Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   


1.2.3. ქართველების აღმნიშვნელ ეთნონიმთა და თემონიმთა 
ლინგვისტური მიმართების ამსახველი სქემა


წინა პარაგრაფებში წარმოდგენილ ეთნონიმთა და თემონიმთა დიდი ნაწილი საერთო წარმომავლობისა ჩანს. კიდევ ერთხელ არსებითია იმის აღნიშვნაც, რომ მეზობელი ხალხები ქართველთა აღსანიშნავად, არაიშვიათად, განაზოგადებდნენ მათი მომიჯნავე ქართველური (რესპ. ქართული) ტომის თუ თემის სახელს; ქართველთა თვითსახელწოდება კი მიემართება ღვთაება ხალდე/ქართუს. 
"ყოველთა ქართველთა" აღსანიშნავად ყველაზე ხშირად გამოიყენება: ქართ-/ქალდ-/ხალდ- (> *ხალიდ-ონ-/ჰალიძონ-?), მოსოხ-/მუშქ-/მესხ-, სან-/ზან-/სვან-, კოლხ-/კილხ-/კულხ-, იბერ-/ივერ-/სპერ- და აბაზ-/აბაზხ- ფუძეები. 
შეჯამების სახით, ქართველურ ტომთა და თემთა სახელების შესაძლო ეტიმოლოგიური ჯაჭვი შემდეგი ძირითადი ჯგუფების სახით შეიძლება წარმოვადგინოთ:
შენიშვნა: თითოეული ფორმის ისტორიასთან დაკავშირებით, აქ აღარ დავასახელებთ წინა თაობის მკვლევართა მოსაზრებებს ("ქართველების" ეს ნაწილი ეხმიანება ს. ჯანაშიას ნაშრომს: "თუბალ-თაბალ, ტიბარენი, იბერი", თუმცა, ს.ჯანაშიასეული ზოგი დაკავშირების გაზიარება ჭირს). 
ქვემოთ წარმოდგენილ ლოგიკურ ლინგვისტურ სქემებს არა აქვს უცილობელი ჭეშმარიტების პრეტენზია. 

ა. ქართუ(ელი):
საერთოქართველური ეთნოსის თვითსახელწოდებაში: ქართუელი გამოიყოფა ქართუ- ფუძე, რომელსაც შეიძლება უკავშირდებოდეს არა მხოლოდ ქალდ- (ქალდეა), ხალდ- ფუძეები, არამედ, კარდუ-ხ- ფორმაც (-ხ- კრებითობის სუფიქსია; შდრ.; კოლა - კოლ-ხ-ი, ტაო - ტაო-ხ-ი, ჭორ-ოფ-ა - ჭორ-ო-ხ-ი, ღვინო/ვინო - ვენა-ხ-ი; შდრ. მ.ჩუხუა, 2003, გვ. 9). 
არის ცდუნება, ქართ-/ხალდ- ფუძესთან დავაკავშიროთ ხალ-იბ- ფუძეც, თუმცა მანამ, სანამ -იბ- სეგმენტის დამაჯერებელი კვალიფიკაცია არ მოხდება, რაიმეს მტკიცება შეუძლებელია (ჩვენ ვვარაუდობთ -ებ- > -იბ- პროცესს). თავის მხრივ, ხალ-იბ- (ხალიბი) ფუძესთან დაკავშირებული ჩანს ჰომეროსთან დადასტურებული [ჰ]ალ-იბ-ე: ჰ, ხ, ქ უკანა წარმოების ფშვინვიერი თანხმოვნების მონაცვლეობა მოსალოდნელია არა მხოლოდ სიტყვათა სესხებისას, არამედ ერთი ენობრივი სისტემის ფარგლებშიც (მაგალითები იხ. ზემოთ); ბუნებრივია ვარაუდი, რომ ჰალ- ძირი გამოვყოთ ჰალ-ის- (ჰალისი - მდინარე, კიზილ-ირმაკი) და ჰალ-იძ-ონ- ფუძეებშიც: -ის- კუთვნილობის მაწარმოებლად, -ონ- ქართველური კრებითობის სუფიქსად, ხოლო -იძ- < -ეთ-/ედ-/-იდ- (შდრ., დევს/ძევს) მრავლობითობის სუფიქსად (სხვაენოვან გარემოში ტრანსფორმირებულ ვარიანტად) შეიძლება დავსახოთ; შდრ. სხვა გზაც: ხალდ-/ჰალდ- > *ჰალ(ი)დ- > ჰალიძ- > ჰალიძ-ონ-... დამაჯერებელი კვალიფიკაციაც და წარმოდგენილ ვარაუდთა მყარი არგუმენტირებაც მომავლის საქმედ რჩება. დასასაბუთებელია, აგრეთვე, ხალდ-/B˚ალდ- > ღვართ- > ღმართ- > ღმერთ და ხალდ-თა > ხანძთა პროცესები.

ბ. მესხი:
მასისი (მთა) და ფასისი (მდინარე) გეოგრაფიული სახელებისა და ეთნონიმ ფასიანების საფუძველზე შეიძლება გამოვყოთ მას-/ფას- ძირი; შდრ.: ბერძნულ მითოლოგიაში ეთნარქი კოლხი ფასისის შვილად არის მიჩნეული, ფასისი კი წყლის ღვთაებაა (საკითხის ისტორიისათვის იხ. თ.მიქელაძე, 1955, გვ.33-34). აქ საინტერესოა ისიც, რომ ბერძენთა ცნობიერებაში წყლის ღვთაება (შესაბამისად, მდინარეების აღმნიშვნელი სიტყვა ფასისი) და კოლხიდა (მხარე მდინარეებუხვი?) ერთმანეთთანაა დაკავშირებული. საინტერესო ჩანს აგრეთვე პ.ინგოროყვას ვარაუდი, რომ ფას- შემონახულია ბას-იან-ი ფორმაში. 
*მას- ძირი ამოსავალი შეიძლება იყოს მეს-ხ-, მოს-ხ- და მუს-ხ- ფუძეებზე ნაყარი სიტყვებისათვის (-ხ- - კრებითობის გამომხატველი სუფიქსი); შდრ.: ნ.ხაზარაძის აზრით, მესხ-/მოსხ-/მუსხ- ფორმებისთვის ამოსავალია მოსხ- ფუძე.
*მასხ- არქეტიპი, ვფიქრობთ, შემონახულია მუშქების/კაბადოკიის ქალაქ მაზახა/მაზაკა ფორმაში: მას-ხ-/მას-ა-ხ- > მაზახ-; შდრ., ჯერ კიდევ იოსებ ფლავიუსის აზრით (1987, გვ.103), ეთნონიმი მოსოხი და ქალაქის სახელი მაზაკა საერთო წარმომავლობის ფუძეებია. მეს-ხ- დადასტურებულია მესხ- ფუძეში; მისი პოვნიერება სარწმუნო ჩანს მესქინ-, მეშეხ- და მცხეთა ფორმებშიც (შდრ., გ.ბედოშვილი, 1981, გვ. 269-276).
მოსხ- ფორმა დაცულია ბიბლიურ მოსოხ-, მოსოქ, მუშქ-, ბერძნულ მოსხ-/მოსოხენ- და ქართულ მუსხ- ფუძეებში (მუსხი - სოფელი ახალციხეში). აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ძველ წინააზიურ და ინდოევროპულ ენათა ველში დადასტურებული ლაბიალურხმოვნიანი ძირები (შდრ.: ასურული თაბალი და ბიბლიური თუბალი/თობელი; ასურული მუშქები, ბიბლიური მოსოქი/მეშეხი, ბერძნული მოსხი/მოსხიკე/მოსხები და კაბადოკიის დედაქალაქი მაზახა; სომხ. თორგომა და ქართვ. თარგამოსი; ბიბლიური არარატი და ურარტუ, არდი და ოლთ-...) და, მეორე მხრივ, ქართველურ ენობრივ (ზანურ დიალექტურ) არეალში დადასტურებული ო-ხმოვნიანი ვარიანტები (კაცი - კოჩი, და - დო...); ისინი სხვადასხვა დროისა და ენობრივი პროცესების წარმონაქმნებია. ა/ე/ო/უ ვარიანტულობა ხშირია ასურულ, ხეთურ, იეროგლიფურ-ლუვიურ, ძველ ებრაულ და ძველ ბერძნულ ენებში; შდრ., აგრეთვე: ასურული გამირ-, მუშქუ და ძველბერძნული გომერ-, მეშეჰ-; ხეთური კუმმანი და ასურული კამმანუ; ქართველური თარგამოსი, ხეთური თეგერმა და ძველბერძნული თოგორმა.
შდრ., *ა-ბას- (< *ა-მას-/*მას- ?) ჰიპოთეტურ ფორმასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული შემდეგი ქართველურ-კავკასიური ფუძეები:
*აბას-, აბაშ-, აბეშ-ლ-/აბეშ-ალ-; 
*აბას-, აბაზა; *ებეზე/ებზე, ობეზ-;
*აბას-, *აბას-არ-/*აბსარ-/აფსარ-;
*აბას-, *აბას-ილ-/*აბსილ-/აფსილ;
*აბას-, *აბას-უა/აბსუა/აფსუა;
აბაზ-, *აბაზ-ხ-/აბხაზ-/აფხაზ-; 
აბაზ-, *აბაზ-ხ-, აბაზ-გ- ... 
გ. სანი 
ქართველურ ტომთა აღმნიშვნელი ერთ-ერთი უძველესი ფუძე ჩანს ზანი/სანი.
შდრ.: ერთი მხრივ, წინაენისმიერ ყრუ თანხმოვანთა მონაცვლეობით წარმოქმნილი ვარიანტები: 
სან-, ზან-, ჭან-, *წან- (წან-არ-?); 
მეორე მხრივ, კი:
ს-ს ლაბიალიზაციით (თუ ლაბიალიზებული ს-სგან?) მიღებული სან- > სვან-/შონ-/(მუ)შუან- ფუძეები. 

დ. კოლ-ხ-ი
ქართული პროვინციის სახელი კოლა ინახავს ამოსავალ ფუძეს:
კოლ-/კორ- ძირისგანაა წარმოქმნილი კოლ-ხ-/კილ-ხ-/კულ-ხ- (-ხ- - კრებითობის გამომხატველი სუფიქსი); აქვე შეიძლება განვიხილოთ: კორ-ა-ქს-ი, მა-კრ-ონ-ი, კლ-არ-ჯ-ი ფორმებიც.

ე. სპერი/იბერი: 
ამოსავალი ფუძე ჩანს *ჰპერ-/სპერ- (შდრ.: სპერი, სპერის ზღვა); აქედან: 
*ჰპერი > ~პერი > იპერ- > იბერ-/ივერ- (იბერია/ივერია); შდრ., სპერი > ~სპერი > ისპირი (იხ. ს.ჯანაშია, 1952, გვ.60). ჰ/ს > ~/~ჰ/~ს > ~/ი ფონეტიკური პროცესი ქართველური კილოებისათვის დამახასიათებელი მოვლენაა: გასთიბს > გა~სთიბს/გა~თიბს; სტუმარი > ~ჰტუმარი (ბ.ჯორბენაძე, 1998, გვ.196, 357, 545, 550); 2005 წელს იუსუფელის რაიონის ქართულ სოფლებში (Bევა~, ქობა~, ბალხი) ჩვენ მიერ ჩაწერილმა მასალამ აჩვენა, რომ თავკიდურ პოზიციაში ს/ჰ > ~ პროცესი განსაკუთრებით აქტიურია ტაოურში.
არ გამოირიცხება არც: ტიბერ- > ჰიბერ > ჰბერ- > სპერ- და ტიბერ- > ჰიბერ- > იბერ- პროცესები; საკითხი შემდგომ კვლევას ითხოვს.
სპერი: სა-სპერ- (სასპერიტები), სა-პეირ-/სა-ვეირ- (სტეფანე ბიზანტიელი); 
*ჰპერ- > *ჰბერ- > ბერ- > ვერ- > ვირ- > ვირ-ქ (>ვრ-ა-ც-)- > ვირ-შან-; *ბერ-/ვერ- > ვარ-, ვარ-უ-ჩ-ან, გურჩან-, გურგან- (< გეორგიან-), გურჯ-, კურგ- (დადასტურებულია XIII ს.; ს.ჯანაშია, 1959, გვ.53), გურძH- (ოსური ფორმაა), გრუზინ- (< გურუზინ-)... შდრ., ჩერქეზული ქურჯH "თბილისი", ადიღური (შაფსუღური) ქHრცე (< გურჯ) და ოსური გურჯHნ "ტანადი" (სპარსულ ენობრივ ველში ვა > გუ პროცესისათვის შდრ., გ. წერეთლის მიერ მოტანილი მაგალითები: ვარდ > გულ, ვარაზ > გურაზ, ვისნასპ > გუსნასპ... (გ.წერეთელი, 1993, გვ.104).
წყაროებში დადასტურებული ქართველთა აღმნიშვნელი სხვა სახელები ნაკლებვარიანტულნი არიან; მაგ.: ლაზი, კახი/კუხი, თუში, ჯავახი/ზაბახა... ვარიანტთა სიმცირე აიხსნება ზოგი სახელის არაქართველური წარმომავლობით, ზოგისა კი - ლოკალური გამოყენებით (მაგ., კახი გამოიყენება მხოლოდ ვიწრო ენობრივ ველში); თუმცა, საკვლევია კუხის მიმარტება კოლხთან, როგორც ამას ვარაუდობდა ვ.ალენი (იხ., თ.პაპუაშვილი, 1993, გვ. 428).