Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
1.3. სხვადასხვაენოვანი ქორონიმები და სხვადასხვა ისტორიული ეპოქა
(მეთოდოლოგიური შენიშვნები იბერია-ქართლისა და კოლხეთი-ლაზიკა-ეგრისის მიმართებების მიხედვით)

ისტორიული პროცესების ანალიზს დიდად უშლის ხელს ერის თვითსახელწოდებისა და ამ საზოგადოების აღმნიშვნელი სხვა ეთნონიმების აღრევა, აგრეთვე, ქვეყნის საზღვრების შესახებ არსებული განსხვავებული წარმოდგენები:
არაიშვიათად, მოცემული ერის/სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი თავისი ტერიტორიის საზღვრები არ ემთხვევა მეზობელთა ხედვას; გარდა ამისა, ხშირია, როცა ერთი და იგივე ეთნონიმი (თუ ქორონიმი) სხვადასხვა დროს მიემართება ორ ან მეტ საზოგადოებას (ქვეყანას); შდრ.: აბაზა/ებზე/ობეზი - ქართველი (ყარაჩაულ-ბალყარულ ენაში და ძველ რუსულში), აბაზა - აფხაზი (თურქულ ენაში) და აბაზა - ამჟამინდელი ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის ერთი ნაწილის - აბაზების - თვითსახელი...
ჩვენი აზრით, უფრო მეტ პრობლემას ქმნის მოცემული ერის ტერიტორიის საზღვრებისა და ისტორიული გზის განსხვავებული ხედვა, რომელიც კონკრეტული ეთნონიმებისა თუ ქორონიმების გააზრებაშიც აისახება; მაგ.:
თანამედროვე საქართველოს საზღვრებსა და ქართველი ერის უახლეს ისტორიას განსხვავებულად ხედავენ ქართველი, რუსი და აფხაზური წარმოშობის პრორუსული პოლიტიკოსები (ვ.არძინბა, რ.ხაჯინბა...); არაიშვიათად, ამგვარი სუბიექტურობა ისტორიკოსთა კვლევებშიც გამოსჭვივის (მეტიც, ზოგი არაკეთილსინდისიერი მკვლევარი ისტორიული ფაქტების გაყალბებით ცდილობს, ხელი შეუწყოს პოლიტიკური პროცესების პროვოცირებას).
ბუნებრივია, საქართველოს (თუ სხვა ქვეყნის) მიმართ ამგვარი სუბიექტურობისგან დაზღვეულნი არ იქნებოდნენ ძველი ბერძნები, რომაელები, სპარსელები, სომხები თუ სხვა მეზობელი ხალხები. ეს კარგად ჩანს არა მხოლოდ ისტორიულ წყაროებში, არამედ - ეთნონიმებშიც:
როგორც წესი, მეზობელი ხალხებისთვის ეთნონიმები იქმნება საზღვრისპირა ტომის (ან თემის) სახელის მიხედვით (ალმანები Aლლემანდ - გერმანელები ფრანგებისთვის), ან რომელიმე დამაკნინებელი სემანტიკის მქონე ფუძისგან (ნემეცი - რუსთათვის...); ასევე, არაიშვიათად, სხვა ერის აღმნიშვნელი ეთნონიმი იქცევა ხოლმე უარყოფითი მნიშვნელობის სიტყვად (მაგ., ეთნონიმი ლულუ ზოგადად მტრის სახელად გადააზრიანდა ურარტულში).
მოვლენა მარტივად იხსნება:
ისტორიული ამბების შეფასება ხდება სასურველი თვალთახედვიდან: ადამიანი-მემატიანე თავისი დროისა და ქვეყნის ათვლის სისტემიდან დანახულ სამყაროს ასახავს ტერმინებითა თუ ეთნონიმებით: თავისი ენობრივ-კულტურულ-პოლიტიკური ხედვით ალაგებს საკუთარ თუ სხვის ისტორიას, აწმყოს, მომავალს.
არაიშვიათია ძველი ამბების აღწერა თანამედროვე ვითარების მიხედვითაც, შესაბამისად - ახალი ეთნონიმების გადატანა ძველ დროში; მაგ.: XII საუკუნის ამბების აღწერისას ჰომეროსი ლაპარაკობს ფინიკიელების შესახებ, ამ დროს კი ფინიკიელები ბუნებაში არ არსებობენ (ილიადა, შესავალი, გვ.38). ბიბლიის შემქმნელნი ეთნარქებს აღადგენენ თავიანთი თანამედროვე ხალხების სახელების მიხედვით; შდრ., აგრეთვე: ანგარიშს უწევს რა თავისი დროის ვითარებას, "ქართლის ცხოვრების" შესავლის ავტორი (რომელიც, ჩანს, IX საუკუნეში ცხოვრობდა) მისთვის ცნობილი საქართველოს კუთხეების მიხედვით ასახელებს: ეგროსს, ქართლოსს, კახოსს, კუხოსს, გარდაბიოსს, გაჩიოსს...
კიდევ ერთი მაგალითი:
ძვ.წ. III საუკუნეში მოღვაწე აპოლონიოს როდოსელს ძვ.წ. XIII საუკუნის აიეტის ქალაქად - კოლხას ძველ დედაქალაქად - ქუთაისი აქვს მიჩნეული, ქალაქი, რომელიც დიდ ასპარეზზე გამოდის მხოლოდ ძვ.წ. VII-VI საუკუნეების შემდეგ.
აშკარაა, რომ ისტორიის (ნებისმიერი სხვა დარგის) კვლევის დროს არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ტერმინთა იდენტიფიკაციას; კერძოდ, სხვადასხვაენოვან თუ თანამოენე მკითხველს მისი ენისთვის გამჭვირვალე, ადეკვატური, სხვა ქორონიმებთან შეჯერებული ტერმინი უნდა მიეწოდოს; მაგ., ქორონიმი საქართველო დღეს ჩვენთვის გულისხმობს ისტორიულ აფხაზეთსაც, ხოლო რუსეთის იმპერიულ ველში აღზრდილი მკვლევრისთვის რუსული ტერმინი გრუზია საქართველოს ამ უძველეს კუთხეს არ მოიცავს. ათეული წლების შემდეგ ობიექტური მკვლევარი ვალდებული იქნება, ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნოს ქართული ტერმინი საქართველო და პროიმპერიული მეცნიერის მიერ გამოყენებული გრუზია: მკითხველი გააფრთხილოს, რომ მაგ., 1992-2005 წლების საქართველოს საზღვრებს ზუსტად არ ასახავს, მაგ., ისტორიკოს ვ.არძინბას მიერ გამოყენებული ქორონიმი გრუზია.
მსჯელობას გავაგრძელებთ ლაზიკა-ეგრისისა და იბერია-ქართლის მაგალითების მიხედვით:
ქართველ თუ არაქართველ ისტორიკოსთა მიერ სინონიმებადაა მიჩნეული ტერმინები: კოლხეთი, ლაზიკა, ეგრისი (იხ., მაგ., ი.ანთელავა, 1999, გვ. 22; რ.თოფჩიშვილი, 2002, გვ.7; დ.ლეთოდიანი, 2003, გვ.48, 55;, თ.ბერაძე, მ.სანაძე, 2003, გვ. 45, 63) და იბერია - ქართლი (ივ.ჯავახიშვილი, გ.მელიქიშვილი, ნ.ბერძენიშვილი...); ვფიქრობთ, მათი გათანაბრება შეუძლებელია, ვინაიდან ძველი კოლხეთი აღმოსავლეთ საქართველოს დიდ ნაწილსაც მოიცავდა, ლაზიკა ერქვა რომაელთაგან დაპყრობილ საქართველოს ტერიტორიას, ეგრისი კი ქართველი მემატიანეებისეული ქართლის ნაწილია.
ტერმინი ლაზიკა და, შესაბამისად, ლაზიკის სახელმწიფოს ისტორია, ძირითადად, რომაული წყაროების ხედვითაა შექმნილი, ხოლო ტერმინი ეგრისი და მისით აღნიშნული საქართველოს ერთი კუთხის ისტორია ქართველური აღქმა-შეფასების ასახვაა: ქართული წყაროები ახ.წ. VII საუკუნემდე და IX საუკუნიდან ეგრისს ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში ხედავს, ბერძნულ-რომაულ-ბიზანტიური წყაროებით კი, ლაზიკა იბერიაში არ შედის...
მივყვეთ ძველ წყაროებს და თვალი გავადევნოთ საზღვრების სხვადასხვაობას თუ მკვლევართა უზუსტობებს:
როგორც ზემოთ ვნახეთ, ბერძნულ-რომაულ წყაროებში ლაზებს პირველად ახსენებს მითრიდატეს ისტორიკოსი მემნონი (I ს.) თავის "ჰერაკლეს ისტორიაში"; მემნონი ლაზთა საცხოვრისად მკაფიოდ განსაზღვრავს დიოსკურიის მიდამოებს (სოხუმი-ანაკოფიის რეგიონს); არიანემ (95-175) თავისი თვალით ნახა ქალაქი ძველი ლაზიკე. მოგვიანებით ამ ქალაქს ნიკოფსიად მოიხსენიებენ (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.99); აშკარაა, რომ წელთაღრიცხვათა მიჯნამდე ლაზები დიოსკურიის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ; შდრ.: არიანესთან (II ს.) ლაზები და კოლხები თანაარსებობენ: ისინი სხვადასხვა ტომს წარმოადგენენ (ძველი ბერძნები... 1983, გვ.159); არიანე თავის "პერიპლუსში" წერს:
"ამჟამად ლაზებს უჭირავთ ტერიტორია ძიდრიტებიდან აბასკებამდე"; ე.ი. დაახლოებით ჭოროხიდან კოდორამდე (თ.ყაუხჩიშვილი, 1987, გვ.23; თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.100). შდრ., V საუკუნის "პერიპლუსის" ანონიმი ავტორი: "ძველი აქეიდან ძველ ლაზიკამდე და მდ. აქეუნტამდე (ეს კი არის სოჭიდან დაახლოებით 30 კმ.-ით დაშორებული - თ. ყ.) უწინ ცხოვრობდნენ ტომები: ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკები, მელანხლენები, მახელონები, კოლხები და ლაზები, ახლა კი ცხოვრობენ ზიხები".
ასტრონომიისა და გეოგრაფიის ფუძემდებელი კლავდიოს პტოლემა~ოსი (100-178) კოლხიდას უწოდებს ტერიტორიას მდ. კორაქსიდან (ბზიფიდან) მდ. ფასისამდე (რიონამდე), სადაც ცხოვრობენ ტომები: ლაზები, მანრალები და ეკრიკტიკის (ეგრისის) ქვეყნის მცხოვრებნი; ამ კოლხიდის ჩრდილოეთით - სარმატიაში - ცხოვრობენ: აქა~ები, კერკეტები, ჰენიოხები და სუანოკოლხები (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.100, 160).
შემდგომ პერიოდში ლაზები უფრო აქტიურად იხსენიებიან; ტერმინი ლაზიკა უკვე პოლიტიკური ერთეულის სახელად ზოგადდება, რომელსაც ზოგჯერ აფხაზეთიც ენაცვლება; მაგ., ამიანე მარცელინე (IV ს.) წერს: იმპერატორი ვალენტი "დათანხმდა იბერიის გაყოფას ისე, რომ საზღვრად შუაში მდ. კიროსი (მტკვარი) დადებულიყო და სავრომაკს არმენიისა და ლაზების მოსაზღვრე (მხარე) რგებოდა"; შაბურის "მოსვლით შეშინებულმა პაპამ და ასევე კილაკემ ...სცადეს შეეფარებინათ თავი მაღალ მთებში, რომლებიც ჩვენებს [ე.ი. ჩვენს მიწებს] ლაზიკისაგან ჰყოფენ" (გეორგიკა, 1961, გვ.90, 128).
აგათანგელოსი (IV ს.): "წმინდა გრიგოლი... ზოგ [მღვდელს] გზავნიდა იბერთა ქვეყანაში (არაბული თარგმანის მიხედვით გეორგიაში), ზოგს ლაზთა ქვეყანაში (არაბულის მიხედვით - აფხაზეთში; გეორგიკა, 1961, გვ.71)...
იხ., აგრეთვე: პრისკე პანიონელი (V ს.): "მას შემდეგ, როდესაც რომაელები მივიდნენ კოლხიდაში და ომი აწარმოეს ლაზების წინააღმდეგ, რომაელთა ჯარი თავის ქვეყანაში გამობრუნდა..." (გეორგიკა, 1961, გვ.254).
შდრ., ცოტა მოგვიანებით, იოვანე საბანისძე (1987, გვ.454) აფხაზეთის ჩრდილოეთ საზღვრად მიიჩნევს ნაფსას/ნიკოფსიას (აფსართა საცხოვრისს; შდრ., პ.ინგოროყვა, 1957, გვ.121, 211), ანუ ქალაქ ძველ ლაზიკას, ხოლო სამხრეთ საზღვრად - ტრაპიზონს, ხალდიის ჩათვლით.
ნიკიფორე კონსტანტინოპოლელიც (IX ს.) ლაზიკის სამხრეთ საზღვრად მიიჩნევს ტრაპეზუნტს; კერძოდ, ირაკლი კეისრის ლაშქრობის აღწერისას ის წერს: "ირაკლიმ სცადა ლაზიკის გზით შეჭრილიყო სპარსეთში; როდესაც მოაღწია ტრაპეზუნტამდე - ლაზიკის საზღვრამდე, მისმა ცოლმა შვა ძე"; საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ 1042 წელს ქართულად გადმოღებულ ამ ტექსტში ლაზიკა თარგმნილია სამეგრელოდ: "და მო~წია, რა ტრაპეზუნტედ სანახებთა სამეგრელო~სათა..." (გეორგიკა, 1952, გვ.207-208; იხ., აგრეთვე, პ.ინგოროყვა, 1957, გვ.214-215).
შდრ.: ნიკეტა ხონიატე (XII ს.): ბიზანტიის კეისარს ტიტულებში შეაქვს ...ლაზთა, იბერთა, ბულგართა, სერბთა... ღვთივმმართველი (გეორგიკა, 1966, გვ.131)..
უაღრესად საყურადღებოა აგრეთვე ის გარემოება, რომ VII-IX საუკუნეთა გეოგრაფია ერთიმეორისაგან განარჩევს ლაზივის პროვინციას (რიზეს მხარეს) და ჭანივის ანუ ხალდიის (ხალტეთის, ტრაპიზონის) პროვინციას. მათ შორის საზღვარი გადიოდა ოფი-სურმენეს სექტორში" (პ.ინგოროყვა, 1957, გვ.210). შდრ., აგრეთვე: სომხური უსახელო გეოგრაფიის მიხედვით, VII-IX საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში ოთხი მცირე ქვეყანა იყო: მარგველივი (=მარგვეთი), ეგრევიკი (=ეგრისი), ლაზივი (=ლაზეთი) და ჭანივი (=ჭანეთი ანუ ხალდეთი - ტრაპიზონის მხარე); სომეხი ისტორიკოსისთვის ამ ტერიტორიის სახელია კოლხეთი, ანუ ეგრი; მისი აზრით, "ეს არის ქვეყანა აზიასა და მდებარეობს პონტოს ზღვიდან სარმარტიამდე, და მდინარე დრაკონიდან ვიდრე კავკასიის მთამდე და მის შტომდე - ლიხამდე, რომელიც მას ჰყოფს ივერიიდან" (პ.ინგოროყვა, 1954, გვ.212).
"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ქორონიმი ეგრისი (მეგრთა საცხოვრისი) ოდითგანვე ყოველი ქართლის (ანუ, სრულიად საქართველოს) ერთ-ერთი ძირითადი და განუყოფელი მხარეა; შდრ., მითრიდატეს ომების შემდეგ ტერმინი ლაზიკა ბერძენ-რომაელთაგან კონტროლირებად ქართულ რეგიონს აღნიშნავს.
ისტორიულ წყაროში სამგვარი ეგრისი დასტურდება:
 

 

_ ეგროსის წილი ეგრისი: ლიხიდან ყუბანის შესართავამდე და ტრაპიზონამდე (ჩათვლით);
_ მეფე არჩილის სამკვიდრო ეგრისი საზღვრებით: ეგრისწყალი (ღალიძგა), შორაპანი, გურიის საზღვარი, შავი ზღვა და კავკასიონის მთაგრეხილი;
_ ქუჯის ანუ შიდა ეგრისი: ტერიტორია ეგრისწყლიდან (ღალიძგადან) - რიონამდე (ქუჯის საერისთავო სვანეთის გამოკლებით).
"ქართლის ცხოვრების" სათანადო ადგილის უზუსტო წაკითხვის გამო, სამეცნიერო ლიტერატურაში სწორედ ქუჯის ეგრისთან მიმართებით არასწორადაა წარმოდგენილი მარგვეთის საზღვრები; კერძოდ, ყველა ხელნაწერის მიხედვით, ტექსტი გვეუბნება:
"ერთნი გაგზავნა მარგვის ერისთავად და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუადმდე, რიონს ზემოთ".
ივ.ჯავახიშვილისა და ს.ყაუხჩიშვილის მიერ ფრაზა "რიონს ზემოთ" გააზრებულ იქნა როგორც "რიონის ზედა წელი", შესაბამისად, მხოლოდ ზემო იმერეთი ჩაითვალა მარგვეთად; სათანადოდ ჩასწორდა "ქართლის ცხოვრებაც":
დედნისეული ფრაზა: ვიდრე ზღუადმდე დაუსაბუთებლად შეიცვალა ფრაზით: ვიდრე ზღურადმდე ეგრისისა ("ქართლის ცხოვრება", 1955, გვ.24; შენიშვნა).
ჩვენი აზრით, ფრაზა "რიონს ზემოთ" ნიშნავს რიონის სამხრეთით; შდრ., "ქართლის ცხოვრების" ამ მონაკვეთში სხვა შემთხვევაშიც ზემოთ - ქვემოთ ოპოზიცია გულისხმობს დაპირირისპირებას: სამხრეთი - ჩრდილოეთი; მაგ., იქვე წერია: "ეგრის წყლის ქვემოთმა არ ისურვა განდგომა ბერძენთაგან" - იგულისხმება ეგროსის წილი ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი - ღალიძგას ჩრდილოეთი მხარე ვიდრე ყუბანის შესართავამდე; შდრ., ძველი ბერძენი გეოგრაფების თუ ისტორიკოს-მოგზაურთა ტექსტებშიც ზმნისართები ზემოთ, ქვემოთ ანალოგიური მნიშვნელობით გამოიყენება (შდრ., მ.სანაძის დაკვირვება მტკვრის მარცხენა და მარჯვენა მხარეების აღსანიშნავად, ერთი მხრივ, ზემო - ქვემო, მეორე მხრივ კი - ამიერ - იმიერ ოპოზიციების გამოყენების შესახებ; მ.სანაძე, 2001, გვ.66, 95-96).
ვფიქრობთ, ლეონტის აზრით, მარგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის მთიდან შავ ზღვამდე და რიონიდან მესხეთის მთებამდე (სამცხე-აჭარამდე); შდრ., ივ.ჯავახიშვილის ჩასწორების გაზიარების შემთხვევაში, "ქართლის ცხოვრების" ამ პერიოდში აუსახავი რჩება: გურია, ბაღდათი, ვანი… (მსჯელობისა და საკითხის ისტორიისათვის იხ., აგრეთვე: ნ.ბერძენიშვილი, 1990, გვ.544, შენიშვნა; ტ.ფუტკარაძე, 2002, გვ.123;, დ.ლეთოდიანი, 2003, გვ.36-40).
საყურადღებოა, რომ ლეონტი მროველის "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ეგროსის წილ მხარეში - ეგრში/ეგურში (იმერეთში; ქ.ც. I, გვ.331), რომელიც, ამავე დროს, ქართლის ნაწილად განიხილება (იხ., მაგ., გვ.141), რამდენიმე საერისთავო შედის (ეგრისის რამდენიმე ერისთავის შესახებ იხ., მაგ., გვ.57); კერძოდ, დიდ ეგრისში მოიაზრება: შიდა ეგრისი (/საეგრო/ოდიში), არგუეთი (გურიაც აქ იგულისხმება; შდრ., 1080 წელს "დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა" - გვ.319), სუანეთი (ეს ტერმინი ზოგჯერ ფარავს ეგრისს; იხ. გვ.27: "ეგრისი სვანეთია"; შდრ., ქუჯი - ეგრის-სვანეთის ერისთავი), სამოქალაქო, აფხაზეთი ("ქვეყანა ეგრისწყალსა და კლისურას შუა"), აფშილეთი, თაკუერი (ლეჩხუმი), ჭყონდიდი, ნიგალი (აქ მეგრნი ცხოვრობენ - გვ.377), კლარჯეთი და სხვ. შდრ., "სომხური გეოგრაფიის" (გვ.92-93) მიხედვით, კოლხეთი (დასავლეთ საქართველოს გაგებით), შეიცავს ოთხ ქვეყანას: მანრილი, ეგრევიკა, ლაზივი და ჭანეთი (ხალდების ქვეყანა).
საყურადღებოა ის, რომ დიდ ეგრისში ლეონტი ადგილს არ ტოვებს სხვა ეთნიკური (არაქართველური) ჯგუფების ძიებისათვის: ლეონტი მროველს აფხაზებიც ეგროსიანებად მიაჩნდა (პ.ინგოროყვა, 1954, გვ.140; შდრ., ნ.ბერძენიშვილი, 1990, გვ.543, 551, 553). შდრ., ქართლის ერისთავის სახელი აბაზა: ივანე აბაზას ძე; გვ.296. არც სხვა ქართველი მემატიანენი მიუთითებენ ამ ვრცელ რეგიონში, ქართულის გარდა, რომელიმე სხვა ენის არსებობის შესახებ.
შენიშვნა: ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეჭვის ქვეშ დგება შუა და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე ნავარაუდევი მარგული მეტყველების ("ძველად უფრო ენა უნდა ყოფილიყო"; აკ. შანიძე, 1981, გვ.443) არა მხოლოდ საზღვრების, არამედ, საერთოდ, არსებობის საკითხი; მით უმეტეს, -ევ-სუფიქსიანი ტოპონიმები ასევე გავრცელებულია არაგვისა და ქსნის ხეობებშიც (იქვე, გვ.440); მაგ., აკ. შანიძე ქართლში (ივრის ხეობამდე), იმერეთსა და რაჭაშიც ადასტურებს სათანადო მასალას: ძეგლევი, ალევი, არცევი, ორტევი, ღვლევი, ბობნევი, იკვნევი, ატრევი, ავნევი, ფრინევი, კლონევი, ავლევი, ფლევი, უწლევი, ჯაბლევი… რაჭაში: ღრუშევი, ძეგლევი, ონჭევი, ჭიბრევი, ხეთლევი, ველევი, ხოტევი… ახალციხეში: წოხტევი (აკ.შანიძე, 1981, გვ.440-441).
-ევ სუფიქსიანი ტოპონიმები დასტურდება შავშეთ-იმერხევშიც: დევაძევი, ვალილევი, ხოხლევი, (ნ.ცეცხლაძე, 2000, გვ.65); შდრ., აკ.შანიძე, 1981, გვ.443: "-ევ სუფიქსის გავრცელების ძირითად არედ შეგვიძლია ჩავთვალოთ ტერიტორია არაგვიდან რიონის შუა წელამდე".
-ევ- სუფიქსი საერთოქართველური ენის, არქაული ქართულისა და სამწიგნობრო ქართულის აფიქსთა (კრებითობა-წარმომავლობისა და დანიშნულების აფიქსების) ცხრილში ლოგიკურად ზის; შდრ.:
-ავ-, -ევ-, -ივ- -ათ-, -ეთ-, -ით- -არ-, -ერ- -ირ-
-ალ-, -ელ-, -ილ- -ან-, -ენ-, -ინ- -ას-, -ეს-, -ის-
ლა-, ლე-, ლი- ნა-, ნე-, ნი- სა-, სე-, სი-
ვფიქრობთ, არა გვაქვს საფუძველი, -ევ- მორფემის მიხედვით ვივარაუდოთ მარგული ენის არსებობა; შესაბამისად, გაჭირდება იმის თქმა, რომ -ევ სუფიქსი მარგული წარმომავლობისაა და თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგული აქვს (შდრ., აკ.შანიძე, 1981, გვ 444).
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართული წყაროების მიხედვით, არც ერთი (დიდი თუ მცირე) ეგრისი დამოუკიდებელი სახელმწიფო არ ყოფილა: ძირითადი ნაწილი ყოველთვის შედიოდა ქართლის შემადგენლობაში, ხოლო მცირე ნაწილი, მაგ., გარე ეგრისი (ტერიტორია ღალიძგიდან ყუბანის შესართავამდე) ქუჯიდან გორგასლამდე პერიოდში ჰქონდათ ბერძნებს (ბიზანტიელებს). ე.ი. ქართული წყაროები საქართველოს ერთიან ქვეყნად წარმოგვიდგენს, რასაც მხარს უჭერს არქეოლოგიური და ლინგვისტური ძიებებიც (იხ. ქვემოთ). არადა, ბიზანტიური წყაროების მიხედვით (რასაც ზოგი ქართველი ისტორიკოსიც მიჰყვება), გამოდის, რომ, თითქოს, მთელი დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო უძველესი დროიდან X საუკუნემდე მოწყვეტილი იყო აღმოსავლეთ საქართველოს...
ფაქტია:
ბერძნულ-ბიზანტიური ტერმინი ლაზიკა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტერიტორიას მიემართება; ეს ქორონიმი იშვიათად თუ ემთხვევა ქართული წყაროების ეგრისს (შდრ., მაგ., IV და VII საუკუნეების ვითარება); შესაბამისად, მეტად საეჭვოდ გამოიყურება ტერმინების: ეგრისისა და ლაზიკის გაიგივების მიხედვით ისტორიკოსთა მიერ მიღებული დასკვნები. ამდენად, გადასასინჯია ამ მცდარი სინონიმურობის მიხედვით აგებული საისტორიო მსჯელობანიც; მაგ., ამგვარი ფაქტების ფონზე, ბუნებრივია, მეტად პირობითია ლაზიკისა და ეგრისის მეფე-მთავრების ერთ რიგში წარმოდგენა; შდრ.: ბიზანტიის მიერ დაპყრობილ ეგრისის ნაწილს (რომელსაც ისინი ლაზიკას ეძახდნენ) განაგებდა იმპერიის მიერ დანიშნული მმართველი, რომელიც დროდადრო, შესაძლოა, არ ემორჩილებოდა "ცენტრს", ხოლო, პარალელურად, ქართლის ნაწილ ეგრისის საერისთავოს მართავდა ერისთავი, რომელიც თავისი სამშობლოს - ქართლის - მეფის ნებაყოფლობითი მორჩილი იყო...
სანიმუშოდ განვიხილავთ კიდევ ერთ მაგალითს:
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა გ. გრიგოლიას ფასეული ნაშრომი: "ეგრის-ლაზიკის სამეფოს საისტორიო გეოგრაფიის პრობლემები", რომელშიც ვკითხულობთ:
"IV საუკუნის დამლევისათვის თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს გამაერთიანებლის როლში გვევლინებიან ლაზები, რომელთა მიერ შექმნილ სახელმწიფოს ქართული წყაროები ეგრისს უწოდებენ, ხოლო ბერძენი და ბიზანტიელი ავტორები ლაზიკის სახელით იხსენიებენ" (გ.გრიგოლია, 1994, გვ.8).
აქ რამდენიმე განმარტება-დაზუსტებაა საჭირო: დასავლეთ საქართველოს ეგრისელნი/მეგრელნი აერთიანებენ; მეგრელებს კი ბიზანტიელები ლაზებს უწოდებენ. შდრ.: ლაზების სახელმწიფოს ქართული წყაროები ეგრისად არ იხსენიებენ (მხოლოდ გვიანდელ ქართულ წყაროებში ჩნდება ნასესხები ტერმინი ლაზია); "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ამ პერიოდის ეგრისი ქართლში შედის და, რაც მთავარია, ტერმინი ეგრისი დროის ამ მონაკვეთშიც ვერ ფარავს ბერძნულ-ბიზანტიური ლაზიკას შინაარსს: ლაზიკა ქართლში არ შემოდის, ხოლო "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ეგრისი ქართლის ერთ-ერთი რეგიონია.
რა საფუძველი გვაქვს, არ ვენდოთ ქართულ წყაროებს და მეტად საეჭვო (და ტენდენციურ) ბიზანტიურ ცნობებს დავეყრდნოთ?
კიდევ ერთი სადავო აზრი:
ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, IV საუკუნის შუა პერიოდში ეგრისის მეფეა გუბაზ I; თითქმის ამავე პერიოდში ვახტანგ გორგასალი "იპყრობს" დასავლეთ საქართველოს (ნარკვევები, II, გვ 166-169; ნ.ასათიანი, 2001, გვ.82-85).
სინამდვილეში, ბიზანტიური წყაროების მიხედვით, გუბაზი ლაზიკის (ბიზანტიას დაქვემდებარებული ქართლის ნაწილის) მეფეა და არა ეგრისის იმ ნაწილისა, რომელიც ქართლში შედის: ქართველ მემატიანეთა ცნობებით, ამ დროს საქართველოს შემადგენლობაშია ეგრისიც და მარგვეთიც (ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.146, 185, 243); შდრ., ამავე წყაროს მიხედვით, აფხაზეთიდან გადმოსული ბერძნები იპყრობენ ეგრისის ნაწილს; მოგვიანებით, შიდა ეგრისი არჩილ მეფის უშუალო სამკვიდროა და ა.შ.
რომელ წყაროს უნდა ვენდოთ:
იმპერიის ისტორიკოსისას თუ ქართველისას?
ჩვენი მემატიანის ცნობები დეტალურია და თანამიმდევრული, ხოლო ბიზანტიური ინფორმაციები წყვეტილია და ზოგადი; შდრ., აგრეთვე: "ეგრისის ისტორიის შესახებ გუბაზ პირველის დროიდან ვიდრე VI საუკუნის 20-იან წლებამდე არავითარი ცნობები არ მოიპოვება" (ნარკვევები, II, გვ.169). შევნიშნავთ, რომ ქართულ წყაროებში ამ პერიოდის შესახებ დეტალური ინფორმაციები გვაქვს, ბიზანტიურში კი - არა.
უფრო ლოგიკური ხომ არ იქნება, ლაზიკა ყველა ეტაპზე განვმარტოთ, როგორც ბერძენ-რომაელთაგან კონტროლირებადი ქართული ტერიტორია (მიუხედავად ამისა, ლაზიკის მეფეების სალაპარაკო ენა ქართულია; იხ. ქვემოთ), რომლის საზღვრები დროდადრო იზრდებოდა თუ მცირდებოდა; შდრ.: თავდაპირველად, ლაზიკა იყო ერთი ქალაქი - ძველი ლაზიკა, შემდეგ - ეგრისის ის ნაწილი, რომელიც არ შემოუერთდა ფარნავაზის ქართლს ("ხოლო ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკვიდრთა მის ადგილსათა, არა ინებეს განდგომა ბერძენთა"; ქართლის ცხოვრება, I, გვ.24) და VII საუკუნეში - მთელი დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო.
შენიშვნა: ამ თვალსაზრისით, საინტერესოა მ.სანაძის მსჯელობა გუგარქთან დაკავშირებით: გუგარქი ქართლის სინონიმია სომხურში; არაიშვიათად, გუგარქი მოიცავდა მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც ამა თუ იმ ეპოქაში სომხეთის მიერ ქართლის სამეფოსგან იყო ჩამოჭრილი (მ.სანაძე, 2001, გვ.68, 92).
საგანგებო მსჯელობას ითხოვს კოლხეთისა და იბერიის პარალელურად არსებობის სათუო საკითხიც:
დღეს ფართოდ გავრცელებული აზრის მიხედვით, ძვ.წ. VI საუკუნიდან ვიდრე დავით კურაპალატამდე (ახ. წ. X ს.) გვერდიგვერდ არსებობდა ორი ქართული სახელმწიფო: კოლხეთი და იბერია, ანუ შედარებით გვიანდელი ეგრის-ლაზიკა და ქართლი-იბერია; იხ., მაგ., საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, გვ.422; შდრ., ამ მხრივ, იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე (იხ. ა.ჯაფარიძე, 1996, გვ.86-114). შესაბამისად, XX საუკუნის ისტორიკოსთა ყველა თაობის მიერ არასწორადაა გათანაბრებული, ერთი მხრივ: კოლხეთი, ლაზიკა, ეგრისი და, მეორე მხრივ: ქართლი, იბერია; ყოველ ამ ტერმინს თავისი გამოყენების არე აქვს და მათი სინონიმებად გამოცხადება კვლევის შედეგებს არაადეკვატურად წარმოადგენს. ამ შემთხვევაშიც მივყვეთ კონკრეტულ მაგალითს:
1970 წელს გამოქვეყნებული "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" I ტომის VIII თავის სათაურია: "კოლხეთი ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში", ხოლო IX თავია "ქართლი (იბერია) ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში"; შდრ., აგრეთვე, დ.მუსხელიშვილი, 2002, გვ.15: "ძვ.წ. IV საუკუნეში ჩამოყალიბდა აღმოსავლეთქართული სამეფო ქართლი (იბერია)" და სხვ.
რომელი უტყუარი წყაროებით მტკიცდება, რომ ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში ქართველთა ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობდა?
ამ პერიოდის არც ერთი უცხოური წყარო ქართველთა ქვეყანას ორ სახელმწიფოდ არ წარმოადგენს; როგორც წინა პარაგრაფში ვნახეთ, საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე ძვ.წ. I ათასწლეულში ქართველთა მრავალი ტომი ჩანს; ბერძნულ-ასირიულ-ურარტული და ქართული წყაროების მიხედვით, ერთი დიდი სახელმწიფოს არსებობაც შეიძლება დავუშვათ, რასაც დაადასტურებს ერთიანი არქეოლოგიური კულტურაც (იხ. ქვემოთ); შდრ., აგრეთვე, ა. ურუშაძე, 1964, გვ.6: "თავდაპირველად ბერძნები კოლხეთში მთელ ქართველურ სამყაროს გულისხმობდნენ"; შდრ.: ძველი წყაროების კარგი მცოდნე გ.მელიქიშვილი (ნარკვევების I ტომის რედაქტორი და მთავარი ავტორი) გვიანდელი ბერძნულ-ბიზანტიური ტრადიციის მიხედვით, კოლხიდა-ლაზიკას ქართლ-იბერიისგან მოწყვეტით განიხილავს; არადა: ქართველი მემატიანენი კარგად იცნობენ უცხოურ ლიტერატურას, ტერმინოლოგიას, მათეულ ხედვებს, მაგრამ ქართველი ერის ისტორიას ქართულ ცნობიერებაში ჩამოძერწილი ტერმინოლოგიითა და ხედვა-აღქმით აგებენ. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველ ჟამთააღმწერთა ხედვა უფრო ობიექტურია (ადრეულ ქართლში განიხილება ეგრისიც) ვიდრე ბერძნებისა, რომაელ-ბიზანტიელებისა თუ არმენებისა; კერძოდ:
რის საფუძველზე კეთდება დასკვნა, რომ ძვ.წ. VI-III საუკუნეებში კოლხეთისგან დამოუკიდებლად არსებობდა იბერია?
შენიშვნა: ისტორიკოსთა მიერ სინონიმებადაა მიჩნეული ქორონიმები ქართლი და იბერია; არც ამ ტერმინთა გაიგივებაა შესაძლებელი: ძველ ქართულ წყაროებში ქართლი სრულიად საქართველოს (შავიზღვისპირეთს მდ. ყუბანის შესართავიდან ტრაპიზონამდე და აღმოსავლეთ საქართველოს ხუნანამდე) მოიცავდა, უცხოური იბერია კი აღმოსავლეთ საქართველოს აღსანიშნავად დამკვიდრდა მხოლოდ ძვ.წ. II საუკუნიდან.
იბერიას არ ახსენებენ ჰეკატა~ოს მილეტელი, ქსენოფონტე, ჰეროდოტე, ფსევდო-სკილაქსი, პლატონი, არისტოტელე, აპოლონიოს როდოსელი...
ტერმინები: კავკასიის იბერია და აღმოსავლეთის იბერები (შდრ., პირინეის იბერები) პირველად ჩნდება ძვ.წ. IV-II საუკუნეების ავტორებთან: მეგასთენესთან, თეოფრასტოსთან, დიონისე პერიეგეტთან... (ვ.ვაშაკიძე, 1993, გვ.61). უფრო გვიანდელ ცნობებში კოლხიდა იბერიაშიცაა მოაზრებული; მაგ., პლუტარქეს ცნობით, კავკასიის მთავარი ერები ალბანელები და იბერები არიან: იბერები ბინადრობენ დასავლეთით მესხეთის (ევფრატ-ჭოროხ-მტკვარ-არაქსის წყალგამყოფ) მთებთან და პონტოს ზღვასთან, ალბანელები კი - აღმოსავლეთით, კასპიის ზღვასთან (ივ.ჯავახიშვილი, 1950, გვ.18). სვანებისა და აღმოსავლეთის იბერების იგივეობის შესახებ მსჯელობა იხ., ზემოთ, გვ.144.
ვატიკანში დაცული "საეკლესიო ანალების" მიხედვით, "იბერიის იმ ნაწილმა, რომელიც პონტოს ზღვასთან მდებარეობს და კოლხიდად იწოდება, სახარება ჯერ კიდევ იმპერატორ ტრაიანეს (98-117) დროს მქადაგებელი პაპი წმ. კლემენტის (პაპობის წლები - 88-97) შემწეობით მიიღო... რაც შეეხება ქვემო იბერებს, რომლებიც კავკასიის მთებთან, კასპიის ზღვის ახლოს ცხოვრობენ, თვლიან, რომ მათ ქრისტიანობა იმპერატორ კონსტანტინეს დროს მიიღეს (ი.ტაბაღუა, 1984, გვ.171).
რომაული წყაროების იბერია მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს (ლაზიკა - დასავლეთ საქართველო) ტერიტორიით იფარგლება ე.წ. მითრიდატეს ომების პერიოდში; ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან, ქართული წყაროების მიხედვითაც, II-I საუკუნეებში ქართველთა სახელმწიფო დასუსტებულია: მისი ტერიტორიების ნაწილი რომმა დაიპყრო, ნაწილი - არმენიამ; მითრიდატე ევპატორის პონტოს სამეფოც ქართველური ტომებითა და ტერიტორიებით იყო ძლევამოსილი.
შდრ., ლეონტი მროველის მიხედვით, ფარნავაზისა თუ გორგასლის ქართლი მოიცავდა: ჭოროხის, მტკვრის ზემოწელის, ლიახვის, რიონის, ენგურის, კოდორის, ბზიფის ხეობებს; თითქმის ამავე ტერიტორიას მოიცავს კოლხური არქეოლოგიური კულტურაც, ე.ი. აიეტის აია-კოლხაც; შდრ., ს.ჯანაშია, 1942, გვ.728: სტრაბონისა და პლინიუსის ცნობებით, ტიგრან II დროს ტერიტორიებდაკარგული იბერიის სამეფო მოიცავს ტერიტორიას მტკვრის სათავეებიდან (კოლა-არტაანი) ტაოს ჩათვლით და ჭოროხის ხეობის ნაწილს.
ვფიქრობთ, ძველი კოლხეთი (კოლხურ-ყობანური არქეოლოგიური კულტურის ველი) უფრო სრულიად ქართლის სინონიმად შეგვიძლია მივიჩნიოთ, ვიდრე ლაზიკისა ან ეგრისისა. რაც შეეხება ლაზიკა-იბერიის მიმართებას:
ლაზიკა და იბერია რომაულ-ბიზანტიურ წყაროებში ქართული სახელმწიფოების აღმნიშვნელ ტერმინებად მკვიდრდება წელთაღრიცხვათა მიჯნიდან, მაშინ, როცა დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში რომაელები ბატონდებიან და, თავდაპირველად მათივე ხელშეწყობით, სრულიად ქართლის დასუსტების მიზნით, იქმნება პონტოსა და ლაზიკის სამეფოები (შემდგომ პონტოც რომის მტრად იქცა). სპარსელების პოლიტიკურ ველში დარჩენილი ქართული სახელმწიფოს ნაწილი იბერიის სახელით დამკვიდრდა.
ლაზიკასა და იბერიას შორის საზღვრად სარაპანისს (შორაპანს) პირველად უთითებს სტრაბონი (შდრ., ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ.43-44); კოლხიდასა და იბერიას შორის საზღვრად ლიხის ქედს დებს ახ.წ. II საუკუნის მოღვაწე კლავდიოს პტოლემაიოსი (ნ.ლომოური, 1955, გვ.44-46). ეს ცნობები სულაც არ იძლევა რაიმე საფუძველს, რომ ძვ.წ. II-I და ახ. წ. I-II საუკუნეების ვითარება განვაზოგადოთ უფრო ადრეულ თუ გვიანდელ პერიოდებზე; შესაბამისად, კოლხეთი და იბერია, ან ქართლი და ეგრისი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად წარმოვიდგინოთ ძვ.წ. VI-III საუკუნეებში თუ გორგასლის დროს. მით უმეტეს, რომ არაფერი ვთქვათ ადრეული პერიოდის ბერძნულ წყაროებზე, სტრაბონის ცნობებიც კი მეტად წინააღმდეგობრივია (კრიტიკისათვის იხ., მაგ., ივ.ჯავახიშვილი, 1950, გვ.22). ამ ფონზე მით უფრო გასაკვირია, რომ ივ.ჯავახიშვილიდან მოყოლებული დღემდე, ქართველი ისტორიკოსები მეტ ნდობას იჩენენ უცხოური ცნობების მიმართ და უფრო მწყობრი ქართული წყაროების მიხედვით არ აგებენ ქართველი ერის ისტორიულ ქარგას. როგორც ქვემოთ ვნახავთ, უფრო მეტი არგუმენტი აქვს მოსაზრებას, რომ აზონ-ქუჯ-ფარნავაზის დროში (და უფრო ადრეც) ერთიანი კულტურულ-სახელმწიფოებრივი ველია ამჟამინდელ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც და, გაცილებით მასშტაბურ, სამხრეთ საქართველშიც (სადაც, სავარაუდოა, ქართველებს მცხეთაზე ადრინდელი დედაქალაქიც ჰქონდათ).
სინანულით აღვნიშნავთ, რომ ივ.ჯავახიშვილის საბჭოთა პერიოდამდელი გამოკვლევები ეძღვნებოდა სამხრეთ ამიერკავკასიასა და ანატოლიაში მცხოვრებ ქართველურ ტომთა ისტორიას (ალბათ, დიდმა ისტორიკოსმა ამიტომაც დაარქვა თავის ფუნდამენტალურ შრომას "ქართველი ერის ისტორია" და არა - "საქართველოს ისტორია"), თუმცა მოგვიანებით შექმნილ ისტორიის სახელმძღვანელოებში ნაკლებად აისახებოდა ხოლმე ქართველთა ეს ძველი ისტორია; მეტიც, ზოგ ავტორთან ოქროს ხანამდე საქართველო ერთიან სახელმწიფოდ არც ითვლება... არადა, ძვ.წ. I ათასწლეულის შუა პერიოდში იბერიისა და კოლხეთის ცალ-ცალკე წარმოდგენამ ბევრ სერიოზულ შეცდომას დაუდო დასაბამი, თუნდაც იმას, რომ, მავანთა აზრით, არასოდეს არსებულა ქართველთა ერთიანი სახელმწიფო...
ჩვენ არა გვაქვს ისტორიოგრაფიის დარგში კვლევის პრეტენზია; თუმცა, ვფიქრობთ, შედარებით ობიექტური ისტორია ქართველი ერისა ჯერ კიდევ დასაწერია. წიგნის ამ ნაწილში (1.2; 1.3.) ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა:
წინაისტორიულ და ადრეისტორიულ პერიოდებში კავკასიასა და ანატოლიაში ათეულობით ქართველური ტომი არსებობდა (და არა მხოლოდ სამი!); ამ ქართველურ ტომთა კონსოლიდაციით დროდადრო იკვრებოდა დიდი ქართველური სახელმწიფოები, სადაც იქმნებოდა დიდი საერთოქართველური კულტურული ფასეულობანი...