Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
 
2.1.2. მეცნიერული მოსაზრებანი
ქართველთა ისტორიული სამშობლოს შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში რამდენიმე მოსაზრება გვაქვს:

2.1.2.1. მიგრაციის (კავკასიაში მოსვლის) თეორია.

ქართველთა ისტორიული საცხოვრისი იყო ქალდეა/ხალდე/ქართუ, რომელიც მდებარეობდა მცირე აზიაში, ჩრდილო მესოპოტამიასა და ტიგროს-ევფრატის სათავეებში; ქართველთა წინაპრები ამიერკავკასიაში მოვიდნენ ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში (ი.ჭავჭავაძე, 1955, გვ.113; ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ.412, 432-435; ივ.ჯავახიშვილი, 1950, გვ.28, 247-251). ქართველები ამიერკავკასიაში მოსულებად ითვლებიან, აგრეთვე, ზოგი ბერძნული წყაროს მიხედვით; კერძოდ, დასავლეთ ევროპის იბერიიდან გადმოსახლდნენ აღმოსავლეთის იბერიაში - შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე (იხ. ზემოთ).
სამეცნიერო ლიტერატურაში გვაქვს მიგრაციის თეორიის დასაბუთების მცდელობაც; მაგალითისათვის მოვიყვანთ ივანე ჯავახიშვილის მსჯელობას:
"ყველა ქართველი ტომის სამშობლო, როგორც ვიცით, ქალდია იყო (ხაზი ჩვენია - ტ.ფ.); მაშასადამე, კავკასიაში ქართველები იქიდან უნდა მოსულიყვენ... კავკასიის ყველა უუძველეს საფლავში ნაპოვნი თავების გაზომვამ დაამტკიცა, რომ თავდაპირველად ჩვენს ქვეყანაში თავგრძელები ანუ დოლიხოკეფალები ცხოვრობდნენ; ხოლო უკვე განსვენებულმა პროფ. ვირხოვმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ქართველები და სომხები განსაკუთრებით თავმოკლენი ანუ ბრახიკეფალები არიან... კავკასიას ქართველები ძვ.წ. IX საუკუნის შემდეგ უნდა მოსდგომოდნენ" (ივ.ჯავახიშვილი, 1908, გვ.28, 50-55).
თანამედროვე ანთროპოლოგთა დასკვნით, საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის უწყვეტი გენეტიკური ერთიანობა დასტურდება უძველესი დროიდან დღემდე; თუმცა, კავკასიის ანთროპოლოგიურმა ტიპებმა შესამჩნევი თანდათანობითი ტრანსფორმაცია განიცადეს: "ცალკეული ნიშნებისა და ტიპების (დოლოქოკრანულიდან ბრაქიკრანულის მიმართულებით) ცვლას საზოგადოდ თანდათანობითი გადასვლის ხასიათი ჰქონდა" (იხ. მ.აბდუშელიშვილი, 1964; მ.აბდუშელიშვილი, 1971; ლ.ბითაძე, 2002).
ვფიქრობთ, "ქართლის ცხოვრების" ადრეული ტექსტის მცდარი გაგება გახდა ერთ-ერთი იმპულსი/საფუძველი საქართველოში ქართველთა არაავტოქთონობის სამტკიცებლად; კერძოდ, "მოქცევა~ ქართლისა~ს" ტექსტში ვკითხულობთ:
"პირველ ოდეს ალექსანდრე მეფემან ნათესავნი იგი ლოთის შვილთანი წარიქცინა და შეBადნა იგინი კედარსა მას ქუეყანასა, იხილნა ნათესავნი სასტიკნი ბუნთურქნი, მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკუარსა მიხუევით, ოთხ ქალაქად და დაბნები მათი: სარკინე, კასპი, ურბნისი და ოძრხე და ციხენი მათნი: ციხე~ დიდი სარკინისა~, უფლისციხე~ კასპისა, ურბნისისა და ოძრBისა~. დაუკვირდა ალექსანდრეს"...(შატბერდის კრებული, 1979, გვ.320).
შდრ., ბუნთურქებთან დაკავშირებით, "ქართლის ცხოვრებაში" ვკითხულობთ: ალექსანდრემ "გარდამოვლნა კავკასნი და მოვიდა ქართლად და პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა. რამეთუ ცოლქმრობისა და სიძვისათვის არა უჩნდა ნათესაობა, ყოველსა სულიერსა ჭამდეს, ვითარცა მხეცნი და პირუტყვნი, რომელთა ქცევისა წარმოთქმა უხმ არს. და იხილნა რა ესე ნათესავნი სასტიკნი წარმართნი, რომელთა-იგი ჩუენ ბუნთურქად და ყივჩაყად უწოდთ, მსხდომარენი მდინარესა მას მტკურისასა მიხვევით, დაუკვირდა ესე ალექსანდრეს..."...
ამ კონტექსტში ყივჩაყების ხსენება საერთოდ გაუგებრობაა; ეს ხალხი არ სახელდება ახ.წ. I ათასწლეულშიც კი; როგორც ქვემოთ ვნახავთ, ისინი მხოლოდ შედარების კონტექსტში არიან ნახსენები XI-XII საუკუნეების რედაქტორის მიერ. უფრო პრობლემურია თურქებისა და ბუნთურქების საკითხი.
"მატიანე ქართლისა~ს" მიხედვით, ისტორიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ამჟამინდელ ტერიტორიაზე არაქართველები (ან არაქართველებიც) ცხოვრობდნენ; მაგ.:
"დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე წინაელინისტურ ხანაში სხვადასხვა არაქართველი მოდგმის ტომი ცხოვრობდა: "ნათესავნი იგი ლოთის შვილთაგანნი, ბუნთურქნი, ჰონნი..." (დ.მუსხელიშვილი, 1993, გვ.341; იხ., აგრეთვე, ივ.ჯავახიშვილი, 1979, გვ.236, 246: კ.კეკელიძესთან პოლემიკა). "მოქცევა~ ქართლისა~ს" საფუძველზე, ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ბუნთურქები კავკასიის ავტოქთონი მოსახლეობაა (მ.სეიდოვი, 1969; ი. ზეირეკი, 2003).
უკანასკნელ პერიოდში ბუნთურქების საკითხს საგანგებო წერილი მიუძღვნა გ.ალასანიამ; საკითხის დეტალური ისტორიოგრაფიის შემდეგ მკვლევარი წერს: "ვფიქრობთ, სწორია იმ მკვლევართა მოსაზრება, რომლებსაც დ.ბაქრაძის კვალდაკვალ, ეს ამბები მიდიის ხანაში გადააქვთ, ხოლო ქართულ წყაროებში მოხსენიებულ ბუნთურქებს სკვითებად მიიჩნევენ"; ხაზარები და ბუნთურქები სკვითები არიან (გ.ალასანია, 2000, გვ.23; მ.სანაძე, 2001, გვ.150).
მართლაც, ლოგიკურია, რომ სპარსთა მეფე ქაიხოსროსგან ოტებული "თურქები" სკვითებთან გავაიგივოთ (მ.სანაძე, 2001, გვ.150; შდრ., ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, გვ.526: "626-615 წლებს შორის კიახსარი არა მარტო ამარცხებს სკვითებს და მიდიიდან ერეკება მათ, არამედ აერთიანებს ირანის მთელ ზეგანს"). სავარაუდოა, რომ ლეონტი მროველის დროს ტერმინი თურქი ველურ ტომთა გაერთიანების სახელად განზოგადდა და დღევანდელი მნიშვნელობით გვიან დაკონკრეტდა. რაც შეეხება ტერმინების: თურქი/ბუნთურქი მიმართებას:
"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ალექსანდრეს წინა პერიოდში, "ყოველთა ქართველთა" ნებართვით, მცხეთასთან ახლოს, მხოლოდ ქალაქ სარკინეში დასახლდა სპარსთაგან ოტებული თურქების ძირითადი ნაწილი: ყოველთა ქართველთა "ინებეს დამეგობრება მათ თურქთა, რამეთუ აქუნდა შიში სპარსთა, და შემწეობისათვის დაიმეგობრნეს თურქნი იგი გამოსხმულნი, და განიყვანეს (/დაანაწილეს) ყოველთა ქალაქთა შინა. ხოლო უმრავლესნი მათგანნი მოვიდეს და პოვეს ადგილი ერთი მცხეთას დასავლით კერძო, კლდეთა შორის გამოკვეთილი, ღრმა, და მოითხოვეს ადგილი იგი მცხეთელთა მამასახლისისგან. მისცა და აღაშენეს იგი, მოიზღუდეს მტკიცედ და ეწოდა მას ადგილსა სარკინე" (გვ.15, 18); შდრ., მცხეთელმა მამასახლისმა ხარკის საფასურად ზანავში დაასახლა ნაბუქოდონოსორ მეფის მიერ "ოტებულნი ურიანი" (გვ.15-16); "მოქცევა~ს" მიხედვით, ზანავში სახლდებიან ქალდეველთაგან გამოსხმულნი ჰონნი. სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ ჰონნი აქ იმავე სკვითებს გულისხმობს, ხოლო ქალდეველნი - სპარსელებს (გ.არახამია, 1994; მ.სანაძე, 2000).
ქართული წყაროების წარმოდგენილი ფაქტებიდან არ ჩანს, რომ ამიერკავკასიაში ბუნთურქები ავტოქთონები არიან. ასევე, ნაკლებ სარწმუნოა, რომ ძველ მემატიანეთ ორი ტერმინი (თურქნი და ჰონნი) ჰქონოდათ სკვითთა აღსანიშნავად. კვლევის ამ ეტაპზე უფრო სავარაუდოა, რომ სკვითებს მიემართება მხოლოდ თურქი - ველურ ტომთა ზოგადი სახელი X-XI საუკუნეების საქართველოში.
სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვაგვარადაა განმარტებული ტერმინი ბუნთურქები; კერძოდ (სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვისათვის იხ. გ.ალასანია, 2000, გვ.21):
მ.ბროსე: პირველყოფილი თურქები - შაჰ-ნამეს თურანელები, რომლებიც განდევნა სპარსეთის მეფე ქაიხოსრომ; ე.თაყაიშვილი: ბუნ- სომხურად შუბის ტარს ნიშნავს; შესაბამისად, ბუნთურქი - შუბოსანი თურქი; ნ.მარი, ი.ყიფშიძე, მ.ანდრონიკაშვილი: ბუნთურქი - ავტოქთონი, ადგილობრივი; ლ.მელიქსეთ-ბეგი: ბუნთურქი შეცდომაა პალეოგრაფიულად; იყო ჰუნ-თურქი; გ.მელიქიშვილი: თავდაპირველი თურქი; ზ.ანჩაბაძე: ჰუნები, კავკასიელი თურქები; ვ.გაბაშვილი: ჰუნები/გუნები; გ.წულაია: ავტოქთონი თურქები...
ჩვენი აზრით, ტერმინი ბუნთურქი მსაზღვრელ-საზღვრულის შერწყმით წარმოქმნილი კომპოზიტია:
ბუნი თურქი > ბუნთურქი, სადაც ბუნი ნიშნავს ძირითად ნაწილს, ბირთვს, მთავარს (შდრ., ილ.აბულაძე: ბუნი - ნამდვილი, მკვიდრი, თუმცა, კონტექსტით უფრო ძირითადი უნდა იყოს; შდრ., მ.ანდრონიკაშვილი, გვ.297: ბუნ - ფუძე, ძირითადი, საძირკველი): კომპოზიტის შინაარსი კი უნდა გავიგოთ, როგორც თურქთა ძირითადი ნაწილი: მცხეთასთან ახლოს ალექსანდრემ მრავლად ნახა ის თურქები, რომლებიც კომპაქტურად დასახლდნენ სარკინეში; შდრ.: დანარჩენი თურქები/სკვითები ქართველებმა "განიყვანეს ყოველთა ქალაქთა შინა".
არქაულ ქართულში ბუნთურქის მსგავსი მსაზღვრელ-საზღვრული თუ კომპოზიტი სხვაც დასტურდება: ივ.იმნაიშვილის დასკვნით, უძველეს ქართულში მსაზღვრელი წინ იყო (გვიან დამკვიდრდა პოსტპოზიციური წყობა); შდრ., მაგ.: კეთილი ღვინო~, პურის ჭამა~, უცხო-თესლი, შუაღამე, დიდძალი, დიდფასი, ერთშაბათი...(ივ.იმნაიშვილი, 1957, გვ.556, 277, 229; ა.შანიძე, 1976, გვ.57-58).
ბუნთურქ- კომპოზიტის ამგვარ ეტიმოლოგიას ამყარებს და კავკასიაში თურქთა ავტოქთონობის უსაფუძვლობას ცხადს ხდის "ქართლის ცხოვრებისა" და "მოქცევა~ ქართლისა~ს" ტექსტთა სათანადო ტექსტების შეპირისპირებაც:
მიჩნეულია, რომ "ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი წყაროა "მოქცევა~ ქაართლისა~"; ეს უკანასკნელი კი თითქოსდა მხარს უჭერს კავკასიაში თურქთა ავტოქთონობისა და ქართველთა მიგრაციის თეორიას.
ძირითად შტრიხებში "ქართლის ცხოვრება" და "მოქცევა~ ქართლისა~" მართლაც ემთხვევა ერთმანეთს:
ბუნთურქები – საქართველოში ალექსანდრეს მოსვლა - აზოს დატოვება - სარკინეს ხანგრძლივი ომი... ზუსტად მეორდება ფრაზებიც კი, მაგ., "მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკუარსა მიხუევით" ("მოქცევა~ ქართლისა~") და "მსხდომარენი მდინარესა მას მტკურისასა მიხვევით" ("ქართლის ცხოვრება")...
ძირითადი განსხვავებებია:
"ქართლის ცხოვრება": ქართლი ქართველთა ქვეყანაა; აქ, ქართველთა ნებართვით, დევნილი თურქები კომპაქტურად დასახლდნენ მხოლოდ სარკინეში (სარკინეში დასახლებული თურქები ბუნთურქები არიან!); ალექსანდრეს დროს ქართველები და სხვა არაქართველები სარკინეში კომპაქტურად ჩასახლებული თურქებივით ველურები არიან.
"მოქცევა~ ქართლისა~": ქართლში პირველად მოსულ ალექსანდრეს ბუნთურქები დახვდნენ (რაც სულაც არ ნიშნავს თურქთა ავტოქთონობას!); კერძოდ, მათი ქალაქები იყო: სარკინე, კასპი (უფლისციხე), ურბნისი, ოძრხე... მეორედ მოსულმა ალექსანდრემ ისინი დაამარცხა და ეს ქვეყანა აზოს ჩააბარა.
წყაროთა ურთიერთკავშირი უთუოა! ბუნ-თურქთა პრობლემას ნათელს მოჰფენს წარმოდგენილი ტექსტების (ფრაგმენტების) პირველადობის გარკვევა:
"მოქცევა~ ქართლისა~"-ს შატბერდული ვარიანტის (ჭელიშურ ხელნაწერს შესავალი - მოკლე ისტორიული ექსკურსი - აკლია) შესავალში დასახელებული ე.წ. ბუნთურქთა ქალაქები: სარკინე, კასპი (უფლისციხე), ურბნისი და ოძრBე ნახსენებია "ქართლის ცხოვრებაშიც", ოღონდ, ამათგან ბოლო სამი საკუთრივ ქართული ქალაქებია. "ქართლის ცხოვრებაში" სხვა ქალაქებიცაა: წუნდა, ხერთვისი, თუხარისი, ძველი მცხეთა, ზანავი, რუსთავი, სამშვილდე, ხუნანი და სხვა. მცხეთა ყველაზე უფრო დიდი და ცნობილი ქალაქი იყო და რატომ არ ახსენებს მას "მოქცევა~ს" ავტორი თუ რედაქტორი? ბუნებრივია, მცხეთის დაარსებამდე ვერ დაიწერებოდა "მოქცევა~ ქართლისა~ს" ვერც ერთი წყარო...
სამეცნიერო ლიტერატურაში გაბატონებულია თვალსაზრისი, რომ "მოქცევა~ს" შესავალი უძველესი ქართული წყაროა; ვფიქრობთ, ამგვარ მიდგომას მხარს არ უჭერს ბუნთურქთა ეპიზოდების შეპირისპირება "ქართლის ცხოვრებისა" და "მოქცევა~ს" მიხედვით; კერძოდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენამდე მოღწეული "მოქცევა~ს" შესავალი ტექსტი "ქართლის ცხოვრების" ადრეული რედაქციის მოკლე და, ამავე დროს, დამახინჯებული ვარიანტია; წარმოვადგენთ სათანადო ფრაზათა ტექსტოლოგიურ ანალიზს:
"ცხოვრების" ტექსტში სიტყვაფორმა მიხვევით გულისხმობს მრავლად; ტექსტი ასე უნდა გავიგოთ:
ალექსანდრემ ქართლში, მტკვრის/მცხეთის გასწვრივ (ახლოს) მრავლად ნახა ბუნთურქების მსგავსი ველური ქართველები (გვ.17: ალექსანდრემ "პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა. რამეთუ ცოლქმრობისა და სიძვისათვის არა უჩნდა ნათესაობა..."). შდრ., "მოქცევა~ს" ტექსტში სიტყვაფორმის - "მიხუევით" - შინაარსი გაურკვეველია, რის გამოც ამ ცნობილი ტექსტის პროფესიონალი გამომცემლები სხვადასხვანაირ პუნქტუაციას იყენებენ; შდრ.:
ილია აბულაძე, 1964, გვ.81: "იხილნა ნათესავნი სასტიკნი ბუნთურქნი, - მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკუარსა, მიხუევით, ოთხ ქალაქად, და დაბნები მათი".
ბ.გიგინეიშვილი, ელ.გიუნაშვილი, 1979, გვ.320: "იხილნა ნათესავნი სასტიკნი ბუნთურქნი, მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკუარსა მიხუევით, ოთხ ქალაქად, და დაბნები მათი" (აქ სიტყვაფორმა მიხვევით მძიმეებით აღარ არის გამოყოფილი).
ზ.სარჯველაძის მიერ ეს ადგილი განმარტებულია, როგორც "მიყოლებით"; მისეული ტექსტი ასე გამოიყურება: "იხილნა ნათესავნი სასტიკნი ბუნთურქნი - მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკუარსა, მიყოლებით/მიხვევით ოთხ ქალაქად" (ზ.სარჯველაძე, 1995); განმარტება დაუსაბუთებელია; შდრ., იქვე, ზ.სარჯველაძის მიერვე სავსებით მართებულადაა განმარტებული საწყისი ფორმა მიხუევა; კერძოდ: მიხვევა - მოდება, მიხვევა; შდრ., მოედო, დაეხვია.
დაეხვია (/მოედო; შდრ., ხვავი და გამოთქმა: "ბუზივით ეხვეოდა") ზმნისგან შეიძლება ვაწარმოოთ სიმრავლის აღმნიშვნელი ზმნისართი მიხვევით/მრავლად/ხვავიერად, მაგრამ ამ ზმნური ფუძისგან თანამიმდევრობის/მიყოლების (მიყოლებით) აღმნიშვნელი ზმნისართი ვერ წარმოიქმნება; შესაბამისად, ერთ სინტაგმად უნდა განვიხილოთ მსხდომარენი მიხვევით ანუ, მსხდომარენი მრავლად/მიყრით; შდრ., ზ.სარჯველაძის აზრით: მიხვევით/მიყოლებით ოთხი ქალაქი.
გარდა ზემოთქმულისა, "მოქცევა~ს" ტექსტის წარმოდგენილი ფრაგმენტის მეორეულობასა და საეჭვოობას ცხადყოფს დასახელებულ ქალაქთა განლაგებაც: ოძრხე არ არის მტკვრის ხეობაში, მით უმეტეს, ურბნისს მიყოლებით (შდრ.: "მოქცევა~ ქართლისა~" შეიქმნა IX საუკუნეში "ნინოს ცხოვრების" საფუძველზე, რომელიც, თავის მხრივ, დაიწერა VII საუკუნეში უცნობი ავტორის მიერ; პ.ინგოროყვა, ლ.ჯანაშია, კ.თუმანოვი..).
ვფიქრობთ, ნათელია: ქართველთა ქრისტიანობამდელი ისტორიის გადმოცემისას, "მოქცევა~ს" ავტორი ეყრდნობა "ქართლის ცხოვრების" ადრეულ რედაქციას - მის შესავალ ნაწილს (შდრ., ნ.ბერძენიშვილი, 1990, გვ.554-555); ჩანს, შესავალი ნაწილი მეტად შემოკლებულია და, აგრეთვე, ტექსტის ერთი მონაკვეთის ვერგაგების გამო, შინაარსიც დამახინჯებულია. წარმოდგენილი მსჯელობა კიდევ ერთი ფაქტით ადასტურებს ივ. ჯავახიშვილის დასკვნას:
წმ. ნინოს შატბერდისეული ცხოვრება ძველი ცნობების გადამუშავებითაა შექმნილი და, ამავე დროს, ბევრ სიყალბეს შეიცავს (იხ. ივ.ჯავახიშვილი, I, გვ.226-227). "ქართლის ცხოვრების" შესახებ შდრ., მ.სანაძის მართებული დასკვნაც (მ.სანაძე, 2001, გვ.17, 26, 149): "ქართლის ცხოვრების" ვახტანგ გორგასლამდელი ნაწილი შედგება ცალკეული ქრონიკებისა და "ცხოვრებისაგან", რომლებიც სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ავტორის მიერ დაიწერა. შესაბამისად, სრულიად უმიზეზოდ იყო აქამდე უგულებელყოფილი "ქართლის ცხოვრების" ანდერძ-მინაწერი, რომელიც გვაუწყებს, რომ: "წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამით-ჟამად"...
ხაზარულ-სკვითური ეპიზოდის აღწერისას შედარებით თანამიმდევრული და ლოგიკურია "ქართლის ცხოვრება"; მაგ., "ქართლის ცხოვრების" ტექსტში გარკვევით წერია, რომ ქართლში ალექსანდრეს დახვდნენ ყოველნი ქართველნი, მაგრამ ისინი იყვნენ წარმართები, ურწმუნონი, არაქრისტიანნი (მემატიანე მართლმადიდებლობის აპოლოგეტი ბერია!), და, ამდენად, ცუდი ქართველი ადამიანები; შდრ., ალექსანდრეს მოსვლამდე, ძვ.წ. VI საუკუნეში, ნაბუქოდონოსორის დროს ქართლში "შემოკრბეს ესე ურიცხვნი ნათესავნი": ხაზარები (ჩრდილოეთიდან გადმოსული სკვითები), თურქები (მიდიიდან გამოქცეული სკვითები), ებრაელები, ბერძნები, ასურელები... სწორედ ხალხთა ამ აღრევის გამო "იპყრეს სჯული უბოროტესი ყოველთა ნათესავთასა. რამეთუ ცოლქმრობისათვის არა უჩნდათ ნათესაობა; ყოველსა სულიერსა ჭამდეს; საფლავი არ იყო, მკუდარსა შესჭამდეს" (გვ.16)... ალექსანდრეს შემოსვლის დროსაც ამავე სიტყვებს იმეორებს მემატიანე; ქრისტიანი ავტორი თუ რედაქტორი ძველი დროის წარმართ ქართველებსა და არაქართველებს ადარებს თავის თანამედროვეთათვის (XI-XII საუკუნეების) ნაცნობ ველურებს - თურქებსა და ყივჩაყებს.
ლოგიკურია ისიც, რომ ტექსტის მომდევნო ნაწილში მემატიანე ჩამოთვლის ქართლში არსებულ ენებს (სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული, ბერძნული; გვ.16), მაგრამ მათ გვერდით თურქულ ენას არ ახსენებს:
ალბათ, ძველი ავტორისთვის ხაზარული ენა ის სკვითურია, რომლითაც ქაიხოსროსგან გამოდევნილი "თურქებიც" (სკვითებიც) მეტყველებენ; ხოლო გვიანდელი რედაქტორისა თუ ლეონტი მროველისთვის ხაზარები უკვე თურქები არიან, შესაბამისად, მისთვის ხაზარულში მოიაზრება თურქთა/ბუნთურქთა ენაც (შდრ.: ზ.ალექსიძე, 1991, გვ.83-84; გ.ალასანია, 2000, გვ.25 და მ.სანაძე, 2001, გვ.32); შდრ.: ქართლის ცხოვრების ძველი ქრონიკების ავტორ-რედაქტორთა მიხედვით (და არა ლეონტი მროველის აზრით! შდრ., მ.სანაძე, 2001, გვ.32), ხაზარების შთამომავლები არიან ოსები (ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.12, 12-15).
ამრიგად, ქართლის ცხოვრებაში წარმოდგენილი ტერმინი ბუნ-თურქი კომპოზიტია: ბუნი თურქი - ბირთვი (ძირითადი ნაწილი) თურქებისა. შესაბამისად, ახალი წელთაღრიცხვის IX-X საუკუნეების ქართულ ენაში ველურთა აღმნიშვნელი ტერმინი თურქი მიემართება ძვ.წ. პირველი ათასწლეულის შუა პერიოდში სპარსეთის მეფე ქიახსარისგან (ქაიხოსროსგან) გამოდევნილი სკვითების იმ ძირითად ჯგუფს, რომელიც ქართველებმა კომპაქტურად დაასახლეს სარკინეში.
შდრ.: კავკასიაში თურქულენოვანი ხაზარები პირველად ჩნდებიან ახ.წ. V საუკუნეში, ხოლო ყივჩაყები - XI საუკუნეში; ძვ.წ. VI-IV საუკუნეების ხაზარები/"თურქები" ინდოევროპულ ენაზე მეტყველი ხალხია, ხოლო ახ.წ. X-XI საუკუნეების ხაზარები და თურქები/ბუნთურქები - თურქულენოვანი. "ქართლის ცხოვრებაში", ასევე, ნათლად წერია, რომ "შემდგომად განყოფისა ენათასა", ე.ი. ოდითგანვე (ერების გაჩენისთანავე), კავკასიაში დაემკვიდრნენ იაფეტის შთამომავალნი - თარგამოსის ძენი, მათ შორის: ქართლოსი, ეგროსი, კახოსი, ჰეროსი... დროთა განმავლობაში სხვა ხალხებიც შემოერივნენ და, შესაბამისად, "იყვნეს ქართლს ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი, და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული, ბერძნული; მათგან ფარნავაზმა "განავრცო ენა~ ქართული და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა" (ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.16, 26).
წარმოდგენილ მონაკვეთში სხვა ფაქტიცაა ასახული:
"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, თარგამოსის მოდგმა (იბერიულ-კავკასიური ხალხი და არა ინდოევროპელი კიმერიელები) ცხოვრობდა მცირე აზიასა და კავკასიაში (საკითხის ისტორიისთვის იხ.მ.სანაძე, 2001, გვ.166-167); ე.ი. ისტორიულ ქართლში ძირძველი მოსახლენი თარგამოსიანნი არიან, მაგრამ დროთა განმავლობაში სხვებიც დამკვიდრდნენ. ჩვენი აზრით, თარგამოსიანთა და მოსულთა ინტეგრაციის პროცესი იბერიულ-კავკასიური ერთობისგან საბოლოოდ მიჯნავს ქართველურ მოდგმას:
კიმერიელებისა და სკვითების (ე.წ. ბუნთურქების) ამიერკავკასიაში შემოსვლა შეიძლება დავსახოთ იბერიულ-კავკასიური ერთობიდან ქართველური ენობრივ-ეთნიკური ერთობის (კონტინუუმის) გამომიჯვნის ერთ-ერთ ბოლო ფაქტორად: სწორედ ძვ.წ. VI საუკუნიდან ხდება საერთოქართველურ კოინეში სკვითური და სპარსული სიტყვების დიდი ნაკადის შემოსვლა (სათანადო მასალისათვის იხ., მ.ანდრონიკაშვილი, 1966; ა. ბილლი, 2003). აქვე აღვნიშნავთ, მ.სანაძის აზრით, სკვითთა (ინდოევროპელთა) კავკასიაში შემოსვლამდე (ძვ.წ. VII-VI საუკუნეებამდე) დღევანდელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (კახეთის ჩათვლით!) არსებობდა პროტოზანური ენა, რომელსაც, დაეფინა რა სკვითურ-ინდოევროპული მეტყველება, იმერეთის, გურიის, აჭარის, იმერხევის, ტაო-კლარჯეთისა და ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ჩვენთვის ცნობილი ქართული - ზანური და სკვითური ენების "ჰიბრიდი" ენა (მოსაზრება გამოითქვა ჩვენთან ზეპირ საუბარში; შდრ., აგრეთვე, მ.სანაძე, 2001, გვ.49-53). ჩვენ ვერ გავიზიარებთ ამ თავისთავად საინტერესო მოსაზრებას:
საერთოქართველურ ენობრივ მოდელთან სვანურ-ზანური და სხვა ქართველური კილოების მიმართება ცხადყოფს, რომ სამწიგნობრო ქართულისთვის ამოსავალი ვერ იქნება ე.წ. პროტოზანური ან პროტოსვანური ენობრივი მოდელები (იხ. ქვემოთ, 2.2.3.).
ვფიქრობთ, ჯერჯერობით არ ჩანს არც ერთი მყარი საბუთი, ვამტკიცოთ ქართველთა არაავტოქთონობა კავკასიაში.
შენიშვნა: ქართველთა მიგრაციის თეორიის საყრდენად ვერ გამოდგება, ასევე, მეგასთენეს ცნობა (გეორგიკა, I, გვ.30) ნაბუქოდონოსორის მიერ ლიბიიდან (იბერთა ქვეყნიდან) პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეს გადმოსახლებული იბერების შესახებ (შდრ., უფალმა ამავე ნაბუქოდონოსორის ხელით დასაჯა თავისი რჩეული ერი - ებრაელები).