა~ - "საუბრისას ლიტერატურულ კილოზე ქცევა, ცუდ ტონად, მეტიჩრობად ითვლება" (გ.ცოცანიძე, 2002; იხ., აქვე: კახი - "ბარელი ქართველი", კახურაGი - "რაიმე კახური" ან: "კახეთში მოზამთრე თუში"; ჩანს, თუშისთვის ბარული ქართული "კახის" მეტყველებაა).
თანამედროვე მეგრულ მეტყველებაში ტერმინი ქართველი გამოიყენება ზოგადქართველის მნიშვნელობით; მეგრელი ამ ტერმინში საკუთარ თავსაც მოიაზრებს. მეგრულში დადასტურებულ ქორთუ ფორმას შეცდომით ქართველად თარგმნიან; მერაბ ჩუხუას ცნობით, "ზან. ქორთუ და სვან. მHქ@რთ ლექსემები მიემართება მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრ ქართველს; შდრ., მეგრულში დასტურდება იმერელი, აჭარელი, შონი, გურული და ქორთუ" (შდრ., მ.ქურდიანი, 2000, გვ.186: მHქართ - ქართი/ქართველი; ეროვნული სახელის მნიშვნელობით სვანები იყენებენ ტერმინს მHქართუელ, მეგრელები კი - ქართუელი)... 
ვვარაუდობთ, რომ VII-VIII საუკუნეების დაშლილ-დაქუცმაცებულ საქართველოში, როდესაც ტერმინი ქართველი მხოლოდ ქართლელს აღნიშნავდა, აღმოსავლეთელი ქართველის აღმნიშვნელად დავიწროვდა ქორთუ (< ქორთუალი < ქართუელი); შდრ.: თ.გამყრელიძის და გ.მაჭავარიანის მიერ დაშვებულია: ქართველ- > ქორთუალ- ქორთუაუ > ქორთუოუ > ქორთუუ > ქორთუ ლოგიკური პროცესი (1965, გვ.89-92); შდრ.: ბეღელი - ბაღუ, უღელი - უღუ... მაგრამ: ყველი - ყვალი, წითელი - ჭითალი/ჭითა... (ამ რიგის მასალაში რატომ არ გვაძლევს -ელ- სუფიქსი -უ-ს?). ამავე პერიოდის წარმონაქმნი ჩანს სვან. მHქ@რთ (ქართლელი). 
რაც შეეხება ზანურ-სვანურ-აფხაზურ არეალში დადასტურებულ ქართ/ქ@რთ ("დედაქალაქი") ფორმას: 
ჩვენი ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ სრულიად ქართლის ძველ დედაქალაქსაც - უფლისციხესაც, თავდაპირველად, მთავარი ღვთაების სახელი ქართუ/ქართი ერქვა, რომელიც ქართ/ქ@რთ ფორმით თბილისის სახელად შემოინახა ზანურ-სვანურმა (შდრ., ნასესხებია ქართა ვარიანტი): ძველი დედაქალაქის სახელი გადავიდა ახალ დედაქალაქზეც. არც ის გამოირიცხება, რომ ზანურ-სვანური ქართ- წარმოადგენს ქართლ- ფორმის გამარტივებულ სახეს (ქართლ- > ქართ- > ქ@რთ): დიდი ქართლის დაშლის შემდეგ - არაბობის პერიოდიდან (ქორონიმ საქართველოს დამკვიდრების პარალელურად), მისი სემანტიკა თანდათან დედაქალაქად დავიწროვდა.
ახსნადია ის ფაქტიც, რომ ქართუ/ქართ ფორმის ა ხმოვანი ზანურში არ იძლევა ო-ს: ზანურ არეალში ა-ს ლაბიალიზების შეფერხება შეიძლება განეპირობებინა ბოლოკიდურ უ-ს, თუკი ამოსავალ ფორმად დავუშვებთ ქართუს, ან ბოლოკიდური ლ-ს დაკარგვას, თუკი ამოსავალ ფორმად დავსახავთ ქართლს: ქართლ- > ქართ; შდრ.: ძმა/ძმალ- - ჯიმა, და/დალ- - და, მამა/მამალ- - მუმა... მაგრამ: ცხრა - ჩხორო, და - დო (კავშირი), მამალი - მუმული... პირველ მაგალითებში ა-ს ლაბიალიზებას აფერხებს ბოლოკიდური ლ-ს დაკარგვა (ამ პროცესის შესახებ იხ. ტ.ფუტკარაძე, 1990); საერთოდ, შეინიშნება, რომ საერთოქართველურ ფუძეში მომხდარი სხვა ფონეტიკური პროცესი აბრკოლებს ქართველურ ბგერათშესატყვისობებად სახელდებულ ისტორიულ ფონეტიკურ პროცესებს (იხ. ქვემოთ). 
ვფიქრობთ, ჩვენ მიერ ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობა ცხადყოფს, რომ ქართველი (ქართლელი) და მარგალი ფორმების სოციალური სემანტიკა სავსებით ერთგვარი ვითარებითაა შეპირობებული; გარდა ამისა, სამწიგნობრო ენის ფაქტორი საგანგებოდ კი არ მიესადაგება არსებულ მდგომარეობას, არამედ ასახავს ეთნოკულტურულ და ისტორიულ სურათს; შდრ., მ.ქურდიანი, 2001, გვ.105: "რითი უნდა აიხსნას ქართულ ენაში ტერმინ ქართველის შესაბამისად მეგრულში ტერმინ მეგრელისათვის დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლის სემანტიკით აღჭურვა?.." ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მეგრელ- ფორმას არსად უდასტურდება დაბალი სოციალური ფენის გამოხატვა; ამგვარი შინაარსით გვაქვს მხოლოდ მარგალი; ასევე, ქართველი მხოლოდ ქართლურ დიალექტურ ველში ჩნდება "გლეხის" მნიშვნელობთ და არა, ზოგადად, ქართულ ენაში; ამგვარი ნიუანსების გაუთვალისწინებლობა მსჯელობას ჩიხში შეიყვანს; მარგალის შესახებ იხ., აგრეთვე, გ.მელიქიშვილი, 1974, გვ. 103; ტ.ფუტკარაძე, 1999.
შენიშვნა: მ.ქურდიანი ტერმინ ქართველის კიდევ ერთ მნიშვნელობას ვარაუდობს: "ქართველი ნიშნავს გარკვეული დედაენობრივი ერთობის (ხაზი ჩვენია - ტ.ფ.) წარმომადგენელს, იმასვე, რასაც ნიშნავდა ამჟამად გამქრალი ტერმინი "ქართი" და, როგორც ასეთის აღმნიშვნელი ტერმინი, ის შედის ოპოზიციაში ამავე მართებული არის ანალოგიურ ტერმინებთან, მაგ., როგორიცაა: სვანი, მეგრელი და სხვ." (მ.ქურდიანი, 1999, გვ.53); ეს მოსაზრება ფაქტობრივ მასალას არ ემყარება. ასევე, კონკრეტულ მასალასთან შეუსაბამოა მ.ქურდიანის შემდეგი აზრიც: "# 5 მართებულ არეში ტერმინი თურქი (მუსლიმანი სუნიტი) შეიძლება ჩანაცვლებული იყოს შინაარსობრივად და მნიშვნელობით ახლოს მდგომი, მაგრამ არასინონიმური ტერმინებით _ მესხი, აჭარელი...". პირველ რიგში, აქ დასაზუსტებელია ის, რომ მესხთა და აჭარელთა დიდი ნაწილი ქრისტიანია, მეორეც, მუსლიმანი ქართველები აჭარაშიც, ტაოშიც და იმერხევშიც შეურაცხყოფად მიიჩნევენ თურქთან შედარებასაც კი; ასევე, თავს თურქად არ თვლის ქართული წარმოშობის და ქართულის არმცოდნე უცხოეთში მცხოვრებ მუსლიმან მესხთა ერთი ნაწილიც (განსხვავებით მესხეთიდან გასახლებული ეთნიკური თურქებისგან, ან უკვე გათურქებული ქართველებისგან).
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ობიექტურ კრიტიკას დაექვემდებარება კახელთა, ჰერთა, იმერთა, ზანთა, მესხთა, ფხოველთა და ა.შ. სხვა ქართველთა ე.წ. ქართიზაცია/ქართველიზაციის თეორია, რომელიც სათავეს იღებს ნ.მარის შრომებიდან და დღემდე პოპულარულია ქართველ თუ უცხოელ მკვლევართა შორის (მესხთა ქართიზაციის შესახებ იხ., მაგ., მ.ქურდიანი, 2000, გვ.191); შესაბამისად, ისტორიული სურათის რეალურ ასახვას არ წარმოადგენენ სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული ტერმინები: "დასავლეთ-ქართული ეთნოსი (ეროვნება)", "ქართის ეროვნება" და სხვა.
საერთოდ, ისტორიულ ეთნონიმთა თუ ქორონიმთა მიხედვით თანამედროვე ტერმინთა შექმნას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან ძველ ტერმინთა ერთმა ნაწილმა დღეს მნიშვნელობა გაიფართოვა, ან დაივიწროვა, ზოგი სულაც დაიკარგა; მაგ., ლეონტი მროველთან ეგრისი და სვანეთი სინონიმები ჩანს; შემდეგ გამოიყენებოდა ოდიში; ბოლოს, ტერმინი ეგრისი გვიანდელ ოდიშთან ერთად სულ გამოვიდა გამოყენებიდან და დამკვიდრდა სამეგრელო (შდრ., საინგილო დამკვიდრდა ჰერეთის ნაცვლად). 
სრულიად უმართებულოდ, სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი ქართი დამკვიდრდა ე.წ. სისინა ა ტიპის ქართველურ კილოებზე მეტყველ ქართველთა აღსანიშნავად; ხელოვნურად გაჩნდა ეთნონიმური ოპოზიციები: ქართი - ზანი; ქართი - სვანი... ხაზგასმით აღვნიშნავთ:
საერთოქართველური ენა/კოინე და კულტურა ყველა ქართველური ტომისა თუ თემის საერთო შემოქმედებაა; გარდა ამისა, ისტორიულ წყაროებში არსად გვიდასტურდება ტერმინი ქართი, ხოლო ქართველი, მეტწილად, ზოგადქართველს - ქართველური ცნობიერების მქონე ადამიანს (ადამიანთა ჯგუფს) - მიემართება და ყველა ქართველურ (30-მდე!) თემს/ტომს მოიაზრებს; შესაბამისად, ქართველს ქართიზაცია-ქართველიზაცია არ სჭირდება. ამგვარი ტერმინი (ქართიზაცია/ქართველიზაცია) შეიძლება გამოყენებული იყოს გაქართველებული არაქართველის მიმართ; მაგ., დროთა განმავლობაში მოხდა ჩამოსახლებულ ყივჩაყთა ერთი ნაწილის ქართველიზაცია-ქართიზაცია... 
გარკვეული პირობითობით, ტერმინი ქართიზაცია შეიძლებოდა გაგვემართლებინა, თუკი მართლაც არსებობდა ე.წ. ქართის ტომი და მისი ენა/კულტურა განზოგადდა სხვა ქართველური ტომებისათვის. როგორც ზემოთ ვნახეთ და ქვემოთაც დავრწმუნდებით, ამგვარი მოსაზრების მტკიცება მეტად გაჭირდება: ტერმინ ქართით აღნიშნული ტომი წყაროებში არ ჩანს! გარდა ამისა, მეგრელ-ჭანები, ლაზები, სვანები, ჰერები, მესხები, კახები, ცხვიმები/სკვიმნები/სვიმინები, თაკვერლები, მესხები თუ სხვა ქართველური თემები ქართიზაცია-ქართველიზაციის პროცესს ვერ დაექვემდებარებოდნენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ისინი საკუთრივ ქართლელებთან ერთად არიან ქართული სამწიგნობრო ენის, საერთოდ, ქართველური ცნობიერებისა და კულტურის შემოქმედნი - თავდაპირველი ქართველები... შესაბამისად, სხვადასხვა ეთნოსად თუ ეროვნებად არასოდეს ყოფილა დასავლეთ, სამხრეთ თუ აღმოსავლეთ "საქართველოების" მოსახლეობა... 
ყოველ შემთხვევაში, ასეთი დასკვნის გამოტანა უფრო შეიძლება ბოლო 3000 წლის ენობრივი, არქეოლოგიური და საისტორიო მასალებისა თუ წყაროების მიხედვით. 
შენიშვნა: საკითხის ისტორიისათვის: ქართიზაციის საკითხის კრიტიკა პირველად წარმოადგინა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ თავის გამოკვლევაში: "დედა ეკლესია", სადაც ის წერს: "ნ.მარისგან მომდინარეობს იდეა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის, ჰერეთის, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის "ქართიზაციისა" ანუ გაქართველების შესახებ. ხელოვნურია ტერმინი და იდეაც ასეთივეა; სინამდვილეში კი, ძველი წყაროების თანახმად, მთიანეთის, კახეთ-ჰერეთის, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს მოსახლეობას "ქართიზაცია" არ ესაჭიროებოდა, რადგან ძველთაგანვე (და ფარნავაზის დროსაც) აღნიშნულ კუთხეთა მცხოვრებნი, როგორც მთიელები, ისე ეგრისელები (მესხებსა და ჰერ-კახელებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ქართველი ხალხის ძირითად ნაწილად განიხილებოდნენ. ეს ასე ესმის "ქართლის ცხოვრებას", ძველ ქრონიკებს და ძველ ავტორებს... დიდმა ივანე ჯავახიშვილმა გამოიკვლია, რომ ქრისტიანობამდე ყველა ქართულ ტომთათვის (სამეგრელოსა და სვანეთშიც) კულტმსახურების ენა იყო ქართული ენა... შესაბამისად, ამ ტომებს ქართიზაცია არ სჭირდებოდათ..." (ა.ჯაფარიძე, 1996, გვ.195-197, 213, 215-216; იხ., აგრეთვე, ა.ჯაფარიძე, 1998, გვ.261-263; ა.ჯაფარიძე, 2003).
ამრიგად, ეთნონიმი ქართველი თავიდანვე ზოგადეროვნული მნიშვნელობის საკუთარი სახელია და არა სატომო სახელი (შდრ. ბ.გიგინეიშვილი, 1975, გვ.115). ეთნონიმ ქართველების უცხო ენებზე თარგმნისას, სასურველია, თარგმანშიც აისახოს დედნისეული ვარიანტი; მაგ., ინგლისურად უკეთესია - კარტველს, ხოლო თურქულად - კარტველლერ.
აქვე აღვნიშნავთ: სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ კიდევ გაბატონებულია აზრი, რომ იბერი და კოლხი სხვადასხვა ეთნოსების აღმნიშვნელი ცნებებია; როგორც ვნახეთ, სხვადასხვა დროს კოლხიც და იბერი/ივერი/სპერიც ქართველს აღნიშნავდა; შესაბამისად, კოლხური ენა/კულტურა და იბერიული ენა/კულტურა ჩვენთვის სინონიმური მნიშვნელობის ტერმინებია, თუმცა გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად მაინც ვარჩევთ, ამ მნიშვნელობით გამოვიყენოთ ტერმინი ქართველური ენა/კულტურა; შესაბამისად, ტერმინ იბერიულ-კავკასიურის ნაცვლად, ვიყენებთ ტერმინს - ქართველურ-კავკასიური (შდრ., არნ. ჩიქობავა იბერიულ-კავკასიურ ენებში გულისხმობდა ქართველურ-კავკასიურ ენებს).
შენიშვნა: ქართველთა ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, საერთო ენასთან ერთად, მონათესავე თემთა მაკონსოლიდირებელი იყო საერთო ღვთაება: ჩანს, ჯერ ქართუ/ხალდი, შემდეგ, მცირე ხანს, არმაზის კულტი, ბოლოს - ქრისტიანობა.