Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
2.2.3. საერთოქართველური ენის არსებობის დრო
საერთოქართველური ენის არსებობის დროის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა მოსაზრებაა:
იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიული ქრონოლოგიის თვალსაზრისით, ჩვენთვის საყრდენი ვარაუდი გამოთქმული აქვთ კ.ბერგსლანდს, ჰ.ფოგტსა და არნ.ჩიქობავას: 
კ.ბერგსლანდი, ჰ.ფოგტი: ჰიპოთეტური საერთოქართველური ენა "ძველი წელთაღრიცხვის ბოლო ათასწლეულში უნდა მოვათავსოთ" (კ.ბერგსლანდი, ჰ.ფოგტი, 1972, გვ. 255); 
არნ.ჩიქობავა: "იბერიულ-კავკასიური ენები მონათესავე ენებია, მათ წარმოშობა აერთიანებს. ეს ძველისძველ ვითარებას გულისხმობს; სავარაუდოდ, სამი ათასი წლის წინანდელს (შესამაბისად, საერთოქართველური ნავარაუდევია ძვ.წ. I ათასწლეულში - ტ.ფ.), და, ალბათ, ძველ ადგილ-სამყოფელს, კავკასიის სამხრეთით მდებარე მიწა-წყალს. ამ ენათა განვითარება სხვადასხვა გზით წარიმართა; არა ერთს სხვა ენას გადაჰყრიან; საუკუნეთა მანძილზე არაერთი დიალექტი თუ ენა წარმოქმნილა თუ გამქრალა/გათქვეფილა სხვა ენაში. ამიტომ გასაკვირი ის კი არ არის, რომ იბერიულ-კავკასიურ ენებს "გასაოცარი ნაირგვარობა" ახასიათებს, არამედ ის, რომ ფონეტიკა-მორფოლოგია-სინტაქსში (ასევე, ლექსიკაშიც) ნიშანდობლივი საერთო თვისებები შერჩენიათ" (არნ.ჩიქობავა, 1979, გვ.253); შდრ., მკვლევართა ერთი ნაწილი საერთოდ უარყოფს იბერიულ-კავკასიურ ერთობას და საერთოქართველური ენის არსებობის დროდ ვარაუდობს ძვ.წ. V-IV ათასწლეულებს (6-7 ათასი წლის წინანდელ დროს). ამგვარი მოსაზრებები სათავეს იღებს ენათა დათარიღების ე.წ. გლოტოქრონოლოგიური მეთოდის შედეგებიდან და სიტყვაფორმათა მცდარი ანალიზიდან; 
კერძოდ: 
ა. გლოტოქრონოლოგიური ანუ ლექსიკურ-სტატისტიკური მეთოდი შემუშავებულია ამერიკელი ლინგვისტების - მორის სვოდეშისა და რობერტ ლიზის მიერ გასული საუკუნის 40-იან წლებში. ამ მეთოდით მომუშავე სპეციალისტებს სჯერათ, რომ ყველა ენაში ძირითადი ლექსიკური ფონდის ცვალების სიჩქარე თითქმის ერთგვარია დროის  გრძელ მონაკვეთში; შესაბამისად, მკვლევრები მონათესავე ენათა ძირითადი ლექსიკური ფონდიდან იღებენ 100 ან 200 სიტყვას და მათი ცვლილებების კოეფიციენტის მიხედვით ადგენენ ენათა დიფერენციაციის დროს...
წინასწარვე აღვნიშნავთ, რომ ეს მეთოდი ვერ ითვალისწინებს ენის ლექსიკის ცვლის სიხშირის ხარისხს ინტენსიური ადსტრატული გავლენების ან სამეტყველო კოდთა სუპერსტრატული, თუ სუბსტრატული შერევების პირობებში; აგრეთვე, ცნობილი ფაქტია, რომ ენის ცვლილების ტემპი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა შეიძლება იყოს; ამდენად, ლექსიკურ-სტატისტიკური მეთოდი თანამედროვე ლინგვისტიკაში დიდ ნდობას ვერ პოულობს. ამჟამად არის მცდელობები, შეიქმნას ამ მეთოდის გაუმჯობესებული ვარიანტები, მაგრამ თუნდაც რამდენიმე საუკუნის წინ მიმდინარე სამეტყველო კოდთა შერევის ხარისხის (შესაბამისად, ენობრივ ცვალებათა ხასიათის) განსაზღვრის შეუძლებლობა ამგვარ ვარაუდებს მტკიცებულებებად ვერ აქცევს (გლოტოქრონოლოგიის მეთოდის კრიტიკისათვის იხ.: კ.ბერგსლანდი, ჰ.ფოგტი, 1972; დ.კრისტალი, 1989, გვ.331; ტ.ფუტკარაძე, 2000, გვ.327; თ.გვანცელაძე, 2004 და სხვ.).
ლექსიკურ-სტატისტიკური მეთოდით ქართველურ ენათა დაშლის პირველი დათარიღება 100-სიტყვიანი საცდელი სიის მიხედვით ეკუთვნის გ.კლიმოვს; მისი აზრით, საერთოქართველურისგან სვანურის გამოყოფა დაიწყო II ათასწლეულის, ხოლო ზანურისა - I ათასწლეულის დასაწყისში (გ.კლიმოვი, 1952, გვ.119). ამავე მეთოდით, ოღონდ 200-სიტყვიანი სიით, ქართველურ ენობრივ ერთეულთა დივერგენცია დაათარიღეს თ.გამყრელიძემ და გ.მაჭავარიანმა; მათი კვლევის შედეგების მიხედვით, საერთოქართველურს სვანური გამოეყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე X საუკუნეში, ხოლო ქართულ-ზანური დივერგენცია მოხდა წელთაღრიცხვათა მიჯნაზე (თ.გამყრელიძე, გ.მაჭავარიანი, 1965, გვ.17). აშკარაა, რომ ერთი და იმავე მეთოდით მიღებულია ორი სხვადასხვა (1000 წლიანი სხვაობის მქონე!) შედეგი.
მოგვიანებით, 1984 წელს, ვ.ივანოვისა და თ.გამყრელიძის მიერ გამოქვეყნებულ ფუნდამენტურ შრომაში - "ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები" - საერთოქართველური ენის დაშლის ახალი ქრონოლოგიაა შემოთავაზებული; იგი გამეორებულია თ.გამყრელიძის მიერ 1998 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში - "კოლხეთის მოსახლეობის ეთნიკური ვინაობა ანუ რა ენაზე მეტყველებდა აიეტი". ამ გამოკვლევებში უკვე უარყოფილია ლექსიკურ-სტატისტიკური ანალიზით მიღებული დასკვნა და ქართველურ ენათა დაშლის თარიღად მიჩნეულია 4000-5000 წლების წინანდელი პერიოდი; კერძოდ, სვანურის გამოყოფა ივარაუდება III ათასწლეულის დასაწყისში, ზანურისა კი - ძვ.წ. II ათასწლეულში (თ. გამყრელიძე, ვ. ივანოვი, 1984, გვ. 909; თ. გამყრელიძე 1998, გვ.3; იხ., აგრეთვე, ზ. სარჯველაძე, 2000, გვ. 27, სადაც ზანურის არსებობის მამტკიცებლად მიჩნეულია პროკოპი კესარიელთან დამოწმებული მოხირისი: აქ, რატომღაც, ს ჩათვლილია მაინცდამაინც ქართველურ შ-დ); ამგვარი კორექტირება ძირითადად მოხდა საერთოინდოევროპულიდან საერთოქართველურში ნასესხები ფუძეების დაშვებისა და ტყავ- ფუძის შესატყვისად ზანური ტყოვ- ვარიანტის აღდგენის საფუძველზე, რაც, ჩვენი აზრით, ასევე საკამათოა (იხ. ქვემოთ).
გლოტოქრონოლოგიური მეთოდით მიღებული დასკვნები, როგორც ვხედავთ, თავად მათი ავტორებისთვისაც კი უკვე აღარაა სარწმუნო, ისტორიკოსთა დიდი ნაწილი კი ამგვარ ქრონოლოგიას ეყრდნობოდა და ეყრდნობა (თუმცა გვაქვს გამონაკლისიც; შდრ., მაგ., კ. ფიცხელაური 1973, გვ.193). 
ბ. საერთოქართველურის დათარიღებისათვის ვერ გამოდგება ვერც სიტყვათა საეჭვო ანალიზით მიღებული დასკვნები; მაგ., თ.მიქელაძე ფიქრობს, რომ ჩრდილო ამიერკავკასიაში ქართველები ავტოქთონი მოსახლეობა არ არის (იხ.: თ.მიქელაძე, 1974); ამიერკავკასიაში ჯერ მოვიდნენ სვანები ძვ.წ. III ათასწლეულში - 5 000 ათასი წლის წინ; ე.ი. მისი აზრით, ამ დროს უკვე არსებობდა სვანური ენა!), შემდეგ - მეგრელ-ჭანები, ბოლოს კი - საკუთრივ ქართები. ამ მოსაზრების საბუთად თ.მიქელაძეს მიაჩნია ქართლში დადასტურებული "სვანური" ტოპონიმი "კოჯორი". სვანურ მეტყველებაში კოჯ კლდეს ნიშნავს; კოჯ- კი თ.გამყრელიძისა და გ.მაჭავარიანის მიერ ქართული კლდე ფუძის შესატყვისადაა მიჩნეული. 
საენათმეცნიერო ლიტერატურაში კოჯ- და კლდე ფუძეთა იდენტურობა გაზიარებული არ არის (იხ. ჰ.ფენრიხი, ზ.სარჯველაძე, 1990); კოჯორ- საკუთრივ ქართულის კუთვნილებაცაა, კერძოდ, არაფერი უშლის ხელს, რომ კოჯ- საერთოქართველურ ძირად ჩავთვალოთ (ჯ შესატყვისობას არ იძლევა გ.მაჭავარიანის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად); მით უმეტეს, -ორ- სუფიქსის არსებობა სვანურ ნიადაგზე ვერ აიხსნება, ქართულში კი იგი დასტურდება; შდრ.: ტბა - ტბ-ორ-ი; სურ-ი (ვანის ძველი სახელი), სურ-ებ-ი და მდინარის სახელი - სულ-ორ-ი. "ქართლის ცხოვრებისა" და ვახუშტის მონაცემებზე დაყდრნობით, ლინგვისტთა მიერ კოჯ- ფუძისათვის ამოსავლად მიჩნეულია კოჟ-; ამ ფუძის ძირითადი სემანტიკაა "მაგარი და ამაღლებული ადგილი". კოჟორი/კოჟრები (გორა, მთა) დადასტურებულია საქართველოს ყველა კუთხეში (თ.გონიაშვილი, 1937, გვ.128-129; გ.ბედოშვილი, 2001, გვ.206; შდრ., მ.გეგეშიძე, 1966, გვ.190-209, სადაც არის სქემატური მტკიცება, რომ კოჯორისთვის ამოსავალია რკო ჯვარი). ქართულ კილოებში დასტურდება ამოსავალი სიტყვაფორმებიც: კოჟი/კოჟე (იმერ. ლეჩხ.) - "ამაღლებული ქვიანი ადგილი" და კოჟი/კოჟრი (აჭარ.) - "მაგარი წარმონაქმნი კანზე". ვფიქრობ, ნათელია, რომ კოჟ-/კოჯ- ძირი საერთოქართველური მონაცემია და არა მხოლოდ სვანური.
ასევე საკამათოა, ძველ ბერძნულ წყაროებში დადასტურებული ფასისი სიტყვის ამოსავლად სვანური ფაშდ დავსახოთ (და ამ გზით "დავაძველოთ" სვანური მეტყველება), ვინაიდან ფათ ამოსავალი სიტყვის კანონზომიერი სვანური შესატყვისი ფაშდ ვერ მოგვცემს ფაშიდ/ფაშად ვარიანტებს (შდრ., თ.მიქელაძე, 1974. გვ.11; გ.მელიქიშვილი, 1959 გვ.61); შდრ., როგორც წესი: ქართვ. თ სვან. შდ; ქართული თხილი - სვან. შდიხ; ქართ. დათვი - სვან. დაშდუ; ქართ. ხუთი - სვან. ხუშდ/ÍოხÍიშდ. 
ტოპონიმთა და ნასესხებ სიტყვათა საეჭვო ლინგვისტური ანალიზის შემდეგ ცნობილი არქეოლოგი თ.მიქელაძე კატეგორიულად ასკვნის: 
სვანურენოვანი მოსახლეობა სამხრეთიდან მოვიდა - "პროტოხეთური წიაღიდან გამოვიდა" (თ.მიქელაძე, 1974, გვ.19); პროტოხეთებთან კონტაქტების დროს სვანური უკვე მოწყვეტილი იყო საერთოქართველურ წრეს და დამოუკიდებლად არსებობდა" (იქვე, გვ.20)... შესაბამისად, სვანურის გამოყოფის თარიღია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 ათასწლეული, ხოლო ზანური ენა ჩამოყალიბებულად ჩათვლილია ძვ.წ. II ათასწლეულში: "სრულიად უდავოა, რომ ლითონის ნაწარმიცა და კერამიკული პროდუქციაც, რომელიც გამოყენებაშია სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზვისპირეთში და დასავლეთ საქართველოში ძვ.წ. II-I ათასწლეულებში, ზანურენოვან ეთნიკურ ერთობას ეკუთვნის..." (თ.მიქელაძე, 1974, გვ.75,19)...
თ.გამყრელიძემ და ვ.ივანოვმა ქართული ტყავ- ფუძის ზანურ ვარიანტად აღადგინეს ტყოვ- ვარიანტი, რომელიც, თავის მხრივ, მიკენური კო-ვო სიტყვის ამოსავლად იქნა ნავარაუდევი.
უძველეს ბერძნულში - მიკენურში - ეს სიტყვა ტყავის მნიშვნელობით II ათასწლეულის დასაწყისიდან დასტურდება (თ.გამყრელიძე, ვ.ივანოვი, 1984, გვ.908-909). საერთოქართველურიდან ბერძნულში სიტყვების სესხება გამორიცხული არ არის, ბუნებრივია, მოსალოდნელია კიდეც, მაგრამ ტყავ-ფუძის კოვ-თან დაკავშირებას საეჭვოს ხდის ზანურში ტყოვ- ფუძის რეალურად არსებობის საკითხი.
საერთოქართველურ ა-ს ზანურში რამდენიმე კანონონზომიერი რეფლექსი უდასტურდება; ხშირ შემთხვევაში ა უცვლელი რჩება, ტრანსფორმაციის ძირითადი სახე კი არის 
საერთოქართველური ა - ზან. ო:
კაცი - კოჩი, და - დო, ცხრა (ცხარა) - ჩხორო...
ვვარაუდობთ, რომ ზანურში ა > ო პროცესს აპირობებს წინამავალი ლაბიალიზებული თანხმოვანი.
• თუ ძირეული ა-ს მომდევნოდ ბაგისმიერი სპირანტი დასტურდება, ა-ს ლაბიალიზაცია ფერხდება და ა  ე:
ძარღვი  ჯერღვი
არჩვი  ერცქემი
ტყავი  ტყები
შაშვი  ზესქვი... (შდრ.: ტბა/ტაბა - ტობა). 
• თუ ა-ს მომდევნო ბაგისმიერი სპირანტი იკარგება, ან იგი გადადის უ ხმოვანში, მაშინ ა ო უ (შდრ., ტ.გუდავას წესი):
დათვი  დოთი  თუნთ
თაგვი  თოგი  მთუგი
მაყE(ალ)ი  მოყ  მუყი
ქაცვი  ქოცი  ქუცი...
შდრ.:
ცაცხვი  ცოცხუ  დუცხუ
ნაძვი  ნოძუ  ნუძუ...
• თუ ბოლომარცვლისეული ა-ს მომდევნოდ დაკარგულია თანხმოვანი, ა უცვლელი რჩება (წინამავალი თანხმოვნის ლაბიალიზების ხარისხის მიუხედავად):
ძამა  ჯიმა (შდრ., ჯიმალეფი)
და  და (შდრ., დალეფი)
მამა  მუმა (შდრ., ქართ. მამ-ალ-ი, ზან. მუმ-ურ-ი)
დედა  დიდა (შდრ., ქართ. დედ-ალ-ი. ზან.დად-ულ-ი)...
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ლაზურსა და მეგრულში დღეს არსებული ტყებ- "ტყავი" ფუძე საერთოქართველურიდან მომდინარე თავდაპირველ ზანურ ვარიანტად უნდა ჩაითვალოს (შდრ., აგრეთვე, მ.ქურდიანი, 2003 გვ. 46); ბერძნული კოას ისტორია კი საკვლევია; ჩვენ საეჭვოდ გვეჩვენება მისი კავშირი ქართულ ტყავ- ფორმასთან და, მით უმეტეს, ლეგენდარულ ოქროს საწმისთან...
ახლახან გამოქვეყნდა მ.ქურდიანის სტატია (მ.ქურდიანი, 2003), სადაც არის მცდელობა, დამტკიცდეს, რომ მეგრულ-ჭანური მეტყველება არსებობდა ჯერ კიდევ შუმერების დროს (!).
შენიშვნა: პროფ. მ.ქურდიანი იზიარებს იბერიულ-კავკასიური ენების ნათესაობის თეორიას. მისი აზრით, რაკი ძვ.წ. III ათასწლეულში უკვე არსებობდა ზანური, საერთოქართველური სავარაუდოა ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში; ასეთ შემთხვევაში, როდისღა უნდა ყოფილიყო საერთოკავკასიური ენა? ძვ.წ. VIII-VII ათასწლეულებში? ე.წ. ნოსტრატულ ენათა ოჯახის დაშვების მსგავსად, ასეთი შორეული ნათესაობის თეორია ვარაუდის სფეროს ვერ გასცილდება, ვინაიდან კვლევის ამჟამინდელი მეთოდების მიხედვით, არავის შეუძლია ზუსტად თქვას, კავკასიასა და წინა აზიაში კონკრეტულად როგორი სტრუქტურის ენა არსებობდა ძვ.წ. VII-VI ათასწლეულებში; მეტიც, მეცნიერთათვის მეტ-ნაკლებად ცნობილი ენობრივ-ეთნიკური ერთობები ყალიბდება ადრე ბრინჯაოს ხანიდან - ძვ.წ. IV ათასწლეულიდან; ბოლო გამოკვლევებით, ქალაქური ტიპის დასახლებები ივარაუდება ძვ.წ. IX-VIII ათასწლეულებში (ნეოლითური რევოლუციის შემდეგ), მაგრამ მეცნიერების ამჟამინდელი მიღწევების საფუძველზე შეუძლებელია ნათლად განისაზღვროს 10 000 წლის წინანდელი ენობრივ-ეთნიკური სურათი.
ენათა ისტორიის დათარიღებისას სამეცნიერო ლიტერატურაში ფართოდ გამოიყენება ენობრივი კონტაქტების ამსახველი სესხების ფაქტები. ეს მეთოდი წარმატებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ნათლადაა გარკვეული კონკრეტული ენობრივი მასალის წარმომავლობა და გამორიცხულია მოცემული სიტყვის (მორფემის) კუთვნილება მესამე, უფრო ძველი ენისადმი. მ.ქურდიანის სტატიაში მეთოდი სწორადაა შერჩეული (2003, გვ.44-51), მაგრამ გაჭირდება დასახელებულ სიტყვათა მიჩნევა მაინცდამაინც მეგრულ-ჭანურ ან სვანურ ფორმებად; მით უმეტეს, საეჭვოა, ზანურიდან შუმერულსა და ხეთურში, ხოლო სვანურიდან საერთოირანულში სესხების მტკიცება; კერძოდ: 
მ.ქურდიანის აზრით, შუმერულმა ზანურისგან ისესხა "ვაშლი": ზან. უშქური > *ჰუშქურ > ჰEაშქურ > ჰაშჰურ (მ.ქურდიანი, 2003, გვ.46). აქ აუხსნელია უ > Eა პროცესი; გარდა ამისა, ამგვარივე ლოგიკითა და ფონეტიკური ცვლილების სხვა გზის დაშვებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ შუმერული ვარიანტი მომდინარეობს საერთოქართველური *Eაშალ- ფორმიდან: 
*Eაშალ- > *აშოლ- > *ჰაშჰოლ- / *ჰაშჰურ-: დასაშვებია ბილაბიალური E კომპონენტის გადაადგილება: E...ა > ო (შდრ., ქართველურ კილოებში დადასტურებული პარალელური ფორმები: ფეტE-/ფúტ-, ექEს-/úქს-, თოკ-/თეკE, ფურ-/ფირE...) და ხმოვანთა ფშვინვიერი შემართვა; შუმერულ სიტყვაში შეიძლება გამოვყოთ ვაშ- ფუძე და -ურ- სუფიქსიც; შდრ.: საერთოქართველურ *ვაშლ-/*ვაშ-ალ- ფუძეს შესატყვისები დაეძებნა ჩეჩნურ-ინგუშურში და დაღესტნურ ენებში; შესაბამისად, მ.ჩუხუამ საერთონახურ ფორმად აღადგინა *ვაშ-, ხოლო საერთოდაღესტნურ ვარიანტად - *ვეშ- (მ.ჩუხუა, 2004). საერთოკავკასიური სავარაუდო ფორმა ჩანს ვაშ- ძირი. ფუძის მაწარმოებელი (დეტერმინანტი) ქართველური -ლ-/ალ- სუფიქი უნდა იყოს საერთოინდოევროპულში არსებულ *შამლუ ფუძეში: Eაშ-ლ- > *შაE-ლ- > შამლუ (შდრ., თ.გამყრელიძე, ვ. ივანოვი, 1984, გვ.641-642, 881). გარდა ამისა, ხათურ ენაში არსებობს შაEათ "ვაშლი" სიტყვა (გრ.გიორგაძე, 2002, გვ.90; შ.გაბესკირია, 1998, გვ.28; შ.გაბესკირიას აზრით, საერთოქართველური *Eაშალ- ფუძე ასახულია ხათურ შაEათ ფორმაში; მოსაზრება გამოითქვა 2004 წლის 13 ნოემბერს ჩვენთან ზეპირ საუბარში). ჩრდილოკავკასიური ვაშ- და ქართველური ვაშ-ლ- ფორმების შეპირისპირება გვავარაუდებინებს, რომ ხათურში მომხდარია E/შ ბგერათა მეტათეზისი (ადგილშენაცვლება), ფუძეში კი გამოსაყოფია -ათ სუფიქსი. 
ვფიქრობთ, როგორც ქართველურისთვის, ასევე შუმერულისა თუ ხათურისთვის ამოსავალი ვარიანტი უნდა ვეძიოთ ძველ კავკასიურ-წინააზიურ ენობრივ ველში... 
საკამათოა, აგრეთვე, მ.ქურდიანის მსჯელობა აქადური გურპის-უ/გურსიპ ("სამხედრო აღჭურვილობის რაღაც ნაწილი სპილენძისაგან") სიტყვისთვის ამოსავლად ზანური გურპიჯ- (გულის პირი) კომპოზიტის მიჩნევა: ზანურ კილოებში რ > ჯ პროცესი ასე ძველი ვერ იქნება; გარდა ამისა, მსგავსი ლოგიკით, არაფერი უშლის ხელს, აქადური ფორმისთვის ამოსავლად საერთოქართველური კომპოზიტიც დაგვესახა (ქართველური ენობრივი სამყაროსთვის ბუნებრივი რ/ლ და ს/რ მონაცვლეობის დაშვებით)... ასევე ითქმის მ.ქურდიანის მიერ წარმოდგენილ სხვა დაკავშირებაზეც: ხეთური იშთამ-ანა/თუმმ-ან "ყური" და ქართვ. *სთამი/სთუმი "ყური", შდრ.: სა-სთუმ-ალ-ი; საერთოირანული *აზი-დაჰააკა და ქართვ. *ასთაკEი "ხვლიკი" (მ.ქურდიანი, 2003, გვ.48-51); აქვე შევნიშნავთ, რომ საერთოქართველური არქეტიპი დაადგინა და მისთვის სხვა იბერიულ-კავკასიურ ენებში შესატყვისი ფუძეები დაძებნა მ.ჩუხუამ; მისი აზრით, ეს საერთოკავკასიური ფუძე ნასესხები აქვს ბერძნულს (მ.ჩუხუა, 2000, გვ.54-55). 
ძვ.წ. II ათასწლეულის I ნახევარში საკუთრივ ქართულის, ზანურისა და სვანურის ცალ-ცალკე არსებობის დამტკიცებას ცდილობს დ.მუსხელიშვილიც; კერძოდ, ის მსჯელობას აგებს ცხვარ-/ცხოვრება და მეცხვარეობა სიტყვებისა "თრიალეთის არქეოლოგიური კულტურის" მიმართებაზე (დ.მუსხელიშვილი, 2002, გვ.6): "მეცხვარეობა ცხოვრების სინონიმად მხოლოდ შუა ბრინჯაოს ხანაში შეიძლებოდა გამხდარიყო; რამდენადაც ცხოვრება საკუთრივ ქართული ენის ლექსიკურ ფონდს განეკუთვნება, უნდა დავასკვნათ, რომ შუა ბრინჯაოს ხანის ე.წ. "თრიალეთის კულტურის" მატარებელი ტომები, ძირითადად, მართლაც, აღმოსავლელ-ქართველი ტომები უნდა ყოფილიყვნენ". პატივცემულ მკვლევარს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საერთოქართველურშიც აღდგება ცხოვარ- ფუძე, რომლისთვისაც ამოსავალია ცხოვ-/ცხოE- ძირი, ვფიქრობთ, სიცოცხლის სემანტიკით (შდრ., საერთოქართვ. ცხოვარი, სამწიგნ. ქართ. ცხოვარი/ცხვარი, ზან. შხური/ჩხური/მჩხური); ამავე ძირს ეყრდნობა სიტყვები: ცხოვ-ელ-ი ("ცოცხალი"), ცხოვ-ნ-ებ-ა, მა-ცხოვ-არ-ი... ყველა ამ ფორმის საყრდენი ძირი უნდა იყოს -ცხ-, რომელიც შეიძლება გამოიყოს ცხ-ენ- და ცო-ცხ-ალ- (*სო-ცხ-ალ-/*ჰო-ცხ-ალ-; შდრ., მ.ჩუხუა, 2003, გვ.338-339) ფუძეებშიც; ფუძეთა მიმართებისათვის იხ.: არნ.ჩიქობავა, 1938; ზ.სარჯველაძე, ჰ.ფენრიხი, 1990; მ.ჩუხუა, 2003 (ქართვ. ცხვარ-/ცხოვრება და ხათურ ზარ-/ზარი- ფუძეების სემანტიკურ-ფორმობრივი მიმართების შესახებ იხ., გ.ქავთარაძე, 1985, გვ. 120-121).
ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ, თუ მაინცდამაინც, გ.კლიმოვის კვალად, ცხოვრება სიტყვა მეცხვარეობის სემანტიკით გვინდა დავტვირთოთ (რისი აუცილებლობა სულაც არ დგას), ცხოვარ- > ცხოვრება მიმართება საერთოქართველურშიც შეგვიძლია დავუშვათ, ხოლო ცხოვრების ძირითად სემანტიკად სიცოცხლე უფრო უნდა აღვადგინოთ (და არა მეცხვარეობა). 
ძვ.წ. IV ათასწლეულში საერთოქართველური ენის არსებობის დასამტკიცებლად ნასესხები მასალაა გაანალიზებული თ.გამყრელიძისა და ვ.ივანოვის მიერ; მათი დასკვნით, მტკვარ-არაქსის კულტურის ფორმირების პერიოდში გვერდიგვერდ არსებობდნენ საერთოინდოევროპული, საერთოქართველური და საერთოსემიტური ენები, რასაც ცხადყოფს საერთოინდოევროპულიდან საერთოქართველურში ნასესხები შემდეგი ლექსიკა (მასალას მოვიყვანთ თანამედროვე ქართული ვარიანტების მიხედვით): ბერავს, ბრგე, გონი/შეიგენ/შეიგნო, დევს/ვდებ, ექვსი, ეშვი, თიხა, თხა, კბენს, კრეფს, მატლი, მკერდი, რგავს/ალაგებს, სისხლი, ტეფ-/თბილი, უპე/უბე, ქმარი, შობა (თ.გამყრელიძე, ვ.ივანოვი, 1984, გვ. 877-879). დასახელებული მასალა სამ ჯგუფად შეიძლება წარმოვადგინოთ:
ა. ქართველური ლექსიკური ერთეულები, რომლებიც მასალობრივად უფრო ახლოა არა საერთოინდოევროპულ, არამედ რომელიმე ინდოევროპული (დადასტურებული) ენის ფუძესთან, შესაბამისად, ისინი გაცილებით გვიანდელ ნასესხობებად შეგვიძლია მივიჩნიოთ; მაგალითად, შდრ:
ექვს- (სალიტ. ქართვ. ექვსი, ზან. ამშვი/ანში, სვან. უსგEა), საერთოინდ.: სეკს (აქაც და ქვემოთაც ინდოევროპული ძირები მოგვყავს გამარტივებული ლათინური ანბანის მიხედვით) და ბერძ. ეკს; ქართველური ფუძის ხმოვანი სეგმენტი/პრეფიქსი ჩანს ბერძნულში და არა - საერთოინდოევროპულში; ვფიქრობთ, აშკარაა: თუკი ქართველურში სესხება მოხდა ინდოევროპული ენისგან, ლოგიკურია დავუშვათ, რომ ეს ენაა ძველი ბერძნული და არა - საერთოინდოევროპული (შდრ.: საერთოქართველურში ბერძნულიდან სესხება შესაძლებელია მხოლოდ ძვ.წ. II-I ათასწლეულებში; ეს დრო ეთანხმება საერთოქართველურისთვის ჩვენ მიერ ნავარაუდევ დროს). არ გამოირიცხება ექვს- ფუძის საერთოკავკასიურობაც; ყველა შემთხვევაში, პარალელურად განსახილველია საერთოქართველური და ძველბერძნული ვარიანტები, რაც ამ ერთეულთა თანადროულობაზეც მიუთითებს.
უღელ- (სალიტ.ქართვ. უღელი, ზან. უღუ, სვან. უღEა), საერთოინდ. იუკომ "უღელი", ხეთ. იუკან, ძვ.ინდ. ყუგა, ბერძ. ζυγου/უგო (შდრ., რუს. иго)... ფორმობრივად (სიტყვის სტრუქტურის მიხედვით) ქართველურ ფორმასთან უფრო ახლოსაა გ თანხმოვნიანი ფუძე; შესაბამისად, ინდოევროპულ ენას თუ ნასესხები არა აქვს ეს ფუძე იბერიულ-კავკასიური ენობრივი ველიდან (იხ. ქვემოთ) და უეჭველად დადგება საერთოქართველურში უღ-/უღო ფუძის სესხების საკითხი, მსესხებელ ენად უნდა დავუშვათ ძველი ბერძნული (ან წინა აზიის რომელიმე) ენა.
ტეფ-/თბ- (სალიტ.ქართვ. გან-ვ-ტეფ/ვათბობ/თბილი, ზან. ვოტიბუა/ტიბუ "ვათბობ/თბილი", სვან. ლი-ტბ-ი-დ-ე/ხოტბიდა/ტებდი "გათბობა/გაუთბია/თბილი"), საერთოინდ. *ტეპ-, ძვ.ინდ. ტაპაჰ, ძვ.ირან. ტაპ, ოსურ. ტავუნ "თბობა", ოსურ. ტევდ "თბილი", ბერძნ. ტე(რ)მოს, ლათინ. ტეპიდუს... ნიშანდობლივია, რომ ძველ ინდოევროპულ ენებში წარმოდგენილი ფუძე ა გახმოვანებითაა, შესაბამისად, ლოგიკურია მ.ანდრონიკაშვილის დასკვნა: "ქართული ძირი ტეფ- თავისი ფონეტიკური იერით ყველაზე ახლოს დგას ამ ინდოევროპული ფუძის ოსურ ფორმასთან" (1966, გვ. 109). საკუთრივ ქართველური (სვანური) ენისთვის ბუნებრივი სეგმენტაციით არ ხერხდება დ-ს ახსნა ტებ-დ- ფუძეში, ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სვან. ტებდ- ფორმისათვის ამოსავალი შეიძლება იყოს ოსურ-ალან. ტევდ (> *ტეფდ- > ტებდ-). ჩვენი აზრით, უფრო ნაკლებწინააღმდეგობრივია ქართვ. ტეფ-/თბ-, ოსურ-ალან. ტეპ- და ბერძნულ-ლათინური ტეპ- ძირების პარალელურად განხილვა, ვიდრე ქართველურ და საერთოინდოევროპულ ენათა მონაცემების თანადროულად მიჩნევა. 
მკერდ- (სამწიგნ. ქართვ. მკერდი, ზან. კიდირი, სვან. მუჭEედ/მუჭოდ), ბერძნ. კარდია, რომან. კრადიე... სამეცნიერო ლიტერატურაში საკამათოა საერთოინდოევროპულში გულის აღსანიშნავად *კერტ- ფუძის აღდგენა (შდრ., თ.გამყრელიძე, ვ.ივანოვი, 1984, გვ. 800); გარდა ამისა, თანხმოვანთა შემადგენლობის მიხედვით, ქართველურ ფორმასთნ უფრო ახლოსაა რეალურად დადასტურებული ბერძნული სიტყვა, ვიდრე ჰიპოთეტური საერთოინდოევროპული ფუძე. 
აქვე დავძენთ, რომ დაუსაბუთებელი და საეჭვოა, აგრეთვე, ქართვ. ბერ-/ბერ-ავ-ს ფორმის საერთოინდოევროპული წარმომავლობა (ბერვა ლექსემის ქართული წარმომავლობის შესახებ იხ., მ.ანდრონიკაშვილი, 1966, გვ. 173). 
ბ. ლექსიკური ერთეულები, რომელთა ქართველური წარმომავლობა უფრო სარწმუნოა, ვიდრე - ინდოევროპული; შდრ.:
კბენ- (სალიტ.ქართვ. კბენს/კბილი, ზან. კიბ-ირ-ან-ს/კიბ-ირ-ი; შდრ., ქართვ. კიბ-ე), საერთოინდ.: კემბ- "გახევა, კბენა", კებ-/კეპ- "ყბა, პირი, ჭამა" და კომბო "კბილი"; თ.გამყრელიძისა და ვ.ივანოვის მიერ ამ ფორმათა ამოსავლად მიჩნეულია კემბ- "გახევა" (იქვე, გვ. 815, 879); შდრ., ჭამის/კბილის მნიშვნელობით ინდოევროპულ ენებში ძირითადია ეტ-/დან-/დენტ- ძირითადი ფუძე. ვფიქრობთ, საერთოინდოევროპული კემბ- "გახევა" ფუძისგან ქართველური კბ-/კიბ- "კბენა/კბილი" გამოყვანა პრობლემურია; მით უმეტეს, რთული დასამტკიცებელია საერთო-ინდოევროპულიდან საერთოქართველურში სესხება. ჩვენი აზრით, ქართველური ზმნისთვის ამოსავალია ქართველურ-კავკასიური კიბ- ფუძე (კიბ-ე*კიბ-), რომელმაც მოგვცა *კიბ-ენ-ს > კბენს და კიბ-ილ-ი > კბილი/კიბირი ვარიანტები. 
გ. ფუძეები, რომლებიც დასტურდება სხვა იბერიულ-კავკასიურ ენებშიც; შესაბამისად, უფრო ბუნებრივი იქნება, ერთმანეთს შევუპირისპიროთ და ერთ ქრონოლოგიურ დონეზე განვიხილოთ ამ ჯგუფის სიტყვათა საერთოკავკასიური და საერთოინდოევროპული არქეტიპები (და არა - საერთოქართველური და საერთოინდოევროპული); შდრ.:
საერთოქართველური: გენ-/გონ- "მოგონება," "გონება"; იჩქ. გან, ინგ. გა(ნ), ბაცბ. გუა¹ "Kურება, ხედვა"...(იმიერკავკასიური ენების მასალა მოგვაწოდა მ.ჩუხუამ).
საერთოქართველური *ბერძ-/Eერძ-ი; ზან. (მეგრ.) ერჟ-ი  *ვარჟ-ი; ბაცბ. ბორწ, ჩაჩნ. ბურძ/ზ, ინგ. ბორძ "მგელი", წინარენახური ბორძ; ხუნძ. ბაწ  *ბარწ, ანდ. ბოწო, ახვ. ბაყა, ბოთლ., ღოდ., ჭამ., ბაგვ. ტინდ. ბაწა, კარ. ბაწე, ლაკ. ბარწ, დარგ. ბეც "მგელი", წინარედაღესტნური *ბარძ.
საერთოქართველური: *დაƒალ- "თხა"; ანდ. რიხა ← *დიხან, შდრ.: ახვახ. ი¹ხა, ბოთლ. რიხა, ყამ. ინხა/რიხა "ცხვარი"...
საერთოქართველური *ძახ-/*ძაƒ-: *ძახ-ილ-ი/*ძახ-ელ-ი/სახ-ელ-ი, სახე, ზან. ჟოხო, სვან. ჯახე "სახე"; აფხ. აბაზ. ა-ხ½ძ "სახელი", იჩქ. ხაძ-, ინგ, ხაძ-, ბაცბ. ხაწ "გაგონება, სმენა"... 
საერთოქართველური *კელ-: კელობა "კოყლობა" (საბა) შდრ., აჭარ. კელ-ავ-ს "კოყლობს"; იჩქ. ინგ. {კა…}, ბაცბ. კ"ავ-ე¹ "კოყლი", კ"ავ- "კოყლობა"...
საერთოქართველური *კრაბ: "კრეფა"; ხუნძ. ბაკარ-, ანდ. ბაკარ-, ბეჯ. ბოვაკოლ- "შეკრება, собрать"...
საერთოქართველური *მატალ-/მატლი "ყია"; აფხ., აბაზ. ა-მათ "გველი", ჰუნზ. ბეტი "ყია", ბეჯ. ფარტი, ლეზგ. ბ‘ტ-რ‘ყ, თაბ. ბიტ, ლაკ. ~ატი "ყია, გველი"...
საერთოქართველური *ოთხ: "ოთხი", საერთონახური ~ათხუ "ექვსი", აG. ~არხიდ, რუთ. რიხუდ "ექვსი"...
საერთოქართველური *…არა/*არ…ა/*…რ…ა/რუა "რვა", მეგრ. ბრუო (<*…რ…ა), სვან. არა, "რვა"; იჩქ. ბარჰ, ინგ. ბარჰ, ბაცბ. ბარლ" "რვა"; დარგ. ბერჰ-ალ იდ...
საერთოქართველური *სი-სხ-ლი; აფხ.აბაზ. ა-შა "სისხლი"; შდრ., ხეთური ეშხარ-/იშხარ- "სისხლი" (გრ.გიორგაძე, 1999, გვ. 63).
საერთოქართველური *შე…/შ…-: "შობა", "შვება"; აფხ. აბაზ. ა-შა…-რა "გოყების დაKრა", საერთონახური და-ლÀ- "გაჩენა"...
საერთოქართველური *ქომ-: "ქმარი", "ვაჯკაცი", ზან. ქომ-ოჟ-ი "ქმარი", ქომ-ოლ-ი "ვაჯკაცი"; საერთონახური *ქომ-ონ "მამრი, ხვადი"...
საერთოქართველური *ბას…-/ფეს…-: ფეს…-ი, ფოს-ო  ფესვ-ი: ზან. ფოს-ი/ფოსვ-ი; ბაცბ. -ნა-ფს-ორ "ძირი", ჩაჩნ. {-ნო-Eს-არ}, ინგ. -{ნო-Eს-–რ}, წინარენახური ნა-ბეს…-არ; ხუნძ. ბოსენ "ბუდე", ანდ. ბეშონ, ბოთლ. ბეშენ, ღოდ. ბეშენ, ბიგვ. ბეჰუ¹, კარ. ბერხ½…ან, ახვახ. ბეშ…ანი "ბუდე, ლოგინი", ჭამ. ბეჰა¹, ტინდ. ბეხ…ა¹/ბეჰ…ა¹ "ლოგინი, ბუდე", წინარედაღესტნური *ბეს…-ანი.
საერთოქართველური *ლაგ-: "ლაგება", ზან. ლოგინ- "დალაგება"; "ლოგინი"; იჩქ. მენგა, ინგ. მ@ნგ‹"ლოგინი"...
საერთოქართველური *ბერ: "შებერვა, ბერვა"; ხუნძ. ფუნ-, ანდ. ფუდ-, ბაგვ. ფური "დაბერვა", "ქარი"...
საერთოქართველური *უGელ-: "უGელი"; აფხ. {ა-G…ა} სიტKვაში ა-ც°ა-G…ა-რა "ხარით ხვნა", საერთონახური დ-უK, ლეზგ. ვიკ, წახ. ოქ, არჩ. ოტK... 
მომავალი ძიებები სხვა ქართველურ-კავკასიური წარმომავლობის ძირებსაც გამოავლენს (ასეთი ჩანს, მაგ., გვარი; შდრ., ნ.მგელაძე, 2004, გვ. 87); საერთოქართველურ-ნახურ-დაღესტნური დიB- "თიხა" ფუძის შესახებ იხ. მ.ჩუხუა, 2003, გვ.93...
ფაქტია ისიც, რომ წარმოდგენილი ლექსიკის დიდ ნაწილს შესატყვისები გააჩნია ინდოევროპულ ენებშიც. შესაძლოა, ასეთი ფუძეები მომდინარე იყოს, სულაც, სავარაუდო ე.წ. ნოსტრატული კონტინუუმისგან. თუკი ამგვარი მაკროერთობა საერთოდ არსებობდა, მაშინ მისგან მომდინარედ უნდა მივიჩნიოთ იბერიულ-კავკასიური კონტინუუმი და არა მხოლოდ საკუთრივ საერთოქართველური (ბ.ფოჩხუა შესაძლებლად მიიჩნევს ქართველურთან ერთად ნოსტრატულ ენებში განხილულ იქნას მთის იბერიულ-კავკასიური ენებიც; იხ. ბ.ფოჩხუა, 1974, გვ. 341; შდრ., ილიჩ-სვიტიჩი, 1967). სავარაუდო სქემაა: 
ნოსტრატული კონტინუუმი > იბერიულ-კავკასიური ენობრივი ერთობა (ასევე: ინდოევროპული, სემიტურ-ქამიტური, დრავიდული, ურალური...) > ქართველური ენობრივი ერთობა (ასევე: აფხაზურ-ადიღური, ნახური, დაღესტნური)... გარკვეულწილად ამ თვალსაზრისს დაუჭერს მხარს ჯონ კოლარუსოს კვლევის შედეგებიც: მის ნაშრომში წარმოდგენილია ლექსიკური პარალელები დასავლეთ ჩრდილოკავკასიურ და ინდოევროპულ წინარე ენებს შორის (ჯ.კოლარუსო, 2003, გვ. 41-61; იხ., აგრეთვე, ქ.თუითის მიმოხილვა აფხაზურ-ადიღური და ინდოევროპული ენების ნათესაობის კვლევის ისტორიის შესახებ; ქ.თუითი, 2003, გვ. XIV-XV); ვფიქრობთ, უფრო ლოგიკურია, ამ შემთხვევაშიც თანადროულად მივიჩნიოთ საერთო ინდოევროპული და საერთო იბერიულ-კავკასიური მასალა. 
აქვე აღვნიშნავთ:
ენათა დივერგენციის პარალელურად მიმდინარეობდა მეზობელ ენათა ურთიერთგავლენებისა და მრავალმხრივი კონვერგენციის პროცესები, შესაბამისად, უძველეს ფენებში ენობრივი მოვლენების ერთგვარობის (მსგავსების) დადასტურებისას გაჭირდება მტკიცება, გენეტურ ნათესაობასთან გვაქვს საქმე თუ სესხებასთან. 

* * *
საერთოქართველური ენის არსებობის დროზე გარკვეული ინფორმაცია შეიძლება მოგვცეს ქართველურ კილოებში არსებულმა იმ სიტყვებმა, რომელთა საერთოქართველური არქეტიპი ნასესხებია და შესაძლებელია სესხების დათარიღებაც; მაგალითად, ვფიქრობთ, საერთოქართველურშივე არსებული სპარსულთან ზიარი ზოგი სიტყვაფორმა ძვ.წ. VI საუკუნეს ვერ გაშორდება (შესაბამისად, უფრო ადრე გამოირიცხება საკუთრივ ზანურ-სვანური ენობრივი ერთეულების არსებობა); ასეთები ჩანს: ზარი, კუართი, ტყე, ძეწკვი, წით-ს/წით-ელი... დიდი ალბათობით, წარმოდგენილი ფორმები სპარსული წარმომავლობისაა ან სპარსულის გზითაა შემოსული (სათანადო მსჯელობისათვის იხ. მ.ანდრონიკაშვილი, 1966); არ გამოირიცხება ისიც, რომ მ.ანდრონიკაშვილის მიერ სპარსულად მიჩნეული ზოგი ფუძე ძველი წინააზიური, ან საერთოკავკასიური ენებიდან მოდიოდეს სპარსულშიც და ქართველურშიც; მაგ., მ.ანდრონიკაშვილი სპარსულ-სკვითურ ნასესხობებად მიიჩნევს ვერძ-, ზახ-/ძახ- (ძახი-ლი), ფესვ-, ზამ-, კელ- ფუძეებს, თუმცა, მათ შესატყვისები ეძებნებათ სხვა იბერიულ-კავკასიურ-წინააზიურ ენებშიც (მასალა იხ. ზემოთ); სამაგალითოდ განვიხილავთ ზამ- ძირს:
ზამ-: 
საერთოქართველური *ზამ- "წელი", "დრო": ზა-ფხულ-ი, ზამ-თარ-ი, ზან. ზო-თონჯი, სვან. ზო-მხა/ზა~-მახე "წელი+ახალი"; ბაცბ. შო (*ჯო): ჩაჩნ. შ…ო (*ჯო): ინგ. შუ ( შუო *ჯო) "წელი", წინარენახური *ზო*ჯო; ხუნძ. ზო-ბ "ცა", "წელი", ანდ. ზუბუ, ტინდ. ზებუ, ბოთლ. ზი…უ, ღოდ. ზიბუ, დარგ. ზაბ "წვიმა", ლეზგ. ს´ა-…/ც´ა-… "ცა", თაბ. ძა-…, აღ. ძა-…, ხინ. ძო  *ზა-…, კრიწ. ზა-…, ბუდუხ. ზა-… "წელი", წინარედაღესტნური *ზა-ბ (ბ ნივთთა გრ. კლ. ნიშ.)...
შდრ.: ზამ-ან "დრო", "სეზონი", "საათი" (ქართვ. ჟამ-ი), რომელიც დადასტურებულია: არამეულში, ებრაულში, არაბულში, თურქულში; შდრ. საშუალსპარსული - ზამ/ზამისტან "ზამთარი"; ქართულ ზამთარ- ფუძეში *თარ- თოვლის აღმნიშვნელი ფუძე ჩანს (შდრ.მ.ანდრონიკაშვილი, 1966, გვ.321-322; ჰ.ფენრიხი, ზ.სარჯველაძე, 1990), რამდენადაც, იგივე ზა- ფუძე გამოიყოფა ზაფხულ- კომპოზიტშიც: ზა-ფხ-ულ-ი, სადაც ზა- აღნიშნავს "დროს", "სეზონს", ხოლო ფხ-/*ფახ- - მზეს, მზის თვალს; შდრ.: ფახ-/ფხ- - თვალი (ფახ-ურ-ი; ი.ჩანტლაძე, 2004); ლაზ. მაფხა (მოწმენდილი ცა), სვან. მეფხე (მოწმენდილი ცა), ფხიანი, ფხიზელი, ზან. ფხონი, ხევს. ფხრე ("ღია"), სვან. ლი-ფხერ ("გახსნა"), ქართვ. მხ-ელ-ა (მ.ჩუხუა, 2003)... 
შდრ.: ზა-მთარი - დრო (სეზონი) თოვლისა; 
ზა-ფხული - დრო (სეზონი) გახსნილი ცისა (ანუ: მზის თვალისა; შდრ., სვან. იმფხKლ - ცა იხსნება, იდარებს).
ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, აგრეთვე, სიტყვაფორმა ღამის ისტორია: მ.ანდრონიკაშვილს ის მიაჩნია სპარსულ ნასესხობად, მაგრამ, ნ.ბართაიას აზრით, ქართულში არაბულიდანაა შემოსული. ვფიქრობთ, რამდენადაც ძველ ქართულ ტექსტებშივე დასტურდება ღამე სიტყვისგან წარმოქმნილი სხვა ლექსიკური ერთეულები (საღამო, ნაღველი < *ნაღმელი < *ნა-ღამ-ელ-ი, ღამორი/ღამურა, მეღამური, ღამისმBმობარი, ღამით, მარადღამე, მღამიობი, ნაღამევი, საღამური, სიღამე, დაღამება, შუაღამე...) და ქართველურ დიალექტებშიც გვაქვს კანონზომიერი შესატყვისი (ღუმა), ღამე საერთოქართველურ მონაცემად უნდა დავსახოთ (ამოსავალ ფორმად უნდა ვიგულვოთ *ღამე); შდრ., არაბულში მისი მნიშვნელობებია: დაფარვა, დანაღვლიანება, ბნელი, ბურუსით მოცული; დარდი, მწუხარება; სიცხე, პაპანაქება...); შესაბამისად, ლოგიკურია, დავუშვათ: 
საერთოქართველურში ღამე თუკი ნასესხებია, იგი შემოსულია არამეულიდან ან ასირიულიდან; არ გამოირიცხება არც საერთოქართველურიდან/იბერიულ-კავკასიურიდან მისი სესხება სემიტურში (საიდანაც შევიდა სპარსულშიც), დასაშვებია ღამ- ძირის მომდინარეობა სხვა, უფრო ძველი ენობრივი კონტინუუმიდან. ყოველ შემთხვევაში, აშკარაა ქართველურ-არამეულ-სპარსულ ფუძეთა უშუალო ურთიერთკავშირი, რაც ძვ.წ. I ათასწლეულს ვერ გასცილდება. 
შენიშვნა: საგანგებო კვლევას საჭიროებს სომხურში არსებული ქართველური ლექსიკაც; აღნიშნულია, რომ მისი ერთი ნაწილი ახლოსაა ზანურ ფუძეებთან. რამდენადაც სომხურში არსებითია ქართველურ-კავკასიური სუბსტრატი, სავსებით შესაძლებელია, ე.წ. "ზანურ" ფორმათა წარმოქმნა ავხსნათ საერთოქართველურის (ან არმენების დამხვდური რომელიმე სხვა ქართველური ტომის მეტყველებისთვის დამახასიათებელ) ფორმათა ტრანსფორმაციით; მოსალოდნელია, აგრეთვე, გვიანდელი (ქრისტიანული ლაზიკის დროინდელი) ნასესხობანი უშუალოდ ლაზურიდან (სომხურში საკუთრივ ლაზური ფორმების შესახებ იხ., მაგ., ი.შილაკაძე, 1983).
ვფიქრობთ, მ.ანდრონიკაშვილის, თ.გამყრელიძის, ვ.ივანოვის, დ.მუსხელიშვილის, მ.ქურდიანის და სხვა ავტორთა მიერ საინტერესოდ გაანალიზებული ლექსიკური პარალელები მაინც ვერ იძლევა დამაჯერებელ დასკვნას საერთოქართველური ენის ძვ.წ. V-III ათასწლეულში არსებობის შესახებ; კერძოდ, ამგვარი საკამათო მასალის მიხედვით ვერ დავადგენთ საერთოქართველური თუ საკუთრივ ქართული ენების არსებობის დროს; გარდა ამისა, რეკონსტრუირებული და არადოკუმენტირებული ენების სავარაუდო ლექსიკური ბაზის მიხედვით ასეთ შორეულ დროში რთულია დადგინდეს: სესხებასთან გვაქვს საქმე (რომელი მიმართულებითაა ნასესხები?) თუ საერთო წარმომავლობასთან. 
საგანგებოდ აღვნიშნავთ, რომ მეცნიერებისთვის დღემდე ცნობილ ეთნიკურ ერთობებთან დაკავშირებული უძველესი დიდი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ძვ.წ. IV ათასწლეულიდან დასტურდება; გარდა ამისა, ძვ.წ. III ათასწლეულში ნავარაუდევი მსოფლიოს ყველა ენა უკვე მკვდარია, ხოლო აღდგენილი პრაენების (მით უმეტეს, პროტოენების) სტრუქტურა მნიშვნელოვნად (არსებითად!) განსხვავდება თანამედროვე ენებისგან; თუკი შუმერების დროს ზანურის, სვანურის თუ ქართულის არსებობას დავუშვებთ, გამოდის, რომ მსოფლიოში არსებულ ენათაგან 5000 წლის მანძილზე მხოლოდ ქართული, სვანური და მეგრულ-ჭანური "ენები" ინარჩუნებენ თავისთავადობას, რაც არალოგიკურია: 
მსოფლიოში არ არსებობს დიდი სამწერლობო ტრადიციის მქონე ენაც კი, რომელსაც 50 საუკუნის განმავლობაში შეენარჩუნებინოს თავისი ძირითადი სახე; მით უმეტეს, ასეთი ვერ იქნება უმწერლობო ტომობრივი ენა თუ კილო. 1000 წლის მანძილზეც კი მხოლოდ დიდ სამწერლობო ტრადიციას შეუძლია, შეანელოს ენის მნიშვნელოვანი ცვლილების პროცესი; 4000-5000 წლიან თვისობრივ უცვლელობაზე კი, ვფიქრობთ, ლაპარაკიც ზედმეტია. ენათა დათარიღების შესახებ მსჯელობისას უნდა გავითვალისწინოთ სამწერლობო ტრადიციის მქონე და უმწერლობო ენების ასაკის ტიპოლოგია: თუკი აწმყოდან გავადევნებთ თვალს ამჟამინდელ ენებს, აღმოჩნდება, რომ წერილობითი ტრადიციის ენების უმრავლესობა ვერ გადაშორდება 2000 წელიწადს; მით უმეტეს, ძნელი დასაჯერებელია, რომ უმწერლობო ენებმა თავი შეინარჩუნეს 5000-6000 წლის მანძილზე.
ენობრივ ერთეულთა ჩვენ მიერ წარმოდგენილი ანალიზი და მსჯელობა მხარს უჭერს საერთოქართველურის დაშვებას უფრო ძვ.წ. პირველ ათასწლეულში; შესაბამისად, იბერიულ-კავკასიური ერთობის არსებობა სავარაუდებელია ძვ.წ.IV-II ათასწლეულებში (შდრ.: ვ.ივანოვი, თ.გამყრელიძე, 1984, გვ.880; მ.ქურდიანი, 2003, გვ.44 და სხვ.). 
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ:
II ათასწლეულის დასასრულს ქართველური ტომები მოიცავდნენ აღმოსავლეთ და სამხრეთ შავიზღვისპირეთს (სოჭიდან სინოპემდე), მტკვრის ხეობის დიდ ნაწილს და ჭოროხის ხეობას მთლიანად; ტომთაშორისი ოფიციალური ენა უნდა ყოფილიყო საერთოქართველური ენობრივი მოდელის მქონე ენა - სისინა ა ტიპის ენა (და არა: არარსებული ქართის ტომის ენა, ზანური, თეორიულად ნავარაუდევი ზანურ-ქართული ენა ან სხვა რომელიმე ენობრივი ერთეული). ამ საერთოქართველურმა მოდგმამ შექმნა ძველი წყაროებით ცნობილი სახელმწიფო აია/კოლხა და არქეოლოგიური კვლევებით აღმოჩენილი კოლხური კულტურა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი რეგიონი იყო ისტორიული კოლას მხარე (აქედანაა ნაწარმოები კოლხა: კოლ-ა/ი > კოლ-ხ-ა). სავარაუდოა, ეს სახელმწიფოებრივი გაერთიანება მოიცავდა ე.წ. ნაირის ქვეყნების ნაწილს. ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში ეს სახელმწიფო რამდენიმე ნაწილად იშლება: დასავლეთ ნაწილში წარმოიქმნა შედარებით გვიანდელი კოლხიდა (ცენტრით - დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე: ნაქალაქევი, ვანი, ქუთაისი); სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში - დიაოხი და სხვ. 
აზოს, ქუჯისა და ფარნავაზის დროს ნაწილობრივ აღდგა ერთიანი საქართველო ცენტრით - მცხეთაში; ფარნავაზმა საქართველო დაყო სამთავროებად, შემოიღო დამწერლობა საერთო ქართველური ენის ბაზაზე, გამოაცხადა სახელმწიფო რელიგია (ამ დროს ცალ-ცალკე არ არსებობდა იბერია და კოლხეთი; შდრ., გ.მელიქიშვილი, 1970, გვ.422). 
შესაბამისად, დღევანდელ ლაზთა, მეგრელთა, იმერხეველთა, მესხთა, კახთა, სვანთა, ჰერთა, ფხოველთა და სხვა ქართველური მოდგმის თემთა დიდი წინაპრები: მითებში გადასული აიეტიც და მედეაც, მოგვიანებით, აზონიც, ქუჯიც, ფარნავაზიც, ქართამიც, როსტამიც, გორგასალიც, ლეონიც, ჭყონდიდელებიც და იოვანე პეტრიწიც ოფიციალურად საერთოქართველურ, ან მის სტრუქტურულ ადეკვატ, ზოგადქართულ სამწიგნობრო ენაზე მეტყველებდნენ, წერდნენ და, რაც მთავარია, ერთობლივად ქმნიდნენ რამდენიმე ათასწლოვან ქართველურ (მოსხურ-კოლხურ-იბერიულ) კულტურას.