Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
 

2.1. კავკასიურ-ქართველური ეთნოსის თავდაპირველი საცხოვრისის საკითხი

2.1.1. ბიბლიური და მითოლოგიური თვალთახედვა 

2.1.1.1. "ძველი აღთქმის" მიხედვით


 დედამიწის ერთენოვანმა მოსახლეობამ პირველი თვითწარწყმედით წარღვნა მოივლინა; გადარჩა მხოლოდ ნოეს სახლეული; შდრ.: ერთენოვანი კაცობრიობის მეორე დანაშაულის დროს (ბაბილონის გოდოლის მკრეხელობა) უფალმა შეიცოდა ისინი და "ენები აურია", დანაშაული ბოლომდე რომ არ მიეყვანათ (და თვითგანადგურება არ მოემკოთ): ენების გაჩენით შექმნილი მრავალენოვანი კაცობრიობა სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა (ვრცლად იხ., ტ.ფუტკარაძე, 2000, გვ.95). ნოეს სამ შვილთაგან ერთ-ერთის - იაფეტის - შთამომავლებად (იაფეტი: თუბალი, მოსოხი; შესაქმე, IV,22; X,2; XI, 28) მიიჩნევს ქართველებს რომაულ-ბიზანტიური ტრადიცია: 
მაგ., იოსებ ფლავიუსის მიხედვით (1987, გვ.103): იაფეტის ძემ "თობელმა დააფუძნა თობელები, რომლებსაც ახლა იბერები ეწოდებათ, მოსოხენები დაფუძნებული არიან მოსოხის მიერ, ახლახან მათ კაბადოკიელები ეწოდათ, მაგრამ მათი ძველი სახელწოდების ნიშანიც ჩანს, რამეთუ მათ დღესაც აქვთ ქალაქი მაზაკა, რაც ნათელყოფს მათთვის, ვისაც გაგება შეუძლია, რომ ასე ეწოდებოდა ოდესღაც მთელ ტომს"... შდრ., თაბალი მდებარეობდა ძველი მაზაკას, დღევანდელი კაისერის რაიონში - სამხრეთ-დასავლეთ კაბადოკიაში; შდრ., აგრეთვე: მაზახა - *მასახა-/მესხ- (იხ. ზემოთ). საყურადღებოა: ძველი აღთქმა იქმნება ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნიდან (სწორედ ამ დროს შეიქმნა წინასწარმეტყველ ქალ დებორას სიმღერა), როცა ახლო აღმოსავლეთში აქტიურნი არიან მოსხები; შდრ., ჰომეროსის დროიდან აქტიურდებიან აია-კოლხები (ძვ.წ. VIII საუკუნე); შესაბამისად, ისინი აისახნენ ბერძნულ მითებში. 
იოვანე პეტრიწის მიერ ბიბლიური და ბერძნული ეთნონიმები ასეა თარგმნილი: 
თობელები - თოვილნი, იბერები - ივირნი, მოსოხენები - მესქინნი (ი. ფლავიუსი, 1987, გვ.103; შდრ.: თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.210). აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სტრაბონის დროს მოსხების ქვეყანა სამ ნაწილად განიხილება: მისი ერთი ნაწილი ჰქონდა კოლხებს, მეორე - იბერებს, მესამე - არმენიელებს. 
ევსტათი ანტიოქელთან (280-360) კაბადოკიელთა წინაპრებად დასახელებულია მესხენები, მათ ეთნარქად კი - ოსოხი (გეორგიკა, 1961, გვ.34); შდრ.: ორი საუკუნის შემდეგ პროკოპი
კესარიელი მესხთა (მესხო~) საცხოვრისად მიიჩნევს იბერიის გასწვრივ არსებულ მთებს (გეორგიკა, 1965, გვ.127). 
გიორგი კედერნეს (XI ს.) მიხედვით: "ნოემ თავის მესამე ვაჟს იაფეთს, რომელიც 425 წლისა იყო, მისცა ჩრდილოეთისა და დასავლეთის ქვეყნები მიდიიდან ვიდრე ღადირთამდე და ბრიტანიის კუნძულებამდე, არმენია, იბერია, პონტო, კოლხეთი და მათ იქით მდებარე ქვეყნები და კუნძულები ვიდრე იტალიამდე და გალიებამდე, ისპანიამდე, კელტიბერიამდე და ლისიტანიამდე" (გეორგიკა, V, 1963, გვ.10).
XI საუკუნის მოღვაწე ლეონ გრამატიკოსი უცვლელად იმეორებს წინა თაობების მოსაზრებებს და იაფეტის შვილად მიჩნეულ მესხოსგან მომდინარედ მიიჩნევს მესხებს, რომელთაც ახლა კაბადოკიელები ეწოდებათო (გეორგიკა, 1963, გვ.3-4)... ევსევი კესარიელის, გელასი კესარიელისა და რუფინუსის შესახებ იხ., აგრეთვე, ა.ჯაფარიძე, 1994, გვ.19. 
ახ.წ. XII საუკუნეში შედგენილი ქართველი ერის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო (და შინ საკითხავი წიგნი) "ცხოვრება ქართველთა მეფეთა" ბიბლიური ნოეთი იწყებს ქართველობის ისტორიას: 
"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ქართველთა ეთნარქია თარგამოსი. ამ სახელს სხვაენოვანი ვარიანტებიც უდასტურდება: თარგამოსი < *თარგამა; შდრ., ხეთური თეგარამა, ბიბლიური თოგარმა, თაბალის ქვეყნის ქალაქი თოგორმა, თილ-გარიმუ (ასურული), სომხური თორგომა (ვარიანტებისათვის იხ. ძველი აღმოსავლეთის..., 1971, გვ.309; გ.ქავთარაძე, 1985, გვ.41; გრ.გიორგაძე, გვ.146).
ქართლის ცხოვრების მიხედვით, თარგამოსი იავანის/ავანის შვილიშვილია და არა - გომერის: იაფეტი: იავანი: თარშისი: თარგამოსი:
"ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძისწული იაფეტისი, ძისა ნოესი" (ქ.ც., I, გვ.3); ტექსტში მოსალოდნელი იყო ძე თარშისისი, ვინაიდან ბიბლიის ქართულ ვარიანტებში იავანის ერთ-ერთი შვილია თარშისი (სხვაგან – თარშიში); ქართულში გვერდიგვერდ მოსალოდნელი ორი -ის- სეგმენტისგან ტექსტში ერთ-ერთი დაიკარგა.
შდრ.: რ.გორდეზიანი, 1993, გვ.8: "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, თირაშს (ბიბლ. თირასს) – იაფეტის ძეს – ჰყავდა ძედ თარგამოსი; ამ ბიბლიურ თირასს უკავშირდება ეტრუსკების წარმომავლობაც; ეტრუსკებისა და კავკასიელების წინაპარი ერთია – თირას იაფეტის ძე. 
შდრ., აგრეთვე, ა. ჯაფარიძე, 1994, გვ.71: იაფეტი – იაფეტის ძე – თარაში – თარგამოსი.
შენიშვნა: რ.გორდეზიანმა დაუსაბუთებლად გაათანაბრა ერთმანეთთან ბიბლიური თირასი და "ქართლის ცხოვრების" თარშისი სახელები: ჰიპოთეტური თარში ჩათვალა ბიბლიური თირას/თირაშ სახელის ქართულ ადეკვატად. სინამდვილეში, ბიბლიაშივე, თარსისი/თარშიში არის იავანის შვილი, თირასი/თირაში კი - იაფეტის შვილი. ვფიქრობთ, შეცდომის სათავეა "ქართლის ცხოვრების" თარსისი/თარშისი ფორმის მიჩნევა თარშ- სავარაუდო საკუთარი სახელის ნათესაობითი ბრუნვის ფორმად; თარშისი ფორმის -ის- სეგმენტის ამგვარივე მცდარი გააზრების საფუძველზე, ა.ჯაფარიძე ფუძედ აღადგენს თარაში ფორმას. 
ვფიქრობთ, ნათელია: ძველი ქართველური ტრადიციის მიხედვით, იაფეტის შვილიშვილის შვილი - თარგამოს თარშისის ძე - იბერიულ-კავკასიურ-მცირეაზიური მოდგმის მამამთავარი იყო (შდრ., სომხური ტრადიცია). თარგამოსის რვა შვილი და მათი ნათესავნი ანატოლიასა და კავკასიაში მოვიდნენ ბაბილონის გოდოლის დანგრევის შემდეგ, მაშინ, როცა "განეყვნეს მუნ ენანი და განიბნეს მუნით ყოველსა ქუეყანასა". თარგამოსის შვილთა სახელები (ჰაოსი, ქართლოსი, ბარდოსი, მოვაკანი, ლეკი, ჰეროსი, კავკასი, ეგროსი) ცხადყოფს, რომ ქართველთა წინაპრები მთელ ახლო აღმოსავლეთს (კავკასიის ჩათვლით) თავიანთი სანათესავოს სამკვიდროდ თვლიდნენ (მსჯელობისათვის იხ. მ.სანაძე, 2001, გვ.166-167). ასევე, სარწმუნო ჩანს ვარაუდი, რომ "ქართლის ცხოვრების" ამ ნაწილის ავტორისათვის და, საერთოდ, ამ სახელმძღვანელოს შემდგენელთათვის ჰაოსის შთამომავლები ქართველთა მოძმე, ასევე, იბერიულ-კავკასიური მოდგმისანი არიან (ინდოევროპულენოვანი სომხები კავკასიაში გვიან, ურარტუს დაცემის შემდეგ მოდიან), ხოლო მროველისეული სომხური ენა ურარტული ენის მემკვიდრეობას გულისხმობს (მსჯელობისათვის იხ.: რ. გორდეზიანი, 1993, გვ.47; ა. ჯაფარიძე, 1994, გვ.72; ჯ. კაშია, 1999; რ. აბაშია 1999). სავსებით ლოგიკურია, რომ სომხური ენის ინდოევროპული წარმომავლობის არმცოდნე ძველ ქართველ ისტორიკოსებს სომხებიც/არმენებიც იბერიულ-კავკასიურ-ურარტული მოდგმის ხალხი ჰგონებოდათ, მით უმეტეს, დამხვდური კავკასიური და მოსული ინდოევროპული ტომების შერევით წარმოქმნილი არმენები ანთროპოლოგიურად კავკასიურ-მცირეაზიურ რასას განეკუთვნებიან. მ.სანაძის დასკვნით, "ქართლის ცხოვრების" შესავალ გეოგრაფიულ ნაწილში მოცემული პოლიტიკურ-გეოგრაფიული სურათი გამოხატავს VII-VIII საუკუნეთა მიჯნის კავკასიის ვითარებას (მ.სანაძე, 2001, გვ.170-175). ამ აზრს ადასტურებს ისიც, რომ ჰეროსი და ეგროსი ქართლოსის ძმებადაა წარმოდგენილი: VII-VIII საუკუნეებში ჰერეთი (კამბეჩოვანი) დამოუკიდებელი სამთავროა (მ.სანაძე, 2001, გვ.169), ბიზანტიელთაგან დაპყრობილია ეგრისი (ტრაპიზონიდან ლიხამდე და ყუბანის მცირე შესართავამდე არსებული ქართული ტერიტორია - ეგროსის წილი სივრცე), ცენტრალური ქართლი კი არაბების ხელშია... საქართველო გასაერთიანებელია: სწორედ ამ პერიოდში ახლებურად ხდება ქართველთა ისტორიისა და მომავლის კონცეპტუალური გააზრება "ქართლის ცხოვრების" შესავალ ნაწილსა და ეროვნულ ჰიმნში - "ქება~ ქართველთა და ქართველთა ენისა~".
"ქართლის ცხოვრებაში", ქართლოსის დარად, თარგამოსის შვილებად მიიჩნევა ჰეროსი და ეგროსი; შდრ., უფრო ძველ ქართველ მწერალთა და მემატიანეთა ცნობები ცხადყოფს, რომ თავიდან ერთიან ქართლში ეგრისსა და ჰერეთს კახეთის რანგის პოზიცია ეჭირათ; მაგ., იაკობ ცურტაველის ქმნილებაში ჰერეთი ქართლის უკიდურესი აღმოსავლეთი თემია, ხოლო იოვანე საბანისძისა და გიორგი მერჩულის მიხედვით, ეგრისი/აფხაზეთიც ქართლია, ქართულენოვანია (ქართული მწერლობა, I, გვ.225, 454, 591; ივ.ჯავახიშვილი, I, გვ.248; ა.ჯაფარიძე, 1994, გვ.81; იხ. აგრეთვე, ქვემოთ, 2.3.3.).
შდრ., აგრეთვე: თარგამოსის შვილთაგან მხოლოდ ქართლოსისა და ჰაოსის ჩამომავალთა ენები - ქართული და სომხურია ნახსენები; მემატიანის მიხედვით, სომხური ადრეც იყო, ხოლო ქართული ენა ჩნდება ნაბუქოდონოსორის დროს (ძვ.წ. VI საუკუნე). მემატიანენი არსად ახსენებენ ეგროსის, ჰეროსის, კავკასოსის… მემკვიდრეთა ენებს; ტექსტით იგულისხმება, რომ ფარნავაზის შემდეგ თარგამოსიანთა მთავარი ენა - დედაენა ხდება ქართული. 
წინარექართველურ ენობრივ სიტუაციასთან მიმართებით, საინტერესოა "ენათა აღრევის" (კაცობრიობის ახალი მოდელის – მრავალენოვანი/მრავალეროვანი მოდელის - შექმნის) ბიბლიური ქრონოლოგიაც:
ბიბლიური წელთაღრიცხვის მიხედვით, დასაბამიდან ქრისტემდე ივარაუდება 5604 წელი (იოვანე ზოსიმეს ქრონოლოგიაში – 5500). ბიბლიის თანამედროვე გამოცემების მონაცემთა შეჯერებით, ადამიდან ნოეს შვილებამდე პერიოდი მოიცავს 2142 წელს; წარღვნა მოხდა ადამს აქეთ 2242 წელს, ანუ ქრისტემდე 3362 წელს (ტ. ფუტკარაძე, 2000, გვ.89; შდრ., ა.ჯაფარიძე, 1994, გვ.15); ადამიდან ნოემდე პერიოდს 2242 წლით განსაზღვრავს იოვანე ზოსიმეც თავის ნაშრომში: "ცნობა~ დასაბამითგანნი წელნი და ქრისტე~თ მოსვლითგანი". ნოე დაბადებული ჩანს ქრისტემდე 3962 წელს – წარღვნამდე 600 წლით ადრე. ნოეს შემდეგ მე-5 თაობა იყო ფალეკ; "დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა" (შესაქმე, X, 25). ნოედან ფალეკამდე გასულია 750 წელი; ფალეკი დაიბადა 3212 წელს; ე.ი. ენები აღრეულა ქრისტემდე 3212 წლის შემდეგ… შდრ.: ძველ წყაროებზე დაყრდნობით, ვახუშტი ფიქრობს, რომ ნოეს შვილთა განყოფა უნდა მომხდარიყო დასაბამიდან 1758 წელს, ანუ ქრისტემდე 3846 წელს). აშკარაა, რომ ბიბლიის მიხედვით, ბაბილონის გოდოლის მისტერია, ანუ ერებისა და ენების გაჩენა ივარაუდება ძვ.წ. III ათასწლეულში (დაწვრილებით იხ.: ტ.ფუტკარაძე, 2000, გვ.89-92).
ბიბლიური ქრონოლოგია თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ამჟამად ჩვენთვის საინტერესოა ფაქტი: ბიბლიის მიხედვით, ენების აღრევა ივარაუდება ძვ.წ. III ათასწლეულში - ევრაზიის ისტორიის იმ პერიოდში, როდესაც მეცნიერების მიერაც ნავარაუდევია დიდი ეთნიკურ-ენობრივ-კულტურული შერევები; კერძოდ: ახლო აღმოსავლეთის ავტოქთონ მოსახლეობას ინტენსიურად შეერია ინდოევროპელი და სემიტი მოდგმის ხალხები. ფაქტია ისიც, რომ მრავალსაუკუნოვანი ბიბლიური ტრადიციისა და ძველი ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, ქართველობა ბიბლიური "ენების აღრევისას" წარმოქმნილ მსოფლიოს უძველეს ერთა შორისაა და მის საცხოვრისად კავკასია-ანატოლია მიიჩნევა.