Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
 

2.2.2. კოლხური კულტურის შემქმნელი ეთნოსის ენის საკითხი

არქეოლოგიური კულტურა თავისთავად არც ერთ ენაზე არ მეტყველებს, ამდენად, კერამიკა თუ ლითონის ნაწარმი რაიმე მტკიცების საშუალებას არ იძლევა; მატერიალური კულტურის მემკვიდრეობითმა ხასიათმა მხოლოდ გარკვეული ეთნოკულტურული და პოლიტიკური ველის არსებობაზე შეიძლება მიგვანიშნოს. როგორც უკვე იყო აღნიშნული, არქეოლოგიური კულტურის შემქმნელი ხალხის ენის ხასიათზე წარმოდგენა შეიძლება მოგვცეს ან კონკრეტულმა წერილობითმა ძეგლებმა, ან ლინგვისტური ანალიზის შედეგებმა; კოლხური კულტურის ენის დადგენის მცდელობისას ლინგვისტებს ორი ტიპის არგუმენტები მოჰყავთ; რამდენად მყარია ისინი? განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.
სამეცნიერო ლიტერატურაში კოლხური კულტურის შემოქმედი ეთნოსის შესახებ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პირველი მოსაზრება გამოთქვა ი.დიაკონოვმა: მისი აზრით, "კოლხური კულტურა თავისი გავრცელებულობის მთელ არეალზე, მათ შორის, ჩრდილო-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთშიც და სამხრეთ აღმოსავლეთ ორდუმდე დასავლურ-ქართულ ეთნოსს ეკუთვნის" (ი.დიაკონოვი, 1968, გვ.120,106); ეთნოსის შესახებ გამოთქმულ ამ ვარაუდს არავითარი დასაბუთება არ ახლავს (ამის შესახებ იხ. თ.მიქელაძე, 1974, გვ.74). აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ი.დიაკონოვის მსჯელობაში არ ჩანს დასავლურ-ქართული ეთნოსის ცალკე ერთეულად გამოყოფის არგუმენტი; შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ეყრდნობა გ.კლიმოვის მიერ 1952 წელს გამოთქმულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც საერთოქართველურ მოდგმას 40 საუკუნის წინ გამოეყო სვანური ენა, ხოლო 28 საუკუნის წინ - ზანური ენა.

ტოპონიმიისა და არქეოლოგიური მასალის ანალიზის საფუძველზე თ.მიქელაძე შეეცადა ი.დიაკონოვის აზრის დასაბუთებას; ზანურისა და სვანურის გამოყოფის დათარიღებისას ის დაეყრდნო გ.დეეტერსის, თ.გამყრელიძისა და გ.მაჭავარიანის აზრს საერთოქართველურიდან ჯერ სვანურის, შემდეგ კი ზანურის გამოყოფის შესახებ. არქეოლოგიური მასალის მისეული ანალიზი ფასეულია, მაგრამ ტოპონიმთა ირგვლივ ლინგვისტური მსჯელობა ბევრ უპასუხო კითხვას ტოვებს, შესაბამისად, დასკვნებიც მეტად საეჭვოა (კრიტიკული ანალიზი იხ. ქვემოთ; იხ., აგრეთვე, ტ.ფუტკარაძე, 2002), მაგალითად, გაჭირდება მისი შემდეგი დებულების გაზიარება: "ზანურენოვანი კოლხები რიონის ქვემო წელზე უკვე III ათასწლეულის დასაწყისში უნდა ვივარაუდოთ" (თ.მიქელაძე, 1974, გვ.72)...
3000-5000 წლის წინ სვანურის, ზანურ-ქართულისა და ზანურის არსებობას თანამედროვე მეცნიერთა ერთი ნაწილიც ვარაუდობს; მოვიყვანთ ციტატებს ბოლო პერიოდის სამი გამოკვლევიდან:
დ.ლოსაბერიძე: ძვ.წ. IV ათასწლეულის პირველი ნახევარი მიჩნეული უნდა იქნას საერთოქართველური ენიდან სვანური ენის გამოყოფის საწყის ეტაპად; სვანური მოსახლეობა განსახლებული იყო კოლხეთის დაბლობზე, ხოლო ქართულ-ზანური ერთობა - რიონ-ყვირილასა და ქართლის რეგიონში; "დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონთა (მესხეთი, შიდა ქართლი) მსგავსებას ადასტურებს ანთროპოლოგიური მონაცემებიც" (დ.ლოსაბერიძე, 1992, გვ.230-231).
შენიშვნა: დ.ლოსაბერიძის თავისთავად საინტერესო გამოკვლევა ენათა დივერგენციის დაუსაბუთებელ სქემას ეყრდნობა: ავტორი უკრიტიკოდ იღებს გლოტოქრონოლოგიური მეთოდით მიღებულ მეტად სათუო შედეგებს და აცხადებს, რომ ძვ.წ. IV ათასწლეულიდან უკვე არსებობდა სვანური და ქართულ-ზანური ენები; შესაბამისად, ცდილობს, სვანურ და ქართულ-ზანურ "ენათა" მფლობელ "ეთნიკურ ერთობებს" მოარგოს იმდროინდელი არქეოლოგიური ლოკალური ვარიანტები, რომლებიც, სულაც, გეოგრაფიული პირობებით შეიძლება იყოს განსაზღვრული.
თ.გამყრელიძე: ძვ.წ. II ათასწლეულის დასაწყისში უკვე არსებობდა მეგრულ-ლაზურის წინაპარი "ზანური" დიალექტი, რომელზედაც "ტყავი" აღინიშნებოდა ტყოვი/ტკოვი სიტყვებით; აია-ქვეყნის მეფე აიეტი და მისი მემკვიდრენი... დასავლურ-ქართულ დიალექტზე მეტყველებდნენ, რომლის დღევანდელი გაგრძელებაა ჩვენთვის ცნობილი მეგრული და ლაზური (თ.გამყრელიძე, 1998, გვ.3).
ო.ლორთქიფანიძე: "იქმნება მყარი საფუძველი მტკიცებისათვის, რომ არქეოლოგიურად დადასტურებული ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრისა და I ათასწლეულის ეთნოკულტურული სისტემა ეკუთვნის დასავლეთ საქართველოს წამყვან ეთნოსს, რომელსაც ბერძენი და რომაელი ავტორები მოიხსენიებენ სახელწოდებით: "კოლხები", ხოლო მათ ქვეყანას - კოლხიდად. კოლხები კი აღიარებულნი არიან დასავლურქართულ ეთნოსად, რომელთა ენა - ზანური ანუ მეგრულ-ჭანური ენა წარმოიქმნა საერთოქართველური ფუძე ენის დიფერენციაციის შედეგად" (ო.ლორთქიფანიძე, 1999, გვ.113)... თავისთავად ცხადია, ცნობილი არქეოლოგის დასკვნა ემყარება ლინგვისტთა, კერძოდ, გ.კლიმოვისა და თ.გამყრელიძის მოსაზრებებს.
XX საუკუნის 90-იან წლებში სამეცნიერო ლიტერატურაში შემუშავდა განსხვავებული მოსაზრებაც; კერძოდ, რ.გორდეზიანის აზრით, ლეგენდარული კოლხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არადიფერენცირებულ ქართულ-ზანურ ენაზე ლაპარაკობდა; სწორედ ეს ენაა კოლხეთის შიდაოფიციალური ენა (რ.გორდეზიანი, 1993, გვ.38-39). ავტორი ამ დასკვნებს აკეთებს ტერმინ ფასისის ანალიზის საფუძველზე: ჰესიოდეს (VIII-VII ს.ს.) დროს დადასტურებული "ფასისი" აშკარად დღევანდელი ფოთი ( ფათი) ტოპონიმის ექვივალენტია, ე.ი. "ზანური ჯერ ჩამოყალიბებული არ იყო" - ასკვნის რ.გორდეზიანი (იქვე გვ.39).
როგორც ვნახეთ, კოლხურ-ყობანური კულტურის გავრცელების არეალი ფართოა; იგი მოიცავს: ჭოროხის ხეობას, მთელ დასავლეთ საქართველოს, მტკვრის ზემოწელს მცხეთის ჩათვლით, ლიახვის ხეობას და ჩრდილო კავკასიის ნაწილს; ძვ.წ. I ათასწლეულში აქ ბევრი ქართველურ-კავკასიური ტომი ცხოვრობდა; ბუნებრივია, მათ თავ-თავიანთი ენა-კილო ჰქონდათ. სამწიგნობრო ენის არარსებობის პირობებში შეუძლებელია, დიდ არეალზე განივრცოს და ხანგრძლივი დროით უცვლელად შენარჩუნდეს ერთი ენა; მრავალი მონათესავე დიალექტური ერთეულის პირობებში იქმნება კოინე, რომლის სიმყარე დამოკიდებულია მონათესავე ტომთა ურთიერთობის ხარისხზე, საერთო სახელმწიფოს/კულტურის სიძლიერესა და წერილობით ფიქსაციაზე. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ფართოდ გავრცელებული კოლხური არქეოლოგიური კულტურის პარალელურად არსებობდა საერთოკოლხური (ქართველური) ენობრივი კოინე, რომელსაც პირობითად საერთოქართველური ენა შეიძლება ვუწოდოთ. ჩანს, ძვ.წ. I ათასწლეულის შუა პერიოდში სწორედ ამ საერთოქართველური კონტინუუმის ბაზაზე იქმნება ქართველური ასომთავრული დამწერლობა (ქართველური ანბანის შექმნის ისტორიის ვერსიებისათვის იხ.: რ.პატარიძე, 1980; თ.გამყრელიძე, 1989; ლ.ჭილაშვილი, 2005).
კოლხური კულტურის ენის სტრუქტურის დადგენის თვალსაზრისით, საყურადღებოა ქართველური სამყაროდან ბერძნულში ნასესხებ სიტყვათა ჩვენება: 
საუკუნეების მანძილზე ბერძნულში შესული ქართველური ტოპონიმები და ეთნონიმები, როგორც წესი, საერთოქართველური (რესპ. ქართული სამწიგნობრო ენის) ფონემატური სტრუქტურის მიხედვითაა წარმოდგენილი; მაგ: ჰესიოდეს მიერ VIII საუკუნეში დადასტურებულია ფათისი (შდრ., ფოთი); III-I საუკუნეებში გვაქვს: კუტაიისი, სარაპანისი (შდრ., შორაპანი), ეკრე(ა)ტიკეს (ეგრისის) მიწა, აბაზკოი (აფხაზეთი), აფშილეთი, სუანი... (განსხვავებული მსჯელობისათვის იხ. რ. გორდეზიანი, 1993, გვ.39, 48, 55, 61, 63). რ.გორდეზიანის მიერ წარმოდგენილი მასალა, ჩვენი აზრით, უფრო ადასტურებს, რომ ძვ.წ. I ათასწლეულის დასასრულს ბერძნებისთვის ცნობილი იყო სწორედ საერთოქართველური თუ სამწიგნობრო ქართულისეული: ფათ-, ქუთაის-, სარაპანის- და სუან- ფორმები, რაც გვავარაუდებინებს, რომ ძვ.წ. I ათასწლეულის მანძილზეც, წელთაღრიცხვათა მიჯნაზეც და შემდეგაც, ბერძნებს ურთიერთობა ჰქონდათ სისინა ა ტიპის (საერთოქართველურისა და სამწიგნობრო ქართულის ანალოგიური) ენის მქონე ქართველობასთან. არსებობს ე.წ. თარიღიანი ტოპონიმიც: ძვ.წ. I ათასწლეულის შუა პერიოდის ცენტრალურ კოლხეთში სისინა ა ტიპის ენის არსებობას ადასტურებს ძვ.წ. VII საუკუნის შემდეგ დაარსებული ქალაქ ქუთაისის სახელის ქართველური ვარიანტები (იხ. ქვემოთ). 
მკვლევართა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ არგონავტთა ხომალდის სახელი საერთოქართველური ეგრ- (ეგრისი) ძირის არგ- ზანური ვარიანტისგან მომდინარეობს, ამდენადაც, II ათასწლეულში ზანური არსებობდაო - ამტკიცებენ ისინი... ხომალდ არგოს სახელის წარმომავლობა ბერძნულის მიხედვითაც აიხსნება (შდრ., ბერძნული ქორონიმი არგოსი, ან ბერძნული სახელი არგოს - "უქმი"; შდრ., ა.ურუშაძის აზრით, არგონავტი - უქმი/მოხეტიალე მენავე/მეზღვაური (შდრ., თ.გამყრელიძე, ვ.ივანოვი, 1984, გვ.908).
კოლხური კულტურის ენასთან დაკავშირებით ზოგადად მაინც უნდა განვიხილოთ საერთოქართველური ენის თეორიული მოდელის საკითხი.
როგორც წესი, მონათესავე ენობრივი (დიალექტური) ერთეულებისთვის ამოსავალი სტრუქტურის დადგენა ხდება ისტორიულ-შედარებითი მეთოდით: რეალურად არსებული ენობრივი (ფონემატური, მორფოლოგიური, სინტაქსური, სემანტიკური) სტრუქტურების შეპირისპირებითი ანალიზით აღადგენენ საერთო (ამოსავალი) ენის თეორიულ მოდელს. ქართველურ სინამდვილეში რეკონსტრუქციის პროცედურას აიოლებს თხუთმეტსაუკუნოვანი წერილობითი ძეგლები და მრავალრიცხოვანი, მაგრამ სტრუქტურულად ერთგვარი დიალექტების არსებობა (დიალექტთა დაჯგუფება და ზოგადი დახასიათება იხ. ქვემოთ); თითქმის ორი საუკუნის მანძილზე ქართველოლოგთა დიდი ღვაწლით, ქართველურ დიალექტთა შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე დადგენილია დიალექტთაშორისი ბგერათშესატყვისობები და მორფოლოგიურ-სინტაქსურ-სემანტიკური მიმართებანი; აღდგენილია პრაენის რამდენიმე ვარიანტიც; კერძოდ: 
სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს მოსაზრება, რომ საერთოქართველური ენის ფონემატური სტრუქტურის თეორიული მოდელი ძირითადად შუასიბილანტური რიგითა და სონანტი ბგერებით განსხვავდებოდა სამწიგნობრო ქართულისაგან (თ.გამყრელიძე, გ.მაჭავარიანი, ჰ.ფენრიხი, ზ.სარჯველაძე, მ.ქურდიანი...). პარალელურად, მრავალი გამოკვლევა დაიწერა, სადაც ნაჩვენებია საერთოქართველური ენისა და სამწიგნობრო ქართული ენის სტრუქტურული (ფონემატური, მორფოლოგიური, სინტაქსური, სემანტიკური) იდენტურობა; კერძოდ, არნ.ჩიქობავას, გ.როგავას, ქ.ლომთათიძის, ვ.შენგელიას, თ.გვანცელაძის, მ.ჩუხუას და სხვათა აზრით, სამწიგნობრო ქართულს დაცული აქვს ამოსავალი ძირითადი სტრუქტურული მოდელები...
წარმოდგენილ მოსაზრებებს შორის ძირითად განსხვავებას შუასიბილანტური რიგისა და სონანტების არსებობის საკითხი ქმნის; ამჟამად ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს არსებული პოლემიკის მიმოხილვა (ამ პრობლემის შესახებ მალე გამოვაქვეყნებთ ცალკე გამოკვლევას); აღვნიშნავთ კი:
ჩვენი აზრით, საერთოქართველური ძ, ც, წ, ზ, ს სიბილანტების ორგვარი რეფლექსები ზანურ-სვანურში ლოგიკურად იხსნება ფონეტიკური გარემოცვით, მორფონოლოგიური შეზღუდვით, საერთოქართველურშივე პარალელური ვარიანტების არსებობით (იხ. არნ.ჩიქობავას, ვ.თოფურიას, გ.როგავას... გამოკვლევები; იხ., აგრეთვე: ტ.ფუტკარაძე, 1988; ტ.ფუტკარაძე, 1996; მ.ჩუხუა, 2003 და რ.აბაშიას მიერ 2001-2004 წლებში გამოქვეყნებული ნაშრომები). არ არის გამორიცხული, საერთოქართველურ სიტყვათა ნაწილის ფონეტიკურ-სემანტიკური უცვლელობა ზოგჯერ განპირობებული იყოს ტერმინთა სოციალური სტატუსით; მაგ., საერთოქართველური ცხენი ზანურში პირვანდელი ფორმითაა შემორჩენილი (გ.როგავა, 1960); არ დასტურდება მოსალოდნელი *ჩხანი ვარიანტი. აქვე აღვნიშნავთ, რომ თანხმოვანთაგან ბგერათშესატყვისობებს გვაძლევს წინაენისმიერი აფრიკატები და სპირანტი ბგერები, რაც ამ ლინგვისტურ ერთეულთა საწარმოთქმო თავისებურებით - ლოკალური რიგის ლაბილურობით - უნდა აიხსნას.
ახლახან გამოქვეყნებულ ო.ქაჯაიას მეგრულ ლექსიკონში სიტყვათა დიდი ნაწილი სამწიგნობრო ენისა და ცენტრალური ქართველური კილოების ანალოგიურია (ტ.ფუტკარაძე, ე.დადიანი, 2003); ვფიქრობთ, ამ კონტექსტში ვერ გამოდგება სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული ტერმინები: ბგერათშესატყვისობათა დარღვევა და სესხება, ვინაიდან, თუკი ამდენ სიტყვაშია დარღვევა, ან ამდენი სიტყვაა "ნასესხები" სხვა ქართველური კილოებიდან თუ სამწიგნობრო ენიდან, მაშინ საკუთრივ მეგრული კილოს კუთვნილება რაღა რჩება? შესაბამისად, უფრო ლოგიკურია, ვთქვათ:
მეგრულ მეტყველებას უცვლელად შემონახული აქვს ბევრი საერთოქართველური სიტყვაფორმა; შესაბამისად, ე.წ. "ბგერათშესიტყვებათა დარღვევის" ასახსნელად სრულებით არ არის აუცილებელი, საერთოქართველურში დავუშვათ შუასიბილანტური რიგის არსებობა. შესაბამისად, საერთოქართველურისთვის სამწიგნობრო ქართულისებრი თანხმოვანთა სისტემა უნდა აღვადგინოთ, როგორც ამას ვარაუდობდა არნ. ჩიქობავა.
ასევე, აშკარად დამაჯერებელია გ.მაჭავარიანისა და თ.გამყრელიძის მსჯელობა საერთოქართველურში ი/~ და უ/E/ვ სონანტების დაშვების შესახებ იმ დამატებით, რომ ი/~ და უ/E/ვ სონანტები დღესაც არსებობს თითქმის ყველა ქართველურ ქვესისტემაში (მსჯელობისათვის იხ. ტ.ფუტკარაძე, 1998).
სამეცნიერო ლიტერატურაში საკამათოა აგრეთვე ქართველურ ენა-კილოთა "დაშლის" სქემა; კერძოდ, გ.დეეტერსის, გ.კლიმოვის, თ.გამყრელიძის, გ.მაჭავარიანის და სხვათა აზრით, საერთოქართველურს ჯერ გამოეყო სვანური, შემდეგ, ზანურ-ქართული ერთობა დაიშალა ზანურ და ქართულ ენებად; არნ. ჩიქობავასა და ქ.ლომთათიძის ვარაუდით, საერთოქართველურს ჯერ გამოეყო ზანურ-სვანური "შიშინა" თანხმოვნური ვარიანტების მქონე ენობრივი ერთობა, შემდეგ კი ზანურ-სვანური დაიშალა ზანურ და სვანურ ენობრივ ერთეულებად (საკითხის ისტორიისა და პრობლემის მიმოხილვისთვის იხ. მ.ქურდიანი, 1996).
ცნობილია: საერთოქართველურთან მიმართებით, თანხმოვანთა ერთგვარი რეფლექსები აქვთ ზანურ და სვანურ კილოებს; თუკი დავუშვებთ, რომ საერთოქართველურს ჯერ სვანური გამოეყო და 1000 წლის შემდეგ ქართულ-ზანური დაიშალა ქართულად და ზანურად, წარმოუდგენელი ფაქტი უნდა ვაღიაროთ: ჰიპოთეტური ქართულ-ზანური ენის თანხმოვნებმა ზუსტად იგივე რეფლექსები მოგვცა ზანურში, რაც - საერთოქართველური ენის თანხმოვნებმა 1000 წლის წინ - სვანურში. ვფიქრობთ, ზანურ-სვანური თანხმოვანთა სისტემის ერთნაირობა მხარს უჭერს ზანური და სვანური კილოების თანადროულობას. 
ცალკე სამსჯელოა ქართველური ბგერათშესატყვისობების ჩამოყალიბების (თუ დარღვევების) კონკრეტული მიზეზების ძიებაც: 
გავრცელებული ვარაუდით, ზანურ-სვანური ბგერითი რეფლექსები წარმოიქმნა "წარმოთქმის უკან გადაწევით" (არნ.ჩიქობავა); ამგვარი მოსაზრების საფუძველს იძლევა ძ > ჯ, ჯ > ჯგ, ა > ო, ე > ა ტიპის რეგულარული პროცესები.
ქართველურ ენობრივ ველში ბუნებრივია ლაბიოველარიზაციის პროცესი (შდრ., სხვა ენებში აქტიურია პალატალიზაცია, ნაზალიზაცია...); ცნობილია, რომ საერთოქართველურ თანხმოვანთა განსხვავებული რეფლექსები ზანურ-სვანურ ფორმათა მხოლოდ ერთ ნაწილში დასტურდება; კერძოდ, ძ, ც, წ, ზ, ს, ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ სიბილანტები მხოლოდ საერთოქართველურ ფუძეთა ერთ ნაწილში იძლევა ბგერათშესატყვისობებს (მეორე ნაწილში უცვლელი რჩება). ვფიქრობთ, ამ შემთხვევებში ზანურ-სვანური რეფლექსების წარმოქმნა უნდა აიხსნას საერთოქართველურშივე ლაბიოველარიზებული ბგერების არსებობით (ჩრდილოკავკასიური ენებისთვის დამახასიათებელი და საერთოქართველურისთვისაც ბუნებრივი ლაბიოველარიზებული ბგერების შესახებ არსებული მდიდარი სამეცნიერო ლიტარატურის მიმოხილვასა და მსჯელობას ცალკე წარმოვადგენთ); შდრ.: თანამედროვე ყველა ქართველურ კილოსა თუ სამწიგნობრო ენაშიც ბგერათა ჩამოთვლისას თანხმოვნებს დაჰყვება სუსტი ლაბიალური კომპონენტი (შდრ., ქართველური: ა, ბE, გE, დE, ე, E, ზE, თE, ი, კE, ლE, მE, ნE, ო, პE... და რუსული: а, бе, ве, ге, де, е...). აქვე საინტერესოა ცნობაც, რომ ყოველი ენის საარტიკულაციო ჩვევები მემკვიდრეობითია (ზ.ჯაფარიძე, ი.სტრელნიკოვი, 1981).
ლაბიოველარიზებულ ბგერათა მეზობლობა ჩანს მიზეზი ზანურში საერთოქართველური ა-ს ზანურ ო-დ ქცევისა; კერძოდ, ვფიქრობთ, ზანურ დიალექტებში საერთოქართველური ა-ს ნაცვლად ო-ს წარმოქმნა განპირობებულია საერთოქართველური ა ხმოვნისა და მეზობელი თანხმოვნის ლაბიალური კომპონენტის შერწყმით: ლაბიალიზებული თანხმოვნის ლაბიალური კომპონენტი და მომიჯნავე ა ხმოვანი გვაძლევს ო-ს. არალაბიალიზებული თანხმოვნის მეზობლად არსებული ა ო-ს არ იძლევა. სწორედ ამ და სხვა მიზეზებით (იხ. ქვემოთ) შეიძლება აიხსნას ის მრავალი "დარღვევა", როცა საერთოქართველური ა ზანურ კილოებში არ იძლევა ო-ს. ანალოგიური სქემით უნდა მივუდგეთ საერთოქართველური ე-ს ქართველურ რეფლექსებს: ე > ა პროცესსაც გარკვეული ფონეტიკური გარემოცვა აპირობებს; შდრ.: დღე - დღა, მზე - მჟა, წნეხ- - ჭინახ-... მაგრამ: ნემსი/ლემსი (აჭარ.) - ლემში/ლეფში (ზან.), ვერძი - ერჯი, შველი - სქვერი/მსქვერი; ე-ს უცვლელობა უმლაუტით ვერ აიხსნება, ვინაიდან იგივე ბოლოკიდური ი ხმოვანი გვაქვს მრავალ სხვა შემთხვევაში, თუმცა მაინც გვაქვს საერთოქართვ. ე > ზან. ა პროცესი (თესლი/თასი, მოზვერი/მოზარი, კვერი/კვარი... შდრ., ჰ.ფენრიხი, ზ.სარჯველაძე, 1990 და სხვ.)... აქვე საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ თუკი დავუშვებთ საერთოქართვ. ე ზან. ა ბგერათშესატყვისობის რეგულარულობას, მაშინ ზანურ კილოებში პირველადი ე ხმოვანი საერთოდ არ უნდა გვქონდეს...
ლაბიოველარიზებულ ბგერათა მეზობლობა ჩანს მიზეზი საერთოქართველური ე-ს დეპალატალიზაციისა სვანურში (ე.წ. უკანა მიმართულების უმლაუტი): საერთ.ქართ. ე > სვან. @/ა; ლაბიოველარული ბგერის გავლენით პალატალიზაციის ხარისხის კლება სხვა შემთხვევებშიც შეინიშნება; მაგ., თ.გამყრელიძემ დაადგინა უგამონაკლისო წესი (თ.გამყრელიძე, 2000, გვ.27-28): ზანურში საერთოქართველური შ გვაძლევს სქ კომპლექსს, თუკი მას ბაგისმიერი ვ/E მოსდევს: შEელი > *შქEერი > სქEერი, შაშEი > ზესქEი... ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაშიც წყვილბაგისმიერი ბგერის გავლენით მოხდა წინა თანხმოვნის დეპალატალიზაცია. ზანურში განხორციელებული ე > ა პროცესის მიზეზიც ლაბიალურ კომპონენტსა და სიტყვის სტრუქტურის ცვლილების სხვა ასპექტთან (სხვა ბგერის კლება აჩერებს ე > ა პროცესს?) მიმართებითაა საძიებელი; საკითხი შემდგომ კვლევას ითხოვს.
ზანურ-სვანურში საერთოქართველურ უკანანუნისმიერ თანხმოვნებს ველარული ბგერა უვითარდებათ: ჯ > ჯგ, ჩ > ჩქ, ჭ > ჭყ; ამ შემთხვევებში ამოსავალი ჩანს საერთოქართველური ლაბიოველარიზებული ბგერა; შდრ., შემთხვევითი არ ჩანს, რომ ყველა ქართველურ კილოში გვაქვს ველარულ და ლაბიალურ კომპონენტთა ვარიანტული გამოვლენა: წათხ-/წყათ-, ბარტყ-/ბღარტ-, ბალღ-/ბღარ-, ბღერტ-/ბერტყ-; ხვლიკ-/სლიკვ-, კვიც-/კიცვ-, ბურთ-/ბირთვ-, ჩხიკვ-/ჩხვიკ-, ღაწვ-/ღვანწ-, და თვალ-/თოლ-, ქვეყანა/ქოყანა ტიპის მონაცვლეობანი (ტ. ფუტკარაძე, 1996); გარდა ამისა, საერთოქართველურშივე ჰარმონიული კომპლექსებისა (წინაენისმიერი ხშული+უკანაენისმიერ სპირანტი) და იბერიულ-კავკასიურ ენებში ლაბიალიზებული ბგერების არსებობა საფუძველს იძლევა დავუშვათ, რომ ქართველური დიალექტური ბგერითი რეფლექსები ასახავს საერთოქართველურშივე მიმდინარე ველარიზაცია-ლაბიალიზაციის აქტიურ პროცესებს (ქართველურ ენობრივ ველში ველარიზაცია-ლაბიალიზაციის შესახებ ვრცლად იხ. ტ.ფუტკარაძე, 1998). 
შდრ.: პალატალიზებული თანხმოვნების მეზობლობაში გვაქვს დელაბიალიზაციის პროცესიც: უკანანუნისმიერი პალატალიზებული თანხმოვნების მეზობლად საერთოქართველური (ან ზანური) ო განიცდის დელაბიალიზაციას: ოცი > ეჩი, ღორი > (ღოჯი >) ღეჯი (შდრ., თ.გამყრელიძე, გ.მაჭავარიანი, 1965, გვ.167)... საერთოქართ. წარ-, ზან. ჭორ- > *ჭელ- > ჭილ- (შდრ., მ.ჩუხუა, 2003, გვ.354; ხმოვანთა შესატყვისობების შესახებ იხ., აგრეთვე, ქვემოთ: 2.2.3.). 
ლაბიალურ, ლაბიალიზებულ თუ პალატალიზებულ თანხმოვანთა მეზობლობა სხვა იბერიულ-კავკასიურ მონათესავე ენობრივ ერთეულებშიც ხმოვანთა განსხვავებულ რეფლექსებს აპირობებს; მაგ., აფხაზურში ო ხმოვანი პოზიციური წარმოშობისაა; იგი მიღებულია ა ხმოვნისგან E-ს, ან ლაბიალიზებული სხვა ბგერის ა-ზე გავლენით (ქ.ლომთათიძე, 1976, გვ.49); "რიგ ნასესხებ სიტყვაში გამსესხებელი ენის ო ხმოვნის ადგილას მოსალოდნელი Eა კომპლექსის ნაცვლად გვხვდება ა, თუკი ო-ს წინ უძღვის ბაგისმიერი, შიშინა და ზოგი სხვა ბგერა (ქ.ლომთათიძე, 1976, გვ.51) და სხვა.
წარმოდგენილ საკითხზე მსჯელობისას არსებითია, გავიაზროთ ისიც, რომ მოცემულ მონათესავე ენობრივ ერთეულებს შორის ფონეტიკურ-გრამატიკული სხვაობის მაღალი ხარისხი შეიძლება შეპირობებული იყოს არა მხოლოდ ამ ერთეულთა ადრეული დივერგენციით (პრაენიდან ადრეულ ეტაპზე გამოყოფით), არამედ სხვა მიზეზებითაც; კერძოდ, ცვლილებანი შეიძლება გამოეწვია ეთნოსთა ინტენსიურ შერევებს: კომპაქტური გადასახლებები თუ ჩამოსახლებები აპირობებს სუპერსტრატულ ან სუბსტრატულ მოვლენებს, შესაბამისად, ორივე შემთხვევაში, სტიმული ეძლევა სწრაფ და კანონზომიერ ფონეტიკურ პროცესებს; აქვე, შდრ., თ.უთურგაიძე, 1998, გვ. 62: "იმის მიხედვით, თუ რომელი ენა იმარჯვებს შერევის დროს, განარჩევენ სუბსტრატულ, სუპერსტრატულ და ადსტრატულ შემთხვევებს. შერევის ყველა სახეობაში მოქმედებს ენათა შერევის ერთი და იგივე კანონზომიერებანი" (მაგ., ქართული და ნახური ენების შერევების ამსახველი მასალა იხ. თ.უთურგაიძე, 1966, გვ. 12).
საკუთრივ ქართველურ სინამდვილეში:
ჩვენი აზრით, სარწმუნოა, რომ დღევანდელი სვანური კილოების მეტად განსხვავებულობა საერთოქართველური ენობრივი მოდელისგან შეპირობებულია არა სვანურის სიძველით, არამედ კავკასიონის კალთებზე სხვა იბერიულ-კავკასიურ, თურქულ და ალანურ ტომთა ხშირი მიგრაციებით; ამ პროცესებმა ქართველური ენის სვანურ მიკროსისტემებში სტიმული მისცა მრავალფეროვან ფონეტიკურ პროცესებს. სვანთა მეტყველებაში დიდია სუპერსტრატულ მოვლენათა კვალი ფონემატურ სტრუქტურასა და მორფოლოგიურ ინვენტარშიც კი; მაგ., საკუთრივ ქართველური წარმომავლობის არ ჩანს: პალატალიზებული ხმოვნები, -ემ, -შE/-Eშ ბრუნვის ნიშნები და სხვ. შდრ., აგრეთვე, ჩერქეზული ჩანს სვანური ძირითადი ლექსიკური ფონდის ისეთი სიტყვები, როგორიცაა: მურყვამ "კოშკი", ჩ@ჟ "ცხენი", მუს "თოვლი", უჩხა "წვიმა", ლემესგ "ცეცხლი", ღოლ~აქ "ცხვარი, ვერძი", ფაყვ "ქუდი" და სხვ. სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვისა და მსჯელობისათვის იხ.: ს.ჯანაშია, 1959, გვ.81-124; აგრეთვე, ტ. ფუტკარაძე, 1998. სუპერსტრატული დანაშრევის გარდა, სვანურში მიმდინარე აქტიური ფონეტიკური პროცესების მიზეზით შთამბეჭდავადაა შეცვლილი საკუთრივ ქართველური წარმომავლობის ფორმებიც (იხ., ნ. მარის, ა. შანიძის, არნ. ჩიქობავას, ვ. თოფურიას, მ. ქალდანის, გ. როგავას, ზ. ჭუმბურიძის, თ. გამყრელიძის, გ. მაჭავარიანის, ტ. გუდავას, თ. შარაძენიძის, კ. გაგუას, ა. ონიანის, ი. ჩანტლაძის, ქ. თუითის, რ. ბაბლუანის, გ. გაზდელიანის, რ.ჭკადუას, რ.საღლიანის და მრავალ სხვათა ნაშრომები); ახლახან ამ თემას საფუძვლიანი გამოკვლევა უძღვნა მ. ჩუხუამ (2003). 
ამრიგად, ჩვენი აზრით, საერთოქართველური ენის (აგრეთვე, სამწიგნობრო ქართულისა და თანამედროვე ქართველური დიალექტების) ძირითადი ფონემატური სტრუქტურა შემდეგი სახით წარმოიდგინება:
თანხმოვნები: ბ, ფ, პ, დ, თ, ტ, ძ, ც, წ, ზ, ს, ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ, გ, ქ, კ, ღ, ხ, B, ყ, ჰ, მ, ნ, რ, ლ (წინაენისმიერ ბგერებს შეიძლება ჰქონდეთ ლაბიოველარიზებული ალოფონებიც);
ხმოვნები: ა, ე, ო (შდრ., თ.გამყრელიძე, 1989, გვ.126; მისი აზრით, ზემოთ წარმოდგენილი ბგერითი სისტემა მხოლოდ არქაული ქართულისთვის იყო დამახასიათებელი);
სონანტები: ი/~, უ/E/ვ.
თ. გამყრელიძის, გ. მაჭავარიანის, ჰ. ფენრიხისა და სხვათა აზრით, საერთოქართველურ სონანტთა რიგში აღდგება მ, ნ, რ, ლ ფონემებიც. თ. გამყრელიძისა და გ. მაჭავარიანის შრომატევადი კვლევის შედეგების შესახებ სხვაგან გვექნება მსჯელობა; სონანტებთან დაკავშირებით კი აქ აღვნიშნავთ:
პროფესიონალ სპეციალისტთა მიერ ხანგრძლივი კვლევით დადგენილი წესები საშუალებას გვაძლევს, ახლებურად შევხედოთ ბევრ პრობლემას; მაგ., თ. გამყრელიძისა და გ. მაჭავარიანის დასკვნით (გვ. 74-83), ძაღლ-, მატლ-, თაფლ- ტიპის ფორმებს ვერ მივიჩნევთ საერთოქართველური *ძაღალ-, *მატალ-, *თაფალ- არქეტიპების რედუცირებულ ვარიანტებად (იხ., არ.ჩიქობავა, 1942, გვ. 106-107), ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში, არ უნდა განხორციელებულიყო ლ > რ პროცესი (შდრ.: მამალი/მუმული, ბალი/ბული, მსხალი/მსხული...): "ბოლოკიდური *ლ-ს რ-ში გადასვლის ალბათობა მეგრულ-ჭანურში მატულობის იმის მიხედვით, თუ რამდენად უახლოვდება ფონეტიკური თვალსაზრისით *ლ-ს წინამავალი ელემენტი თანხმოვნურ ელემენტს" (გვ. 79). აქ მსჯელობის გაგრძელება ორი გზით შეიძლება: თაფლ-/ვაშლ- ტიპის სიტყვებში ამოსავლად გვაქვს სონანტი, რომელიც გახმოვანდა ზანურში (სწორედ ამ დაშვების მიხედვით, თ.გამყრელიძე, გ.მაჭავარიანი და სხვები საერთოქართველურში აღადგენენ მ, ნ, რ, ლ სონანტებს), ანდა, საერთოქართველურშივე უნდა დავუშვათ -ლ-/-რ-/ალ-/არ-... სუფიქსების ვარიანტულობა: ქართველურ კილოთა ნაწილსა და სამწიგნობრო ენაში გაბატონდა ოდენთანხმოვნიანი ვარიანტი, ხოლო ზანურ კილოში - ხმოვნიანი, რომელმაც მეგრულსა და ჭანურ კილოებში ტრანსფორმაციით მოგვცა -ორ-/-ოლ-. საყურადღებოა ისიც, რომ შველ-, გველ-, მგელ- ტიპის ფუძეებში თავდაპირველი ლ ა-სთან შედარებით ვიწრო ე-ს მეზობლად არ იძლევა რ-ს (აქ ის უფრო აღსანიშნავია, რომ ს.ქართვ. ე ზანურში არ გვაძლევს ა-ს ლ > რ პროცესის გამო). მარცვლოვანი სონანტების რეკონსტრუქციის სათუოობის თვალსაზრისით აგრეთვე ნიშანდობლივია: როგორც წესი, თ.გამყრელიძისა და გ.მაჭავარიანის მიერ სონანტებად ჩათვლილი მ, ნ, რ, ლ თავკიდურ პოზიციაში არ იძლევა ხმოვნიან რეფლექსებს; ეს ფაქტიც თაფლ-, ძაღლ-, მატლ- ტიპის ფუძეებში სონორი (და არა სონანტი!) ლ-ს სუფიქსობას უჭერს მხარს. აშკარაა: წარმოდგენილ სამ ვარაუდს შორის (სრულხმოვნიანი ფორმის რედუქცია საკუთრივ ქართულში; საერთოქართველურში სონანტი რ, ლ, ნ, მ ფონემების დაშვება; ქართველურ კილოებში -ლ-/არ- პარალელური სუფიქსების არსებობა) უფრო ნაკლები წინააღმდეგობანი ახლავს მესამეს. 
ძირითადად, არქაულ სამწიგნობრო (საეკლესიო) ქართულს ემთხვევა როგორც საერთოქართველური ენის ბრუნვისა და მწკრივის მორფოლოგიური კატეგორიები, ასევე, სახელური და ზმნური პარადიგმები (მორფოლოგიური კატეგორიაა მწკრივი, ბრუნვა; ბრუნება და უღლება ფორმათა პარადიგმაა; იხ. ტ.ფუტკარაძე, 1997; შდრ., ჭ.ქირია, 2003); კერძოდ, ქართველურ დიალექტთა შეპირისპირებით ჩანს, რომ ამოსავალი საერთოქართველური მოდელებია შემდეგი ძირითადი სახელური და ზმნური სტრუქტურები (თვალსაჩინოებისათვის ზოგან მაგალითები მოგვყავს ერთ-ერთი დასავლურქართული - მეგრული - დიალექტიდანაც; საერთოქართველური ენის რეკონსტრუქციის პრინციპების, ქართველურ დიალექტთა ზოგადი დახასიათებისა და ქრონოლოგიის შესახებ იხ. ქვემოთ):

სახელის ფორმაწარმოების ძირითადი ყალიბები:
სახელობითი (ფუძე, ფუძე+ი/0): კაც, კაც-ი, კოჩ-ი...
მოთხრობითი (ფუძე, ფუძე+0/ნაწევარი/ნაწილაკი): თვითონ, აბრაამ, კაც-მან, კოჩ-ქ...
მიცემითი (ფუძე+ს/ას/ან): კაც-ს, კოჩ-ს/კო-ს...
ნათესაობითი (ფუძე+ის/იშ/ინ): კაც-ის, კოჩ-იშ...
მიმართულებითი (ფუძე+ისა/იშა): კაც-ისა, კოჩ-იშა...
დანიშნულებითი (ფუძე+ისად/იშოთ/იშდ): კაც-ისად, კოჩ-იშოთ...
მოქმედებითი (ფუძე+ით): კაც-ით, კოჩ-ით...
ვითარებითი (ფუძე+ად/ოთ/დ): კაც-ად, კოჩ-ო(თ)... 

სახელის სიტყვაწარმოების ძირითადი ყალიბები: 
ფუძე+სუფიქსი (კაც-ურ-ი; კოჩ-ურ-ი), პრეფიქსი+ფუძე (ნა-ტეხ-ი, ნო-ტეხ-ი), პრეფიქსი+ფუძე+სუფიქსი (მ-ხატვ-არ-ი, მა-ხანტ-ალ-ი)...
ზმნური ფორმაწარმოების ძირითადი ყალიბები (საეკლესიო მწერლობის ენაში დაცულია უფრო ძველი ვითარება, მაგრამ ქართველური კილოების თვისობრივი ერთიანობის საჩვენებლად ნიმუშები მოგვყავს თანამედროვე სალიტერატურო ენისა და მეგრული კილოს I პირის მიხედვით, ქართველური კილოების მონაცემების შეპირისპირებითი ანალიზისათვის იხ. ბ.ჯორბენაძე, 1995, გვ.217-227):
სამწ. ქართ.: წერ-ს - იწერს - იწერება; მეგრული: ჭარუნ-ს - იჭარუნს - ი-ჭარ-უ…
სამწ. ქართ.: ა-თეს-ვ-ინ-ებ-ს; მეგრული: ო-თას-აფ-უ-ან-ს...
ამ შემთხვევებშიც ამოსავალი ჩანს სამწიგნობრო ქართულისათვის დამახასიათებელი ვარიანტები; შდრ., აგრეთვე, ზმნური სხვა ფორმები:
აწმყო უსრული - პირის ნიშანი+ფუძე+თემის ნიშანი/0 (ვ-ხატ-ავ, ვ/ფ-ხანტ-უნ-ქ; მ-ხატ-ავ, მ/ფ-ხანტ-უნ-ქ).
მყოფადი - ზმნისწინი+პირის ნიშანი+თემის ნიშანი (და-ვ-ხატ-ავ, დო-ვ/ფ-ხანტ-უნ-ქ; და-მ-ხატ-ავ, დო-მ/ფ-ხანტ-უნ-ქ).
უწყვეტელი - პირის ნიშანი+ფუძე+ოდ/დ (ვ-ხატ-ავ-დ-ი, ვ/ფ-ხანტ-უნ-დ-ი; მ-ხატ-ავ-დ-ი, მ/ფ-ხანტ-უნ-დ-ი).
ხოლმეობითი - ზმნისწინი+პირის ნიშანი+ფუძე+ოდ/დ (და-ვ-ხატ-ავ-დ-ი, დო-ვ/ფ-ხანტ-უნ-დ-ი; და-მ-ხატ-ავ-დ-ი, დო-მ/ფ-ხანტ-უნ-დ-ი).
აწმყოს კავშირებითი - პირის ნიშანი+ფუძე+ოდ/დ+მწკრივის ნიშანი (ვ-ხატ-ავ-დ-ე, ვ/ფ-ხანტ-უნ-დ-ა/ე; მ-ხატ-ავ-დ-ე, მ/ფ-ხანტ-უნ-დ-ა/ე).
მყოფადის კავშირებითი - ზმნისწინი+პირის ნიშანი+ფუძე +ოდ/დ+მწკრივის ნიშანი (და-ვ-ხატ-ავ-დ-ე, დო-ვ/ფ-ხანტ-უნ-დ-ა/ე; და-მ-ხატ-ავ-დ-ე, დო-მ/ფ-ხანტ-უნ-დ-ა/ე).
უსრული წყვეტილი - პირის ნიშანი+ფუძე+მწკრივის ნიშანი (ვ-ხატ-ე, ვ/ფ-ხანტ-ი; მ-ხატ-ე, მ/ფ-ხანტ-ი).
სრული წყვეტილი - ზმნისწინი+პირის ნიშანი+ფუძე+მწკრივის ნიშანი (და-ვ-ხატ-ე, დო-ვ/ფ-ხანტ-ი; და-მ-ხატ-ე, დო-მ/ფ-ხანტ-ი; გა-ვ-ი-გონე, მეგრ. გე-ვ-გონ-ი, შდრ., აჭარ. გე-ვ-გონ-ე).
II უსრული კავშირებითი - პირის ნიშანი+ფუძე+მწკრივის ნიშანი (ვ-ხატ-ო, ვ/ფ-ხანტ-ა/ე, მ-ხატ-ო, მ/ფ-ხანტ-ა/ე).
II სრული კავშირებითი - ზმნისწინი+პირის ნიშანი+ფუძე+მწკრივის ნიშანი (და-ვ-ხატ-ო, დო-ვ/ფ-ხანტ-ა/ე, და-მ-ხატ-ო, დო-მ/ფ-ხანტ-ა/ე)
შდრ. ხმოვანპრეფიქსიანი ზოგი ზმნური ყალიბი:
I - პირის ნიშანი+ფუძე+თემის ნიშანი/0 (მ-ი-ხატ-ავ-ს, მ-ი-ხანტ-უ; ვ-უ-ხატ-ი-ვარ, ვ-უ-ხანტ-უ-ქ).
II - ზმნისწინი+პირის ნიშანი+ფუძე+თემის ნიშანი/0 (და-მ-ი-ხატ-ავ-ს, დო-მ-ი-ხანტ-უ; და-ვ-უ-ხატ-ი-ვარ, დო-ვ-უ-ხანტ-უ-ქ).
III - პირის ნიშანი+ფუძე+მწკრივის ნიშანი (მ-ე-ხატ-ა, მ-ი-ხანტ-უ-დ-უ; ვ-ე-ხატ-ო, ვ-უ-ხანტ-უ-დ-ი).
IV - ზმნისწინი+პირის ნიშანი+ფუძე+მწკრივის ნიშანი (და-მ-ე-ხატ-ა, დო-მ-ი-ხანტ-უ-დ-უ; და-ვ-ე-ხატ-ო, დო-ვ-უ-ხანტ-უ-დ-ი).
V - პირის ნიშანი+ფუძე+(ოდ/დ+)მწკრივის ნიშანი (მ-ე-ხატ-ო-ს, მ-ი-ხანტ-უ-დ-ა-ს; ვ-ხატ-ოდ-ე, ვ-უ-ხანტ-უ-დ-ა).
VI - ზმნისწინი+პირის ნიშანი+ფუძე+(ოდ/დ+)მწკრივის ნიშანი (და-მ-ე-ხატ-ო-ს, დო-მ-ი-ხანტ-უ-დ-ა-ს; და-ვ-ხატ-ოდ-ე, დო-ვ-უ-ხანტ-უ-დ-ა)...
აქვე შეიძლებოდა მოგვეტანა საეკლესიო ქართული ენისთვის დამახასიათებელი ე.წ. ხოლმეობითი ფორმები, მაგრამ, რამდენადაც აღმოსავლური მთის კილოების გარდა სხვა ქართველურ დიალექტებში ამგვარი ფორმები არ დასტურდება, მათი აქ დასახელებისგან თავს ვიკავებთ. მით უმეტეს, წარმოდგენილი ყალიბებიც საკმარისია საერთოქართველურის ენობრივი სახის წარმოსადგენად...
წინადადების აგებულების თვალსაზრისითაც, სამწიგნობრო ქართულისა და ქართველურ დიალექტთა ჩვენებაც მსგავსია; კერძოდ, მარტივი წინადადების სტრუქტურა აგებულია კოორდინაციის პრინციპის მიხედვით (კოორდინაციის პრინციპისათვის იხ. არნ.ჩიქობავა, 1968). ამოსავალ ვითარებად, ამ შემთხვევაშიც, სამწიგნობრო ქართულის ვარიანტი უნდა დავიგულვოთ.
შენიშვნა: მალე გამოქვეყნდება წიგნი "ქართველური დიალექტოლოგია" (ტ.ფუტკარაძე, ე.დადიანი), სადაც უფრო ვრცლად და საბუთიანადაა წარმოდგენილი საერთოქართველური, საკუთრივ ქართული და ზანურ-სვანური მასალის სისტემური ერთგვარობა. აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოსაქვეყნებლად ვამზადებთ ქართულ-ქართველური ზმნის ახალ პარადიგმას, სადაც ზმნის ფორმაცვალების ორ ძირითად სქემადაა განხილული: აღმქმელი სუბიექტის ყალიბი (მ-შია, მინდა, მიყვარს, მიხატავს...) და მოქმედი სუბიექტის ყალიბი (ვ-ხატ-ავ, და-ვ-ხატავ, და-ვ-ხატ-ე...).
საერთოქართველური ენობრივი კოინეს ბაზაზე ჩამოყალიბებული ზოგადქართველური სახელმწიფო (თუ ტომთაშორისი) ენა არსებობას აგრძელებს სამწიგნობრო ქართულის სახით; შესაბამისად, მისი გავლენით, ქართველთა ცენტრალური კილოების ინტენსიური ცვალება არ ხდება, ხოლო განაპირა კილოები, ისტორიული შიდაენობრივი ცვლილებებისა და მეზობელ ენათა გავლენის ხარისხის მიხედვით, მეტ-ნაკლებ ტრანსფორმაციას განიცდის; კერძოდ, დასავლურქართველური (ზანურ-სვანური) დიალექტური ვარიანტების ერთი ნაწილი, საუკუნეების მანძილზე ჩრდილოკავკასიური ენების გავლენით, მეტად იცვლება და იქმნება სვანური კილოები. ჯერ ბერძენ-ბიზანტიელთა, შემდეგ კი თურქულ ტომთა გავლენით, სერიოზულ ცვლილებებს განიცდის ზანური კილოს სამხრეთული კილოკავები. თურქულის გავლენით იცვლება, აგრეთვე: ჰერული, ტაოური, იმერხეული და სხვა (ეს პროცესები დაწვრილებით განხილული გვაქვს წიგნში: "ქართველური დიალექტოლოგია"). 
მსჯელობა სხვა მიმართულებითაც შეიძლება განვავითაროთ:
თანამედროვე ქართველთა სამეტყველო ერთეულთაგან საერთოქართველურს უფრო უახლოვდება სამწიგნობრო ქართული და მასთან ახლოს მყოფი ცენტრალური კილოები (კახური, ქართლური, იმერული...); საერთოეროვნული ენის ველისგან დაშორებამ, უცხოენოვანმა გავლენებმა და სხვა მიზეზებმა საერთოქართველურსა და სამწიგნობრო ქართულს მეტ-ნაკლებად დააშორა სვანური, ზანური, ფხოური, ჰერული, ფერეიდნული და სხვა კილოები; ამ დიალექტებში ლექსიკურ სესხებებთან ერთად ინტენსიური ფონეტიკური და მორფოლოგიური პროცესები განვითარდა; შესაბამისად, განაპირა კილოებში ბევრი ენობრივი მოვლენა შედარებით გვიანაა წარმოქმნილი. შეიძლება ითქვას: ზანურ-სვანური თუ ფხოური კილოები საერთოქართველურთან მიმართებით უფრო ბევრ ენობრივ სიახლეს შეიცავს, ვიდრე ქართლური ან იმერული; მაგ., ხმოვანთა სისტემის, ბრუნვებისა და სხვა ენობრივი ფაქტების მიხედვით, ბალსზემოური კილო უფრო "ახალია", ვიდრე კახური კილო. მიუხედავად იმისა, რომ სვანურს შენარჩუნებული აქვს ხანმეტობა და კახურს არა, ძირითადი ფონემატური და გრამატიკული მოვლენების თვალსაზრისით, კახურს უფრო მეტი არქაიზმი (საერთოქართველურთან საერთო!) აქვს შემონახული, ვიდრე ბალსზემოურს; კერძოდ, საერთოქართველურთან მიმართებით სვანურ კილოებში გვიანდელია: პალატალიზებული ხმოვნები, "გადაწერის წესებით" (თ.გამყრელიძე, 1968), უკანა მიმართულების უმლაუტით (მ.ქალდანი) და სხვა ტრანსფორმაციებით (იხ. მაგ., მ.ჩუხუა, 2003) სახეშეცვლილი ფორმები, ბრუნვათა ჯერ ჯიდევ ჩამოუყალიბებელი, ე.წ. ნარევი სისტემა და სხვა. აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართული (ქართველური) ენის ცენტრალური კილოები, განიცდიან რა სამწიგნობრო ენის აქტიურ მრავალსაუკუნოვან გავლენას, გარკვეულწილად ადაპტირდებიან ახალ სალიტერატურო ნორმებთან, რაც ქმნის მათი ახალწარმოქმნილობის ეფექტს. 
კოლხური ენისა და კულტურის საერთოქართველურობა დადასტურდება, ან უარიყოფა საერთოქართველური ენის არსებობის დროის შესახებ არგუმენტირებული მსჯელობით.