Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
წინასიტყვაობა

რის წერილობით წყაროებამდელი წარსული შეუძლებელია შევისწავლოთ ამ ხალხის ენის ისტორიის გათვალისწინების გარეშე; გარდა ამისა, ბიბლიიდან მოყოლებული დღემდე, ერი (ეთნიური გაგებით) და ენა ლამის სინონიმურ ცნებებად ითვლება; მაგალითად, ქართველურ სააზროვნო სივრცეში, ძველთაგანვე, ენა, ერი და სახელმწიფო ერთმანეთის განმსაზღვრელად მიიჩნევა:
გიორგი მერჩულე: "ქართლად (საქართველოდ) ფრიადი (მრავალი) ქუეყანა~ (მხარე) აღირაცხების (ითვლება), რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა~ ყოველი აღესრულების”; 
გრიგოლ ორბელიანი: "რა ენა წახდეს, ერი დაეცეს"; 
ილია ჭავჭავაძე: "ენა ისტორიაა ერისა… პირველი ნიშანი ერის ვინაობისა - ენაა"; 
ვაჟა-ფშაველა: “ერი დედაა ენისა"; 
ზვიად გამსახურდია: "…ქართულში, ისევე როგორც სხვა ძველ ენებში, ენა მხოლოდ ენას კი არ ნიშნავდა, არამედ ხალხს, ეროვნებას, მოდგმას"… 
შდრ.: ვ.ჰუმბოლტის, ლ.ვაისგერბერის, გ.რამიშვილისა და მრავალ სხვათა მიხედვით, ერი განიმარტება, როგორც ენობრივი ერთობა; შდრ., აგრეთვე, გ.რამიშვილი, 2000, გვ.172: "ენა სხვა არაფერია, თუ არა ერის მსოფლხედვა".
ერისა და ენის მიმართების საკითხს სხვა მხრითაც შევხედოთ: 
როგორც წესი, მსოფლიოში არსებული ენობრივი ერთეულები ენად თუ კილოდ იწოდება არა საკუთრივ ლინგვისტური (ფონემატური, მორფოლოგიური, სინტაქსური, ლექსიკური, სემანტიკური) პარამეტრების, არამედ მოცემული ხალხის ეთნოკულტურულ-ეროვნული თვითაღქმის მიხედვით; კერძოდ, თუკი კონკრეტული საზოგადოება თავს დამოუკიდებელ ერად/ნაციად, ან ნაციის შემადგენელ ერთეულად თვლის, მისი მეტყველებაც, შესაბამისად, ენად ან კილოდ განისაზღვრება; საზოგადოების თვითაღქმას (მეობას, თვითობას) განსაზღვრავს არა მხოლოდ გენეტიკური კოდი, არამედ ცოდნა თავისი ტრადიციული (წერილობითი თუ უმწერლობო) კულტურის ისტორიისა... შესაბამისად, მოცემული ხალხის ისტორია ენისა და კულტურის ისტორიასთან შეპირისპირებით უნდა მიეწოდოს მომავალ თაობას თუ უცხოელს, რაც სულაც არ არის იოლად გადასაჭრელი პრობლება.
შენიშვნა: თანამედროვე გამოკვლევებში ერად იწოდება მოცემული სახელმწიფოს მთელი მოსახლეობა; ასეთ შემთხვევაშიც კი გვერდს ვერ ავუვლით ქვეყნის ძირითადი მოსახლეობისა და სახელმწიფო ენის ისტორიის ურთიერთმიმართებით განხილვას.
საკუთარი ერისა და ენის ისტორიის ცოდნა არსებითია პიროვნების თვითაღქმის თვალსაზრისითაც: 
პიროვნების ეროვნული მეობის (თვითობის) განმსაზღვრელ ფაქტორთაგან, როგორც წესი, ძირითადია დედაენის ცოდნა; დედაენის ფლობაში ვგულისხმობთ ან სამწიგნობრო ენის, ან მისი რომელიმე კილოს (მაგ., ქართველის შემთხვევაში: აჭარულის, ლაზურის, მეგრულის, ლაშხურის, ლენტეხურის, იმერხეულის, სამცხურ-ჯავახურის, ლივანურის და სხვ.) ბაზაზე აზროვნებასა და, სულ მცირე, საოჯახო კომუნიკაციას. დედაენის ფლობა თავისთავადი, იმანენტური ცოდნაა საკუთარი ეროვნულობისა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინდივიდის ეროვნული მეობის განმსაზღვრელ წახნაგთა (დედაენა, ტრადიციული სარწმუნოება, ეთნიკური ფესვების ცოდნა...) ძალა ერთგვაროვანი არ არის სამშობლოში მცხოვრებ, სამშობლოს გარეთ მცხოვრებ და საკუთარი მიწა-წყლითურთ სხვა სახელმწიფოს იურისდიქციაში მოხვედრილ პირთა თვითაღქმაში; მაგ., თურქეთის რესპუბლიკის იურისდიქციის ველში მცხოვრებ შავშელ თუ იზმითელ ქართველთა ნაწილს აღარა აქვს არც დედაენა (დავიწყებული აქვს ქართული სამწიგნობრო ენაც და მშობლიური კილოც), არც ისტორიული სარწმუნოება, მაგრამ თავს მაინც თურქეთის მოქალაქე ქართველად აღიქვამს თავისი ქართული წარმომავლობის ცოდნის გამო: დედაენის ვერფლობის პირობებში საკუთარი ეთნოკულტურულრი ფესვების ცოდნა დიდწილად განსაზღვრავს ეროვნულ თვითმიკუთვნებას, შესაბამისად, ეროვნულ მეობას. შდრ., ქართველ მუჰაჯირთა ნაწილი, მშობლიური მიწა-წყლისა და დედაენის დავიწყების პირობებში, სხვებს ემიჯნება თუნდაც მხოლოდ თავისი ცეკვის სტილით, ოჯახში შემორჩენილი ქართული ტრადიციული კერძებითა თუ თვითობის განმსაზღვრელი სხვა ნიშნით მაშინ, როცა აჭარაში (საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებში) მცხოვრები აჭარელისთვის თავისი ქართველობის მთავარი ნიშანი დედაენის ფლობაა.
ყველა ადამიანს უფლება აქვს, იცოდეს საკუთარი ენობრივ-ეთნიკური ისტორია, მაგრამ სხვა ეთნოსის სახელმწიფოში მცხოვრებ ინდივიდს ყოველთვის არა აქვს ობიექტური ცოდნა საკუთარი ფესვების შესახებ (მაგ., თურქეთში მცხოვრებ ლაზებს). 
ობიექტური სწავლების პროცესს ართულებს ისიც, რომ ყოველი ერის ისტორიის რამდენიმე ვარიანტი იქმნება; კერძოდ, ისტორიას ქმნიან ჟამთააღმწერნი, მოცემული ქვეყნის სახელისუფლებო სტრუქტურების როგორც ობიექტური, ისე მედროვე მემატიანენი და სხვადასხვა ხედვის მქონე ისტორიკოსები; აგრეთვე, შორეული წარსულიც კი აღბეჭდილია ხალხის მეხსიერებაში, ვინაიდან ამბავთა ციკლი, გადადის რა თაობიდან თაობაზე, ლეგენდურ-ფრაგმენტული სახით ეძლევა შთამომავლობას... თქმულებებ-გადმოცემებიდან, დოკუმენტური წყაროებიდან თუ მიწას შემორჩენილი არქეოლოგიური მონაცემებიდან მკვლევარნი აღვადგენთ სავარაუდო წარსულს, თუმცა, თავისი კონკრეტული ეროვნულ-ენობრივი თუ ერთდარგობრივი ხედვის გამო, სამწუხაროდ, მეცნიერთა ნაწილიც თავს ვერ აღწევს მიკერძოებას (რაც ყოველთვის მაქსიმალურად უნდა დაიძლიოს)... 
სინამდვილის კვლევას დიდად უშლის ხელს სამეცნიერო ასპარეზის პოლიტიზებაც, რაც, როგორც წესი, იმპერიული სახელმწიფოების ნებისამებრ ხორციელდება. სამწუხაროდ, ბოლო 80 წლის განმავლობაში, როცა მეცნიერული აზრი მთელ მსოფლიოში შთამბეჭდავად განვითარდა, ქართველი ერის ცხოვრების, კულტურის თუ ენის ისტორია, ძირითადად, საბჭოთა იმპერიის სქემით იწერებოდა; მაგ., "რატომღაც" ნაკლებპერსპექტიულად ითვლებოდა: ქართველური და ძველი წინააზიური კულტურების მიმართების ჰიპოთეზა, ივანე ჯავახიშვილისა და არნოლდ ჩიქობავას მიერ ნალოლიავები იბერიულ-კავკასიური ენების ნათესაობის თეორია და სხვა; სამაგიეროდ, მეტისმეტი სუბიექტურობითა და ინტენსივობით შუქდებოდა რუსეთ-საქართველოს "მეგობრული" თანაცხოვრება; უმწერლობო ენებად მიჩნეული ქართველური დიალექტების ბაზაზე, რუსეთის იმპერიის იდეოლოგიური მრწამსის (დასაპყრობი ტერიტორიის მფლობელი ერის დაშლა-დაქუცმაცება!) შესაბამისად, კულტურული ქველმოქმედების ნიღბით, დაჩაგრულ "ხალხებს" უქმნიდნენ "სამწიგნობრო ენებს" (იწყებდნენ მოცემულ კილოზე სახარების თარგმნით); ამ გზით ცდილობდნენ ქართველთა ერთი ნაწილისთვის გაეუცხოებინათ არა მხოლოდ საკუთარი ისტორიული მწიგნობრობა, არამედ სხვა ქართველებიც: 
ქართველობა წარმოიდგინებოდა რამდენიმე დამოუკიდებელ ნაციად: საკუთრივ ქართველებად, ხევსურებად, თუშებად, სვანებად, ლაზებად, მეგრელებად, აჭარლებად, მესხებად... საბჭოური ინერცია დღესაც არსებობს; გარეშე ძალები დღესაც ცდილობენ საქართველოში ენობრივ უმცირესობად გამოაცხადონ და ამ გზით დიდ სამწიგნობრო კულტურას მოწყვიტონ: ლაზები, მეგრელები, სვანები (ამგვარი ენობრივი დივერსია ზოგსაც უნებურად გამოსდის საკმარისი სამეცნიერო ინფორმაციის ვერფლობის გამო; იხ., მაგ., "ევროპის ენების ცენტრის" გრიფით 2002 წელს ესპანეთში გამოქვეყნებული წიგნი "Eუროპე ოფ ტჰე Pეოპლეს"); მათი მიზანი უცვლელია: ქართველობის ჯერ ენობრივად დაშლა, შემდეგ ეთნიკურად, ბოლოს კი - ტერიტორიულად.
მეცნიერების პოლიტიზების თვალსაზრისით, საინტერესო მსჯელობა აქვს გ.მელიქიშვილს:
“ქართველთა ეროვნული თვითშეგნება ძლიერდება XIX საუკუნის ბოლოს; ამავე პერიოდში გამოქვეყნდა ფ.ჰომელის ახალი სამეცნიერო თეორია, რომლის მიხედვითაც ქართველობის წინაპრებად მიიჩნეოდა კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპის დიდ ნაწილში განფენილი წინარეინდოევროპული მოსახლეობა - “ხალხთა ალაროდიული ოჯახი: ელამელები, კასიტები, ურარტუელები (მათი შთამომავლები არიან ქართველები), პელაზგები, ეტრუსკები, ბასკები... ფ.ჰომელის სამეცნიერო თეორიამ გააძლიერა ქართველთა კონსოლიდაცია, მაგრამ ამ დროს ქართველობის წინააღმდეგ ანტაგონისტურად განეწყვნენ რუსეთის იმპერიის მესვეურნი და ამიერკავკასიაში არსებული ძლიერი სომხური ბურჟუაზია…” (გ.მელიქიშვილი, ნარკვევები, I, გვ.329)… ქართველთა ისტორიის მიმართ თვისობრივად ამგვარი (“გათიშე და იბატონე”) დაპირისპირება გაგრძელდა საბჭოთა იმპერიის პერიოდში და საზღვარგარეთულ გარკვეულ წრეებში გრძელდება დღესაც (იხ., მაგ., ჯ.ჰიუიტის, ი.ზეირეკისა და ვ.ფოირშტაინის შემოქმედება).
საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოშიც შესაძლებელი გახდა მეცნიერული აზრის ბუნებრივი და თავისუფალი განვითარება; გაიოლდა საზღვარგარეთულ (ევროპულ, ამერიკულ, აზიურ) ცენტრებთან თავისუფალი თანამშრომლობა. განსაკუთრებული კეთილგანწყობით აღსანიშნავია ის, რომ თურქეთისა და ირანის ხელისუფლებამ ქართველ მკვლევრებს უფლება მოგვცა, დაგვეწყო მათ სახელმწიფოებში მცხოვრები ქართველური წარმოშობის მოსახლეობის მეტყველების, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის შესწავლა; ამგვარი კულტურულ-სამეცნიერო თანამშრომლობა გადაარჩენს დიდ კულტურულ მემკვიდრეობას და ჩვენი ქვეყნების კეთილმეზობლური ურთიერთობების მყარი საფუძველიც გახდება (ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპული ორიენტაციის თურქეთი)... 
უკანასკნელი წლების ლინგვისტური, კულტუროლოგიური, არქეოლოგიური, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი, ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური გამოკვლევების შეჯერებით, აგრეთვე, ზოგი პრობლემის, ცნებისა თუ ტერმინის კრიტიკული გააზრებით, საფუძველი მომზადდა, საბჭოური "ტრადიციისგან" განსხვავებულად - არაპოლიტიზებულად, მეცნიერულ დებულებებზე დაყრდნობით - განვიხილოთ ქართველთა ენობრივი ერთეულების ისტორიული ურთიერთმიმართება და ქართველთა ისტორიის ზოგადი ქარგა; შესაბამისად, ნაშრომში "ქართველები" მიზნად დავისახეთ ქართველი ერის ისტორიის ლოგიკური სქემის აგება (შდრ., ა.ტოინბი: ენის ისტორია, ერის ისტორიის კონსპექტი).
საგანგებოდ აღვნიშნავთ, რომ წარმოდგენილი ნაშრომის ხასიათი დიდწილად განსაზღვრა “ქუთაისურმა საუბრებმა”:
დიალექტოლოგიური ხასიათის კვლევები წარმატებული ვერ იქნება ისტორია-ეთნოლოგიის გარეშე და, პირიქით; შესაბამისად, ისტორიული დიალექტოლოგიის პრობლემებზე მუშაობისას თავიდან დიდ სირთულეებს ქმნიდა სპეციალურ ლიტერატურაში არსებული ტერმინოლოგიური სიჭრელე და მომიჯნავე სამეცნიერო დარგებს შორის ინფორმაციის გაუცვლელობის ხელოვნური, საბჭოური ტრადიცია; ამიტომაც, ჩვენი ინიციატივითა და რექტორატის აქტიური ხელშეწყობით 1994 წლიდან ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ორგანიზებას უწევს ქართველოლოგთა ყოველწლიურ საერთაშორისო (თემატურ) სიმპოზიუმს - “ქუთაისური საუბრები”, რომელზეც ვიწვევთ ლინგვისტებს, ეთნოგრაფებს, ფოლკლორისტებს, ისტორიკოსებს, არქეოლოგებს, კულტუროლოგებს, ანთროპოლოგებს; რამდენიმე სიმპოზიუმი მიეძღვნა ტერმინოლოგიურ პრობლემებსაც (სიმპოზიუმების მასალები ყოველწლიურადვე იბეჭდება ინსტიტუტის სამეცნიერო კრებულში: “ქართველური მემკვიდრეობა”). ამ შთამბეჭდავ სამეცნიერო ფორუმებზე წარმოდგენილი დისკუსიებიც აისახა წინამდებარე წიგნში. აქვე აღვნიშნავთ, რომ, რამდენადაც "ქართველები" მოიცავს მომიჯნავე სამეცნიერო დარგებს, მისი ზოგი მონაკვეთი უფრო მიმოხილვითი ხასიათისაა, მაგ., ზოგად შტრიხებში წარმოდგენილი წინარექართველურ და ქართველურ ტომთა ისტორია უფრო განკუთვნილია არაისტორიკოსთათვის, ხოლო სახელური და ზმნური ძირითადი პარადიგმები - არალინგვისტთათვის. 
წიგნის ძირითად სტრუქტურულ მოდელად ჩამოყალიბდა შემდეგი ბიბლიურ-მითოლოგიურ-ისტორიული ქარგა:
ძველ მემატიანეთა წარმოდგენით, სხვა ძირძველ ხალხთა მსგავსად, ქართველთა ისტორიაც სათავეს ღვთაებრივი კალთიდან იღებს; ნოე-იაფეტ-იავან-თარშიშ-თარგამოსის ბიბლიური გზის მითოლოგიურ სახესხვაობად პირობითად შეიძლება დავსახოთ ზევსამდელი ღვთაების - იაფეტის ძის - ამირან-პრომეთეოსის - პროტოიბერიული (წინარებერძნული) კულტურის პერიოდი; ქართველთა წინარეისტორიულ ხანად ვვარაუდობთ კავკასიასა და წინა აზიის დიდ ნაწილში განფენილ მტკვარ-არაქსის კულტურის ქმნადობის პერიოდს. ვავითარებთ აზრს, რომ კოლხური კულტურა შეიქმნა საერთოქართველური ენის მქონე ხალხისგან და იგი მოიცავდა: 
პიტიუნტიდან (ბიჭვინთიდან) სინოპიმდე შავიზღვისპირეთს, ანატოლიის ნაწილის, რიონ-ყვირილას, ჭოროხის, მტკვრის ზემო წელის (მცხეთამდე) ხეობებს, აგრეთვე, ცხინვალისა და ყობანის რეგიონებს; პირობითად, ამ კოლხურ/საერთოქართველურ სახელმწიფოს აიეტის ქვეყანას ვუწოდებთ.
ქართველი მემატიანენი კონკრეტულ მეფეთა აღრიცხვას აზოს, ფარნავაზისა და ქუჯის ისტორიით იწყებენ - სწორედ ამ დროიდან ბერძენთათვის კარგად ცნობილი "ოქრომრავალი აია-კოლხეთი" ისევ აღორძინდა ერთიან სახელმწიფოდ, ოღონდ უფრო მცირე ტერიტორიაზე და ძირითადი ცენტრით - მცხეთაში (პირობითად - ფარნავაზის სახელმწიფო). 
წელთაღრიცხვათა მიჯნიდან უკვე იოლია ქართველთა სამწიგნობრო ენისა და, ზოგადად, ქართველობის ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთებად წარმოდგენა…
უძველესი პერიოდიდან დღემდე ქართველი ერის სავარაუდო ისტორიული ჯაჭვი ასეთ სახეს მიიღებს: 
წინარექართველური (იბერიულ-კავკასიურ-ახლოაღმოსავლური კულტურის) ეპოქა - ძვ.წ. V-III ათასწლეულები; 
კოლხური (საერთოქართველური) კულტურის ეპოქა - ძვ.წ. II ათასწლეულის შუა პერიოდიდან ძვ.წ. I ათასწლეულის შუა პერიოდამდე; 
სრულიად საქართველოს აღორძინება აზოს, ქუჯისა და ფარნავაზის ქართლად - ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარი;
გარდამავალი ჟამი - წელთაღრიცხვათა მიჯნა;
ქრისტიანობიდან გორგასალის მკვლელობამდე - ახ.წ. IV-V საუკუნეები;
არაბობიდან ქართულ მესიანიზმამდე - VII-IX საუკუნეები;
დავით აღმაშენებელი და თამარი - ოქროს ხანა; 
დრო ლაშა-გიორგიდან გიორგი ბრწყინვალემდე;
სპარს-თურქობის დიდი პერიოდი - პატარ-პატარა საქართველოებად დაშლა; 
რუსობის პერიოდი - მეფე გიორგი მეთორმეტედან - პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობამდე.
წარმოდგენილ ისტორიულ ქარგასთან მიმართებით განხილული ქართველთა ენობრივი ისტორია, ვფიქრობთ, ადეკვატურად და არგუმენტირებულად წარმოაჩენს ერთიანი ეთნოკულტურული სისტემისა და მრავალსაუკუნოვანი სამწიგნობრო ენის მქონე ქართველი ერის - მრავალწახნაგოვანი ეთნოგრაფიული თავისებურებებისა და მრავალფეროვანი დიალექტების პატრონი ხალხის - მოზაიკურ სახეს.
ggg
ქართველი ერის ისტორია და აწმყო თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა; როგორც წესი, მომხდურნი აგრესიის ორ ძირითად ფორმას იყენებენ: ხალხის ფიზიკური მოსპობისა თუ გადასახლების შემდეგ იმკვიდრებენ ცარიელ ტერიტორიას, ან თავიანთი ენისა და რელიგიის თავსმოხვევით თანდათანობით იმსგავსებენ ადგილობრივ მოსახლეობას... დაპყრობის ორივე სახე აგრესიული გლობალიზაციის გამოვლინებაა. ისტორია ადასტურებს, რომ ხალხის ფიზიკურ-გენეტიკური მოსპობა თითქმის შეუძლებელია: ერისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს აგრესიის მეორე სახეობა - ენობრივ-კულტურული (ცნობიერი) ასიმილაცია წარმოადგენს; ეროვნულ-კულტურული თავისთავადობის (ეროვნული მეობის, თვითობის) შენარჩუნებისათვის იმედდაუკარგავი ბრძოლის კარგი მაგალითია ქართველი ერის ისტორია, თუმცა ქართველობამ თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა... კვლევის ამ ეტაპზე ქართველთა ქვეყანაში სემიტების, ხეთების, ძველი ბერძნების თუ ბიზანტიელების, სპარსების, არაბებისა და თურქების იმპერიული ენობრივი პოლიტიკის ამსახველ მასალაზე მეტია ის დოკუმენტური წყაროები, რომლებიც საქართველოში (კავკასიაში) იმპერიული რუსეთის ენობრივ პოლიტიკას ასახავენ, ამდენად, ერთ-ერთ თავში სამაგალითოდ ვრცლად განვიხილავთ რუსეთის ენობრივ აგრესიას XIX-XX საუკუნეების საქართველოში.
ბოლოს, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ წინა თაობების მკვლევართა (მ.ბროსე, ნ.მარი, ივ.ჯავახიშვილი, ს.ჯანაშია, არნ.ჩიქობავა, გ.ახვლედიანი, ა.შანიძე, ვ.თოფურია, გ.მელიქიშვილი, მ.ქალდანი, გ.რამიშვილი, გ.როგავა, ო.ჯაფარიძე, ო.ლორთქიფანიძე, გრ.გიორგაძე, ბ.ჯორბენაძე, ქ.ლომთათიძე, თ.გამყრელიძე, თ.უთურგაიძე, ი.ზიცარი, ჰ.ფენრიხი...) დიდი პატივისცემით, მაგრამ, გარკვეულწილად, მათგან განსხვავებული ხედვით შექმნილი ჩვენი წიგნის პირველი გამოცემა მიზნად ისახავს დისკუსიის გაშლას განხილული პრობლემატიკის ირგვლივ. აქვე მადლიერებას გამოვხატავთ პროფესორების: თეიმურაზ გვანცელაძის, ქევინ თუითის, მანანა სანაძის, მანანა ტაბიძის, გიორგი ქავთარაძისა და ვახტანგ ჯაფარიძის მიმართ, რომელთაც გამოქვეყნებამდე წაიკითხეს ნაშრომი; მათი რჩევით განივრცო რამდენიმე საკითხი. წიგნის მეორე გამოცემისას სიამოვნებით გავითვალისწინებთ ახალაღმოჩენილ წყაროებსა და სხვა სპეციალისტთა არგუმენტირებულ მსჯელობებს.