Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
2.1.2.2. ამიერკავკასიაში ავტოქთონობის თეორია

2.1.2.2.1. სამხრეთი ამიერკავკასია.
თ.გამყრელიძისა და ვ.ივანოვის მიხედვით, ქართველები თავიდანვე ცხოვრობდნენ სამხრეთ ამიერკავკასიაში, კერძოდ, მცირე კავკასიონის (მესხეთ-ჯავახეთის რეგიონის) ცენტრალური და დასავლეთი ნაწილის მთიანეთში; ძვ.წ. III ათასწლეულში აქედან სამხრეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში (კოლხეთის დაბლობისკენ) განხორციელდა ქართველური მიგრაციების პირველი ტალღა (ხაზი ჩვენია - ტ.ფ.); მათი მეტყველებისა და დამხვდური ჩრდილოკავკასიური ტიპის ენების შერევით სათავე დაედო სვანურ ენას; "თანდათან სვანური ენა ჩრდილოეთისაკენ, დიდი კავკასიონის ქედის მიმართულებით განდევნა მომდევნო მიგრაციულმა ტალღამ, რომელიც პირველს მოჰყვა დაახლოებით ცხრა საუკუნის შემდეგ;" ამ პროცესში წარმოქმნილმა მეტყველებამ "შემდეგში მოგვცა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი ენა - მეგრულ-ლაზური"; დასავლეთ მცირე კავკასიონის ფარგლებში დარჩენილი საერთოქართველური ენის დიალექტები საფუძვლად დაედო ქართულ ენას, რომლის მატარებლები, განსახლდნენ რა დასავლეთის მიმართულებით, განსაზღვრულ ტერიტორიაზე დაეფინენ კოლხური ენის მატარებელთ, რის შემდეგაც მოხდა ლაზური და მეგრული ენების წარმოშობა; ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაადგილებულმა ტომებმა აქედან (ამჟამინდელი აღმოსავლეთ საქართველოდან - ტ.ფ.) განდევნეს აღმოსავლურკავკასიური ტიპის ენებზე მოლაპარაკე ხალხი (თ.გამყრელიძე, ვ.ივანოვი, 1984, გვ.880-881; თ.გამყრელიძე, 2000, გვ.184).
რა ფაქტებს თუ ლოგიკურ არგუმენტებს ემყარება წარმოდგენილი ჰიპოთეზა?
სამხრეთ ამიერკავკასიიდან ჩრდილოეთ ამიერკავკასიაში ე.წ. "ქართველური მიგრაციები" 5000-4000 წლების წინაა ნავარაუდევი (თ.გამყრელიძე, 2000, გვ.184), ამდენად, ანთროპოლოგიური მონაცემების გარდა, ამდროინდელ სხვა რაიმე ფაქტებზე ვერ ვილაპარაკებთ: არქაული ლექსიკისა და ტოპონიმიკური მონაცემების მიხედვით შექმნილი სათუო ვარაუდები (რომელთაც საგანგებოდ განვიხილავთ აქვე) ფაქტებად ვერ ჩაითვლება, წარმოდგენილი თეორიის დასასაბუთებლად საჭირო ანთროპოლოგიური მონაცემები კი არ არსებობს (იხ. ქვემოთ). 
თ. გამყრელიძისა და ვ .ივანოვის არგუმენტთაგან აღსანიშნავია ორი: საერთოქართველური ენის სამ ენად დაშლის დრო და პრაენის ლექსიკის მიხედვით აღდგენილი გარემო (ცხოვრების წესი). 
განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:
2.1.2.2.1.1. ქართველთა სამი ენა 4000-5000 წლის წინ? 
XX საუკუნის მეორე ნახევარში ენათმეცნიერ გ.კლიმოვის გლოტოქრონოლოგიური მეთოდით გამოკვლევების (რომელიც, თავის მხრივ, იყენებდა სვოდეშის მეტად სათუო მეთოდოლოგიას) შემდეგ სამეცნიერო წრეებში მყარად დამკვიდრდა აზრი, რომლის მიხედვითაც ჯერ კიდევ 5000-4000 წლის წინ არსებობდა სამი ქართველური ენა (შესაბამისად, სამი ქართველური ტომი: ქართი, ზანი, სვანი), რომელთაგან ერთ-ერთი - ქართული - გაბატონდა კულტურის ენად (უთუოდ ამგვარმა მიდგომამ ისტორიკოსების გამოკვლევებში გაააქტიურა ტერმინები: ქართიზაცია და ქართველიზაცია, რომლებიც, პირველ რიგში, გულისხმობს სხვა ქართველური ტომების ჩაყლაპვას - "გაქართებას"/"გაქართველებას").
პირველ რიგში: რა საფუძველი გვაქვს, რომ მართლაც ქართველთა მხოლოდ ეს სამი ტომი არსებობდა ძვ.წ. II ათასწლეულში?
შდრ.: "უძველესი დროიდანვე მოყოლებული ქართველები მრავალ ტომად დანაწილებული ყოფილან; ქრისტეს შემდეგ ისტორიული წყაროებით ცნობილი თითქმის ყველა ტომი ქრისტეს წინათ მრავალი საუკუნის მანძილზეც საისტორიო ასპარეზზე მოქმედებდა" (ივ.ჯავახიშვილი, 1960, გვ.401). ხეთურ, ასირიულ, ურარტულ, ბერძნულ-რომაულ-ბიზანტიურ, სომხურ და სხვა უცხოურ წყაროთა ჩვენებით, II ათასწლეულის დასასრულს და I ათასწლეულში ქართველი ტომების ისტორიულ ტერიტორიაზე (ჩრდილო მესოპოტამიიდან კავკასიონამდე რეგიონში) ცხოვრობდნენ ქართველურ ენა-კავებზე ანუ დიალექტებზე მოლაპარაკე და, შესაბამისად, ქართველურად მიჩნეული შემდეგი ტომები: მუშქები /მესხები, დიაუხები /ტაოხები, კოლაელები, ტიბარენები, იბერები /სასპეირები, ქუთები, კორაქსები, მარები, ბექე~რები, ჰალიძონები /ხალიბები, ხალდები /ქალდები, მოსინო~კები /ჰეპტაკომეტები, ბიძერები, ძიდრიტები, მაკრონები /მაკროკეფალები, ფასიანები, მელანქლა~ნები, ეკრიკტიკეს მცხოვრებნი /ეკექე~რები, ჰენიოხები, სანები /ჭანები, სანიგები, ლაზები, აბაზები /ობეზები, სვანები /მისიმიელები, სუანო-კოლხები, ამარანტები, ტუსკები, კახები, კუხები, ჰერები, ჯავახები, ფხოველები... (დაწვრილებით იხ. ზემოთ).
რის საფუძველზე შეიძლება ვამტკიცოთ, რომ ამდენი ტომის მეტყველება მხოლოდ სამ ან ოთხ ენად დაჯგუფდება? მით უმეტეს, ენისა და კილოს გამიჯვნის პირობითობის ვითარებაში შეუძლებელია რაიმე ისეთი დასკვნის გამოტანა, რომელიც მხარს დაუჭერს 5000 წლის წინ ქართველთა მხოლოდ იმ სამი ენის არსებობას, რომლებიც თითქოსდა არსებობენ დღესაც. 
ვფიქრობთ, უძველეს ქართველურ ენა-კილოთა რაოდენობის დასადგენად უფრო გამოსადეგია წყაროებში დადასტურებული ტომების სახელთა რიცხვი, ვიდრე დღევანდელი ვითარების შესაბამისად, ამჟამინდელი სვანების, მეგრელ-ჭანების თუ მესხ-ქართლელების "ენების" მიხედვით, 4000-5000 წლის წინაც დავუშვათ მხოლოდ სამი ქართველური ენობრივი ერთეულის არსებობა...
ფრიად საეჭვოა ქართველურ ენობრივ ერთეულთა დაშლის გ.კლიმოვისეული თარიღიც, რომელიც ემყარება ლექსიკურ-სტატისტიკურ მეთოდსა და საკუთარ სახელთა ეტიმოლოგიას (იხ. ქვემოთ 2.2.3.). 

2.1.2.2.1.2. პრაენის ლექსიკის მიხედვით აღდგენილი გარემო და ცხოვრების წესი. პრაენის მიხედვით ძველი საცხოვრისის ძიება საუკუნეების მანძილზე პოპულარული თემა იყო; ქართულ სინამდვილეში ამგვარი მცდელობა ჰქონდა ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძეს თავის პოლემიკური ხასიათის ნაშრომში: "აი, ისტორია" (ი.ჭავჭავაძე, 1987, გვ.79). 
მონათესავე ენობრივი ერთეულებისთვის ამოსავალი ენის (ფუძეენის, პრაენის; შდრ.: პროტოენა - წინარე ენა, თავდაპირველი ენა) ძირითადი ლექსიკა თუ დადგინდება (ინტენსიური შერევების გამო, ზოგჯერ წარუმატებელია ამგვარი ცდები), მართლაც, შესაძლებელია წინარემოსახლეობის საცხოვრისისა და გარესამყაროს ენობრივი ხედვის წარმოდგენა, შესაბამისად - ძველი ტერიტორიისა თუ კულტურის სავარაუდო სახის აღდგენა. 
ბოლო ათწლეულების მანძილზე ჩვენს სინამდვილეშიც გამოქვეყნდა საერთოქართველური "ენობრივი ხედვის" ამსახველი რამდენიმე გამოკვლევა (გ.კლიმოვი, 1964, გვ.37; გ.მელიქიშვილი, 1970, გვ.339-340; თ.გამყრელიძე, ვ.ივანოვი, 1984, გვ.880-882; მ.ქურდიანი, 2002), რომელთა მიხედვითაც ქართველთა წინაპრების საცხოვრისად ძვ.წ. IV-II ათასწლეულების ამიერკავკასია და მისი სამხრეთი რეგიონი ივარაუდება; მაგალითად, მცენარეების (ანწლი, გვიმრა, ვაშლი, ვერხვი, მარწყვი, მსხალი, სოკო, ცაცხვი, ძეწნა, წიფელი, წყავი...), ცხოველების (არჩვი, დათვი, კვერნა, თხა, ვაცი, ორბი, მელია...) და სხვა საერთოქართველური სახელების რეკონსტრუქციით გ. კლიმოვი ვარაუდობს, რომ ქართველური მოსახლეობა III-II ათასწლეულთა მიჯნაზე კავკასიის მიწა-წყალზე ცხოვრობდა (გ.კლიმოვი, 1964, გვ.37; გ.მელიქიშვილი, 1970, გვ.339). 
წარმოდგენილ პრობლემას საგანგებო წერილი უძღვნა მ.ქურდიანმა; სამეცნიერო ლიტერატურაში დადგენილი საერთოქართველური ლექსიკის (ზღვა, ტბა, ღელე, წყალი... ხევი, კლდე, გორი, ტყე, ტევრი, წვიმა, თოვლი, გვალვა, ყინვა, ზვავი, თბილი... ძელი, ნაძვი, წიფელი, წაბლი... შველი, მაჩვი, ეშვი... შაშვი, კაკაბი, ჩხართვი, ძერა, მერცხალი, თოლია, ტრედი... ღორჯო, ჩხამი...) საფუძველზე იგი ასკვნის: "საერთოქართველური ენის დიალექტებზე მეტყველი ტომები ცხოვრობდნენ, დიდი კავკასიონის სამხრეთი კალთებიდან მოყოლებული, სამხრეთით საკმაოდ ვრცლად განფენილ ტერიტორიაზე, რომელიც სრულად მოიცავდა ისტორიული საქართველოს ტერიტორიასაც. ჩრდილოეთი საზღვარი ქართველთა პირველსაცხოვრისისა იყო დიდი კავკასიონი, დასავლეთ საზღვარს კი შავი ზღვა წარმოადგენდა" (მ.ქურდიანი, 2002, გვ.86). 
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ: წარმოდგენილი ავტორების მიერ საერთოქართველური ლექსიკის მიხედვით ქართველთა წინაპრების გარემოსა და ეთნოკულტურის აღდგენა საინტერესოა, ოღონდ, ჩვენთვის საკამათოა მათ მიერ ნავარაუდევი დრო (იხ., აქვე, 2.1.2.2.1.1. და 2.2.3.). 
თ. გამყრელიძისა და ვ. ივანოვის თეორიაში საკამათოა, აგრეთვე, სვანურში ჩრდილოკავკასიური ენების სუბსტრატის საკითხი (გვ.881); ჩვენი აზრით, სვანურ კილოებში მართლაც შთამბეჭდავია ჩერქეზული ენობრივი ფენა (იხ. ს.ჯანაშიას გამოკვლევები), მაგრამ უფრო ლოგიკური იქნება, ვილაპარაკოთ სუპერსტრატზე და არა სუბსტრატზე; კერძოდ, მრავალი ფაქტი არსებობს იმის სამტკიცებლად, რომ სვანური მეტყველება არქაული ქართულის ის განშტოებაა, რომელსაც ინტენსიურად შემოერია მოძმე კავკასიელთა ენობრივი ელემენტები (იხ. ქვემოთ). შდრ., თუ თ. გამყრელიძისა და ვ. ივანოვის აზრს გავიზიარებთ, სვანურისთვის საყრდენი ენა რომელიმე ჩრდილოკავკასიური ენაა...

2.1.2.2.2. სამხრეთი კავკასია. ცენტრალურ ამიერკავკასიაში (სამხრეთ კავკასიაში) ქართველთა ავტოქთონობის თეორია არგუმენტირებულად პირველად წამოაყენა ბ. კუფტინმა. მისი აზრით, "სამხრეთი კავკასია წარმოადგენდა ქართველი ხალხის სამშობლოსაც და უძველეს სამშობლოსაც" (ბ.კუფტინი, 1949, გვ.14-16, 37). აქვე აღვნიშნავთ, რომ ბ.კუფტინის აზრით, წალკაში აღმოჩენილი მასალის მიხედვით, შთამბეჭდავი პარალელები ივლება სამხრეთ კავკასიის კულტურასა და ძველ კრეტა-მიკენის კულტურას შორის (საუბარია ქალის როლისა და დამწერლობის უძველესი - იეროგლიფური - ნიმუშების ერთიანობის შესახებ); ბ.კუფტინის აზრით (1941, გვ.153), "თრიალეთის ყორღანთა ბრწყინვალე კულტურა უეჭველად ეკუთვნის ქართველ ტომთა წინაპრებს; გარდა ამისა, ჩვენ მიერ მოპოვებული მასალა გვიმტკიცებს, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული უძველესი ფესვები ქართული კულტურისა მოქცეული ყოფილა სუბარული და ხათურ-მცირეაზიური ეთნიკური სისტემების ურთიერთზემოქმედების ზონაში. ეს მით უფრო სარწმუნოა, რომ ქართველურსა და ჩრდილოკავკასიურ ენებს, გარდა ადრევე შენიშნული ნათესაობისა ელამურ და ხური-მიტანურ ენებთან (ნ.მარი), აგრეთვე აქვთ მძლავრი ტენდენცია ხათური ენობრივი ფენისათვის დამახასიათებელი პრეფიქსული წარმონაქმნებისადმი (რ.ბლაიხშტაინერი და სხვები)"; შდრ., აგრეთვე: "ქართველი ტომები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთანავე, საფიქრებელია, რომ ისინი ნაწილობრივ დღევანდელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოსახლეობდნენ, კერძოდ, მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე" (გ.მელიქიშვილი, 1970, გვ.341-342). 
წარმოდგენილი მოსაზრება ძირითადად გაზიარებულია თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაშიც: 
"ენათმეცნიერების, ანთროპოლოგიის, არქეოლოგიისა და ისტორიული გეოგრაფიის ერთობლივი მონაცემების მიხედვით, დღეს სრულიად უცილობელია ქართველთა წინაპრების ავტოქთონურობა კავკასიაში..." (დ.მუსხელიშვილი, 2002, გვ.5). 
ქართველები ავტოქთონები არიან იმ მიწისა, რომელზეც ამჟამად მკვიდრობენ; მ.ქურდიანის აზრით, თუბალებისა და მუშქების ქართველურობაც უეჭველი ფაქტია...” (მ.ქურდიანი, 2002, გვ.59-60, 86). 
შენიშვნა: ნ.ბერძენიშვილის აზრით, "საქართველოში ქართველ ტომთა ავტოქთონობის აღიარებით უნდა დავუშვათ არაქართველთა ავტოქთონობაც; ბრძოლა ამ ტომებს შორის და ქართული ტომების გამარჯვება"; ეს სადავო აზრი გაზიარებულია დ. მუსხელიშვილის მიერაც, კერძოდ, მათი აზრით, ქართის ტომის მიერ ასიმილირდა შემდეგი ქართველი თუ არაქართველი ტომები: ბაზალნი, ჭართალნი, თრიალნი თუ თრელნი, მარგველნი, კასპნი, ფხოველნი, გოგარნი და სხვა (იხ. ნ.ბერძენიშვილი, 1990, გვ.363-364; დ.მუსხელიშვილი, 2002, გვ.5-6)... როგორ მტკიცდება ყველა ამ ტომის (მაგ., ფხოველების, მარგველების...) არაქართველურობა?