Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
    საწყისი გვერდი                                                                           Word  დოკუმენტი                                    
   
2.3. ქუჯისა და ფარნავაზის საქართველო

23 საუკუნის წინანდელი საქართველოს სახელმწიფო ენა და ქართველთა დიალექტები; 
ქართველური დამწერლობა

2.3.1. ისტორიული რეალიები

ძვ.წ. პირველი ათასწლეულის შუა პერიოდში, ურარტუს დაცემის შემდეგ ისტორიული კოლხეთის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი სპარსეთის ხელში გადადის (მე-19 სატრაპია), სამხრეთ-შავიზღვისპირეთი ნაწილი (შემდგომი პონტოს სამეფო) ბერძნებს უჭირავთ, ხოლო დარჩენილი "მცირე კოლხეთი" - ქართული წყაროების ქართლი (დასავლეთი ქართლი - ეგრისი და აღმოსავლეთი ქართლი - ქართლ-კახეთ-კუხეთ-ჰერეთი, სამხრეთი ქართლი - მესხეთი), ხარკს უხდის რა სპარსეთს, ნომინალურად ინარჩუნებს დამოუკიდებლობას. 
ძვ.წ. IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის მიერ სპარსეთის დამარცხების შემდეგ, ქართველებს მიეცათ ერთიანი სახელმწიფოს - სრულიად ქართლის - აღდგენის შესაძლებლობა. ქართველთა მეფის სტატუსი მიიღო ბერძენთა მიერ დანიშნულმა აზომ; აზო წარმოშობით სამხრეთი მესხეთიდან/კაბადოკიიდან ჩანს (ვ.გოილაძე, 1991, გვ.52; ნ.ხაზარაძე, 2001, გვ.394). "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, მისი სატახტო ქალაქი გახდა მცხეთა; აზოს მმართველობას დაექვემდებარა აღმოსავლეთ საქართველოც (გვიანდელი მცირე იბერიაც), ეგრისიც, მოსხიკეს ტერიტორიაც და ჩრდილო კავკასიის ნაწილიც კი (ოსნი, ლეკნი და ხაზარნი) - ბერძენთა პროტექტორატის ქვეშ ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა ქართველურ ტომთა დიდი ნაწილი (ჭოროხის, მტკვრის ზემოწელის, იორ-ალაზნის, არაგვის, რიონ-ენგურისა და კოდორ-კლისურის ხეობები). შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბერძნების ინტერესში შედიოდა კავკასიონის უღელტეხილების კონტროლი და აზოს ამიტომაც აარჩევინეს მცხეთა დედაქალაქად.

ქართლის საზღვრებს დაახლოებით ამგვარადვე განსაზღვრავს "მოქცევა~ ქართლისა~": 
ალექსანდრემ აზოს "მიუბოძა მცხეთა~ საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი, და ეგრის წყალი, და სომხითი და მთა~ ცროლისა~" (შატბერდის კრებული, 1979, გვ.320). ძველი ქართული წყაროებიდან ჩანს, რომ ამავე აზოს დროს ქართველთა სახელწიფოს სახელი იყო ქართლი (ღვთაება ქართის/ხალდის ხალხის ქვეყანა).

საბერძნეთის დაქვემდებარებას ქართველობა დიდხანს ვერ შეგუებია:
ბერძენთა შინაარეულობის ჟამს (დიადოხოსების ბრძოლა), ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, მცხეთის მამასახლისის - უფლოსის შთამომავალ სამარას - მემკვიდრე ფარნავაზმა და ეგრისის ერისთავმა ქუჯიმ, ჩრდილოკავკასიელ მოძმეთა დახმარებით, დაამარცხეს ბერძნული ორიენტაციის აზოს ჯარები და, ფაქტობრივად, დიდი კოლხეთის საზღვრებში აღადგინეს სრულიად ქართლის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა.

 დამოუკიდებელი საქართველოს მეფის უფლების შესახებ მსჯელობა საინტერესოდაა წარმოდგენილი მემატიანის მიერ; კერძოდ, მეფობის ერთ-ერთი პრეტენდენტი - ქუჯი - ეუბნება მეორეს - ფარნავაზს: 
"შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი" (ე.ი. ვინაიდან ქართველთა შორის გამორჩეული გვარის შთამომავალი ხარ, ჩვენ, ყველანი - სხვა ქართველები - შენ უნდა დაგემორჩილოთო)... ერთიანი ქართლის მეფე ფარნავაზმა სახელმწიფო რვა დიდ საერისთავოდ დაყო. "ქართლის ცხოვრების" ეს მონაკვეთი საინტერესოა საქართველოს მაშინდელი საზღვრების თვალსაზრისით: 
სრულიად ქართლის აღდგენის შემდეგ "ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკAდრთა მის ადგილისათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა. მაშინ ფარნავაზ მისცა და~ თAსი ოვსთა მეფესა ცოლად, და მეორე და~ თAსი მისცა ქუჯის ცოლად. და მისცა ქუჯის ქუეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღვითაგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი, და დაამტკიცა იგი ერისთავად მუნ. და მან ქუჯი აღაშენა ციხე-გოჯი.
მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თვისთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა. და განამრავლნა ყოველნი მBედარნი ქართლოსიანნი, განაწესნა ერისთავნი რვანი და სპასპეტი.

ერთნი გაგზავნა მარგვის ერისთავად, და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუადმდე, რიონს ზემოთ (ყველა ვარიანტში იკითხება "ვიდრე ზღუამდე"; შდრ.: ს.ყაუხჩიშვილისეული გასწორება). და ამანვე ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა.
და გაგზავნა მეორე კახეთისა ერისთავად, და მისცა არაგვითაგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი.
მესამე გაგზავნა ხუნანისა ერისთავად, და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი.
მეოთხე გაგზავნა სამშვლდის ერისთავად, და მისცა სკვირეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი.
მეხუთე გაგზავნა წუნდის ერისთავად, და მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტაანი.
მეექუსე გაგზავნა ოძრBის ერისთავად, და მისცა ტაშისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა.
მეშვდე გაგზავნა კლარჯეთის ერისთავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე. და მერვე, ქუჯი, იყო ერისთავი ეგრისისა.
ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისითგან და არაგAთაგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარადმდე, რომელ არს შიდა-ქართლი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომადვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდის ყოველთა ერისთავთა ზედა. ხოლო ამათ ერისთავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა სპასალარნი და ათასისთავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო"... (ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.24-25).
ამ ვრცელ ამონარიდში ჩვენ ყურადღებას მივაქცევთ ფარნავაზ-ქუჯის სახელმწიფოს გაერთიანება-აღდგენის ნებაყოფლობით ხასიათს (ჟამთააღმწერის ხედვა ზოგ სპეციალისტს გულუბრყვილობა ჰგონია): 
ეგრის წყალს ქუემოთა მხარეში - ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში მცხოვრებმა ქართველობამ არ ინება (!) ბერძნებისგან განდგომა და ისევ ბერძენთა პროტექტორატის ქვეშ დარჩა... ძველი ქართველი მემატიანის აზრით, ეს მხარეც ეგროსის წილია, ხოლო გვიანდელი ჩანართის მიხედვით - აფშილ-აფხაზეთი. რომაული წყაროების ცნობით, წელთაღრიცხვათა მიჯნაზე ამ ადგილებში (დიოსკურიის მიდამოებში) ლაზები ცხოვრობენ.

ამგვარად, ქართველ მემატიანეთა თხრობა ამოწმებს, რომ ძველი კოლხეთის დიდ ნაწილში ისევ აღდგა ქართველთა სახელმწიფო (შდრ., ანანია ჯაფარიძე, 1994, გვ.62: კოლხეთის სამეფოს წიაღში საფუძველი ეყრებოდა ერთიან ქართულ სახელმწიფოს ძვ.წ. VI-IV საუკუნეებში). საქართველოს სახელმწიფო ენად ფარნავაზმა გამოაცხადა ქართული ენა, რომელიც, როგორც ზოგადქართული თუ ტომთაშორისი ენა, ყველა ქართველური ტომისთვის ერთნაირად იყო მისაღები. საისტორიო წყარო, ასევე, ფარნავაზს მიაწერს ქართული მწიგნობრობის ანუ ანბანის შექმნას ("ქუჯის ორიენტაცია, შექმნილიყო ერთიანი საქართველო, შეუძლებელია მოგვIიანებით შეთხზულიყო. ფარნავაზის რეფორმისტულ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ, ჩვენი აზრით, რეალისტურ ფაქტებს, მემატიანე ვერ გამოიგონებდა"; გ.ქავთარია, 2000, გვ. 28). 

ლინგვისტურ-კულტუროლოგიური კვლევის თანამედროვე ეტაპზე საკმაო საფუძველი გვაქვს, ვთქვათ: 
ფარნავაზის დროს ქართველურ ტომებს ჰქონდათ საერთოქართველური (ზოგადქართული) ენობრივი კოინე, რომელსაც სახელმწიფო ენის ფუნქცია ჰქონდა; შდრ., მემატიანე წერს: "და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა"; შდრ., იმავე მემატიანის აზრით, ფარნავაზამდელ ქართლში ქართულთან ერთად თანაარსებობდა: სომხური (ანუ ურარტულის მემკვიდრე ენა – ტ.ფ.), ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული; ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ აქ საერთოდ არ არის საუბარი არც ცალკეულ ქართველურ ტომთა ენებსა თუ დიალექტებზე და არც ჩრდილოკავკასიურ ენობრივ ერთეულებზე. 

ძველ ღვთაებათა საკითხის მიმოხილვა ცხადყოფს, რომ ამ პერიოდის საქართველოში შენარჩუნებულია მცირეაზიურ სხვა მონათესავე ხალხებთან კულტურული ერთობა; შდრ.: .გრ.გიორგაძე, 1985, გვ.156: "ქართული წარმართული ღვთაებების სამეული ტიპურ მცირეაზიურ ღვთაებებს განასახიერებდა: არმაზული ტრიადა დაახლოებით ძვ.წ. III საუკუნის პირველ მეოთხედში "შექმნა" ახლადწარმოქმნილი ქართლის სახელმწიფოს პირველმა მეფემ - ფარნავაზმა ძველ მცირეაზიულ მოდელთან მიმსგავსებით; ჩანს, ასეთი "მოდელი" არსებობდა ანატოლიაში არა მარტო ხეთურ-ხურიტულ ხანაში, არამედ - მომდევნო პერიოდშიც (ძვ.წ. I ათასწლეულში), როდესაც ხეთურ-ხურიტული კულტურისა და რელიგიის ტრადიციები ჯერ კიდევ არ იყო გამქრალი აღმოსავლეთ მცირე აზიაში".
იხ., აგრეთვე, ვ.გოილაძე, 1991, გვ.52: "მოქცევა~ ქართლისა~"-ში არსებული ცნობით, გაცისა და გას კერპები ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქართლის მმართველად დადგენილმა აზომ არიან-ქართლიდან გადმოიტანა"; ხეთების სამეფოს დედაქალაქ ხათუსას (ახლანდელი ბოღაზქოი) "სამეფო ჭიშკარზე" არსებული ღვთაება ხაცის გამოსახულება და იქვე აღმოჩენილ ლურსმულ წარწერებში ამავე ღვთაების აღწერილობა იდენტურია არმაზული გაცის ქართული აღწერილობისა; შესაბამისად, ვფიქრობ, "არიან-ქართლი კაპადოკიაა, ხოლო აზოს მამის საგამგეო ტერიტორია მცირე აზიაშია საძიებელი". 

შენიშვნა: ისტორიკოსთა ნაწილი ნდობით არ ეკიდებოდა "ქართლის ცხოვრების" ცნობებს; თანამედროვე გამოკვლევები უფრო და უფრო ამყარებს ჯერ კიდევ 1919 წელს მარი ბროსეს მიერ თავის უკანასკნელ "მემუარებში" გამოთქმულ აზრს: "ქართლის ცხოვრება ქართველ ტომთა უძველესი ისტორიისათვის სავსებით სანდოა; კიდევ მეტიც, ქართულ მატიანეთა ცნობები სანდოა არა მხოლოდ კავკასიის ტომთა ისტორიის შესახებ, არამედ წინა აზიის ისტორიისათვისაც" (ა.ბარამიძე, 1986, გვ.116).
სარწმუნო ჩანს ამგვარი ვარაუდიც: 
მითრიდატეების პონტო და კაბადოკია ძირითადად ქართველური ტომებით დასახლებული ქვეყნები იყო, მაგრამ ქართველურ სახელმწიფოდ იმიტომ ვერ დაიმკვიდრეს თავი, რომ იქ სახელმწიფო ენა და დამწერლობა არ იყო ქართული; შდრ., საქართველოში პონტო-კაბადოკიიდან არიან მოსული აზოც, წმინდა ნინოც და კაბადოკიელი წმინდა მამებიც; მათ აქ ეგულებოდათ თავიანთი ნათესავების ძირითადი საცხოვრისი. საქართველოში წმინდა გიორგის გამორჩეული თაყვანისცემა ეთნიკური ფესვებითაც შეიძლება იყოს მოტივირებული.