Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
2.2. აიეტიდან ფარნავაზამდე: კოლხური კულტურა";
აიეტის ქვეყნის შესაძლო ოფიციალური ენის 
- საერთოქართველური ენის -
თეორიული მოდელი და არსებობის დრო

2.2.1. კოლხური კულტურის საზღვრების საკითხი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით

არქეოლოგთა და ეთნოლოგთა თანამედროვე გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ბრინჯაოს ხანაში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში თვისობრივად ერთგვარი – ძელური ტიპის მონოგამიური დასახლებებია; განსხვავებას ქმნის მხოლოდ ნაგებობათა გარეგნული ფორმა, რომელიც შეპირობებულია კლიმატური პირობებით (პ.ბუხრაშვილი, 2003, გვ.122-124, 199-207). II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ჭოროხის ხეობასა და მტკვრის ზემოწელში უკვე დასტურდება კოლხური კულტურის ელემენტები; მაგ., ყარსის მუზეუმში დაცულია ისტორიული საქართველოს პროვინციაში - არტაანის რეგიონში - ნაპოვნი II ათასწლეულის შუა პერიოდის კოლხური კულტურის ნიმუშები; ანალოგიური მასალაა ცენტრალურ ქართლშიც (იხ. სამთავროს გვიანბრინჯაო-ადრერკინის კერამიკის იდენტური მასალა): 
ი.გაგოშიძისა და ჯ.აფაქიძის გამოკვლევებმა სავსებით დაადასტურა ბ.კუფტინის მოსაზრება, რომ შიდა ქართლის არქეოლოგიური მასალა კოლხური კულტურის ორგანული ნაწილია: "ათასწლეულიდან მოყოლებული, ტახტიძირისა და ცხინვალის რეგიონის არქეოლოგიური მასალა მხოლოდ კოლხური კულტურის "ფილტრაციით" ვერ აიხსნება; ქართლის იბერია უშუალო მონაწილეა დიდი კოლხური კულტურისა" (ი.გაგოშიძე, 1964, გვ.86; ი.გაგოშიძე, 1997; ი.გაგოშიძე, 2003; ჯ.აფაქიძე, 2002).
ალ. რამიშვილის დასკვნით, II ათასწლეულის ბოლოსა და I ათასწლეულის დასაწყისში კოლხური კულტურა ფართოდაა გავრცელებული "მთელი შიდა ქართლის ტერიტორიაზე", ხოლო "თლის სამაროვანზე გამოვლენილი მატერიალური კულტურა, ძირითადად, კოლხურ-ყობანურ სამყაროსთან ჩანს დაკავშირებული" (ალ. რამიშვილი, 1999, გვ.130). შდრ., აგრეთვე: "II ათასწლეულში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დომინირებს ცენტრალურ-ამიერკავკასიური კულტურა, მაგრამ I ათასწლეულის დასაწყისიდან აქ მატერიალური კულტურის ხასიათი მკვეთრად იცვლება და კოლხური ელემენტების საფუძველზე ყალიბდება" (ვ. ლიჩელი, 1999, გვ.106).
აქვე, საყურადღებოა მ.აბდუშელიშვილის დასკვნა: უძველესი პერიოდიდან რკინის ხანის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის შედგენილობაში რაიმე არსებითი ძვრები არ მომხდარა. ამიერკავკასიის მონაცემების "მსგავსი ანთროპოლოგიური ტიპი შეინიშნება, აგრეთვე, კავკასიის ქედის გადაღმა, ყობანის კულტურის მატარებლებში" (მ.აბდუშელიშვილი, 1987, გვ. 27). 
კოლხურ-ყობანური კულტურის გავრცელების მთელ არეალსა და ქრონოლოგიურ საზღვრებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოლხური კულტურის შემქმნელი მოდგმის თუ სახელმწიფოს პოლიტიკურ-კულტურული გავლენის თავდაპირველი ველი მოიცავდა შავიზღვისპირეთს სინოპიდან სოჭამდე, ჭოროხის ხეობას, მთელ დასავლეთ საქართველოს, მტკვრის ზემოწელს მცხეთის ჩათვლით, ლიახვის ხეობას და ჩრდილო კავკასიის ნაწილს; შესაბამისად, ნაკლებსარწმუნოა მოსაზრება, რომ ძვ.წ. V-IV საუკუნეებში "უნდა გაევრცელებინა თავისი ძალაუფლება კოლხურ სახელმწიფოებრიობას აღმოსავლეთ საქართველოზეც" (ი.გაგოშიძე, 1965, გვ.87; შდრ., ტ.ფუტკარაძე, 1999, გვ.16; ტ.ფუტკარაძე, 2000, გვ.330-332; ი.გაგოშიძე, 2003, გვ.95). შდრ.: ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ვარაუდობენ, რომ კოლხური კულტურის საზღვრები მოიცავდა II ათასწლეულში მცხოვრები ქასქების/მუსქების/მოსხების, შესაბამისად, ძვ.წ. IV-III საუკუნეების მოსხიკეს მოსახლეობის განსახლების ტერიტორიასაც მდინარე ჰალისის აუზამდე (ნ.ხაზარაძე, 1984, გვ.193); აქვეა მტკიცება (გვ.194), რომ "ზემო ევფრატისპირეთში ძვ.წ. XII საუკუნეში მოსული მუშქები, ასევე ძვ.წ. X საუკუნის ბოლო მეოთხედით დათარიღებულ ხართაფუს ლუვიურ-იეროგლიფურ წარწერებში მოხსენიებული მუსქებიც ორგანულად უკავშირდებიან იმ რეგიონს, სადაც, ძველი ბერძნული წერილობითი წყაროების მოწმობით, ქართველური, სახელდობრ, მოსხურ-მესხური წარმოშობის ტომები იყვნენ განსახლებული"... 
ნიშანდობლივია, რომ მუშქების ტერიტორია და ისტორიული კაბადოკია ერთმანეთს გარკვეულწილად ფარავს... ლოგიკურად დაისმება საკითხი მუშქებისა და კაბადოკიელების ნათესაობის შესახებაც (შდრ., იოსებ ფლავიუსი: "მოსოხებს ახლახან კაბადოკიელები ეწოდათ"). ამ ფონზე, უკვე საყურადღებო არგუმენტად გამოდგება სტრაბონის ცნობა მოსხების ტერიტორიის გვიანდელი დანაწილების შესახებ (წელთაღრიცხვათა მიჯნაზე მოსხების ქვეყნის ერთი ნაწილი აქვთ კოლხებს, მეორე - იბერებს, მესამე - არმენიელებს). მოსხების ქვეყნისა და ძველი კოლხეთის იდენტიფიკაციის, აგრეთვე, ლევკოთეას ტაძრის ლოკალიზაციის საკითხის მიმოხილვისათვის იხ., ა.იოსელიანი, 1973). ვფიქრობთ, მუშქების, მესხების (მოსხების) და კოლხების იგივეობა - ქართველური წარმომავლობა უდავოა (შდრ.: სათანადო არგუმენტების გარეშე, მუშქებს პროტოარმენებად თვლის ი.დიაკონოვი; იხ., ი.დიაკონოვი, 1985).
ლოგიკურია ვარაუდი, რომ კოლხური არქეოლოგიური კულტურა მოიცავდა ძველი კოლხას საზღვრებს (ეს კულტურა შეიქმნა კოლხას სახელმწიფოში):
ურარტული და ასურული წყაროების მიხედვით, II ათასწლეულის მეორე ნახევარსა და I ათასწლეულის პირველ ნახევარში შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებობდა კოლხას სამეფო, რომლის სამეფო ქალაქი ჭოროხის ხეობაში იყო ილდამუსა. ი. ჯავახიშვილის, გ. მელიქიშვილის, გ. იმნაძისა და სხვათა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კულხა/კოლხა ეტიმოლოგიურად დაკავშირებულია ისტორიულ კოლასთან - ერთი ქართველური ოლქის სახელთან, იგი მრავალ ტომს აერთიანებდა. სამეცნიერო ლიტერატურაში ნ.მარის მიერ დასმულია საკითხი ილდამუსასა და არტანუჯის იგივეობის შესახებ; ამ დაკავშირების დამატებით არგუმენტად შეიძლება გამოდგეს წარმოდგენილი ორი სახელის ფონემატური მსგავსება: თანხმოვანთა ფაქტობრივად იდენტური შემადგენლობა და ხმოვანთა დიდი მსგავსება (ფონეტიკურად პრობლემურია მხოლოდ პირველი ხმოვნის საკითხი)... აქვე საყურადღებოა დ.ხახუტაიშვილის დასკვნა: კოლხას შექმნაში არსებითი როლი უნდა შეესრულებინა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, სადაც რკინის წარმოების ცენტრი იყო (დ.ხახუტაიშვილი, 1995, გვ.70-71). მიჩნეულია, რომ ჭოროხის ხეობა მეტალურგიის ცენტრი იყო: "არსად საქართველოში არ არის აღმოჩენილი ისეთი რაოდენობით ადრეული სახეობის ცულების დამამზადებელი ყალიბები, როგორც აჭარის ტერიტორიაზე; სახელდობრ, საქართველოში აღმოჩენილ ყალიბთაგან 1/3 აჭარაზე მოდის" (მ.ინაძე, 2000, გვ.113).
არქეოლოგთა დასკვნით, გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის პერიოდში (ძვ.წ. XIII-IX სს) დასავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში სხვა არქეოლოგიური კულტურაა და აღმოსავლეთში სხვა; ამავე დროს ფაქტია, ადრექრისტიანული პერიოდის ჩათვლით, კოლხური კულტურა შთამბეჭდავადაა წარმოდგენილი არა მხოლოდ სამხრეთ საქართველოსა და დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში (ვ.ჯაფარიძე, 2002), არამედ ქართლ-კახეთის ცენტრალურ ნაწილსა და ჩრდილოკავკასიშიც კი (იხ. ზემოთ). თუ გავითვალისწინებთ, რომ ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე ქართველური მოდგმისა და კულტურის ცენტრი უფრო სამხრეთითაა საგულვებელი, უნდა დავუშვათ, რომ კოლხური კულტურის გავრცელების ველი ძირითადად ემთხვევა ქართველურ ენობრივ სამყაროს; შდრ., კოლხურ-ყობანური კულტურის საზღვრები: სინოპი, ყობანი, ბიჭვინთა (სოჭამდეა კოლხური თეთრის ველი); შდრ., ლეონტი მროველი: ქართლი - ხუნანიდან ვიდრე სპერის ზღვამდე... აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილის მატერიალური მასალა უფრო შეიძლება ასახავდეს ქართველურის მონათესავე სხვა ტომების კულტურას. 
ნიშანდობლივია: გ.მელიქიშვილის აზრით, კოლხი საერთოქართველია, ზოგადქართველია (იხ., ნარკვევები, I, გვ. 432); შდრ., აგრეთვე: მ.ინაძის (2001, გვ.96-97) დასკვნით, ე.წ. კოლხური სკეპტუხიები არ იყო ტომობრივი გაერთიანებები; ამგვარივე ავტონომიური წარმონაქმნები იყო ქართლში; შდრ., ფარნავაზის სახელმწიფო ამავე (ტერიტორიული) პრინციპითაა დაყოფილი საერისთავოებად (მ.ინაძე, 2002, გვ.103). 
კოლხას შესახებ ორიგინალური მსჯელობაა წარმოდგენილი ა.ბილლის ნაშრომში (ა.ბილლი, 2003); მოვიყვანთ მის რამდენიმე დებულებას: 
- კოლხეთის სამეფოს არსებობა, რაც ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში განიხილება როგორც ფაქტი, წყაროებით არ დასტურდება; 
- ამ რეგიონში პირველი ქართული სახელმწიფო ყალიბდება რომაელების, სარმატებისა და ალანების აქტივობის შემდეგ ქრისტემდე II საუკუნის დასასრულს; 
- საქართველო შავი ზღვის ნაპირებზე ჩამოყალიბებულ იმ ბერძნულ-სკვითური სამყაროს ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც განსაკუთრებულად განვითარდა სწორედ ევრაზიელი მომთაბარეების ზეგავლენის გამო...(ა.ბილლი, 2003, გვ. 54-62).
ა.ბილლის ამ ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოში აღმოჩენილი ადრეული სამარხების მასალები, მაგრამ სათანადოდ არაა შესწავლილი ისტორიული საქართველოს მთელი სივრცე; გარდა ამისა, საკმარისად გათვალისწინებული არ არის ბერძნული, ასირიული, ურარტული, ქართული (და სხვა) წერილობითი წყაროები და არც ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული არგუმენტირებული მოსაზრებები. პ.ბუხრაშვილის მართებული შენიშვნით, ა.ბილლის მიერ "მომიზეზება იმისა, რომ იგი არ ფლობს ქართულ ენას, არგუმენტად არ გამოდგება" (პ.ბუხრაშვილი, 2003, გვ. 63-66). 
ვფიქრობთ, საკამათო არ არის, რომ ძვ.წ. II-I ათასწლეულების მიჯნიდან კავკასიასა და ჩრდილო ანატოლიაში არსებობს ქართველური სახელმწიფოები; ერთ-ერთი იყო აია/კოლხა, რომლის სახელსაც არგუმენტირებულად უკავშირებენ კავკასიაში რეალურად არსებულ არქეოლოგიურ კულტურას.