Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
 

2.1.1.2. ბერძნული მითოლოგიის ზევსამდელი ღმერთი

 - ტიტან იაფეტის შვილი - პრომეთე ზევსმა დაამარცხა და კავკასიონს მიაჯაჭვა; წინარებერძნული (პროტოიბერიული) მოსახლეობის ღმერთის (ჟ. დიუმეზლი, ს. ყაუხჩიშვილი, ზ. გამსახურდია…) კავკასიასთან იდენტიფიკაცია საფუძველს იძლევა, ვივარაუდოთ, რომ იაფეტის ძე პრომეთე იბერიულ-კავკასიური მოდგმის სიმბოლოდ წარმოედგინათ ძველ ბერძნებს (ნიშანდობლივია, რომ ბიბლიურ კომენტარებშიც ეთნარქი იაფეტი ქართველებთანაა დაკავშირებული).
სამეცნიერო ლიტერატურაში გაზიარებული თვალსაზრისით, ბერძნული მითოლოგიის ტიტანები და გმირები წარმოადგენენ არაბერძნულ, წინაბერძნულ სამყაროს - პელაზგურ კულტურას; პელაზგები კი ქართველურ სამყაროსთან ასოცირდებიან (ო.ნერახერის მსჯელობის შესახებ იხ.: ზ.გამსახურდია, 1991, გვ.31; პელაზგებისა და კოლხ-იბერების საერთო წარმომავლობაზე იხ. რ.გორდეზიანი, 1993, გვ.8).
შემთხვევითი არ ჩანს, რომ პრომეთეს სახესხვაობა ღვთაება ამირანი კავკასიელი ხალხების მითოლოგიის უძველესი დაფენებაა (სახელის სხვა ვარიანტებია: საერთოქართველური ამირან- სვანური: ამრიმ/მირიმ/ამირმ/მირან; მეგრული: არამ (< არან < ამირან); აფხაზური: ამრ-სკ-Hლ-/აბრსკილ-; ოსური: ამრან-; სომხური: მჰერი.
ქართული მითოლოგიის ტრაგიკული ღვთაების - ამირანისა და ტიტან პრომეთეს - იგივეობის მტკიცებას ბევრი არგუმენტი ეძებნება. ბერძენ მწერალთა ცნობით, ქრისტიანობამდელ საქართველოში არსებობდა პრომეთეს მითის მსგავსი ლეგენდა; "ელინთა მწერლები, უკვე V-IV საუკუნეებიდან მოყოლებული, ამ თქმულებას - კავკასიურად და თვით პრომეთეოსის მიჯაჭვის ადგილად კავკასიას მიიჩნევდნენ. პრომეთეოსის ამბავს კავკასიურად სთვლიდა მაგ., გამოჩენილი გეოგრაფი სტრაბონიც" (ივ.ჯავახიშვილი, 1979, გვ.201, 190; შდრ., ს.ყაუხჩიშვილი, 1964, 33-34; საკითხის ისტორიისათვის იხ., ნ.ჩიხლაძე, 1992). გარდა ამისა: ღვთიური წარმომავლობა, უკვდავება, ღვთიური განძის (ცეცხლის, ყამარის) ქვეყნად ჩამოტანა, ღრუბელთბატონის დამარცხება (შდრ, ზევსის მოტყუება), "ახალი" ღმერთისგან კავკასიონზე მიჯაჭვა, მიჯაჭვული გმირისთვის არწივის მიერ ღვიძლის კორტნა და სხვა სიმბოლური ინფორმაცია-პასაჟები უთუოდ ააქტუალურებს პრომეთესა და ამირანის იგივეობის საკითხს. აშკარაა ისიც, რომ წინარებერძნულ-პროტოიბერიული ღვთაების შესახებ მითის ქართულმა ვარიანტმა ქრისტიანობის შემდეგ სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადა: ზღაპრადქცეულ მითში ზევსის ადგილი ქრისტეღმერთმა დაიჭირა, ხოლო ძველი ღვთაება ზღაპრულ გმირად გადააზრიანდა (ტ.ფუტკარაძე, 1995).
წინარებერძნული და ანტიკური კულტურების მკვლევართა აზრით, ძვ.წ. მესამე ათასწლეულის შუა პერიოდამდე ხმელთაშუა ზღვის აუზში და მცირე აზიაში ყვაოდა არაინდოევროპელი ხალხების მიერ შექმნილი დიდი კულტურა; ვარაუდობენ, რომ დღევანდელ ქართველთა წინაპრები და შორეული ნათესავები (პელაზგები, ეტრუსკები, ბასკები და სხვა) ამ წინარებერძნული კულტურის შემოქმედთა უშუალო შთამომავლები არიან (მსჯელობისა და ლიტერატურისათვის იხ. რ.გორდეზიანი, 1970; რ.გორდეზიანი, 1985; რ.გორდეზიანი, 1988; ზ.გამსახურდია, 1991). მესამე ათასწლეულიდან ხმელთაშუაზღვისპირეთში ძლიერდებიან ინდოევროპელი ტომები, "რაც ბერძნულ მითოლოგიაში სიმბოლიზებულია იაპეტის ძის - ტიტან პრომეთეს - მიჯაჭვით კავკასიონზე; პრომეთე იაფეტური კაცობრიობაა, ზევსი - ინდოევროპული კაცობრიობა"; ზევსის მიერ პრომეთეს კავკასიაში მიჯაჭვა მითოლოგიური შიფროგრამაა იმ ფაქტისა, რომ ინდოევროპელთაგან დამარცხებული წინაბერძნული მოდგმისა და კულტურის ცენტრად შემორჩა კავკასია - ქვეყანა, სადაც შენახული აქვთ ოქროს საწმისი - საკრალური განძი (ზ. გამსახურდია, 1991, გვ. 26-28).
ძვ.წ. XV საუკუნეში, კრეტის მინოსური კულტურის დაცემის შემდეგ (სანტორინის კატასტროფა), ბერძენთაგან აქტიურად ხდება წინარებერძნული კულტურის სრული დაპყრობა-ათვისება: მცირეაზიური/წინარებერძნული კულტურის მთავარი განძი - კულტურის სიმბოლო - "ოქროს საწმისი" ამ დროს ჯერ კიდევ კოლხეთშია შეფარებული, გახიზნული თუ წაღებული (ბერძენთა ხედვით, გატაცებული!); საჭირო იყო არა მხოლოდ დამარცხებულის "მოთვინიერება" (მიჯაჭვა-ახსნა), არამედ წინარებერძნული კულტურის სიმბოლოს დაპყრობა-დასაკუთრებაც (შდრ., ოქროს საწმისი იყო ხათების მიწაზე დამკვიდრებული ხეთების სამეფო ძალაუფლების სიმბოლოც); შესაბამისად:
პელაზგი იაზონის მიერ აიეტის ქვეყნის "დალაშქვრა" ბერძენთა დიდ გმირობად ითვლება: ამ ფაქტს წინარებერძნული კულტურის ცენტრის დაპყრობის თვალსაზრისით თუ შევაფასებთ, ნათელი გახდება, რომ ბერძნებად გამოცხადებული პელაზგი არგონავტების გმირობანი თუ ეშმაკობანი ბერძენთა თვითდამკვიდრების პერიოდს უფრო ასახავს. საინტერესოა ისიც, რომ ჰერაკლეს მიერ პრომეთეოსის აშვება სწორედ ამის შემდეგ ხდება: არგონავტთა მიერ კოლხთათვის "ოქროს საწმისის" მოპარვის შემდეგ ბერძნებისთვის უკვე აღარ არის საშიში პროტოქართველურ-წინარებერძნული კულტურა: ჰერაკლემ ზევსის პირველობას შეგუებული, დამარცხებული პრომეთე აუშვა...
არსებითია კიდევ ერთი საკითხი:
პრომეთე-ამირანის მითის ქართველურ ვარიანტში ღვთაება (უკვდავი გმირი) კავკასიონზე მიჯაჭვული რჩება! ჩანს, ქართველურმა სინამდვილემ არ გაითავისა მითის ბერძნული ვარიანტი: არ იგუა ზევსის ძის - ჰერაკლეს მიერ ამირანის გათავისუფლების იდეა და თავისსავე ახალ გმირს დაელოდა; შემთხვევითი არ არის ის, რომ ქართველურ ტრადიციას არც ოქროს საწმისის დაკარგვა ახსოვს - ესეც ბერძენთა გამონაგონად ჩაითვალა... ამავე დროს, ქართველთა ისტორიას თუ მეხსიერებას ქალაქ აფსაროსად და მდინარე აფსარად შემორჩა მტერთან (მომხდურთან) ბრძოლაში დაღუპული პირველი ქართველი უფლისწულის - მითურ-ლეგენდური აფსირტეს - სახელი... პირველი მეფის - ტრაგიკული აიეტის სახელიც მეორდება ისტორიული საქართველოს/ლაზიკას მეფეთა სახელად (შდრ., ზოგი მკვლევარი აფსაროსში ხეთური ხანის ხაიასურ ქალაქ არიფსას ხედავს).
შემთხვევითი არც ის უნდა იყოს, რომ, ბერძნული ტრადიციითვე, კოლხეთის მეფის - აიეტის - ადრინდელ სამფლობელოდ გვიანდელი საბერძნეთის კორინთო ითვლება, ხოლო თესალიელი იაზონი წარმოშობით პელაზგია; შდრ., ს.ჯანაშია ფიქრობს, რომ არიან-ქართველთა მეფის ძე აზო - თესალიელი იაზონის ბუნდოვანი ხსოვნა - სასპერ-იბერების ეთნარქია (ს.ჯანაშია, 1952, გვ.74-77)… კავკასიელი "ეთნარქების თესალიური წარმოშობა ინტერესს იწვევს იმდენად, რამდენადაც თესალია პელაზგების ბუდედ არის მიჩნეული" (ს.ჯანაშია, 1943, გვ.372-373; თესალიელი გმირის - აქილევსისა და ამირანის შესახებ იხ. ქ.თუითი, 1998).
შდრ., შ.გაბესკირია, 2003, გვ.37: აზო წარმოშობით ქართველია, არიან-ქართლელია. არიან-ქართლი არის მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ე.წ. გვიანხეთური სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცნობილი მხარე, რომლის ცენტრსაც ქალაქი არანი (თანამედროვე ჰარანი) წარმოადგენდა; ეს მხარე ხათების უშუალო მემკვიდრე მესხების კუთვნილი ტერიტორიაა (შდრ., ზოგი მეცნიერი ხათების მემკვიდრედ ქასქებს მიიჩნევს)…
ზოგად შტრიხებში ჩვენ ვიზიარებთ შ.გაბესკირიას ვარაუდს და დავძენთ, აზო ხათების მემკვიდრე მოსხების ან ქასქების მოდგმისა შეიძლება იყოს (საკითხი შემდგომ კვლევას საჭიროებს). ასე რომ, აზოსა და ქუჯ-ფარნავაზის ისტორია ქართველურ ტომთა შორის პირველობისათვის ბრძოლას უნდა ასახავდეს…
შდრ.: მ.ფასმერისა და ლ.ზგუსტას კვლევების კვალად, მ.ანდრონიკაშვილი ფიქრობს, რომ აზო სკვითურ-ალანური წარმომავლობის საკუთარი სახელია და ეტიმოლოგიურად "თხას" უკავშირდება (მ. ანდრონიკაშვილი, 1966, გვ. 131); იხ. აგრეთვე, მ.სანაძე, 2000, გვ.40-45: აზო ამიერკავკასიაში გადმოსახლებული იმ სკვითების ბელადია, რომელთაც ძვ.წ. VII-VI საუკუნეებში ასურეთისა და მიდიის საზღვარზე შექმნეს სკვითთა სახელმწიფო - არიანი (არია - ინდოელების, სპარსელების, მიდიელების, სკვითების, ალანების თავდაპირველი თვითსახელწოდება); "ელინისტური ხანის დასაწყისში სამხრეთ კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის გაცნობისას, მოსულმა ბერძნებმა აქ აითვისეს თქმულებები აზოზე; აზო იაზონად გაიაზრეს…".
აზო/იაზონის თემა ცალკეა საკვლევი, აქ კი შეგვიძლია, ვთქვათ:
ბიბლიისა და ბერძნული მითების განმმარტებელთა თვალსაზრისით, ქართველთა შორეული წარსული უკავშირდება იმ ძველ მოსახლეობას, რომელიც ევრაზიის ცენტრალურ ნაწილში - ანატოლია-კავკასიაში ცხოვრობდა.
2.1.2. მეცნიერული მოსაზრებანი
ქართველთა ისტორიული სამშობლოს შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში რამდენიმე მოსაზრება გვაქვს: