Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
 

დანართი



პროფ. თ.გვანცელაძის წერილი "ქართველური ენები თუ ქართველური დიალექტები" არის ნაწილი იმ პოლემიკისა, რომელიც გაიმართა 2002-2004 წლებში "ქართველურ მემკვიდრეობასა" და "ენათმეცნიერების საკითხებში".
ავტორის თანხმობით წარმოდგენილ სტატიას ვბეჭდავთ დანართში, ვინაიდან, ბევრ სხვა საინტერესო საკითხთან ერთად მასში განხილულია ქართველურ ენობრივ ერთეულთა სტატუსის ისტორიის საკითხები და, შესაბამისად, ავსებს ჩვენს კვლევას.
 


თეიმურაზ გვანცელაძე 
ქართველური ენები თუ
ქართველური დიალექტები?


ენათმეცნიერების, როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინის, ჩამოყალიბებას, ჩვეულებრივ, XIX ს. დასაწყისში ისტორიულ-შედარებითი მეთოდის შექმნასთან აკავშირებენ. ამ მეთოდის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად კი ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია მიიჩნევა (ჩიქობავა, 1983, გვ.249). აღნიშნული მეთოდის შექმნიდან დღემდე მსოფლიოში გავრცელებულ ენათა არაერთი საკლასიფიკაციო-გენეალოგიური სქემა გამოქვეყნებულა, მაგრამ შედეგები სულ სხვადასხვაგვარი აღმოჩენილა. მაგალითად, XX საუკუნის დასაწყისში ფ.ფინკმა მკვდარი ენების ჩათვლით 2250 ენა გამოყო (ფინკი, 1915), იმავე საუკუნის დასასრულს კი `მსოფლიოს ხალხთა ენების რაოდენობას ლინგვისტები 4-5 ათასით განსაზღვრავენ" (ცნობარი, 1989, გვ.382). 74-წლიანი შუალედით გამოქვეყნებულ ამ მონაცემებზე დაყრდნობით წამოიჭრება სერიოზულ საკითხთა მთელი წყება:
რითია გამოწვეული ასეთი უზარმაზარი რაოდენობრივი სხვაობა XX საუკუნის დასაწყისისა და იმავე საუკუნის დასასრულის მონაცემთა შორის? ასეთ მოკლე პერიოდში ხომ ახალ ენათა ჩამოყალიბება და არსებულ ენათა რაოდენობის გაორმაგება დივერგენციის გზით ყოვლად წარმოუდგენელია!
რა მიზეზის გამოა XX საუკუნის დასასრულის მონაცემები იმდენად უზუსტო, რომ ენათა სავარაუდო მინიმალურ რაოდენობას მთელი ათასი ერთეულით აღემატება ენათა ასევე სავარაუდო მაქსიმალური რაოდენობა?
რა კონკრეტულ საკლასიფიკაციო ნიშნებს ემყარება ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია? მათგან რომელი კრიტერიუმია საკუთრივ ენობრივი ხასიათისა? რამდენად ზუსტი, უტყუარი და შემოწმებადია ეს კრიტერიუმები?
ჩვენი აზრით, სავსებით მართებულია ა.მეიეს გამონათქვამი: `ერთადერთი ენათმეცნიერული კლასიფიკაცია, რომელიც ფასეული და სასარგებლოა, ესაა გენეალოგიური კლასიფიკაცია, დაფუძნებული ენათა ისტორიაზე" (მეიე, 1924, გვ.1), მაგრამ ენათა რაოდენობის შესახებ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ თანამედროვე ენათმეცნიერებას ეს საკითხი ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია და წინ დიდი სამუშაო ელოდება, რაკიღა ენათმეცნიერების არსებობის ორი საუკუნის მანძილზე მას ისიც ვერ გაურკვევია, თუ კონკრეტულად რამდენი საკვლევი ობიექტი აქვს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ენათა გენეალოგიური თვალსაზრისით კლასიფიცირებისა და კონკრეტული ენის დიალექტისაგან გამიჯვნისათვის გამოყენებულ კრიტერიუმთა კრიტიკული შეფასება, აგრეთვე, იმ ნაკლოვანებებისა თუ დადებითი მხარეების გამოვლენა, რაც ამ კრიტერიუმებს აქვთ. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, ანალიზს მოითხოვს ორი ძირითადი კრიტერიუმი: რეგულარულ კანონზომიერ ბგერათშესატყვისობათა არსებობა-არარსებობის ნიშანი და გაგებინების ფაქტორი.
სამეცნიერო ლიტერატურის ანალიზი (იხ. თ.გვანცელაძე, 2003) გვარწმუნებს, რომ, როგორც წესი, ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია არ ემყარება არც საკუთრივ ლინგვისტურ კრიტერიუმებს და არც გაგებინებას. ხშირად, კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს ტრადიცია ან კონკრეტული სახელმწიფოს თუ ეთნოსის ინტერესები. ამ კონტექსტში ბუნებრივად დაისმის საკითხი იმის შესახებ, თუ რას ემყარება იბერიულ-კავკასიური ენობრივი სამყაროს არსებული კლასიფიკაციები და რამდენად აკმაყოფილებენ ისინი ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ერის ინტერესებს.
პირველი ავტორი, ვინც სერიოზულად სცადა კავკასიაში გავრცელებულ ენა-კილოთა კლასიფიკაცია მის მიერვე ადგილზე მოპოვებული ენობრივი მასალის (ლექსიკის) საფუძველზე, იყო იოჰან ანტონ გიულდენშტედტი. მან ამჟამად იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის წევრებად მიჩნეული ენები რვა ჯგუფად დაყო. ამ ჯგუფთა შორის ი.გიულდენშტედტს პირველ ნომრად ცალკე აქვს გამოყოფილი `ქართველური დიალექტები" (Gეორგიანისცჰე ენ) ქართულის, მეგრულისა და სვანურის შემადგენლობით (გიულდენშტედტი, 1791, გვ.496-504), რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორს მეგრული და სვანური ქართულთან ერთად ცალ-ცალკე მდგომ ენებად არ მიაჩნდა, მისთვის მეგრული და სვანური ერთი და იმავე ენის ისეთივე დიალექტებია, როგორც კახეთში, ქართლში, იმერეთსა და გურიაში გავრცელებული კილოები. იგი აღნიშნავდა, რომ საქართველოს კუთხეებში: კახეთში, ზემო, შუა და ქვემო ქართლში, იმერეთსა და გურიაში - ერთი სახის მეტყველებაა მცირე დიალექტური სხვაობით, სამეგრელოსა და სვანეთში კი ძალიან განსხვავებული დიალექტებია (ენ), რომელთაგან მეგრული უფრო ნაკლებადაა განსხვავებული, სვანური კი მეტად, მაგრამ ისე, რომ ფუძე ენა არ შეიძლება არ ვიცნოთო (გიულდენშტედტი, 1787, გვ.342). სხვაგან მკვლევარი აცხადებს, რომ სვანურის დედა ქართულიაო (გიულდენშტედტი, 1787, გვ.417). აღსანიშნავია, რომ ი. გიულდენშტედტს ქართული, მეგრული და სვანური ერთ ენად არ გამოუცხადებია ვისიმე წაბაძვით, ან ექსტრალინგვისტურ ფაქტორთა გათვალისწინებით, მან ეს დასკვნა სხვისაგან დამოუკიდებლად, 260 სიტყვის შედარების საფუძველზე გამოიტანა.
გეორგ როზენმა 1844 წელს გამოსცა 38-გვერდიანი ბროშურა სათაურით "Üბერ დიე შპრაცჰე დერ Lაზენ" "ლაზთა ენის შესახებ" (როზენი, 1844), ხოლო ორი წლის შემდეგ გამოაქვეყნა გამოკვლევა ოსური ენის შესახებ, რომელსაც თან ერთვის მეგრულის, სვანურისა და აფხაზურის მოკლე ლინგვისტური მიმოხილვები (როზენი, 1846). ამ ორმა ნაშრომმა დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო პერიოდის კავკასიოლოგებზე, რაც დღესაც კი საგრძნობია, არადა ორსავე ნაშრომს სერიოზული მეთოდოლოგიური ნაკლოვანებანი ახასიათებს. გ.როზენის ზოგი დებულება თუ ცალკეული ტერმინი ხშირად არასწორადაა გაგებული. დავიწყოთ იმით, რომ გ.როზენი ლაზურ მეტყველებას ენას არ უწოდებდა, როგორც ეს ზოგიერთს ეჩვენება. მისი ბროშურის გერმანული სათაური “Üბერ დიე შპრაცჰე დერ Lაზენ" არ შეიძლება ითარგმნოს როგორც "ლაზური ენის შესახებ", რეალურად იგი ნიშნავს იმას, რომ ბროშურაში საუბარია არა მაინცდამაინც ლაზური "ენის", არამედ ლაზთა ენის შესახებ, რაც ერთი და იგივე სულაც არ არის. ოსურის მიმოხილვისადმი მიძღვნილ ნაშრომში გ.როზენი ლაზურს მეგრულთან ერთად ერთი ენის, კოლხურის დიალექტებს (ენ) უწოდებდა (როზენი, 1846, გვ.46-47). მაინც რა კრიტერიუმს იყენებდა გ.როზენი, როცა დამოუკიდებელ ენებად აცხადებდა კოლხურსა (მეგრულ-ჭანურსა) და სვანურს? არავითარს! საქმე ის არის, რომ "იბერიული ოჯახის" ენებად კოლხურის, სვანურისა და ქართულის გამოყოფა გ.როზენის მიერ მეცნიერის თვითნებობის მაგალითია და მეტი არაფერი, ვინაიდან ამ სამი `ენიდან" მას პრაქტიკულად არ გამოუკვლევია ქართული, ამას მომავალში, თბილისში ყოფნისას ვაპირებო (როზენი, 1844, გვ.2). სავსებით მართებულად შენიშნავდა არნ.ჩიქობავა: `გ.როზენს რომ ჯერ ქართული შეესწავლა და შემდეგ ჭანურის შესწავლა ეცადა, ამოცანას გაცილებით უკეთ გაართმევდა თავს. რაკი ჭანურით მოუხდა დაწყება, საყრდენი აკლდა: ქართველურ ენათა სტრუქტურა გათვალისწინებული არა ჰქონდა, მასთან ჭანურის ერთს კილოკავს ეცნობოდა, ისიც ერთი პირის ჩვენების მიხედვით (სხვებთან შემოწმება ზოგ რასმე გაურკვევდა)" (ჩიქობავა, 1965, გვ.144). ჩვენი მხრივ, იმასაც დავძენდით, რომ როცა მეცნიერი მის მიერ ენებად მიჩნეული სამიოდე ერთეულიდან რეალურად არ იცნობს ერთ-ერთს და მაინც აცხადებს, რომ ეს ერთეულები ენებია, მისი მცდელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კლასიფიკაციად მივიჩნიოთ.
გ.როზენის "კლასიფიკაციის" ამ არსებითი ნაკლოვანებისათვის პრაქტიკულად არავითარი ყურადღება არ მიუქცევიათ მის მომდევნო მკვლევრებს, რომლებმაც უკრიტიკოდ გაიზიარეს მისი დაუსაბუთებელი მოსაზრება (ფ.ბოპი, მ.მიულერი, გარკვეულ ეტაპზე _ ფ.მიულერი, ჰ.შუხარდტი, ა.დირი...). ეს მკვლევრები თავის მხრივაც უშვებდნენ სერიოზულ შეცდომებს, როცა გ.როზენის მიერ სამ ენად (ქართული, კოლხური, სვანური) მიჩნეულ ერთეულებს რატომღაც ოთხ ენად აცხადებდნენ (ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური), რაც მათი უყურადღებობისა და თვითნებობის მაჩვენებელია. ამ კონტექსტში განსაკუთრებით გამოსარჩევია ისტორიულ-შედარებითი მეთოდისა და ენათა გენეალოგიური კლასიფიკაციის ერთ-ერთი ფუძემდებლის ფრანც ბოპის ქცევა, ლინგვისტისა, რომელსაც გენიალურ მკვლევრად მიიჩნევენ ხოლმე (იხ., მაგალითად, ჩიქობავა, 1983, გვ.23).
ფ.ბოპს არავითარი ყურადღება არ მიუქცევია იმისათვის, რომ გ.როზენს არ გამოუვლენია ბგერათშესატყვისობანი ლაზურს, მეგრულს, სვანურსა და ქართულს შორის, არ გამოუვლენია არქეტიპები, არასოდეს უკვლევია ქართული, ერთმანეთისათვის არ შეუდარებია ამ ერთეულთა ისტორია, მოკლედ, არ ჩაუტარებია ის კვლევითი სამუშაოები, რაც აუცილებელია ენათა გენეალოგიური კლასიფიკაციის წინა ეტაპზე. მეტიც შეიძლება ითქვას: ფ.ბოპს პირადადაც არ ჰქონია შეხება ქართველურ ენობრივ სამყაროსთან და მთლიანად ემყარებოდა არა მარტო გ.როზენის, არამედ ფ.მაჯოს, მ.ბროსესა და დ. ჩუბინაშვილის საკმაოდ ნაკლოვან ნაშრომებს, როცა ქართულს, მეგრულს, ლაზურსა და სვანურს იბერიული ანუ ქართული წრის ენებად აცხადებდა (ბოპი, 1846, გვ.1), თანაც ეს "ენები" ინდოევროპული ოჯახის წევრებად მიაჩნდა არა ფონეტიკურ ბგერათშესატყვისობათა საფუძველზე, არამედ მორფოლოგიისა და ლექსიკის მონაცემთა თვითნებური ინტერპრეტაციის გზით (ჩიქობავა, 1965, გვ.165).
მეგრულის, ლაზურისა და სვანურის სტატუსის განსაზღვრაში ერთგვარი მერყეობა შეინიშნება ალექსანდრე ცაგარელის ნაშრომებში. 1873 წელს იგი მეგრულს, ლაზურსა და სვანურს იბერიული ფუძე-ენის (გრუნდსპრაცჰე) დიალექტებს უწოდებს და სტატუსით არ განასხვავებს მათ ამავე ენის გურული, თუშური, ფშაური, ხევსურული კილოკავებისაგან (ცაგარელი, 1873, გვ.VIII-IX), მაგრამ დანარჩენ საენათმეცნიერო ნაშრომებში ა.ცაგარელი მეგრულს, ლაზურსა და სვანურს ენებად მოიხსენიებს (ცაგარელი, 1872, გვ.10; ცაგარელი, 1880, გვ.11...). რით უნდა აიხსნას ეს: სხვა მეცნიერთა მსგავსად ირწმუნა, რომ ისინი იბერიული ენის დიალექტები კი არა, არამედ ენებია, თუ რაიმე სხვა მიზეზმა შეაცვლევინა აზრი? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია იმის გახსენება, რომ ა.ცაგარელს 1880 წლის შემდგომ აღარ დაუწერია არც ერთი ლინგვისტური ნაშრომი (1880 წელს მან გამოაქვეყნა თავისი `Мингрельские этюды"-ს ორი ტომი, რომელთაგან მეორე ტომის სათაურშივე მეგრულს ავტორი ენად მოიხსენიებდა: "Опыт фонетики мингрельского языка"-ასე ერქვა ამ ტომს) და ლიტერატურისმცოდნეობაში გადაინაცვლა. არადა ა.ცაგარელს ქართველური ენობრივი სამყაროს კვლევის დეტალური გეგმა ჰქონდა შედგენილი (ჯავახიშვილი, 1937, გვ.7; ჩიქობავა, 1965, გვ, 320-321). ა.ცაგარელის ბიოგრაფიის ამ თავისებურებას ივ.ჯავახიშვილი ასე ხსნიდა: "ქართველთა მოძულე რუსიფიკატორმა მოხელეებმა ალ.ცაგარელის ნაშრომი, სრულებით მოულოდნელად, ისედაც დევნილი და დაბეჩავებული ქართული კულტურის საბოლოო განადგურებისათვის გამოიყენეს. ამ ფრიად საგულისხმო ამბის მოთხრობა წინამდებარე მიმოხილვაში, რასაკვირველია, შეუძლებელია (საცენზურო პირობების გამო _ თ.გ.), მაგრამ მისი გახსენება იმდენად არის აუცილებელი, რამდენადაც ალ.ცაგარელისაგან დაწყებული კვლევა-ძიების სრული შეჩერების მიზეზს გვიხსნის. /კავკასიის/ სასწავლო ოლქის მზრუნველის იანოვსკისა და სხვა რუს მოხელეთა წყალობით სამწერლობო ქართულის ენისა და კულტურის დევნა გაჩაღდა. იმავე დროს მეგრულისათვის ქართული დამწერლობის მაგიერ რუსული ანბანის ასოები იქმნა შემოღებული, ვითომცდა მეგრული კულტურის შესაქმნელად. რუსული ანბანის მეგრულისათვის დაკანონების გარემოება იანოვსკისა და მის თანამოაზრეთა ნამდვილ ზრახვასაცა და მიზანსაც საკმაოდ ააშკარავებდა, რომ ამით ვინმე საქართველოში მოტყუებულიყო. 
საბედნიეროდ, მთელი სამეგრელოს საღმა მოქალაქეობრივმა შეგნებამ და შორსგამჭვრეტელობამ მეფის მოხელეების მთელი ეს გეგმა ჩაშალა: მოსახლეობის ერთსულოვანი წინააღმდეგობის წყალობით, ეს საქმე სრულებით უნიადაგო გამოდგა, მაგრამ ამ უსიამოვნო ამბით გამოწვეულმა სულიერმა განწყობილებამ ალ.ცაგარლისაგან დაწყებული კვლევა-ძიება ხანგრძლივ შეაჩერა. სამწუხაროდ, ამის შემდგომ თავისი საენათმეცნიერო მუშაობა თვით პროფ. ალ.ცაგარელმაც შესწყვიტა და იმ დროითგან მოყოლებული მეტი ამ დარგში აღარაფერი დაუწერია" (ჯავახიშვილი, 1937, გვ.7-8. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში განხორციელებული იმპერიული ენობრივი პოლიტიკის შესახებ ვრცლად იხ.: გვანცელაძე, ტაბიძე, შეროზია... 2001).
თქმულს, ჩვენი მხრივ, დავძენდით: როგორც ჩანს, ალ.ცაგარელს ყოველთვის სწამდა, რომ მეგრული, ჭანური და სვანური ენები კი არა, ქართული ენის დიალექტებია, მაგრამ მასზე ზეგავლენას ახდენდნენ ხელისუფლება და ცენზურა, რომლებიც, ეტყობა, მისგან მოითხოვდნენ, ენებად გამოეცხადებინა მეგრულ-ჭანურ-სვანური. სავარაუდოა ისიც, რომ ა.ცაგარელმა 1873 წელს ისარგებლა ცენზურის მიერ ყურადღების ოდნავ მოდუნებით და დააფიქსირა თავისი ნამდვილი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ როცა ნათლად დაინახა, თუ რა დამღუპველი შედეგი შეიძლებოდა მოეტანა ქართველი ერის ერთიანობისათვის მის იმ ნაშრომებს, რომლებშიც მეგრულს, ჭანურსა და სვანურს ავტორი ენებს უწოდებდა, მან პირად ამბიციასა და სამეცნიერო ინტერესებზე მაღლა ქართველი ერის ინტერესები დააყენა და საერთოდ აიღო ხელი ენათმეცნიერულ კვლევა-ძიებაზე.
მეგრულს, ლაზურსა და სვანურს ქართული ენის დიალექტებად მიიჩნევდა პეტრე ჭარაიაც. თავისი თვალსაზრისის დასაბუთების მიზნით მან ვრცელ ნაშრომში "მეგრული დიალექტის ნათესაობრივი დამოკიდებულება ქართულთან (მასალა)" წარმოადგინა უხვი ენობრივი მასალა, რომელიც თვალნათლივ გვიჩვენებს როგორც აბსოლუტურ იდენტურობას მეგრულ და ქართულ ენობრივ მასალაში, ისე სხვაობის მინიმალურ დონესაც (პ.ჭარაიას ეს ნაშრომი დაიბეჭდა ჟურნალ `მოამბის" 1895 წლის X და XII ნომრებსა და 1896 წლის I და II ნომრებში, განმეორებით გამოქვეყნდა 1997 წელს. იხ. ჭარაია, 1997). 
პ.ჭარაიას პოზიცია მოკლედ ასეთია: `ყველა ენები კავკასიისა განიყოფება ორ დიდ რიგად: პირველ რიგს წარმოადგენენ ენები ჩრდილოეთ-კავკასიისა და მეორეს _ ენები სამხრეთ-კავკასიისა. ეს უკანასკნელი რიგი, ანუ "ივერიული ჯგუფი" კავკასიის ენებისა, შეიცავს ენებს ზოგადის ქართული გვარისას, რომელიც შედგება შემდეგის დიალექტებისაგან: 1.საკუთრივ ქართულისა, 2. მეგრულისა, 3.ლაზურისა და 4.სვანურისაგან. ყველა ამ ენებს, ან უკეთა ვსთქვათ, დიალექტებს ერთსა და იმავე ძირ-ენისას აქვთ ძლიერ ახლო და მჭიდრო ნათესაობა ურთიერთ შორის. მხოლოდ სვანური ცოტათი უფრო განირჩევა სხვებისაგან; მაგრამ ისიც იმდენად არა, რომ მისი ნათესაობა ქართულ გვარ ენებთან, როგორც სიტყვებისა და სიტყვის ფესვების, ისე გრამატიკულ ფორმების მიხედვით არა თუ ენის მეცნიერთათვის, არამედ ყველა დამკვირვებელ ქართველთათვისაც აშკარა არ იყოს. რაც შეეხება მეგრულსა, ეს ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, რომელსაც იგი არა "ძლიერ წააგავს", არამედ რომელთან თითქმის "იგივეობს", თუ ქართულის ქვეშ ვიგულისხმებთ არა იმერულს, ქართლურს, გურულს, რაჭულს, მთიულ/ურ/ს და სხვ. ცალ-ცალკე, არამედ _ სრულიად საერთო ქართულს ძველის მწიგნობრულითურთ აღებულსა" (ჭარაია, 1997, გვ.204). მართალია, პ.ჭარაიას ამ დებულებაში წინააღმდეგობრივი მომენტებიც შეინიშნება (მაგალითად, თუკი მეგრული, ჭანური და სვანური დიალექტებია ერთი ენისა, მაშინ ავტორი იქვე ენებადაც აღარ უნდა იხსენიებდეს მათ და არც კავკასიურ ენათა ივერიულ ჯგუფში უნდა გულისხმობდეს ენებს), მაგრამ საერთო კონტექსტი იმგვარია, რომ გვიჩვენებს, პ.ჭარაია მეგრულს, ლაზურსა და სვანურს თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის დიალექტებად კი არ მიიჩნევს, არამედ იმ ენისა, რომლის ნაწილებიცაა თანამედროვე ქართული სალიტერატურო "ენა", მისი დიალექტები (იმერული, ქართლური, გურული, რაჭული, მთიულური...) და ისტორიული ქართული სალიტერატურო "ენა".
საყურადღებოა ფრიდრიხ მიულერის მაგალითიც. ეს მკვლევარი თავდაპირველად ძირითად ასპექტებში იზიარებდა გ.როზენის "კლასიფიკაციას". 1864 წელს მან გამოთქვა თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც არსებობს სამხრეთკავკასიურ ენათა ოჯახი ქართული, მეგრული, ჭანური და სვანური ენების შემადგენლობით (მიულერი, 1864, გვ.222), 1895 წელს კი რიხარდ ერკერტის წიგნის წინასიტყვაობაში იგი სამხრეთკავკასიურ ენებს ჩრდილოკავკასიურ ენებთან ერთად უკვე უფრო ფართო მოცულობის კავკასიურ ენათა ოჯახის წევრებად მიიჩნევდა (ერკერტი, 1895, გვ.VI). პირველ ეტაპზე ფ.მიულერს, როგორც ჩანს, ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ მეგრულ-ჭანურ-სვანური მართლა ენებია. კერძოდ, იგი წერდა, სამხრეთკავკასიური ენები იმდენად ახლოს დგანან ერთმანეთთან, ისინი ერთი ენის დიალექტებადაც შეგვეძლო მიგვეჩნიაო (მიულერი, 1864. გვ.216).
ენათმეცნიერებაში გაბატონებული სტერეოტიპული თვალსაზრისის დარღვევის მორიგ ცდად უნდა მივიჩნიოთ რიხარდ ერკერტისა და მოსე ჯანაშვილის შეხედულების გამოქვეყნება 1895 წელს ქართველურ ენა-კილოთა კლასიფიკაციის შესახებ. ვენაში გერმანულ ენაზე გამოქვეყნებულ რ. ერკერტის წიგნში `კავკასიური ძირის ენები" ერთმანეთთანაა შედარებული კავკასიის 30-მდე ენა-კილოს ლექსიკური მასალა (545 სიტყვა, 169 სინტაგმა თუ ფრაზა) და გრამატიკული სტრუქტურა, რის საფუძველზეც ავტორი დაასკვნის, რომ ამ ენათა შინაგანი ნათესაობა უეჭველია (ერკერტი, 1895, გვ.369). ქართველური ენა-კილოების კლასიფიკაციისას ავტორს, როგორც თვითონ აღნიშნავს, უსარგებლია მოსე ჯანაშვილის მიერ მისთვის მიწოდებული მასალითა და სქემებით. ერკერტ-ჯანაშვილის თვალსაზრისი მოკლედ ასეთია:
კავკასიურ ენათა ოჯახში ცალკე ჯგუფად გამოიყოფა სამხრეთკავკასიური ანუ იბერიული (ე.ი.ქართული - თ.გ.) ენა (ერკერტი, 1895, გვ.386-387). იბერიული ენის არსებობის ადრეული სახეობაა ძველი ქართული, რომლის განშტოებაა სვანური მეტყველება. იმავე ძველი ქართულის გაგრძელებაა ახალი ქართული, რომლის განშტოებაა მეგრული, მეგრულის განაყარი კი ლაზურია (ერკერტი, 1895, გვ.287). იბერიული ენის დიალექტური შემადგენლობა ასე განიმარტება:
ა)ქართული მთავარი დიალექტი თავისი დიალექტებით (იმერულით, ინგილოურით, ხევსურულით...),
ბ)მეგრული მთავარი დიალექტი ლაზური დიალექტითურთ;
გ)სვანური მთავარი დიალექტი (ერკერტი, 1895, გვ.311, 361). იბერიული ენის ლექსიკაზე მსჯელობისას ხაზგასმულია, რომ იმ ლექსიკიდან, რაც ძველ ქართულს ჰქონდა, ბევრი რამ შემოინახეს სვანურმა, მეგრულმა, ლაზურმა და მთის დიალექტებმა (ერკერტი, 1995, გვ.286).
მართალია, რ.ერკერტის ამ წიგნში არცთუ ცოტა შეცდომაა, მაგრამ მან მაინც თვალნათლივ აჩვენა კავკასიურ ენათა ოჯახის არსებობის რეალურობა. სწორედ ამიტომ მისცა მას მაღალი შეფასება ფ.მიულერმა, ხოლო ჰუგო შუხარდტმა მ.ჯანაშვილის ამ სქემას საინტერესო და ფასეული უწოდა, თანაც გამოთქვა სურვილი, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელებულიყო (შუხარდტი, 1895, გვ.9).
ყოვლად არათანმიმდევრული და ტერმინოლოგიურად ძალზე ჭრელია ნიკო მარის ქართველოლოგიური ნაღვაწი. ტერმინი "ენა" ნ.მარს გამოყენებული აქვს ქართულის, მეგრულის, ლაზურისა და სვანურის აღსანიშნავად. ამასთანავე იგი იგონებდა მანამდე არარსებულ სახელებს როგორც დასახელებული ოთხი ერთეულის, ისე მისი დაუოკებელი ფანტაზიის საფუძველზე "აღდგენილი" ერთეულების სახელდებისათვის. მაგალითად, ტერმინთა ორივე სისტემა (მანამდე სხვათაგან გამოყენებული და თვით ნ.მარის მიერ გამოგონილი) დასტურდება წიგნში "ჭანური ენის გრამატიკა", რომელშიც, ერთი მხრივ, ენაა ჭანურიც, მეგრულიც, სვანურიცა და ქართულიც, მეორე მხრივ კი დასახელებულია შემდეგი "ენები": ქაშდ-მოსოხური, ე.ი. ქართული და მესხური; 2.თუბალ-კაინური, რაც გულისხმობს ივერიულს (მეგრულს) ჭანურთან და წინარეარიულ ჰაიურთან ერთად; 3.სონ-სომეხური, ე.ი.სვანური და წინარეარიული არმენული; 4.გამოუცნობ ენათა ჯგუფი (მარი, 1910, გვ.XXIII). ნ.მარის მიერ შეხედულებათა განუწყვეტელი ცვლა ტერმინოლოგიურ დომხალთან ერთად ფასს უკარგავს იმ პოზიტიურსაც, რაც მას გაუკეთებია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მან ქართველოლოგიაში მუშაობა დაიწყო ქართული ენის ადგილის ძიებით მსოფლიოს ენათა გენეალოგიურ კლასიფიკაციაში და დაასრულა ისტორიულ-შედარებითი მეთოდის სრული უარყოფით. სამწუხაროა ისიც, რომ ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობების მეცნიერს ვერაფერი ასწავლა მისი მასწავლებლის ალ.ცაგარლის მწარე გაკვეთილმა: ნ.მარი არცთუ იშვიათად გამოთქვამდა ისეთ მოსაზრებებს, იყენებდა იმგვარ ტერმინებს, რომლებიც წყალს ასხამდა ჯერ ცარიზმის, შემდეგ კი კომუნისტური იმპერიის წისქვილზე და საფრთხეს უქადდა ქართველი ერის მთლიანობას. უამრავი ამგვარი მაგალითიდან მოვიხმობთ ორიოდეს: ნაშრომში "წინასწარი ცნობა ქართულის სემიტურთან ნათესაობის შესახებ". ნ.მარი ხალხებად და არა ერთი ერის შვილებად აცხადებდა ქართებს, ივერებს (მეგრელებს) და სვანებს (ვიმოწმებთ წიგნიდან: ჩიქობავა, 1965, გვ.340). ნაშრომში "აფხაზთა რელიგიურ რწმენათა შესახებ" ავტორი ასევე ცალკე ხალხებად მიიჩნევდა მეგრელებსა და სვანებს აფხაზთა, ჩერქეზთა და ჩეჩენ-ინგუშთა თანაბრად (მარი, 1936, გვ.107) და ა.შ.
ერთი მხრივ, გ.როზენისა და, მეორე მხრივ, ნ.მარის ზეგავლენა ემჩნევა იოსებ ყიფშიძის შეხედულებებს ქართულის, მეგრულის, ჭანურისა და სვანურის კლასიფიკაციის საკითხში. ეს ჩანს როგორც მისი ნაშრომების სახელწოდებათაგან ("Дополнительные сведения о чанском языке", "Грамматика мингрельского (иверского) языка с хрестоматиею и ცловарем"...), ისე ამ ნაშრომთა ტექსტებშიც. მაგალითად, ი.ყიფშიძე თავის "მეგრული (ივერიული) ენის გრამატიკაში" წერდა: `მეგრული ენა ჭანურის უახლოესი მონათესავეა და მასთან ერთად ქმნის ენათა იაფეტური შტოს სამი მთავარი ჯგუფიდან ერთ-ერთს, კერძოდ, თუბალ-კაინურ ჯგუფს. ამ ბიბლიური სახელწოდების მეორე ნახევარი, კანური, უტოლდება სახელწოდებას ჭანური, ხოლო პირველი, თუბალური - სახელწოდებას მეგრული, შუალედური ფორმის, ივერიულის, მეშვეობით" (ყიფშიძე 1914, გვ.13). 
საბჭოთა პერიოდის ქართულ ენათმეცნიერებაში საანალიზო საკითხის შესახებ არსებობდა ორი ძირითადი თვალსაზრისი: 
1.ქართველ ენათმეცნიერთა ერთი ნაწილი გამოყოფდა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს სამი ენის შემადგენლობით: ქართული, მეგრულ-ჭანური (იგივე ზანური, ანდა კოლხური) და სვანური;
2.ქართველ ენათმეცნიერთა მეორე ნაწილი გამოყოფდა ოთხ ენას _ ქართულს, მეგრულს, ჭანურს (ლაზურს) და სვანურს და მიიჩნევდა მათ არა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ჯგუფად, არამედ დამოუკიდებელ, ქართველურ ენათა ოჯახად. ამ ორი თვალსაზრისიდან არც ერთი არ ყოფილა ახლებური არც კონცეპტუალურად, არც იმით, რომ წარმოდგენილი ყოფილიყო რაიმე ახალი ლინგვისტური საბუთი, თუ რატომ უნდა მიჩნეულიყო დამოუკიდებელ ენებად სვანური, ზანურ-კოლხური თუ მეგრული და ჭანური. ამ პერიოდის ქართულ ენათმეცნიერებას აქვს ერთი მეტად არსებითი თავისებურება: მთელი 70 წლის მანძილზე არც ერთ ქართველ ლინგვისტს არ უცდია, მეგრული, ლაზური და სვანური გამოეცხადებინა ქართული ენის დიალექტებად, მეტიც, ქართველურ "ენათა" შესწავლის ისტორიის მიმოხილვისას ან სრული დუმილით უვლიდნენ გვერდს ან ფრთხილად მიანიშნებდნენ იმ ფაქტს, რომ ი.გიულდენშტედტს, ფ.მიულერს, მ.ჯანაშვილს, რ.ერკერტსა და პ.ჭარაიას მეგრული, ჭანური და სვანური დამოუკიდებელ ენებად კი არა, ქართული ენის დიალექტებად მიაჩნდათ. 
ბუნებრივია, დაისმის საკითხი: რით აიხსნება ეს თავისებურება? 
ვფიქრობთ, აღნიშნულ თავისებურებას მეცნიერული მხარე ნაკლებად განსაზღვრავდა, მიზეზი სხვაგან, საბჭოთა იმპერიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში უნდა იყოს საძებარი, კერძოდ, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებანი:
როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, საბჭოთა კავშირი იმპერია იყო. კომუნისტური ხელისუფლება დაუფარავად აცხადებდა, რომ მისი სტრატეგიული მიზანი დედამიწაზე საბჭოთა წყობილების დამყარება, ეთნოსთა და ენათა შერწყმა და მთელ მსოფლიოში ერთი (რუსული) ან ორი (რუსული და ინგლისური) ენის გაბატონება იყო. ამ სტრატეგიული მიზნის მისაღწევად კომუნისტები სხვადასხვა პერიოდში იყენებდნენ სხვადასხვა ტაქტიკურ ხერხსა და საშუალებას. XX საუკუნის 20-30-იან წლებში იმპერია, ერთი მხრივ, დაუნდობლად ებრძოდა ჯანსაღ ნაციონალიზმს, ძალით ახორციელებდა კოლექტივიზაციას, ინდუსტრიალიზაციის საბაბით ხელს უწყობდა მასობრივ მიგრაციებს, რაც რადიკალურად ცვლიდა დაპყრობილი ქვეყნების ეთნიკურ სტრუქტურას, ანადგურებდა ინტელიგენციას და ა.შ., მეორე მხრივ, მოსახლეობაში წერა-კითხვის უცოდინარობის ლიკვიდაციისა და კულტურის დონის ამაღლების საბაბით ცდილობდა დაპყრობილ ხალხთა კეთილგანწყობის მოპოვებას. ამ უკანასკნელი მიზნის მისაღწევად უკვე 1922 წლიდან დაიწყო მანამდე დამწერლობის უქონელ ენათათვის ანბანების შექმნისა და არსებულ დამწერლობიან ენათა მოდერნიზაციის მასობრივი პროცესი. რა თქმა უნდა, ელემენტარული ლოგიკა მოითხოვდა, რომ სანამ ესა თუ ის ენობრივი კონტინუუმი ენად გამოცხადდებოდა, წინასწარ უნდა გამოკვლეულიყო მისი სტრუქტურაც და მიმართებაც სხვა ენობრივი კონტინუუმისადმი და ამის შემდგომ შექმნილიყო ანბანები იმ კონტინუუმებისათვის, რომლებიც რეალურად ენები აღმოჩნდებოდნენ და არა რომელიმე ენის დიალექტები. დაპყრობილ ხალხთა დახლეჩა-დანაწევრება და მათი დასუსტება ყველაზე იოლი ამ ეთნოსთა ენების უფრო მცირე ერთეულებად, "დამოუკიდებელ ენებად" გამოცხადებისა და მათთვის დამწერლობათა შექმნის გზით იქნებოდა შესაძლებელი. მართლაც, იმპერიამ მიაღწია იმას, რომ დამოუკიდებელ ენებად გამოცხადდა და ანბანებიც შეექმნა ისეთ ერთეულებს, როგორიცაა: ჩეჩნური და ინგუშური, ადიღური და ყაბარდოული, ყარაჩაული და ბალყარული, ერზია მორდოვული და მოქშა მორდოვული, კომი ენის ორი ტერიტორიული ვარიანტი და ა.შ. ამ შემთხვევებში კომუნისტები ხშირად ემყარებოდნენ ცარიზმის გამოცდილებასაც ამ მიმართულებით. რეალურად დასახელებულ აქციებს წინ არ უძღოდა აუცილებელი სერიოზული და ღრმა კვლევა, საკითხები ამა თუ იმ კონტინუუმის ენად გამოცხადების შესახებ თვითნებურად წყდებოდა მოსკოვში, კომპარტიის პოლიტბიუროში, სადაც სამეცნიერო პრობლემებს არანაირი ფასი არ ჰქონდა და ყველაფერი იწონებოდა პოლიტიკური მიზანდასახულობის შესაბამისად. ამიტომაც ენათმეცნიერთა შეხედულებები ან იგნორირდებოდა, ან ლინგვისტებს თავს ახვევდნენ იმპერიისათვის სასურველ მოსაზრებებს. წინააღმდეგობის გაწევა ან ალტერნატიული თვალსაზრისის გამოთქმა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, ლინგვისტებიც იძულებულნი ხდებოდნენ, "აერჩიათ" ნაკლები უბედურება. ამ თვალსაზრისით, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.
XX საუკუნის 20-იან წლებში, როცა დაიწყო დამწერლობათა შექმნის მასობრივი აქცია, ქართული ენათმეცნიერება არ იყო ისეთი ძლიერი, რომ აშკარად დაპირისპირებოდა იმპერიულ ენობრივ პოლიტიკას. კომუნისტებმა ქართველი ერის ერთიანობის საწინააღმდეგოდ ერთდროულად სხვადასხვა ხერხი გამოიყენეს: საქართველოში სრულიად უსაფუძვლოდ შექმნეს აფხაზეთის, აჭარისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ავტონომიები; ზაქათალის ოლქი გადასცეს აზერბაიჯანს, ლორე - სომხეთს; შედგა სამეგრელოს ავტონომიზაციის გეგმა; სამეგრელოში შეიქმნა პარტიკულარიზმის მქადაგებელი ორგანიზაცია `მაფალუ"; 1926 წლის მოსახლეობის აღწერის დროს ცალ-ცალკე აღრიცხეს მეგრულ და სვანურ "ენებზე" მოლაპარაკეთა რაოდენობა და ა.შ. მათი მიზნების განხორციელება შეუძლებელი გახდებოდა, თუკი ქართველი ლინგვისტები მეგრულს, ჭანურსა და სვანურს ქართული ენის დიალექტებად მიიჩნევდნენ და არა დამოუკიდებელ ენებად. ამიტომ ცენზურას აუცილებლად დაევალებოდა, არ დაებეჭდა ისეთი ნაშრომები, რომლებშიც არ იქნებოდა გამოხატული იმპერიისათვის სასურველი პოზიცია. ჩვენი ვარაუდის სისწორეს ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა გარდა ისიც უნდა ადასტურებდეს, რომ 1929 წელს (ამ წელს გამოქვეყნდა აღწერის შედეგები) საქართველოს სსრ მარიონეტულ ხელისუფლებას (ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტსა და სახალხო კომისართა საბჭოს) მიაღებინეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც "...სამეგრელოში საქმის წარმოება აღმასრულებელ კომიტეტებსა და სასამართლოებში უნდა შესრულებულიყო მეგრულად, ან სახელმწიფო ენაზე (ქართულად) და მეგრულად" (შეროზია, 2000, გვ.120). ამ დროიდან დაიწყო მეგრულად გაზეთებისა და წიგნების ბეჭდვა, რაც 1938 წლამდე გრძელდებოდა; ნიშანდობლივია: ე.წ. მეგრულენოვანი გაზეთის გამოცემა აღდგა რუსეთის მიერ საქართველოში ორგანიზებული 1991-92 წლების პუტჩის შემდეგ მათ მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე - გალში. ამავე პერიოდებში (XX საუკუნის 20-იან და 90-იან წლებში) გააქტიურდნენ ე.წ. ლაზური ანბანის ავტორებიც (სვანური მაღალ მთებს შორის მოქცეული სვანეთის ნაკლები გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო "უყურადღებოდ" დარჩა). 
მეგრულისა და ჭანურისათვის დამწერლობათა შექმნას "სამეცნიერო საფუძვლად" ქართველოლოგიაში გავრცელებული ის თვალსაზრისი დაედო, რომლის მიხედვითაც მეგრული და ჭანური ენებად მიიჩნეოდა, მაგრამ რეალური მიზანი რომ პოლიტიკა იყო, იქიდან ჩანს, რომ მეგრულისათვის გრაფიკულ საფუძვლად ქართული ანბანი იქნა გამოყენებული, ჭანურისათვის კი - ლათინური. ამ გზით ორი კურდღლის დაჭერას ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლებაც და მისი მემკვიდრე თანამედროვე რუსული იმპერიალიზმიც: 
ერთი მხრივ, ანაწევრებენ ქართველი ხალხისა და თვით მეგრელ-ლაზთა ერთობას და, მეორე მხრივ, ირიბად მიანიშნებენ თურქეთს, რომ საჭიროების შემთხვევაში პრობლემებს შეუქმნიან თურქულ სახელმწიფოს ლაზების სეპარატიზმის წაქეზებით.
…საბჭოთა პერიოდში ქართველი ერის ინტერესებისათვის ყველაზე შესაფერისი თვალსაზრისის გამოთქმა შეუძლებელი იყო, შესაბამისად, ქართველ ლინგვისტებს ისღა რჩებოდათ, რომ აერჩიათ დარჩენილი ორი თვალსაზრისიდან ერთ-ერთი: მათ მეგრული, ლაზური და სვანური ან ორ ენად (მეგრულ-ჭანურად და სვანურად), ან სამ ენად (მეგრულად, ლაზურად და სვანურად) უნდა მიეჩნიათ, მესამე შესაძლებლობა უბრალოდ აღარ რჩებოდა. ქართველმა ლინგვისტებმა იმ ეტაპზე ორი უარესი ვარიანტიდან ის აირჩიეს, რომელიც შედარებით უფრო "სასარგებლო" იყო ერის ერთიანობის შესანარჩუნებლად: რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, იმ წლებში არცერთ ქართველ ენათმეცნიერს არ მიუჩნევია ცალ-ცალკე ენებად მეგრული და ლაზური, ეს კონტინუუმები მათ ერთ ენად (მეგრულ-ჭანური, ზანური, კოლხური) გამოაცხადეს და ქართველურ "ენათა" რაოდენობას სამ ერთეულად განსაზღვრავდნენ. ამ პოზიციის გამოხატვაც კი მაშინ, ჩვენი აზრით, დიდი ამბავი იყო, რადგან ბოლომდე არ შეესაბამებოდა იმპერიის ხელისუფლების პოზიციას (იმპერიას მეგრულისა და ლაზურის ერთ ენად მიჩნევა ხელს არ აძლევდა, რაც თუნდაც იქიდან ჩანს, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეგრულსა და ლაზურს დამწერლობისათვის სხვადასხვა გრაფიკა შეურჩიეს). მაინც რით "სჯობდა" ეს თვალსაზრისი მეორეს, რომლის თანახმადაც არსებობს ოთხი ქართველური `ენა"? იმით, რომ პირველი თვალსაზრისი იმის იმედს მაინც ტოვებდა, რომ საბჭოთა კავშირ-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ("რკინის ფარდის") მიერ ერთმანეთისაგან მოწყვეტილი ერთი და იმავე ქართველი ერის ღვიძლი შვილები (მეგრელები და ლაზები) არ გაუუცხოვდებოდნენ ერთმანეთს, ერთ სახელმწიფოში კი (ვგულისხმობთ საბჭოთა იმპერიას), მართალია, დიდი ბრძოლის ფასად, მაგრამ მაინც შესაძლებლად შეიძლებოდა ჩათვლილიყო ქართველი ერის ერთიანობის შენარჩუნება. რჩებოდა იმისი შანსიც, რომ საბჭოთა იმპერია ადრე თუ გვიან დაიშლებოდა და მეცნიერთათვის თავს მოხვეული თვალსაზრისი უკუგდებულ იქნებოდა. ეს იმედი ნაწილობრივ გამართლდა 30-იანი წლების ბოლოს, როცა თურქეთმა უარი თქვა საბჭოთა კავშირის მოკავშირეობაზე და მიემხრო გერმანია-იტალია-იაპონიის ალიანსს. ამით რეალურად შეიქმნა ომის საფრთხე საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის, საომარი მოქმედება კი შეიძლებოდა წარმართულიყო საქართველოსა და სომხეთის როგორც "საბჭოურ", ისე "თურქულ" ტერიტორიებზე, აგრეთვე შავი ზღვის მთელ სანაპიროზე. საბჭოთა იმპერიის ხელმძღვანელობა, როგორც ჩანს, შიშობდა, რომ "ომის შემთხვევაში თურქეთს შეეძლო ესარგებლა ქართველი და სომეხი ხალხების უკმაყოფილებით საბჭოთა კავშირის იმპერიული პოლიტიკის გამო და აემოქმედებინა საბჭოთა კავშირის საზღვართან მცხოვრები ქართული და სომხური მოსახლეობა. სწორედ ამ საფრთხემ აიძულა კომუნისტური იმპერია, გარკვეულ მოჩვენებით დათმობაზე წასულიყო საქართველოსა და სომხეთში, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ამ ორ რესპუბლიკაში იდილია გამეფდა და რეპრესიები აღარ განხორციელებულა" (გვანცელაძე, 2000,1, გვ.86; შდრ. გვანცელაძე, 2000,2, გვ.50; გვანცელაძე, 2002, გვ.30). იმპერიის ტაქტიკური "უკანდახევის" გამოვლინება იყო 1938 წელს განხორციელებული რამდენიმე აქცია, კერძოდ: აფხაზური სალიტერატურო ენის გადაყვანა ლათინიზებული გრაფიკიდან ქართულ გრაფიკაზე, ოსური ენის სამხრეთული ვარიანტის გადაყვანა იმავე ქართულ გრაფიკაზე, მეგრული "სალიტერატურო ენის" და ჭანური "სალიტერატურო ენის" ფუნქციონირების შეწყვეტა, ეკონომიკურად ჩამორჩენილ აფხაზეთში მევენახეობის, მეციტრუსეობისა და მეთამბაქოეობის განვითარების მიზნით დასავლეთ საქართველოდან უმიწაწყლოდ დარჩენილი ჭარბი მოსახლეობის ჩასახლების დაწყება, 1938-1954 წლებში იმავე აფხაზეთში ცარიზმის დროინდელი იმპერიული შინაარსის რუსული ტოპონიმების შეცვლა ქართული სახელებით (ვრცლად იხ.: გვანცელაძე, 2000, 1; გვანცელაძე, 2000, 2; გვანცელაძე, 2002; მიქიაშვილი, 2000).
ამ საერთო ფონის გათვალისწინებით ცხადი ხდება, რომ მეგრულისა და ჭანურის ცალკე ენებად გამოცხადებაზე იმპერიამ 1938 წელს უარი თქვა სწორედ თურქეთთან მოსალოდნელი ომის შიშით. ქართველი ერისათვის კი ეს იმით იყო კარგი, რომ კვლავაც აღარ გაითიშებოდნენ ერთმანეთისაგან ძირძველი ქართველები _ მეგრელები და ლაზები. გარდა ამისა, ჩნდებოდა იმისი იმედიც, რომ ადრე თუ გვიან იმპერია უარს იტყოდა ქართველი ერის ორგანიზმიდან მეგრელ-ლაზ-სვანთა მოკვეთის მცდელობაზეც. სამწუხაროდ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ეს იმედი არ გამართლებულა.
ის თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც არსებობს ოთხი ქართველური ენა, ქართულ ენათმეცნიერებაში კვლავ აღორძინდა XX საუკუნის 60-იანი წლებიდან. სამწუხაროდ, ამ ვარაუდის მომხრეთა ერთი ნაწილი თავის შეხედულებას მკვეთრად აგრესიული ფორმითაც ნერგავდა, რაც არგუმენტთა და ზუსტ კრიტერიუმთა უქონლობის კომპენსაციადაც შეიძლება აღვიქვათ და სხვა რამედაც... გულდასაწყვეტია, რომ ქართველი ერისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები ზოგჯერ ნაჩქარევად, ფარული საფრთხის გათვალისწინების გარეშე წყდება.
წარმოდგენილი პრობლემის ლინგვისტური და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ასპექტები ნათლად ჰქონდათ გააზრებული ქართველ საზოგადო მოღვაწეებს; სანიმუშოდ მოვიყვანთ მათ რამდენიმე გამონათქვამს:
აკაკი წერეთელი, სტატია "უბრალო საუბარი" (1898 წ):
"თუ არა მზაკვარება და უგუნურება, გონიერება და სიმართლე იმას ვერ იტყვის, რომ მეგრელები ქართველები არ იყოს და მეგრულის ძირითადი ქართული!..."
"თუ იმას ვიტყვით, რომ იმათ (მეგრელებს - თ.გ.) შინაურობაში (განსაკუთრებით დაბალი წოდების ხალხს) მეგრულ კილოზე ლაპარაკი უფრო ეხერხებათო, ამითი რა დაშავდება? სამწერლო და სადარბაისლო ქართული იმათ ჩვენზე ნაკლები არ იციან?! მართალია, მეგრული კილო ჩამორჩენილი ქართულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამაგიეროდ იგივე მეგრული დღეს სალაროა ნამდვილ ქართული სიტყვების".
იაკობ გოგებაშვილი:
ა) სტატია "ნაციონალური ერთიანობა ქართველებისა" (1894 წ.)
"ქართველებში ვხედავთ თუ არა ... ერთიანობასა? ოღონდაც ჰყავთ ქართველებს, იმერებს და ამერებს, ერთი მამამთავარი ქართლოსი, ერთის ტომისანი არიან, ერთს ენაზე უბნობენ, ერთი ლიტერატურა დაჰბადეს..."
ბ) სტატია "დაბალი ღობე ერთა შორის" (1894 წ.), რომელიც ეხება მეგრულისა და სვანურისათვის დამწერლობის შექმნის მორიგ მცდელობას:
"სად თქმულა და გაგონილა, რომ დაბალმა მოხელეებმა ერს მოჰგლიჯონ ღვიძლი ნაწილი, მთელი მხარე, გაჰყარონ შეხორცებულნი ერთად ღვთისა და ბუნების ნებით, გასწყვიტონ ათასის წლის ძმური კავშირი, ორივ მხრის შესასუსტებლად და ჩასაყლაპავად, და უბრძანონ მთელს მხარესა, კარგა ბლომს ნაწილს ქვეყნისასა: აღარ გაიხსენო შენი ნათესაური დამოკიდებულება და ძმური ურთიერთობა დედა-ქვეყანასთანა, ილაპარაკე მხოლოდ შენს შინაურს კილოზედ, ზურგი შეაქციე შენს მთავარს დედა-ენასა, და დაივიწყე იგი, გადააგდე იქით მშობლიური ანბანი, შენი მონაწილეობით მოგონილი, უარჰყავ სამშობლო ლიტერატურა, რომლის სალაროში არც ერთს ძმაზედ შენ ნაკლები არ შეგიტანია, გააუქმე შენი საღმრთო მეტყველება, რომელთანაც შეხორცებულია შენი სარწმუნოება, დაივიწყე შენი ათასის წლის ისტორიული არსებობა და გადაიქეც ველურ ხალხად, რომელმაც ყველაფერი თავიდგან უნდა დაიწყოსო".
გ) სტატია "ბოროტი წადილი სამეგრელოს შესახებ" (1902 წ.): "ცნობილია, რომ ყოველს ერს აქვს მთავარი ენა, რომელიც საერთო საუნჯეს შეადგენს ამ ერის ყველა ნაწილისათვის და იწოდება მისს დედა-ენად, და თემიური კილო-კავები (наречия), რომელნიც იხმარებიან ადგილობრივ. (...) ყველა სკოლებში სწავლება მოწყობილია დედა-ენაზედ და ადგილობრივს კილო-კავებს ხმარობენ ასახსნელად და განსამარტებლად იმ საერთო სიტყვებისა, რომელნიც ადგილობრივ ბავშვებს არ ესმით. (...) ასეთი გონივრული წესი იყო ჩვენს საქართველოშიაც... ყველა ჩვენებურს სკოლებში, შავი ზღვიდგან დაწყებული დაღისტნის საზღვრამდე, იხმარებოდა მხოლოდ წიგნები, საერთო ლიტერატურულს დედა-ენაზედ დაწერილნი. განსამარტავად ადგილობრივ გაუგებარ სიტყვებისა და ფრაზებისა, მასწავლებლები ხმარობდნენ სიტყვიერად ადგილობრივს ტერმინებსა და ფრაზებსა, მაგალითად, სამეგრელოში და სვანეთში, და სწავლასთან ერთად ავრცელებდნენ დედა-ენის სრულს ცოდნასა. (...) არსად, არც სომეხთა შორის, არც თათართა შორის და არც სხვა კავკასიელებში არ აღმოჩენილა იმისთანა ჭკუა-მოკლე და უკუღმართი ადამიანი, რომელსაც ეთქვას, სკოლებში სწავლება სათემო კილო-კავებზე უნდა იყოს და არა დედა-ენაზეო. ჩვენში-კი გამოჩნდნენ იმისთანა ჭკუით გლახაკნი, რომელთაც გაჰბედეს და წარმოსთქვეს, რომ სამეგრელოსა და სვანეთის სკოლებიდგან დედა-ენა უნდა იქმნას გამორიცხული, რადგან აქ ხალხი ადგილობრივ კილო-კავებსა ხმარობსო".
დ) სტატია "მეგრული დაწყებითი სკოლის საკითხისათვის" (1903 წ.):
"... საკუთარი გულისწადილის გამო მეგრელებმა, ყველა ქართველ ტომთან ერთად, იმთავითვე აღიარეს ქართული ანბანი თავის საკუთარ ანბანად, და თავის სალიტერატურო ენად მიიჩნიეს ქართული ენა, პროვინციულ კილოს კი მხოლოდ შინაურობაში ხმარობდნენ".
"... მეგრელთა ტომი ქართულ ენას ყოველთვის თვლიდა თავის ძირითად ენად (დედა-ენად), ხოლო თავის ადგილობრივ დიალექტს უცქეროდა როგორც მშობლიურ კილოს".
"ფრანგი მოგზაურის შარდენის გადმოცემით, რომელმაც მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს ინახულა სამეგრელო, სამეგრელოში მცხოვრებ და მქადაგებელ კათოლიკე მისიონერებს, მეგრული კილოს შესწავლის შემდეგ, ადვილად ესმოდათ ქართული ენაც".
"ქართული ენა, ქართული დამწერლობა და ლიტერატურა საუკუნეთა მანძილზე ისე მჭიდროდ შეეზარდა მეგრელთა შეგნებას, ისეთი ღრმა ფესვები გაიდგა მასში და ისეთ მტკიცე საფუძველს ეყრდნობა, რომ მათი განდევნის ცდა კიდევ უფრო გააძლიერებს მეგრელთა სიყვარულს, ამ ძვირფასი საერთო ქართული საუნჯისადმი, რასაც ასე ნათლად ვხედავთ უკანასკნელ ხანებში".
"... ის, რაც მეგრელთა შტოს შესახებ ითქვა, სავსებით შეეხება ქართველი ხალხის მეორე შტოსაც - სვანებს, რომელთა არაქართველებად გადაქცევას ლამობენ იგივე გულმოდგინე, მაგრამ ხეპრე პოლიტიკანები, წინააღმდეგ ამ სიმპათიური მთიელი ქართველების სურვილისა, რომლებიც ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნიდან დღემდე მხოლოდ ქართულ ენას და ქართულ ალფაბეტს ხმარობენ ეკლესიაშიც, სკოლაშიც და თავისი ცხოვრების ყველა სხვა სფეროშიც".
აქვე დავძენთ, რომ ამავე თვალსაზრისს იზიარებდნენ, აგრეთვე, ლუარსაბ ლოლუა, სოსიკო მერკვილაძე, ვალერიან გუნია და სხვანი.
ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ილია ჭავჭავაძის შეხედულებას. მის პუბლიცისტურ წერილებში სათანადო მასალას ვერ მივაკვლიეთ, მაგრამ პროფ. ლადო მინაშვილის დახმარებით (მადლობას მოვახსენებთ მას გულისხმიერებისათვის!) მოვიძიეთ ექვთიმე თაყაიშვილის მოგონება, რომელსაც აქ უკომენტაროდ მოვიყვანთ: 
"პროფესორმა ცაგარელმა რომ თავისი `Мингрельские этюды" გამოაქვეყნა, ჩვენი საზოგადოება, ილია ჭავჭავაძიდან მოკიდებული, ერთხმად აუმხედრდა და კინაღამ შეჭამეს: მოღალატეა, უნდა მეგრელები ჩამოაშოროს საქართველოსაო. ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ააღებინეს ხელი ენათმეცნიერულ მუშაობაზე და მის მერე შეუდგა სიგელების გამოცემას, რასაც ბევრი სხვაც გააკეთებდა უიმისოდ.
ერთხელ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ღოღობერიძე და მე ვბრუნდებოდით საიდანღაც ერთად და ვუთხარი: `ეგ რა გამოდის, გინდათ, რომ მეცნიერმა მეცნიერულად არ იმუშაოს? მეცნიერებაში პოლიტიკა როგორ უნდა გაურიოთ მეთქი?" "მეო, - მიპასუხა ილიამ, - მაგაში არ ვერევიო; ცაგარელის ნაშრომი მეცნიერულად როგორია, არ ვკითხულობ, მაგრამ ძალიან კი გვავნო, იანოვსკიმ და სხვებმა დაიხვიეს ხელზე და მოთხრა დაგვიპირესო!"
[ვარიანტი (1949 წ. 23/XI ჩანაწერში): "მახსოვს ერთი საუბარი ილია ჭავჭავაძესთან, პეტერბურგიდან ჩამოსვლის კარგა ხნის შემდეგ. სადილად ვიყავით ილია, ნიკო ღოღობერიძე და მე დავით სარაჯიშვილთან. ჩამოვარდა ლაპარაკი ცაგარელზე. ღოღობერიძემ დასვა საკითხი: "რა უნდა ქნას ასეთ შემთხვევაში მეცნიერმა, რასაც მეცნიერული თვალით ხედავს, აღიაროს, თუ დამალოსო?" მე ვთქვი, `თუკი მეცნიერება რასმე უჩვენებს, როგორ უნდა მოიტყუოს და პოლიტიკა გამოურიოს მეთქი? ახლა მარსაც აუხირდნენ, ცილს წამებენ და ეს კი არაა სწორი მეთქი". ილიამ თქვა, `მე არ ვიცი, მეცნიერულად როგორია ცაგარელის მოსაზრება, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მაგან ძალიან გვავნო, თითქმის ერთიანად ჩამოგვაშორა სამეგრელოო. კარგია, რომ თითონ იქაურმა ხალხმა არ მიიღო, სამღვთო წერილი რომ გადაუთარგმნეს, ადგნენ და გამოვიდნენ ეკლესიიდან, როცა მეგრულად დაიწყეს წირვაო"] [იხ.: ე.თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე. ილია ჭავჭავაძე. წიგნში: ქართული ემიგრანტული ლიტერატურა. დაბრუნება. მრავალტომეული. ტ.1. გ.შარაძის საერთო რედაქციით. თბილისი, 1991, გვ.444-445]. 
ამრიგად, ქართველური ენობრივი სამყაროს შემადგენლობის, მეგრულის, ჭანურისა და სვანურის ლინგვისტური სტატუსის განსაზღვრის საკითხების შესწავლის ისტორია XVIII საუკუნის დასასრულიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე გვიჩვენებს, რომ არსებობს ამ საკითხთა გადაწყვეტის სამი ვარიანტი:
1.არსებობს ერთი, ზოგადქართული, იგივე იბერიული ენა, ხოლო მეგრული, ჭანური (ლაზური) და სვანური მისი დიალექტებია;
2.არსებობს სამი ქართველური ენა: ქართული, მეგრულ-ჭანური (ზანური, კოლხური) და სვანური; 
3.არსებობს ოთხი ქართველური ენა: ქართული, მეგრული, ჭანური (ლაზური) და სვანური.
ამ სამი ვარიანტიდან არც ერთ თვალსაზრისს არ მოეპოვება წმინდა ლინგვისტური ხასიათის უტყუარი კრიტერიუმები, რაც იმითაა გამოწვეული, რომ მსოფლიო ენათმეცნიერებასაც არა აქვს ამგვარი საკლასიფიკაციო კრიტერიუმები. ამის გამო ქართველოლოგებმა დასახელებულ ერთეულთა სტატუსი უნდა განსაზღვრონ ისე, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ქართველი ერის ეთნოკულტურული და პოლიტიკური ინტერესები და გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს მის ერთობას. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ზემოთ დასახელებული სამი თვალსაზრისიდან როგორც ლინგვისტური, ისე ეთნოპოლიტიკური და ეთნოკულტურული ასპექტებით ყველაზე ოპტიმალური პირველი თვალსაზრისია, რომლის მოდიფიცირებული ვარიანტის დასაბუთება ამ რამდენიმე წლის წინათ წარმოადგინა პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ. 
ტ. ფუტკარაძის შეხედულება ამ საკითხზე მოკლედ ასეთია:
"საერთოქართველური და თანამედროვე სალიტერატურო ენა, როგორც ერთგვარი ენობრივი მოდელები, ქმნიან მრავალსაუკუნოვან ზოგადქართველურ ენობრივ ღერძს, რომლის მეორეულ, მეტ-ნაკლებად შეცვლილ განშტოებებს (ფონეტიკურ-მორფოლოგიურ-ლექსიკურ ვარიანტებს) წარმოადგენენ სვანთა, ზანთა, მესხთა, ფხოველთა, ჰერთა თუ სხვა ქართველთა მეტყველებანი. ზოგადქართველური ენობრივი ღერძიდან რომელიმე დიალექტური ერთეულის გამოყოფის დროზე მხოლოდ პირობითად თუ ვილაპარაკებთ და ისიც დოკუმენტური მასალის არსებობის პირობებში. (...) დღეს არსებულ ქართველურ დიალექტთაგან ვერც ერთი ახალი წელთაღრიცხვის ქრონოლოგიურ ზღვარს ვერ გასცილდება: ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ და ბიზანტიურ წყაროებში ასახული კოლხური ტოპონიმები, ეთნონიმები და ჰიდრონიმები (ფათი, სარაპანისი, სუანი...) ნათლად აჩვენებს, რომ ძველი კოლხეთის სახელმწიფო ენის ფონემატური სტრუქტურა და ლექსიკა საერთოქართველურის ანუ თანამედროვე სალიტერატურო ენის ტიპისა (პირობითად - სისინა ა ტიპის) იყო. ანტიკურ წყაროებში დადასტურებული ქართველური ონომასტიკით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ წელთაღრიცხვათა მიჯნაზე ჩანს გამოყოფილი ზანურ-სვანური (შიშინა ა) დიალექტური წრე, რომელმაც შემდგომ მოგვცა დღევანდელი ზანური და სვანური დიალექტები; ქართველთა სხვა კილოები, ეტყობა, უფრო ინტენსიურად განიცდიდნენ სალიტერატურო ენის გავლენას და შედარებით ნაკლებად შეიცვალნენ (ლოგიკურად დასაშვებია ისიც, რომ ზოგი ქართველური დიალექტი საერთოდ გაქრა)" (ფუტკარაძე, 2002, გვ.196-197).
ტ.ფუტკარაძე ქართველთა (ქართველურ) დიალექტთა დაჯგუფების შემდეგ სქემას გვთავაზობს:
ა. ცენტრალური დიალექტები: ქართლური, კახური, იმერული, ლეჩხუმური, გურული;
ბ. განაპირა დიალექტები:
1.სვანთა (სვანური) დიალექტები: ლაშხური, ლენტეხური, ჩოლურული, ბალსქვემოური, ბალსზემოური;
2.ზანთა (ზანური) დიალექტები: მეგრული, ჭანური;
3.მესხთა დიალექტები: სამცხური, ჯავახური, იმერხეული, ტაოური, ლივანური, მაჭახლური, აჭარული;
4.რაჭველთა დიალექტები: მთარაჭული, ბარისრაჭული;
5.ფხოველთა დიალექტები:მთიულურ-გუდამაყრული, მოხეური, ფშაური, ხევსურული, თუშური;
6.ჰერთა დიალექტები:კაკური, ალიაბათური;
გ. საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებული დიალექტები: ფერეიდნული, `ჩვენებურების ქართული" (ბურსა-ინეგოლ-ადაფაზარის ქართველთა მეტყველება), ყიზლარ-მოზდოკური (ფუტკარაძე, 2001, გვ.96; ფუტკარაძე, 2002, გვ.197).
რა უნდა ითქვას ამ მოსაზრების შესახებ? 
პირადად ჩვენ ვისურვებდით ტერმინოლოგიის დახვეწას: ალბათ, აჯობებდა პარალელურ ვარიანტთაგან "ქართველთა"/"ქართველური", "სვანთა"/"სვანური", "მესხთა"/"მესხური", "რაჭველთა"/"რაჭული", "ფხოველთა"/"ფხოვური", "ჰერთა"/"ჰერული" გამოყენებულიყო მხოლოდ "ქართველური", "სვანური", "ზანური", "მესხური", "რაჭული", "ფხოვური", "ჰერული", ვინაიდან დიალექტი ამა თუ იმ თემის ან თემთა ჯგუფის ერთეული კი არ არის, არამედ კონკრეტული ენის ტერიტორიული ვარიანტია. სწორედ ამიტომ უნდა გაიხაზოს სახელწოდებაში დიალექტის სადაურობა და არა მისი კუთვნილება რომელიმე თემის მოსახლეობისადმი. ეს ერთი. მეორე, გამართლებული არ ჩანს კაკურისა და ალიაბათურის დამოუკიდებელ დიალექტებად მიჩნევა. წინამდებარე ნაშრომშიც არის საპოლემიკო საკითხები, მაგ., ტერმინ აფხაზის ეტიმოლოგია, მსჯელობა ილდამუსასა და არტანუჯის იგივეობის შესახებ და სხვ... თუმცა, ჩვენი აზრით, ძირითადი დებულებები ლოგიკურია და ემყარება საფუძვლიან ენათმეცნიერულ თუ საზოგადოებრივ არგუმენტებს, ითვალისწინებს ქართველური ენობრივი სამყაროს ისტორიულ გზასა და ამჟამინდელ მდგომარეობას, მიჰყვება მსოფლიოს ენათა გენეალოგიური "კლასიფიკაციის" იმ წამყვან ტენდენციას, რომელიც ემყარება კონკრეტულ ეთნოსთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესთა დაცვას. 
რაც შეეხება დღემდე ქართველოლოგიაში გაბატონებულ, გ.როზენის ნაჩქარევ დასკვნაზე დაფუძნებულ დანარჩენ ორ მოსაზრებას, ისინი, ჩვენი აზრით, არა მარტო დასაბუთებული არ არის, არამედ სახიფათოც კია ეროვნული ინტერესებისათვის. ტ.ფუტკარაძის მოსაზრებას ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინაისტორია უძღვის. ამ ხნის მანძილზე ი.გიულდენშტედტისაგან მომდინარე ეს თვალსაზრისი და მისი ვარიანტები არავის გაუბათილებია სერიოზულ ენობრივ არგუმენტთა საფუძველზე, თუმცა აქა-იქ გაისმის უკმაყოფილო ხმები. ამ უკმაყოფილებას, ჩვენი დაკვირვებით, ძირითადად ორი რამ უდევს საფუძვლად, კერძოდ:
ა)პირადი ამბიციები. ზოგიერთ ენათმეცნიერს ჰგონია, რომ თუკი ტ.ფუტკარაძის მოსაზრებას გაიზიარებს, ამით თავის პიროვნულ ღირსებას ჩრდილი მიადგება, თუ დღემდე სვანური ენის მკვლევარი ვიყავი, ამის შემდგომ დიალექტის მკვლევრად "დავემცრობიო". ეტყობა, მათ ავიწყდებათ, რომ მეცნიერის ღირსება და დამსახურება იმით კი არ განისაზღვრება, ენის სპეციალისტია იგი თუ დიალექტისა, არამედ იმით, თუ რა შედეგი აქვს მის საქმიანობას. გარდა ამისა, ლინგვისტისათვის ერთნაირად საპატიოა როგორც კონკრეტული ენის, ისე მისი ნებისმიერი ვარიანტის (თუნდაც ჟარგონის, ანდა ერთი კონკრეტული სტილის) კვლევა.
ბ) შიში იმისა, რომ საქართველოსა და ქართველი ერის მტრები აამოქმედებენ "ჩვენებურ" პროვოკატორებს სამეგრელოსა და სვანეთში ტრაიბალიზმისა და სეპარატიზმის გასაღვივებლად; მტერი შეეცდება მეგრელებისა და სვანების აღელვებას, ენას გართმევენო. თუ კარგად ჩავუკვირდებით ამ არგუმენტებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ამგვარი პროვოკაციების საშიშროება რეალურად მართლაც არსებობს, ვინაიდან მტერს არ სძინავს და მუდამ შეეცდება სათავისოდ გამოიყენოს ესა თუ ის ფაქტი. მაგრამ საკითხავია, მტრის წისქვილზე რა დაასხამს წყალს: იმისი მტკიცება, რომ არსებობს სამი ან ოთხი ქართველური ენა, თუ იმისი, რომ არსებობს ერთი ენა და ამ ენის დიალექტებია მეგრულიც, ჭანურიცა და სვანურიც? ამ თვალსაზრისთაგან რომელი შეიცავს უფრო დიდ საფრთხეს ერის ერთიანობისათვის? 
1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საქართველოს ენობრივ-ეთნიკურად დაშლის მოსურნე ძალები რომ გააქტიურდნენ, ფაქტია; უკანასკნელად, "მაფალუს" იდეოლოგიის მოსურნეებმა არა თუ ოკუპირებულ გალში, არამედ საქართველოს ამჟამინდელ დე ფაქტო ხელისუფლებაშიც კი გააკეთეს პროვოკაციული განცხადებანი (იხ., 2004 წლის 27 დეკემბერს პარლამენტის სამი წევრის პრესკონფერენციით ატეხილი ხმაური)... 
დრო არ ითმენს, საჭიროა, ლინგვისტებმა არ დააყოვნონ და სერიოზული განსჯის საფუძველზე ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტონ ქართველური ენობრივი სამყაროს კლასიფიკაციის საკითხი. ამ მიზნით აუცილებელია ყველა იმ ქართველმა ენათმეცნიერმა, ვისაც აწუხებს ერის მომავალი და აქვს არგუმენტები ამ საკითხების გადასაწყვეტად, გამოთქვას თავისი მოსაზრება, რათა განსხვავებულ თვალსაზრისთაგან შეირჩეს ყველაზე ოპტიმალური. ქვემოთ ჩვენ მოკლედ შევეცდებით ჩამოვაყალიბოთ საკუთარი შეხედულება იმის შესახებ, თუ რა მიგვაჩნია ერის ინტერესების შესაფერისად.
ზემოთაც ითქვა და აქაც გავიმეორებთ, რომ ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ გამოთქმული და ახლახან მეცნიერულად არგუმენტირებული თვალსაზრისი, რომლის თანახმადაც მეგრული, ჭანური და სვანური ენები კი არა, ერთი ენის დიალექტებია (უკეთ _ დიალექტთა ჯგუფებია), გამოირჩევა ლოგიკურობით და ობიექტურად ასახავს სინამდვილეს; კერძოდ: 
ერთი ერი (ეთნიკური ერთობა) ერთ ენაზე მეტყველებს: 
გიულდენშტედტ-ფუტკარაძის თვალსაზრისი ლოგიკურად მისდევს ამ წესს: რაკი მეგრელები, ლაზები, სვანები, ქართლელებთან, კახელებთან, რაჭველებთან, თუშებთან, ტაოელებთან, ინგილოებთან ერთადერთ ერს ქმნიან, მათი შინაური სამეტყველო კოდებიც ერთი და იმავე ენის ნაწილები, მისი ტერიტორიული ვარიანტებია. 
არა გვგონია, ამ ლოგიკური თვალსაზრისის საწინააღმდეგო სერიოზული არგუმენტი აღმოაჩნდეს რომელიმე ლინგვისტს. რაც შეეხება დანარჩენ ორ თვალსაზრისს, რომელთა თანახმადაც არსებობს სამი თუ ოთხი ქართველური ენა, ისინი, ერთი მხრივ, არღვევენ დასახელებულ მარტივ წესს და მტერსაც და საქმეში ჩაუხედავ გულუბრყვილო მოკეთესაც აფიქრებენ, რადგან მეგრელ-ჭანებსა და სვანებს ქართლ-კახეთ-ხევსურეთ-ტაო-საინგილოს... მცხოვრებთაგან განსხვავებული ენები ჰქონიათ, მაშასადამე, მეგრელ-ჭანები და სვანები ქართველები კი არა, დამოუკიდებელი ეთნოსები ყოფილანო; მეორე მხრივ კი, სამი ან ოთხი ქართველური ენის გამოყოფის ფაქტს უკვე ორი საუკუნეა პერმანენტულად იყენებენ ქართველთა გარუსებისა და გათურქების მოსურნე რუსი და თურქი მეცნიერები თუ პოლიტიკოსები, რომლებსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მხარი დაუმშვენეს დასავლეთევროპელმა და ამერიკელმა გლობალისტმა თუ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების ვითომდა დამცველმა ავტორებმა (ვრცლად ამ საკითხთა შესახებ იხ., გვანცელაძე, ტაბიძე, შეროზია... 2001; ითონიშვილი, 1990). 
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ცარიზმის, საბჭოურ და პოსტსაბჭოურ პერიოდებში ზოგი ქართველი ავტორი (მათ შორის სახელოვანი მკვლევრებიც) დაუფიქრებლად იყენებს ტერმინებს "ხალხი" და "ეთნოსი" საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქართველობის აღსანიშნავად (ითონიშვილი, 1990, გვ.76-82...). ამიტომ გასაკვირი არც არის, თუ რუსიფიკაციის იდეური ცენტრის, მოსკოვში მოქმედი ნ.მიკლუხო-მაკლაის სახელობის ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლები ერთმანეთისაგან აცალკევებენ ქართველ (картвелы), მეგრელ, ლაზ და სვან "ხალხებს", ტერმინი "ქართველური ხალხები" (картвельские народы) კი грузины-ს სინონიმად მიაჩნიათ, ამტკიცებენ, რომ მეგრელთა, ლაზთა და სვანთა "...ორენოვნება... ორიარუსიან ეთნიკურ თვითშეგნებასთანაა შეფარდებული" (ვიმოწმებთ წიგნიდან: ითონიშვილი, 1990, გვ.7). ბუნებრივია, ამგვარი გამონათქვამებისა და "თეორიების" სიხშირის კონტექსტში ყოვლად გაუგებარია, მაგალითად, იმის მტკიცება, რომ იბერიულ-კავკასიურ ენათა და ეთნოსთა გენეალოგიური ხეები ერთმანეთის იზომორფული ყოფილა: თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ მოსაზრების ავტორი ენათა გენეალოგიური ხის მესამე დონეზე სამ თუ ოთხ ქართველურ ენას ხედავს ტოტების სახით, ეთნოკულტურული ხის მესამე დონეზეც ალბათ სამ ან ოთხ ქართველურ ეთნოკულტურულ ტოტს, ანუ სამ ან ოთხ დამოუკიდებელ "ხალხს" შესცქერის (ცოცანიძე, 2001, გვ.125-126). 
სამი ან ოთხი ქართველური ენის არსებობის მტკიცება ხელსაყრელი არ არის არც იმ მხრივ, რომ ამით ქართველი ერის ერთიანობის საწინააღმდეგო არგუმენტს ვაწვდით რუსეთისა და თურქეთის რეაქციულ პოლიტიკოსებსაც, გლობალისტებსაც და ეთნიკური თუ ენობრივი უმცირესობების დაცვის საბაბით მოღვაწე პირებსაც. რუს და თურქ პოლიტიკოსებს ამ მხრივ უკვე ხანგრძლივი გამოცდილება დაუგროვდათ. კერძოდ: 
ა) ჯერ კიდევ 1834 წელს რუსმა ოფიცერმა შახოვსკიმ კავკასიის მეფისნაცვალ გ.როზენს (არ ავურიოთ ენათმეცნიერ გ.როზენში!) წარუდგინა გეგმა ქართველი ერის დანარჩენი ნაწილისაგან სვანთა ჩამოცილებისა და მათი გარუსებისა.
ბ) რუსეთის მიერ სამეგრელოს, სვანეთისა და ლაზეთის დაპყრობიდან 1917 წლამდე ცარიზმი პერმანენტულად კრძალავდა იქაურ სკოლებსა და ეკლესიებში ქართული ენის გამოყენებას, აქაოდა მეგრელები, სვანები და ლაზები ქართველები არ არიან და თავ-თავიანთი ენები აქვთო.
გ) 1860 წელს მეგრულ დიალექტზე ითარგმნა ბიბლიის ცალკეული ნაწილები, 1864 წელს გამოიცა სვანური საანბანო სახელმძღვანელო, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევარში აშორდიამ, ლევიცკიმ და გრენმა ცალ-ცალკე შეადგინეს მეგრული საანბანო სახელმძღვანელოები. ყველა შემთხვევაში მეგრული და სვანური ენობრივი მასალის გადმოსაცემად გამოყენებულ იქნა რუსული დამწერლობა. ამ აქციათა ჭეშმარიტი მიზნები ნათლად ჩანს პროფ. ა.გრენის მიერ მეგრული საანბანო სახელმძღვანელოსათვის წამძღვარებულ წინასიტყვაობაში, სადაც დაუფარავად არის განცხადებული: `ამ ანბანის შედგენისას მე მიზნად მქონდა, როგორმე, თუნდაც არაპირდაპირ, გამომეწვია ნაციონალური ბრძოლისათვის მეგრელები, რომელნიც ითელებიან უფრო ძლიერი ქართველი ხალხისაგან, ასეთი ბრძოლა, ჭეშმარიტად, სრულიად შეუძლებელია საკუთარი ეროვნული ანბანის უქონლად, იმ ანბანისა, რომლითაც მეგრელი თავის აზრებს ისევე გამოხატავდა, როგორც მისი მტერი, ამ შემთხვევაში _ ქართველი" (ხუნდაძე, 1949, გვ.104).
დ) 1929-1938 წლებში შექმნილი მეგრული და ლაზური დამწერლობები იმავე მიზანს ემსახურებოდა, რასაც ცარიზმის დროს ისახავდა მეგრული და სვანური საანბანო სახელმძღვანელოების შექმნა (სხვათა შორის, მათი გაუქმება 1938 წელს, მოსახლეობის მოთხოვნისათვის ანგარიშის გაწევაც იყო და იმისი ფარული აღიარებაც, რომ მოსკოვს მეგრული და ლაზური სინამდვილეში ენებად მართლაც არ მიაჩნდა, სხვაგვარად "არ გასწირავდა" მეგრელებსა და ლაზებს `უფრო ძლიერი ქართველი ხალხისაგან გასათელად").
ე) თურქეთში უკვე მერამდენე საუკუნეა დაუნდობლად ებრძვიან არა მარტო ქართულ ენას, არამედ ლაზურ დიალექტსაც. ამ ბოლო დროს კი "დემოკრატიზაციის" საბაბით დაიწყო ლათინურ გრაფიკაზე დაფუძნებული ლაზური "ენის" გამოყენება. რეალურად ეს აქტები აშკარად მიმართულია ლაზების დანარჩენი ქართველი ხალხისაგან საბოლოოდ ჩამოსაცილებლად.
ლაზეთში (ჭანეთში) განხორციელებულმა ენობრივმა პოლიტიკამ გარკვეული უარყოფითი ნაყოფი უკვე გამოიღო: დღეს ლაზთა ერთი ნაწილი, სამწუხაროდ, თავს ვეღარ აცნობიერებს ქართველი ერის განუყოფელ ნაწილად, უმდიდრესი მრავალსაუკუნოვანი სულიერი და მატერიალური კულტურის ღირსეულ მემკვიდრედ და პატრონ-ჭირისუფლად. ამ საქმეში უარყოფითი როლი შეასრულა არა მარტო თურქული სახელმწიფო მანქანის მიზანმიმართულმა მოქმედებამ, არამედ ქართველ ლინგვისტთა, ეთნოლოგთა, არქეოლოგთა და ისტორიკოსთა ერთი ნაწილის უსაფუძვლო "მტკიცებებმაც", რომელთა თანახმადაც, წინარექართველური ენობრივ-ეთნიკური ერთობა თურმე წელთაღრიცხვათა მიჯნამდე რამდენიმე ასეული წლით ადრე დანაწევრებულა, ხოლო ლაზური (ჭანური) დიალექტი დამოუკიდებელი ენა ყოფილა. ქართველ მეცნიერთა ამგვარი "მტკიცებების" საფუძველზე ზოგი ავტორი (ჯ.ჰიუიტი, ვ.ფოირშტაინი... ) არწმუნებენ ლაზებს, რომ ისინი ქართველები არ არიან, რომ მათ ეთნიკურ თვითმყოფადობას ერთნაირად ემუქრება გაქრობის საფრთხე, როგორც თურქული სახელმწიფოს, ისე საქართველოს მხრიდან. სამწუხაროდ, საქმეში ჩაუხედავ ზოგ ლაზს ეს სიმართლე ჰგონია. მაგალითად, გერმანიაში მოქმედი ლაზთა გაერთიანება "ლაზებურა", რომელიც პრაქტიკულად ვ. ფოირშტაინის გავლენის ქვეშაა მოქცეული, იცავს იმ თვალსაზრისს, რომ ლაზები ქართველები არ არიან და მათთვის ქართველები ისეთივე "მტრები" ყოფილან, როგორც თურქები. 
არსებითად მიგვაჩნია იმის ხაზგასმაც, რომ თუ ქართველი ლინგვისტები ვერ დაძლევენ შიშს გარეშე მტრებისა თუ ადგილობრივი პროვოკატორების წინაშე და კვლავ გაიზიარებენ მოსაზრებებს სამი თუ ოთხი ქართველური ენის არსებობის შესახებ, ამით არანაირად არ შემცირდება თვით საფრთხე. როგორც ზემოთაც ითქვა, სამი-ოთხი ენის არსებობა ლოგიკურად გულისხმობს სამი-ოთხი ეთნოსის არსებობის აღიარებას (ამის კარგი ნიმუშია ჯ.ჰიუიტის, ვ.ფოირშტაინის და სხვათა მსჯელობები, რომელიც დროდადრო ვრცელდება სამეცნიერო ჟურნალებით თუ პრესით). გარდა ამისა, იმისი შიში, ვაითუ მტერმა პროვოკაცია მოგვიწყოს სამეგრელოსა და სვანეთში მეგრულ-ჭანურისა და სვანურის დიალექტებად მიჩნევის შემთხვევაშიო, ფაქტობრივად მეგრელებისა და სვანებისადმი უნდობლობის გამოცხადებასა და მათ მამულიშვილობაში ეჭვის შეტანას ნიშნავს. სამეგრელო-სვანეთის ქართული მოსახლეობა ქართველი ერის განუყოფელი ნაწილია; ისინი არიან შთამომავლები ქუჯი ეგრისელისა, გიორგი ჭყონდიდელისა, ცოტნე დადიანისა, იონა მეუნარგიასი, კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიებისა და მრავალი სხვა პატრიოტისა. უნდა გვახსოვდეს, რომ მტერი უკვე ორი საუკუნეა, განუწყვეტლივ ცდილობს სამეგრელო-სვანეთში ტრაიბალიზმისა და სეპარატიზმის დანერგვას და ამ მიზნით იყენებს ერის ერთიანობისათვის მეტად სახიფათო თვალსაზრისებს სამი თუ ოთხი ქართველური ენის არსებობის შესახებ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, თადა აშორდიასა და ისაკ ჟვანიას მსგავსი ერთეული მოღალატეების გარდა მომხრეები ვერ შეიძინა. წარმოუდგენელია, მეგრელთა და სვანთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ სწორად ვერ შეაფასოს ვითარება და არ ირწმუნოს, რომ მათ ენას არ ართმევენ, ვინაიდან მათი დედაენა ქართულია, მეგრული და სვანური დიალექტები კი ისეთივე საშინაო სამეტყველო კოდებია, როგორიცაა იმერული, ქართლური, მოხეური თუ მაჭახლური. ღრმად გვწამს, რომ არც ერთი შეგნებული ლაზი, მეგრელ-ჭანი და სვანი ნებაყოფლობით არ იტყვის უარს 24-საუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო ენასა (გავიხსენოთ, რომ ქართული ანბანის შემქმნელ ფარნავაზს ყველაზე ადრე მხარში ქუჯი ეგრისელი ამოუდგა) და უნიკალურ ზოგადქართულ კულტურაზე! 
შენიშვნა: 2003 წლის 12 დეკემბერს გერმანიაში, მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტში გერმანელ ქართველოლოგ ვინფრიდ ბოედერს წაუკითხავს მოხსენება თემაზე "ტერმინების "ენა" და "დიალექტი" - გამოყენება ქართველურ კვლევებში". ამ მოხსენების ტექსტი ჩვენს ხელთ არ არის, მაგრამ მოვიპოვეთ მსმენელთათვის ავტორის მიერ დარიგებული ოთხგვერდიანი მასალა, რომელიც შეიცავს მოხსენებაში გამოყენებული ციტატების ტექსტებს სხვადასხვა ავტორის ნაშრომებიდან. ეს ციტატები აშკარად მიანიშნებენ, რომ მოხსენების ავტორი არ იზიარებს თვალსაზრისს ერთადერთი ქართველური ენის არსებობის შესახებ, რომელიც რეაბილიტირებულ იქნა პროფ. ტ.ფუტკარაძის მიერ და ჩვენც ვიზიარებთ. როგორც ჩანს, ვ.ბოედერს მიაჩნია, რომ მაგალითად, სულხან-საბა ორბელიანი მეგრულ მეტყველებას ქართულისაგან განსხვავებულ, დამოუკიდებელ ენად თვლიდა და ამის საბუთად მოჰყავს საბასეული განმარტება ჟღურტული სიტყვისა: `მეგრელთაგან მრუდი ლაპარაკი, გინა ჩხიკვთა და კაჭკაჭთა ლაპარაკი" (ძ რედაქცია); "ესე არს მეგრელთა და მისთანათა ავენოანთა ლაპარაკი, გინა ჩხიკვთა და კაჭკაჭთაგან ლაპარაკი" (AB რედაქციები). ეტყობა, ჩვენი გერმანელი კოლეგა ვერ ითვალისწინებს საბას ლექსიკონის ერთ თავისებურებას: საბას უხვად მოჰყავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული ლექსიკა, რომლის განმარტებისას იგი ხშირად უთითებს სიტყვათა სადაურობას (იმერულად ქვიან, უწოდენ მესხნი, კახნი უწოდენ, უBმობენ გურიელნი, მთის კაცთ იციან, ჭანნი უBმობენ, მეგრულად...), ზოგჯერ კი საბას დიალექტიზმები სადაურობის მიუთითებლადაც მოჰყავს (ზილარიან, მამაგონა, მუართვა, პატონი, რაგადობა, ჯარგვალი...), უფრო ხშირად კი ავტორს მითითებული აქვს სიტყვათა გლეხურობა ანდა "მსოფლიოობა", რაც სტილურ თავისებურებებსაც გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ საბა დიალექტურ ლექსიკას ახასიათებს როგორც ტერიტორიული (კილოურ-დიალექტური), ისე სოციალური თვალსაზრისით. სწორედ ამ კონტექსტშია გასაანალიზებელი ჟღურტული სიტყვის განმარტებაც, რომელიც ხუთი ვარიანტის სახითაა ჩვენამდე მოღწეული (ვ.ბოედერს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს დამოწმებული). ლექსიკონის საერთო კონტექსტიდან ამოგლეჯის გზით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ვ.ბოედერი მართალია და საბა მეგრულს ცალკე ენად მიიჩნევდა, მაგრამ ქართველური დიალექტური ლექსიკის (მათ შორის მეგრული მასალის) საბასეული დეფინიციების საერთო ტენდენციის გათვალისწინება და თვით ჟღურტული სიტყვის განმარტების ხუთივე ვარიანტის ტექსტების ანალიზი ამ კონტექსტში უეჭველს ხდის, რომ საბასეული განმარტებანი ("ავენოანთა ლაპარაკი" და "მრუდი ლაპარაკი") ამ სიტყვის სოციოლინგვისტური დახასიათებაა: საბასათვის "ავენოანნი" არიან არა მაინცდამაინც მეგრელნი, არამედ საქართველოს სხვა კუთხეებში მოსახლე ის ქართველებიც, რომლებიც ყოველდღიურ ურთიერთობაში იყენებენ სამწიგნობრო ენისაგან შედარებით მეტად დაშორებულ არაკანონიკურ, ე.ი. "მდაბიურ" (იგივეა, რაც "მსოფლიო", "დამხე" მეტყველება) სამეტყველო კოდებს. ზუსტად იგივე სემანტიკა აქვს სინტაგმას "მრუდი ლაპარაკი". ამას ადასტურებს ჟღურტული სიტყვის განმარტებაში მისთანათა სიტყვის ხმარებაც ("მეგრელთა და მისთანათა ავენოანთაგან ლაპარაკი" - ჩB ნუსხა). 
აშკარაა, რომ ვ.ბოედერი ცდება, თუკი მას საბა თავის თანამოაზრედ მიაჩნია. საბას მეგრული მეტყველება ენად არ მიაჩნდა! რაც შეეხება გერმანელი მკვლევრის მიერ დამოწმებულ ციტატებს სხვა ავტორთა ნაშრომებიდან, ყველა მათგანი დეკლარაციაა და არა არგუმენტაცია იმისა, რომ არსებობს სამი თუ ოთხი ქართველური ენა, დეკლარაცია კი საბუთი არ არის.

სამეცნიერო ლიტერატურაში, ასევე, დიდი კამათია ქართველური, ანუ ზოგადქართული ენისა და სხვა იბერიულ-კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ.
ვფიქრობთ, საკითხი პოზიტიურად გადაწყვიტა არნ.ჩიქობავას ფუნდამენტურმა ნაშრომმა "იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი" (ჩიქობავა, 1979), რომელშიც კონკრეტულ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით საბოლოოდაა დასაბუთებული იბერიულ-კავკასიურ ენათა გენეალოგიური ნათესაობა ყველა ენობივ დონეზე: ფონოლოგიურ სისტემაში, ფონეტიკურ პროცესთა პრინციპულ ერთგვაროვნებაში, მორფოლოგია-სინტაქსსა და ლექსიკაში.
სამწუხაროდ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი, საეტაპო ხასიათის მონოგრაფია მხოლოდ ქართულ ენაზე გამოქვეყნდა, რის გამოც მისი გამოყენება არ შეუძლიათ ქართული ენის არმცოდნე ჩრდილოეთკავკასიელ, ევროპელ თუ ამერიკელ კავკასიოლოგებს. 
იბერიულ-კავკასიურ ენათა შიდა ნათესაობის დამტკიცებას დღის წესრიგიდან არ მოუხსნია ზოგი სხვა სადავო საკითხი, რომელთაგან ყველაზე აქტუალურია ამ ოჯახში შემავალ კონკრეტულ ენათა ზუსტი რაოდენობის დადგენისა, აგრეთვე ენათა და დიალექტთა ერთმანეთისაგან გამიჯვნის პრობლემები. კერძოდ, ლინგვისტურ კავკასიოლოგიაში დღემდე არ არსებობს საყოველთაოდ გაზიარებული ერთი თვალსაზრისი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რამდენ და რომელ ენებს აერთიანებს იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახი (ასახელებენ 28-დან 36-მდე ენას), ან ენათა რამდენი ჯგუფი გამოიყოფა ამ ოჯახის შიგნით და რომელი კონკრეტული ენებისაგან შედგება თითოეული ჯგუფი. მაგალითად, კავკასიოლოგთა ერთი ნაწილი გამოყოფს ოთხ ჯგუფს:
1.ქართველური "ენების" ჯგუფს (1, 3 ან 4 "ენა");
2.აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფს (5 "ენა");
3.ნახურ ენათა ჯგუფს (3 "ენა");
4.დაღესტნურ ენათა ჯგუფს (17-დან 25-მდე "ენა").
სპეციალისტთა მეორე ნაწილი ერთ ჯგუფად აერთიანებს ნახურ და დაღესტნურ ენებს, შესაბამისად, ენათა ოჯახსაც სამ ჯგუფად ანაწევრებს:
1.ქართველურ "ენათა" ჯგუფი;
2.აფხაზურ-ადიღურ ენათა ჯგუფი;
3.ნახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფი.
ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებანი არსებობს იბერიულ-კავკასიურ ენათა ცალკეულ ოჯახში შემავალ ენობრივ ერთეულთა სტატუსუს შესახებაც; მაგ., დაღესტნური ჯგუფის ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ქვეჯგუფში 10-დან 13-მდე ენას ვარაუდობენ, ხოლო ლეზგიურ ქვეჯგუფში ასახელებენ 7-დან 10-მდე ენას.
იბერიულ-კავკასიურ ენათა რაოდენობის შესახებ ზოგჯერ თვით ერთსა და იმავე ავტორსაც აქვს სხვადასხვა თვალსაზრისი გამოთქმული სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ ნაშრომებში.
აშკარაა, რომ ლინგვისტურ კავკასიოლოგიაშიც საკლასიფიკაციო კრიტერიუმების პრობლემა იჩენს თავს; გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ე.წ. პოლიტიკური ფაქტორებიც:
ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ საშუალება გვქონდა ჩაღრმავებულად გვეკვლია ენობრივი სიტუაციის დინამიკა და ენობრივი პოლიტიკის ტენდენციები XIX-XX საუკუნეთა კავკასიაში. საკითხის შესწავლამ დაგვარწმუნა, რომ კავკასიაში მცხოვრებ ეთნოსთა და მათ ენათა კლასიფიკაცია მოქცეული იყო როგორც ცარისტული, ისე კომუნისტური რეჟიმების უმკაცრესი კონტროლის ქვეშ. ორივე რეჟიმის უმთავრეს მიზანს კავკასიის ეთნოსთა დენაციონალიზება-გარუსება წარმოადგენდა, ამ მიზნის მისაღწევ მძლავრ საშუალებად კი ეთნოსთა ხელოვნურად დანაწევრება-დაქუცმაცება მიიჩნეოდა, რისთვისაც თეორიული საფუძველი ეთნოლოგებსა და ლინგვისტებს უნდა შეემზადებინათ. რაც მეტად დაქუცმაცდებოდა ეთნოსები, მით უფრო გაადვილდებოდა მათი გადაჯიშება.
კავკასიაში მცხოვრებ ხალხთა მონოლითურობას პირველი მძლავრი დამანგრეველი დარტყმები ცარიზმმა მიაყენა XIX საუკუნის განმავლობაში განხორციელებული აქციებით, კერძოდ:
1. რუსული არმია დაუნდობლად ჟლეტდა ათასობით იმ კავკასიელს (ვაინახებს, ლეკებს, ჩერქეზებს უბიხებს, ქართველებს...), ვინც ბედავდა სიტყვით თუ თოფით დაეცვა ეროვნული დამოუკიდებლობა; ციმბირში მიერეკებოდნენ პატრიოტებს; წვავდნენ ნათესებს; ხოცავდნენ პირუტყვს; ანგრევდნენ სოფლებს; შეურაცხყოფდნენ ეროვნულ და რელიგიურ სიწმინდეებს...
2. ნახევარსაუკუნოვანი კავკასიის ომის მიმდინარეობის დროსაც და მისი დასრულების შემდგომაც მამაპაპეული საცხოვრისიდან თურქეთის იმპერიაში მასობრივად აძევებდნენ ათასობით ქართველს, აფხაზს, უბიხს, ჩერქეზს, ვაინახს, რომლებიც დევნილობაში იხოცებოდნენ ეპიდემიებითა და შიმშილით. მათ ნასახლარზე ამკვიდრებდნენ იმპერიისადმი ლოიალურად განწყობილ კოლონისტ რუსებს, ესტონელებს, გერმანელებს, ბერძნებს, სომხებს... ამ გზით რადიკალურად იცვლებოდა კავკასიის ეთნიკური და ლინგვისტური ვითარება. ასე დაცარიელდა საქართველოში აფხაზეთის, მესხეთ-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის დიდი ნაწილი, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში - უბიხთა მიწა, ჩერქეზეთის, იჩქერია-ინგუშეთისა და დაღესტნის ვრცელი რეგიონები.
3. სხვა ქვეყნებიდან მოყვანილ კოლონისტებს ისეთი წესით ასახლებდნენ, რომ მათ სოფლებს ალყა შემოერტყათ მკვიდრ კავკასიელთა სოფლებისათვის და გაეთიშათ ისინი ერთმანეთისაგან, ანდა კოლონისტთა დასახლებებს შეექმნათ ბუფერული ზონები რუსეთისადმი მტრულად განწყობილ თურქეთთან (მაგალითად, აჭარასა და მესხეთ-ჯავახეთში ასე გაჩნდა კოლონისტთა დასახლებები...), თუ შავი ზღვის ღია სანაპიროსთან (ანაპიდან ლაზეთამდე).
ამ აქციათა პარალელურად დამოუკიდებელ "ხალხებად" ცხადდებოდა იმ ეთნოსთა ტერიტორიული ჯგუფები (თემები), რომელთაც ცარიზმს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს იარაღით, ანდა რომელთა მხრიდანაც ამგვარ წინააღმდეგობას ელოდნენ (ქართველები, ჩერქეზები, ვაინახები და ლეკები), ამ "მეამბოხე", დაუმორჩილებელი ეთნოსების დედაენათა მიკროვარიანტებს კი სრულიად თვითნებურად დამოუკიდებელ "ენებად" აცხადებდნენ და თანმიმდევრულად ნერგავდნენ ამ თვალსაზრისს. მაგალითად, როგორც უკვე ითქვა, სწორედ ასე დამკვიდრდა XIX საუკუნის შუა წლებიდან "თეორია" იმის შესახებ, რომ მეგრული, ლაზური და სვანური ჯგუფის დიალექტები ცალკე მდგომი "ენებია"; რომ ადიღური სხვა ენაა, ყაბარდოული კი სხვა, თუმცა ყაბარდოელები საკუთარ დედაენას დღესაც კი ადHღაბზა-ს "ადიღურ ენას" უწოდებენ და ადიღელებსა და ყაბარდოელებს თავისუფლად ესმით ერთმანეთისა სხვა ენის დაუხმარებლად; რომ ჩეჩნური და ინგუშური სხვადასხვა ენებია, თუმცა ჩეჩნები (იჩქერიელები) და ინგუშები თავიანთი ეროვნების განმაზოგადებელ სახელად ამჟამადაც კი იყენებენ ტერმინს ვა~ნახ/ვე~ნახ "ჩვენი ხალხი" და მათ შორის გაგებინებაც კი არ ქმნის პრობლემას...
ცარიზმის მიერ წამოწყებული კავკასიელ ეთნოსთა და მათ ენათა დანაწევრების პოლიტიკა განაგრძო კომუნისტურმა რეჟიმმა. XIX საუკუნეში ძალდატანებით დაქუცმაცებულ ეთნოსთა და მათი ენების გამთლიანება შეუძლებელი იყო XX საუკუნეში: უკვე არსებობდა "სამეცნიერო" ტრადიცია, რომლის შექმნაში მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ავტორიტეტულ კავკასიოლოგებს (პეტრე უსლარს, ანტონ შიფნერს, ადოლფ დირს, ნიკო მარს...); კავკასიელ ეთნოსთა ერთ ნაწილში ფეხი მოიკიდა პარტიკულარიზმმა და ტრაიბალიზმმა; მოქმედებდა უმკაცრესი ცენზურა და იმპერიის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული აპარატი, რომლებიც კრძალავდნენ განსხვავებული თვალსაზრისის გავრცელებას და ა.შ. მოქმედებდა სხვა ფაქტორებიც (მაგალითად, მეცნიერის პირადი ამბიცია, როცა მკვლევარს სურს თავი გამოაცხადოს ერთადერთი კი არა, არამედ ერთბაშად რამდენიმე ენის სპეციალისტად...).
როგორც ზემოთ აღინიშნა, ამჟამად იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის შიდა კლასიფიკაციის პრობლემა ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი, რისი მიზეზიცაა ის, რომ ერთმანეთშია არეული წმინდა ლინგვისტური და სოციოლინგვისტური ასპექტები. ამიტომ, სადავოა ისიც კი, თუ რამდენი კონკრეტული ენა შედის ამ ოჯახში. ვფიქრობთ, დადგა დრო ამ პრობლემის გადაჭრისა. პირადად ჩვენ შესაძლებლად და აუცილებლად მიგვაჩნია სადისკუსიოდ წარმოვადგინოთ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის საკლასიფიკაციო სქემები, ერთი მხრივ, წმინდა ლინგვისტურ კრიტერიუმებზე და სპეციალურ ლიტერატურაში სხვადასხვა დროს გამოთქმულ თვალსაზრისებზე დაყრდნობით, მეორე მხრივ კი - სოციოლინგვისტური ასპექტების გათვალისწინებით.
წმინდა ლინგვისტური თვალსაზრისით იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის შემადგენლობა ასე წარმოგვიდგენია:
I.სამხრეთის ჯგუფი:
1.ქართველური (ქართული) ენა ზანური და სვანური ჯგუფების დიალექტთა ჩათვლით.
II.ჩრდილო-დასავლეთის ჯგუფი:
1.აფხაზურ-აბაზური ენა;
2.ჩერქეზული (ადიღურ-ყაბარდოული) ენა;
3.უბიხური ენა (აწ უკვე მკვდარი).
III.ჩრდილო-აღმოსავლეთის ჯგუფი:
ა)ვაინახური ქვეჯგუფი:
1.ვაინახური (ჩეჩნურ-ინგუშური, ანუ იჩქერიულ-ინგუშური) ენა.
ბ)ხუნძური ქვეჯგუფი:
1.ხუნძური ენა;
2.ანდიური ენა (ბოთლიხურის, ღოდობერიულის, ახვახურის, კარატულის, ბაგვალურის, ტინდიურის, ჭამალალურის ჩათვლით);
3.დიდოური ენა (ჰინუხურის, ხვარშიულის, კაპუჭურ-ჰუნზიბურის ჩათვლით).
გ)ლაკურ-დარგუული ქვეჯგუფი:
1.ლაკური ენა;
2.დარგული ენა
დ)ლეზგიური ქვეჯგუფი:
1.ლეზგიური ენა (თაბასარანულისა და აღულურის ჩათვლით);
2.წახურ-რუთულური ენა;
3.არჩიბული ენა;
4.კრიწული ენა;
5.ბუდუხური ენა;
6.ხინალუღური ენა;
7.უდიური ენა.
ამრიგად, ჩვენი აზრით, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში წმინდა ლინგვისტური კლასიფიკაციით გამოიყოფა 17 ენა ნაცვლად 28-36 ენისა.
შენიშვნა: წოვათუშური (ბაცბური) მეტყველება, ჩვენი აზრით, ქართველური (ქართული) ენის ასოცირებულ დიალექტადაა მისაჩნევი, ვინაიდან მას ამ ბოლო დროს უამრავი ისეთი თვისება შეეძინა, რომ საკუთრივ ლინგვისტური საზომებით გაჭირდება მისი დამოუკიდებელ ენად ჩათვლა.
რაც შეეხება იბერიულ-კავკასიურ ენათა სოციოლინგვისტურ კლასიფიკაციას, იგი ასე წარმოგვიდგენია:
I.სამხრეთის ჯგუფი:
1.ქართველური (ქართული) სამწიგნობრო ენა;
II.ჩრდილო-დასავლეთის ჯგუფი:
1.აფხაზური სამწიგნობრო "ენა";
2.აბაზური სამწიგნობრო "ენა";
3.ადიღური სამწიგნობრო `ენა";
4.ყაბარდოული სამწიგნობრო "ენა";
5.უბიხური უმწიგნობრო ენა (აწ უკვე მკვდარი).
III.ჩრდილო-აღმოსავლეთის ჯგუფი:
ა)ვაინახური ქვეჯგუფი:
1.ჩეჩნური (იჩქერიული) სამწიგნობრო "ენა";
2.ინგუშური სამწიგნობრო "ენა";
ბ)ხუნძური ქვეჯგუფი:
1.ხუნძური სამწიგნობრო ენა;
2.ანდიური უმწიგნობრო ენა (ბოთლიხურის, ღოდობერიულის, ახვახურის, კარატულის, ბაგვალურის, ტინდიურის, ჭამალალურის ჩათვლით);
3.დიდოური უმწიგნობრო ენა (ჰინუხურის, ხვარშიულის, კაპუჭურ-ჰუნზიბურის ჩათვლით).
გ)ლაკურ-დარგუული ქვეჯგუფი:
1.ლაკური სამწიგნობრო ენა;
2.დარგუული საწიგნობრო ენა.
დ)ლეზგიური ქვეჯგუფი:

1. ლეზგიური სამწიგნობრო "ენა";
2. თაბასარანული სამწიგნობრო "ენა";
3. აღულური სამწიგნობრო ენა";
4. წახური სამწიგნობრო "ენა";
5. რუთულური სამწიგნობრო "ენა";
6. არჩიბული სამწიგნობრო "ენა";
7. კრიწული უმწიგნობრო ენა;
8. ბუდუხური უმწიგნობრო ენა;
9. ხინალუღური უმწიგნობრო ენა;
10. უდიური უმწიგნობრო ენა.
სულ 23 ერთეული.
კარგად გვესმის, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი ორივე სქემა სპეციალისტთა შორის აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს. ველით საქმიან, აკადემიურ, არგუმენტებზე დამყარებულ გამოხმაურებას.

დამოწმებული ლიტერატურა:
1. ბოპი - F.Bოპპ, Üბერ დას Gეორგისცჰე ინ შპრაცჰვერწანდტსცჰაფტლიცჰერ Bეზიეჰუნგ. Bერლინ, 1846
2. გვანცელაძე, 2000, 1 - თ.გვანცელაძე, აფხაზური დამწერლობის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანის ისტორიისათვის. - ჟურნ. "ბედია", #6-7, 2000.
3. გვანცელაძე, 2000, 2 - თ.გვანცელაძე, ტოპონიმთა მასობრივი ცვლა აფხაზეთში 1864 წლის შემდგომ. - იკე, ტ. 34, თბ., 2000
4. გვანცელაძე, 2002 - Т.И.Гванцеладзе, О причинах и целях «грузинизации» в Абхазии в 1938-1954 гг. – XI коллоквиум Европейского Общества Кавказоведов. Тезисы докладов. Москва, 2002.
5. გვანცელაძე, ტაბიძე, შეროზია... 2001 - თ.გვანცელაძე, მ.ტაბიძე, რ.შეროზია, რ.ჭანტურია, ღვთისმსახურებისა და განათლების ენა, როგორც რუსიფიკატორული პოლიტიკის განხორციელების საშუალება - "ქართველური მემკვიდრეობა", ტ.V, ქუთაისი, 2001.
6. გიულდენშტედტი, 1787 - I.A.Güლდენსტäდტ, ღეისენ დურცჰ ღუსსლანდ უნდ იმ ჩაუცასისცჰენ Gებüრგე. შტ. – Pეტერსბურგ, Bდ.I., 1787. 
7. გიულდენშტედტი 1791 - I.A.Güლდენსტäდტ, ღეისენ დურცჰ ღუსსლანდ უნდ იმ ჩაუცასისცჰენ Gებüრგე. შტ. – Pეტერსბურგ, Bდ.II., 1779.
8. ერკერტი, 1795 - ღ.Eრცკერტ, Dიე შპრაცჰენ დეს კაუკასისცჰენ შტამმეს. ჭიენ, 1795.
9. ითონიშვილი, 1990 - ვ.ითონიშვილი, ქართველი ხალხის ეთნოსტრუქტურა მრუდე სარკეში. თბ., 1990.
10. მარი, 1910 - Н.Я.Марр, Грамматика чанского (лазского) языка с хрестоматиею и словарем. С.-Петербург, 1910.
11. მარი, 1936 - Н.Я.Марр, О языке и истории абхазов. Ленинград, 1936.
12. მაჰომეტოვი, 2001 - ა.მაჰომეტოვი, კუბაჩური მეტყველების სტატუსი - ენაა თუ დიალექტი. - არნ.ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მე-60 სამეცნიერო სესიის მასალები. თბ., 2001.
13. მეიე, 1924 - A.Mეილლეტ, Iნტროდუცტიონ. – “Lეს ლანგუეს დუ მონდე”, Pარის, 1924.
14. მიულერი, 1864 - F.Müლლერ, üბერ დიე სპრაცჰწისსენსცჰაფტლიცჰე შტელლუნგ დერ Kაუკასისცჰენ შპრაცჰენ. – “Oრიენტ უნდ Oცციდენტ, ინსბესონდერე ინ იჰრენ გეგენსეიტიგენ Bეზიეჰუნგენ – Fორსცჰუნგენ უნდ Mიტტჰეილუნგენ”, II Bდ., Göტტინგენ, 1864.
15. მიქიაშვილი, 2000 - ო.მიქიაშვილი, აფხაზეთის ტოპონიმიის ისტორიიდან. 1943-1952, 1952-1967. - `ქართველური მემკვიდრეობა", ტ.IV, ქუთაისი, 2000.
16. როზენი, 1844 - G.ღოსენ, Üბერ დიე შპრაცჰე დერ Lაზენ. Bერლინ, 1844.
17. როზენი, 1846 - G.ღოსენ, Oსსეტისცჰე შპრაცჰლეჰრე ნებსტ ეინერ Aბჰანდლუნგ üბერ დას Mინგრელისცჰე, შუანისცჰე უნდ Aბცჰასისცჰე. Bერლინ, 1846.
18. ფინკი, 1915 - F.Fინკ. Dიე შპრაცჰენ დეს Eრდკრეისეს. Lეიპზიგ უნდ Bერლინ, II Aუფლ. 1915.
19. ფუტკარაძე, 2001 - ტ.ფუტკარაძე, ქართველთა დიალექტების დაჯგუფებისათვის. - არნოლდ ჩიქობავას საკითხავები - XII, მასალები. თბ., 2001.
20. ფუტკარაძე, 2002 - ტ.ფუტკარაძე, ქართველები, ზოგადქართული სამწიგნობრო ენა და ქართველთა დიალექტები (ისტორიული მიმოხილვა). - "ქართველური მემკვიდრეობა", ტ.VI, ქუთაისი, 2002.
21. ყიფშიძე, 1914 - И.Кипшидзе, Грамматика мингрельского (иверского) языка с хрестоматиею и словарем. С-Петербург, 1914
22. შეროზია, 2000 - რ.შეროზია, ქართველურ ენებთან და დიალექტებთან დაკავშირებული ზოგიერთი სოციოლინგვისტური საკითხი - XX რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიის მასალები. თბ., 2000.
23. შუხარდტი, 1895 - H.შცჰუცჰარდტ, Üბერ დას Gეორგისცჰე. ჭიენ, 1895.
24. ჩიქობავა, 1965 - არნ.ჩიქობავა, იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია. თბ., 1965.
25. ცაგარელი, 1872 - А.Цагарели, Сравнительный обзор морфологии иберийской группы кавказских языков. С.-Петербург, 1873.
26. ცაგარელი, 1873 - А.Цагарели, О грамматической литературе грузинского языка. Критический очерк. С.-Петербург, 1873.
27. ცაგარელი, 1880 - А.Цагарели, Мингрельские этюды. Второй выпуск. Опыт фонетики мингрельского языка. С.-Петербург, 1880. 
28. ცნობარი, 1989 - Население мира. Демографический справочник. Москва, 1989.
29. ცოცანიძე, 2001 – გ.ცოცანიძე, ქართველური ენების დიალექტური შტოები ენათა გენეალოგიურ ხეზე და მათი განთავსება ეთნოკულტურულ არეალებში. - XXI რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიის მასალები. თბ., 2001.
30. ჭარაია, 1997 - პ.ჭარაია, მეგრული დიალექტის ნათესაობრივი დამოკიდებულება ქართულთან (მასალა). - წიგნში: პ.ჭარაია, მეგრულ-ქართული ლექსიკონი. თბ., 1997.
31. ხუნდაძე, 1940 - ტ.ხუნდაძე, ცარიზმის საგანმანათლებლო პოლიტიკა საქართველოში (XIX ს. 80-იანი წლები). თბ., 1940.
32. ჯავახიშვილი, 1937 - ივ.ჯავახიშვილი, ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა. თბ., 1937.