Tariel Putkaradze                                                                                                Research & Information website  
             საწყისი გვერდი                                                    PDF   დოკუმენტი                                    
   
დასკვნის ნაცვლად


ა. ნაშრომში გამოყენებულ ზოგ ტერმინთა განმარტება და ძირითადი დებულებები

ტერმინები

ეთნიკური ერთობის, ეთნიკური ჯგუფის, ეთნოსისა და ერის ძირითადი მახასიათებლებია: 
ისტორიული დედაენა (ერთიანი ენობრივი ხედვა-აღქმა), ისტორიული კულტურა (ტრადიციული რელიგიურ-კულტურული ღირებულებანი), ისტორიული მეხსიერება, ისტორიული ფსიქიკური წყობა (ტრადიციულ გარემოსთან მიმართებით ფორმირებული ენობრივ-კულტურული მენტალობა) და ისტორიული ტერიტორია/სახელმწიფო. 
ეთნიკური ტერმინებით: ეთნოსი, ეთნიკური ჯგუფი, სუბეთნოსი და მისთ. უნდა აღინიშნოს დამოუკიდებელი ეთნოსტრუქტურისა და საკუთარი ენის მქონე ადამიანთა ერთობები.
ტექნიკური ტერმინი თემი გულისხმობს ერთი ეთნოსის შიგნით არსებულ ლოკალურ ჯგუფებს; შდრ.: ეთნოსი - თემი - პიროვნება ისე მიემართება ერთმანეთს, როგორც ენა - კილო - იდიოლექტი. ეთნოლინგვისტური ასპექტით, დღეს ქართველი ერის ცალკეული თემებია: აჭარლები, გურულები, იმერლები, იმერხეველები (შავშელები), კახელები, ლაზები, ლეჩხუმლები, ლივანელები, მაჭახლელები, მეგრელები, მთიულები, მოხევეები, რაჭველები, სამცხელები, სვანები, ტაოელები, ფერეიდნელები, ფშაველები, ქართლელები, ჩაღმათუშები, წოვათუშები, ხევსურები, ჯავახები, ჰერები (ინგილოები)... 
ენა არის გარკვეული სემანტიკის მქონე ბგერით ნიშანთა - ენობრივ ნიშანთა - ისტორიულად ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც წარმოადგენს სამყაროს ხედვა-აღქმის, აზროვნების, ცოდნის შენახვის და კომუნიკაციის საშუალებას.
დედაენა (Mუტტერსპრაცჰე; Mატჰერ ტონგუე, Nატივე ლანგუაგე) არის წინაპრების მიერ შექმნილი კულტურის ენა, რომელიც, როგორც სამყაროს ხედვა-აღქმის სისტემა, მრავალ თაობას აერთიანებს (მაგრამ თუ, მაგ., რომელიმე აფრიკელი დაიბადა საფრანგეთში და ის თავის დედაენად ფრანგულს თვლის, ბუნებრივია, მის დედაენად ფრანგული მიიჩნევა). დედაენა მთავარი ენაა და არა მაინცდამაინც მხოლოდ ბიოლოგიური მშობლის ენა. 
დიალექტი არის მოცემული ერის/ნაციის საერთო-სახალხო (ოფიციალური) ენის განშტოება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის ერთი ნაწილის მოსახლეობის ან რომელიმე სოციალური ფენის ზეპირი (არაოფიციალური) ურთიერთობის საშუალებას წარმოადგენს. კონკრეტული სამეტყველო ერთეული მონათესავე სტრუქტურის მქონე ოფიციალური, სამწიგნობრო (სტანდარტული) ენის დიალექტად ჩაითვლება, თუკი ამ სამეტყველო კოდის მფლობელ საზოგადოებას ისტორიულად მონაწილეობა მიღებული აქვს მოცემული სამწიგნობრო ენის შექმნაში. შესაბამისად: 
უმწერლობო ენად უნდა მივიჩნიოთ ენობრივ-ეთნიკური ერთობის მქონე იმ საზოგადოების მეტყველება, რომელსაც საკუთარ დედაენაზე არა აქვს წერილობითი კულტურა და შემოქმედების თუ საქმისწარმოების პროცესში იყენებს სხვათა მიერ შექმნილ სამწიგნობრო ენას. უმწერლობო ენა ზეპირი ფორმით (დიალექტების, კილოკავების, თქმების, ჟარგონების სახით...) არსებობს.

წინარექართველური და ქართველური ტომები/ხალხები 
უძველესი დროიდან ქრისტიანობამდე

ძვ.წ. V_III ათასწლეულებში კავკასიასა და წინა აზიაში ფართოდ იყვნენ განფენილნი ერგატიული კონსტრუქციის ენის მქონე კავკასიურ-ხურიტულ-ხათური ტომები. ძირითადად კავკასიურ-ხურიტულ მოსახლეობას უკავშირდება მტკვარ-არაქსის კულტურა. 
ძვ. წ. III ათასწლეულში ინდოევროპული და სხვა ტომების დაწოლით "ერგატიული კონსტრუქციის ენის მქონე ხალხი" იწყებს სწრაფ დივერგენციას. 
ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულიდან წელთაღრიცხვათა მიჯნამდე საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ქართველურად მისაჩნევი და, შესაბამისად, ქართველურ ენა-კავებზე ანუ დიალექტებზე მოლაპარაკე შემდეგი მონათესავე ტომები: მუშქები/მოსხები/მესხები, დაიანელები/დიაუხები/ტაოხები, კოლაელები, ტიბარენები, იბერები/სასპეირები/საპირები, ქუთები/კოიტები/კვიტები, კორაქსები, მარები, ბექე~რები, ჰალიძონები/ხალიბები, ხალდები/ქალდები, მოსინო~კები/ჰეპტაკომეტები, დიძერები, ბიძერები, ძიდრიტები, მაკრონები/მაკროკეფალები, ფასიანები, მელანქლაინები, ეკრიკტიკეს მცხოვრებნი/ეკექე~რები, ჰენიოხები, სანები/ჭანები, სანიგები/სანიკები, ლაზები, აფხაზები, აბასკები, აფსარები, სვანები/მისიმიელები, სვანო-კოლხები, ამარანტები (კოლხური ტომი), ტუსკები, კახები, კუხები, ცხუმები, ფხოველები, ჰერები... არაიშვიათად, ქართველურ (ზოგჯერ კი მონათესავე იბერიულ-კავკასიურ) ტომებს თემონიმებად/ეთნონიმებად/ავტოეთნონიმებად აქვთ ერთი ფუძისგან ნაწარმოები სახელები; შდრ., მაგ., სიტყვა-ფორმების სამი რიგი: სანი, ზანი, სვანი... აფხაზი, აფსილი, აფშილი, აფსუა, აბაზა... ხალდები, ქალდები(ჭანები), ხალიბები... 
ჰალისის, მტკვრის, ჭოროხის, რიონ-ყვირილის, ენგურის, ლიახვის... ხეობებში განფენილი ქართველური მოდგმა იმიერკავკასიაში მოსახლე ზოგ მონათესავე ტომთან ერთად ძვ.წ. II ათასწლეულის დასასრულიდან აქტიურად ქმნის დიდ კოლხურ-ყობანურ კულტურას; კოლხური კულტურის შემქმნელი ხალხის სახელმწიფოს ძირითადი ენა, სავარაუდოა, იყო საერთოქართველური კოინე/ენა. 
ქართველთა ისტორიული სამწიგნობრო ენა – სასულიერო მწერლობის ენა (ე.წ. ძველი ქართული ენა) ეფუძნება საერთოქართველურ ენობრივ კოინეს; ქართული სამწიგნობრო ენის თანამედროვე ვარიანტი და ქართველური დიალექტები (ლაზურ-მეგრული, სვანური, მესხური, ქართლ-კახური, რაჭული, ჰერული, ფხოური...) უშუალო გაგრძელებაა საერთოქართველურისა და ისტორიული სამწიგნობრო ენისა; შესაბამისად, ნაკლებსარწმუნოა მოსაზრება, რომ ქართული სალიტერატურო ენა ეფუძნება ქართლურს, კახურს, ან სხვა რომელიმე ერთ ქართველურ კილოს. 
სამწიგნობრო ქართულსა და ქართველურ კილოებს შორის სხვაობა მატულობს დედაქალაქთან (სასულიერო-კულტურულ და მმართველობით ცენტრთან) კილოს დაშორების პირდაპირპროპორციულად. სამწიგნობრო ქართულის გავლენის ველის კლების შესაბამისად, ქართველთა თანამედროვე საშინაო-სამეტყველო ერთეულები უნდა დაიყოს ცენტრალურ, განაპირა და საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებულ დიალექტებად; თავის მხრივ, განაპირა დიალექტებს ექვს ჯგუფად წარმოვადგენთ, კერძოდ:
ცენტრალური კილოები: 
კახური, ქართლური, იმერული, ლეჩხუმური, გურული.
განაპირა კილოები: 
მესხური კილოები: აჭარული, ლივანური, მაჭახლური, იმერხეული, ტაოური, სამცხური, ჯავახური; 
ჰერული კილოები: კაკური, ალიაბათური; 
ფხოვური კილოები: ჩაღმათუშური, ფშავური, ხევსურული, მოხევური, მთიულურ-გუდამაყრული; აქვე შეიძლება განვიხილოთ წოვათუშურიც; 
რაჭული კილოები: ბარისრაჭული, მთარაჭული; 
სვანური კილოები: ლაშხური, ლენტეხური, ჩოლურული, ბალსქვემოური, ბალსზემოური 
ზანური კილოები: მეგრული, ლაზური (ხოფური, ვიწურ-არქაბული, ათინური).
საქართველოს ისტორიული ტერიტორიის გარეთ არსებული ქართველთა კილოები: 
ფერეიდნული, "ჩვენებურების ქართული" (ბურსა-ინეგოლში, ადაფაზარ-იზმითში, გონენსა და კაიზერის მიდამოებში გადასახლებულ ქართველ მუჰაჯირთა მეტყველება) და ყიზლარ-მოზდოკური ქართული. 
მეზობელ ხალხთა ენებში ქართველურიდან შესული ონომასტიკური მასალის, ქართველური ნასესხობისა და ე.წ. თარიღიან ტოპონიმთა ანალიზი საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ თანამედროვე ქართველური ენა-კილოები (სამწიგნობრო ქართული, მეგრულ-ლაზური, სვანური, ფხოვური, მესხური და სხვა კილოები) სათავეს იღებენ წელთაღრიცხვათა მიჯნიდან. 
ურარტულ-კავკასიური ღვთაება ხალდის სახელი, ქართველური წარმომავლობის ეთნონიმები: ხალდები, ქალდები (ძველი ხალიბები – სტრაბონი), კარდუხები; ქართველურ ტომთა საცხოვრისების აღმნიშვნელი ქორონიმები: ქალდია/ხალდეა/ხაიტიქი (იგივე ჭანეთი/ჭანივქი - მოვსეს ხორენაცი; გიორგი მთაწმინდელის "აკათისტოს საკითხავის" ქართული ვერსიის მიხედვით - მეგრელთა მხარე), ადიღური ენის შაფსუღური დიალექტის ხაყუჩურ კილოკავში ქართველის აღსანიშნი ძველი სახელი ხალHდე, ჭოროხის სათავეებთან მდებარე ვერცხლის საბადოების ქალაქის - ქალდიას სახელი და სხვა ფაქტები საფუძველს გვაძლევს დავუშვათ, რომ ქორონიმი ქართლი და ეთნონიმი ქართუელი მომდინარეობენ ურარტულ-კავკასიური ღვთაების - ქალდი/ხალდი/ქართუ/კარდუ-ს სახელისგან; ამოსავალ ფორმად სავარაუდოა: *ქარდ-/ქალდ-: *ქარდ- > ხალდ-; *ქარდ-/*ქართ- > ქართ+ლ-; *ქარდ-/*ქართ- > ქართუ > ქართუ-ელ-ი... ქართუ-ელ-ი ქართველთა უძველესი ავტოეთნონიმი (ენდოგენური ეთნონიმი), ქართლი კი - ქართველთა სახელმწიფოს უძველესი ქართულენოვანი ქორონიმი ჩანს. 
ობიექტურ კრიტიკას ექვემდებარება კახელთა, ჰერთა, იმერთა, ლაზთა, მეგრელთა, მესხთა, ფხოველთა და ა.შ. ქართველურ ტომთა ქართიზაცია/ქართველიზაციის თეორია - სხვა ტომთა ასიმილაცია ე.წ. ქართის ტომის მიერ: 
ისტორიული წყაროები საერთოდ არ იცნობს ქართის ტომს, შესაბამისად, ლოგიკური ჩანს ვარაუდი: ძირითადად მრავალი ქართველური ტომის კონსოლიდაციით ძვ.წ. II დ I ათასწლეულების მიჯნაზე შექმნილი დიდი ქართველური/კოლხური გაერთიანების თვითსახელწოდებად მკვიდრდება არა რომელიმე ტომის სახელი, არამედ საერთო ღვთაებისგან მომდინარე სახელი ქართუ-ელ-ი.