Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   


2.1.2.3. კავკასია-მცირეაზიაში ავტოქთონობის თეორია

აკად. ს.ჯანაშიამ 1940 წელს ენიმკის მოამბეში დაბეჭდა კონცეფცია, რომლის ძირითადი დებულებები შევიდა ს. ჯანაშიას, ივ.ჯავახიშვილისა და ნ.ბერძენიშვილის თანაავტორობით 1943 წელს გამოქვეყნებულ "საქართველოს ისტორიის" სასკოლო სახელმძღვანელოში; ს.ჯანაშიას კონცეპტუალური სქემა ასე გამოიყურება: 
"ქართველები წარმოშობით წინა აზიის ძველს მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნიან"; უძველეს ხანაში (დაახლოებით 5000-6000 წლის წინათ) ქართველთა წინაპრები (ხეთურ-იბერიული გვარტომობის ხალხი) ცხოვრობდნენ წინა აზიაში (მესოპოტამიიდან კავკასიონამდე); ისინი აქედან გავრცელდნენ სამხრეთ ევროპასა (ბალკანეთის, აპენინისა და პირინეის ნახევარკუნძულებზე) და აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე. შემდეგ მათი საცხოვრისი შეიზღუდა მცირე აზიით; ქართველთა უშუალო წინაპრები არიან ხეთა-სუბარები, რომლებიც განფენილნი იყვნენ ჩრდილო მესოპოტამიიდან კავკასიონამდე; ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან ქართველთა საცხოვრისის ცენტრი თანდათანობით ინაცვლებს ჩრდილოეთისკენ (იხ., აგრეთვე: ს.ჯანაშია, 1952, გვ.96-100; ს.ჯანაშია, 1987, გვ.20-24, 44, 51).
ჰ. კლარკის, ნ.მარის, ივ.ჯავახიშვილისა და სხვათა მოსაზრებებზე დაყრდნობით, თითქმის ანალოგიური მოსაზრება აქვს გამოთქმული ემიგრანტ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს - რევაზ გაბაშვილს: ძვ.წ. IV ათასწლეულში კავკასიიდან სპარსეთის ყურემდე და ინდოეთიდან იბერიის ნახევარკუნძულამდე (ესპანეთი) მცხოვრები მაღალი კულტურის მქონე ხალხი კავკას-ქალდეურ ერთ რასას წარმოადგენდა (რ.გაბაშვილი, 2001, გვ.18). 
ჩვენ მიერ დამოწმებული ნაშრომი მოკლე რეზიუმეა 1967 წელს ფრანგულად გამოქვეყნებული ვრცელი შრომისა; ჯერჯერობით ჩვენთვის მისაწვდომი არ არის რ.გაბაშვილის არგუმენტები, შესაბამისად, ვერ ვიმსჯელებთ მათ შესახებ; აქვე აღვნიშნავთ, რომ რ.გაბაშვილის ნაშრომის ქართულ-ინგლისურ მოკლე ვარიანტში წარმოდგენილი ზოგი დასკვნა ვერ დასაბუთდება.
ს.ჯანაშიას კონცეფცია სათავეს იღებს დიბუა დე მონპერსესა და ფრიდრიხ ჰომელის მოსაზრებებისგან; სწორედ ამ კონცეფციაზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 1881 წელს დიმიტრი ბაქრაძე წერს: „ეჭვ გარეთ უნდა გვქონდეს, რომ ხსენებულ ხალხთ (ტიბარენნი, მოსიკნნი, მაკრონნი, კოლხნი, იბერნი, ალბანნი) ნამდვილად ჰჭერიათ თითქმის მთელი სივრცე ჰალისის მდინარიდამ მოყოლებული ვიდრე კავკაზიის მთებამდე... ახლა იმათ ქართულ შთამომავლობაში თითქმის არ ეჭვნეულობენ" (დ.ბაქრაძე, 1881, გვ.26).
* * *
სამუშაო ჰიპოთეზად ვიღებთ ს. ჯანაშიას კონცეფციას; არგუმენტების ძიებისას მის მოსაზრებას ორ ნაწილად წარმოვადგენთ:
ა. ჩრდილო მესოპოტამია - ანატოლია - კავკასია: ქართველთა წინაპრების საცხოვრისი;
ბ. ქართველთა წინაპრების გავრცელება სამხრეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. 

ა. სხვადასხვა თაობის მკვლევართა ნაშრომების გათვალისწინებითა და ენობრივ სტრუქტურათა (შთამბეჭდავი ლექსიკური პარალელები, ძირითადი ფონემატური სტრუქტურა, აგლუტინაციურობა, ერგატიული კონსტრუქცია...) შეპირისპირებითი ანალიზით საფუძველი გვეძლევა, ს.ჯანაშიას კვალად, ვივარაუდოთ: 
ძვ.წ. V-III ათასწლეულების კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში ცხოვრობდნენ მონათესავე წინააზიურ-კავკასიური ტომები: ხურიტები, ხათები, კავკასიელები; პირველი დიდი გაერთიანებები შექმნეს: ხურიტებმა - ჩრდილოეთ შუამდინარეთში, ხათებმა - ცენტრალურ მცირე აზიაში/ანატოლიაში; მოგვიანებით, ანატოლიასა და კავკასიაში (ჰალისის, ჭოროხის, მტკვრის, რიონის, ევფრატის, არაქსის… ხეობებში) ჩანან: მუსხები, ქაშქები, ურარტუელები, კოლხები, დაიანელები... თანამედროვე ლინგვისტური კვლევები საფუძველს გვაძლევს, მათ ვუწოდოთ "ერგატიული კონსტრუქციის ენის მქონე ხალხები". 
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ნეოლითის მანძილზე დასავლეთი და ცენტრალური ამიერკავკასია კულტურულად (ენობრივ-ეთნიკურად) ერთიანი იყო (ო.ჯაფარიძე, 1989, გვ. 385-385; ლ.ნებიერიძე, 2001, გვ. 9). 
თანამედროვე არქეოლოგიური ძიებებით ცნობილია, აგრეთვე, რომ გვიანი ენეოლითის ამიერკავკასიაში გვაქვს ორი კულტურა: სიონისა (რომლის იდენტური კერამიკა დასტურდება ოდიშში, ანასეულში, გურიანთაში) და შულავერ-შომუთეფესა (ლ.ნებიერიძე, 2001, გვ. 8-9; მ.მენაბდე, თ.კიღურაძე, 2001, გვ. 22; აქვე, იხ. მასალები საკითხის ისტორიისათვის).
სიონის კერამიკა მტკვარ-არაქსის კულტურის სუბსტრატად/სათავედ მიიჩნევა (მ.მენაბდე, თ.კიღურაძე, 1981, გვ. 23; მ.მენაბდე, თ.კიღურაძე, 2001, გვ. 21; ლ.ნებიერიძე, 2001, გვ. 10). ვარაუდობენ, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის ცენტრია ცენტრალური ამიერკავკასია, თუმცა, ზოგი თანამედროვე ავტორის აზრით, იგი იშვა აღმოსავლეთ ანატოლიაში. რადიონახშირბადული მეთოდით მტკვარ-არაქსის კულტურა თარიღდება ძვ.წ. IV ათასწლეულით (დათარიღების დაზუსტებისათვის იხ. გ. ქავთარაძე, 1983, გვ. 88-96). სიონ-ოდიშის კულტურის განფენის არეალი წინარექართველური (იბერიულ-კავკასიური) ტომების განსახლების ველია; შესაბამისად, თუ უეჭველია სიონ-ოდიშისა და მტკვარ-არაქსის კულტურების გენეტური კავშირი, სავარაუდოა, რომ ოდიშ-მტკვარ-არაქსის კულტურის ერთ-ერთი ავტორია წინარექართველური მოდგმა. 
შულავერ-შომუთეფეს კულტურა მსგავსია ძვ.წ. V-IV ათასწლეულების ზემომესოპოტამიის ჰალაფის კულტურისა (თ. გამყრელიძე, ვ. ივანოვი, 1984, გვ.891-892; ო. ჯაფარიძე, 1998, გვ.182-183). ო.ჯაფარიძის აზრით, მრგვალი შენობის აგების ტრადიცია და ალიზის არქიტექტურა არსებობას განაგრძობს მტკვარ-არაქსის კულტურაშიც; აქვეა მსჯელობა ტომთა მოძრაობის მიმართულებაზეც: ხითა და ქვით მდიდარი ამიერკავკასიისთვის მოულოდნელია ალიზის არქიტექტურა; შესაბამისად, შულავერ-შომუთეფეს კულტურა ამიერკავკასიაში სამხრეთიდან ვრცელდება (ო.ჯაფარიძე, 2001, გვ. 84); შდრ. ო.ლორთქიფანიძე, 1998, გვ.183: რამდენადაც მტკვარ-არაქსის კულტურა "ფართოდ ვრცელდება სამხრეთით, ეს შეიძლება მეტყველებდეს ქართველური მოსახლეობის გარკვეული მასის სამხრეთით გადაადგილებაზე". 
შდრ., ო.ჯაფარიძე, 2001, გვ. 86-87: "მტკვარ-არაქსისა და კირბეთ-კერაკის კულტურების სამხრეთით გავრცელების არეალი თითქმის ემთხვევა ხურიტების ადგილსამყოფელს, რაც ბუნებრივად გვავარაუდებინებს, რომ ხურიტები მტკვარ-არაქს-კირბეთ-კერაკის დიდი კულტურის თანაავტორები არიან". აქვე იხ. ლ.ვულის მოსაზრების კრიტიკა, რომელიც კირბეთ-კერაკის კულტურის შემოქმედად ხეთებს მიიჩნევს.
მტკვარ-არაქსის კულტურის ქმნადობის პროცესში ქართველური ტომების გვერდით სხვა იბერიულ-კავკასიურ ტომებს ვერ ხედავს ო.ჯაფარიძე, რომელიც თვლის, რომ ძვ.წ. IV-III ათასწლეულებამდე დიდი ხნით ადრე, ძვ.წ. VII-VI ათასწლეულებში დაიშალა იბერიულ-კავკასიური ენობრივ-ეთნიკური ერთობა (ო.ჯაფარიძე, 1998, გვ. 118), შესაბამისად, მტკვარ-არაქსის კულტურის ძირითადი შემოქმედნი არიან ხურიტულენოვანი და ქართველური ტომები (ო.ჯაფარიძე, 1998, გვ.183-185; აგრეთვე: გ.მელიქიშვილი, 1970, გვ.338 და თ.გამყრელიძე, ვ.ივანოვი, 1984, გვ.894, სადაც ნავარაუდევია, რომ ამ კულტურის ერთ-ერთი შემოქმედი შეიძლებოდა ყოფილიყო ინდოევროპული მოდგმაც; შდრ., გ.ქავთარაძე: "ეს კულტურა იმდენად ერთგვაროვანია, რომ ვერ იქნებოდა არაერთგვაროვანი მოსახლეობის წარმონაქმნი. თვით შორეულ რეგიონებში გავრცელებისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შემდეგაც კი ინარჩუნებს თავის ძირითად მახასიათებლებს"...მტკვარ-არაქსის კულტურის ავტორის შესახებ ჩვენი მსჯელობა იხ., ქვემოთ). 
გრ. გიორგაძე, 2002, გვ.69: გასათვალისწინებელია სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული ვარაუდი, "რომლის მიხედვით ხურიტების განსახლების საზღვრები ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე და III ათასწლეულის პირველ ნახევარში ტერიტორიულად ემთხვევა მტკვარ-არაქსის კულტურის გავრცელების საზღვრებს, მეტ-ნაკლებად - აღმოსავლეთ ანატოლიის ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურულ არეალს. უფრო დამაჯერებელია ხურიტების ადრეული განსახლება ვანისა და ურმიის ტბების რეგიონში. არ არის გამორიცხული ვარაუდი, რომ ხურიტები ჩრდილოეთ მესოპოტამიის ავტოქთონი ტომები ყოფილიყვნენ".
ახლო აღმოსავლეთის ძირითადი (ავტოქთონი!) მოსახლეობის მიერ შექმნილი მტკვარ-არაქსის კულტურის საზღვრები მოიცავდა კავკასიას (დასავლეთით - სამტრედიამდე), აღმოსავლეთ ანატოლიას, ჩრდილო-დასავლეთ ირანს, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს, ევროპის ნაწილს, სირია-პალესტინას (ლ.მახნიკი, 1972; ო.ჯაფარიძე, 1976; გ.ავალიშვილი, 1994; ო.ჯაფარიძე, 2001...). "მტკვარ-არაქსის კულტურა უაღრესად თავისებური მოვლენაა კავკასიის უძველეს ისტორიაში. არასოდეს, არც ადრე და არც შემდგომ, ეს ტერიტორია კულტურის მხრივ არ ყოფილა ასე ერთგვაროვანი. ამიტომ სწორედ კულტურა წარმოადგენს ამ ტერიტორიაზე მოსახლე ხალხთა გამაერთიანებელ, უდიდესი მნიშვნელობის მქონე ძალას. კულტურაა მათი ერთობის საფუძველი და ამ ერთობის გამომხატველი უმთავრესი ნიშანი" (მ.ხიდაშელი, 2003, გვ. 82). ამ მსჯელობას მხარს უჭერს მუსიკათმცოდნეთა დასკვნაც: ნ.მაისურაძე, 1989, გვ.71: "კავკასია ოდესღაც წინააზიური მუსიკალური კულტურის არეალში შედიოდა. მოგვიანებით ყალიბდება ამ კულტურის კავკასიური ვარიანტი, რომლის წარმოქმნა კავკასიაში მრავალხმიანობის ჩასახვა-განვითარებას უკავშირდება". 
ახლო აღმოსავლეთის ავტოქთონი მოსახლეობის ერთგვაროვნების შესახებ მსჯელობენ ანთროპოლოგებიც:
ლ.ბითაძე, 2002, გვ.156: "დერმატოგლიფიკური და სერელოგიური მასალების ანალიზი აჩვენებს საქართველოს მოსახლეობის მჭიდრო კავშირს წინააზიურ სამყაროსთან... ისტორიული საქართველოს მოსახლეობა იმთავითვე ეკუთვნოდა ერთ დიდ ანთროპოლოგიურ პლასტს, რომელიც შედიოდა ინდო-ხმელთაშუაზღვისპირული რასის წინააზიური განშტოების შემადგენლობაში". 
კვლევის ამ ეტაპზე უფრო ლოგიკურია, ვთქვათ: გვიანი ენეოლითის ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის მემკვიდრე მტკვარ-არაქსის კულტურა შექმნა ერგატიული კონსტრუქციის ენის/ენების მქონე კავკასიურ-ხურიტული მოდგმის ხალხმა.
ძვ.წ. III ათასწლეულში ინდოევროპული და სხვა ტომების დაწოლით "ერგატიული კონსტრუქციის ენის მქონე ხალხი" იწყებს სწრაფ დივერგენციას. III-II ათასწლეულთა მიჯნაზე საქართველოს ტერიტორია კულტურათა და ეთნოსთა მკვეთრი დინებების შერევის ველში ექცევა (შდრ., მონათესავე ენებს შორის არსებული დიდი სხვაობის მიზეზი ხშირად არის არა პრაენასთან დიდი ხნის დაშორება, არამედ ინტენსიური შერევებიც); სავარაუდოა, ამ პერიოდიდან იბერიულ-კავკასიური ენობრივი წრის სამხრეთულ ვარიანტში იწყება კლასის მორფოლოგიური კატეგორიის მოშლა, რაც, ჩვენი აზრით, უკვე ძვ.წ. II ათასწლეულიდან დასაბამს უდებს იბერიულ-კავკასიური ენობრივი ველისგან ქართველურის გამომიჯვნას.
ვფიქრობთ, სწორედ ხურიტულ-ხათურ-კავკასიურ ტომთა დივერგენციისა და კონვერგენციის ხანგრძლივ პროცესში ყალიბდებიან ცნობილი მუშქები, ქაშქები, აბეშლაელები, ურარტუელები, კარდუხები, სპერები, კოლხები, ჰალიძონები/ხალიბები... მოგვიანებით კი, ძვ.წ. I ათასწლეულის შუა პერიოდში ამ მონათესავე ტომთა საცხოვრისის განაპირა რეგიონებში მათ ერევიან სკვით-ალანები, არმენები და სხვა მოსული ტომები; საყურადღებოა:
მუსიკალური ტექსტების ანალიზის შედეგები მოწმობენ, რომ ოსურ (და, გარკვეულწილად, სომხურ - ტ.ფ.) მუსიკალურ ენას საფუძვლად კავკასიური სუბსტრატი უდევს (ნ.მაისურაძე, 1989, გვ.58). 
ძვ.წ. III-II ათასწლეულში მიმდინარე ეთნოსთა დიდი შერევების შედეგები აისახა ასურელებშიც და ურარტუელებშიც: "ენით სემიტი ასურელები ანთროპოლოგიურად ნარევ ხალხს – სემიტური ელემენტისა და აზიური მოდგმის ხურიტების შერევის პროდუქტს წარმოადგენენ... ურარტული პანთეონის ქალღმერთ არუბანის მუსასირში ძვ.წ. VIII საუკუნეში მოუპოვებია ირანული სახელწოდება ბაგმაშთუ; ეს მოვლენა მიუთითებს, რომ ხური-ურარტულ მოსახლეობას შეერია ირანული ტომი" (გ.მელიქიშვილი, 1999, გვ.29, 41). 
ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან კავკასიაში ლოკალიზებული ერგატიული კონსტრუქციის ენის მქონე ხალხის ერთი ნაწილი - ქართველურ-კავკასიური მოდგმა (კოლხები, მოსხები/მუსკები, ტაოელები, აბაშები/აბაზები, ჩრდილოკავკასიელები...) ჰალისის, მტკვრის, ჭოროხის, რიონ-ყვირილის, ენგურის, ლიახვის ხეობებში და ჩრდილო-კავკასიის ნაწილში ქმნის დიდ კოლხურ-ყობანურ კულტურას; რომელსაც, პირობითად, შეიძლება ვუწოდოთ აია-კოლხეთის ეთნო-კულტურა. ალბათ, ნაწილობრივ, მის ველშივე ჩანან ე.წ. ნაირის ქვეყნები, ცენტრალური კაბადოკიის აღმოსავლეთ (და ჩრდილო-აღმოსავლეთ) ნაწილში მცხოვრები მესხ/მუშქების, ქაშქების, ტიბარენებისა და სხვა ქართველური ტომების საცხოვრისები. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა თ.მიქელაძის დასკვნა:
"აიას სამეფო წინ უსწრებდა კულხას გაერთიანებას; ამიტომ მითში ოქროს საწმისის შესახებ აიეტის სამეფოს სახით აისახა დაიაენის (იგივე აიას) სამეფო, რომელიც ჯერ კიდევ ძვ.წ. XII საუკუნის მიწურულშია დამოწმებული ტიგლათფილესერ I წარწერაში" (თ.მიქელაძე, 1974, გვ.79-85); შდრ., დაიაენის მეფე 60 ტომს წინამძღოლობს; მათ შორის არიან შავი ზღვის სანაპიროს ტომებიც; შდრ., აგრეთვე: "არგონავტიკის უძველეს ვერსიებში, ქვეყანა, სადაც არგონავტებმა ილაშქრეს, ბერძნებისათვის აიას სახელით იყო ცნობილი, ხოლო უფრო გვიან კი – კოლხიდად მოიხსენიება" (ო.ლორთქიფანიძე, 1986, გვ.32).
სავარაუდოა, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ანატოლიაშიც არქეოლოგიურმა ძიებებმა კოლხური კულტურის კვალი აღმოაჩინოს; შდრ., იოსებ ფლავიუსის აზრით, მოსოხ/მეშეხები კაბადოკიაში არიან; ამავე აზრს ადასტურებენ თანამედროვე მეცნიერებიც, იხ. ნ.ხაზარაძე, 2000, გვ.12: "ჰეკატესეული და ჰეროდოტესეული მოსხები-მესხები ძვ.წ. VI-V საუკუნეებში კაბადოკიაში, მდ. ჰალისის (დღევანდელი ყიზილ-ირმაკის) აუზში მცხოვრები ტომების აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიაზე ბინადრობდნენ, დღევანდელი ტოკატ-ყარაჰისარ-გიუმუშხანეს სანახებში, ხოლო ძვ.წ. IV საუკუნის ბოლო მეოთხედში ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს რეგიონში (სამცხე, ჯავახეთი, კლარჯეთი, ეგრი, შავშეთი, ერუშეთი, ტაო, კოლა, არტაანი, ბასიანი) ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება შექმნეს, რომლის სამხრეთი საზღვარი დღევანდელ ერზინჯანთან გადიოდა; სტრაბონი ამ გაერთიანებას "მოსხების ქვეყანას" (მოსხიკეს) უწოდებს, ხოლო "მოქცევა~ ქართლისა~ს" ავტორი - არიან-ქართლს". 
დავძენთ:
ლოგიკურია, რომ ძვ.წ. VII საუკუნეში ბალკანეთიდან სამხრეთის გზით (შდრ.: ჰეროდოტეს მიხედვით, ჩრდილოკავკასიის უღელტეხილებიდან) კიმერიელებისა და სკვითების გამანადგურებელი შემოსევის შემდეგ მესხურ-კოლხური (მოსხურ-ქაშქური) ტომების კულტურულმა ცენტრმა ანატოლია-კაბადოკიიდან ჩრდილოეთით გადმოინაცვლა: ჯერ სამხრეთ ამიერკავკასიაში (თორთუმში? არტანუჯში? ოლთისში?), შემდეგ კი - ძვ.წ. IV-III საუკუნეებში, უფლისციხე-მცხეთასა და ქუთაისში; შდრ., ქუჯ-ფარნავაზის პერიოდში ცენტრი ხდება მცხეთა/თბილისი, მაგრამ შემდგომ პერიოდშიც, ქართველური მოდგმის კულტურულ-პოლიტიკური ცენტრები ამავე გეოგრაფიულ სამკუთხედზე მოძრაობენ: ბანა/არტანუჯი (აშოტი, დავითი) - ნოქალაქევი/ქუთაისი - (ბაგრატი/გიორგი) - თბილისი (დავითი/თამარი)...
კოლხური კულტურის შემქმნელი ხალხის სახელმწიფოს ძირითადი ენა, სავარაუდოა, იყო საერთოქართველური კოინე/ენა, რომლის უშუალო მემკვიდრეა სამწიგნობრო ქართული (იხ.ქვემოთ).
ბ. მეცნიერების განვითარების თანამედროვე ეტაპზე რთულია, საბოლოოდ გადაწყვეტილად ჩაითვალოს სამხრეთ ევროპისა (ბალკანეთის, აპენინისა და პირინეის ნახევარკუნძულებზე) და აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს არაინდოევროპელი მოსახლეობისა და პროტოქართველური ხალხის (ენების) ნათესაობის პრობლემა, თუმცა, საამისოდ ბევრი საყურადღებო მონაცემი არსებობს; კერძოდ:
ა. მტკვარ-არაქსის კულტურის შთამბეჭდავი ელემენტები დასტურდება არა მხოლოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, არამედ - ევროპაშიც: "ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რიგ კულტურებში ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარსა და ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში (ადრეუნეტიცის, გლინა III - შნეკერბერგი, ბელოტიჩ-ბელაცერკვა და სხვა) შეინიშნება მსგავსება კავკასიის ადრებრინჯაოს ხანის კულტურასთან (ლ.მახნიკი). თანაც თანხვდომა იმდენად დიდია, რომ ის ვერ აიხსნება კონვერგენციულობით ან სავაჭრო კონტაქტებით. ალბათ ადგილი ჰქონდა მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელ ტომთა შეღწევას კავკასიიდან ევროპაში" (გ.ავალიშვილი, 1994, გვ. 55). გ.მირცხულავასა და ნ.მირცხულავას აზრით, ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისიდან აღმოსავლეთ ევროპის მეტალურგია მჭიდროდ არის დაკავშირებული კავკასიასთან; ამ დროს კავკასიაშიც და ევროპაშიც ბატონობს დარიშხანიანი ბრინჯაო, თუმცა უნგრეთში ჩანს ანტიმონიანიც. მას კარპატულ-დუნაისპირულ ლითონს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ფორმები ძირითადად მაინც კავკასიურია. ამ პერიოდში და, შეიძლება ცოტა უფრო ადრეც, კავკასიაშიც არის ანტიმონიანი ბრინჯაო - აფხაზეთის დოლმენებსა და საჩხერის მასალებში. დიდია მსგავსება თიხის პლასტიკაშიც... უნდა აღინიშნოს, აგრეთვე, ჩრდილოკავკასიური მტკვარ-არაქსული მასალების კავშირები ევროპულ მასალებთან. ეს კავშირები უნდა აიხსნას ჯერ კიდევ ნიკო მარის მიერ ნავარაუდევი კავკასიიდან მელითონე იაფეტური ტომების დიდი გადასახლებით (გ.მირცხულავა, ნ.მირცხულავა, 2001, გვ.5). სამეცნიერო ლიტერატურაში კავკასია-ევროპის ხაზზე ტომთა გადაადგილება ნავარაუდევია ორი გზით: კავკასია - აღმოსავლეთ ევროპა - დასავლეთ ევროპა; კავკასია-მცირე აზია - ევროპა (გ.ავალიშვილი, 1994, გვ. 55). ორივე მოსაზრება მხარს უჭერს მტკვარ-არაქსის კულტურის კავკასიურ წარმომავლობას, თუმცა დამატებით კვლევას მოითხოვს ხალხთა გადასახლების მიმართულების საკითხი.
ბ. ძირითადად ეთნოლოგიურ-კულტუროლოგიური ხასიათის მსჯელობების საფუძველზე XIX-XX საუკუნეებში სპეციალისტთა ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ძვ.წ. V-III ათასწლეულებში პროტოქართველური (პროტოკავკასიური) მოდგმა "აღავსებდა არა მხოლოდ კავკასიას, არამედ ინდოსტანის ნახევარკუნძულის დიდ ნაწილს, ხმელთაშუაზღვის აუზს, ჩრდილო და სამხრეთ ევროპას, პირინეებს, ეგეოსის არქიპელაგს და მცირე აზიას" (ზ.გამსახურდია, 1991, გვ.27-29; აქვე, იხ.: ვ.ჰუმბოლდტის, ნ.მარის, ს.ყაუხჩიშვილის, ტ.მარგველაშვილის, ა.ლოსევის, ო.ნეერახერის, რ. გორდეზიანის და სხვა მკვლევართა მოსაზრებების შესახებ). გ.ქავთარაძის კვლევამ საინტერესო პარალელები წარმოაჩინა მინოსური კრეტისა და ანატოლიის მოსახლეობის პელაზგებთან იდენტიფიკაციის თვალსაზრისით (გ.ქავთარაძე, 1985, გვ.13-19); შდრ., პელაზგები არიან ეტრუსკთა წინაპრები; ეტრუსკები აპენინის ნახევარკუნძულზე მოდიან დასავლეთი მცირე აზიიდან; შდრ.: ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, კოლხიდის მეფე აიეტი პელაზგია (ა.ურუშაძე, 1964, გვ.16-17, 22-26: ბერძნული წყაროების მიხედვით, კოლხეთის მეფე აიეტი კორინთოდანაა; იასონი და მედეა კორინთოში ჩადიან, როგორც თავიანთ სამემკვიდრო ქვეყანაში, ხოლო მედეას შვილიშვილი ილოსი მერმეროსის ძე ტროას ომის დროს კორინთოს პატრონი იყო). 
სამეცნიერო ლიტერატურაში აქტიურად განიხილება კავკასიური ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული მონაცემებისა (ოქროს საწმისი, მითოლოგიური გმირები, გველი/გველვეშაპი, მიწის რიტუალი, სახლის საძირკვლის ჩაყრის რიტუალი, ბატონების/ღვთაებების გამხიარულება...) და ხათური მითოლოგიური თუ საკულტო სისტემების საერთოობის თემა (სამეცნიერო ლიტერატურისა და საკითხის მიმოხილვისთვის იხ.: გ.ქავთარაძე, 1985, გვ.36-38; ქ.სიხარულიძე, 2003; ხელნაწერი შრომა); მაგ., ფ.ჰაასი ასკვნის, რომ თქმულება ოქროს საწმისის შესახებ ხათური წარმოშობისაა, ხოლო ოქროს საწმისის კულტი გავრცელებული იყო მთელ წინა აზიაში (ო.ლორთქიფანიძე, 1986, გვ.34).
თანამედროვე კულტუროლოგიურ-ანთროპოლოგიური ძიებანი საინტერესო თანხვედრას ავლენს უძველეს კავკასიურ-წინააზიურ და წინარებერძნულ მითებს შორისაც; მაგ., ქ.თუითის აზრით, ჰომეროსისეული თესალიელი აქილევსი და ქართველურ-აფხაზურ-ოსური ამირანი ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს (ორივე გმირის დედა არის ბუნების ქალღმერთი; ქალღმერთი/დედა მოკვდავ მონადირესთან წვება გამოქვაბულში; ორივე გმირი შეიძლება იქცეს მთავარი ღმერთის მეტოქედ; შვილი უდროოდ ტოვებს დედის საშოს და, საერთოდ, დედის გარეშე რჩება; ორივე ხდება უძლეველი მეომარი; ორივე თავისი სახლის (ოიკოსის) გარეთ, ლიმინალურ სივრცეში ცხოვრობს; ორივე გმირს ამარცხებს ღმერთი შუამავლის გამოყენებით... ამირანისა და აქილევსის ციკლები წარმოადგენენ ერთსა და იმავე წინაისტორიულ სიმბოლოთა მტევნის ვარიანტებს (ქ.თუითი, 1998).
შდრ., აგრეთვე, ქ.თუითის შემდეგი სხვა დასკვნა:
კავკასიის ერებში ფართოდ გავრცელებულია ნანადირევი, შეჭმული და შემდეგ გაცოცხლებული ჯიხვის ხის ბეჭის (პროთეზის) მითოლოგიური მოტივი; მას პარალელები ეძებნება ევროპაშიც და აზიაშიც; კერძოდ, ეს მითოლოგიური მოტივი შემორჩენილია სამი ევრაზიული ქედის: ალპების, კავკასიონისა და ჰიდუკუშის ირგვლივ მოსახლე ხალხებში; ეს ფაქტი ეხმიანება ამერიკელი პალეოლინგვისტის - ჯონ ბენგსტონის მიერ ნავარაუდევი მაკრო-კავკასიური უძველესი ენის (მოსახლეობის, სადაც ბასკებიც შედიოდნენ) არსებობის შესაძლებლობის იდეას (ქ.თუითი, 1996). არ ჩანს შემთხვევითი, რომ ხის ბეჭის მითოლოგიური მოტივის მქონე ხალხების ენები მსგავსებას ავლენენ: იბერიულ-კავკასიური, ბასკური და ბურუშული ენები ერგატიული კონსტრუქციისანი არიან. ეს ფაქტები არ არის საკმარისი, ამ ენათა/ეთნოსთა საერთო წარმომავლობა რომ ვამტკიცოთ, თუმცა, ფაქტები ნიშანდობლივია... ამ კონტექსტშივეა საინტერესო ქართველ მკვლევართა ტერმინები: პროტოქართული, პროტოიბერიული (ს.ყაუხჩიშვილი, ზ.გამსახურდია), იბერიულ-კავკასიური (ივ.ჯავახიშვილი, არნ.ჩიქობავა...) და სხვ., რომლებიც ჯონ ბენგსტონის ტერმინებზე (მაკროკავკასიური, სინოკავკასიური/დენეკავკასიური) ადრეა შექმნილი და წარმატებულად დამკვიდრებულიც.
ც. ეგეოსური, ქართველურ-კავკასიური და მცირეაზიურ-ანატოლიური ენობრივი მასალის სიახლოვე და ამ მიმართულებით კვლევის პერსპექტიულობა აჩვენა რ.გორდეზიანმა; კერძოდ, ის ასკვნის: "ეგეოსურსა და ქართველურ ენებს შორის არსებობს გარკვეული მიმართება; ეს მიმართება ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამის წარმოდგენა სურს ზოგიერთ მეცნიერს... მუშაობის ამ მიმართულებით გაგრძელებამ, ყველა იბერიულ-კავკასიური ენისა და ხმელთაშუა ზღვის ძველი ენების ღრმა შედარებითმა ანალიზმა შეიძლება მომავალში მრავალი საყურადღებო აღმოჩენის წინაშე დაგვაყენოს" (რ.გორდეზიანი, 1970, გვ.253); "ქართველური და, საერთოდ, კავკასიური მასალის გათვალისწინება სავსებით აუცილებელი გახდება ხმელთაშუა ზღვის ისეთ კულტურათა შესწავლისათვის, რომელნიც დღემდე ამდენ ამოუცნობ საიდუმლოს ინახავენ" (რ.გორდეზიანი, 1985, გვ.170; პრობლემის ისტორიისათვის იხ., აგრეთვე, ა.ნემიროვსკი, 1983, გვ.80-82). 
დ. ნ.მარისა და არნ.ჩიქობავას აზრით, ერგატიული კონსტრუქციის მქონე ბასკური და იბერიულ-კავკასიური ენების (ხალხების) ნათესაობაც "უთუოდ დადებითად წყდება" (ნ.მარი, 1927; არნ.ჩიქობავა, 1979, გვ.302); შდრ., სხვადასხვა ენობრივი მოვლენის ანალიზის შემდეგ ა.ტოვარი წერს: "კავკასიური ენები ერთიმეორისგან ღრმად განსხვავებულ თავისებურებებს ამჟღავნებენ, მაგრამ ბასკურთან ნათესაობა არც ერთი მათგანისთვის არ გამოირიცხება... ბასკურ-კავკასიური ნათესაობის ფაქტი, შემჩნეული ესპანელი ფიტას მიერ და დადასტურებული შუხარდტის, ტრომბეტის, ულენბეკის, დიუმეზილის, ბოუდას და ლაფონის მიერ უფრო სისტემური შესწავლის საფუძველზე, არის აღმოჩენა, რომელიც ძალზე შორეული და უცნობი წარსულიდან მომდინარე ფაქტს გამოავლენს..." (ა.ტოვარი, 1980, გვ.33-35). ბასკურ-ქართველური ენობრივი სიახლოვის მაჩვენებელი შთამბეჭდავი პარალელებია წარმოდგენილი ა.ტოვარის ნაშრომზე დართულ არნ.ჩიქობავას გამოკვლევაში - "ბასკურის ნათესაობის საკითხი ანტ.ტოვარის წიგნში: "ბასკური ენა"; კერძოდ, ლექსიკური პარალელების გარდა, არნ. ჩიქობავას აზრით, ბასკურისა და იბერიულ-კავკასიური ენების ისტორიულ-გენეზისური მიმართების ამსახველი საერთო სტრუქტურული მოვლენებია: პოსტპოზიციური მსაზღვრელის მიმართება ბრუნვის პროცესთან; ერგატიული ბრუნვა; ზმნის პიროვანი, კლასოვანი და კლასოვან-პიროვანი უღლება; ობიექტისა და სუბიექტის აღნიშვნა გარდამავალ ზმნაში; ორგანული და აღწერითი წარმოების ხვედრითი წონა; ზმნის ფუძის სახელური ბუნება; გვარის კატეგორია; ერგატიული კონსტრუქციის არსებობა სინტაქსში; სახელის გრამატიკული კლასის კატეგორია და სემანტიკური კატეგორია (ვინ? და რა ?) და სხვა. 
ბასკურ-კავკასიური ნათესაობის შესახებ ფასეული მსჯელობები აქვთ: ნ.მარს, ივ. ჯავახიშვილს, კ.ულენბეკს, ჰ.ფოგტს, რ.ლაფონს, ჰ.კინტანას, შ.ძიძიგურს, ი.ზიცარს, ი.ბრაუნს, გ.ჩანტლაძეს, ნ.სტურუას, ს.გაბუნიას... განსაკუთრებით საყურადღებოა ი.ზიცარისა და ი.ბრაუნის ნაშრომები (პრობლემის მიმოხილვის შესახებ იხ., აგრეთვე, გ.ბურჭულაძე, 2005, გვ.196-202). 
თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში სიფრთხილით ეკიდებიან წინარექართველური სამყაროსა და წინარებერძნული კულტურის იგივეობის თემას; თუმცა, სპეციალისტთა მიერ წარმოდგენილი ლინგვისტურ-კულტუროლოგიურ-ისტორიული პარალელები მართლაც შეიძლება იყოს წინარექართველურ-კავკასიური (აღმოსავლეთ იბერიული), პელაზგური, ეტრუსკული, ბასკური და სხვა ძველი ენების, შესაბამისად, იბერიული მოდგმის ხალხების დიდი საერთო წარსულის მამტკიცებელი (ეტრუსკულ-პელაზგური ეთნოსის მცირეაზიური წარმომავლობის შესახებ იხ.: რ.გორდეზიანი, 1970; ა.ნემიროვსკი, 1983, გვ.61; გ.ქავთარაძე, 1985 და სხვ.). პრობლემა ახალი თაობის მკვლევარს ელის (ვინც არსებულ ცოდნას ახლებური მეთოდით შეაჯამებს).
ამრიგად, სპეციალისტთა კვლევების შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველთა წინაპრების თავდაპირველი საცხოვრისი იყო კავკასიაც და მცირე აზიის ერთი ნაწილიც; თუმცა, რთულია საზღვრების ზუსტად განსაზღვრა. უძველესი პერიოდის წერილობითი წყაროების არარსებობის პირობებში ამ მიმართულებით გარკვეული ინფორმაცია შეიძლება მოგვცეს არქეოლოგიურმა ძიებებმა, ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ენათა დივერგენცია/ინტერფერნციის დათარიღებით შესაძლებელი გახდება მოცემული ეთნოსის ისტორიისა და არქეოლოგიური კულტურის სინქრონიზება.