Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
    2.3.3. თანამედროვე ქართველურ დიალექტთა ჩამოყალიბების დრო

დიალექტების წარმოქმნის დინამიკა ჩვენ ასე წარმოგვიდგენია: თანამედროვე დიალექტები ყალიბდება სამწიგნობრო ენისა (ოფიციალური ენის, კოინეს) და ზეპირი მეტყველების მუდმივი ურთიერთგავლენის პირობებში (ზეპირი მეტყველება შეიძლება არც იყოს სამწიგნობრო ენის მონათესავე ენობრივი ერთეული; ე.წ. გადაფარვის კრიტერიუმის შესახებ იხ. ი.გოსენსი); ისტორიული კილოები კი წარმოიქმნება საერთო ენის დივერგენციითა და მეზობელი ენობრივი ერთეულების გავლენით. როგორც წესი, სამწიგნობრო ენის გავლენა მეტია პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრთან ახლოს მყოფი მოსახლეობის მეტყველებაზე; გამომდინარე აქედან, მოსალოდნელია, რომ მეტი ცვალება განიცადონ განაპირა დიალექტებმა, მით უმეტეს, განაპირა რეგიონებში მეტია მეზობელი ხალხების ენათა თუ წეს-ჩვეულებათა გავლენები. ნათქვამის საილუსტრაციოდ მრავალი ფაქტის მოყვანა შეიძლება; სანიმუშოდ დავასახელებთ პალატალიზებული ხმოვნების არსებობას განაპირა ქართველურ (სვანურ, ჰერულ და, ნაწილობრივ, ფხოურ, მესხურ და ზანურ) დიალექტებში...
სამეცნიერო ლიტერატურაში საერთოქართველური ენისგან დიალექტთა გამოყოფის დროსა და თანამიმდევრობის შესახებ აზრთა დიდი სხვადასხვაობაა: როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, უფრო ლოგიკური და არგუმენტირებულია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც საერთოქართველურისგან სამწიგნობრო ენის ფორმირების პარალელურად ჩამოინაკვთა ორი ძირითადი დიალექტური წრე: ე.წ. სისინა თანხმოვნებიანი დიალექტები: ქართლურ-კახურ-მესხურ-ფხოურ-ჰერული კილოები და ე.წ. შიშინა თანხმოვნებიანი დიალექტები: ზანურ-სვანური კილოები; დროთა განმავლობაში, შიშინა კილოების ერთ ნაწილში სხვა ენობრივ ცვლილებებთან ერთად, რიგ შემთხვევებში, განხორციელდა ა-ს ლაბიალიზაცია ო-დ და ე-ს დეპალატალიზაცია; შედეგად მივიღეთ თანამედროვე ზანური დიალექტები. ჩრდილოკავკასიელ ეთნოსთა მეზობლად მცხოვრებ შიშინა ზანურ-სვანურ კილოზე მოლაპარაკე ქართველთა მეტყველებაში სხვა ენობრივ (ფონეტიკურ, მორფონოლოგიურ, მორფოლოგიურ...) პროცესებთან ერთად განხორციელდა თანხმოვანთა და ხმოვანთა პალატალიზაცია (და სხვა მოვლენები), რამაც სათავე დაუდო სვანთა დიალექტების წარმოქმნას. 
ცნობილია, რომ მონათესავე ენობრივ სისტემებს შორის არსებული ბგერათშესატყვისობანი ისტორიულად ჩამოყალიბებული მოვლენაა (მსჯელობისათვის იხ. ვ.შენგელია, 1999). საერთო ენობრივი სისტემისგან დიალექტური ვარიანტების ფორმირება ხანგრძლივი ფონეტიკური პროცესების შედეგია, ამდენად, ლოგიკურია, დავუშვათ, რომ ამოსავალი ფონემის კანონზომიერი და რეგულარული დიალექტური ბგერითი ვარიანტები ერთ ისტორიულ-ქრონოლოგიურ მონაკვეთში ჩამოყალიბდა; მაგ., საერთოქართველური *ს ფონემისგან ზანურ-სვანური შ-ს წარმოქმნის პროცესი ერთდროულად განხორციელდა სუანი > შონი, ასი > ოში სიტყვებში, კაც-ის > კოჩ-იშ ფორმანტშიც და ქუთაისის საკუთარი სახელის კარგად ცნობილ ქართველურ ვარიანტებშიც: ქუთაისი/ქუთეისი/ქუთეში/ქუთ@შ. 
დროის რომელ მონაკვეთში უნდა განხორციელებულიყო ეს ფონეტიკური პროცესი?
ზანურ-სვანური დიალექტური წრის ჩამოყალიბების თარიღის ზედა ზღვრის დასადგენად საყურადღებო არგუმენტებს იძლევა ქალაქ ქუთაისის ისტორია და მისი სახელის ვარიანტთა ისტორიული მიმართება:
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ქუთაისის სახელი შეიქმნა საერთოქართველური ენის დონეზე (ა.ურუშაძე, 1993, გვ.33; ა.ონიანი, ზ.სარჯველაძე, 1971, გვ.174 ; გ.გაბუნია, 1973, გვ. 23). მართლაც, ქუთაისის სახელის ვარიანტებში წარმოდგენილი ბგერათშესატყვისობები ვერ გაჩნდებოდა ამ დასახლებული პუნქტის დაარსებამდე; ამდენად, ლოგიკურია, დავუშვათ, რომ წარმოდგენილი ქართველური ვარიანტები ჩამოყალიბდა ქუთაისის დაარსების შემდეგ; შესაბამისად, ქუთაისის ისტორიისა და მისი სახელის ნაირსახეობათა მიმართების მიხედვითაც შეიძლება დავაზუსტოთ ზანურ-სვანური დიალექტების ფორმირების საწყისი პერიოდი.
ქუთაისის დაარსების დრო. ქუთაისის ისტორიას მრავალი ნაშრომი მიეძღვნა. ქუთაისში პირველი არქეოლოგიური აღმოჩენის ავტორად სამეცნიერო ლიტერატურაში აღიარებულია ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე გიორგი წერეთელი (გ.წერეთელი, 1882). ქუთაისის "ქვეყნის" ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდნენ: რ.შმიდტი, ლ.კოზლოვსკი, გ.ნიორაძე, პ.ჭაბუკიანი, მ.ივაშენკო, ბ.კუფტინი, ნ.კილაძე-ბერძენიშვილი, ლ.მუსხელიშვილი, გ.ლომთაძე, ლ.ჯიქია, ო.ლორთქიფანიძე, მ.ნიორაძე, ვ.ლიჩელი, ვ.ჯაფარიძე, გ.კვირკველია, ო.ლანჩავა, გ.ისაკაძე...
არქეოლოგიური მასალის შესწავლის საფუძველზე ქუთაისის ისტორიაში განვითარების რამდენიმე ძირითადი პერიოდია გამოყოფილი: 
1. ძვ.წ. VIII-IV საუკუნეები - ქალაქის დაფუძნებისა და დაწინაურების პერიოდი; 
2. ძვ.წ. IV-ახ.წ. IV საუკუნეები - ქალაქის დაკნინების, ანუ ე.წ. "ბნელი" პერიოდი;
3. IV-V საუკუნეები - ქუთაისის, როგორც ეგრისის მთავარი ქალაქის, აღორძინების პერიოდი;
4. VI-VII საუკუნეები - ქუთაისი კარგავს პოლიტიკურ პრიორიტეტს;
5. VIII-X საუკუნეები - ქუთაისის ხელახალი აღმავლობა ეგრის-აფხაზეთის დედაქალაქობიდან - სრულიად საქართველოს დედაქალაქობამდე (საკითხის ისტორიისა და ბიბლიოგრაფიისათვის იხ. ო.ლორთქიფანიძე, 1994 და ო.ლანჩავა, 1996). 
ქუთაისის შესახებ გამოქვეყნებულია ორი მონოგრაფია: 1960 წელს დაიბეჭდა ვლადიმერ ჩაკვეტაძის "ქუთაისის ისტორიიდან" და 1962, 1989 წლებში - ვახტანგ ჯაოშვილის "ქუთაისი"; 1994 წელს გამოიცა მნიშვნელოვანი სამეცნიერო კრებული: "ქუთაისი უძველესი დროიდან XIII საუკუნემდე"; წარმოდგენილ გამოკვლევებში სარწმუნოდაა მიჩნეული არქეოლოგების მიერ მიღებული დასკვნები ქუთაისის დაარსების შესახებ.
ქუთაისის დაარსების დროსთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრება, კერძოდ, ლ.სანიკიძის, ა.ურუშაძის, გ.გაბუნიას და სხვათა აზრით, ქუთაისი წარმოიქმნა ძვ.წ. მეორე ათასწლეულის შუა პერიოდში; კერძოდ, ლ.სანიკიძეს არგუმენტად მოჰყავს ის ფაქტი, რომ აპოლონიოს როდოსელი "არგონავტიკაში" კუტაიას მოიხსენიებს მხოლოდ იმ ქალაქთა გვერდით, რომლებიც არსებობდნენ ძვ.წ. მეორე ათასწლეულიდან; "არგონავტიკაში" ანტიკური პერიოდის "ახალი" ქალაქები სხვა შემთხვევაში არ სახელდება (ლ.სანიკიძე, 1971; ა.ურუშაძე, 1993, გვ.44; გ. გაბუნია, 1973, გვ.29). ოდნავ განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდა ს.ყაუხჩიშვილს (ს.ყაუხჩიშვილი, 1969). რ.გორდეზიანი არ გამორიცხავს აია-სა და კუტაიას იგივეობას, მაგრამ საკითხს დასაბუთებულად არ მიიჩნევს (რ.გორდეზიანი, 1993, გვ.46).
ძვ.წ. VII-VI საუკუნიდან მოყოლებული, ქუთაისი მეტად დაწინაურებული და ცნობილი ქალაქია, კოლხეთის დედაქალაქია, ამდენად, ლოგიკური იყო, ანტიკურ პერიოდში აპოლონიოს როდოსელს დაეშვა, რომ მითური აია იგივე კუტაია იყო; შესაბამისად, 1000 წლის წინანდელი აიეტისა და იაზონის გამითებული ამბის თხრობისას ბუნებრივია ქუთაისის მოხსენიება საბერძნეთის უძველეს ქალაქებთან ერთად. კვლევის თანამედროვე ეტაპზე, რამდენიმე მიზეზის გამო, უპირველეს პრობლემად ჩვენ სწორედ აიეტის სამკვიდროსა და კუტაიას იგივეობა გვესახება; კოლხას დედაქალაქი ჭოროხის ხეობაშია თუ რიონის? 
მეცნიერთა ერთი ნაწილი (ნ.მარი, გ.მელიქიშვილი, თ.მიქელაძე, 1974, გვ.84 და სხვ.) ვარაუდობს, რომ ისტორიული კოლხას დედაქალაქი - აიეტის რეზიდენცია - იყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (არტანუჯში); შესაბამისად, იაზონი მოვიდა არა რიონის, არამედ ჭოროხის ხეობაში;
აქვე საყურადღებოა ისიც, რომ ძვ.წ. XV-X საუკუნეების კოლხური ბრინჯაოს ცნობილ განძთაგან უფრო მეტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშია აღმოჩენილი, ვიდრე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე (თ.მიქელაძე, 1974, გვ.40); საკუთრივ ქუთაისის ტერიტორიაზე (გორაზეც და რიონის პირასაც) მიკვლეული მასალა კი ძვ.წ. პირველი ათასწლეულის VIII საუკუნეს არ სცილდება.
ადგილის ზუსტი განსაზღვრით, "ქართლის ცხოვრებაში" ქუთაისი პირველად ახ.წ. VIII საუკუნიდან დასტურდება (ო.ლორთქიფანიძე, 1994, გვ.20), ქართულ საბუთებში კი - XI საუკუნიდან (თ.ყაუხჩიშვილი, 1994, გვ.33). ბერძნულ წყაროებში 11 საუკუნით ძველი, კერძოდ, ძვ.წ. III საუკუნის დამოწმება გვაქვს. უფრო ადრეული წყაროები სანდო ლოკალიზაციას არ გვაძლევენ. 
კოლხას დედაქალაქის შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მდინარე ფაზისის მიხედვით, მაგრამ, ძვ.წ. III საუკუნიდანვე მოყოლებული, ფაზისად მოიხსენიება ჭოროხიც, რიონიც და კიდევ, ყუბანიც და არაქსიც (საკითხის ისტორიისათვის იხ. მ.ბერძნიშვილი, 1969, გვ.89 და გ.გრიგოლია, 1994, გვ.49-50, 55); ჭოროხიც სანაოსნო მდინარე იყო (ართვინამდე) და რიონ-ყვირილაც (შორაპნამდე)... ბერძნული წყაროებითვე, ზღვიდან აიეტის ქალაქამდე მანძილი 55 კმ არ აღემატება, რაც საძიებელ ქალაქად უფრო არტანუჯს გვავარაუდებინებს (იხ. გ.მელიქიშვილი, 1954; შდრ. ო. ლორთქიფანიძე, 1966); თუმცა, ჭოროხის კალაპოტიდან არტანუჯამდე - თურთუმის მსგავსად მაღალი მთებით დაცულ ხეობათა შესაყარ ქალაქამდე - 10-15 კმ მანძილზე შეუძლებელია ნავით მგზავრობა. საკითხი შემდგომ კვლევას ითხოვს.
ქუთაისის აღმოცენების დროის თვალსაზრისით, ჯერჯერობით, უფრო სარწმუნოდ არქეოლოგთა დასკვნები მიგვაჩნია: დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ, რომ ქუთაისის საქალაქო ცხოვრება დაწყებულია ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებში (ო.ლორთქიფანიძე, 1988; ო.ლორთქიფანიძე, 1994; ო.ლანჩავა, 1996). 
ქუთაისის სახელის ვარიანტები. ისტორიულ წყაროებში ქუთაისის სახელის ათზე მეტი ვარიანტია დადასტურებული, კერძოდ, 1993 წელს გამოქვეყნებულ აკაკი ურუშაძის გამოკვლევაში: "ქუთაისი ბერძნულ და რომაულ წყაროებში" დამოწმებულია:
კუტაია, კუტე (ლიკოფრონი, ძვ.წ. III ს.),
კუტაიისი (აპოლონიოს როდოსელი, ძვ.წ. III ს.), 
კუტეისი ("ორფიკული არგონავტიკა", ახ.წ. IV ს.), 
კუტა (სტეფანე ბიზანტიელი, ახ.წ. VI ს.),
კოტიაიონი/კო~ტაიონი, კუტაისი, კუტატისი, კუტატუსი ["ასე ეძახიან ლაზები"] (პროკოპი კესარიელი, ახ.წ. VI ს.), 
კოტაისი (აგათია სქოლასტიკოსი, ახ.წ.VI ს.)... 
ა.ურუშაძის დაკვირვებით, "დამოწმებულ ყველა ფორმაში თავდაპირველი და ამოსავალია კუტ/ქუთ ძირი, რომლის უ ხმოვანს კანონზომიერად ენაცვლება ო, ო~, ოE ხმოვნები" (ა.ურუშაძე, 1993, გვ.31).
VII საუკუნის ე.წ. სომხურ ანონიმურ "გეოგრაფიაში" ქუთაისის აღსანიშნავად გამოყენებულია კოტა ფორმა.
"ქართლის ცხოვრებაში" და სხვა წერილობით ძეგლებში ჩვენთვის საინტერესო ქალაქის სახელის რამდენიმე ვარიანტი გვიდასტურდება: ქუთათისი, ქუთათი, ქუთაისი; ქართველურ დიალექტებში კი დამოწმებული გვაქვს: ქუთეისი, ქუთეში და ქუთ@შ. 
ქუთაისის სახელის წარმოდგენილი მრავალი ვარიანტი ხუთ ძირითად ჯგუფად წარმოდგება: 1.კოტა/კუტა, 2.კუტაია, 3. კუთაიისი/ქუთაისი/ ქუთეისი/ქუთეში/ქუთ@შ, 4.ქუთათი, 5.ქუთათისი/ქუთათუსი... ამათგან საინტერესოა მესამე ჯგუფი, სადაც ტოპონიმის ქართველურ ვარიანტებში უეჭველად დასტურდება ს/შ ბგერათშესატყვისობა.
ტოპონიმ ქუთაისის ეტიმოლოგია. ტოპონიმ ქუთაისის რამდენიმე ეტიმოლოგია არსებობს; მას ქვა/ქუა სიტყვასთან აკავშირებდნენ დ.მეღვინეთხუცესიშვილი, ვ.ჩაკვეტაძე (1960, გვ.55), ვ.ჯაოშვილი (1989, გვ.57). გ.ჟორდანიას მიხედვით, ქუთაისი დარქმეულია მისი ამგების სახელის - ქუთათის - მიხედვით. ნ. ბალანჩივაძის აზრით, "ალბათ არსებობდა კუტას გვარი თუ ტომი, რომლის სახელი მიუღია ქუთაისს". ქალაქის ეტიმოლოგიას ქუთას გვარს უკავშირებს გ.ელიავაც. გ.გაბუნიას (გ.გაბუნია, 1996, გვ.244; გ.გაბუნია, 1999, გვ.97-99) ვარაუდით, ქუთაისი შეიძლება მიღებული იყოს კომპოზიტ ქუთ-აია-სგან; მკვლევარი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სახელწოდება აია-ქუთაია-ქუთათისი დაკავშირებული იყოს ქართველი ხალხის ეთნოგენეზისის პრობლემასთან; კერძოდ, ან ერთ-ერთი მთავარი ქართველური ეთნარქის, ან ციურ მნათობთა ძველკოლხური ღვთაების სახელი იყოს.
არც ერთი ავტორის მოსაზრებას სარწმუნო ლინგვისტური დასაბუთება არ ახლავს... 
მეცნიერთა ერთი ნაწილი ტოპონიმის ფუძეს არაქართველური წარმომავლობისად მიიჩნევს; კერძოდ: ნ. მარი და ს.კაკაბაძე აფხაზურ ქ˚თა ("სოფელი") სიტყვას უკავშირებენ; ი.ჯიშკარიანი - არჩიბულ ქუთას ("ქალი"), კ.ჰანი და ა.ურუშაძე შესაძლებლად თვლიან, ამოსავლად ბერძნული კუტოს "ტყავი" დავსახოთ (ამ და სხვა მოსაზრებების მიმოხილვისთვის იხ. ვ.ჩაკვეტაძე, 1960, გვ.49-55; ა.ურუშაძე, 1993, გვ.42-43 და მ.ინაძე, 1994, გვ.64). 
ჩვენი აზრით, ქუთაისის ქართული წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს. ასევე, ქართველური ვარიანტების შეპირისპირებით აშკარაა, რომ უძველესი ფორმა და ქალაქის ოფიციალური სახელწოდებაა ქუთაისი; უცხოურ წყაროებში ქალაქის სახელი ქართველური არეალიდანაა შეთვისებული. ქუთათი შედარებით გვიან შექმნილი დიალექტური (ზანური) ფორმა ჩანს. შეიძლება დავუშვათ, რომ ქუთათისი/ქუთათუსი ამ ორი ფორმის კონტამინაციითაა წარმოქმნილი (შდრ., ა.ონიანი, ზ.სარჯველაძე, 1971, გვ.174).
სვანური ქუთ@შ ფორმის წარმოქმნის შემდეგი გზა უნდა ვივარაუდოთ: ქუთაისი > *ქუთა-იშ-ი > ქუთ@-იშ/ქუთ@შ (შდრ., ა.ონიანი,ზ.სარჯველაძე, 1971, გვ174); ზანური ქუთეში კი შემდეგნაირადაა მიღებული: ქუთაისი > ქუთეისი/ქუთეიში > ქუთეში. 
ქუთაისის სახელის ყველა ვარიანტის მორფოლოგიური ანალიზი (განსაკუთრებით სვანური ქუთ@შ < *ქუთა-ში < *ქუთა-იშ-ი) მხარს უჭერს ტოპონიმის ფუძედ ქუთა-ს (ბერძნული ფორმით: კოტა/კო~ტა) განხილვას. 
პ.ინგოროყვას აზრით, შემთხვევითად არ უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ერთმანეთს ემთხვევა ჯიქეთში მდებარე "ძველი ლაზიკის" თემის სახელწოდება (ქუთასი/ქოთაში) და ამჟამინდელ ქალაქ ქუთაისის სახელი. ა.ურუშაძის აზრით, ამავე ფუძეს შეიძლება უკავშირდებოდეს ქსენოფონტეს მიერ დასახელებული ერთ-ერთი ქართველურ-კოლხური სატომო სახელი კო~ტები (ა.ურუშაძე, 1993, გვ.32); ამგვარი აზრი გამოთქმული აქვს თ.ყაუხჩიშვილსაც (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.59). ვფიქრობთ, კო~ტები ფორმისთვის ამოსავალია *ქუთები; შდრ., VI საუკუნის მოღვაწის, პროკოპი კესარიელის ცნობით, ძველად ქუთაისს კო~ტაიონი ერქვა; მ.ინაძის მიხედვით კი, ქუთ- ფუძიანი სახელი კოლხთა მიწას, მხარეს აღნიშნავდა (მ.ინაძე, 1994, გვ.64). ასევე, არ გამოირიცხება, რომ წარმოდგენილი ქუთ- ფუძე მომდინარეობდეს ხათ-/ქათ- ფუძისგან: ხათ/ქათ > ქუთ (ა-ს ლაბიალიზაციით).
ამგვარად, ქუთაისის სახელის ლინგვისტური ანალიზით აშკარაა, რომ ტოპონიმში წარმოდგენილია ქუთ-/ქუთა ძირი და -ის საერთოქართველური ფორმანტი. რამდენადაც, არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, ქალაქი ქუთაისი დაარსებულია ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI საუკუნეებში, ბუნებრივია, უნდა დავუშვათ, რომ -ის საერთოქართველური ფორმანტის ზანურ-სვანური ვარიანტი -იშ/-შ და, შესაბამისად, ზანურ-სვანური დიალექტებისთვის დამახასიათებელი კონსონანტური სისტემა ჩამოყალიბდა ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში. 
თანამედროვე ქართველურ დიალექტთა ფორმირების დროის ქვედა ზღვრის დადგენის თვალსაზრისით საინტერესოა წელთაღრიცხვათა მიჯნისდროინდელი ბერძნული ცნობები ლაზების, სვანებისა და სუანოკოლხების არსებობის შესახებ; მაგ., კლავდიოს პტოლემაიოსის (100-178) ცნობით, ბზიფიდან რიონამდე ცხოვრობენ ლაზები, მანრალები, ეკრიკტიკეს ქვეყნის მცხოვრებნი... მათ ჩრდილოეთით ცხოვრობენ აქა~ები, კერკეტები და სუანოკოლხები (თ.ყაუხჩიშვილი, 1976, გვ.160); შდრ., ლეონტისთვის ეგრისი და სუანეთი ზოგჯერ სინონიმებია... 
დღეს რთულია მსჯელობა, თუ კონკრეტულად რა სახისა იყო ამ ტომთა მეტყველება; ნაკლებადაა სავარაუდო, რომ წელთაღრიცხვათა მიჯნაზე ლაზურ-მეგრული უკვე ჩამოყალიბებული იყო ჩვენთვის ცნობილ ლინგვისტურ საზღვრებში, თუმცა ზანურ-სვანური დიალექტური წრის ფორმირების პროცესი უთუოდ დაწყებულია. 

* * *
დასავლურქართველური (შიშინა) დიალექტური წრის ჩამოყალიბება, ვფიქრობთ, შეიძლება დაუკავშირდეს ორ ისტორიულ მოვლენას: 
_ ძვ.წ. I ათასწლეულის დასასრულს ქართველური ტომებით დასახლებული ტერიტორია რამდენიმე სამეფოდაა წარმოდგენილი (პონტო, ლაზიკა, იბერია...); სხვადასხვა სახელმწიფოებრივ ველში მოქცევა აფერხებს ქართველური მოდგმის თემთა (ეთნოგრაფიულ ჯგუფთა) კულტურულ თანაცხოვრებას; სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში უფრო კნინდება ქართული/ქართველური სამწიგნობრო-ოფიციალური ენის სტატუსი, შესაბამისად, აქტიურდება ზეპირი მეტყველებისთვის დამახასიათებელი ფონეტიკური მოვლენები. ვფიქრობთ, ამ პერიოდიდან საერთოქართველური ენის აღმოსავლურ ვარიანტში გვაქვს პალატალიზებული ბგერების მქონე სპარსული ენის გავლენა (ძვ.წ. II საუკუნეში მტკვარ-არაქსის აუზში მძლავრობენ სპარსული ტომები), დასავლურ-ქართველურ ზეპირ მეტყველებაში კი პირიქით: აქტიურდება წინაენისმიერი ლაბიოველარიზებული ბგერებისგან ველარიზებული ჰარმონიული კომპლექსების (ჟგ, შქ, ჯგ, ჩქ, ჭკ...) წარმოქმნა, ლაბიოველარიზებულ ძ, ც, წ, ზ, ს ბგერებისგან ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ ფონემების ფორმირება. შემდგომ ეტაპზე დასავლეთ საქართველოს ბარის მოსახლეობის მეტყველებაში მომიჯნავე თანხმოვანთა ლაბიალური კომპონენტის მონაწილეობით ხორციელდება ა > ო, ე > ა გადაბგერება; მთის მოსახლეობის მეტყველებაში ხმოვანთა ლაბიალიზაციის პროცესს აფერხებს (და ცვლის) პალატალიზაცია, რომელიც ახასიათებს სვანეთის მოსაზღვრე ჩრდილოკავკასიელი ხალხების ენებს; შდრ.:
ქართველი მემატიანის ცნობით, მეფე საურმაგმა თავისი ხელისუფლების განსამტკიცებლად ჩრდილო კავკასიიდან გადმოასახლა "კავკასის ნათესავთა ნახევარნი, და რომელნიმე მათგანნი წარჩინებულ ყვნა, სხუანი დასხნა მთიულეთს - დიდოეთიდან ვიდრე ეგრისამდე, რომელი არს სუანეთი" (ქ.ც., 1955, გვ.27). დროთა განმავლობაში ქართველურმა მოდგმამ ჩამოსახლებულთა ასიმილაცია მოახდინა, მაგრამ ჩრდილოკავკასიელთა დიალექტები (თუ ენები), ჩანს, უკვალოდ არ დაკარგულან: მათი სუპერსტრატული კვალი აშკარად ჩანს სვანთა დიალექტების ფონემატურ სტრუქტურაში პალატალიზებული ხმოვნების (დაწვრილებით იხ. ტ.ფუტკარაძე, 1998), სახელის პარადიგმაში ე.წ. ორმაგი ბრუნვებისა და ჩრდილოკავკასიური ტიპის ერგატივის, ლექსიკური ნასესხობებისა და სვანთა მეტყველების ზოგი სხვა თავისებურების სახით. 
ზანურ-სვანური კილოების ფორმირების დროსთან დაკავშირებით საინტერესოა, ასევე, თბილისის ისტორია: თავიდანვე ზოგადქართველური ღირებულების მქონე ამ ქალაქს ქართველურ დიალექტებში შესატყვისობები არა აქვს. 
ზანური და სვანური ენობრივი ერთეულების წარმოქმნის დასრულების დადასტურებულ თარიღად შეიძლება მივიჩნიოთ დავით და კონსტანტინეს წამების დრო: ნაწარმოებში გვხვდება ტოპონიმი ჭყონდიდი (წარმომავლობის სახელი - ჭყონდიდელი); შდრ.: ბერძნულ-ბიზანტიურ თუ ქართულ წყაროებში მანამდე დადასტურებული ტოპონიმები სისინა ტიპის ენის მოდელს მიჰყვებიან.
გორგასლის შემდეგ დაწყებული საქართველოს სახელმწიფოებრივი ნგრევა არაბობამ დაასრულა: სარწმუნო ჩანს, რომ სწორედ ამ პერიოდში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიებზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ორი დიდი დიალექტური წრე: მეგრულ-ლაზურ-ჭანურ-სვანური და იმერულ-ქართლ-კახურ-მესხურ-ჰერულ-ფხოურ-თაკვერული; შდრ., ა.ჯაფარიძის საინტერესო მსჯელობა (1994, გვ.65): 
"ჩვენი მემატიანენი ათასწლეულთა მანძილზე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ჩვენი სახელმწიფოს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობას ქართველებს უწოდებენ (ხაზი, აქაც და ქვემოთაც, ჩვენია – ტ.ფ.)... სხვადასხვა ქართული ტომების ერთიან ხალხად გადაქცევას ხელი უთუოდ იმანაც შეუწყო, რომ სახელმწიფოს ჩამოყალიბების დროს ქართული ფუძეენის დაშლის ხარისხი დიდი არ იყო. ტომების ენები ახლოს იყვნენ ერთმანეთთან; ქართების, ზანებისა და სვანების ენები, ცხადია, ამ ორი ათას ხუთასი წლის წინ ერთმანეთის მიმართ დიალექტებს წარმოადგენდნენ. ისინი დამოუკიდებელ ენებად (? - ტ.ფ.) ჩამოყალიბდნენ შემდგომ, საფიქრებელია, მას შემდეგ, რაც ფარნავაზის მიერ შექმნილი სახელმწიფო დაიშალა - ვახტანგ გორგასალის შვილების დროს" (შდრ., სვანურს ძველი ქართული ენის დიალექტად განიხილავს თ.მიბჩუანი; იხ., 1993, გვ.464). 
თანამედროვე ქართველურ კილოთა (ზანურ, სვანურ, ფხოურ...) ჩამოყალიბების დროის თვალსაზრისით საინტერესოა ენობრივ მონაცემთა შეპირისპირებითი ანალიზიც; განვიხილავთ რამდენიმე ფაქტს:
ქართველურ კილოებს სამწიგნობრო ენის მსგავსი ბრუნვათა სისტემა აქვთ; სხვაობა დასტურდება ერგატივის გაფორმებისა და ნარ-თანიანი მრავლობითის თვალსაზრისით: 
სამეცნიერო ლიტერატურაში მიჩნეულია, რომ -მან/-მა/-მ ფორმანტიანი მოთხრობითი სახელობითთან ერთად გვიანაა ჩამოყალიბებული (მსჯელობისა და საკითხის ისტორიისათვის იხ. თ.უთურგაიძე, 1986, გვ.16-22). არქაულ სამწიგნობრო ენაში ერგატივი წარმოდგენილია სახელის ფუძით (აბრაამ), მე, შენ, ჩვენ, თქვენ, მან, მათ, ვინ, თვითონ ნაცვალსახელებით, ან მან ნაწევრიანი ყალიბით (კაც-მან); სვანურ კილოებში ე.წ. ადიღური ტიპის ერგატივია გაბატონებული, ხოლო ზანურ კილოებში ერგატივს აწარმოებს -ქ სეგმენტი, რომელიც, ჩვენი აზრით, მეგრულ, რაჭულ, ტაოურ, იმერხეულ და სხვა ქართველურ კილოებში ფართოდ გავრცელებული ქე/ქი/ქო/ქვე/კი/ხო/ჰო ნაწილაკის ნაშთია: 
ქო/ქვე/ქე დადასტურებითი ნაწილაკი დროთა განმავლობაში შეერწყა ზოგ შემთხვევაში სახელურ ფუძეს, ზოგან კი - ზმნის პირიან ფორმას; კერძოდ, იქ სადაც მოსალოდნელია დადასტურებითი ნაწილაკის პოვნიერება, მაგრამ სახელური ფუძე სახელობითი ბრუნვის ფორმითაა (აწმყოსა და მყოფადის ფორმები პირველსა და მეორე პირში), ზმნურ ფორმას -ქ სუფიქსად მიუერთდა, სხვა შემთხვევაში კი - სახელურ ფუძეს. ამოსავალ კონსტრუქციად ვვარაუდობთ: კაც ქო/ქვე დაუძახა > კოჩქ დუძახუ...
შენიშვნა: საკითხის ისტორიისათვის: ქ.ლომთათიძეს მხოლოდ მეგრული ზმნების I და II პირში არსებული -ქ სუფიქსი მიაჩნია ქო დადასტურებითი ნაწილაკის ნაშთად (ქ.ლომთათიძე, 1946, გვ. 133); თ.მახარობლიძის აზრით კი, მეგრული ერგატივის -ქ და მეგრული ზმნების -ქ მასალობრივად ერთი და იგივეა: ორივე მომდინარეობს კოჩ- ფუძის პირველი თანხმოვნისგან (თ.მახარობლიძე, 2005, გვ. 46-56). 
ვფიქრობთ, აშკარაა, რომ იბერიულ-კავკასიური სპეციფიკური ბრუნვის - ერგატივის -მან და -ქ ნაწილაკებიანი ვარიანტები ჩამოყალიბდა ზანურ-სვანური კილოების ფორმირების შემდეგ, ხოლო სვანურ კილოებში ადიღური ტიპის ერგატივის დამკვიდრების დრო შეიძლება დაუკავშირდეს წელთაღრიცხვათა მიჯნაზე კავკასიის ხალხების დიდ ჩამოსახლებას; გამომდინარე აქედან, ლოგიკურია, რომ ამჟამინდელი ერგატივის ჩამოყალიბების დროდ ვივარაუდოთ ახ.წ. I ათასწლეული. აქვე აღვნიშნავთ, რომ იბერიულ-კავკასიურში, საერთოქართველურსა და არქაულ ქართულშიც არსებობდა ერგატივი, რომელიც ორგვარად გამოიხატება: 
საერთოქართველური წარმომავლობის ერგატიულ (არანომინატიურ, არააკუზატიურ) კონსტრუქციაში აღმქმელ სუბიექტს წარმოადგენს სახელური/ნაცვალსახელური ფუძე, ან მიცემითში დასმული სახელი (ე.წ. ძველი ერგატივი?), რომელსაც ზმნურ ფორმაში შეესაბამება: მ, გ-, ს-/ჰ-/ხ-, გვ- პირის ნიშნები: მინდის, მშიის, მწყურის, მწადს, მიყვარს... როგორც წესი, ამ ტიპის ზმნები უძველესი ფორმაციისანი არიან (არნ.ჩიქობავა, 1948, გვ.5); შდრ.: ისტორიულ ერგატიულ კონსტრუქციაში მოქმედ სუბიექტს წარმოადგენს სახელური/ნაცვალსახელური ფუძე, ან -მან/ქე ნაწილაკდართული სახელი (ახალი ერგატივი), რომელსაც ზმნურ ფორმაში შეესაბამება: ვ-, ს-/ჰ-, -ს, -ა, -ენ, -ეს...
შენიშვნა: ორივე რიგის ნიშნები გვევლინებიან როგორც რეალური ობიექტის, ასევე რეალური სუბიექტის გამომხატველად; მათი განაწილება შეპირობებული ჩანს ზმნური სემანტიკით: აღმქმელ სუბიექტს გამოხატავს მ-ს რიგი (უფრო არქაული წარმოშობისა: მე > მ), ხოლო მოქმედ სუბიექტს - ვ-ს რიგი (ბ > E/ვ?). არქაული ტიპის ერგატიული კონსტრუქციისა და პირის ნიშნების ე.წ. ინვერსიის შესახებ სხვაგან გვექნება საგანგებო მსჯელობა.
ფაქტია: სახელობითის თავდაპირველი ფორმა ერთნაირი გვაქვს ყველა ქართველურ კილოში (ფუძე+ი / ფუძე+ე), ე.ი. მისი ფორმირება მომხდარია ზანურ-სვანური წრის კილოების ჩამოყალიბებამდე. აქვე ვიტყვით, რომ ზოგ კილოში სახელობითის ი ფორმანტის დაკარგვა იხსნება მახვილის ზემოქმედების გამო ბოლოკიდური ხმოვნის მოკვეცის ტენდენციით (იხ. მაგ. ა.არაბული, 1981, გვ.120-124). ლოგიკური ჩანს დასკვნაც, რომ: -მა/-ქ ნიშნებიანი ერგატივის ფორმები სამწიგნობრო ენასა და ზანურ კილოებში წარმოქმნილია ზანურ-სვანური დიალექტური წრის გამომიჯვნის შემდეგ (შდრ., ი.იმნაიშვილი, 1961, 641-642). 
თ.გვანცელაძის ვარაუდით, სამწიგნობრო ქართულის ნარ-თანიანი მრავლობითი, ხუცესი და ზანური კილოების უჩაში საშუალებას უნდა იძლეოდეს, ზანურის გამოყოფის დროდ განვსაზღვროთ ახ.წ. V საუკუნე; კერძოდ, ხუცესი ასახავს ხანმეტობის პერიოდს, ხოლო უჩაში – ჰაემეტობისას (აზრი გამოთქმულია ზეპირი საუბრის დროს). იგივე ხ- პრეფიქსია სვანურ ხოშა "უფროსი", "დიდი" სიტყვაში (ხ-უცესი/უჩაში/ხ-ოშა სიტყვებში ხანმეტობის ხ- პრეფიქსი გამოყო ა.შანიძემ; იხ. გ.როგავა, 1956, გვ. 293). 
წარმოდგენილ მოსაზრებებთან მიმართებაშია გასააზრებელი ხანმეტობის პრობლემა და საერთოქართვ. სა – ზან. ო შესატყვისობის საკითხიც: 
_ სვანურ და ფხოურ კილოებში გარკვეული მოდიფიცირებით პირის ნიშნად დღემდეა შემორჩენილი ე.წ. ხანმეტობის დროინდელი ხ- პრეფიქსი: 
ახ.წ. V-VII საუკუნეების ქართული ხანმეტი ტექსტების ნორმის მსგავსად, სვანურში ხ- პირის ნიშანი დაცულია ხმოვნით დაწყებულ ზმნებთან სუბიექტურ მეორე და ობიექტურ მესამე პირში (ხ-იშხი "იწვი", ხ-ასყი "აკეთებ", ხ-ატბიდე "ათბობ"... ხ-ალატ "უყვარს", ხ-აჰEდი "აძლევს", ხ-აგდი "სძინავს"...). იგივე ხ- პრეფიქსი უნდა გამოიყოს პირველი პირის ხ+E- სეგმენტში (საკითხის ისტორიისა და მსჯელობისათვის იხ.: გ.როგავა, 1956; მ.სუხიშვილი, 1986; ნ.მაჭავარიანი, 1986), კერძოდ, საერთოქართველურისა და სამწიგნობრო ქართულის მსგავსად, სვანურ კილოებშიც პირველი პირის ნიშანია E/ვ, რომელიც არაბაგისმიერი ხმოვნების წინ დაცულია უცვლელად, ბაგისმიერი ბგერების მეზობლად იკარგება, ხოლო თანხმოვნით დაწყებულ ზმნებში შემონახულია ინფიქსის სახით (მსგავსი დისტრიბუცია ჩვეულებრივია სხვა ქართველურ კილოებშიც). რაც შეეხება ხ+E- სეგმენტის ხ-ს: ლოგიკური ჩანს, დავუშვათ:
ხ- პირველი პირის ზმნურ ფორმაში არსებული ირიბი ობიექტის ნიშანია; დროთა განმავლობაში, სვანურ ფორმებში ხE- ერთიან მორფემად გადააზრიანდა და სხვა შემთხვევებშიც განზოგადდა; გვიანდელი ანალოგიური მოვლენაა -ნარ- და -ნებ- ე.წ. რთული სუფიქსების წარმოქმნაც (ტ.ფუტკარაძე, 1986). 
ჰ/ხ/ს (< სა-/რა-) პრეფიქსისათვის ამოსავალი ჩანს კლას-კატეგორიის ნიშნობა (არნ.ჩიქობავა, 1944), ვინაიდან სხვაგვარად გაუგებარი იქნებოდა ორი, გრამატიკულად განსხვავებული პირის – მესამე ობიექტისა და მეორე სუბიექტის წარმოდგენა ერთი და იმავე ნიშნით; შდრ., ძველი სამწიგნობრო ენის მონაცემები: აღხუმართე, შეხუაბთ... ჰვსცოდე, ჰკითხე. 
ძველ სამწიგნობრო ქართულშიც და სვანურ, თუშურ, ხევსურულ მასალაშიც (მი-ხ-გვრიან, ხ-ქონდა, და-ხ-კაზმავს, ხ-მკიდი, და-ხ-ფარვენ...) ამოსავალია ს/ჰ; დიალექტებში სავარაუდოა შემდეგი ფონეტიკური პროცესი: ს/ჰ > ჰ > 0 და ს/ჰ > ხ > (ღ): სათანადო ფონეტიკურ გარემოცვაში სწორედ ხ-ს (და არა ჰ-ს) შეუძლია მოგვცეს მჟღერი ღ: მაღგვრის, ღგვანდი, ღგონებავ (შდრ., ა.შანიძე, 1920 და ა.ჭინჭარაული, 1960, გვ.96-98). გურულ-აჭარულ კილოებშიც გვაქვს პირის ნიშნად ფონეტიკურ ნიადაგზე მიღებული ხ (იხ. ქ.ლომთათიძე, 1938; მ.ცინცაძე, მ.ფაღავა, 1998 და სხვ.), ოღონდ, აქ ჰ > ხ პროცესი ფუძისეული თანხმოვნითაცაა განპირობებული; შესაბამისად, გურულ-აჭარულში გამოვლენილი ხ ხანმეტობის პერიოდისად ვერ მიიჩნევა.
აშკარაა:
მეორე სუბიექტური პირისა და მესამე ობიექტური პირის ნიშნად ხ – ე.წ. ხანმეტობა საერთოქართველური მოვლენა ჩანს. საერთოქართველურშივე არსებული ჰ/ხ მონაცვლეობის შედეგი უნდა იყოს ზოგ კილოში ჰ > 0 პროცესის განვითარება, ზოგან კი – ხ-ს დამკვიდრება (შდრ.: მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ ხანმეტობა და ჰაემეტობა საკუთრივ ქართული ენის ორ კილოს ასახავს).
გასარკვევი რჩება ამოსავალი ფონემის საკითხი:
ფონეტიკური პროცესების ხასიათის გათვალისწინებით, ლოგიკური ჩანს არნ.ჩიქობავასა და გ.როგავას თვალსაზრისი ს-ს უწინარესობის შესახებ. ნივთის კლას-ნიშანი ს, როგორც გ.როგავა ვარაუდობდა, ფონეტიკურ ნიადაგზე გვაძლევდა ჰ-სა და ხ-ს შორის გარდამავალ ბგერას (არნ.ჩიქობავა, 1944; გ.როგავა, 1956). ჩანს, სამწიგნობრო ენის სტანდარტიზაციის ძველ ეტაპებზე ზოგი ლიტერატურული სკოლა პირის ნიშნად ჰ-ს აზოგადებდა, ზოგი სკოლა კი – ხ-ს; საბოლოო ნორმად კი დამკვიდრდა ზმნური ფუძის დასაწყისის შესაბამისი ბუნებრივი ფონეტიკური ვარიანტები: ბაგისმიერებთან და უკანაენისმიერებთან - ჰ, წინაენისმიერებთან – ს, სხვა შემთხვევებში - 0. ე.ი. ზანურ-სვანური კილოების ფორმირების პროცესში მეორე სუბიექტური და მესამე ობიექტური პირის ნიშნად საერთოქართველურ ენაში (ენობრივ კოინეში) გააქტიურებული იყო ხ ვარიანტი. 
_ ცნობილია, რომ სამწიგნობრო ქართულის სა- პრეფიქსს ზანურში შეესაბამება ო-; ჯერ კიდევ ნ.მარისგან სამართლიანად მიჩნეულია, რომ ზანურში დაკარგულია თანხმოვნითი ნაწილი: საქათმე/ ოქოთუმე, სახლი/ოხორი, *სოცხალი/ცოცხალი/ოჩხარი... სავარაუდოა შემდეგი ფონეტიკური პროცესი: 
საერთოქართვ. *სა-/ჰა > ზან. ჰო/ო (არ არის აუცილებელი, დავუშვათ, რომ ზანურში გვქონდა ს-ს შესატყვისი ისეთი შ, რომელიც ვერ ძლებს ო-ს წინ; შდრ., მ.ჩუხუა, 2003, გვ.338).
ვფიქრობთ, სამწიგნობრო ქართულის V-X საუკუნეების ხანმეტობა-ჰაემეტობა-სანნარევობა, სვანურ-თუშურ-ხევსურული ხანმეტობა, ზანური *ჰუჩაში > უჩაში და *ჰო > ო პროცესები დროის ერთ მონაკვეთში იღებს სათავეს. რამდენადაც, სვანურ-ფხოურმა კილოებმა პირის ნიშნად შემოინახა -ხ/ღ, ლოგიკურია დავუშვათ, რომ ზანურ-სვანური დიალექტური წრე ფორმირდება ჰაემეტობა/ხანმეტობის პერიოდში; ეს დრო კი ემთხვევა ზანურ-სვანური დიალექტური წრის გამომიჯვნის ჩვენ მიერ ზემოთ ნავარაუდევ პერიოდს – ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისს (აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ამ დროიდან ჩნდება წყაროებში ტერმინი სოანას/შოანას "სვანი"). 
განვლილი 20 საუკუნის მანძილზე სამწიგნობრო ქართულის გავლენა უფრო აქტიური იყო ცენტრალურ ქართველურ კილოებზე და, ამიტომაც, ისინი ნაკლებად დაშორდნენ საერთოქართველურს, მაშინ როცა გრამატიკული ნორმების ჩარჩოებისგან თავისუფალი განაპირა კილოები მეტად შეიცვალნენ: ქართველური ენობრივი სისტემის ფარგლებში აქ ბევრი საინტერესო, იმანენტური ენობრივი მოვლენა გამოვლინდა; აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაირგვარი ლანდშაფტის (ზოგადად, გარესამყაროს) ნიჭიერად აღქმის გამო, დიალექტებზე მოლაპარაკე საზოგადოებამ მრავალი მხატვრული სახე და საერთოქართველური ლექსიკური ერთეული შემოინახა; შესაბამისად, ქართველური ენობრივი სამყარო - ნორმირებული მრავალსაუკუნოვანი ენა და ათეულობით დიალექტი - ერთი მთლიანი და დიდი ზოგადქართული კულტურაა.